Georgian 2. Lives of Saints. 11th cent. 269 f. Pg. 45 ft. (Jer-2)

[23r] თუესა ფებერვალსა ი˜ზ წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორესი და მის თანა წამებულთა წმიდათაჲ, რომელნი იწამნეს პერგი ქალაქსა, ქუჱყანასა პანფილისასა. გუაკურთხენ!

ქუეყანასა ბითჳნიისასა, წიაღ კერძო ბიზინტიისა, ქალაქი არს, სახელით ნიკომიდიაჲ, რომელი-იგი ჟამთა მათ პირველთა დიდი იყო და დიდებული, სავსე ერითა ფრიადითა და სახელოვან ყოველთა მათ გარემოჲს სანახებთა. და ქუეყანათა ამის ქალაქისაგან აღმოეცენა მორჩი შუენიერი და შროშანი, სავსე ნაყოფითა სულნელითა და შუენიერითა. ესე-იგი არს ანთიმოს ღმერთშემოსილი, სამკაული მღდელთმოძღურებისაჲ და შუენიერებაჲ წამებისაჲ. ამან შეამკო ქალაქი იგი და ეკლესიაჲ უფროჲს ყოველთა საფასეთა და სიმდიდრეთა მისთა. ამან განანათლნა მკჳდრნი მისნი არა ხოლო მის ქალაქისანი, არამედ ყოვლისა სოფლისანი, რამეთუ ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მოღუაწებისა მისისაჲ და კიდეთა სოფლისათა სასწაულნი მისნი.
რამეთუ სიჩჩოჲთგანვე ყოველი წესი კეთილი მოიგო და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა. და რაოდენ ჰასაკი გუამისაჲ აღორძნდებოდა, გონიერებაჲ ცნობისაჲ უმეტეს განმრავლდებოდა და შიში ღმრთისაჲ დაემტკიცებოდა მის ზედა. ხოლო საზომსა რაჲ სიჭაბუკისასა მოვიდა, ახოვნად და მჴნედ მუშაკად იხილვებოდა. რამეთუ მარხვაჲ ფრიადი მოიგო და ლოცვასა მოთმინე იყო და ლმობიერ. გულისწყრომაჲ, ვითარცა მონაჲ, დაიმორჩილა და გულისთქუმანი ჴორცთანი სრულიად იოტნა. ზუაობაჲ და დიდებაჲ კაცთაჲ სიძულილითა სრულითა მოიძულნა და მას ლოცვასა და ვედრებასა ღმრთისასა და კითხვასა წიგნთასა შექცეულ იყო. ხოლო დედაჲ იგი სათნოებათაჲ - სიყუარული ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა მოიგო ღმრთისა მიმართ და მოყუსისა სიცილი და ლაღობაჲ, ვითარცა მტერნი ბოროტნი, განიშორნა. უფროჲსად გლოვაჲ და ცრემლნი ყოველთა [23v] დღეთა ცხორებისა მისისათა შეიყუარნა.
ხოლო სიმდაბლითა ესოდენ შემკობილ იყო, ვიდრეღა ყოველთა, რომელთა იხილიან იგი, სავსე იქმნებოდეს ლმობიერებითა და სათნოებათა მისთა ბაძვად აღეშენებოდეს, ესევითარსა რაჲ მოქალაქობასა შინა ბრწყინვიდა და სათნოებანი მისნი ქადაგებდეს მას და დაფარვად არა შეუნდობდეს. მაშინ მთავარეპისკოპოსმან მის ეკლესიისამან იძულებით უღელი მღდელობისაჲ დასდვა მას და მთავარდიაკვნად აკურთხა და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მაღალსა მას ხარისხსა ხუცობისასა დასუა, რაჲთა, ვითარცა წერილ არს, საყდრებსა მოხუცებულთასა აქებდენ უფალსა.
ხოლო ნეტარი იგი შიშით და კრძალვით შევიდა პატივსა მას მრავლითა იძულებითა მღდელთმოძღუართაჲთა და სხუათა მრავალთაჲთა, რომელნი-იგი წამებდეს და ქადაგებდეს სათნოებათა და ღირსებათა მისთა. მიერითგან უმეტესად შესძინა და წარჰმატა მოღუაწებითა და სათნოებათა მისთა. და იყო შემდგომად მობაძავი ანგელოზთაჲ. შემდგომად ჟამთა რაოდენთამე მოუწოდა უფალმან მღდელთმოძღუარსა მას ქალაქისასა ამიერ სოფლით, ნეტარსა კჳრილეს, და დაობლდა ეკლესიაჲ იგი მწყემსისაგან და დიდი მწუხარებაჲ იყო მათ ზედა.
