Cod. Ivir. georg-21

[238r] ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა და მოციქულთა სწორისა ბაგრატ მღდელთმოძღურისა ტავრომენელთა ქალაქისა, ჭალაკისა სიკილიისა, რომელი აღწერა ევაგრე ებისკოპოსმან, მოწაფემან მისმან.

მოწევნულ არს ჟამი, საყუარელნო, ჴელყოფად თხრობასა ამას კეთილსა და სულთა სარგებელსა, რომელ არს ცხორებაჲ სანატრელისა მის და საკჳრველისა კაცისა ღმრთისა, ბაგრატისი, და დიდებულთა მათ და ღმრთივმონიჭებულთა სასწაულთა, რომელნი აღასრულნა მადლითა წმიდისა სამებისაჲთა. გულსმოდგინედ უკუე ისმინეთ, ღმრთისმოყუარენო, მოქალაქობაჲ ესე საღმრთოჲ და წმიდაჲ, რაჲთა ზიარ მადლისა მისისა იქმნეთ. რაჟამს-იგი წყალობით მოიხილა ზეცით ჩუენ ზედა ღმერთმან და მაცხოვარმან ჩუენმან იესუ ქრისტე. და მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა ქუეყანად განუშორებელად წიაღთაგან მამისათა. და მოვიდა ძიებად წარწყმედულისა მის ნათესავისა კაცთაჲსა. და იქცეოდა ქუეყანასა ზედა და ღმრთივშუენიერთა მათ საკჳრველებათა იქმოდა. მას ჟამსა მამაჲ ამის ღირსად ჴსენებულისა ბაგრატისი დამკჳდრებულ იყო კერძოთა მათ [238v] პონტოჲსათა, ხოლო განგებითა ღმრთისაჲთა წარვიდა საქმისა რაჲსათჳსმე კერძოთა ანტიოქისათა და თანა ჰყვა ცოლი თჳსი და ბაგრატ, მხოლოდშობილი ძჱ თჳსი. და ვითარცა ჟამ რავდენმე დაყო კერძოთა ანტიოქისათა და ინება მიერ შესლვაჲ ჰურიასტანად, რამეთუ ღმერთი მიზეზსა ცხორების მომცემელსა მისცემდა მას. ხოლო შევიდა რაჲ ქალაქსა ერთსა ჰურიასტანისასა, იხილა მუნ უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, ვითარ-იგი ასწავებდა სასუფეველისათჳს ცათაჲსა და იქმოდა საკჳრველებათა უაღრეს ბუნებისა. ჰრწმენა ცოლითურთ და შვილით თჳსით და ღირს იქმნეს საბანელსა მეორედ შობისასა ბრძანებითა უფლისაჲთა, ჴელითა წმიდისა მოციქულისა პეტრესითა. და შეიმოსეს სამოსელი იგი ბრწყინვალჱ ქრისტეს სარწმუნოებისაჲ. და მოიქცეს სახედ თჳსა განათლებულნი სულითა და ადიდებდეს თჳსაგან დაუცხრომელად ღმერთსა ყოველთასა. ხოლო ნეტარი ბაგრატ წარემატებოდა სიბრძნითა და მეცნიერებითა და ასწავებდა მას მამაჲ მისი ყოველსავე კეთილსა. და განამტკიცებდა სარწმუნოებასა ზედა ქრისტეს ღმრთისასა შეურაცხყოფად ყოვლისავე სოფლ(ი)ოჲსა და წარმავალისა საქმისა და მის მხოლოჲსა მონებად, ვითარცა ცხოველისა ჭეშმარიტისა ღმრთისა, დაღაცათუ ჩუენნი ესე ჴორცნი შეიმოსნა წყალობისათჳს ჩუენისა. და ეტყოდა მას: „ჵ, შვილო ჩემო, ისწრაფე წარდგომად წინაშე ღმრთისა უბიწოებით და შეიტკბენ მცნე [239r] ბანი მისნი, რაჲთა ღირს იქმნე საუკუნესა მას ცხორებასა.“ ხოლო მო-რაჲ-იწია ჟამი ამიერ სოფლით განსლვისა მისისაჲ, მოუწოდა ძესა თჳსსა ბაგრატს და განამტკიცებდა და ასწავებდა მას მყოვარ ჟამ. და ვითარცა აღასრულა მან, მოიდრიკნა მუჴლნი და შვილი იგი საყუარელი მის თანა. და იტყოდა ვედრებით და ცრემლითა მჴურვალითა: „უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ, შენ შეგვედრებ ყრმასა ამას, შეივედრე ესე და შემწე ეყავ და წარუძეღუ ნებასა შენსა, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“ და ესრეთ აღესრულა მამაჲ ნეტარისა ბაგრატისი და შემდგომად მცირედისა - დედაჲცა მისი. და დაიღუაწნა ნეტარმან თჳსნი იგი მშობელნი და დაჰმარხნა, ვითარცა შეჰგვანდა, და შეურვებულ იყო. და იტყოდა თავსა შორის თჳსსა, ვითარმე(დ): „ვისწავლნე მე საღმრთონი წერილნი, ანუ ვითარ განვემტკიცო მე სარწმუნოებასა, რამეთუ ყრმა ვარ და არავინ არს მოძღუარ ჩემდა ესევითარისა ამის რჩულისა, რომელსა მამაჲ ჩემი მასწავებდა. არამედ ყოველნივე ესე სოფელნი სხუასა ზედა რჩულსა განმტკიცებულ არიან. რაჲმე ვყო, უფალო, შემეწიე მე!” და ესრეთ ურვით იყოფებოდა გოდოლსა შინა მცირესა, რომელი აღეშენა თჳსსა აგარაკსა, და რავდენ ძალედვა, იწურთიდა სარწმუნოებასა ქრისტესსა მადლითა სულისა წმი [239v] დისაჲთა, ვითარცა-იგი მამისაგან თჳსისა ესწავა. ხოლო რაჟამს-იგი ცხოველსმყოფელი ვნებაჲ ქრისტესი აღესრულა და აღდგა მესამესა დღესა უფალი სიკუდილისაჲ და ცხორებისაჲ და ამაღლდა ზეცად, ვინაჲ-იგი არა სადაჲთ განეშორა, და დაჯდა მარჯუენით მამისა და მოუვლინა სული წმიდაჲ თჳსთა მათ ყოვლად ქებულთა მოციქულთა. და განიბნინეს იგინი ყოველსა სოფელსა ქადაგებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა. მოჰვლიდა რაჲ ნეტარი პეტრე მოციქული ქალაქთა და სოფელთა და ნათელსცემდა ერთა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, მოიწია განგებითა ღმრთისაჲთა კერძოთა მათცა პონტოჲსათა, სადა-იგი იყოფებოდა ნეტარი ბაგრატ. და მიჰმართა გოდოლსა მას და დადგა აჩრდილსა ქუეშე მისსა და ასწავებდა ერთა. და ჰრწმენა ერსა მრავალსა სიტყუაჲ მისი და მოიქცეს ქრისტეს ღმრთისა მონებად. ესე რაჲ იხილა ნეტარმან ბაგრატ, შეიმოსა სამოსელი ბრწყინვალჱ, რაჲთა სულისა მისებრ მისისა წმიდისა გარეშეთცა შუენიერებაჲ ქრისტეანობისაჲ აჩუენოს. რამეთუ ოდეს გოდოლსა შინა არნ, მცირჱ კუართი კმა არნ სამოსლად მისა. ხოლო მაშინ წმიდაჲ იგი სამოსელი შეიმოსა და განვიდა და დადგა ერსა შორის და ისმენდა სიტყუათა მოციქულისათა. და ვითარცა [240r] აღასრულა სწავლაჲ იგი და ერი განიყარა, მირბიოდა იგი და შეუვრდა ფერჴთა მოციქულისათა და ამბორსუყოფდა მათ. ჰრქუა მას წმიდამან პეტრე: „კეთილად გპოე შვილი ეგე ეკლესიისაჲ“, რამეთუ სულითა იცნა იგი. მიუგო და ჰრქუა მას ბაგრატ: „მოციქულო და მოწაფეო ქრისტესო, ნუ უღირს იჩინებ შემოსლვად სახლსა ჩემსა მოწაფეთა შენთა თანა და მიღებად საზრდელისა, რამეთუ გხედავ, უფალო ჩემო, ფრიად დამაშურალსა.“ ისმინა მისი წმიდამან მოციქულმან და შევიდა სახლსა მისსა. და აღასრულა ლოცვაჲ და მოიღო პური, განტეხა და მისცა ყოველთა. და მიიღეს საზრდელი და განძლიერდეს. ხოლო ადგილსა მას მრავალი ერი მოაქცია ნეტარმან პეტრე. და ნათელსცა სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და მოწაფეთა მისთაგანი, ერთი კაცი ღმრთისმოშიში და ფრიად სწავლული მოძღურებასა საღმრთოსა, სახელით მაქსიმიანოს, აკურთხა ებისკოპოსად მის დაბისა. და დაყო მუნ ორმეოც დღე. და იყო სადგური მისი სახლსა წმიდისა ბაგრატისსა. და ასწავებდა მას ყოველსავე წესსა საღმრთოსა და სთესვიდა გულსა მისსა თესლსა მას ღმრთისმსახურებისასა, ვითარცა-იგი სუროდა ნეტარსა ბაგრატს. და ეტყოდა მრავალთა მათ სწავლათა თანა ამასცა: „შვილო ბაგრატ, ვითარცა-იგი ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეუდეგით ქრისტესა, ეგრეთვე შენ გიღირს ყოფად.“ მიუგო ბაგრატ და ჰრქუა მას: „მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო, [240v] ამას მე მრავლით ჟამითგან სურვიელ ვარ, ვინაჲ დღითგან მშობელნი ჩემნი აღესრულნეს. და აწ ვესავ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, შენ თანა ყოფად ვარ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა და ნუ მომიძაგებ უღირსსა ამას და ცოდვილსა!“ ესე რაჲ ესმა წმიდასა მოციქულსა პეტრეს, თქუა: „კურთხეულ არს უფალი, რომელი წმიდაჰყოფს ყოველსა კაცსა, მოქცეულსა მისსა.“ მაშინ ევედრა ნეტარი ბაგრატ მოციქულსა, რაჲთა ნათელსცეს მონათა მისთა, რამეთუ ესოდენ სახიერი კაცი იყო, რომელ მონათა თჳსცა დიდად ზრუნ(ვი)და. ხოლო მოციქულმან სიხარულით შეიწყნარა თხოვაჲ მისი. და წარავლინა ნეტარმან ბაგრატ და მოუწოდა მონათა თჳსთა ყოველთაგან აგარაკთა. და ნათელიღეს გულსმოდგინედ ყოველთა ჴელითა წმიდისა მოციქულისა პეტრესითა. და შეჰვედრნა იგინი წმიდამან მოციქულმან ვედრებითა ბაგრატისითა მაქსიმინოს ებისკოპოსსა, რაჲთა ზრუნვიდეს მათთჳს და ასწავებდეს. და რომელნიცა იპოვნენ მათგანნი კაცნი ღმრთისმოშიშნი, აკურთხნეს ხუცად და დიაკონად. ხოლო ბაგრატ ყოველივე მონაგები თჳსი შეკრიბა: ოქროჲ და ვეცხლი და მარგალიტი მრავალი და სამოსელი დიდფასისაჲ, საცხოვარი და სიმდიდრჱ ფრიადი. და ბრძანებითა მოციქულისაჲთა განუყო გლახაკთა და ზოგი მისცა მონათა თჳსთა და ჰრქუა: „მე, ესერა, ამის ყოვლისაგან ვიჯმნი და ქრისტესა შეუდგები და აგარა [241r] კები ჩემი, ვენაჴები და ყანები თქუენ განიყავთ, რაჲთა გაქუნდეს საჴსენებელად ჩემდა.“ ამას რაჲ ეტყოდა, ტირილითა მწარითა ტიროდეს იგინი განშორებისათჳს მისისა და ჰრქუეს მას: „უფალო ჩუენო, ჩუენცა მზა ვართ ყოველნი ყოფად, რავდენიცა მიბრძანო, და შეგიდგეთ შენ.“ ჰრქუა მათ ნეტარმან ბაგრატ: „თქუენ ყოველნი ქრისტესდა შედგომილხართ და ძმანი ხართ ჩემნი. იყვენით ებისკოპოსისა თანა და ჰმორჩილობდით მას ცხორებისათჳს სულთა თქუენთაჲსა.