„თეოდორე პერგელის წამების“
ნუსხათა ურთიერთმიმართებისათვის
`თეოდორე პერგელის წამების~ ტექსტი ოთხ ხელნაწერ კრებულშია დაცული. ამათგან უძველესი XI საუკუნით თარიღდება (A-1103), ხოლო მომდევნოები _ XI-XII (H-1347), XII-XIII (A-128) და XV საუკუნეებით (A-382). A-1103 ნუსხას აღვნიშნავთ A ლიტერით, H-1347 ნუსხას _ B ლიტერით, A-128 ნუსხას C და A-382 ნუსხას _ D ლიტერით.
ნუსხათა სიმრავლის პირობებში, ცხადია, ბუნებრივად ისმის მათი ურთიერთმიმართების საკითხი. სამწუხაროდ, საანალიზო ჰაგიოგრაფიული ძეგლის ბერძნული ვერსია გამოცემული არ არის და საკითხის შესწავლა გვიწევს მხოლოდ ქართული ხელნაწერების შედარების საფუძველზე.
`ევსტათის ცხოვრებისა და წამების~ ზემოთ განხილულ ნუსხათა შედარებამ ბერძნულ ტექსტთან გაარკვია, რომ XVIII საუკუნის ხელნაწერი უფრო მეტ თანხვედრას ავლენდა მასთან, ვიდრე XI საუკუნისა. ანუ, ამ ტექსტის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ადრინდელი თარიღი ყოველთვის არ მიგვანიშნებს ძველ ვითარებაზე. ამ შესაძლებლობას `თეოდორე პერგელის წამების~ ტექსტის შემთხვევაში მოკლებულნი ვართ.
უძველესი, XI საუკუნის, ნუსხა, რომელიც A-1103</ემ> კრებულს წარმოადგენს, ათონური წარმომავლობისაა და განსაკუთრებით ფასეულია ჩვენთვის. სხვა ნუსხებთან შედარების გზით გამოირკვა, რომ აღნიშნულ ნუსხას, რომელშიც ჩვენი ტექსტი, ფურცლობრივი პაგინაციის მიხედვით, 279v-285r გვერდებზეა განთავსებული, ერთი ფურცელი აკლია. ხელნაწერს ასოებრივი დანომვრაც აქვს (ნუსხურად), სავარაუდოდ, ათონზე გაკეთებული, რომელიც თანმიმდევრულია და გვიდასტურებს, რომ ფურცელი ათონზევეა დაკარგული. თბილისში ჩამოტანის შემდეგ ხელნაწერს რიცხობრივი დანომვრაც დაურთეს, რომელიც ერთი ერთეულით უსწრებს ასოებრივს. მაგ., ასოებრივი ნუმერაციის მიხედვით, საანალიზო ტექსტი იწყება 278ვ-ზე და არა 279ვ-ზე, როგორც ეს მიწერილი აქვს არქივარიუსს, და როგორც არის მოცემული ხელნაწერის აღწერილობაში. გვერდს, რომელსაც ნუსხური ასოებით აწერია სოთ (279), ფანქრით აწერია 280, რომელსაც ასოებით აწერია სპ (280), ფანქრით აწერია 281 და ა. შ.
ხელნაწერის 280ვ გვერდი მთავრდება ფრაზით: `მაშინ ბრძანა განრთხმაჲ მისი და გუემაჲ ზროხის ტყავებითა, ვიდრემდე აღუთქუას…~ რის შემდეგაცაა დაკარგული ის 1 ფურცელი, თუმცა მომდევნო გვერდს აწერია არა 282, არამედ 281. ანუ ასოებრივ დანომვრაშიც არ ირღვევა გვერდების თანმიმდევრობა. ამის გამო ხელნაწერის აღმწერელი ერთი ფურცლის დაკლების ფაქტს, ცხადია, ვერ შეამჩნევდა, თუ შინაარსს არ ჩაუღრმავდებოდა. საბედნიეროდ, მომდევნო პერიოდის სამივე ნუსხა ამ დაკარგულ ტექსტს შეიცავს, რამაც საშუალება მოგვცა, ის გამოცემაში შეგვეტანა.