მაშინ შეკრბეს გარემოჲს სანახებისა ეპისკოპოსნი და ყოველნი მღდელნი და მორწმუნენი ნიკომიდიისანი და განიზრახეს ნეტარი ანთიმო დასუმად საყდარსა მღდელთმოძღურებისასა. ესე რაჲ განიზრახეს, წარვიდეს ეკლესიად ვედრებად ღმრთისა, რაჲთა გამოუცხადოს, უკუეთუ სათნო არს მისსა განზრახვაჲ მათი და უკუეთუ ეწამების იგი ღირსებასა ანთიმოსისსა. შე-რაჲ-ვიდეს ეკლესიად და ყვეს ლოცვაჲ, აჰა ესერა, გამობრწყინდა ნათელი დიდი და საკჳრველი და ჴმაჲ ისმა ესევითარი: „ღირს არს და მართალ ანთიმოს, მონაჲ ჩემი, და კეთილ არს განზრახვაჲ თქუენ ყოველთაჲ.“
[24r] ესევითარი რაჲ წამებაჲ მოიღეს უფლისაგან, მეყსეულად დადგეს ჟამისწირვად და ნეტარი ანთიმო აკურთხეს მთავარეპისკოპოსად. და პოვა საყდარმან ღირსი თჳსი. და მჭმუნვარებაჲ და გლოვაჲ ეკლესიისაჲ მოიქცა სიხარულად, რამეთუ მიემთხჳა მწყემსსა კეთილსა და მღდელთმოძღუარსა უმანკოსა და უბიწოსა და შემკობილსა ყოვლითა სათნოებითა. მაშინ ნეტარმან მან, ვითარცა ბრძენმან მენავეთმოძღუარმან, ჴელად იღო რაჲ საჭე იგი ეკლესიისაჲ, ამას ზედა მოსწრაფე იყო, რაჲთა ღელვათა მათგან უშჯულოებისათა იჴსნნეს სულნი იგი მისდა რწმუნებულნი და ნავთსაყუდელსა ცხორებისასა შეიყვანნეს შეწევნითა ღმრთისაჲთა.
წამებს მოძღურებისა მისისა ძალსა კაცი იგი საკჳრველი და დიდებული ინდე წარჩინებული პალატსა შინა მეფისასა, რომელმან სწავლითა დიდისა ანთიმოჲსითა დაუტევა მეფე და სამეუფონი შუებანი დომნაჲს თანა, დიდებულისა მის სეფე ქალისა, რომლითა-იგი პირველისა მის მღდელთმოძღურისა კჳრილეს ჴელითა ნათელეღო და გჳრგჳნი წამებისაჲ მიიღეს. წამებს მოძღურებასა ანთიმოჲსსა სიმრავლე ორთა მათ ბევრთაჲ, რომელნი ცეცხლითა სრულ იქმნნეს და საკუერთხად შეიწირნეს უფლისა ამათ თანა: მარდონიოსცა და მიღდონიოს პეტრე და დოროთე და ზენონ ახოვანნი, რომელთა დასთხინეს წადიერებით უფლისათჳს სისხლნი მათნი. ესრეთ საკჳრველ იყო და დიდებულ მღდელთმოძღურებაჲ ანთიმოჲსი. და ესრეთ წარუდგინნა ღმერთსა თჳსნი იგი სამწყსონი შესაწირავად შუენიერად.
ხოლო მათ ჟამთა შინა აღდგა ზამთარი ფიცხელი და ნიავქარი სასტიკი მოიწია ქრისტეანეთა ზედა. და დაიპყრა მეფობაჲ მაქსიმიანე და ყო დევნულებაჲ დიდი ქრისტეანეთა ზედა. და პირად-პირადითა სატანჯველითა მოსწყუედდა ყოველთა, რომელნი არა ერჩდეს ბრძანებათა მისთა, არცა თაყუანის სცემდეს კერპთა მათ მცბიერთა. ხოლო უვარისმყოფელთა ქრისტესთა და მორჩილ[24v]თა უშჯულოებისა მისისათა მიეცემოდეს დიდნი პატივნი, სიმდიდრენი და ჴელმწიფებანი.
