ქართული წერილობითი კულტურის ისტორიისათვის ფასდაუდებელი ღირებულება აქვს ათონის მწიგნობრულ-ლიტერატურული სკოლის მემკვიდრეობას. საბერძნეთში, ათონის მთაზე, ქართველების მიერ აშენებულ ივირონის მონასტერში, X-XII საუკუნეებში თავი მოიყარეს ქართველთა საუკეთესო კულტურულმა ძალებმა და მიზნად დაისახეს თავიანთი თანამემამულეებისათვის გაეცნოთ დასავლეთის მოწინავე კულტურა და ლიტერატურა და ამ მიმართულებით ამოევსოთ სიცარიელე ქართულ კულტურასა და მწერლობაში.
სწორედ ამ სკოლასთან არის დაკავშირებული ქართულ-ბერძნული კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავება. ბიზანტიური კულტურის ათვისების მიზნით, ნაყოფიერი მთარგმნელობითი საქმიანობა იქცა ათონის სკოლის წარმომადგენელთა მოღვაწეობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად. ისინი არა მხოლოდ მოწინავე ბიზანტიური მწერლობის ნიმუშებს თარგმნიდნენ ქართულად და ამით ხელს უწყობდნენ ქართულ მწერლობაში მოწინავე დასავლური კულტურული ნაკადების შემოღწევას, რამაც უდიდესი გავლენა იქონია ქართული მწერლობის ევროპეიზაციის პროცესზე, არამედ ქართულ თხზულებებსაც თარგმნიდნენ ბერძნულად და ამით ამდიდრებდნენ ბიზანტიურ ლიტერატურას.
ბერძნული თხზულებების ქართულ თარგმანებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ქართული კულტურის ევროპული ფესვების შესწავლისა და თავად ბიზანტიური ლიტერატურის შესწავლის ისტორიისათვის. ამ მნიშვნელობას აძლიერებს ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში ბერძნული ორიგინალები დაკარგულია და ისინი მხოლოდ ქართულ თარგმანებშია შემორჩენილი, რაც მათ ორიგინალის მნიშვნელობას ანიჭებს.
შუა საუკუნეების ბიზანტია წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს მსოფლიო სააზროვნო თუ კულტურულ ცენტრს, ქრისტიანული აღმოსავლეთის ინტელექტუალური და სულიერი ცხოვრების წარმმართველს, რომელმაც დროში გაუსწრო ევროპის კულტურულ განვითარებას და, ფაქტობრივად, მოამზადა კიდეც ნიადაგი დასავლური რენესანსისთვის. ასეთ ცენტრთან მჭიდრო კავშირმა უდიდესი როლი შეასრულა ქართული მწიგნობრობისა და კულტურის მიმართულებისა და ხასიათის განსაზღვრაზე შუა საუკუნეებში.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში ქართველი მეცნიერები მიუთითებდნენ ათონური სკოლის ქართული თარგმანების აკადემიური გამოცემის აუცილებლობაზე, მაგრამ დღესაც, 21-ე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, ეს პრობლემა ისევ გადაუწყვეტელია. განსაკუთრებით ეს ჰაგიოგრაფიულ მასალაზე ითქმის. მართალია, არსებობს ცალკეული ძეგლების პუბლიკაციები, მაგრამ არა მთელი კორპუსისა ერთი აკადემიური გამოცემის სახით.
ჰაგიოგრაფია ისტორიული მწერლობის ერთ-ერთი დარგია, რომელსაც არანაკლები დანიშნულება აქვს, ვიდრე წმინდა ისტორიულ მწერლობას. წმინდანთა ცხოვრება-მარტვილობის შემცველ ძეგლებში ხშირად ისეთი დეტალები და ცნობები გადმოიცემოდა, რომელიც ჟამთააღმწერლებს უყურადღებოდ რჩებოდათ ხოლმე.
ჩვენმა სამეცნიერო ჯგუფმა გრძელვადიანი ფუნდამენტური პროექტის ფარგლებში მიზნად დაისახა ქართული ლიტერატურისა და ტექსტოლოგიის სფეროში არსებული ამ ხარვეზის გამოსწორება და ათონის მწიგნობრულ-ლიტერატურული სკოლის ჰაგიოგრაფიული ჟანრის მთარგმნელობითი მემკვიდრეობის სრულყოფილი შესწავლა.
პროექტის I ნაწილი ითვალისწინებს ათონის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლისა და თვალსაჩინო წარმომადგენლის _ ექვთიმე ათონელის (მთაწმიდელის) მიერ ნათარგმნი კიმენური რედაქციის ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლა-გამოცემას. პროექტის მომდევნო ნაწილები დაეთმობა გიორგი ათონელისა და ათონის ივირონის მონასტერში მოღვაწე სხვა წმინდა მამათა ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული ტექსტების კვლევა-პუბლიკაციას.
ექვთიმეს ღვაწლს ეპოქალური მნიშვნელობა აქვს ქართული ეკლესიის, კულტურისა და მწერლობის ისტორიაში. სწორედ მისი საქმიანობის შედეგად იქცა ათონის სკოლა ქართული კულტურისა და მწიგნობრობის მძლავრ კერად. მისი მოღვაწეობა სასულიერო მწერლობის თითქმის ყველა დარგს მოიცავს: ბიბლიოლოგიას, ჰაგიოგრაფიას, ეგზეგეტიკას, ჰომილეტიკას, დოგმატიკას, პოლემიკას, ლიტურგიკას, ასკეტიკას, აპოკრიფებს, საეკლესიო სამართალს. ექვთიმეს თარგმანები საუკუნეების განმავლობაში ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
მის ბერძნულ ენაში განსწავლისა და მთარგმნელად ჩამოყალიბებისათვის დიდად უღვაწია მამამისს _ იოანე ათონელს (მთაწმიდელს). ამისი მთავარი მიზეზი კი ქართლის წიგნიერი ნაკლოვანება ყოფილა. იოანე წერს: `ამისთKს მე, გლახაკი ესე და ნარჩევი ყოველთა მონაზონთა _ იოვანე, მწუხარე ვიყავ ამის საქმისათKს, რომელ ქუეყანაჲ ქართლისაჲ ესრეთ ნაკლულევან იყო წიგნთაგან და დიდი ხარკებაჲ და მოღვაწებაჲ ვაჩუენე და შვილი ჩემი ეფთKმი განვსწავლე სწავლითა ბერძულითა სრულად და გამოთარგმანებაჲ წარვჰმართე წიგნთა ბერძულისაგან ქართულად და აღიწერნეს ჩუენ მიერ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, ძლიერებითა ცხოველსმყოფელისა პატიოსნისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათა, წიგნნი, რაოდენიცა უძლეთ წერად.~[1]
როგორც ციტატიდან ჩანს, იოანე მრავლობითის ფორმას იყენებს: `აღიწერნეს ჩუენ მიერ~-ო, რაც ბერძნულიდან თარგმნის პროცესში მის აქტიურ მონაწილეობას ადასტურებს.
მთარგმნელობითი მოღვაწეობა ექვთიმეს იოანე ოქროპირის `იოანეს სახარების~ განმარტების თარგმნით დაუწყია. 1002 წელს უთარგმნია მათეს თავის განმარტება.[2] მან შექმნა ახალი ლიტერატურული სტილი, რომელიც თავისუფალ თარგმანს ეფუძნებოდა. მისი ლიტერატურული საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო დახასიათება ეფრემ მცირეს ეკუთვნის: „მას მადლითა სულისა წმიდისაჲთა Pელეწიფებოდა შემატებაჲცა და დაკლებაჲცა,“ _ წერს იგი.[3] სწორედ ამ შეფასების საფუძველზე ათონელი მამის მთარგმნელობით სტილს სამეცნიერო ლიტერატურაში „კლება-მატება“ ეწოდა, რაც საჭიროებისამებრ სათარგმნი მასალის განვრცობას ან შემოკლებას გულისხმობს. მისი საშუალებით ექვთიმე ქართველი მკითხველისთვის ტექსტს მარტივ აღსაქმელს ხდიდა და მეტად მოქმედებდა მის რელიგიურ-ემოციურ მხარეზე.
მნიშვნელოვანია ის, რომ თარგმნის აღნიშნული ხერხი შეპირობებული იყო არა იმდენად ენობრივი, რამდენადაც კულტურულ-რელიგიური კონტექსტით. ექვთიმე ცდილობდა ქართველი მკითხველისთვის აერიდებინა სავარაუდო სარწმუნოებრივი საფრთხეები, გაუგებრობები და სირთულეები, რაც თან ახლდა რელიგიური შინაარსის ტექსტების ინტერპრეტაციას შუა საუკუნეებში. მისი თარგმანები, ერთი მხრივ, ქრისტიანულ რწმენაში განამტკიცებდა ქართველებს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწინავე დასავლურ აზროვნებას აზიარებდა მათ.
ექვთიმეს თარგმანების სახით საქმე გვაქვს უნიკალურ მოვლენასთან, რომელიც ნათელს ჰფენს, თუ როგორ შეიძლება მთარგმნელმა ენობრივი საშუალებები აქციოს საზოგადოების, ქვეყნის კულტურულ ვექტორებად, რომლებიც არა მხოლოდ კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში, არამედ შემდგომაც, საუკუნეების განმავლობაში, განსაზღვრავდნენ ერის სულიერი თუ ინტელექტუალური განვითარების ძირითად ხაზს.
მდიდარი ბერძნული საღვთისმეტყველო ლიტერატურიდან ექვთიმე ათონელი სათარგმნ მასალად იმ ნაშრომებს არჩევდა, რომლებიც ყველაზე უკეთ ასახავდა იმ დროისთვის ამ სფეროში დაგროვილ ცოდნას და ქართველი ხალხის განათლების საჭიროებას ემსახურებოდა, ხოლო მათ თარგმანების სახით იმგვარად წარუდგენდა საღვთისმეტყველო საკითხებში ჯერ კიდევ ნაკლებად გაცნობიერებულ ქართველ მკითხველს, როგორადაც ყველაზე უკეთ წაადგებოდა მას.[4] ამითაც აიხსნება მისი თარგმანების უდიდესი პოპულარობა.