ძირითადი ნუსხის დაკლებული ტექსტის შესავსებად, ცხადია, ქრონოლოგიურად მასთან ყველაზე ახლოს მდგომი ნუსხა გამოიყენება. ჩვენს შემთხვევაში ეს არის H-1347. ამ ხელნაწერის ტექსტზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ იგი ენობრივად შედარებით მდარე ხარისხისაა _ გვხვდება დამახინჯებული საკუთარი არსებითი სახელები და ზედსართავი სახელები: დეოდორე (დიოდორე _ დანარჩენ სამ ნუსხაში); ტჳრიფონ _ ტრიფონ (დანარჩენ ნუსხებში); უმწყსთა (D-შიც ასეა) _ უმწყთა და სხვ. გარდა ამისა, აღნიშნულ ხელნაწერში ხშირად სიტყვებია გამორჩენილი; გვხვდება არასწორი გრამატიკული ფორმებიც; ზოგჯერ გამოყენებულია კონტექსტისთვის შეუსაბამო ლექსიკა. მაგ., აქ იკითხება ჭაბუკნი და მჴედარნი. სხვა ხელნაწერებში გვაქვს ჭაბუკნი მჴნენი; `ღირს არს წინაშე მეფისა მდგომელად~ _ `… დგომასა~ (სამივე ნუსხაში); `უზომოდ წარწყმდეს სიჭაბუკე შენი~ _ `უჟამოდ…~ (სამივე ნუსხაში); `ითხოვა მარტოებაჲ~ _ `ითხოვა დროებაჲ~ (სამივე ნუსხაში); `ნუ…. შეასმენ დედასა მას ღვთისასა~ _ `…. დიდსა მას ღმერთსა (სამივე ნუსხაში) და სხვ.
გარდა ამისა, H-1347 კრებული გარკვეული გრამატიკული მოვლენებით არ ტოვებს XI-XII სს-ების ნუსხის შთაბეჭდილებას, მაგ., გვხვდება ზმნისწინის გამარტივების (`გაავლინნა მჴედარნი~ _ `განავლინნა…~ (სამივე ნუსხაში)), ზედა თანდებულის მიერ პირის ნაცვალსახელის მიცემით ბრუნვაში მართვის (ბრძანა მას ზედა _ ბრძანა მის ზედა (სამივე ნუსხაში)), კითხვით ნაცვალსახელთან ორი ს-ს ხმარების (`ვისსა მიბრძანებ ზორვად~ _ `ვისა… (სამივეში)), უარყოფით ნაწილაკთან იოტას გამოყენების (`სატანჯველთაგან არაჲ გეშინის~ _ `… არა გეშინის~)) მაგალითები.
ყველაფერი ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ H-1347 ნუსხის ანონიმ გადამწერს ხელთ ჰქონია მდარე ხარისხის დედანი, ან თავად ყოფილა არაპროფესიონალი, რომელიც გადაწერისას არ აკვირდებოდა დედნის ტექსტს და უშვებდა შეცდომებს, შესაძლებელია, სიჩქარის გამოც.
აქვე აღვნიშნავთ, რომ არცთუ იშვიათად ძველი ქართული ტექსტები, რომლებიც მორფოლოგიური თუ სინტაქსური მყარი წესებით გამოირჩევა, მოგვიანო საუკუნეების კვალიფიციური გადამწერების მიერ უცვლელად არის გადასული ახალ ნუსხებში. ასეთ შემთხვევებში, თუ კალიგრაფიაც მიმსგავსებულია ძველი საუკუნეების რომელიმე ხელთან, ჭირს გადაწერის დროის განსაზღვრა. ხდება პირიქითაც: არაკვალიფიციური გადამწერი გადაწერის პროცესში ისე ამახინჯებს ენობრივად კარგი ხარისხის ტექსტს, რომ შეუძლებელი ხდება დედნის ავკარგიანობის ამოცნობა. შესაძლებელია, ასეთი ვითარება გვქონდეს H-1347 ნუსხის შემთხვევაშიც.
ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ხელნაწერი მთლიანად გამოუსადეგარია. რასაკვირველია, არა. ამიტომ ძირითადი ხელნაწერის დაკლებულ ტექსტს, უმთავრესად, ამ ნუსხიდან ვავსებთ, თუმცა გარკვეულ ადგილებს მომდევნო (C) ნუსხიდან ვიღებთ.
ტექსტის დაკარგულ ნაწილში C ნუსხაშიც გვხვდება სიტყვის დაკლების, დამატების, ან სინონიმით შეცვლის შემთხვევები. ასე რომ, ის ოდნავ განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს B ხელნაწერისგან. იშვიათად D ხელნაწერი C-ს ჩვენებას იმეორებს, თუმცა ის, ძირითადად, B ნუსხას მიჰყვება. მაგ., თუ B ხელნაწერში გვაქვს: `რომელმან მიხედნა ქუეყანასა და შეაძრწუნა იგი~, CD ხელნაწერში არის მოხედნი; C-ში _ შეაძრწუნი; D-ში _ შეაძრწუნვი. სხვა მაგალითი: B: `დაშრიტა ცეცხლი~ // CD: `დაშრტა ცეცხლი.~
განსხვავებები შეინიშნება ტექსტის სხვა ნაწილებშიც. მაგ., ABD ხელნაწერები ზევდიოსს ერთ კერპად წარმოგვიდგენს, `ზევდიოს კერპი არს~, C ნუსხა კი _ ცალ-ცალკე კერპებად: `ზევ და დიოს კერპნი არიან~; ასევე: `ზევდიოს აღიღე~ // `ზევ და დიოს აღიღე.~
ზოგადად კი, ნუსხათა ურთიერთმიმართების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ CD ნუსხები XI საუკუნის ხელნაწერთან უფრო ახლოს დგანან, ვიდრე B ნუსხასთან. ეს ზოგადი სურათია, თუმცა არის კონკრეტული საკითხები, სადაც BCD ნუსხები ერთად ჯგუფდება და სამივე კი A-ს უპირისპირდება. გვაქვს სხვადასხვა კომბინაციები ნუსხების ურთიერთმიმართების კუთხით, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.