მაშინ ყუავილი იგი ღმრთისმსახურებისაჲ, სულნელი ანთიმო, შეასმინეს უკეთურთა ვიეთმე მეფისა, ვითარმედ იგი არს მოძღუარი და წინამძღუარი ქრისტეანეთაჲ. და მეყსეულად წარავლინა მაქსიმიანე ოცი ცხენოსანი ძიებად და მოყვანებად მისსა. ხოლო იყო მაშინ ნეტარი იგი დაბასა, რომელსა ეწოდებოდა სიმანე და ქადაგებდა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა და განამრავლებდა ტალანტსა მას, რომელ რწმუნებულ იყო მისსა. იყო დაბაჲ იგი ადგილსა უდაბნოსა და განვიდის მღდელი იგი უფლისაჲ დღითი-დღე თჳსსაგან უდაბნოდ და ცრემლითა მჴურვალითა შესწირავნ ვედრებათა თჳსთა უფლისა. ხოლო ოდეს უგალობნ იგი და ადიდებნ ღმერთსა, ნადირნი ველისანი შემოკრბიან და, ვითარცა კაცნი პირმეტყუელნი, დადგიან გარემოჲს მისსა და ისმენდიან გალობასა მისსა და მისთანა ადიდებდიან დამბადებელსა. და რაჟამს დასცხრის ღირსი იგი გალობისაგან და აკურთხნის იგინი, წარვიდიან და სადგურსა თჳსსა დაადგრიან.
ესრეთ საწადელ იყო ნეტარი იგი არა კაცთა ხოლო, არამედ პირუტყუთაცა. ხოლო მივლინებულნი იგი ძიებად მისსა მჴედარნი მიმოვიდოდეს სოფელთა და დაბათა და ეძიებდეს მას. მიიწინეს დაბასა მასცა სიმანეს, სადა-იგი იყო მონაჲ ღმრთისაჲ ანთიმო. და ექმნა მცირე ტალავარი კიდესა დაბისასა სადგურად. მიემთხჳნეს მას მეძიებელნი იგი და არა უწყოდეს, თუ იგი არს ანთიმო. ჰკითხეს მას უკუეთუ: „სადა გიხილავს ანთიმო, ქრისტეანეთა ეპისკოპოსი?“ ჰრქუა მათ წმიდამან ანთიმო: „რაჲსათჳს ეძიებთ თქუენ კაცსა მას?“ ჰრქუეს მას მჴედართა მათ: „მეფისაგან მოვლინებულ ვართ წარყვანებად მისსა და წარდგინებად წინაშე მეფისა.“ ჰრქუა მათ წმიდამან ანთიმო: „მოვედით სავანესა ამას ჩემსა და [25r] განისუენეთ და ჰპოვოთ კაცი იგი.“ შეიყვანნა მჴედარნი იგი და დაუგო მათ პური და ჴნდური დამბალი, რამეთუ სხუაჲ არარაჲ აქუნდა. და, ვითარცა ჭამეს და განისუენეს, მერმე ჰრქუა მათ: „მე ვარ ანთიმო, რომელსა ეძიებთ.“
ესე რაჲ ესმა კაცთა მათ, განცჳბრდეს და ჰრცხუენოდაცა მიხედვად პირსა მისსა, უფროჲსღა, ოდეს მოიგონიან ლმობიერად სტუმრობაჲ იგი, რომელ ისტუმრნა, რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ტანჯვად და გუემად და სიკუდილადცა მოუწოდს მას მეფე. მიუგეს უკუე და ჰრქუეს მას: „უკუეთუ ნანდჳლვე შენ ხარ ანთიმო, არა წარგიყვანებთ, არამედ იყავ ტალავარსა ამას შინა. ანუთუ, სადაცა გნებავს, დაფარე თავი შენი და ჩუენ მივიდეთ და ვჰრქუათ მეფესა, ვითარმედ: „ვძებნეთ ანთიმო ყოველთა სანახებთა ნიკომიდიისათა და ვერ ვპოვეთ.“
ხოლო ანთიმო, შჯულსა უფლისასა მზრახვალმან დღე და ღამე, არა ჯერიჩინა ცრუსა სიტყუასა თქუმად წამებაჲ მათი. არამედ წადიერებაჲღა ფრიადი აქუნდა დათხევად ქრისტესთჳს სისხლთა თჳსთა. მოუგო და ჰრქუა მათ: „არა ეგების, შვილნო, საქმე ეგე, რაჲთამცა უთხართ მეფესა სიტყუაჲ ტყუილისაჲ. არამედ გუალეთ, ზოგად წარვიდეთ და ვიხილოთ, რაჲსათჳს მეძიებს მეფე. რამეთუ უფალი მწე ჩემდა არს, არა შემეშინოს, რაჲ მიყოს მე კაცმან.“
ესე თქუა და აღიღო კუერთხი თჳსი და წარვიდა კაცთა მათ თანა. ჰხედვიდეს იგინი უმანკოებასა მას მისსა და სიწრფოებასა და უკჳრდა და, ვითარცა ანგელოზსა, პატივს ცემდეს მას.