“ ხოლო სახლი თჳსი ეკლესიად განაწესა ნეტარმან ბაგრატ და შეკედლებით გოდლისა მის აღაშენა ეკლესიაჲ, რაჲთა იყოს გოდოლი იგი საჭურჭლედ ეკლესიისა. და მისცა ეკლესიასა, რავდენიცა საჴმარ იყო საფასჱ, და აკურთხა ეკლესიაჲ იგი წმიდამან მოციქულმან პეტრე. და მოუწოდა ებისკოპოსსა და აღწერით მისცა ყოველივე წესი ეკლესიისაჲ. და ასწავა, რაჲთა გალობდენ ფსალმუნთა დავითისთა წესითა ფსალმუნთა და კანონთაჲთა. ეგრეთვე განუწესა სამწუხროჲ ლოცვაჲ და საცისკროჲ, და აღსრულებაჲ წმიდათა საიდუმლოთაჲ, და კურთხევაჲ მღდელთაჲ და წესი ნათლისღებისაჲ, და აღმართებაჲ ჯუარისაჲ. და ესე ყოველი ასწავა ებისკოპოსსა და ჰრქუა: „იხილე, შვილო მაქსიმინე, რამეთუ ზეცისა პატივი მოგიღებიეს. ეკრძალე მოძღურებასა ამას, რომელ უბიწოდ დაიმარხო დიდი ესე ნამარხევი, რომელი იძიონ შენგან დღესა მას განკითხვისასა, ოდეს-იგი [241v] კაცად-კაცადისა საქმჱ გამოცხადნეს წინაშე მართლისა მის მსაჯულისა.“ ხოლო ნეტარმან ბაგრატ მისცა მოციქულსა ჯუარი შუენიერი, ოქროჲსა წმიდისაჲ, შემკობილი მარგალიტითა და თუალებითა პატიოსნითა და ჰრქუა: „ესე მამამან ჩემმან ქმნა სურვილითა ქრისტეს ვნებისაჲთა და დამიტევა მე, რამეთუ მეტყოდა: „ამას სახესა ზედა დამოჰკიდეს ჰურიათა უფალი ჩუენი.“ რამეთუ იყო კაცი იგი ფრიად მორწმუნჱ, მიიღო იგი მოციქულმან და იხილა, რამეთუ მადლი ღმრთისაჲ იყო ჯუარსა მას ზედა. და ბრძანა ქმნად ბუდჱ ნაძჳსაჲ და მას შინა შთადვა და მისცა ებისკოპოსსა, რაჲთა შიშით თაყუანის ცემდენ მას. და მოუწოდა ყოველსა მას ერსა მორწმუნესა, რომელსა ნათელეღო. და დაადგინა ებისკოპოსისა თანა და ეტყოდა: „იხილეთ, ძმანო, ნუვინ თქუენგანი მიდრკების გზისა მისგან ჭეშმარიტისა, ნუცავინ უვარჰყოფთ, რაჲ-იგი ისწავეთ ჩემგან, არამედ ყოველივე ჭირი და შრომაჲ თავსიდევით ჭეშმარიტებისათჳს და მოწყალებასა გლახაკთასა ნუ უდებჰყოფთ. ივლტოდეთ, შვილნო, ცრუ წინაწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა, ვითარცა ცხოვარნი, და შინაგან არიან მგელ მტაცებელ. ნუ თანააღერევით მათ ყოვლადვე, არამედ რაჲ-იგი ისწავეთ ჩემგან, მას ზრახევდინ, მას შინა იქცეოდეთ და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა!“ ესრეთ განუტევა ერი იგი. და ხვალისა დღე აღვიდა გოდოლსა მას და დადგა მას შინაცა საკურთხეველი. და აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ და აზიარა ყოველთა [242r] წმიდაჲ ჴორცი და სისხლი ქრისტესი. და ჰრქუა ეპისკოპოსსა: „მომართუ აქა გუჯარი ეკლესიისა კურთხევისაჲ და მღდელთა კურთხევისაჲ.“ და მოართუა რაჲ, დადვა იგი წმიდასა საკურთხეველსა. და უბრძანა ებისკოპოსსა მოღებად იგი მიერ, ხოლო მან შიშითა დიდითა მიყო ჴელი და მოიღო. მიუგო წმიდამან პეტრე და ჰრქუა მას: „იხილე, შვილო, რაჲ-ეგე მიიღე, რამეთუ სულნი ამის ერისანი შეგივედრებიან და სიტყჳს მიცემაჲ თანაგაც მათთჳს. შეიმოსე უკუე მადლი ღმრთისაჲ და იყავ მშჳდ და მდაბალ, გლახაკთა მოწყალე და უცხოთა შემწყნარებელ, რამეთუ უაღრეს არს ყოველთა სასწაულთა მოწყალებაჲ.“ ესევითარი მრავალი ასწავა ებისკოპოსსა მოციქულმან და მერმე მოუწოდა იოსებს მხატვარსა და ჰრქუა მას: „გამომიხატე აქა ხატი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რაჲთა იხილონ ერთა სახჱ განკაცებისა მისისაჲ და უმეტესად ჰრწმენეს და იჴსენებდენ სასწაულთა ჩუენთა.“ მოიღო მხატვარმან წამლები ცჳლოანი და გამოხატა ხატი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. ჰრქუა მას მოციქულმან: „გამოხატე, შვილო, ჩემიცა ხატი და ძმისა ამის ჩუენისა ბაგრატისი, რაჲთა იტყოდიან ამისა შემდგომად საჴსენებელად, ვითარმედ: „ესე არს, რომელმან ჩუენ შორის სიტყუაჲ ღმრთისაჲ ქადაგა - მოწაფჱ მისი პეტრე.“ და ძმისა ბაგრატისთჳს თქუან: „ესე არს, რომელმან აღაშენა ეკლესიაჲ და გოდოლი ესე საჭურჭლჱ.“ ხოლო მხატვარმან ყოველივე ყო სიტყჳსა მისისაებრ და ზედა დაწერა თითოეულისა სახელი, რამეთუ ესრეთ [242v] იქმოდეს მოციქულნი იჱრუსალემითგან ანტიოქ(ი)ამდე და ვიდრეცა ვიდოდეს. ამისა შემდგომად განიზრახა პეტრე, თავმან მან მოციქულთამან, გამოსახვად ყოველივე საქმჱ განკაცებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, ვინაჲთგან ანგელოზმან „გიხაროდენი“ უღაღადა ქალწულსა მარიამს და ვიდრე ამაღლებამდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. რამეთუ ჴელოვანი იყო მხატვარი იგი, რომელმანცა ყოველივე გამოსახა კეთილად. და ბრძანა მოციქულმან ამით სახითა შემკობად ეკლესიათაჲ. მიერითგან უკუე მოსწრაფე იყვნეს ყოველნი მორწმუნენი გამოსახვად ესევითართა მათ სახეთა ფიცართა ზედა, გინა ქარტათა. და მიუძღუანიან ეპისკოპოსთა ურთიერთას. და აღაშენნიან რაჲ ეკლესიანი, გამოწერიან ყოველივე იგი შუენიერად და შემკობილად. და ასწავებდიან ერსა შიშით და პატივით თაყუანისცემად და შემთხუევად სახეთა მათ ქრისტეს ღმრთისა საქმეთასა. ხოლო რაჟამს ესე ყოველი აღასრულა წმიდამან მოციქულმან, ყო ლოცვაჲ. და გამოვიდა გოდლისა მისგან და ჰრქუა ბაგრატს: „ჟამი არს აწ წარსლვად ჩუენდა გზასა ჩუენსა, ვინაჲცა უფალმან მიმიძღუეს.“ ხოლო ნეტარი ბაგრატ დადგა გოდოლსა მას შინა თჳსაგან წინაშე პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისა და ხატისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესისა. ილოცვიდა ცრემლით და იტყოდა: „იესუ ქრისტე, რომელი მოხუედ წყალობით მოძიებად ნათესავსა კაცთასა, ნუ უგულებელსმყოფ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარ. მოიხილე სიმდაბლესა ზედა [243r] ჩემსა, რამეთუ შენდა მოვივლტი, ყოვლად ძლიერისა და სახიერისა ღმრთისა.“ და აღასრულა რაჲ ლოცვაჲ, გამოვიდა გოდლისა მისგან და მივიდა სამარხოსა მამისა და დედისა თჳსისასა. დადგა მას ზედა და თქუა ცრემლით: „აჰა ესერა, მამაო კეთილო, და შენ, დედაო ჩემო ტკბილო, სწავლისა და ბრძანებისაებრ თქუენისა წარვალ შვილი ესე თქუენი შედგომად ქრისტესა შეწევნითა მისითა. ევედრენი უკუე ქრისტესა ღმერთსა ცხორებისათჳს ჩემისა.“ და ამბორსუყო სამარხოსა მას. და გამოვიდა მიერ და შევიდა სახლსა, რომელსა შინა მონანი მისნი იყვნეს. და პოვნა ყოველნი მძინარენი, რამეთუ ღამე იყო. და ვითარ იხილეს იგი, ყოველნი ზე აღდგეს. და დაუტევა მათ მშჳდობაჲ და მოიკითხნა. ხოლო იგინი მოეხჳნეს მას და მწარითა ცრემლითა გოდებდეს და იტყოდეს: „ვაჲ ჩუენდა, უფალო ჩუენო, რამეთუ ობოლნი და უუფლონი დავშთებით, ოდესმე უკუე ვიხილოთ პირი შენი.“ ცრემლოდა ნეტარი ბაგრატცა და ჰრქუა: „ნუ მწუხარე ხართ, ძმანო, რამეთუ, დაღაცათუ ჴორცითა განგეშორები, არამედ სულითა თქუენ თანა ვარ.“ და ესრეთ მოიკითხნა იგინი და განვიდა და მრქუა მე: „შვილო ევაგრე, შემომიდეგ მე“, რამეთუ მე ხოლო წარმიყვანა მის თანა სახლეულთა მისთაგან. და ესრეთ მივედით წმიდისა მოციქულისა პეტრესსა. და ვპოეთ იგი, აღას[რ]ულებდა რაჲ გალობასა ცისკრისასა. და აღასრულა რაჲ ლოცვაჲ, ჰრქუა ნეტარსა ბაგრატს: „კეთილ არს მარადის მღჳძარებაჲ და ლოცვაჲ. [243v] ამას ზედა უკუე მოსწრაფე იყავ მარადის და გალობდი ფსალმუნთა დავითისთა დღე და ღამე და ლოცვათა შესწირევდი ღმრთისა.“ და ვითარცა მო-ოდენ-ახდა ჟამი განთიადისაჲ, განვედით დაბისა მისგან. და დადგა მოციქული აღმოსავალით კერძო, მუჴლნი მოიდრიკნა და თქუა: „უფალო იესუ ქრისტე, დაიცევ დაბაჲ ესე და მას შინა მყოფნი მორწმუნენი დაფარენ საფარველსა შენსა ქუეშე, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“ და მოვიკითხეთ მაქსიმინოს ეპისკოპოსი და წარვემართენით. და ვითარცა ვლეთ ოციოდენ უტევანი, მივიწიენით ზღჳსპირსა. და ვპოეთ ნავი და შევედით მას შინა და წარვედით ანტიოქიამდე ქადაგებითა სიტყუასა ღმრთისასა. ხოლო მოვლინებულ იყო მუნ იჱრუსალემით მოციქულთაგან კაცი მისვე ქალაქისაგან, ყოფილი ნათესავით, სახელით მარკიანოს, სწავლად ერისა. ამას ვითარცა ესმა მოსლვაჲ მოციქულისა პეტრესი, აღძრა ყოველი სიმრავლჱ მორწმუნეთაჲ. და მოვიდეს მიგებებად მისდა, რამეთუ იგინი ასწავლიდეს, ხოლო მოციქულნი ნათელსცემდეს. და მოიყვანა ნეტარმან მარკიანე დიდი სიმრავლჱ წინაშე მოციქულისა, რომელთა ჰრწმენა. და ასწავა მათ მოციქულმან და ნათელსცა და წარიყვანა მარკიანეცა მის თანა მიმოსლვად. და მიმოვიდოდეთ მოციქულისა თანა ყოველთავე ქალაქთა და სოფელთა. და ქადაგებდა სახარებასა ქრისტესსა და ნათელსცემდა მორწმუნეთა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა [244r] და სულისა წმიდისაჲთა. და ჰკურნებდა ყოველსა სენსა და ცისად-ცისად გუემულებასა და სულთა არაწმიდათა განასხმიდა. ესე ყოველი რაჲ აღესრულებოდა მადლითა ქრისტესითა წმიდისა მოციქულისა პეტრეს მიერ, განმრავლდებოდა რიცხჳ ქრისტეს მორწმუნეთაჲ. ხოლო ნეტარი მოციქული პავლე - იგიცა ქადაგებდა და მიმოდასდებდა სიტყუასა მას ღმრთისასა. და მას ესმა რაჲ პეტრესი კერძოთა კილიკისათა ყოფაჲ, მოვიდა მისა და მოიკითხეს ურთიერთას მოწლედ თავთა მათ მოციქულთა. მაშინ პავლე აღდგა შორის და ეტყოდა პეტრეს და სხუათა მოციქულთა, რომელნიცა პოვნა ათორმეტთაგანნი: „ვიდრემდის არა აკურთხევთ ებისკოპოსად მოწაფეთა მაგათგან, რომელნი შეგიდგან თქუენ, და წარავლინებთ კერძოთა დასავალისათა, არამედ ყოველნი თქუენ თანა გიპყრიან.