სათაურშივე თეოდორე პერგელის წამების დროდ A ნუსხაში 21 აპრილია დასახელებული, BC ნუსხებში _ 17 თებერვალი, ხოლო D ნუსხაში _ 21 სექტემბერი. თხზულების დასასრულს თეოდორეს, მისი დედისა და მხედრების აღსრულების დროდ ABC ხელნაწერებში 20 აგვისტოა მოცემული, ხოლო D ხელნაწერში _ 21 სექტემბერი. ანუ, სათაურსა და ნაწარმოების დასასრულს მხოლოდ D ნუსხა ინარჩუნებს თანმიმდევრობას, დანარჩენ სამივე ნუსხაში სხვადასხვა მოცემულობა გვაქვს.
D ხელნაწერი ავლენს `იოტამეტობის~ მაგალითებს როგორც სიტყვის ბოლოს, ისე შუაში:
აჲ = ა: ცნობაჲმიღებულ; აღსრულებაჲდ; მამაჲკაცი; სრბაჲსა; გნებაჲვს; შეგრძნიბაჲ; სხუაჲთაცა; ჰნებაჲვს; ითხოვაჲ; სხუაჲნი; შთაგზნებაჲდ; ფიცაჲ;
ოჲ = ო: მიგავლინოჲ; ბოროტოჲ; იხილოჲს; განგიტეოჲ; უსულოჲთა;
ერთგან ეს მოვლენა B ნუსხაშიც ვლინდება: `არა გეშინის~ // `არაჲ…~
D ნუსხა ჴ გრაფემის ნაცვლად ხ გრაფემას გვიჩვენებს: განჴრწნა // განხრწნა; მოგჳჴსენენ // მოგჳხსენენ.
BCD ნუსხებისთვის დამახასიათებელია უჱ დაწერილობა, განსხვავებით A-სგან. ის გვხვდება შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, B-ში მხოლოდ 12 მაგალითშია უე დაწერილობა დადასტურებული, C-ში _ 3-ში და D-ში _ 14-ში.
უჱ დაწერილობის მაგალითები: თქუჱნისა; ქუჱშე; შიშუჱლი; განისუჱნებდა და სხვა მრავალი.
ე.წ. შებრუნებული დაწერილობის მაგალითს გვიჩვენებს D ხელნაწერი, სადაც ჱ გამოყენებულია ე-ს ნაცვლად: `მეუფჱ მეუფჱთაჲ.~
ნუსხების მიხედვით შეინიშნება უმარცვლო უ-სა და ვ თანხმოვნის მონაცვლეობის ფაქტები. მაგ., ზოგჯერ AC ნუსხები თანხმოვანსა და ხმოვანს შორის პოზიციაში გვიჩვენებენ უმარცვლო უ-ს (შეყუანებაჲ; შეიყუანეს), BD ნუსხები კი _ ვ თანხმოვანს (შეყვანებაჲ; შეიყვანეს). ზოგჯერ B ხელნაწერი გვიჩვენებს უმარცვლო უ-ს (იყუნენ) და ყველა დანარჩენი _ ვ თანხმოვანს (იყვნეს).
ხანაც ACD ხელნაწერებში თანხმოვნებს შორის პოზიციაში გამოიყენება უმარცვლო უ ბგერა, განსხვავებით B ნუსხისგან: ჯუარცუმულისასა // ჯუარცმულისასა; ჯუარცუმულსა // ჯუარცმულსა; B ხელნაწერს ზოგჯერ D-ც უბამს მხარს: ჯუარცუმულისა // ჯუარცმულისა. საჴუმილსა // საჴმილსა.
ორგან B ნუსხაში ო ხმოვნის უ ხმოვნით შეცვლის მაგალითი დასტურდება: ათორმეტთა // ათურმეტთა; უტყო // უტყუ.