ხოლო სლვასა მას მათსა შინა ეტყოდა ნეტარი ანთიმო: „ჵ, შვილნო ჩემნო, მოიქეცით ბოროტისა მაგის საცთურისაგან კერპთაჲსა და [25v] გრწმენინ დამბადებელი, მეუფე ცისა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთაჲ.“ და იწყო თხრობად მათდა კეთილთა მათ, რომელნი განმზადებულ არიან მართალთათჳს საუკუნესა მას და სატანჯველთა მათ, რომელნი მიელიან უშჯულოთა და ცოდვილთა და ყოველივე საიდუმლოჲ ქრისტეანობისაჲ გულისხმაუყო. მაშინ კაცნი იგი ლმობიერ იქმნნეს და ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ევედრნეს, რაჲთა სრულყვნეს იგინი წესსა მას ქრისტეანობისასა.
ამას რაჲ იტყოდეს, მიემთხჳნეს მდინარესა. და დაადგინნა იგინი მონამან მან ქრისტესმან საკუთარმან და წართქუნ[ნ]ა ლოცვანი იგი განწესებულნი და ნათელსცა მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა და მერმე კუალად წარემართნეს და მივიდოდეს. ხოლო მჴედარნი იგი აიძულებდეს სულიერსა მას მამასა მათსა, რაჲთა წარვიდეს სადამე და იყოს ფარულად და არა მივიდეს მათ თანა მეფისა. არამედ ნეტარმან მან არა ჯერიჩინა, არამედ იგინი შევიდეს ქალაქად და აუწყეს მეფესა მიყვანებაჲ ანთიმოჲსი. და ბრძანა წარდგინებაჲ მისი წინაშე. მაშინ შეუკრნეს მას ჴელნი უკუღმართ, რამეთუ ესრეთ იყო წესი ქრისტეანეთა პყრობილთაჲ წარდგინებაჲ სამშჯავროდ, ვითარცა ძჳრისმოქმედთაჲ.
მაშინ ანთიმო აღიხილნა თუალნი გონებისანი ზეცად, ვინაჲცა მოელოდა შეწევნასა თჳსსა და უშიშითა გულითა შევიდა მეფისა. ხოლო მეფემან ბრძანა წინაშე დასხმად ყოველთავე აგებულებითა სატანჯველთასა: არგნები ფიცხლები, შოლტები მძიმე, ლანძუები და ფუცხუები რკინისაჲ, გუერდთა სახუეტელები და ნასხმანთა აღმოსაღრვლები, მა[26r]ხჳლები ლესული და ურმის თუალები შეჭედილი, ჴამლები რკინისაჲ, სამშჭულედოანი და სხუაჲ და სხუაჲ ფერად-ფერადი საგუემელი, რაჲთა ხილვითა ოდენ შეაძრწუნოს უშიში იგი. და შეიყვანეს რაჲ ნეტარი იგი მის წინაშე, ჰრქუა მეფემან:
„შენ ხარა ანთიმო, ცთომილი მის მიერ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე, რომელი-ეგე უგუნურსა მას ერსა და უგულისხმოსა აცთუნებ და ღმერთთა ჩუენთა შეურაცხყოფად აწუევ?“ ხოლო ახოვანმან მან მოხუცებულმან და უშიშმან გულითა წინამდებარენიცა იგი სატანჯველნი და სიტყუანიცა იგი მეფისანი საბასრობელად შეჰრაცხნა. მიუგო და ჰრქუა მას: „ჯერიყო, მეფეო,, რაჲთამცა ყოვლადვე არა მიგიგე პასუხი, გარნა სიტყჳსა მისთჳს მოციქულისა, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „მზა იყვენით მიცემად სიტყჳსა ყოველთა, რომელნი ეძიებდენ თქუენგან სიტყუათა.“ და კუალად უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან აღგჳთქუა, ვითარმედ: „მიგცე თქუენ სიტყუაჲ და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინააღდგომად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენთა.“ ამისთჳს გეტყჳ: უწყოდე, ვითარმედ ამისსა პირველცა განკჳრვებულ ვიყავ სიზრქესა მას და სიბნელესა გონებისა შენისასა, რომელ ესრეთ სრულიად შეკრულ ხარ საცთურსა მას კერპთმსახურებისასა და არა გნებავს ახილვად თუალთა და ხილვად ნათელსა მას ღმრთისმსახურებისასა და შევრდომად დამბადებლისა მის და მეუფისა ყოველთაჲსა, რამეთუ შენცა უმადლოჲ ეგე დაგბადა და პატივი ესე მეფობისაჲ მოგცა, ხოლო აწ უმეტესად მიკჳრს უგუნურებაჲ შენი, რომელი ჰგონებ ჩემსა შეშინებასა, რაჲსათჳს უკუე შეკრული წარმომადგინე წინაშე შენსა და სატანჯველთა აგებულებანი ესე წინა [26v] დამისხენ. ამისთჳს ჩანს თუ, რაჲთამცა შემაშინე და შემაძრწუნე, აწ უკუე სხუათა ვიეთმე აშინებდი, რომელთა საწადელუჩნს საწუთროჲ ესე და უძნავს დაკლებაჲ მისგან. ხოლო მე ჴორცნი ესე მიწისაგანნი საპყრობილედ შემირაცხიან, რამეთუ არა შეუნდობენ სულსა ჩემსა საწადელისა მის და სასურველისა ადრე მიწევნად, ხოლო სატანჯველნი და საგუემელნი და ქადებანი შენნი სალაღობელად შემირაცხიან და საწადელად, რამეთუ ადრე მოუწოდენ სიკუდილსა, რომელი-იგი მიჴსნის მე კრულებათაგან ჴორცთაჲსა და წარმგზავნის სავანეთა მათ საუკუნეთა.“
ესევითარნი ესე სიტყუანი წარმოთქუნ[ნ]ა რაჲ დიდმან მან მღდელთმოძღუარმან ანთიმო, განრისხნა უშჯულოჲ იგი მეფე და ბრძანა ქვითა ცემაჲ ქედსა მისსა. ხოლო ნეტარი იგი შე-რაჲ-ვიდა დაწყებასა ღუაწლთასა, აღივსო სიხარულითა და ჰმადლობდა უფალსა და იტყოდა ჴმამაღლად: „ღმერთნი მაქსიმიანესნი, რომელთა არცა ცაჲ ქმნეს, არცა ქუეყანაჲ, წარწყმდენ, რამეთუ კერპნი არიან უსულონი, სამკჳდრებელნი ეშმაკთანი.“
ესე რაჲ ესმოდა უშჯულოსა მას მძლავრსა, ბორგდა გულისწყრომისაგან და ბრძანა სამშჭუალთა რკინისათა მტკავლეულთა განჴურვებად და შემშჭუალვად წჳვთა მის ნეტარისათა. ხოლო ახოვანმან მან ფიცხელი იგი და მწარე სატანჯველი საშუებელად შეჰრაცხა, რამეთუ უწყოდა რაბამთა კეთილთა მომატყუებელ ექმნებოდეს მას ღუაწლნი იგი. და ეტყოდა მძლავრსა მას: „დაღაცათუ კერპთმსახურებისათჳს დიდად გაბრალობ, არამედ ჩემ ზედა მოწევნულთა ამათ ტანჯვათათჳს ფრიად მადლიერ ვარ, რამეთუ მცირედითა ღუაწლითა აღურაცხ[27r]ელთა მომატყუებ კეთილთა.“ ხოლო მაქსიმიანე ხედვიდა რაჲ მოთმინებასა მისსა, მოსწრაფე იყო პირად-პირადითა ტანჯვითა ძლევად ახოვნებასა და სიმჴნესა გონებისა მისისასა.
ბრძანა უკუე კეცისა ნალეწი მახვილოანი განფენად ქუეყანასა და წმიდისა ანთიმოჲსი შიშულად მას ზედა დაწვენაჲ და არგნებითა უწყალოდ გუემაჲ, რაჲთა ორკერძო იტანჯებოდის: ზედა კერძო ცემითა მით არგნებისაჲთა და ქუეშე კერძო კეცისა მის ნალეწისა დასობითა ჴორცთა შინა მისთა.