თავისი თარგმანებით ექვთიმემ ხელი შეუწყო არა მხოლოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და სარწმუნოებრივი კუთხით ქართველი ხალხის განმტკიცების საქმეს, არამედ ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებასაც. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ექვთიმე ათონელმა მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ქართული ლიტერატურისა და კულტურის ევროპეიზაციის პროცესს, რომელიც მისმა შთამომავლებმა ღირსეულად გააგრძელეს.
ექვთიმეს მიერ თარგმნილი ჰაგიოგრაფიული ძეგლების შესახებ ცნობები რამდენიმე წყაროშია შემონახული. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მამამისის, იოანე მთაწმიდელის, ანდერძი. მისი მოკლე ვერსია დაცულია იოანე ოქროპირის `მათეს თავის თარგმანების~ ექვთიმესეული თარგმანის ათონური ხელნაწერის პირველ წიგნში[5] (#13), სადაც ის უძღვის თარგმანის ტექსტს, ხოლო სრულად შემონახულია სწავლათა `ზანდუკთან~ ერთად (ათონური ხელნაწერის მესამე წიგნი, #10).[6]
იოანეს ანდერძი გამოაქვეყნა ათონის ხელნაწერთა შემსწავლელი ლაბორატორია `ორიონის~ სამეცნიერო ჯგუფმა მზექალა შანიძის რედაქტორობით 1996 წელს, სადაც ის უძღვის იოანე ოქროპირის მათეს სახარების განმარტების ექვთიმე ათონელისეულ თარგმანს.
იოანე მთაწმიდელი ჩამოთვლის ექვთიმეს მიერ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიულ, ეგზეგეტიკურ თუ ჰომილეტიკურ თხზულებებს.
ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში დასახელებულია:
`წამებაჲ და სასწაულნი წმიდისა მოწამისა დიმიტრისნი~;
`ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა სტეფანე ახლისა~;
`ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა კლემენტიოს ჰრომაელთა პაპისაჲ~;
`წამებაჲ წმიდისა კლიმი ანკKრელისაჲ~;
`ცხორებაჲ წმიდისა ბასილი კესარიელისაჲ~;
`ცხორებაჲ წმიდისა გრიგოლ ღმრთისმეტყუელისაჲ და თქუმულნი მისნი~;
`ცხორებაჲ წმიდისა ბაგრატისი~;
`წამებაჲ წმიდათა მინა ერმოგინეთი~;
`ცხორებაჲ დიდისა ათანასესი~;
`წამებაჲ წმიდათა სამთა ყრმათა: ალფიოს, ფილადელფოს და კKრინესი~;
`ცხორებაჲ წმიდისა ონოფრი მძოვრისაჲ~;
`ცხორებაჲ მარიამ მეგKპტელისაჲ სრულად~;
`წამებაჲ წმიდისა და ყოვლადქებულისა მოწამისა პროკოპისი.~[7]
გიორგი მთაწმიდელი თხზულებაში `ცხორებაჲ იოვანესი და ეფთKმესი~ ასე აფასებს ექვთიმეს მთარგმნელობით მოღვაწეობას: `თარგმანებითა წმიდათა წერილთაჲთა განანათლა და შეამკო ნათესავი და ენაჲ ჩუენი და ჟამთა მრავალთა კეთილად დამწყსო სამწყსოჲ ესე მისდა რწმუნებული…~; `გამოჩნდა სამკაულად ნათესავისა ჩუენისა და მობაძავად წმიდათა მოციქულთა…~; `თარგმანებაჲ წიგნთაჲ აქუნდა ნამეტნავად ყოველთა სათნოებათა და გKრგKნად და განმანათლებელად ნათესავისა ჩუენისა…~ `არა სცემდა განსუენებასა თავსა თKსსა, არამედ დღე და ღამე ტკბილსა მას თაფლსა წიგნთა საღმრთოთასა შურებოდა, რომლისა მიერ დაატკბო ენაჲ ჩუენი და ეკლესიაჲ. რამეთუ თარგმნნა წიგნნი საღმრთონი, რომელთა აღრიცხუვაჲ კნინღა-და შეუძლებელ არს, რომელთაგანნი რაოდენნიმე მოვიPსენნეთ, რაჲთა მათ მიერ სხუათათKსცა ეუწყოს ქრისტეს მორწმუნეთა. რამეთუ არა თუ ულუმბათა და მთაწმიდას ოდენ თარგმნნა, რაჲთამცა აღვრიცხუენით თითოეულად, არამედ სამეუფოსცა და გზასა და სხუათა ესევითართა ადგილთა.~[8]
ამის შემდეგ გიორგი მთაწმიდელი ჩამოთვლის ექვთიმეს მიერ ნათარგმნ თხზულებებს, რომლებიც დასახელებულია იოვანეს მიერ. განსხვავება ის არის, რომ გიორგის `ბასილი კესარიელის ცხოვრების~ შემდეგ დამატებული აქვს `წამებაჲ წმიდისა აკეფსიმაჲსი~, `პროკოპის წამების~ შემდეგ კი სიას აგრძელებს და ასახელებს შემდეგ თხზულებებს:
`წამებაჲ წმიდისა ფებრონიაჲსი~;
`წამებაჲ წმიდისა ანთიმოჲსი და წმიდისა ვლასისი და ორთა ბევრთაჲ~;
`წამებაჲ წმიდისა თეოდორე სტრატელატისაჲ და თეოდორე პKრგელისაჲ და წმიდათა ევსტრატეთი; და წმიდისა ევსტათისი და შვილთა მისთაჲ~;
`ცხორებაჲ წმიდისა ნიკოლაოზისი~;
`ცხორებაჲ წმიდისა დიდისა ანტონისი.~[9]
როგორც გიორგი მთაწმიდელის თხზულებიდან ირკვევა, ექვთიმეს გაცილებით მეტი შრომა უნდა ეთარგმნა: `ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი. და უმრავლესნი ზემოთქუმულთა ამათ წიგნთაგანნი თარგმნნა, ვიდრე-ღა მამაჲ მისი იოვანე ცოცხალ იყო.~[10]
ჩანს ისიც, რომ გიორგი მთაწმიდელის მიერ დამატებული ნაშრომები მან მამამისის გარდაცვალების შემდეგ თარგმნა.
ექვთიმეს მიერ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს კორნელი კეკელიძე ორ დარგად ყოფს: კიმენურ და მეტაფრასულ რედაქციებად. იგი წერს, რომ უმეტესად მას ძველი, კიმენური რედაქციის, ძეგლები აქვს თარგმნილი. ასახელებს 19 ასეთ ნაწარმოებს, რომელთაგან 10 მამის სიცოცხლეში უნდა ეთარგმნა, ხოლო 9 _ მისი გარდაცვალების შემდეგ. რამდენადაც ავტორი თხზულებებს რედაქციების მიხედვით აჯგუფებს, წარმოვადგენთ მის მონაცემებს.
მამის სიცოცხლეში თარგმნილ ძეგლებს შორისაა:
`წამებაჲ და სასწაული წმიდისა მთავარმოწამისა დიმიტრისა~;
`ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა სტეფანე ახლისა~;
`ცხოვრება ბასილი დიდისა, ამფილოქე იკონიელის მიერ აღწერილი~;
`ცხოვრება წმიდისა აკეფსიმაჲსი~;
`წამება წმიდათა მინა და ერმოგინესი~, `ცხოვრება ათანასე ათონელისა~;
`წამება წმიდათა სამთა ყრმათა _ ალფიოს, ფილადელფიოს და კKრინესი~;
`ცხოვრება წმიდისა ონოფრე მძოვრისა~;
`ცხოვრება და მოქალაქობა წმიდისა მაქსიმე აღმსარებლისა~;
`ცხოვრება იოანე სინელისა.~
მომდევნო 9 ნაწარმოებია:
`წამება წმიდისა ფებრონიაჲსი~;
`წამება წმიდისა ანთიმოჲსი~;
`წამება წმიდისა ვლასისი~;
`წამება წმიდისა თეოდორე სტრატილატისაჲ~ (თარგმნილი 1013 წელს);
`წამება წმიდისა თეოდორე პერგიელისა~ (თარგმნილი იმავე წელს);
`წამება წმიდისა ევსტათისი და შვილთა მისთაჲ~;
`წმიდათა მთავარანგელოზთა სასწაულნი, გერმანე კონსტანტინოპოლელის მიერ აღწერილნი~;
`ცხოვრება გრიგოლ დიოლოღონისა, ჰრომთა პაპისა~ (1011).