“ და სათნოეყო სიტყუაჲ ესე პავლესი მოციქულთა და გამოარჩინეს კაცნი, რომელნიცა სულმან წმიდამან უჩუენნა მათ. და წარავლინნეს კერძოთა ჰრომისა და აფრიკეთისასა, რამეთუ თავადნი იგი მოციქულნი ჯერეთ არა მივიდოდეს ჰრომედ. არამედ იგინი წინა წარავლინნეს, რაჲთა ქადაგებდენ სიტყუასა ღმრთისასა. და მისცეს მათ კანონი ყოველივე საეკლესიოჲსა წესისაჲ. ხოლო ნეტარმან მოციქულმან პეტრე ჰრქუა მარკიანეს და ბაგრატს: „შვილნო ჩემნო, მიიღეთ თქუენცა უღელი ებისკოპოსობისაჲ. და განვედით კერძოთა დასავალისათა და აღასრულეთ მსახურებაჲ თქუენი, რამეთუ, აჰა [244v] , ესერა, პრისკლე, მოწაფჱ პავლჱსი, წარვიდა პალიას და სხუანი სხუად კერძო, რაჲთა მეცა ვიქადოდი თქუენ მიერ, ვითარცა პავლე და სხუანი მოციქულნი მოწაფეთა მიერ თჳსთა.“ მიუგეს ბაგრატ და მარკიანე და ჰრქუეს: „უფალო ჩუენო, რავდენიცა მიბრძანო, ყოველსა ზედა მორჩილ ვართ.“ და მოუწოდა წმიდამან მოციქულმან პეტრე ყოველთავე ხუცესთა და დიაკონთა და ნეტარსა პავლეს. და წინაშე მათსა დასდვა ჴელი და მისცა კურთხევაჲ ებისკოპოსობისაჲ. და მოვიღეთ მათგან ლოცვაჲ და შთავედით ზღუად ძიებად ნავისა. და განგებულებითა ღმრთისაჲთა ვპოენით ორნი ნავნი, რომელთა სავაჭროჲ მათი მოევაჭრა და მზად იყვნეს წარსლვად. მოუწოდეს მენავეთმოძღუართა მარკიანე და ბაგრატ და ჰკითხვიდეს: „ვინანი ხართ, ძმანო, რომლისა სოფლისანი, ანუ რომლისა ქალაქისა?“ მიუგეს და ჰრქუეს მათ: „სიკილიელნი ვართ, ქალაქისა მის დიდისა და ჭალაკისა მის დიდისა, ერთი ტავრომენით და მეორჱ - სჳრაკუსით.“ ჰკითხეს კუალად: „და ვინაჲ გეგულების აწ წარსლვაჲ, ძმანო?“ ჰრქუეს მენავეთა მათ: „უკუეთუ ჰაერისაგან მარჯუებაჲ იქმნას, თჳსთავე ქალაქთა გუეგულების წარსლვად.“ ამას ზედა მოიქცეს ბაგრატ და მარკიანე მოციქულთა მომართ და ჰრქუეს: „ვპოენით ორნი ნავნი სიკილიელნი. მოვედით უკუე ჩუენ თანა ზღუამდე, რაჲთა ლოცვა ჰყოთ და წარვიდეთ მსახურებასა მას ჩუენსა.“ აღდგეს უკუე ნეტარნი იგი მოციქულნი, პეტრე და პავლე, და სხუანი იგი მათთანანი და მივიდეს სანავესა მას. და მისლვასა ოდენ [245r] მოციქულთასა მიეფინა მადლი ღმრთისაჲ გულთა მათ ზედა მენავეთასა და ეტყოდეს მოციქულთა: „უფალნო ჩუენნო, რაჲსა მოშურებით ჩუენდამო, რამეთუ ჩუენდა ღირს იყო თქუენისა პატივისა მომართ მოსლვაჲ.“ და შეიყვანნეს მოციქულნი ნავთა თჳსთა. ხოლო მათ იწყეს სწავლად მათა და ქადაგებად. და ჰრწმენა მათ და ნათელიღეს სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და უწოდა ნეტარმან მოციქულმან პეტრე სახელი ერთისა მის მენავეთმოძღურისა „ეპიფანე“, რამეთუ პირველ სახელედებოდა ლუკაონიდე. და მეორესა მას ეწოდა „რომილოს.“ და იყო რიცხჳ ნათელღებულთაჲ მათ ნავთა შინა, ვითარ ორას კაც. ხოლო მარკიანე და ბაგრატ აღივსნეს სიხარულითა და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელ-იგი ქრისტეანე იქმნეს თანამოგზაურნი მათნი, რაჲთა იყოს სლვაჲ მათი კაცთა თანა ჴელითა მოციქულთაჲთა განათლებულთა. ხოლო შემდგომად ნათლისღებისა კაცთა მათ იწყო ნეტარმან პეტრე სწავლად მათდა და ეტყოდა: „შვილნო საყუარელნო, არა არს სხჳთ[ა ს]ახითა ცხორებაჲ კაცთაჲ, გარნა მეორედ შობითა ამით წყლისა მიერ და სულისა, რამეთუ ესე არს დამჴსნელ კერპთმსახურებისაჲ, გრძნებისა და მისნობისაჲ. და ამის მიერ დადუმნა ჰურიათა იგი მრავლისმეტყუელებაჲ, რამეთუ გამოჩნდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, რომელი-იგი ღმერთი იყო ჭეშმარიტი და უცვალებელად თჳსისა ბუნებისაგან ჩუენი ესე ბუნებაჲ მიიღო. და ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა. არა [245v] განეშორა წიაღთა მამისათა, არამედ ზეცას იყო ღმრთებრ და იგივე ქუეყანასა ზედა იქცეოდა ღმერთი, შემოსილი ჩუენითა ამით ჴორცითა, ვითარცა სრული ღმერთი და სრული კაცი. და მან განაწესა მეორედ შობაჲ ესე მორწმუნეთა მისთაჲ და ზიარებაჲ ჴორცსა და სისხლსა მისსა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. ამას იწურთიდით მარადის. და სიტყუანი წარმართთა და ჰურიათანი ნუღარა შევლენედ სასმენელად თქუენდა, არამედ განემტკიცენით სარწმუნოებითა, სასოებითა და სიყუარულითა იესუ ქრისტესითა. და ღმერთმან დაგიცვენინ თქუენ ქრისტეს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა. ხოლო გუნებავს, შვილნო, ძმათაგან ჩუენთა წარმოვლენად თქუენ თანა, რაჲთა მოგაჴსენებდენ თქუენ და განგიახლებდენ მოცემულსა მაგას მადლსა.“ ხოლო ერნი იგი მათ ნავთანი, ვითარცა ერთისა პირითა, იტყოდეს: „დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო ქრისტე, სიტყუაო დაუსაბამოო და ძეო მამისაო, გურწამს, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ძლიერი და შენდა შევჰვედრებთ სულთა ჩუენთა, რომელი მოხუედ ძიებად ცოდვილთა.“ და ეტყოდეს მოციქულთა: „უფალნო ჩუენნო, მოგუცენით მოძღუარნი იგი ჩუენნი, რომელთათჳს სთქუთ, და წარვიდეთ ლოცვითა თქუენითა.“ ჰრქუა მათ წმიდამან პეტრე: „არა ეგრეთ, შვილნო, არამედ იყვენით, ვიდრემდის წარჴდენ რვანი დღენი ნათლვისა თქუენისანი, და მერმე წარხჳდეთ.“ მიუგეს და ჰრქუეს მათ: „ვითარცა ჯერგიჩნს ცხორებისათჳს ჩუენისა, განაგე, მოციქულო ქრისტესო, რამეთუ ჩუენ მზა ვართ მორჩილებად ბრძანებისა შენისა.“ [246r] ხედვიდა რაჲ ყოველი იგი ერი სარწმუნოებასა მას მენავეთასა, ჴმაყვეს: „ჭეშმარიტად წარმართთა ზედა მოვიდა კურთხევაჲ ქრისტესი.“ და აყუედრებდეს უმადლოსა მას ნათესავსა ჰურიათასა და იტყოდეს: „რაჲსათჳს განიშორე ცხორებაჲ შენი, სახლო ისრაჱლისაო, უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, ღმერთი ჭეშმარიტი, განჴორციელდა და მოვიდა ჴსნად შენდა და შენ არა ინებე შეწყნარებაჲ ცხორებისაჲ.“ და წმიდამან პეტრე ჴელი განუყარა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ უფლისაჲ თქუენ თანა, ძმანო, კეთილად აბრალებთ მათ, რამეთუ უფალიცა ჩუენი იესუ ქრისტე მრავალსა ასწავლიდა მათ და მრავალთა იგავთა წინაუყოფდა მათ, არამედ იგინი ნებსით დაბრმდეს და ვითარცა ლიტონსა კაცსა, ხედვიდეს მას. დაივიწყნეს სიტყუანი იგი წინაწარმეტყუელისანი და განცჳვეს გზისა მისგან წრფლისა, ვითარცა-იგი პირველ პატივსცეს ჴბოჲსა თავსა მას, რომელსაცა თაყუანის სცეს. ეგრეთ აწ იგივე საბურველი არს გულსა ზედა მათსა და ბრმა არიან გონებითა და ჴბოჲსა თაყუანისმცემელთაგანნივე არიან, რამეთუ სხუათა მრავალთა კერპთა ჰმონეს. და დაუკლნეს შვილნი მათნი ეშმაკთა და შეიბილწნეს ყოვლითა ბილწებითა. და აწ იტყჳან, ვითარმედ: „ერთსა ღმერთსა ვჰმსახურებთ.“ არამედ არა არს ნაწილი მათი ღმრთისა თანა, ვინაჲთგან მაცხოვარი იგი ჭეშმარიტი ჯუარს აცუეს. არამედ მიცემულ არიან ჴელთა ეშმაკისათა, რომელნი ეგნენ მათსა საცთურსა. ხოლო რომელნი მოიქცენ ქრისტესა და ისმინნენ სიტყუანი ქადაგებისა ჩუენისანი, არა განიშორნეს იგინი [246v] უფალმან, რამეთუ განღებულ არს კარი წყალობისა მისისაჲ ყოველთათჳს, რომელნი მოიქცენ მისსა, გინა ჰურიანი, გინა წარმართნი, ყოველთა შეიწყნარებს.“ ესევითარი მრავალი ასწავა ნეტარმან პეტრე ერსა მას და განუტევნა იგინი. და ხვალისა დღე შემოკრბა სიმრავლჱ უძლურთაჲ გარემოჲს ქალაქებისა და დაბნებისაგან. იხილეს მოციქულთა სიმრავლჱ იგი უძლურთაჲ გარემოჲს ქალაქებისა და დაბნებისაგან შემოკრებული. უბრძანეს მოწოდებაჲ მენავეთაჲ მათ, რაჲთა ხედვიდენ მადლსა მას ქრისტესსა და ძალსა მისსა. მოვიდეს მენავენი იგი და დადგეს ადგილსა ერთსა და ხედვიდეს სასწაულთა მათ ქრისტესთა, რომელთა იქმოდა ჴელითა მოციქულთაჲთა. მაშინ მოუჴდა პეტრე უძლურთა მათ და ყოველნივე შეხებითა ოდენ ჴელისაჲთა და სახელისდებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განიკურნნეს. და კუალად მოუჴდა ეშმაკეულთა მათ, დაიდგნა მუჴლნი ნეტარისა პავლეს თანა და ილოცეს უფლისა მიმართ. და ჰრქუა პეტრე სულთა მათ არაწმიდათა: „სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა გიბრძანებ სულთა მაგათ არაწმიდათა განსლვად კაცთა ამათგან და არღარა შესლვად მათდა!