ხოლო ძლევით შემოსილი იგი მღდელი ღმრთისაჲ იტყოდა: „გმადლობ შენ, მეუფეო და უფალო საუკუნეთაო, რამეთუ შემმოსე მე ძალი მაღლით გამო. მტერნი ჩემნი დევნულ ყვენ და მოძულენი ჩემნი მოსრენ, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ყვენ იგინი ჩემ ქუეშე.“
ხოლო მყოვარ ჟამ გუემეს რაჲ არგნოსანთა მათ და მდინარენი სისხლისანი დიოდეს მისგან და ჴორცნი მისნი დაიბძარნეს და ძუალნიცა შეიმუსრვოდეს. ხოლო პირი მისი აქებდა უფალსა და გონებაჲ მისი შეურყეველ იყო სიყუარულისაგან მისისა. ხედვიდა რაჲ მძჳნვარე იგი მჴეცი უაღრეს გონებისა მოთმინებასა მისსა, უკჳრდა. მაშინ ბრძანა ჴამლთა რკინისათა განჴურვებულთა შესხმაჲ ფერჴთა მისთა. ესე რაჲ აღასრულეს მტარვალთა მათ და ჴამლნი იგი განჴურვებულნი შეასხნეს და შეიწუებო[27v]დეს ფერჴნი მისნი და ღუაწლი იგი უაღრეს იყო ცნობისა. მოვიდა ზეცით მადლი ღმრთისაჲ ახოვანსა მას ზედა და ჴმაჲ ესმოდა ზეგარდამო, რომელი ეტყოდა: „მჴნე იყავ, ანთიმო, მონაო ჩემო, და განძლიერდი და მძლე ექმენ მტერთა შენთა, რამეთუ სასყიდელი შრომათა შენთაჲ განმზადებულ არს ბრწყინვალედ და გჳრგჳნი დაუჭნობელი მოგეცემის.“
ესევითარი რაჲ ჴმაჲ ესმა მას, აღივსო სიხარულითა გული მისი და პირი მისი განბწყინდა და არარად შეჰრაცხა სატანჯველი იგი. ამას რაჲ ხედვიდა მაქსიმიანე, განცჳბრებულ იყო მოთმინებასა მას ზედა მისსა და იტყოდა: „ესე კაცი გრძნებისა მეცნიერი არს და ამისთჳს ესევითარი ესე უაღრესი გონებისაჲ აჩუენა მოთმინებაჲ.“ და ჰრქუა წმიდასა ანთიმოსს: „მაუწყე ჴელოვნებაჲ გრძნებათა შენთაჲ, რომლითა სახითა ესრეთ შეურაცხ არიან სატანჯველნი შენ წინაშე.“ მიუგო წმიდამან ანთიმო და ჰრქუა: „უფალმან იესუ ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან და მეუფემან ყოველთამან, მომცა ძალი ძლევად მანქანებათა შენთა, რაჲთა ვამხილო ამპარტავანებასა შენსა და ცუდად მოქადულობასა, რამეთუ, აჰა ესერა, ერთსა ბერსა უძლურსა ვერ უძლე ძლევად, რომელთა-ეგე ღმრთად სახელსდევ, უუძლურეს არიან კაცობრივისაცა ძალისა და სრულიად არარა. ამისთჳსცა ზოგად შენ და ღმერთნი შენნი იძლიენით ჩემ მიერ. რამეთუ, აჰა ესერა, ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ არს [28r] სულისა ჩემისა. მიაქციოს ბოროტი მტერთა ჩემთა ჭეშმარიტებითა მისითა. მოსრნეს იგინი და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო მისა და აღუარო სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან მიჴსნა მე. და მტერთა ჩემთაჲ იხილოს თუალმან ჩემმან.“
ამათ სიტყუათა ზედა აღივსო გულისწყრომითა უშჯულოჲ იგი მეფე და ბრძანა დაკრვაჲ მოწამისაჲ ურმის თუალსა ზედა და ზედაჲს-ზედა ქცევაჲ ურმის თუალისაჲ მის განზრახვით სატანჯველად ქმნილისაჲ. და ზოგნი მტარვალნი აქცევდეს ურმის თუალსა მას. და სხუათა მათ უბრძანა, რაჲთა აქუნდენ ჴელთა ლამპარნი ცეცხლისანი მგზებარენი და ქცევასა მას ურმის თუალისასა სწუვიდენ ჴორცთა მისთა. და მეყსეულად ბრძანებაჲ იგი აღესრულებოდა. და მტარვალთა ლამპრები მგზებარე აღატყინეს და მირბიოდეს დაწუვად ნეტარისა მის. და მეყსეულად მადლითა ქრისტესითა ურმის თუალი იგი დადგა და არა იქცეოდა ყოვლადვე და მტარვალნი იგი დაცჳვეს ქუეყანად. და ლამპრები დაჰვარდა ჴელთაგან მათთა და იქმნნეს, ვითარცა დათლემულნი ძილითა.