გარდა ამისა, ეფრემ მცირის ცნობით, ექვთიმეს უთარგმნია სვიმეონ მეტაფრასტის ორი ნაწარმოები: `წამება წმიდისა კლემენტოს, ჰრომთა პაპისა~ და `წამებაჲ წმიდისა მოწამისა პროკოპი დუქსისაჲ.~[11] მეცნიერი დამატებით ასახელებს 7 ნაწარმოებს, რომელთა მეტაფრასული რედაქციაც უნდა ეთარგმნა ექვთიმეს:
`წამებაჲ წმიდისა გიორგისი, აღწერილი სვიმეონ ლოღოთეტის მიერ~;
`მარიამ მეგვიპტელისა, სოფრონ იერუსალიმელის მიერ აღწერილი~;
`ანტონი დიდისა~;
`ევსტრატესი, ავქსენტისი, ევგენისი, ორესტისა და მარდარისა~;
`კლიმი ანკვირელისა~;
`ცხოვრება გრიგოლ ღვთისმეტყველისა, გრიგოლ ხუცის მიერ აღწერილი~;
`ორთა ბევრთაჲ.~
კორნელი კეკელიძე წერს, რომ ექვთიმეს მიერ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიულ თხზულებათაგან ხელნაწერებში ჯერჯერობით არ ჩანს `ცხოვრება და წამება ფებრონიასი და ათანასე ათონელისა.~[12] ამასთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ `ფებრონიას წამების~ ექვთიმესეული თარგმანი დაცულია ათონის კოლექციაში (Ath-79), ხოლო `ათანასე ათონელის ცხოვრების~ ტექსტი არ არის შემონახული. იოანე და გიორგი მთაწმიდელები ამ თხზულებას მოიხსენიებენ, როგორც `ცხორებაჲ დიდისა ათანასესი~, ხოლო კორნელი კეკელიძე, როგორც _ `ცხოვრება ათანასე ათონელისა.~ როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმა ათანასე ათონელად წინა შრომებში ნახსენები ათანასე დიდი ჩათვალა. ენრიკო გაბიძაშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს ათანასე უნდა იყოს არა ათონელი, არამედ ალექსანდრიელი,[13] რომლის ცხოვრების კიმენური რედაქციაც შემონახულია ხელნაწერში _ Jer-2.[14]
როგორც ზემოთ აღინიშნა, პროექტის I ნაწილის მიზანი ექვთიმე ათონელის მიერ ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული ძეგლების შესწავლა-გამოცემაა. ელექტრონულ გამოცემაში ამ ეტაპზე წარმოდგენილია მის მიერ თარგმნილი სამი ტექსტი. ესენია: `ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდათა მოწამეთა _ ევსტათისი და მეუღლისა მისისა თეოპისტისი და შვილთა მათთა _ აღაპისი და თეოპისტესი~;`წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორესი და მის თანა წამებულთა მოწამეთაჲ, რომელნი იწამნეს პერგე ქალაქსა, ქუეყანასა პანფილიისასა~; `წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა ანთიმოს ნიკომიდიელ მთავარეპისკოპოსისაჲ.~
სამივე ტექსტის ავტორი უცნობია. `ევსტათის ცხოვრებისა და წამების~ შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ეს თხზულება დაწერილი უნდა იყოს IV ს-ში და თარგმნილი კოპტურ ენაზე, სავარაუდოდ, VI-VII სს-ებში.[15] აქვე, დოკუმენტების სიაში, რაც ამ თხზულების შესახებ არსებობს, მითითებულია შემდეგი: პერგამენტზე შესრულებული გვიანი ანტიკური პერიოდის ორიგინალური ხელნაწერები; ლიტერატურის მიმართულებით _ მარტვილობის აღწერა, ასევე _ კოლოფონები, მარგინალები, სხვა წმინდანებთან დაკავშირებული ტექსტები.
ენრიკო გაბიძაშვილის მიხედვით, `ევსტათის, მისი მეუღლისა და შვილების წამება~ ექვთიმე ათონელს X ს-ში უნდა ეთარგმნა. ქართული ტექსტი შემონახულია XI და XVIII სს-ების ხელნაწერ კრებულებში. XI ს-ის ხელნაწერებიდან მეცნიერი ასახელებს Ath-28 (65v-87v) და Ath-17 (103r-115v) ნუსხებს და მიუთითებს, რომ ძეგლი გამოუცემელია, მისი ბერძნული დედანი კი დაბეჭდილია გამოცემაში: Migne, Patrologia Graeca, 105, 376-417.[16]
მეცნიერის მსჯელობის მიხედვით, Ath-28-ც ექვთიმეს თარგმანი გამოდის. მითითებულ ხელნაწერში დაცული ტექსტი იწყება შემდეგნაირად: `ზ, თუესა სეკდენბერსა კე, სიმPნე და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათისი, შვილთა და ცოლისა მისისაჲ და მერმე შემდგომად წამებაჲ _ მესამესა წელსა მარკიანე მეფისასა იყო სპაჲპეტი ერთი მPნე ფრიად, რომელი მძლე იყო მარადის ყოველთა მბრძოლთა ზედა, გამოცდილი ფრიად და მონადირე ირემთა და ქურციკთა …~. და მთავრდება ასე: `…ხოლო Pსენებაჲ წმიდათაჲ მათ და კეთილად მძლეთა მოწამეთაჲ აღესრულების […] თთუესა სეკდენბერსა ოცდახუთსა ქრისტH იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ~ (65r-78r).
Ath-17 ხელნაწერში დაცული ექვთიმეს ნათარგმნი ტექსტი არ თანხვდება Ath-28 ხელნაწერში შესულ ტექსტს, მაშასადამე, სხვა რედაქციისაა. ამიტომაც, კორნელი კეკელიძე აღნიშნული თხზულების ორ რედაქციას უთითებს: პირველი რედაქცია დაცულია Sin-25-სა (ცაგარელის კატალოგის მიხედვით, 74) და Ath-53-ში (ბლეიკით, Ath-28 ), ხოლო მეორე _ Ath-17-ში.[17] ბოლო ხელნაწერში შემონახული ტექსტის მთარგმნელად ავტორი ასახელებს ექვთიმე ათონელს. სხვა ხელნაწერებთან კი მთარგმნელის მითითება არ გვაქვს. იქვე ბერძნული ტექსტის გამოცემად ნაჩვენებია: BHG 641.[18]
ევსტათის შესახებ არსებული ჰაგიოგრაფიული ტექსტი `ლეგენდა წმიდა ევსტათიზე~ შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით XIII-XIV სს-ების საფრანგეთში. იგი დაწერილი ყოფილა რამდენიმე ენაზე: ლათინურად, ბერძნულად, ფრანგულად, ინგლისურად და ანგლო-საქსურად. ტექსტის ძირითადი მომენტები ასევე პოპულარული მოტივები ყოფილა ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის. ისინი ასახვას პოვებდა სკულპტურაში, კედლის მხატვრობაში, ხელნაწერ წიგნებში, ფერად შუშაზე, მინანქარზე, სპილოს ძვალზე.
თეოდორე პერგელის შესახებ ინფორმაცია, თავად ჰაგიოგრაფიული ტექსტის გარდა, თითქმის არ არსებობს არც ქართულ და არც ინგლისურენოვან ლიტერატურაში. უცნობია ნაწარმოების წარმომავლობა, ავტორი და დაწერის დრო. შესაბამისად, არ ვიცით, ბერძნულია მისი ორიგინალური ენა თუ სხვა რომელიმე ენიდან არის ბერძნულად თარგმნილი და შემდეგ იქიდან _ ექვთიმე ათონელის მიერ გადმოქართულებული.
არ ვიცით თეოდორეს მოწამებრივი აღსასრულის ზუსტი თარიღიც. მისი გარდაცვალების სავარაუდო დროდ მიჩნეულია იმპერატორ ანტონინეს მმართველობის წლები _ 138-161.
`თეოდორე პერგელის წამების~ თარგმნის დროდ კორნელი კეკელიძე 1013 წელს მიიჩნევს,[19] ენრიკო გაბიძაშვილი _ X ს-ს და აღნიშნავს, რომ არ არის გამოცემული არც ქართული თარგმანი (A-382, A-1103 და სხვა) და არც ბერძნული (უთითებს შემდეგ წყაროებს: Bibliotheca Hagiographica Graeca, F. Halkin, ტ. II, გვ. 276 §1747- 1747a-1747b).[20]
`ანთიმოზ ნიკომიდიის ეპისკოპოსის (+302 წ., 3. IX) წამების~ შესახებ კი წერს, რომ ქართული თარგმანი (Jer. 2, 22-30) გამოცემულია, თუმცა არ ასახელებს, სად.[21] ლიტერატურას ბერძნული ტექსტის შესახებ უთითებს შემდეგ წყაროს: Acta Sanct., Apr. III, 482… და აღნიშნავს, რომ `წამების~ სხვა ბერძნული ტექსტები ხელნაწერებით არის ცნობილი და გამოუცემელია (Catal. Paris 195 (8), vatic. 544 (X-XI) და სხვა). აქვე წერს, რომ არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს ქართულის დედანი.[22]
ჩვენი პროექტის ერთ-ერთ მიზანს შეადგენს ქართულ თარგმანებთან ერთად ბერძნული ტექსტების გამოქვეყნებაც (არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული სამი თხზულებიდან მხოლოდ ერთს (`ევსტათის ცხოვრება და წამება~) ეძებნება შესაბამისი ბერძნული ვერსია. ამიტომ, გამოცემაში, სამწუხაროდ, მხოლოდ მას ახლავს პარალელური ბერძნული ტექსტი.
ქართული ხელნაწერი ტრადიციისადმი უცხოელთა განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, ტომში შეტანილია ტექსტების ინგლისური თარგმანებიც.
პროექტი ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ბაზაზე ხორციელდება. ძირითად პერსონალს შეადგენენ წამყვანი დაწესებულების _ ინტერდისციპლინური ჰუმანიტარიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის _ წევრები, რომლებიც, ამავე დროს, წარმოადგენენ სხვადასხვა ორგანიზაციას (ვასახელებთ ცოტა ქვემოთ).
სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ პროექტი პროდუქტია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბირმინჰემის უნივერსიტეტის ტექსტოლოგიისა და ელექტრონული აკადემიური გამოცემის ინსტიტუტს შორის არსებული საერთაშორისო პარტნიორობისა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარების პროექტის[23] _ `ტექსტოლოგია და გამოცემათმცოდნეობა~ _ ფარგლებში. ამ ინსტიტუტის დირექტორი 2005-2017 წლებში, ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი დევიდ ჩარლზ პარკერი, აღნიშნული და აგრეთვე წინამდებარე პროექტის უცხოელი კონსულტანტია.
ტექსტები გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და კრიტიკული აპარატი დაურთეს ლია კიკნაძემ (კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი), ქეთევან გიგაშვილმა (ინტერდისციპლინური ჰუმანიტარიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი), ირაკლი ორჟონიამ (თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგის თანაშემწე, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი, თეოლოგიის დოქტორი), გრიგოლ ბენდელიანმა (თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ეკლესიის ისტორიისა და ასკეტიკის კათედრის მოწვეული ლექტორი, ამავე სასწავლებლის დოქტორანტი ეკლესიის ისტორიის მიმართულებით) და მაია ჯანგიძემ (ფილოლოგიის დოქტორი). პროექტზე მუშაობამ გვიჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სასულიერო ჟანრის თხზულებათა კვლევის პროცესში ფილოლოგებისა და თეოლოგების თანამშრომლობა.