ნუსხათა მიხედვით ოო, ოა და ოე ხმოვნებს შორის პოზიციაში კბილ-ბაგისმიერი ვ თანხმოვნის დაკარგვისა თუ შენარჩუნების მხრივ მრავალფეროვანი სურათი გვაქვს. მაგ., ის ხან ABC ნუსხებში იკარგება და D-ში შენარჩუნებულია: `პოონ ჭაბუკი მჴნე~ // `პოვონ…~; ვპოე // ვპოვე; ჰპოე // ჰპოვე; იპოოს // იპოვოს. ხან AC ნუსხებშია დაკარგული და BD-ში შენარჩუნებული: ახოანმან // ახოვანმან; მოითხოეს // მოითხოვეს; ხან AB-შია დაკარგული და CD-ში შენარჩუნებული: პოეს // პოვეს; ხან მხოლოდ A-შია დაკარგული: ითხოა; ახოანმან; მოედ; ხანაც _ მხოლოდ B-ში: პოა.
აო ხმოვნებს შორის ვ დაკარგულია AD ნუსხებში, ხოლო დაცულია BC-ში: `წმიდაო უკუდაო~ // `წმიდაო უკუდავო.~ ო ბგერის მეზობლად ვ თანხმოვნის დაკარგვის ფაქტები დისიმილაციის ფონეტიკური პროცესით აიხსნება.
რაოდენ ზმნიზედას რავდენ ვარიანტით იყენებს C ხელნაწერი: `რაოდენ სურვიელ ვარ~ // შდრ. ყველა დანარჩენი ნუსხა: `რავდენ…~
სჯ, ან რჩ ბგერათკომპლექსს D ნუსხა შჯ ბგერათკომპლექსით წარმოადგენს:[1] `დასჯად ხარ~ // `დაშჯად ხარ~; `ურჩულოებაჲ შენი~ // `უშჯულოებაჲ…~; `კარსა ურჩულოჲსა~ //: `…უშჯულოსა;~ `ურჩულოსა მას~ // `უშჯულოსა…~ `ვაჲ შენდა, ურჩულოო~ // `… უშჯულოო.~ BC ხელნაწერებში ბოლო სამ მაგალითში პირველადი ფორმებია: უსჯულოჲსა, უსჯულოსა, უსჯულოო.
გვხვდება სჭ > შჭ ასიმილაციის მაგალითი: `დამშჭუალეს იგი ჯუარსა~ (D).
AC ნუსხებში დასტურდება დისიმილაციის მაგალითები: `პიღასე ებისკოპოსი~ // `…ეპისკოპოსი~ (BD); `ებისკოპოსი შეუვრდა~ // `ეპისკოპოსი…~ (BD);
საურთიერთო მეტათეზისის ნიმუში იძებნება A ნუსხაში: ძრიელებაჲ; ძრიელებისაო.
სახელის მორფოლოგიის საკითხები.
D ნუსხაში ზოგჯერ ჱ გვხვდება – ე ხმოვანზე დაბოლოებული სახელების სახელობით ბრუნვაში: `შენ ხარ მეუფჱ მეუფჱთაჲ~; `ჩუენ ზედა მეუფჱ არს ქრისტე~; პირველ შემთხვევაში სუბსტანტიური მსაზღვრელი გადამწერს სახელობით ბრუნვაში აქვს გაფორმებული, რაც საზღვრულში ჱ-ს ეჲ დიფთონგად მიჩნევის საშუალებას გვაძლევს, სადაც ჲ სახელობითი ბრუნვის ნიშანია. მეორე შემთხვევაში ყველა სხვა ხელნაწერში მეუფე იკითხება. მეუფჱთაჲ ფორმაში ჱ რომ შებრუნებული დაწერილობის ნიმუშია, ამაზე ზემოთ უკვე მივუთითეთ.
D ნუსხა ზოგჯერ ამჟღავნებს ჲ-ზე უარის თქმის ტენდენციას იქ, სადაც სხვა ხელნაწერებში ის გამოიყენება და გამოხატავს სახელობით ბრუნვას: `უფალი უფლებათა~; შდრ.: `უფალი უფლებათაჲ~; `ეტლი ცეცხლისა~; შდრ.: `ეტლი ცეცხლისაჲ~ და სხვ. ასევე გვაქვს: ჴსნა; ჩემისა; საუკუნეთა; სივლტოლა და ა. შ. სხვა ხელნაწერებში არის: ჴსნაჲ; ჩემისაჲ; საუკუნეთაჲ; სივლტოლაჲ. როგორც ვხედავთ, ასეთი შემთხვევები დადასტურებულია როგორც საზღვრულებში, ისე მსაზღვრელებში.