ამას რაჲ ჰხედვიდა მეფე, განრისხნა მტარვალთა მათთჳს, რომელ ესრეთ უდებყვეს მორჩილებაჲ ბრძანებათა მისთაჲ. და თქუა: „ვფუცავ ძალსა ღმერთთასა, არა განმერნეთ ჴელთაგან ჩემთა, უკეთურნო მტარვალნო, რამეთუ შეურაცხჰყავთ ბრძანებაჲ ჩემი და [28v] მისწევით ძილად წინაშე ჩემსა.“ მიუგეს მტარვალთა მათ და ჰრქუეს: „არათუ ბრძანებაჲ შენი უგულებელსვყავთ, მეფეო, ნუ იყოფინ, არამედ ხილვაჲ საშინელი ვიხილეთ და მის გამო დავჰჴსნენით და ქუე დავცჳვენით. რამეთუ სამნი კაცნი - ელვარენი პირითა და მოსილნი სპეტაკითა, საშინელად დიდებულნი, ვიხილენით და მეყსეულად ლამპრები იგი დავარდა ჴელთაგან ჩუენთა და ჩუენ შემუსრვილნი ქუეყანად დავცჳვენით დათლემულნი და დაჴსნილნი.“ ხოლო იგინი მიეახლნეს ანთიმოსს და მოიკითხეს და ნუგეშინისცემისა სიტყჳთა თანამზრახვალ ეყვნეს მას. ამას რაჲ იტყოდეს მტარვალნი იგი და ურმის თუალი იგი არა იქცეოდა, ნეტარი ანთიმო ჰმადლობდა ღმერთსა და უგალობდა მჴურვალითა გულითა და მხიარულითა პირითა.
მაშინ ბრძანა მეფემან განჴსნაჲ წმიდისა ანთიმოჲსი ურმის თუალისა მისგან და ჰრქუა: „ერთი ორთაგანი წინა გიც: ანუ შეწირე შესაწირავი ღმერთთა ჩემთა და გყო შენ წარჩინებულ უფროჲს ყოველთა მთავართა და ჴელმწიფეთა მეფობისა ჩემისათა, ანუ აწვე მახჳლითა წარიკუეთოს თავი შენი.“ მიუგო ნეტარმან მან და ჰრქუა: „ეგე საწადელ არს ჩემდა უფროჲს ყოვლისა, რაჲთა მსწრაფლ წარვიდე ამიერ და მივიწიო კრებულსა მას ოცდაათთა ათასთა მოწამეთასა, რაჲთა ვთქუა კადნიერებით: „აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე უფალმან [ღმერთმან].“
იხილა რაჲ მაქსიმიანე, ვითარმედ საწადელ უჩნს [29r] აღსრულებაჲ, ჰრქუა მას: „უწყი თქუენი, ქრისტეანეთა, დიდებისმოყუარებაჲ და ზუაობაჲ, რამეთუ ამისთჳს ოდენ, რაჲთა სახელი სიმჴნისაჲ და მოთმინებისაჲ აღიღოთ, საწადელად გიჩნს სიკუდილი, რომელი-იგი უკუანაჲსკნელი არს ყოველთა ბოროტთაჲ, არამედ ვერ განიხარო ამით ჯერითა, არამედ ძჳრ-ძჳრად გტანჯო პირველ და მერმე მწარითა სიკუდილითა გამოგაჴუა ცხორებისა ამისგან.“ ესე რაჲ თქუა, მერმე ბრძანა შეკრვაჲ მისი რკინითა და წარყვანებაჲ საპყრობილედ. შე-რაჲ-ვიდა წმიდაჲ ანთიმოს საპყრობილედ, იყოფოდა მუნ, ილოცვიდა დაუცხრომელად და ადიდებდა ღმერთსა, რომელმან-იგი მოუვლინა შეწევნაჲ ზეცით წმიდით მისით.