გამოცემის მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის მადლობას მოვახსენებთ ათონის ივირონის მონასტრის ბერს, ბიბლიოთეკის მესვეურს _ თეოლოგოსს, რომელმაც ათონური ხელნაწერების ციფრული ვერსიები მოგვაწოდა და მათი ელექტრონული გამოცემის უფლება მოგვცა; ასევე _ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს _ მაია ნინიძეს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს _ თამარ აბულაძეს, ამავე დეპარტამენტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს _ ესმა მანიას, ამავე ცენტრის ბიბლიოთეკა-მუზეუმის უფროსს _ ეკა გოგიჩაიშვილს, საფინანსო ადმინისტრაციული განყოფილების საქმისწარმოების სამსახურის მთავარ სპეციალისტს _ ნათია ვეკუას, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს _ ნანა ყარაულაშვილს, რომლებმაც გაგვიადვილეს პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევა.
[1] ოქროპირი, 1996: 14.
[2] ოქროპირი, იქვე: 6.
[3] დამასკელი, 1976: 67.
[4] Orzhonia, 2021: #11.
[5] ოქროპირი, 1996: 7-8.
[6] იქვე: 8.
[7] ოქროპირი, 1996: 14-15.
[8] მთაწმიდელი, 1967.
[9] იქვე.
[10] იქვე: 64.
[11] კეკელიძე, 1980: 207.
[12] კეკელიძე, 1980: 207-208.
[13] გაბიძაშვილი, 2007: 93-96.
[14] გაბიძაშვილი, 2004: 121.
[15] Eustathius, his wife Theopiste, and their sons Agapius and Theopistus, martჲrs in Rome under the earlჲ daჲs of Hadrian: The Cult of Saints in Late Antiquitჲ from its origins to circa AD 700, across the entire Christian world: http://csla.historჲ.ox.ac.uk/record.php?recid=S01804
[16] გაბიძაშვილი, 2010: 158.
[17] კეკელიძე, 1957: 125.
[18] იქვე.
[19] კეკელიძე, 1980: 207.
[20] გაბიძაშვილი, 2010: 158.
[21] ჩვენ ვერ მივაკვლიეთ ამ ძეგლის პუბლიკაციას.
[22] გაბიძაშვილი, იქვე: 175.
[23] განხორციელდა 2016-2019 წლებში (სამეცნიერო ხელმძღვანელები: ქეთევან გიგაშვილი და მაია ნინიძე).
წინამდებარე II ტომით ვაგრძელებთ ათონის მწიგნობრულ-ლიტერატურულ სკოლაში შექმნილი ქართული წერილობითი კულტურის საგანძურის, ექვთიმე ათონელის (მთაწმიდელის) მიერ ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობის, აკადემიურ გამოცემას. მასში ამჯერად წარმოვადგენთ ოთხ თხზულებას. ესენია: [„წამებაჲ წმიდისა ფებრონიაჲსი”], „ცხორებაჲ წმიდისა ბასილი კესარიელისაჲ”, „წამებაჲ წმიდისა თეოდორე სტრატილატისაჲ” და „ცხორებაჲ წმიდისა ათანასე ალექსანდრიელისაჲ.“
მკითხველს შევახსენებთ, რომ I ტომში გამოვაქვეყნეთ სამი ძეგლი: „ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდათა მოწამეთა – ევსტათისი და მეუღლისა მისისა თეოპისტისი და შვილთა მათთა – აღაპისი და თეოპისტესი”, „წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორესი და მის თანა წამებულთა მოწამეთაჲ, რომელნი იწამნეს პერგე ქალაქსა, ქუეყანასა პანფილიისასა”, „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა ანთიმოს ნიკომიდიელ მთავარეპისკოპოსისაჲ.”
იოანე და გიორგი ათონელების მიერ მოწვდილ ინფორმაციაზე დაყრდნობით (ოქროპირი, 1996; მთაწმიდელი, 1967), რომელიც ექვთიმე ათონელის მთარგმნელობით მოღვაწეობას შეეხება, 10 ჰაგიოგრაფიული შრომა მას მამის სიცოცხლეში, ხოლო 9 მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა ეთარგმნა. წინამდებარე ტომში დაბეჭდილი ორი ძეგლი – „ცხორებაჲ წმიდისა ბასილი კესარიელისაჲ” და „ცხორებაჲ წმიდისა ათანასე ალექსანდრიელისაჲ” – მამის სიცოცხლეში თარგმნილ შრომათა შორისაა დასახელებული, ხოლო ორი – „წამება წმიდისა ფებრონიაჲსი” და „წამება წმიდისა თეოდორე
სტრატილატისაჲ” – მამის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში შექმნილ შრომათა შორის.
როგორც I ტომის შესავალში ვწერთ (გიგაშვილი, 2021: 16), კორნელი კეკელიძის აზრით, „ექვთიმეს მიერ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიულ თხზულებათაგან ხელნაწერებში ჯერჯერობით არ ჩანს ექვთიმეს მიერ ნათარგმნი „ცხოვრება და წამება ფებრონიასი და
ათანასე ათონელისა” (კეკელიძე, 1957: 118; 1980: 208), თუმცა ფებრონიას წამების შემცველი ნაშრომის ქართული თარგმანის არსებობას მეცნიერი არ უარყოფს. ძეგლის დასაწყისს („იყო დღეთა დეოკლიტიანე მეფისათა ანთიმოს მთავარი და იყო იგი უძლური
ჴორცითა”) იმოწმებს სხვა კიმენური რედაქციიდან, რომლის ავტორია თომაიდა და შესულია არაერთ ხელნაწერ კრებულში. 1
ენრიკო გაბიძაშვილს „ფებრონიას წამების” 4 რედაქცია აქვს დასახელებული: ერთ-ერთი ზემოთ ნახსენები კიმენური ტექსტია, თუმცა იგი გაცილებით მეტ ნუსხას ჩამოთვლის და კორნელი კეკელიძის მიერ ჩამოთვლილი ხელნაწერი კრებულებიდან ასახელებს A-382-ს, S-134-ს, ბოდლე-1-სა და A-95-ს (ამ უკანასკნელის შემთხვევაში სხვა გვერდებს უთითებს); განსხვავებულ რედაქციას ქმნის მეტაფრასული ვერსია, რომელიც შემონახულია S -417 (XII ს., 177v-200v) და ქუთაისი-3 (ჳ-3) (XVI ს., 256v-282v) ხელნაწერ კრებულებში; სხვა ტექსტზე, რომლის დასაწყისი განსხვავებულია კიმენური და მეტაფრასული რედაქციებისგან და დაცულია Jer-152 (XI-XII სს., 86v-130v) ნუსხაში, ვარაუდს გამოთქვამს, რომ შეიძლება საგალობელი იყოს; მეოთხეა 990 წლთ დათარიღებულ Ath-79 ხელნაწერ კრებულში შემავალი კიმენური რედაქცია, რომელიც თავბოლონაკლულია, სხვაობს კიმენური და მეტაფრასული რედაქციებისგან და თარგმნილია ექვთიმე ათონელის მიერ (გაბიძაშვილი, 2004: 348-349). სხვაგან მკვლევარი წერს, რომ ფებრონია მონაზონის „წამება”, რომლის ავტორიც არის თომაიდა, ქართულად ძალიან ადრე უნდა ეთარგმნათ (გაბიძაშვილი, 2010: 177).
Ath-79 ხელნაწერ კრებულში შემონახული „ფებრონიას წამების” ტექსტი არ ემთხვევა Sin.-6 და ქუთაისი-3 (K-3) ხელნაწერ კრებულებში შემონახული კიმენური რედაქციის ტექსტს, რაც მანანა დოლაქიძის მიერაცაა გამოკვლეული და გამოტანილია დასკვნა, რომ „ექვთიმე ათონელს ეკუთვნის არა კიმენური რედაქციის თარგმნა, როგორც იყო მიჩნეული სამეცნიერო ლიტერატურაში, არამედ ამ ხელნაწერში შემონახული მესამე, უცნობი რედაქცია თხზულებისა” (დოლაქიძე, 1986: 8).
წიგნში – „რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტის სასულიერო შინაარსის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა” (2016) – M-49 (M-33) ხელნაწერის (რომელიც წარმოადგენს 1840 წელს გადაწერილ ჰაგიოგრაფიულ კრებულს) აღწერილობიდან ვიგებთ, რომ მე-20 შრომად მასში შედის ანდერძ-მინაწერები, გადმოწერილი პლატონ იოსელიანის გამოგზავნილი ხელნაწერიდან, თავად პლატონ იოსელიანისა და თეიმურაზ ბა-ტონიშვილის შენიშვნებით. ერთ-ერთი შენიშვნიდან ირკვევა, რომ M-49 ხელნაწერი გადაწერილი ყოფილა S-3637-დან. ცხადია, ეს უკანასკნელიც წარმოადგენს ჰაგიოგრაფიულ კრებულს, გადაწერილს 1838 წელს (გადამწერი თეიმურაზ ბატონიშვილი).
ამდენად, მინაწერები, რომლებიც პლატონ იოსელიანს გადმოუწერია წმინდანთა ცხოვრების შემცველი წიგნიდან, S-3637 ხელნაწერ კრებულშიც ასევე მინაწერების სახით არის შეტანილი. ერთ-ერთ მინაწერში ვკითხულობთ: „დასასრულსა წმიდისა ფებრონიასსა ცხოვრებისასა ესე ეწერა: „წმიდაო ფებრონიავ, მეოხ მეყავ წინაშე ღმრთისა; რომელნიცა იკითხვიდეთ, ლოცვასა მომიხსენეთ გლახაკი ეფთჳმი და წმიდა მამა ჩემი იოანე. ესე ანდერძი წმიდისა მამისა ჩვენისა ეფთჳმისი არს, რომელი წმიდითა ჴელითა მისითა ნუსხისაგან დაიწერა. ლოცვა ჰყავთ გლახაკისა მწერელთათჳსცა” (M-49: გვ. 378; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის… 83; S-3637: 157r). ერთ-ერთი მინაწერი კი გვამცნობს: „ბროსეტს რომ აქვს იოსელიანი (!), წმიდის პეტრეს ცხოვრების ბოლოს ეწერა: 1838, ივნისის 29, ქალაქსა ტფილისს წიგნი ესე გარდამოვაწერინეო მოწაფესა ჩემსაო фილოსოфიისა და фიზიკის მასწავლებელმან პლატონ ეგნატესძემან იოსელიანმან” (S-3637: 157r).