“ ესე რაჲ ესმა ეშმაკთა მათ, დააკუეთნეს კაცნი იგი და განვიდეს მათგან. და განწმდეს სენთა მათგან და სულთა არაწმიდათა ერნი იგი. ამას ყოველსა ხედვიდეს რაჲ მენავენი იგი, ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან [247r] ღირსყვნა იგინი განთავისუფლებად მონებისაგან მტერისა და კერპთმსახურებისა. ამისა შემდგომად მოუწოდა ნეტარმან პეტრე მენავეთა მათ და შემოკრიბნა ყოველნი მოწაფენი. და აღასრულეს გალობაჲ წმიდისა მოციქულისა პავლჱს თანა და აზიარეს ყოველთა უხრწნელთა და ცხოველსმყოფელთა ქრისტეს საიდუმლოთა. და ვითარცა აღესრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ, უბრძანა ერსა მას დაჯდომაჲ. და მოიღო პური, განტეხა და მისცა მათ წესისაებრ, რომელ აქუნდა. და იწყო სწავლად მათდა და ეტყოდა: „შვილნო საყუარელნო, ღმერთმან სახიერებითა თჳსითა და მრავლითა წყალობითა არარაჲსაგან ყოველივე არსად მოიყვანა და ქმნა დასაბამად ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუანი და ყოველი, რაჲ არს მას შინა, მშჳნვარენი და მცენარენი, დიდნი და მცირენი. ყოველნივე სიტყჳთა შექმნნა და ყოველივე კეთილ ფრიად. ხოლო კაცი ქმნა ჴელითა თჳსითა ხატად თჳსა და მსგავსებად. და მერმე გუერდისაგან მისისა უქმნა დედაკაცი შემწედ მისა. და დაასხა სამოთხჱ ედემს აღმოსავალისასა და მუნ დააწესა კაცი იგი, ქმნული ჴელთა მისთაჲ, რაჲთა სცვიდენ მას და ჭამდენ მისგან და იყვნენ უხრწნელებით. და მისცა მათ მცნებაჲ ჭამად ყოველთაგან ხეთა სამოთხისათა, გარეშე ერთისა. ხოლო ეშმაკსა ესმა რაჲ მცნებაჲ იგი ღმრთისაჲ, რომელი მისცა ადამს, და ვითარ-იგი უფროჲს ყოველთა დაბადებულთა პატივსცა მას, შეშურდა პატი [247v] ვი მისი ბოროტსა მას. და ეზრახა გუელისა მიერ დედაკაცსა მას და მის მიერ აცთუნა ადამ ჭამად ხისა მისგან, რომლისაჲ უბრძანა ღმერთმან არაჭამად. ამისთჳს ექსორია იქმნა იგი სამოთხისაგან და ოფლითა პირისა მისისაჲთა დაესაჯა ჭამად პურისა და მიქცევად მიწადვე, ვინაჲცა დაებადა. და დედაკაცსა მას მიეცა სამხილებელად ურჩებისა თჳსისა სალმობით და მწუხარებით შობაჲ. და გუელსა უბრძანა რისხვით მკრდითა და მუცლითა სლვაჲ. და ყოველი იგი ბრძანებაჲ მეუფისაჲ აღესრულა. ხოლო ადამ დაემკჳდრა წინაშე სამოთხესა და იცნა ცოლი თჳსი და შვა კაენ და აბელ. და არცა მათ ზედა დაიდუმა ეშმაკმან ღონეთა თჳსთა მოღებად. არამედ იყო რაჲ კაენ ქუეყანისა მოქმედ და აბელ მწყემს ცხოვართა და მოიწია რაჲ ჟამი შეწირვისა ღმრთისა პირველთა მათ ნაყოფთა, კაენმან პირველ შეწირვისა უმჯობესი იგი ჭამა და მერმეღა შეწირა ღმრთისა. ამისთჳსცა შეუწირველ იყო მსხუერპლი მისი. ხოლო აბელ მოიღო პირმშოთაგან საცხოვართა თჳსთაჲსა, შეწირა ღმრთისა და შეიწირა იგი უფალმან. ამისთჳს შური აიღო კაენ აბელისი განზრახვითა ეშმაკისაჲთა და მოკლა იგი ველსა გარე. მიერითგან მიზეზი და ძალი მიიღო ცოდვამან ურჩებისაგან. და პირველად ქმნა ძმის მკლველობაჲ იგი და ესრეთ დღითიდღე წარემატებოდა, განმრავლ [248r]დებოდეს რაჲ კაცნი. ყოველივე ბოროტი ასწავა მათ და პირუტყუთა მიმსგავსებულ ყვნა. ამისთჳს დაუტევეს ბუნებითი იგი წესი დედათაჲ და მამანი მამათა თანა სირცხჳლსა მას იქმოდეს და ღმერთი სრულიად დაივიწყეს. ამისთჳსცა აღჰმართნეს კერპნი უსულონი ძელისა და ქვისანი, რომელთაცა ღმერთად სახელსდვა ეშმაკმან და თაყუანისმცემელ ყვნა კაცნი. ხოლო სახიერმან ღმერთმან იხილა რაჲ ესევითარი ხრწნილებაჲ კაცთაჲ და სიბოროტჱ, მოავლინა წყლითრღუნაჲ და აჴოცა ყოველი ნათესავი კაცთაჲ. და ერთი ხოლო კაცი პოვა ნათესავსა მას შინა, სახელით ნოე, რომელსაცა უბრძანა ქმნად კიდობანი ძელთაჲ და შესლვად მას შინა ცოლით და შვილითურთ და ყოველთაგან ცხოველთა, რაჲთა დაშთეს თესლი ქუეყანასა ზედა. ხოლო შემდგომად წყლითრღუნისა, გამოვიდა რაჲ ქუეყანად მართალი იგი, კუალად იწყო ეშმაკმან თჳსთა მახეთა განფენად და პირველად ძჱ მართლისაჲ მის ყო შემსმენელ მისა. და მერმე განმრავლდებოდეს რაჲ კაცნი ქუეყანასა ზედა, თჳსთა მათ გულარძნილებათა და ღუარძლთა არა დასცხრებოდა თესვად მათ შორის, ვიდრემდის ყვნა კუალად გონება ცთომით. და იწყეს მოპოვნებად გრძნებათა და მისნობათა ვარსკულავთმრაცხველობათა, საზმნელთა და სასიზმრეთა და მფრინველთ მისნობასა და მუცლითმეზღაპრებასა. ესე ყოველი რაჲ აქმნია ბოროტმან მან მუშაკთა მათ თჳსთა, მერმე კერპთა [248v] საცთურიცა შთასთესა და აქმნია გამოქანდაკებულნი ძელისა და ქვისა, ოქროჲსა და ვეცხლისა და რვალისანი, რომელნი-იგი აღჰმართნეს და უზორვიდეს მათ გონებაცთომილნი იგი. და ღმერთად სახელსდებდეს მოძღურებითა ეშმაკისაჲთა, რომელმან ესევითარი იგი საცთური ასწავა მათ. და ღმერთი, ყოველთა დამბადებელი, სრულიად დაავიწყა. ხოლო ესევითარსა მას ნათესავსა შორის გამოჩნდა აბრაჰამ მართალი, რომელმან შეიყუარა ღმერთი მაღალი, და მას ჰმონებდა და ბრძანებათა მისთა შეუდგა. ამისთჳსცა მოსცა ღმერთმან შვილი ჟამსა სიბერისა და ბერწობისასა უაღრეს სასოებისა. და ამისა შემდგომად გამოსცდიდა ღმერთი მართალსა მას. და უბრძანა საყუარელისა მის შვილისა დაკლვაჲ და შეწირვად მისა. ხოლო აბრაჰამ, ვითარცა ჭეშმარიტად მეგობარმან ღმრთისამან, გულსმოდგინედ აღიყვანა შვილი თჳსი შეწირვად. არამედ ღმერთმან მოსცა ვერძი ისაკის წილ, ძისა მისისა, და უბრძანა აბრაჰამს ვერძისა მის დაკლვად და არა ისაკისსა. და შეერაცხა მას საქმჱ იგი სიმართლედ. ამისთჳსცა აკურთხა იგი უფალმან ღმერთმან ფრიად და „მამად მრავალთა წარმართთა“ უწოდა მას. მრავალნი უკუე მეფენი აღადგინნა შეწუხებად მისსა ეშმაკმან და ყოველთაგან იჴსნა მართალი იგი უფალმან. და აღესრულა სიბერითა კეთილითა. ხოლო ისაკისგან იშვა იაკობი და მისგან ათორმეტნი ძენი. და შთავიდეს იგინი ეგჳპტედ იოსების თანა და ფრიად [249r] განმრავლდეს მუნ. და მიერ გამოიყვანნა იგინი ღმერთმან ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა მოსეს მიერ და აჰრონისა. და წიაღვლეს ზღუაჲ მეწამული და უდაბნოჲ იგი დიდი. და მერმე ისუჲს მიერ ნავესსა შემოიყვანნა იგი ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვინაჲ-იგი დაეშენნეს, ვიდრემდის აღადგინა ღმერთმან დავით, კაცი იგი გულითადი მისი. და შემდგომითი შემდგომად წინაწარმეტყუელნი და მართალნი და ესე ყოველნი მართალნი: აბელ, სეით, ენოს, ენუქ, ნოე, აბრაჰამ, ისაკ, იაკობ, იოსებ, მოსე, აჰრონ, ისუ, დავით და სხუანი წინაწარმეტყუელნი მადლითა სულისა წმიდისაჲთა მოასწავებდეს და ქადაგებდეს მოსლვასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელიცა მოვიდა აღსასრულსა ჟამთასა მოძიებად წარწყმედულისა მის ნათესავისა კაცთაჲსა, რომელი ვერვინ წმიდათაგანმან იჴსნა საცთურისა მისგან მტერისა. მოვიდა თავადი უფალი და ღმერთი ყოველთაჲ იშვა ქალწულისაგან წმიდისა უთესლოდ. და ყოვლითურთ გუემსგავსა ჩუენ თჳნიერ ცოდვისა. ხოლო უბადრუკთა ჰურიათა მაცხოვარი იგი ყოველთაჲ არა შეიწყნარეს, არამედ ანტაკრად წინააღუდგეს, ვიდრემდის ჯუარს აცუეს საშჯელითა მით სიკუდილისაჲთა და ყოველივე ძჳრი აჩუენეს მას. ხოლო მან ნებსით თავსიდვა ჩუენთჳს, რაჲთა წყლულებითა მისითა განმკურნნეს ჩუენ. ჯუარს ეცუა და მოკუდა ბუნებითა მით კაცობრივ ჴორცთაჲთა, ხოლო ღმრთაებითა უვნებელ და უკუდავ არს. დაეფლა სამარესა და წარმოტყუენა [249v] ჯოჯოხეთი, აღდგა მესამესა დღესა განუხრწნელად და თანა აღადგინა ბუნებაჲ ჩუენი, დაძუელებული ჯოჯოხეთს შინა. და ორმეოც დღე იქცეოდა ჩუენ შორის და მეჩუენებოდა ჩუენ, ვითარცა ჯერუჩნდა. მერმე ამაღლდა მამისა, ვინაჲ-იგი არასადა განეშორა, და თანააღიყვანა ბუნებაჲ კაცთაჲ. და მომივლინა ჩუენ სული წმიდაჲ და მიბრძანა ნათელცემად ყოველთა წარმართთა სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და მოსლვად არს კუალად განსჯად ცხოველთა და მკუდართა და მიგებად კაცად-კაცადისა საქმეთა მათთაებრ. რომელთაცა უკუე ჰრწმენეს მისი და მცნებანი მისნი დაიმარხნენ, მისცე(მ)ს მათ სასუფეველსა ცათასა, ხოლო რომელნი ურწმუნოებასა შინა ეგნენ და საქმეთა ბოროტთა, გეჰენიისა ცეცხლსა შინა დაისაჯნენ მიუკუე. აწ უკუე, შვილნო ჩემნო უფლისა მიერ, რომელნი ღირს იქმნენით წოდებად მონა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, მცნებანი მისნი დაიმარხენით, მშჳდობაჲ გაქუნდინ მარადის, სიყუარული ღმრთისა მიმართ და ურთიერთას სარწმუნოებითა მართლითა წმიდისა სამებისაჲთა, გლახაკთ მოწყალებაჲ, უცხოთა შეწყნარებაჲ, ნუ კაცთა საჩუენებელად, რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: „ნუ სცნობს მარჯუენჱ შენი, რომელსა ჰყოფდეს მარცხენე შენი.“ ძმათა მიმართ ნუ ხართ მრისხანე, ნუცა ძჳრისმოჴსენე, ნუცა ვეცხლისმოყუარე, რაჲთა აღორძინდეს ნერგი მადლისაჲ, თქუენ შორის დანერგული. და გან [250r] ბრწყინდეს მოძღურებაჲ სარწმუნოებისა თქუენისაჲ, რამეთუ მრავალნი განსაცდელნი აღგიდგინნეს თქუენ ეშმაკმან, არამედ ვერ გერეოდის თქუენ, უკუეთუ იპოვნეთ თქუენ შეჭურვილ ღმრთისმსახურებითა. სიძვაჲ და ყოველივე არაწმიდებაჲ, ანგაჰრებაჲ და ცრუ წამებაჲ შორს ყავთ თქუენგან. იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა ღმერთმან მშჳდობისა და სახიერებისამან ღირსგყვნეს პოვნად სასუფეველსა მისსა.