იშვიათად შეიძლება ამავე ნუსხაში აღმოჩნდეს სახელობითში სრული შეთანხმების ნიმუში: `განაგე მოსლვაჲ დედისა ჩემისაჲ.~
D ნუსხაშივე ვინც(ა) მიმართებითი ნაცვალსახელი განვრცობილია ც(ა) ნაწილაკის წინაც: `ვინაცა პოვონ.~ სხვა ხელნაწერები ხმარობენ ვინცა ფორმას. გავრცობის მხრივ სხვა ხელნაწერებისგან განსხვავებულ სურათს D ნუსხა სხვა შემთხვევებშიც გვიჩვენებს: `სახელით თეოდორე~ (ABC) // `სახელითა თეოდორე~ (D); ზოგჯერ სხვა ნუსხებშიც გვაქვს გავრცობის მაგალითები: `ზროხის ტყავებითა~ (AC) // `ზროხისა ტყავებითა~ (BD); `საპყრობილეს შეწყუდევაჲ~ // `საპყრობილესა შეწყუდევაჲ~ (BCD); `შეიყვანა სიხარულითა~ (A) / `შეიყვანა სიხარულით~ (BCD). ქალაქისათა (ABC) // ქალაქისთა (D).
ვითარებით ბრუნვაში –მდე თანდებული ჩანს ABD ნუსხებში, ხოლო –მდის თანდებული _ C-ში: `ვიდრემდე აღუთქუას~ // `ვიდრემდის აღუთქუას.~
ზმნის მორფოლოგიის საკითხები.
III სუბიექტური პირისა და რიცხვის ნიშნად B ნუსხაში –ნენ სუფიქსია წარმოდგენილი: `იყუნენ იგინი.~ დანარჩენში –ეს სუფიქსი: „იყვნეს იგინი.“
ABC ნუსხებში ე.წ. `დაჰბადა~ ტიპის ზმნებთან მ ფუძისეული თანხმოვნის წინ ობიექტური პირის ჰ– პრეფიქსი იხმარება: `შეჰმზადოს დასი მჴედრებისაჲ~; D ნუსხაში კი ის არ ჩანს: `შემზადოს.~ დამარხვა ზმნის შემთხვევაში პირის ნიშანი ოთხივე ხელნაწერში გვაქვს: `დაჰმარხნეს პატიოსნად.~
ირიბი ობიექტის ნიშნად ამავე თანხმოვნის წინ ჰ– პრეფიქსი ყველა ნუსხაშია გამოყენებული: `მე ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებ.~
დამსჭუალვა ზმნაში BC ხელნაწერები ჰ– პირის ნიშანს ასახავენ: `დაჰმსჭუალეს იგი ჯუარსა~ (B) // `დაჰმჭუალეს…~ (C). შდრ.: დამშჭუალეს (D) // დამსჭუ[ა]ლეს (A).
ჰ– პრეფიქსივეა გამოყენებული ირიბი ობიექტის მარკერად D ხელნაწერში შემდეგ მაგალითში: `აღვჰჴედ გოდოლსა.~
D ნუსხის გადამწერი ბრძანებით კილოში ერთგან II სუბიექტური პირის ნიშანს წარმოადგენს, განსხვავებით სხვა ხელნაწერებისგან: `გევედრები, სრულჰყავ სრბაჲ შენი~ // შდრ.: `…სრულყავ…~ (ABC). სხვაგან ანალოგიურ შემთხვევაში პირის ნიშანს ყველა ხელნაწერი იყენებს, A-ს გარდა: `ვითარი გნებავს სიკუდილი, განჰმზადე~ // `…განმზადე~ (A).
AD ნუსხებში აორისტის II სუბიექტურ პირს ერთგან ნიშანი არ დაერთვის, განსხვავებით სხვა ხელნაწერებისგან: `სასუმელი… სუ შენ~ // `… ჰსუ~ (BC).
B ნუსხა ერთპირიან ზმნაში უფუნქციო პირის ნიშანს იყენებს: წარსწყმდეს, სხვა დანარჩენში კი გვაქვს წარწყმდეს; ასევე აქ არის სცხოვნდენ; სხვაგან გვაქვს ცხონდენ.
BD ნუსხებში ზოგჯერ პირდაპირი ობიექტის ნიშანია ასახული III პირში: ჰბრძანა (D); ჰზიდვიდეს (BD).
II კავშირებითის მწკრივის ნიშნად CD ნუსხები AB ნუსხებისგან განსხვავებით ზოგჯერ –ე სუფიქსს გვიჩვენებს: `რაჲთა იქმნა~ // `რაჲთა იქმნე.~
AD ხელნაწერები განტევება ფორმას დიალექტური განტეობა სახით იყენებენ: `მიქადებ განტეობასა~; შდრ. `…განტევებასა~ (BC).