ამრიგად, ირკვევა, რომ ფებრონიას წამების შემცველი ტექსტი ინახება სხვა ხელნაწერ კრებულშიც, თუმცა რომელში, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. უცნაურად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ იოანე მთაწმიდელი საანალიზო თხზულებას არ ასახელებს თავის ცნობილ ანდერძში ექვთიმეს მიერ თარგმნილ შრომათა შორის, არადა, ეს შრომა შესულია 990 წელს გადაწერილ ათონური წარმოშობის Ath-79 კრებულში. თუ გავიხ-სენებთ იმ ფაქტს, რომ იოანე 1005 წელს გარდაიცვალა, ისღა დაგვრჩენია, დავუშვათ, რომ მას უბრალოდ გამორჩა მისი დასახელება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ტექსტის დასაწყისი ნაწილი განთავსებულია A-1769 ხელნაწერის 2r-v გვერდებზე, რომელიც წარმოადგენს Ath-79 კრებულის ნაწილს, თუმცა ეს ტექსტიც თავნაკლულია.
როგორც ირკვევა, „ფებრონიას წამების” პირველწყარო – ბერძნული ტექსტი დაკარგუ-ლია.
წინამდებარე ტომში დაბეჭდილი მეორე შრომაა „ბასილი კესარიელის ცხოვრება.” „ეტი-უდების” V ტომში კორნელი კეკელიძე კიმენური რედაქციისადმი მიძღვნილ თავში სამ პუნ-ქტად ჩამოთვლის ბასილი დიდი კესარიელის ცხოვრება-მოღვაწეობისა თუ სასწაულების შემცველ ქართულ თარგმანებს:
თავის მხრივ, ამფილოქე იკონიელის მიერ აღწერილი ბასილი კესარიელის ცხოვრებისა თუ სასწაულების შემცველი ტექსტების ქართულ თარგმანებს მეცნიერი სამ რედაქციად ყოფს:
3. ხოლო მესამე რედაქციას წარმოადგენს A-1103 ნუსხა, რომელიც, მკვლევარის აზრით, ექვთიმე ათონელს უთარგმნია, შეიცავს მხოლოდ I რედაქციის დასაწყისს, საკუთრივ ბიოგრაფიას (#19, 266-290), თუმცა მასთან შედარებით შეცვლილია: ზოგან სიტყვა თუ ფრაზაა გამოტოვებული, ზოგან – ჩამატებულია, ზოგან – გადასმული და ა. შ. (კეკელიძე, 1957: 11).
ამ სამი რედაქციიდან ექვთიმე ათონელის სახელი ავტორს მოხსენიებული აქვს მხო-ლოდ A-1103-სთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ ის ექვთიმეს მიერ „ოდნავ შეკეთებულია.” თხზულების დასაწყისი („საყუარელნო, არა უცხო არს…”) მოტანილი აქვს A-19 ნუსხიდან. „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის I ტომში” ამ თხზულებაზე საუბრისას შენიშვნებში უთითებს A-1103 ხელნაწერს და აღნიშნავს, რომ „ეს ცხოვრება განმეორებაა იმისა, რაც ჩვენ გვაქვს A-19 ნუსხის 266-306-ე ფურცლებზე, არ არის მხოლოდ ბასილის სასწაულები, დანარჩენში შეცვლილია, გადასმული ან გამოტოვებულია ზოგიერთი სიტყვა. „ასე რომ, ეს ცხოვრება ან არ უნდა ეკუთვნოდეს ექვთიმეს, გიორგის ის მხოლოდ შეცდომით მიუკუთვნებია მისთვის, ანდა ექვთიმეს უმნიშვნელო ცვლილებით გადმოუკეთებია უკვე არსებული თარგმანი”, – ასკვნის მკვლევარი (კეკელიძე, 1980: 207).
ასევე A-19 ნუსხიდან არის დამოწმებული სათაური და ნაწარმოების დასაწყისი ნაწილი ენრიკო გაბიძაშვილთან (2004: 154), რომელსაც ექვთიმესეული რედაქციის ნუსხებად ჩამოთ-ვლილი აქვს: A-19, A-95, A-1103, ქუთაისი-16 (K-16), Sin-32-57-33 (864 წ.). A-95 ნუსხასთან მითითებული აქვს გვერდები: 94r-98r და ფრჩხილებში უწერია: „მხოლოდ სასწაულები” (2004: 155). ნათარგმნ ჰაგიოგრაფიულ შრომათა სიაში „ბასილი დიდის ცხოვრება” 186-ე ნომრად აქვს წარმოდგენილი. 189-201-ე ნომრებად მოცემული აქვს შრომა „ბასილი დიდის სასწაულთაგან”, სადაც გვერდები მითითებული აქვს იმავე A-19 და A-95 ნუსხებიდან. 190-ე და 195-ე ნომრებით წარმოდგენილ სასწაულებში A-95 ნუსხას გვერდების ნომრებად უწერია, შესაბამისად, 97v-99r და 96r-97v (აქედან 97v-98r და 96r-97v გვერდები, როგორც ვხედავთ, მითითებული აქვს ასევე „ბასილი დიდის ცხოვრების” A-95 ნუსხასთან (186 ნომრით)). შენიშვნაში აღნიშნულია, რომ ავტორი არის ელადიოს კესარია-კაბადუკიელი, ბასილი დიდის მემკვიდრე ამ კათედრაზე. იგივე ავტორია მითითებული 192-ე, 196-ე, 197-ე და 198-ე ნომრებით წარმოდგენილ სასწაულებთანაც (გაბიძაშვილი, 2004: 155). შრომების II ტომში მკვლევარი აღნიშნავს, რომ „ბასილი დიდის ცხოვრებისა” და „სასწაულების” ქართული თარგმანი ვარიანტული სხვაობით (უფრო შედგენილობით) დაცულია რამდენიმე ხელნაწერში: I. A-19, 266-306. II. A-95, 185-212. III. A-1103, 117-130. ბერძნული ტექსტი კი დაბეჭდილია შემდეგ გამოცემაში: Combefis, Amphilochii opera, 155-225 (გაბიძაშვილი, 2010: 200).
ამდენად, როგორც ვხედავთ, კორნელი კეკელიძე ექვთიმეს სახელს უკავშირებს მხო-ლოდ ერთ – A-1103 ნუსხას, ხოლო ენრიკო გაბიძაშვილი – 5 ნუსხას.
რეალური სურათი ასეთია: A-19 ნუსხა შეიცავს ცხოვრებას, რომელსაც მოჰყვება სას-წაულები, A-1103 ნუსხა – მხოლოდ ცხოვრებას, რომელსაც ბოლოში ახლავს სასწაულების ჩამონათვალი, ქუთაისი-16-ც (K-16) – მხოლოდ ცხოვრებას, ხოლო A-95 და Sin-83 – მხოლოდ სასწაულებს, ოღონდ განსხვავებული შედგენილობით.
თუ არ ჩავთვლით სასწაულების ნაწილს, რომელთა სათაურებშიც ან „სიტყუაჲ” ჩანს, ან „საკითხავი”, A-19 და A-1103 ნუსხებს შორის სხვაობა ვარიანტულია და არა რედაქციული. დაუშვებელია მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს გიორგი მთაწმიდელს შეეშალა და „ბასილი დიდის ცხოვრების” თარგმანი შეცდომით მიაკუთვნა ექვთიმეს, როგორც ამას კ. კეკელიძე ვარაუდობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღნიშნული თხზულება დასახელებულია იოანე მთაწმიდელის ანდერძშიც და, რაც მთავარია, A-1103 ნუსხას ახლავს გადამწერის ანდერძი, საიდანაც ცხადად ირკვევა ექვთიმეს მთარგმნელობა: „…უფროჲს ხოლო წმიდისა მამისა ეფთჳმეს [თარ]გმანებულთათჳს უფალმან ღმერთმან ამათ ყოველთა წმიდათა თანა ზიარყვნიან” (131v).
აღნიშნული ანდერძი გამორიცხავს იმ მოსაზრებასაც, თითქოს ექვთიმემ უკვე არსებუ-ლი თარგმანი A-19-ის სახით ოდნავ გადააკეთა. ეს ანდერძიც რომ არ არსებობდეს, გადაკე-თებული ვერსია უნდა გასცდენოდა ნუსხებს შორის დასაშვები ვარიანტული სხვაობების ზღვარს, რაც A-19 და A-1103 ხელნაწერების შემთხვევაში, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, არ დასტურდება, და, მეორეც, რთული გასამიჯნია, A-1103 ნუსხაში შენიშნული სხვაობებიდან რომელი ეკუთვნის ექვთიმეს და რომელი – გადამწერს.
ის ფაქტი, რომ ნაშრომი იოანეს მიერაა დასახელებული, ცალსახად ამტკიცებს, რომ ექვთიმეს ის 1005 წლამდე აქვს ნათარგმნი, ანუ მანამდე, ვიდრე A-1103 ხელნაწერი კრებული შეიქმნებოდა. რადგანაც A-1103 ნუსხის საყრდენი A-19 ნუსხაა, ლოგიკურად ამ ხელნა-წერამდე მივდივართ, როგორც ექვთიმეს ნათარგმნამდე. „საყრდენში” ვგულისხმობთ არა მხოლოდ ცხოვრების შემცველ ტექსტს, არამედ სასწაულების ნაწილსაც, რომელიც, მართა-ლია, A-1103 ნუსხას არ ახლავს, მაგრამ გვაქვს მათი ჩამონათვალი, რომელიც ქრონოლოგი-ურად ემთხვევა A-19-ში მოცემულ 7-ვე სასწაულს:
„ბ სხუაჲ სასწაული მწვალებელთა აღძრვისთჳს.
გ სხუაჲ ჰურიასათჳს.
დ სხუაჲ ჰურიჲსა მკურნალისათჳს.
ე სხუაჲ დედაკაცისათჳს, რომელ ცოდვანი აუჴოცნა.
ვ სხუაჲ წმიდისა მამისა ეფრემის მოსლვისა და ხილვისათჳს.
ზ სხუაჲ პეტრესთჳს, ძმისა თჳსისა.
H სხუაჲ ხუცისა და გონჯისათჳს.”