“ ამათ სიტყუათა რაჲ ეტყოდა ნეტარი მოციქული ქრისტესი, აღივსნეს გულნი მის ერისანი სიხარულითა და ლმობიერებითა. ხოლო წმიდამან პეტრე განიყვანა თჳსაგან ნეტარი პავლე მოციქული. და წინაშე მისა მოუწოდა ბაგრატს და მარკიანეს და ჰრქუა მათ: „შვილნო, მადლი იგი მოციქულებისაჲ ამიერითგან მოცემულ არს თქუენდაცა, ვითარცა-ესე ჩუენდა, სულნი იგი კაცთა მათ მყოფთანი ქალაქთა მათ შინა, ვინაჲცა მიივლინებით თქუენ, და რწმუნებულ არიან მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. ესერა, ყოველივე წესი და განგებაჲ ქრისტეანობისაჲ მისწავიეს თქუენდა. განეკრძალენით უკუე სამწყსოჲსა მის თქუენისათჳს, რამეთუ, უკუეთუ მწყემსი უდებ არნ და უზრუნველად სძინავნ, მჴეცთა და მპარავთა წარიტაცნენ ცხოვარნი, ხოლო იღჳძებდეს თუ ვინმე და ზრუნვიდეს ცხოვართათჳს, განმრავლდენ იგინი. ეგრეთ არს მწყსაჲცა სულთაჲ, რომელთაცა მიუღებიეს უღელი ებისკოპოსობისაჲ. უკუეთუ ებისკოპოსი [250v] ცოდვიდეს, მოძღურებასა მისსა შინა მყოფთა ვითარ არგოს, ანუ რისხვისაგან მომავალისა ვითარ გამოიჴსნნეს იგინი, არათუ აქუნდეს კადნიერებაჲ დადგომად წინაშე ღმრთისა? რამეთუ, დაღაცათუ ყოველნი იგი ქალაქსა მას შინა მყოფნი შთაცჳვენ ცოდვასა, უკუეთუ იგი ოდენ უბიწო და წმიდა იყოს, ითხოოს ყოველთათჳს შენდობაჲ, ვითარცა მოსე ჰყოფდა ერისა მისთჳს. უჴმს უკუე ებისკოპოსსა სიწმიდითა და მარხვითა შემკულებაჲ და ყოვლისავე სოფლიოჲსა და წარმავალისა საქმისაჲ შორს ყოფაჲ და ღმრთისა შემშჭუალვაჲ გონებისაჲ, რაჲთა, ოდეს შეცოდებულთათჳს შეწიროს სულთქუმით ვედრებაჲ, შეუძლოს შენდობისაჲსა მოღებაჲ შეცოდებულთაჲსა. ამისთჳს უკუე ნუ მისცემთ თავთა თქუენთა ზრუნვათა სოფლიოთა, არამედ საჴმართა მათ საჭიროთა მნეთა მიერ და განმგებელთა მოირეწდით და თქუენ მარადის გალობითა და ფსალმუნითა ჰმსახურებდით უფალსა, რაჲთა ოდეს რისხვაჲ რაჲმე მიშუებითა ღმრთისაჲთა მოვიდეს სამწყსოსა ზედა თქუენსა და ევედრნეთ უფალსა, ვითარცა მეგობართა, გერჩდეს თქუენ და შეუნდვნეს ბრალნი ერისანი და გარე მიაქციოს გულისწყრომაჲ მისი. ხოლო უკუეთუ მწყემსი იგი არა იყოს უბიწო და მეგობარ ღმრთისა, ვინ მოწყალე ყოს ღმერთი ერისა მისთჳს? ვერ ჴელეწიფების უკუე მონებაჲ კაცთაჲ და ღმრთისაჲ. ცილისწამებასა ადვილად ნუვისთჳს შეიწყნარებთ და უფროჲსღა მღდელთათჳს, არამედ უკუეთუ ბრალეულცა იყოს, [251r] ნუ სიფიცხლით ზედა დაუჴდებით მას. არამედ სიტკბოებით ამხილეთ მას, შეჰრისხენით, ნუგეშინის ეცით, რამეთუ მე, პეტრე, ვჰკითხე შიშით უფალსა ჩემსა იესუ ქრისტეს ძმათათჳს: „უკუეთუ შემცოდოს მე ძმამან ჩემმან ვიდრე შჳდგზის, შეუნდოა?“ და მრქუა მე უფალმან: „არა გეტყჳ შენ შჳდგზის, არამედ სამეოცდაათ შჳდგზის.“ ესრეთ უკუე ჰყოფდით თქუენცა! ხოლო მსახურთა ეკლესიისათა დაუდგინეთ უხუცესი და ხუცესთა - ხუცესთმთავარი და დიაკონთა - მთავარდიაკონი და სხუათა საქმეთა ეკლესიისათა - მნჱ სარწმუნოჲ. და აღაშენნეთ რაჲ ეკლესიანი, აღჰმართეთ მას შინა სახჱ ჯუარისა პატიოსნისაჲ და გამოსახენით საქმენი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი.“ და მოიხუნა მაგალითნი იგი, გამოსახულნი იოსების მიერ მხატვარისა. და უბრძანა გამოსახვად სხუათა ზედა ქარტათა და ეტყოდა: „მაგას წესსა ზედა შეამკობდით ეკლესიათა, გამოსახეთ ხარებაჲ გაბრიელისი ქალწულისა მიმართ, შობაჲ უფლისაჲ, ნათლისღებაჲ იოვანესგან, შეწყნარებაჲ მოწაფეთაჲ, სასწაულნი მისნი, განცემაჲ იუდაჲსი, ჯუარცუმაჲ, დაფლვაჲ, აღდგომაჲ და აღმოყვანებაჲ ადამისი ჯოჯოხეთით და ამაღლებაჲ, რაჲთა ხედვიდენ ერნი ამას ხატებსა და ჴსენებად მოვიდოდიან ქრისტეს განკაცებისა. და განახლდებოდის მათ შორის დღითი-დღე სარწმუნოებაჲ და სიყუარული ქრისტესი. აჰა ესერა, ყოველი წესი ცხორებისაჲ მისწავიეს თქუენდა.“ ესე ყოველი და სხუაჲ ესევითარი მრავალი ჰრქუა მათ. და მოიღო პური, აკურთხა და განტეხა და მისცა მათ და მენავეთა მათ, [251v] ეგრეთვე ბარძიმი იგი სასუმლისაჲ. და აღასრულეს გალობაჲ და მოიკითხნა ყოველნი. და მისცნა ბაგრატს და მარკიანეს ორნი ჯუარნი, რომელნი გამოეთალნეს მას ძელისაგან ნაძჳსა, და ქარტანი იგი გამოხატულნი და ბარძიმ-ფეშხუემი წმიდისა ჟამისწირვისაჲ ორი. და შთავედით ყოველნი ზღჳსპირად. და ამბორსუყვეს ურთიერთას ნეტართა მათ ამბორისყოფითა წმიდითა. და შევედით ნავად კაცად-კაცადი თჳსსა ნავსა: ნეტარი მარკიანე - ნავსა რომილესსა და წმიდაჲ ბაგრატ და მე მის თანა - ნავსა ლუკაონიდესსა, რომელსა ეწოდა „ეპიფანე.“ ხოლო ბრძანებითა ღმრთისაჲთა აღდგა ქარი იგი ჩრდილოჲსაჲ, რომელსა „ბორიაჲ“ ეწოდების. და სამ დღე და სამ ღამე ზოგად ვიდოდეს ნავნი იგი. და განგებითა ღმრთისაჲთა მიეახლნეს ნავნი იგი ურთიერთას მეოთხესა დღესა განთიად. და იხილნეს ნეტართა მარკიანე და ბაგრატ ურთიერთას და მოკითხვაჲ სიტყჳთა მშჳდობისაჲთა მისცეს. და მეყსეულად განგუეშორა ჩუენ ნავი იგი და მიჰმართა ქალაქად თჳსად. ხოლო შემდგომად განშორებისა მისისა ვლეთღა სხუაჲ ორი დღჱ და ორი ღამეჲ. და მივიწიენით ჭალაკად სიკილიისა, ადგილსა, რომელსა „ფალკონ“ ეწოდების. ხოლო იყო ადგილი იგი საკერპო ეშმაკთა სამსახურებელი, რამეთუ ადგილი იგი პირველ ყოფილ იყო მტილი ფალკონილაჲსი, დედისა ფალკონისი, ასულის წუ [252r] ლისა მენიაჲსი, ტავროჲს ცოლისაჲ. იგი უკუე ფალკონილა იყო გონიერ და ქმნულკეთილ ფრიად, ვითარცა იპოვა წერილსა საქმესა პირველთა კაცთაჲსა, ვიდრეღა ცნობიერებისა და სიკეთისა მისისათჳს. მრავალნი ძღუენსა მისცემდეს ფრიადსა, რაჲთამცა ოდენ იხილეს იგი. შვა მან ძჱ და უწოდა სახელი მისი „ფალკონ“, შემსგავსებულად თჳსისა სახელისა. და იქმნა ყრმაჲ იგი მაგებელ და ჴელმარჯუე და შუენიერ ხილვითა. და შთავიდა განფრთხობად მტილსა მას. და დაეცა მეყსა შინა და მოკუდა და დაჰმარხეს მტილსა მას შინა. და აღაშენეს მუნ ტაძარი შუენიერი, შემკული მამულისა მისისა საფასისაგან. და აღჰმართეს სამარესა მას ზედა კერპი ქვისაჲ, გამოქანდაკებული, რომელსაცა სახელსდვეს „ფალკონ ღმერთი.“ და დაუკლნეს მას სამნი ჭაბუკნი და სამეოცდაათცამეტი ჴბოჲ ჩჩჳლი. და დაიმკჳდრეს მუნ ეშმაკთა მიერ დღითგან. და წლითი-წლად ესევითარსა მას საზორველსა ეძიებდეს - სამთა მათ ჭაბუკთა და სამეოცდაათცამეტსა ჴბოსა. ხოლო ჩუენ გან-რაჲ-ვედით ნავისაგან ჴმელად, დაასვა ნეტარმან ბაგრატ კუერთხი იგი ჯუარისაჲ ქუეყანასა და აღასრულა ლოცვაჲ. მაშინ ეშმაკთა მათ, რომელნი იყვნეს კერპსა მას შინა, იწყეს გოდებად და ძრვად კერპისა მის და იტყოდეს: „ჵ, ღმერთო ფალკონ, ძეო ფალკონილაჲსო, ცეცხლი მოვიდა შემწუველად [252v] შენდა და ამიერითგან ტყუე ხარ, რამეთუ ძემან ღმრთისამან, ქალწულისა მარიამისაგან შობილმან, მახჳლი ცეცხლისაჲ მოავლინა აქა პეტრეს მიერ, რომლისა ელვამან განაბრწყინვა ადგილი ესე და ჩუენ შეგუაძრწუნნა. ჵ, ლუკაონიდე, ვინ არს ეგე, რომელი მოიყვანე აქა, ანუ ვითარ არა დაწუა ნავი შენი მსხუერპლისა წილ, რომელსა ჩუეულ იყავ მორთუმად ჩუენდა? ცეცხლი მოიღე, რომელსა არაოდეს მოველოდეთ ხილვად.“ ხოლო დიდმან ბაგრატ გამოსახა ნიში ჯუარისაჲ და ჰრქუა არაწმიდათა მათ ეშმაკთა: „სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა გიბრძანებ სულთა მაგათ არაწმიდათა, რაჲთა დასდუმნეთ და აღჳრ ასხნეთ პირსა თქუენსა.“ და მეყსეულად სიტყუასა თანა მისსა დასცხრეს ჴმანი იგი და ოხრანი. ხოლო იყო სანავე ლუკაონიდესი ახლოს ადგილსა მას, ვითარ ქვის სატყორც ოდენ, და სახლი, სადა-იგი ჭურჭელი ნავისაჲ შეკრიბის. წარვედით სახლსა მას და განვისუენეთ. ჰრქუა ნეტარმან ბაგრატ ლუკაონიდეს და მენავეთა მისთა: „შვილნო ჩემნო, ნუვინ სცნობნ ჩემსა აქა მოსლვასა, ვიდრემდის უფალმან გამოგუაცხადნეს.“ და წარვიდეს მენავენი ნავად თჳნიერ, მენავეთმოძღუარი ოდენ დაადგრა ჩუენ თანა. მაშინ მრქუა მე ნეტარმან ბაგრატ: „შვილო ევაგრე, აღვიღოთ აწ საჭურველი ჩუენი და მოუჴდეთ უსულოსა მას კერპსა, ფალკონს. და ვიოტოთ ძალითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა [253r] ყრუჲ იგი და უტყჳ, რომელმან მრავალნი სულნი წარწყმიდნა.“ ესე რაჲ ესმა მენავეთმოძღუარსა მას, ჰრქუა ნეტარსა ბაგრატს: „მამაო ღმერთშემოსილო, გევედრები, ნუ ესრეთ მოუჴდები არაწმიდასა მას ფალკონს, რამეთუ სულმან მან ბოროტმან, რომელ არს მის თანა, მრავალნი მოაკუდინნა, და ამისთჳს თჳნიერ შესაწირავისა არავინ იკადრებს მიახლებად მისა.“ მიუგო ნეტარმან მან და ჰრქუა: „ჩუენ, შვილო ეპიფანე, არა მოგჳღებიეს სული მოშიშებისაჲ, არცა ვზრუნავთ რასა უცნებათათჳს საეშმაკოთა, რამეთუ გუმოსიეს მადლი სულისა წმიდისაჲ. არამედ მოედ შენცა, შვილო, და იხილო დიდებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და წარწყმედაჲ ბოროტისა მის ფალკონისი.