–მცა ნაწილაკის შემცველ წინადადებაში C ნუსხა ხმარობს II კავშირებითის ფორმას: `ნუ ჰგონებ, თეოდორე, თუმცა ცოცხალი განერე ჴელთაგან ჩემთა~, განსხვავებით სხვა ნუსხებისგან, სადაც აორისტია გამოყენებული (განერი).
C ხელნაწერში –ოდ სავრცობიან ზმნას უწყვეტლის მწკრივის ნიშნად –ი სუფიქსი დაერთვის: `… ვივლტოდი…~, ნაცვლად ძველი ქართულისთვის დამახასიათებელი –ე სუფიქსისა, როგორც არის ყველა დანარჩენ ნუსხაში: `შევძრწუნდი და ვივლტოდე მისგან.~
–ოდ სავრცობიანი ზმნავე I ბრძანებითში –ი მწკრივის ნიშანს დაირთავს D ხელნაწერში: `არამედ ესერა მე ვგალობ, თქუენ იტყოდით ალილუჲასა~, რაც, ერთი მხრივ, –ოდ სავრცობიანი ზმნების –დ სავრცობიანებთან გათანაბრების ტენდენციას გვიჩვენებს, ხოლო, მეორე მხრივ, ბრძანებითების სისტემის დასუსტებაზე მიგვანიშნებს. სხვა ნუსხებში აქ იტყოდეთ ფორმა გვაქვს,
ძველი ქართულის ნორმას მიჰყვება D ნუსხა, როდესაც II ბრძანებითში იყენებს მაცუთ ფორმას, განსხვავებით სხვა ხელნაწერებისგან: `თავდაქცევით ჯუარს მაცუთ~ // `…მაცჳთ~ (ABC).
ზოგჯერ გვხვდება ზმნათა არქაული და ახალი ფორმების შენაცვლების მაგალითები: `მთავარი გიწესს შენ~ D) // `…გიწოდს…~; ჰრქუეს ურთიერთას~ // `თქუეს… ~ (D); შეიძლება პირიქითაც იყოს: D ნუსხამ ჰრქუა // ჰრქუეს ფორმები გვიჩვენოს და სხვა ნუსხებმა _ თქუა // თქუეს: `მთავარმან ჰრქუა~ // `… თქუა.~
უფრო ხშირად კი D ხელნაწერი ზმნათა პარალელურ ფორმათაგან ახალ ვარიანტს ირჩევს, განსხვავებით სხვა ხელნაწერებისგან: `მირბოდა იგი.~ სხვაგან გვაქვს მირბიოდა.
გვაქვს გვარში მონაცვლეობის შემთხვევაც: მოსწყდეს (ACD) // მოსწყჳდნეს (B).
სინტაქსის საკითხები.
D ნუსხაში შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი სახელობითის ფორმითაა მოცემული: `არარაჲ არს შეუძლებელი.~ სხვა ნუსხებში აქ წრფელობითია გამოყენებული: შეუძლებელ.
B ხელნაწერში შეიძლება პრეპოზიციური წყობის მართულ მსაზღვრელთანაც დადასტურდეს სრული შეთანხმების ნიმუში: `რომელთაჲ სახელები.~
BCD ნუსხები ხშირად მსაზღვრელ-საზღვრულის წყვილში ხმოვანფუძიანი მსაზღვრელის ფუძის სახით შეწყობის მაგალითს გვიჩვენებენ:: `წმიდა თეოდორეს.~ შდრ.: A ნუსხა: `წმიდასა თეოდორეს.~
საწყისით გადმოცემული პირდაპირი დამატება A ნუსხაში ვითარებითი ბრუნვითაა წარმოდგენილი, BCD ნუსხებში _ სახელობითით: `განაგე მოსლვად დედისა ჩემისა~ // `… მოსლვაჲ …~
D ნუსხაში, ზოგადად, ზმნებში არ გამოიხატება პირდაპირი ობიექტის მრავლობითობა: `დაიფხურა თმანი თჳსნი.~ შდრ.: დაიფხურნა (AB), აიფხურნა (C).
ლექსიკის საკითხები.
ხშირია შემთხვევები, როდესაც რომელიმე ნუსხაში სიტყვა ან სიტყვები დამატებული ან დაკლებულია. ამ ნაწილში არაერთგვაროვანი სურათი გვაქვს: შეიძლება ერთ მაგალითში რომელიმე ნუსხაში ფრაზას სიტყვა აკლდეს და მას მხარს უჭერდეს კონკრეტული ნუსხა თუ ნუსხები და სხვა შემთხვევაში მას სიტყვა ჰქონდეს დამატებული და ეს ვითარება გამეორებული იყოს სულ სხვა ნუსხ(ებ)ში ან იყოს მხოლოდ მოცემული ნუსხის ჩვენება.