ამ ჩამონათვალს A-1103 ხელნაწერ კრებულში მოჰყვება შემაჯამებელი ფრაზა: „ესენი ყოვლგნით სწერიან სასწაულნი.” ცხადია, იგულისხმება A-1103-ის წინარე ნუსხა, ჩვენი აზ-რით, A-19, სადაც ეს სასწაულებია აღწერილი.
A-19 ხელნაწერი კრებულის აღწერილობაში „ბასილი კესარიელის ცხოვრება” ცალკე (38-ე) შრომად არის მითითებული, ხოლო სასწაულები – ყველა ცალ-ცალკე შრომად. გამონაკლისს წარმოადგენს პირველი სასწაული – „სიტყუაჲ ბასილისთჳსვე საკჳრველთმოქმედისა” („და იყო მათ დღეთა შინა აღძრვაჲ მწვალებელთაჲ მართლმორწმუნეთა ზედა”), რომელიც ხელნაწერის აღმწერელს უნებლიეთ ცხოვრების ტექსტისთვის მიუთვლია. ცალ-ცალკეა გამოყოფილი სასწაულები თედო ჟორდანიას აღწერილობაშიც (Описанიе рукописей: 1903: 15).
როგორც უკვე აღინიშნა, A-19 კრებულის გარდა, სასწაულებს შეიცავს A-95 და Sin-83 ხელნაწერი კრებულებიც, ოღონდ სხვადასხვა რაოდენობით: პირველი – პირველ ექვსს, მეორე – პირველ ორს. შედგენილობის გარდა, მათ შორის ტექსტობრივი სხვაობა არ შეინიშნება: ორივე კრებულში შესული სასწაულები მხოლოდ ვარიანტულად განსხვავდება A-19-ში აღწერილი სასწაულებისგან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ A-19, A-95 და Sin-83 ნუსხები საერთო სასწაულების ნაწილში ერთ რედაქციას მიეკუთვნებიან. მათ შორის ყველაზე ადრინდელია Sin-83, რომელიც IX საუკუნეშია შექმნილი. A-95 ხელნაწერი კრებული კი XI საუკუნით თარიღდება. ქრონოლოგიურად მათ შორის თავსდება X საუკუნეში გადაწერილი A-19 კრებული.
იმის გამო, რომ ექვთიმე ათონელი ვერანაირად ვერ იქნება დაკავშირებული Sin-83 ხელნაწერ კრებულთან, რომელიც მის დაბადებამდე გაცილებით ადრე შეიქმნა, ბუნებრივად გამოირიცხება მისი კავშირი A-19 კრებულში (და ცხადია, A-95-შიც) შემავალ სასწაულებთან. ლოგიკურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მას უთარგმნია მხოლოდ ცხოვრების შემცველი ტექსტი, ხოლო სასწაულები უთარგმნია სხვას. არგუმენტად გამოგვადგება ის ფაქტიც, რომ იოანეს ანდერძში საანალიზო თხზულება დასახელებულია სასწაულების გარეშე: „ცხორებაჲ წმიდისა ბასილი კესარიელისაჲ” (ოქროპირი, 1996: 14). მას რომ სასწაულებიც ეთარგმნა, იოანე მას აუცილებლად აღნიშნავდა ისევე, როგორც სხვა შემთხვევაში: „წამებაჲ და სასწაულნი წმიდისა მოწამისა დიმიტრისი” (იქვე). ვფიქრობთ, უკვე მარტივი გასაგებია, რატომ არ შეიტანა სასწაულები ათონური წარმომავლობის A-1103 კრებულში მისმა გადამწერმა.
ამრიგად, „ბასილი კესარიელის ცხოვრების” ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, ჩვენი აზრით, დაცულია სამ ხელნაწერ კრებულში: A-19-ში, A-1103-სა და ქუთაისი-16-ში (K-16).
საანალიზო ძეგლი გამოაქვეყნა ა. კამლაძემ 1992 წელს მხოლოდ ერთი (A-1103) ხელ-ნაწერის მიხედვით. გამოცემა, ცხადია, არ არის აკადემიური.
II ტომში შემავალი მესამე ძეგლია „თეოდორე სტრატილატის წამება.” ჰაგიოგრაფიული ჟანრი რამდენიმე თეოდორეს იცნობს. ჩვენი თხზულების გმირი ერთ-ერთი მათგანია. ქრისტოფერ ვალტერის კვლევის მიხედვით, თეოდორე სტრატილატი არის „ასლი” იმ წმინდა თეოდორესი, რომელიც თავისი მოღვაწეობითა და ქრისტესადმი ერთგულებით გამოირჩეოდა და ქრისტიანულ სამყაროში პოპულარობით სარგებლობდა პირველ საუკუნეებში და რომლის ჰაგიოგრაფიული ტრადიციაც იწყება ტაძარში წარმოთქმული ‘Encomium’-ის (ნიშნავს შექებას, ხოტბას) ტექსტით. აღნიშნული ხოტბითი ტექსტი მიეწერება გრიგოლ ნოსელის (Gregory Nyssa). ამავე თეოდორეს „ტყუპისცალად” კი ავტორი მოიხსენიებს თეოდორე ტირონს (Walter, 1999: 163).
„თეოდორე სტრატილატის წამების” შემცველ ნუსხებად კორნელი კეკელიძეს დასახე-ლებული აქვს: A-1103 (242-254), ბოდლე (169-179), A-382, A-388 (კეკელიძე: 1957: 126-127).
ენრიკო გაბიძაშვილი თხზულების ორ რედაქციას ასახელებს – კიმენურსა და მეტაფ-რასულს. კიმენური რედაქცია დაცულია ნუსხებში: A-199, A-382, A-388, A-1103, A-1076, ბოდლე-1 (გაბიძაშვილი, 2004: 214), მთარგმნელი არ არის მითითებული, თუმცა თავისი შრომების II ტომში აღნიშნავს, რომ „თეოდორე სტრატილატის წამება” ექვთიმე მთაწმიდელს უთარგმნია და ნუსხებად უთითებს ბოდლე-1-სა და A-1103-ს (გაბიძაშვილი, 2010: 160). იმავე შრომების II ტომში შემავალ სტატიაში („უცნობი ბიზანტიელი ჰაგიოგრაფი ძველ ქართულ ნათარგმნ მწერლობაში / ნიკიფორე ურანოსის „თეოდორე ტირონის მეტაფრასული წამება”) თეოდორეს წამების მეტაფრასული თხზულების შესახებ მსჯელობისას მკვლევარი სრულიად მოულოდნელად წერს: „უნდა გამოვრიცხოთ ის მეტაფრასული თხზულებები, რომლებიც თარგმნილი არის გიორგიზე ადრე (მაგ., ექვთიმეს მიერ თარგმნილი „თეოდორე სტრატილატის წამება” (გაბიძაშვილი, 2010: 438). ანუ, ამ შემთხვევაში ავტორი ექვთიმეს მიერ თარგმნილად მეტაფრასულ რედაქციას ასახელებს. ვფიქრობთ, აქ უნებლიე ცდომილებასთან უნდა გვქონდეს საქმე, რადგან „ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიაში” მის მიერ დასა-ხელებული კიმენური რედაქციის შემცველი ნუსხები და შრომების II ტომში მითითებული ექ-ვთიმეს მიერ ნათარგმნი შრომის შემცველი ნუსხები (ბოდლე-1 და A-1103) ერთმანეთს ემ-თხვევა.
სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ბიზანტიური მწერლობა თეოდორე სტრატილატის წამების შემცველ წიგნთა არაერთ რედაქციას იცნობს. ჰალკინი (Fr. Halkini) გამოყოფს 8 ძირითად რედაქციას, რომელთა შიგნით კიდევ შეიძლება ქვერედაქციების გამო-ყოფა.
ექვთიმესეული თარგმანის ბერძნული დედნის გამოცემად ქართულ სამეცნიერო ლიტე-რატურაში მითითებულია: Analecta Bollandiana, tomus II. Ediderunt: Carolus De Smedt, Gulielmus Van Hooff et Josephus De Backer, Paris, 1883, p. 359-367, ხოლო ავტორად დასახელებულია აბგარ უარი (კეკელიძე: 1957: 126-127; გაბიძაშვილი, 2010: 160).
მიხეილ ქავთარიას აზრით, ექვთიმე ათონელის თარგმანი უშუალოდ არ მომდინაროებს ამ ბერძნული ტექსტიდან. „ექვთიმეს ხელთ ჰქონია ზემოთ ნახსენები ბერძნული ტექსტის ახლოს მდგომი, მაგრამ განსხვავებული რედაქციის ნუსხა და სწორედ ის გადმოუღია ქარ-თულად”, – წერს იგი (ქავთარია, 1966: 196).
ექვთიმეს მიერ შესრულებული თარგმანის ბერძნულ გამოცემაში დაბეჭდილ ტექსტთან შედარების საფუძველზე დარწმუნებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ნამდვილად არ არის ჩვენი თხზულების პირველწყარო და მიხეილ ქავთარიას მოსაზრება აბსოლუტურად სწორია. მართალია, ორივე მათგანი (ბერძნული ტექსტი და ქართული თარგმანი) დიდმოწამე თეო-დორეს ღვაწლისა და მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ მოგვითხრობს, ცალკეული ადგი-ლებიც ერთმანეთს თანხვდება და იდენტური მოვლენების შესახებ გვამცნობენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათ შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. აღნიშნულის დასტურად რამდენიმე მაგა-ლითს დავიმოწმებთ:
აღნიშნული ადგილი არ გვხვდება ძველ ქართულ თარგმანში. ის მხოლოდ ‘Analecta’-ს ბერძნულ ტექსტშია დაცული. შევნიშნავთ, რომ წარმოდგენილი მონაკვეთი არც რთული დოგმატური ხასიათის მოძღვრებას გადმოგვცემს და არც რაიმე სავარაუდო სარწმუნოებრივი ცდომილების შემცველი შინაარსის ტექსტია. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ექვთიმეს მიერ გა-მოყენებული პირველწყარო აღნიშნულ ციტატას არ შეიცავდა, რადგან, სხვა მხრივ, გაუგე-ბარია, რატომ უნდა გამოეტოვებინა მთარგმნელს თეოდორეს მარტვილური აღსასრულის წარმომჩენი ჩვენ მიერ დამოწმებული მონაკვეთი (მსგავსი შემთხვევები არაერთია).