“ და აღიღო მან ცხოველსმყოფელი და პატიოსანი ჯუარი და ხატი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და წმიდისა მოციქულისა პეტრეჱსი. და მივედით რაჲ კერპისა მის, მიეახლა და სცა მას წმიდამან ბაგრატ. და არა იყო ჴმაჲ, არცა სიტყუაჲ, არცაღა იპოებოდა ზახებაჲ იგი ეშმაკთაჲ. ხოლო მენავეთმოძღუარი იგი შორით დგა და მოელოდა, რაჲ-ძი იქმნას, რამეთუ ჰგონებდა მოკუდომად ჩუენდა. ხოლო ნეტარმან ბაგრატ მოიდრიკნა მუჴლნი აღმოსავალით კერძო და განიპყრნა ჴელნი ზეცად და თქუა: „უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, სიბრძნეო და ძალო და ხატო უცვალებელო მამისაო, ნათელო ნათლისაგანო, ღმერთო ჭეშმარიტო, მხოლოო მხოლოდშობილო [253v] ძეო და სიტყუაო მამისაო, რომელი იშევ ქალწულისაგან სულისა მიერ წმიდისა, მომიჴსენე მე ჟამსა ამას, რამეთუ შენ, მეუფეო, ხატითა ღმრთაებისაჲთა იყავ და ხატი მონებისაჲ მიიღე. შენ გევედრები, მეუფეო სახიერო და ქველისმოქმედო, მოავლინე ჩემ ზედა მადლი შენი და დამფარენ მე სულმან შენმან წმიდამან დღესა ბრძოლისასა, რამეთუ, ესერა, უფალო, მოწევნულ არს ჩუენ ზედა ბრძოლაჲ ეშმაკისაჲ, რომელნი-იგი ისწრაფიან დაბადებულთა შენთა წარწყმედად თავთა თჳსთა თანა. არამედ გევედრები შენ, უფალო იესუ ქრისტე, რომელი ჩუენისა ცხორებისათჳს გარდამოჰჴედ ქუეყანად, მოჰფინე ნათელი შენი გულთა კაცთა ამათ ამის ქალაქისათა და ჩუენ მოგუეც სიტყუაჲ აღებასა პირისასა, რაჲთა ვხადოდით მადლსა სულისა შენისა წმიდისასა. და მიუთხრობდეთ ერთა ამათ საკჳრველებათა შენთა. ხოლო არაწმიდაჲ ესე სული, რომელი მკჳდრ არს ამას ადგილსა და აცთუნებს დაბადებულთა შენთა და განაშორებს მათ შენგან, წარწყმიდე ყოვლითურთ ძალით თჳსით, უფალო იესუ ქრისტე, რამეთუ შენდა გშუენის დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ და აღასრულა რაჲ ლოცვაჲ, მიეახლა კერპსა მას და ჰრქუა: „ფალკონ, ცოფო და უცნობოო, რასა იქმ აქა, ანუ რავდენი წელი არს, ვინაჲთგან დაბადებულთა ღმრთისა ჩუენისათა აცთუნებ, რაჲთა შენდა შეწირონ შესაწირავი ღმრთისა წილ დამბადებელისა? გიბრძანებ სახელითა ქრისტესითა, მეტყოდე მე!“ [254r] მაშინ სულმან მან არაწმიდამან ჴმაყო კერპით გამო: „მონაო ღმრთისაო, არს ორას სამეოცი წელი, ვინაჲთგან აქა დავემკჳდრე. და წლითი-წლად მოვიღებ მსხუერპლად სამთა ჭაბუკთა და სამეოცდაათცამეტსა ჴბოსა ჩჩჳლსა და მრავალნი მომიკუდინებიან. ხოლო აწ ტყუე ვარ შენ მიერ და შემწენი ჩემნი და მოყუასნი აღჳრსხმულ არიან და შეძრწუნებულ ვართ, რამეთუ ცეცხლი შენგან გამოვალს და დამწუავს ჩუენ.“ ესე რაჲ ესმა წმიდასა ბაგრატს, გამოვიდა ტაძრისა მისგან და თქუა ჴმითა მაღლითა: „თქუენ გეტყჳ, სულთა მაგათ არაწმიდათა, და გაფუცებ სახელსა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, რაჲთა შემოჰკრბეთ ყოველნი, რომელნი ამას ადგილსა დამკჳდრებულ ხართ. და უპყართ ყრუსა მას და უსულოსა ფალკონს და შთააგდეთ ზღუასა ოცდაათ უტევან. და თქუენ იყვენით მის თანა უფსკრულსა მას შინა ვიდრე დღედმდე დიდისა მის საშჯელისა.“ და მეყსეულად სიტყუასა მას თანა იქმნა ოხრაჲ ფრიადი. და ვიხილეთ სიმრავლჱ დიდი ყორანთა და ორბთაჲ. და აღფხურეს ტაძარი იგი კერპითურთ ფალკონისით და შთაჴადეს ზღუად. და გუესმა ჴმაჲ ზღუასა შთავრდომისა მისისაჲ. და იქმნა ადგილი იგი ყოვლითურთ შეუმსგავსებელ, ვიდრეღა ვერ საცნაურ იყო, სადა დგა კერპი იგი, ანუ ტაძარი. ხოლო ლუკაონიდე, რომელსა ეწოდა „ეპიფანე“, იხილა რაჲ [254v] საკჳრველებაჲ იგი, ადიდებდა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა განკჳრვებული. ხოლო ღამე იყო, ოდეს ესე იქმნა და მეყსეულად მოვიქეცით სახლსა მას, სავანესა ჩუენსა. და აღვასრულეთ გალობაჲ ცისკრისაჲ. და ვითარცა განთენა, ჰრქუა მენავეთმოძღუარმან მან ნეტარსა ბაგრატს: „მამაო ღმერთშემოსილო, მიბრძანე, რაჲთა წარვიდე ქალაქად ვონიფანტესსა, მთავრისა მის ჩუენისა, და ავრილიანოს ქალაქპეტისა, რამეთუ ჩუეულებაჲ მაქუს, ოდეს გზით მოვიდი, მივართუ მათ ძღუენი.“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „წარვედ, შვილო, მშჳდობით და ეკრძალე, რაჲთა ვერვინ უძლოს განყენებად შენდა სიყუარულსა ქრისტესა. არამედ მტკიცე იყავ სარწმუნოებასა ზედა, რომელი-ეგე მიგიღებიეს.“ ხოლო მან მიიღო ლოცვაჲ და წარვიდა. და თანაწარიღო ძღუნად მთავრისა ექუსი ტაბასტაი რჩეული ასიანური და ოცდაათი კოკაჲ ზეთი კრიტული და ოცდაათი კოკაჲ ღჳნოჲ ნოსაური. და სხჳსა მიერ მონისა მიუძღუანა ქალაქპეტსა მას ავრილიანოსს, რაჲ-იგი ჯერუჩნდა. ხოლო მი-რაჲ-ვიდა მთავრისა ვონიფანტესსა, პოვა იგი მეინაჴეთა მისთა თანა მჯდომარჱ ტაბლასა. იხილა რაჲ მთავარმან ლუკაონიდე, შეიწყნარა იგი კეთილად და ძღუენი იგი მისი შეიწირა წადიერად და უბრძანა ტაბლასა მისსა დაჯდომად. ხოლო აღდგეს რაჲ ტაბლისაგან, აღვიდა ვონიფანტე მთავარი ერთისა თანა მეგო(ბ)რისა თჳსისა ქორსა მას სასუენებელსა თჳსსა. და აღ [255r] უწოდა ლუკაონიდესცა და უბრძანა დაჯდომაჲ. და იწყო კითხვად მისსა ასიისათჳს და ლაკედემონისა და კერძოთათჳს აღმოსავალისათა მთავართათჳს და სპაჲპეტთა, თუ ვითარ იქცევიან. მიუგო ლუკაონიდე და ჰრქუა მას: „ყოველივე აღმოსავალით კერძო, უფალო ჩემო, კეთილად და მშჳდობით არს, რამეთუ მიეფინა მათ მშჳდობაჲ დიდისა ღმრთისაჲ. და აცხოვნებს მათ ყოველთა, რომელთა ჰრწამს მისი. და ყოველივე შფოთი დაადუმა ჭეშმარიტმან ღმერთმან.“ ჰრქუა მას მთავარმან: „და რომელი ღმერთი შემძლებელ არს უფროჲს ჩუენთა მათ ღმერთთა?“ მიუგო ლუკაონიდე და ჰრქუა მას: „ისმინე, მთავარო ბრწყინვალეო, ღმერთი ჭეშმარიტი და ყოვლისავე შემძლებელი იესუ ქრისტეჱ არს უფალი იგი ყოვლისაჲ და შემოქმედი ცისა და ქუეყანისაჲ და ზღჳსაჲ, რომელი განანათლებს ყოველსავე სოფელსა ნათლითა სამარადისოჲთა, რომელმან მოიძინა წარწყმედულნი ცხოვარნი და შეკრიბნა თჳსსა ბაკსა, რამეთუ დაცხრომილ არს საცთური კერპთაჲ და სიბოროტენი გრძნებათა და მისნობათა და სიზმართანი. არღარა არს დაკლვაჲ შვილთაჲ ეშმაკთა წინაშე ბილწთა, არამედ მსხუერპლი ქებისაჲ შეიწირვის და მსახურებაჲ სიტყჳერი ღმრთისა ცხოველისა ჭეშმარიტისა.“ ესე რაჲ ესმა ვონიფანტეს, განკჳრვებულ იქმნა და ჰრქუა მას: „რაჲ არს სიტყუაჲ ეგე, საყუარელო, რამეთუ არასადა მასმიეს ესევითარი, ვითარ-ეგე შენ იტყჳ? კუალადღა წარმომითხარ და გულისჴმა მიყავ სიტყუაჲ ეგე.“ და ვიდრეღა [255v] იგი ამას იტყოდა, პირველ სიტყჳს დაწყებამდე ლუკაონიდესა, აჰა ესერა, მოიწინეს ქურუმნი იგი ფალკონისნი, რომელნი ჴმითა წრტიალითა გოდებდეს და იტყოდეს: „ჵ, მთავარო, დიდებულო ნახპეტო, ქალაქთა მაშენებელო, საკუთარო დიდთა ღმერთთაო, რასა გძინავს და მოწევნულსა ამას ბოროტსა არა იკითხავ?” ესმა რაჲ ესევითარი ამბოხებაჲ, განავლინნა წინაშე მდგომელნი მონანი ცნობად, თუ რაჲ-ძი არს საქმჱ იგი. და არარაჲ მიუგეს მათ. შემოვიდეს და მრქუეს: „არარას მეტყჳან ჩუენ.“ მაშინ მთავარმან შეირტყა სარტყელი თჳსი და წარდგა არდაბაგსა მას. ხოლო ერთა მათ იხილეს რაჲ იგი, ჴმობდეს: „ჵ, მთავარო დიდებულო, ქალაქთა მაშენებელო, ბრწყინვალეო ნახპეტო, არა ხედავა განსაცდელსა ამას მოწევნულსა ჩუენ ზედა, რომელ-ესე არასადა გარემოთა მათ ქალაქთა მოწევნულ არს ესევითარი? რამეთუ დიდი იგი ღმერთი ჩუენი, ფალკონ, და შუენიერებაჲ ქანდაკებულისა მისისაჲ უჩინო იქმნა ბომონი იგი და საყდარი ოქროლესული. და ტაძარი იგი დიდი ესრეთ უჩინო იქმნა, ვიდრეღა არცათუ ადგილი მისი საცნაურ არს, თუ სადა აღმართებულ არს.“ ხოლო მთავარი იგი შეპყრობილ იქმნა განკჳრვებითა და ჰრქუა მათ: „კაცნო მღდელნო დიდთა მათ ღმერთთანო და წარჩინებულნო ქალაქისა ტავრომენისანო, ნუუკუე საწუნელად შემრაცხნა [256r] ჩუენ ღმერთმან ფალკონ და სხუად ქალაქად სათნო იყო წარსლვად. თუ არა, რომელმანმცა სხუათა ღმერთთაგანმან უძლო ამისი ქმნაჲ მისდა, რაჲთამცა ესრეთ უჩინო ყო? ნუუკუე საზაფხულონი იგი მსხუერპლნი არა შესწირენით და ამისთჳს მომიძულნა ჩუენ და ვითარცა ვთქუ, სხუად ქალაქად წარვიდა?“ მიუგეს ქურუმთა მათ და ჰრქუეს: „არცა შესაწირავნი მისნი დაგჳკლიან, არცა მსახურებად მისდა უდებქმნულ ვართ. ხოლო რაჲსათჳს ესე ქმნა, არა უწყით. ამისთჳს უკუე ნუ უგულებელსჰყოფ, უფალო ჩუენო, ძიებისათჳს და უკუეთუ ვპოოთ იგი სხუასა ქალაქსა, წარვიდეთ და თაყუანის ვსცეთ მას. და უკუეთუ გუაუწყოს ბრალი ჩუენი, განვეკრძალნეთ მას და თუ შესაწირავთა იკლებს, შევჰმატოთ, რავდენიცა უნდეს.“ ჰრქუა მათ მთავარმან: „წარვედით კაცად-კაცადი სახედ თჳსა და დაყუდენით. ხოლო მე ძიება ვყო ამის ჯერისათჳს და ღმერთ თუ არს, გამომეცხადოს ჩუენ.“ და იგინი კუალად ჴმობდეს ერთპირად: „ჵ, მთავარო ვონიფანტე, არა იცნობა დიდსა ფალკონს, ძესა ფალკონილაჲსსა? არა უწყია, რავდენი კეთილი მან გიყო შენ და ვითარ აწ ვითარცა უცნაურისათჳს იტყჳს, უკუეთუ ღმერთ არს, გამოცხადნესო?“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა, ვითარმედ: „გარქუ თქუენ, კაცნო, ვითარმედ დასტურობით ძიება ვყო პოვნად მიზეზი წარწყმედისა მისისაჲ, გინათუ შეურაცხგუყო ჩუენ, ანუთუ მოგჳძულნა.“ და ესრეთ წარგზავნნა [256v] ერი იგი და შევიდა იგი სასუენებელსა თჳსსა, სადა-იგი ლუკაონიდე დაეტევა, რამეთუ სხუაჲ იგი მეინაჴჱ ჰამბვისა მისთჳს შეშფოთებული წარვიდა. ხოლო მთავარმან ჰრქუა ლუკაონიდეს: „გესმაა ჰამბავი ესე, ვითარ ტაძარი ფალკონ ღმრთისაჲ და შუენიერი იგი გამოქანდაკებული უჩინო ქმნულ არს?