ნუსხების მიხედვით გვაქვს სიტყვათა მონაცვლეობის ნიმუშებიც. მაგ., A ხელნაწერში იკითხება `წამებულთა მოწამეთაჲ~; B ნუსხა ამ ადგილას იყენებს სიტყვას წმიდათა, ხოლო მომდევნო პერიოდის ნუსხები A ნუსხის იკითხვისს იმეორებს. ასევე A ნუსხაში გვაქვს: `სურვიელ ვიყავ.~ B ნუსხა სურვიელ-ს ცვლის სიტყვით მოსწრაფე, მაგრამ C და D ნუსხები მხარს უჭერს A ნუსხას და არა B-ს. სხვა მაგალითები: `ჭაბუკნი მჴნენი~ (ACD) // `და მჴედარნი~ (B); პერგე (ACD) // პერგი (B); დიოდორე (ACD) // დეოდორე (B); უჴმს (ACD) // უნდეს (B); დგომასა (ACD) // მდგომელად (B) და ა. შ.
არის ისეთი მაგალითებიც, როდესაც C და D ნუსხები B-ს მიჰყვება და არა A-ს: ათასისთავი (A) // // ასისთავი (BCD).
ზოგჯერ ასეთი თანხვედრებიც გვაქვს: AD // BC. ანუ როდესაც გვიანი პერიოდის ხელნაწერი იმეორებს უადრესი პერიოდის ხელნაწერის იკითხვისს და არა მათ შორის პერიოდში შექმნილი ნუსხების მონაცემს. მაგ.: ყოველი (AD) // ყოველივე (BC); `შეემთხჳნეს ჭაბუკსა შუენიერსა, სახელით თეოდორე, მონაჲ ქრისტესი~ // `… თეოდორეს, მონასა ქრისტესსა~ (BC). შუა პერიოდის ხელნაწერთა გადამწერებმა წინადადების გაუმართავი წყობა გაასწორეს, ხოლო D ხელნაწერის გადამწერმა პირველი ხელნაწერის ჩვენება უცვლელი დატოვა.
შეიძლება ნუსხების მიხედვით ზოგჯერ 3 სხვადასხვა ვარიანტიც დაფიქსირდეს: ჴურელთა (A) // ჴმელთა (BC) // ჴევთა (D); წონწობასა (AB) // წუნწობასა (C) // წუმწუბასა (D); მიგიშჳ (A) // მიგიშუჱბ (B) // მიგიშუ (CD).
მასალაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ყოველი მომდევნო პერიოდის გადამწერს ხელთ ჰქონდა წინა პერიოდის ნუსხები და სარგებლობდა მათით. CD ნუსხები უფრო ძველ ენობრივ მოდელს არჩევენ და მხარს არ უბამენ B ნუსხას ახალი ფორმების გამოყენებაში. ასეთ შემთხვევებში ისინი, ძირითადად, A ხელნაწერის ჩვენებას მიჰყვებიან.
ძირითად ტექსტად, ცხადია, შევარჩიეთ A-1103 ნუსხა, როგორც ყველაზე ძველი და, ამავე დროს, ათონური წარმოშობისა. მასში დაკარგული ერთი ფურცლის ტექსტი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შევავსეთ, ძირითადად, B და ცალკეულ შემთხვევებში _ C ნუსხიდან.
გამოცემის ენობრივ პრინციპებს აქ აღარ გავიმეორებთ. ისინი ახსნილი გვაქვს ზემოთ, წინა თხზულების ენობრივ მიმოხილვაში. რაც შეეხება ტექსტთან დაკავშირებულ საკითხებს, შევნიშნავთ შემდეგს:
გამოცემაში გავასწორეთ გადამწერის უნებლიე შეცდომები, როგორიც არის:
ასოს დაკლების შემთხვევები. მაგ., ხელნაწერში წერია (ცხადია, ვგულისხმობთ ძირითადი ტექსტის შემცველ ნუსხას): კმოდიან. ჩვენ გავასწორეთ და დავწერეთ: კუმოდიან, როგორც არის CD ნუსხებში.
ასოს დაკლების სხვა მაგალითებია: ჭე[შ]მარიტად; კუ[ა]ლსა; გეშინ[ინ]; იტყ[ო]დეთ; გამომეცხ[ა]და; დამსჭუ[ა]ლეს; მოწყ[ა]ლებისაო; შემდგო[მა]დ.
გავასწორეთ აგრეთვე არასწორი დაწერილობები. მაგ., საკუთარი სახელი დიოსკორე ერთგან წერია, როგორც დიუსკორე: `დიუსკორე თქუა.~ ჩვენ, ცხადია, ის სწორი ფორმით შევცვალეთ. სხვა მაგალითში საპირისპირო ფაქტი შეინიშნება: უ ხმოვნის ადგილას გვაქვს ო ხმოვანი: `მოვლინებოლნი მთავრისა მიერ~, რომელიც ასევე ჩასწორდა.