დამოწმებული ფრაგმენტი მხოლოდ ქართულ თარგმანშია დაცული და არ შედის ‘Analecta’-ს ბერძნულ ტექსტში (იხ. დასახ. გამოცემა, გვ. 366). მიგვაჩნია, რომ თეოდორეს მოწამეობრივი ღვაწლის აღწერისას პირველწყაროსაგან დამოუკიდებლად ამგვარი სახის განვრცობა და დაკონკრეტებული შინაარსის ცნობების წარმოჩენით თვითშემოქმედება შე-უძლებელი მოვლენა იქნებოდა (მსგავსი შემთხვევებიც არაერთია).
3. ექვთიმე ათონელის თარგმანში ერთგან ვკითხულობთ: „ლოდნი მის ადგილისანი შეი-მუსრვოდეს და ხენი ირყეოდეს.“ ‘Analecta’-ს ბერძნული ტექსტი კი შემდეგს გვამცნობს: „იმ ადგილის ლოდები იმუსრებოდნენ და მიწა იძვროდა“ (იხ. დასახ. გამოცემა, გვ. 361). როგორც დამოწმებული წყაროები ცხადყოფენ, ექვთიმესეულ თარგმანში ხეთა ძვრაზეა საუბარი, ხოლო ბერძნულ ტექსტში – მიწის რყევაზე. ვფიქრობთ, წარმოდგენილი მონაცემი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ექვთიმე ათონელი განსხვავებული ბერძნული რედაქციით ხელ-მძღვანელობდა, რომელშიც გამოყენებული იყო სიტყვა „ხე” („ხენი ირყეოდეს”). წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ უნდა შეცვლილიყო ქართულ თარგმანში სრულიად უწყი-ნარი და ყოფითი მონაცემი განსხვავებული ცნობით: „მიწა იძვროდა.”
ამდენად, რადგანაც ‘Analecta Bollandiana’’-ში გამოქვეყნებული ტექსტის ავტორი აბგარ უარია, გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ ექვთიმესეული თარგმანის ბერძნული ვერსიის ავტო-რიც ის არის.
თავად ექვთიმე ათონელი ანდერძში აღნიშნავს, რომ მან საანალიზო თხზულება ახლად თარგმნა: „სახელითა ქრისტესითა აღესრუ[ლა] წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორესი, გამოთარგმნილი ახლად ბერძულთა წიგნთაგან ჴელითა გლახისა და ცოდვილი-სა ეფთჳმესითა.” ეს მეტყველებს იმაზე, რომ მანამდე არსებობდა თეოდორე სტრატილატის წამების შემცველი ტექსტის სხვა თარგმანი. მიხეილ ქავთარიას აზრით, ეს სწორედ ის რე-დაქცია უნდა იყოს, რომელიც გამოაქვეყნა ალექსანდრე ხახანაშვილმა.
A-199 ნუსხის შესახებ აღვნიშნავთ, რომ ეს სრულიად განსხვავებული რედაქციაა, რო-მელსაც მცირეოდენი დამთხვევების გარდა, ისიც მხოლოდ ტექსტის დასაწყის ნაწილში, სა-ერთო არაფერი აქვს დანარჩენ ნუსხებთან. სათაურიც სხვაგვარად არის მოცემული: „თუესა ივლისსა ჱ, წამებაჲ ყოვლადქებულისა მთავარმოწამისა თეოდორესი.” იგი განთავსებულია 70v-72v გვერდებზე და მოცულობითაც საკმაოდ ჩამორჩება სხვა ხელნაწერებს. შესაბამისად, ამ ნუსხის მონაცემები ჩვენს გამოცემაში არ გვაქვს გათვალისწინებული.
მიხეილ ქავთარია A-199 და აგრეთვე H-1336 კრებულში შემავალ ნუსხებს „თეოდორე სტრატილატის წამების” ახლად გამოვლენილ თარგმანად ასახელებს, ამასთან, ორივეს ნაკ-ლულ ხელნაწერად მოიხსენიებს. შესაძლოა, იმიტომ, რომ ტექსტი მცირე მოცულობისაა, თუმცა ხელნაწერი ნაკლული არ არის. იგი სამართლიანად უთითებს, რომ ეს არ არის ექ-ვთიმესეული თარგმანის უბრალო შემოკლება, არამედ დამოუკიდებელი თარგმანია (ქავთა-რია, 1966: 198).
მკვლევარმა 1966 წელს გამოსცა „თეოდორე სტრატილატის წამების” ორივე რედაქცია: ექვთიმე ათონელის თარგმანი სამი ძირითადი ხელნაწერის მიხედვით: A-1103, A-382 და A-388, ხოლო მეორე თარგმანი – ზემოთ მითითებული ორივე (A-199 და H-1336) ხელნაწერის მიხედვით.
რაც შეეხება ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრების შემცველ ტექსტს, იოანე და გიორგი მთაწმიდელები ამ თხზულებას მოიხსენიებენ, როგორც „ცხორებაჲ დიდისა ათანასესი”, ხოლო კორნელი კეკელიძე ახსენებს „ათანასე ათონელის ცხოვრებას” და, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მის შესახებ წერს, რომ არ შემონახულა. თუმცა ეხება სწორედ იმ შრომას, რომელიც ექვთიმეს მიერ არის ნათარგმნი და სახელწოდებასაც ისე გვთავაზობს, როგორც ეს იოანე და გიორგი მთაწმიდელებთან არის მოცემული. ეტიუდების V ტომში მას მითითებული აქვს ტექსტის ბერძნული ვერსია: BHG, 187 (BHG, 187 (Bibliotheca hagiographica gracea (Delehaye). ამის შემდეგ დასახელებული ჰყავს ათანასი მთავარეპისკოპოსი, ალექსანდრიელი, და ტექსტის დასაწყისი: „მრავალნი წმიდანი შეიწუნეს და განიგუმირინეს სურვილითა მით ზეცისაჲთაჲთ”, რომელიც დაცულია იერუსალიმურ ნუსხაში (Jer.-2: 115-129).
ეს ადასტურებს, რომ მკვლევარი ათანასე ათონელსა და ათანასე ალექსანდრიელს სხვა-დასხვა პიროვნებად თვლიდა. სხვაგან იგი წერს: „ცნობა იმის შესახებ, რომ ეფთვიმემ თარ-გმნა, სხვათა შორის, „ცხორება¡ დიდისა ათანასესი”, გულისხმობს არა ათანასე ალექსანდრი-ელის „ცხორებას”, როგორც ა. შანიძე ფიქრობს, არამედ ათანასე ათონელისას, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ შემონახულა” (კეკელიძე, 1955: შნშ. 1). „ძველი ქართული ლიტე-რატურის ისტორიის” I წიგნშიც ექვთიმეს მიერ თარგმნილ ჰაგიოგრაფიულ შრომებში დასა-ხელებული აქვს „ცხორებაჲ ათანასე ათონელისაჲ” (კეკელიძე, 1980: 207).
ენრიკო გაბიძაშვილმა სპეციალურად შეისწავლა საკითხი და დაასკვნა, რომ ეს ათანასე უნდა იყოს არა ათონელი, არამედ ალექსანდრიელი, რომლის ცხოვრების კიმენური რედაქ-ციაც შემონახულია ხელნაწერში – Jer.-2. მისი დაკვირვებით: „იოანე ათონელის სიის მიხედ-ვით, ეფთვიმეს უკვე თარგმნილი ჰქონდა თერთმეტი თხზულება, რომელთაგან ყველაზე ად-რინდელია „ცხორებაჲ დიდისა ათანასესი.” აქედან გამომდინარე, შეიძლება მიახლოებით ით-ქვას, რომ ეფთვიმემ დასახელებული „ცხორება” თარგმნა ყველაზე გვიან, 985-992 წლებში. ცხადია, ამ დროს ათანასე ათონელი ცოცხალი და ჯანმრთელია. აქედან ნათელია, რომ ათა-ნასე ათონელის „ცხორება” ეფთვიმეს არ შეეძლო ეთარგმნა დასახელებულ წლებში და რომ მან თარგმნა ათანასე ალექსანდრიელის „ცხორება” (გაბიძაშვილი, 2007: 95). ამიტომაც თავის გამოცემაში „ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია” ე. გაბიძაშვილი თხზულების სათაურს ასახელებს, როგორც „ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრება”, თუმცა მთარგმნელს არ უთი-თებს. დასახელებული აქვს აგრეთვე იმავე თხზულების მეტაფრასული რედაქცია იმავე სა-თაურით (გაბიძაშვილი, 2004: 121). სხვაგან იგი წერს, რომ ათანასე ალექსანდრიელის „ცხოვრების” ქართული თარგმანი (Jer.-2. 115-129) გამოცემული არ არის, ბერძნული დედანი კი გამოცემულია: P.G.25, CCXXIII-CCXLVI (გაბიძაშვილი, 2010: 199).
აკაკი შანიძეც თვლიდა, რომ ექვთიმემ ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრება თარგმნა და არა ათანასე ათონელისა (შანიძე, 1946).
ათანასე I დიდი (დაახლოებით 297-373) ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი იყო, რომლის ხსენების დღეც ორჯერ აღესრულება: ახალი სტილით 15 მაისს (ძველი სტილით 2 მაისს) და 31 იანვარს (ძველი სტილით 18 იანვარს). განსაკუთრებული დამსახურებების გამო მას ამავდროულად ეპითეტი „დიდი” განეკუთვნა. ასე რომ, ათანასე დიდი და ათანასე ალექსანდიელი ერთი და იგივე პიროვნებაა. შესაბამისად, იოანე და გიორ-გი მთაწმიდელების მიერ დასახელებული ნაშრომის – „ცხორებაჲ დიდისა ათანასესი” – მთავარ გმირად სწორედ ათანასე ალექსანდრიელი უნდა იგულისხმებოდეს. იერუსალიმურ ნუსხაში დაცული ნათარგმნი ძეგლის სათაურში, მართალია, „დიდი ათანასე” არ ჩანს და ის იკითხება, როგორც „ცხორებაჲ და ღუაწლნი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ათანასი მთავარეპისკოპოსისა ალექსანდრიელისაჲ”, მაგრამ ტექსტში ათანასე ალექსანდრიელი „დიდ ათანასედ” მოიხსენიება ავტორისა და, შესაბამისად, მთარგმნელის მიერ: „უმეტესად აღივსო მადლითა მით სამოციქულოჲთა დიდი ათანასე, რომელი-იგი ეპისკოპოსთა შორის დიდისა მის და სახელოვნისა ქალაქისა ალექსანდრიისა მთიები გამობრწყინდა.” არაფერია გასაკვირი იმაში, რომ იოანე და გიორგი მთაწმიდელებმა ექვთიმე ათონელის მიერ ნათარგმნი ძეგლის სათაურში „დიდი ათანასე” გაიტანეს.