მერმე შეყენებულთა მათ და შეწყდომილთა დილეგსა მას შინა მისცა მშჳდობაჲ და ასწავებდა ცხორებასა სულისასა და უქადაგებდა ჭეშმარიტსა ღმრთისმსახურებასა. ხოლო იგინი მეყსეულად სწავლითა მისითა განათლდეს და ჰრწმენა ქრისტე და ევედრებოდეს, რაჲთა ნათელსცეს. ხოლო არა უდებ იქმნა მწყემსი იგი კეთილი შერაცხვად კაცთა მათ სამწყსოსა თჳსსა თანა. მოიღეს უკუე წყალი საპყრობილესა მას შინა და წესისაებრ აღასრულნეს ლოცვანი და ნათელსცა ყოველთა მათ და ყვნა შვილ ნათლისა.
ეუწყა მაქსიმიანეს და აღივსო რისხვითა და გულისწყრომითა და ბრძანა წმიდისა ანთიმოჲსი განთიად წარდგინებაჲ მის წინაშე და, ვითარცა წარმოუდგინეს, ჰრქუა მას მრისხანითა სულითა [29v] და ჴმითა გულისწყრომისაჲთა: „ჯერეთ არა შეეხნეს ულმობელსა მაგას სულსა შენსა ეგოდენნი იგი სატანჯველნი, არცა გწუართეს მრავალთა მათ გუემათა, არამედ დილეგსაცა შეწყდომილმან იკადრე მრავალთა ცთუნებაჲ, ვითარცა მეუწყა, და შენსა შჯულსა მიქცევაჲ.“
მიუგო წმიდამან ანთიმო და ჰრქუა: „მე მღდელი ვარ დიდისა მის მღდელთმოძღურისა ქრისტესი და ჴელმეწიფების წმიდასა ადგილსა ქადაგებად სახელსა მისსა [მღდელთმოძღურისა] ჩემისა, რომელთა ენებოს, რამეთუ მან თავადმან ესრეთ უბრძანა: „წარვედით და უქადაგეთ ყოველთა წარმართთა და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა!“ ხოლო შემდგომად [მისა] მოწევნულთა ამათ ჩემ ზედა სატანჯველთა […] და [მოშიშ მეყავ] მე აღსრულებად მსახურებისა ჩემისა, არამედ უმეტესიცა ძალი და სიმჴნე შემმოსე მე და უფროჲსად […] მოიწინეს ჩემ ზედა მადლი და შეწევნაჲ მეუფისა ჩემისაჲ, რამეთუ მრავალთა სალმობათა გულისა ჩემისათა ნუგეშინისცემანი შენნი ახარებენ სულსა ჩემსა […], ხოლო შენ, მძლავრო უშჯულოო, ნუ სცთები და დაჰშურები ცუდად, რამეთუ ვერ უძლო[…] ძლევად ჩემდა ქრისტეს მიმართ სურვილსა და წადიერებასა. მაშინ მაქსიმიანე ყოვლით კერძო რაჲ უღონო იქმნა და ძლეულ ნეტარისა ანთიმოჲსგან, მისცა გან[30r]ჩინებაჲ: განყვანებად იგი გარეშე ქალაქსა და მახჳლითა წარკუეთად თავი მისი.
ხოლო მიიყვანებდეს რაჲ ადგილსა მას აღსრულებისასა, მეჴრმლე იგი ლმობიერ იქმნა, რამეთუ მოივლინა მის ზედა ცუარი წყლულებისა თჳსისაჲ, რომელსა-იგი ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ. და ევედრებოდა იგი წმიდასა მას, რაჲთა ღირსყოს იგი მადლსა ქრისტესსა. ხოლო ნეტარმან მან წადიერებით ასწავა ღმრთისმსახურებაჲ და ჰრქუა: „მადლი უფლისაჲ იყავნ შენ თანა.“ და მი-რაჲ[ყ]ვანეს ადგილსა მას, მოიდრიკნა მუჴლნი წმიდამან ანთიმო და ილოცა ღმრთისა მიმართ და შეწირა გალობაჲ მადლობისაჲ და ჰრქუა მტარვალსა: „აღასრულე ბრძანებაჲ მეფისაჲ.“ და ესრეთ წარჰკუეთეს თავი ნეტარისაჲ მის თუესა სეკტემბერსა გ̃, ხოლო მეჴრმლე იგი მეფისაჲ მიერითგან იქმნა ქრისტეანე.
და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდეს ყმანი და აღიღეს გუამი ღუაწლით შემოსილისაჲ მის და დაჰმარხეს ადგილსა პატიოსანსა ნელსაცხებელად სულნელებისად, საუნჯედ კურნებისად, მნათობად მორწმუნეთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, ჭეშმარიტისა მის ღმრთისა და მეუფისა [კაცთმოყუარი]საჲთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანადაუსაბამოჲთ მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!