“ იწყო ლუკაონიდე პირველსავე სიტყუასა თჳსსა და იტყოდა: „ისმინე ჩემი, უფალო, და გულსავსე იქმენ, ვითარცა პირველ გარქჳ, ვითარმედ საზორველნი იგი სიცრუვისანი სამგუამოვანმან ღმრთაებამან უჩინო ყო, რაჲთა არღარა ეშმაკთა უზორვიდეთ, არამედ ღმერთსა ცხოველსა და საუკუნესა. რამეთუ წარწყმდა უცნებაჲ ეშმაკთაჲ და საცთური გრძნებისაჲ, რამეთუ ღმერთმან მაღალმან ძჱ თჳსი სოფლად მოავლინა, რომელი-იგი იშვა ქალწულისაგან და განკაცნა, რაჲთა განმწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა და არაწმიდებისა და თავისა მიმართ თჳსისა მომიზიდნეს შეცთომილნი ესე ღმერთმან ძლიერმან. და მე, უფალო ჩემო, დიდებულო მთავარო, ვიხილე აურაცხელი ძალი მისი და მრწმენა მისი, რამეთუ ვიხილენ მოწაფენი მისნი წმიდანი, რომელნი იქმოდეს სასწაულთა უაღრეს ბუნებისა, რომელ კერპთა მათ მცბიერთა არცა ოდეს უქმნიეს, არცა ქმნან უკუნისამდე. და ამისთჳს, ვითარცა ვთქუთ, არღარა ვჰმონებთ ფალკონს და ირონიას ასულსა და სხუათა მათ ბილწთა კერპთა, რამეთუ ყოველნი მსახურნი მათნი სატანჯველთა საუკუნეთა მიეცნენ მამისა მათისა ეშმაკისა თანა. [257r] ხოლო ჩუენ ამიერითგან ჭეშმარიტისა და უკუდავისა ღმრთისა მონანი ვართ და მიკჳრს, ვითარ აქამომდე ცხოველ ვიყვენით, ესევითარსა მას საცთურსა შინა მავალნი. რამეთუ არა არს მას შინა ცხორებაჲ, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ საუკუნოჲ. და უკუეთუ გნებავს, გამოწულილვით მიგითხრა, რავდენი ვიხილე საიდუმლოჲ საკჳრველი.“ ჰრქუა მას მთავარმან: „იტყოდე, მეგობარო ჩემო სარწმუნოო, და ნურარას დამიფარავ, რამეთუ, ვინაჲთგან იწყე თხრობასა მაგას, გულსა ჩემსა სიხარული რაჲმე შემოვიდა. იტყოდე უკუე ყოველსავე უშიშად, რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ჩემსა.“ იწყო კუალად ლუკაონიდე სიტყუად და ჰრქუა: „ვითარცა უწყი, უფალო ჩემო, რამეთუ გარდასრულსა მას წელიწადსა აღვაგე ნავი ჩემი ტჳრთითა და წარვედ ვაჭრობად. და არმური ქარისა სასტიკისაჲ გუეწია და შთავედით მღელვარენი ქალაქად სჳრაკუსედ. და შევედით ნავთსადგურსა შუაღამეს ოდენ და დავყავთ მუნ ორ დღე. და ვპოეთ მუნ მენავეთმოძღუარი რომილოს, იგიცა განმზადებული ნავითა თჳსითა წარსლვად. და ვითარცა ჰაერი მარჯუე იქმნა, განვედით ზოგად და ვლეთ ვიდრე ასიამდე და მიერ შთავედით ანტიოქიად. და ვითარ-იგი ჩუენი სავაჭროჲ აღვასრულეთ და წარმომართებაჲ გუეგულებოდა, მოვიდეს ორნი კაცნი და მკითხვიდეს ჩუენ: „ვინანი ხართ, ძმანო?“ ხოლო ჩუენ უთხართ სახელები [257v] ქალაქთა ჩუენთაჲ და ჭალაკისაჲ ამის. განიხარეს მათ და წარვიდეს. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოვიდეს სხუანი ორნი კაცნი, შემოსილნი დიდებითა საღმრთოჲთა. იგინი იყვნეს მოწაფენი და მოციქულნი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი. და პირველ მოსრულნიცა იგი მათ თანა ჰყვებოდეს, რომელნი-იგი ვიხილენით რაჲ, განვკჳრდით, რამეთუ ვხედევდით მათ, ვითარცა ცეცხლითა შემოსილთა. და შეუვრდით ფერჴთა მათთა. ხოლო მათ ცნეს, რამეთუ მადლი სულისა წმიდისაჲ მოეფინა ჩუენ ზედა და განახუნა თუალნი ჩუენნი. მხიარულითა პირითა მოგჳკითხნეს და გუ(ა)რქუეს ჩუენ: „გიხაროდენ უფლისა მიერ ყოველთა, გიხაროდენ ქრისტეს იესუჲს მიერ, ძმანო ჩუენნო!“ რამეთუ ჩუენ ვიცნენით, რამეთუ იგინი არიან მოციქულნი, ვთქუთ შიშით: „გიხაროდენ თქუენ, მოწაფენო და მოციქულნო ჭეშმარიტისა ღმრთისა იესუ ქრისტესნო. რად მოშუერით ჩუენისა სიგლახაკისა? ჩუენმცა თქუენ წინაშე მოსრულ ვიყვენით.“ მომიგეს მათ და მრქუეს: „ჩუენ მოვედით თქუენდა დღეს, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ მოგცეთ.“ და იწყეს სწავლად ჩუენდა სწავლასა მას ქრისტეს ღმრთისასა, ხოლო ჩუენ გურწმენა მადლითა ღმრთისაჲთა. და ნათელმცეს ჩუენ მეორედ შობითა მით წყლისა და სულისაჲთა, რამეთუ მით სრულ იქმნების სარწმუნოებაჲ იგი. ყოველთა უკუე, რავდენნიცა ვიყვენით ორთა მათ ნავთა შინა, ნათელვიღეთ და ვეზიარენით საიდუმლოთა ქრისტესთა და ესრეთ მივიღეთ საზრდელი მათ თანა. ხოლო ხვალისა დღე შემოკრბა ერი მრავალი, თითო სახითა სენითა შეპყრო [258r]ბილნი და ეშმაკეულნი. მაშინ ვიხილენით საკჳრველებანი მიუთხრობელნი, რომელ ქმნნა ქრისტემან ღმერთმან საკჳრველებანი წმიდათა მოციქულთა მიერ. ეშმაკნი ბრძანებითა მათითა ივლტოდეს, ბრმათა აღ(ი)ხილეს, მკელობელნი ვიდოდეს, კეთროვანნი განწმდებოდეს და სხუანი თითო სახენი სენნი სიტყჳთა და შეხებითა ჴელთაჲთა განიკურნებოდეს. და ესე ყოველი რაჲ ვიხილეთ, მივეცით დიდებაჲ უფალსა ჩუენსა იესუს ქრისტეს. იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ ჩუენი ნეტარმან პეტრე, რამეთუ იგი იყო წინამძღუარ და თავ მოციქულთა, მოგუცნა ჩუენ თანა ორნი იგი კაცნი, რომელნი ვთქუ, თუ პირველ მოვიდეს, და გურქუა: „წარიყვანენით, შვილნო, რაჲთა იყვნენ თქუენდა მოძღუარ და მომაჴსენებელ სიტყუასა ცხორებისასა.“ ხოლო ჩუენ დავვარდით და თაყუანის ვეცით და შევიყვანენით ნავად კაცნი იგი წმიდანი. სახელი ერთისაჲ მარკიანე, რომელი-იგი შევიდა ნავსა რომილესსა, და სახელი მეორისაჲ ბაგრატ, რომელი შემოვიდა ჩემ თანა. და მოვიღეთ კურთხევაჲ და სწავლაჲ წმიდათა მოციქულთაჲ. და წარვემართენით და ლოცვითა მათითა ნავი კეთილი მოგუეცა. და მეოთხესა დღესა განვიყვენით ურთიერთას. მეორჱ იგი ნავი წარვიდა ქალა(ქა)დ თჳსად და ჩუენ მოვიწიენით ნავთსადგურსა ჩუენსა. და გან-რაჲ-ვედით ჴმელად, იწყეს ეშმაკთა მათ ფალკონისთა ჴმობად წმიდისა მის კაცისათჳს და მეცა მექადოდეს, რომელ მოვიყვანე იგი. ხოლო უფალმან ჩემმან ბაგრატ, [258v] მონამან ქრისტესმან, შეჰრისხნა მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა და აღჳრასხნა ენასა მათსა და დადუმნეს. ამისსა შემდგომად ჰრქუა მსახურსა თჳსსა: „შვილო, მოიხუენ საჭურველნი ჩუენნი, რაჲთა ვჰბრძოდით არაწმიდასა მას ფალკონს.“ და მოიღო სასწაული ჯუარისაჲ, რომელსა ზედა ქრისტჱ დაემშჭუალა ცხორებისათჳს კაცთაჲსა, და ხატი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და წმიდისა მოციქულისა პეტრესი. მიიმართა ტაძარსა ფალკონისსა. ხოლო მე ვაყენებდ მას და ვეტყოდე: „უფალო ჩემო, ნუ მიეახლები კერპსა მას, რამეთუ ამპარტავან არს და თჳნიერ შესაწირავისა არავისსა თავსიდებს მიახლებასა, არცათუ ქურუმთა თჳსთა. დაღაცათუ ვინ იკადროს მიახლებად, მეყსეულად მოკუდების.“ მომიგო წმიდამან მან და მრქუა: „ჩუენ, შვილო ჩემო, არა მოგჳღებიეს სული მოშიშებისაჲ, არცა ვძრწით უცნებათაგან საეშმაკოთა, რამეთუ შეგჳმოსიეს მადლი სულისა წმიდისაჲ. და აწ ძალითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა სიტყჳთ ოდენ წარვწყმიდოთ ბოროტი ეგე კერპი და ეშმაკნი მისნი. და უკუეთუ გნებავს ხილვაჲ წარწყმედისა მისისაჲ, მოვედ ჩუენ თანა და იხილო!“ და ვითარ შუაღამე ოდენ იყო, წარვემართენით და მივედით რაჲ ადგილსა მას და მე შიშისაგან კიდე დავდეგ, რამეთუ ვჰგონებდი, თუ მი-რაჲ-ეახლოს, ჴმაუყოს მუნ მყოფმან მან ქურუმმან სულთა [259r] მათ ბოროტთა შეპყრობაჲ მისი. ხოლო მი(ე)ახლა რაჲ უფალი ჩემი ბაგრატ, შევიდა ტაძრად და სცა კუერთხითა კერპსა მას. და არა იყო არცა ჴმაჲ, არცა ზრახვაჲ არაწმიდათა ეშმაკთაჲ, არამედ ყოველი იგი ბომონი და საყდარი და ფიალები ცარიელ იყო უცნებათა მათგან, რომელთა პირველ ვერვინ იკადრებდა მიახლებად. და დაყო ტაძარსა მას შინა წმიდამან ბაგრატ, ვითარ ჟამ ოდენ. მერმე გამოვიდა გარე და ჰრქუა ეშმაკთა მათ ჴმითა მაღლითა: „თქუენ გეტყჳ, სულთა მაგათ არაწმიდათა, და გაფუცებ სახელსა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, რაჲთა შემოჰკრბეთ ყოველნი, რომელნი ამას ადგილსა დამკჳდრებულ ხართ. და უპყრათ ყრუსა მას და უსულოსა ფალკონს და შთააგდოთ ზღუასა ოცდაათ უტევან. და თქუენ ყოველნი იყვნეთ უფსკრულსა მას შინა ვიდრე დღედმდე დიდისა მის საშჯელისა.“ და მეყსეულად სიტყუასა ამას თანა იქმნა ოხრაჲ ფრიადი. და ვიხილე სიმრავლეჱ ყორანთაჲ და ორბთაჲ. და აღჰფხურეს ტაძარი იგი კერპითურთ ფალკონისით და ყოველი უცნებაჲ მისი და მუნ მყოფი იგი ბილწი ქურუმი და შთაჴადეს ზღუად ოცდაათსა უტევანსა. და გუესმა ჴმაჲ ზღუასა შინა შთავრდომისა მისისაჲ. ესე რაჲ ვიხილე, მადლი შევწირე უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესა, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან. და ვითარცა განთენდა, ვევედრე წმიდასა ბაგრატს მოსლვად შენისა დიდებულებისა წინაშე. და ლოცვით წარმომგზავნა და სწავლი [259v] თა სულიერითა. ამისთჳსცა, უფალო ჩემო, დიდო მთავარო, რავდენიცა საკჳრველებაჲ იხილეს თუალთა ჩემთა, გითხარ შენ, ხოლო შენი არს ამიერითგან, ინებო თუ ცხორებაჲ სულისა შენისაჲ და ხილვად ნათელი იგი ჭეშმარიტი.“ ესე რაჲ ესმა ვონიფანტეს მთავარსა, აღდგა, მოეხჳა და ანბორსუყო ლუკაონიდეს და ჰრქუა: „კურთხეულ ხარ შენ, ლუკაონიდე, მეგობარო ჩემო სარწმუნოო, რომელმან ესევითარი კეთილი ჰამბავი მომართუ. უკუეთუ ნანდჳლვე კაცი იგი დიდი და მონაჲ ჭეშმარიტისა ღმრთისაჲ აქა მოსრულ არს, რომელსა იტყჳ, რაჲსათჳს არა მოიყვანე შენ თანა, რაჲთამცა ვიხილე იგი? ვისგან გეშინის, არა მე ვარა მთავარ და ჴელმწიფე ქალაქსა ამას? და საყდარსა დიდისა მის და ახოვნისა ბრძოლათა შინა ტავროჲსსა ვზი. და ვისგან გეშინის, რომელ არა მოიყვანე კაცი იგი წმიდაჲ?