სიტყვა ხუეშნა ერთგან ასეთი სახითაა მოცემული: `სიტყუაჲ ხუეიშნისაჲ~, რომელიც მეორდება B ხელნაწერშიც. C-ში იკითხება ხუაიშნისაჲ, ხოლო D-ში ხუეშნისა. ჩვენ ავსახეთ D ნუსხის მონაცემი, ოღონდ ჲ დავურთეთ, რათა ძირითადი ხელნაწერის გრამატიკული მოდელი შეგვენარჩუნებინა.
გეოგრაფიული სახელი ჰრომი ვითარებით ბრუნვაში გაფორმებულია ედ ნიშნით _ `მიავლინნეს ჰრომედ~ (ამას იმეორებს მომდევნო სამივე ხელნაწერი), ნაცვლად დ ან ად ნიშნებისა. ცნობილია, რომ ძველ ქართულში ერთ-ერთ სონორ თანხმოვანზე დაბოლოებული გეოგრაფიული სახელები ვითარებითში –დ მორფემას დაირთავდნენ და, შესაბამისად, აქ მოსალოდნელი იყო ჰრომდ, რაც დავწერეთ კიდეც. იმის გათვალისწინებით, რომ ედ ნიშანი ვითარებით ბრუნვას არასდროს აწარმოებდა, განხილული შემთხვევა უნებლიე შეცდომების კატეგორიაში უნდა ჩაითვალოს, რომელიც მექანიკურად განმეორდა სხვა ნუსხებშიც.
გავასწორეთ `იოტამეტობის~ ამსახველი ნიმუში _ სხუათაჲცა _ და შევცვალეთ სწორი ფორმით: `რომელსა ძალ-უც სხუათაცა ჴსნაჲ.~
ვნებითი გვარის ზმნის II კავშირებითს სუბიექტი მოთხრობითი ბრუნვის ფორმით შეეწყობა _ `გამოირჩიე ტარიგი წმიდაჲ, რომელმან წარუძღუეს ყოველსა მას სამწყსოსა.~ BC ნუსხებში საანალიზო სიტყვა სახელობითშია მოცემული, რაც ჩვენს ტომშიც ავსახეთ.
ერთგან ძირითად ტექსტში ასეთი ენობრივი შეუსაბამობა შეინიშნება: `შეემთხჳნეს ჭაბუკსა შუენიერსა, სახელით თეოდორე, მონაჲ ქრისტესი.~ დანარჩენ ნუსხებში და, შესაბამისად, ჩვენს გამოცემაშიც ეს ადგილი სწორადაა მოცემული: `…თეოდორეს, მონასა ქრისტესსა.~
ძირითად ნუსხაში დროის ზმნიზედა დღითი-დღე არასწორი ფორმითაა გამოყენებული: „რომლისათჳს სურვიელ ვიყავ და დღითიდ-დღე მოველოდე~, რომელიც ყველა სხვა ნუსხაში იკითხება, როგორც დღითი-დღე, რაც ავსახეთ კრიტიკულ ტექსტში.
AD ნუსხებში იკითხება განტეობა: `მიქადებ განტეობასა.~ ჩვენ მხარი დავუჭირეთ BC ნუსხების ჩვენებას: განტევებასა.
გამოვლინდა მაგალითი, სადაც I პირის ფორმას არა აქვს დართული ვ– პრეფიქსი: `სარწმუნოებაჲ არაოდეს მქონებია, არამედ ნაკლულევანებისაგან და სიგლახაკისა მსახურებ ნაყროვნებისთჳს.~ ვერ დავუშვებთ, რომ გადამწერს I და II პირის ფორმები ერთმანეთში არეოდა. უფრო სავარაუდოა, რომ მას უნებლიეთ გამორჩა პირის ნიშანი, რაც უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ მომდევნო პერიოდის გადამწერებს. შდრ.: B: ვჰმსახურებდ; C: ვჰმსახურებ. D: ვმჰსახურებდ. ჩვენ უპირატესობა მივანიჭეთ B ნუსხის იკითხვისს.
[1] ამ ფაქტის ახსნა იხ. ზემოთ წარმოდგენილ სტატიაში: `ევსტათის ცხოვრებისა და წამების~ ნუსხათა ენისა და ძირითადი ტექსტის საკითხები.~
დაუშვებელია ამ გამოცემის ან მისი რომელიმე ნაწილის რაიმე ფორმით გამოყენება ან გამოქვეყნება საავტორო უფლებების მფლობელის წინასწარი ნებართვის გარეშე.
This edition or any part thereof may not be used or published in any form without the prior permission of the copyright holder.