ათანასე ალექსანდრიელის სულიერი ახოვანება იმდენად ფასობდა და სამაგალითო იყო ეკლესიის წევრებისათვის, რომ მისი ცხოვრების სამი რედაქცია შეიქმნა, რომლებიც „ბერ-ძნული პატროლოგიის” 25-ე ტომშია გამოქვეყნებული. პირველი ანონიმ ავტორს ეკუთვნის (იხ. PG. 25. col. CLXXXV-CCXI); მეორე ფოტი პატრიარქის სახელს უკავშირდება (იხ. PG. 25. col. CCXI-CCXXII); მესამე რედაქცია კი ათანასე დიდის ცხოვრების მეტაფრასული ვერსიაა (იხ. PG. 25. col. CCXXII-CCXLVII).
ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი ათანასე დიდის ცხოვრების შედარებამ თითოეულ დასახელებულ რედაქციასთან იმდენად დიდი სხვობა გამოავლინა მათ შორის, რომ ქართუ-ლი თარგმანის პირველწყაროდ „ბერძნულ პატროლოგიაში” გამოქვეყნებულ ვერც ერთ ბერ-ძნულ ტექსტს ვერ მივიჩნევთ. ჩვენი აზრით, პირველწყარო სხვა, ხსენებული ტექსტებისაგან განსხვავებული, ბერძნული ტექსტი უნდა ყოფილიყო.
ცნობილი ფაქტია, რომ ექვთიმეს მთარგმნელობით საქმიანობას, არსენ იყალთოელის შე-ფასებიდან გამომდინარე,სამეცნიერო ლიტერატურაში „კლება-მატება” ეწოდა, რაც სათარ-გმნი წყაროების შემოკლებასა თუ განვრცობას გულისხმობდა, მაგრამ ყველა მსგავსი შემთხვე-ვა ობიექტური მიზეზით იყო განპირობებული. კერძოდ, როდესაც ექვთიმე ხედავდა, რომ სა-თარგმნ წყაროში გადმოცემული ზოგიერთი ღრმა საღვთისმეტყველო მოძღვრება ჯერ კიდევ მოუმზადებელი მკითხველისათვის არასწორი აღქმისა და სარწმუნოებრივი ცდომილების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო, ის კლებას მიმართავდა; იმ შემთხვევაში, თუკი ბერძნულ ტექსტში მოკლედ გამოთქმული თეოლოგიური დებულება ასევე გაურკვევლობას გამოიწვევდა სათანადო საკითხებში ნაკლებად განსწავლულ ქართველ მკითხველში, ის მას შეგნებულად განავრცობდა, რომ თარგმანში გადმოცემული საკითხები დოგმატური აკრიბიით გაეცნობიერებინათ.
ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი სტილის შესწავლა თვალნათლივ წარმოაჩენს, რომ ზემოხსენებული საღვთისმეტყველო მეთოდი ჰაგიოგრაფიული ჟანრის მწერლობაში ნაკლებად ვლინდება და თუკი არაარსებით განსხვავებას არ გავითვალისწინებთ, როგორც წესი, ექვთიმე ბერძნულ დედანს ზედმიწევნითი თანმიმდევრობით თარგმნიდა. ჰაგიოგრაფიულ ჟანრში „კლება-მატების” მეთოდის მინიმალური გამოყენება სათარგმნი წყაროების შინაარსით არის განპირობებული. საქმე ისაა, რომ წმინდანთა ცხოვრების შემცველი ტექსტები უმეტეს შემთხვევაში არაა დატვირთული ღრმა დოგმატური სწავლებებით. ისინი, არსებითად, კონკრეტული მოღვაწის ცხოვრებაში მომხდარ განსაკუთრებულ მოვლენებს გადმოგვცემენ და უდიდესი ნაწილი ისტორიული შინაარსის ცნობებს ეთმობა. ამდენად, ასეთი ტექსტების თარგმნისას ექვთიმე ათონელისათვის „კლება-მატების” აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან ბერძნულის შესაბამისი ქართული ტექსტი მკითხველს არც გაურკვევლობას უქადდა და არც სარწმუნოებრივი ცდომილების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ექვთიმე ათონელს ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრების შემთხვევაშიც განსხვავებული ტექსტი ჰქონდა ხელთ, რომელიც არ თანხვდება ‘Analecta’-სა თუ „ბერძნულ პატროლოგიაში” გამოქვეყნებულ ტექსტს.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, „ფებრონიას წამება” და „ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრება” წინამდებარე გამოცემაში დაბეჭდილია თითო-თითო ნუსხის მიხედვით, „ბასილი კესარიელის ცხოვრების” ძირითად ნუსხად შერჩეულია A-19 (X. ს.), სქოლიოში ჩატანილია A-1103 (X / XI ს.) და ქუთაისი-16 (K-16) (XVII ს.) ნუსხათა მონაცემები, რომლებიც, შესაბამისად, B და C ლიტერებითაა აღნიშნული, „თეოდორე სტრატილატის წამების” ძირითადი ნუსხაა A-1103, ხოლო სქოლიოში ასახულია ბოდლე-1 (XI ს.), A-388 (XII-XIII სს.) და A-382 (XV ს.) ნუსხების იკითხვისები, რომლებიც, შესაბამისად, B, C და D ლიტერებითაა წარმოდგენილი.
როგორც გამოცემის I ტომის შესავალში ვუთითებთ, ჩვენი პროექტის ერთ-ერთ მიზანს შეადგენს ქართულ თარგმანებთან ერთად ბერძნული ტექსტების გამოქვეყნებაც (არსებობის შემთხვევაში). წინამდებარე II ტომში შესულ თხზულებათაგან მხოლოდ ერთს მოეპოვება ბერძნული ვერსია. ესაა „ცხორებაჲ წმიდისა ბასილი კესარიელისაჲ.” ამიტომ, გამოცემაში მხოლოდ მას ახლავს პარალელური ბერძნული ტექსტი.
ქართული ხელნაწერი ტრადიციისადმი უცხოელთა განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, ტომში შეტანილია ტექსტების ინგლისური თარგმანებიც.
პროექტი ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ბაზაზე ხორციელდება. ძირითად პერსონალს შეადგენენ წამყვანი დაწესებულების – ინტერდისციპლინური ჰუმანი-ტარიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის – წევრები, რომლებიც, ამავე დროს, წარმოად-გენენ სხვადასხვა ორგანიზაციას (ვასახელებთ ცოტა ქვემოთ).
პროექტი პროდუქტია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერ-სიტეტსა და ბირმინჰემის უნივერსიტეტის ტექსტოლოგიისა და ელექტრონული აკადემიური გამოცემის ინსტიტუტს შორის არსებული საერთაშორისო პარტნიორობისა, რომელსაც სა-ფუძველი ჩაეყარა სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარების პროექტის – „ტექსტოლოგია და გამოცემათმცოდნეობა” – ფარგლებში. ამ ინსტიტუტის დირექტორი 2005-2017 წლებში, ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი დევიდ ჩარლზ პარკერი, დასახელებული და აგრეთვე წინამდებარე პროექტის უცხოელი კონსულტანტია.
ტექსტები გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და კრიტიკული აპარატი დაურთეს ლია კიკნაძემ (კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი), ქეთევან გიგაშვილმა (ინტერდისციპლი-ნური ჰუმანიტარიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი), ირაკლი ორჟონიამ (თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტურის ხელმძღვანელი, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი, თეოლოგიის დოქტორი), გრიგოლ ბენდელიანმა (თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებული, თეოლოგიის მაგისტრი) და მაია ჯანგიძემ (ფილოლოგიის დოქტორი). ბერძნულ მასალაზე იმუშავა ირაკლი ორჟონიამ. ტექსტები ინგლისურად თარგმნა ეკატერინე ჯინორიძემ.
ტომის მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის მადლობას მოვახსენებთ ათონის ივი-რონის მონასტრის ბერს, ბიბლიოთეკის მესვეურს – თეოლოგოსს, რომელმაც ათონური ხელ-ნაწერების ციფრული ვერსიები მოგვაწოდა და მათი ელექტრონული გამოცემის უფლება მოგვცა; ასევე – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექ-სპონირების დეპარტამენტის უფროსს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელ თამარ აბულაძეს, სა-ფინანსო ადმინისტრაციული განყოფილების საქმისწარმოების სამსახურის მთავარ სპეცია-ლისტ ნათია ვეკუას, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიოთეკის გამგეს, ისტორიის დოქტორს, პროფესორ ირაკლი ლორთქიფანიძეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ ნანა ყარაულაშვილს.
დაბოლოს, აღვნიშნავთ, რომ წინამდებარე ბეჭდური გამოცემის პარალელურად მომ-ზადდა ელექტრონული აკადემიური გამოცემაც, რომელიც განთავსებულია პროექტის ბაზა-ზე შექმნილ სერვერზე (იხ. www.athosschool.ge).
სამეცნიერო ჯგუფი სიამოვნებით მივიღებთ თითოეულ საქმიან შენიშვნას და გავითვა-ლისწინებთ შემდგომი მუშაობისას.
დაუშვებელია ამ გამოცემის ან მისი რომელიმე ნაწილის რაიმე ფორმით გამოყენება ან გამოქვეყნება საავტორო უფლებების მფლობელის წინასწარი ნებართვის გარეშე.
This edition or any part thereof may not be used or published in any form without the prior permission of the copyright holder.