“ მიუგო ლუკაონიდე და ჰრქუა მას: „უფალო ჩემო, მეშინოდა, ვითარმედ, ნუუკუე ცნან ბილწთა მათ ქურუმთა ფალკონისთა, ვითარმედ მან წარწყმიდა იგი და შფოთ ყონ ქალაქსა შინა თანაშეწევნითა ავრილიანე ბოროტისა მის ქალაქპეტისაჲთა და რამეთუ მანცა არა ინება აღმოსლვაჲ ჩემ თანა.“ ჰრქუა მას მთავარმან: „შფოთისათჳს ქალაქისა შიში ნუ გაქუს, გარნა უკუეთუ მას არა ჰნებავს მოსლვაჲ, ვითარმე ვიხილოთ იგი?“ მიუგო ლუკაონიდე და ჰრქუა მას: „უფალო ჩემო, უკუეთუ განაღო გული შენი მადლმან უფლისა იესუ ქრისტესმან და გნებავს მონისა მისისა [260r] ხილვაჲ, სიგლ(ა)ხაკისა ჩემისაგან ზრახვაჲ ისმინე: ბრძანე შემოკრებაჲ მჴედართა ქალაქისათა და გარემო სანახებისათა აღნომად ველსა მას გარე, მახლობელად ადგილისა მის, და მიზეზითაცა ხილვისა ადგილისა მის, სადა ტაძარი ბილწისა ფალკონისი იყო, და განხჳდე ველსა მას სიმონიდისასა. ხოლო მე განვმზადო ტაბლაჲ სანავესა მას ჩემსა და აღასრულო რაჲ აღნომი, მოხჳდე მონისა შენისა სახლსა განსუენებად და მუნ იხილო ნეტარი ბაგრატ. და გესმეს მისგან მრავალი კეთილი და სიხარულითა აღივსო, რამეთუ არს კაცი იგი სახიერი და სავსჱ სულითა წმიდითა.“ სთნდა სიტყუაჲ ესე მთავარსა და მეყსეულად განავლინნა ქადაგნი ქალაქად და გარემო სოფლებსა შემოკრებად მჴედრებისა. და შემოკრბა ერი ფრიად დიდი. და წარდგეს წინაშე სამშჯავროჲსა მის და შეასხმიდეს მთავარსა ვონიფანტეს თითოფერითა შესხმითა და სახიობითა. ხოლო მან გამოიღო ოქროჲ და ვეცხლი ფრიადი და მიფენით მიჰფენდა ერსა მას ზედა. და ჴმანი მათნი უმეტეს ამაღლდებოდეს ჴმითა სასმენელითა. ხოლო ქალაქპეტსა ავრილიანეს ესმა რაჲ ქურუმთა მათგან წარწყმედაჲ არაწმიდისა ფალკონისი და ვითარ-იგი მივიდეს მთავრისა და არა მოწლედ შეიწყნარნა იგინი, განიზრახვიდა ვიეთთანამე ქა [260v] ლაქისათა განდგომილებისა ყოფად. არამედ ესმა რაჲ მჴედრობისა შემოკრებაჲ, ვერღარა იკადრა ჴელყოფად საქმესა მას. ხოლო მასვე ღამესა ღჳძლი ელმოდა, ვითარცა წყლული მახჳლითა ზეგარდამოჲთა, და ვიდრე განთენებოდა, მოკუდა შერისხული ღმრთისაგან ურჩულოჲ. ხოლო მთავარმან ერსა მას საფასჱ და როჭიკი განუყო და უბრძანა ხვალისა დღე შემოკრებად ადგილსა მას სააღნომესა. ხოლო ათასისთავთა და ასისთავთა და ერგასისთავთა სერი დიდი უმზადა. და ხვალისა დღე, ვიდრე ბნელღა იყო, ნესტუსა დაჰბერეს და შეკრბეს ყოველნი ველსა მას. და მთავარიცა მივიდა მონათა თჳსთა თანა. და ლუკაონიდე წარავლინა წინაჲსწარვე მოკითხვად წმიდისა ბაგრატისა და უწყებად მოსლვაჲ მისი. ხოლო იგი წარვიდა სანავესა მას თჳსსა და განუგო მონათა თჳსთა კაზმვაჲ პურისაჲ. და იგი მოვიდა, შეუვრდა ნეტარსა ბაგრატს და აუწყა ყოველივე, რაჲ-იგი უთხრა მთავარსა, და ჴმანი იგი ბილწთა მათ ქურუმთანი და სიკუდილი ბოროტისა მის ქალაქპეტისაჲ და სიკეთჱ იგი მთავრისაჲ მის, ვითარმედ მზა არს ქრისტეს მონაყოფად და ვითარმედ წინაშე სიწმიდისა შენისა სურვიელ არს, ესერა, მოსლვად. და ვითარცა ყოველივე ესე თხრობაჲ აღასრულა მან, აღდგა წმიდაჲ ბაგრატ და მცირედ განგუეშორა და აღიპყრნა ჴელნი ზეცად, ილოცვიდა და თქუა: „დიდებაჲ შენდა, უფალო იესუ ქრისტე, სიტყუაო თანაარსო მამისაო, მხოლოდ [261r] შობილო, თანადაუსაბამოო, რომელმან ჯერიჩინე ჴორცთა შესხმაჲ უქცეველად და უცვალებელად, რაჲთა განაღმრთო ბუნებაჲ ჩუენი, დაბნელებული ცოდვითა. და აწ გევედრები, უფალო, იჴსნენ დაბადებულნი ესე შენნი მძლავრებისაგან ეშმაკისა და მოავლინე გულთა მათთა ნათელი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა გიცნან შენ მხოლოჲ სახიერი და კაცთმოყუარჱ ღმერთი. განაახლე მათ შორის სული შენი წმიდაჲ, სული იგი ძლიერებისაჲ, სული სიბრძნისა და მეცნიერებისაჲ. განახუენ თუალნი გულთა მათთანი და უგულებელსყვენ ყოველნი ცოდვანი და ურჩულოებანი მათნი. ჰე, უფალო ღმერთო ჩუენო იესუ ქრისტე, მხოლოო მხოლოდშობილო, თანამოსაყდრეო მამისაო და თანაარსო სულისა წმიდისაო, მომეც ჩუენ სიტყუაჲ აღებასა პირისასა, რაჲთა ვხადოდით მადლსა სულისა წმიდისასა და მიუთხრობდეთ ერსა მას საკჳრველებათა შენთა. რამეთუ შენ გიგალობენ ერნი ყოველნი, ძალნი ცათანი და ჩუენ უღირსნი ესე მონანი შენნი. პატივსა და თაყუანისცემასა და დიდებისმეტყუელებასა შევსწირავთ შენდა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“ და აღასრულა რაჲ ლოცვაჲ ესე, მოვიდა ჩუენდავე. და იყო პირი მისი, ვითარცა ცეცხლი, სავსჱ მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ვიდრეღა ვერ ვიკადრებდით ჩუენ მიახლებად მისდა. და მეყსეულად იწყო წმიდისა ჟამისწირვისა აღსრულებასა. და ვითარცა აღასრუ{ლა), [261v] დავსხედით და განტეხა პური და მომცა ჩუენ და მივიღეთ იგი მადლობითა ღმრთისაჲთა. ხოლო ლუკაონიდე კუალად იწყო თხრობად, რაჲ-იგი ჰრქუა მთავარსა და რაჲ-იგი მისგან ესმა. მიუგო წმიდამან ბაგრატ და ჰ(რ)ქუა მას: „რეცა განცხრომით უწყი, შვილო, ყოველივე, რამეთუ, დაღაცათუ ჴორცითა შორს ვიყავ, არამედ სულითა თქუენ თანა ვიქცეოდე მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა.“ ხოლო ვონიფანტე მთავარმან აღასრულა რაჲ აღნომი, ვითარ ცხრა ჟამ ოდენ, წარავლინა ერი იგი და თჳთ მოვიდა, ვითარ ხუთასითა ოდენ კაცითა რჩეულითა სავანესა მას ლუკაონიდესსა. და დასხდეს ტაბლასა, რომელი-იგი მოემზადა მას. ხოლო ვონიფანტე მთავარსა ყოველივე სურვილი თჳსი აქუნდა ნეტარისა ბაგრატის ხილვად. და არარაჲსა ჭამადთა მათგან იხილა გემოჲ. და აღესრულა რაჲ სერი იგი, ისწრაფდა ხილვად კეთილისა მის მწყემსისა, რამეთუ მადლი სულისა წმიდისაჲ მიფენილ იყო მის ზედა ლოცვითა წმიდისა ბაგრატისითა. და ვითარ ერი განიყარა, მიმწუხრი იყო. მაშინ შემოვიდა ლუკაონიდე და ჰრქუა წმიდასა ბაგრატს: „აჰა ესერა, შემოვალს მთავარი ხილვად სიწმიდისა შენისა.“ ხოლო წმიდამან ბაგრატ შეიმოსა სამოსელი იგი სამღდელოჲ და აღჰმართა პატიოსანი ჯუარი და ხატი მაცხოვრისაჲ და წმიდისა მოციქულისა პეტრესი. და შემო-რაჲ-ვიდა მთავარი, შემკობილი სამკაულითა მით სამთავროჲთა, ვითარცა იხილა წმიდაჲ იგი, დავარდა პირსა ზედა, რამეთუ, ვითარცა უკუა [262r] ნაჲსკნელ მითხრა ჩუენ, ცეცხლი იხილა გარემო ნეტარისა მის და ჴმაყო: „დიდ ხარ, შენ, ღმერთო ქრისტეანეთაო, დიდ ხარ, ღმერთო ბაგრატისო, რომელმან მოავლინე მის ზედა დიდებაჲ შენი. მრწამ შენ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტო, რომელი იქადაგები მონისა შენისა მიერ ბაგრატისა, უგალობ და ვადიდებ ყოვლადპატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა.“ ხოლო წმიდამან ბაგრატ აღიხილნა ზეცას. და მიყო ჴელი და აღადგინა იგი და შეახო მარჯუენაჲ მისი შუბლსა და მკერდსა მისსა. და გამოსახა მას ზედა ნიში პატიოსნისა ჯუარისაჲ და უბრძანა დაჯდომად. ხოლო მთავარმან ჰრქუა მას: „ვითარ ვიკადრო, მონაო ღმრთისაო, შენ თანა დაჯდომად, რამეთუ ცეცხლმოტყინარე ხარ, ვითარ მივეახლო მე ალსა ცეცხლისასა?“ გულისჴმაყო ნეტარმან მან, ვითარმედ მადლი იგი მღდელობისაჲ ეჩუენა და აღიძარცუა ზეწარი იგი, რომელ ემოსა. და არღარა ხედვიდა მთავარი ცეცხლსა მას. მაშინ დასხდეს და იწყო ნეტარმან ბაგრატ ქადაგებად და უწყებად მისდა სიტყუასა მას ცხორებისასა მყოვარ ჟამ. და მთავარი იგი ისმენდა სიხარულით და ჰმადლობდა ღმერთსა. და ვითარცა ფრიადი ჟამი წარჴდა, ჰრქუა ვონიფანტე მთავარმან: „ბრძანე, წმიდაო ღმრთისაო, რაჲთა ზოგად პირი ვიჴსნათ წინაშე შენსა, რამეთუ ხილვაჲ სიწმიდისა შენისაჲ მეგულებოდა და ამისთჳს არა ვინებე ჭამადისა გემოჲს ხილვაჲ, რაჲთა წინაშე შენსა მივიღო საზრდელი.“ მაშინ ბრძანა წმიდამან ბაგრატ და დააგო ლუკაონიდე ტაბლაჲ შუენიერი. და დაჯდა მთავარი მარჯუენით კერძო [262v] წმიდისა ბაგრატისსა და ლუკაონიდე - მარცხენით. მოიღო ნეტარმან პური, განტეხა და მისცა მას და ჰრქუა: „მიგცემ პურსა ამას ჴელითა ჩემითა, მიიღე უკუე ამას თანა მორჩილებაჲ ყოვლისა სათნოებისა კეთილისაჲ.“ და მივიღეთ რაჲ საზრდელი, აღვდეგით და ვთქუთ მადლობაჲ უფლისაჲ. და მეყსეულად შეიმოსა წმიდამან ზეწარი თჳსი, დაასხა საკუმეველი საცეცხურთა და მისცა დიდებაჲ და აღვასრულეთ გალობაჲ სერობისაჲ. ხოლო ვიტყოდეთ რაჲ სამწმიდა არსობისა დიდებისმეტყუელებასა, აღეღო სართული სახლისაჲ მის და ელვაჲ საშინელი გამობრწყინდა, ვიდრეღა ყოველნივე დავცჳვენით პირსა ზედა. ხოლო წმიდამან მან აღმადგინნა და თქუა: „ნუ გეშინინ, შვილნო, რამეთუ უფლისა იესუ ქრისტეს მადლი არს, რომელ-ესე გამობრწყინდა. ამან განანათლნეს გულნი თქუენნი ცნობად ნებისა მისისა, რომელ-იგი არს კეთილი და სრული და სათნოჲ.“ და ვითარ-იგი აღვდეგით ძრწოლით, არარაჲ სხუაჲ ვიხილეთ, გარნა წმიდაჲ იგი მდგომარეჱ. და აღვასრულეთ რაჲ ლოცვაჲ, დაჯდა ნეტარი იგი და უბრძანა მთავარსა ვონიფანტეს და ლუკაონიდეს დაჯდომაჲ მახლობელად მისა. ჰრქუა მას მთავარმან: „გჳბრძანებ, მამაო ღმერთშემოსილო, დაჯდომად მახლობელად შენსა. და ვითარ იკადროს ცჳლმან მიახლებად ცეცხლსა, ანუ არა დადნეს და წარწყმდესა? ეგრეთვე ჩუენ შე-თუ-გეხნეთ, არა დავიწუნეთა?“ რამეთუ ოდეს-იგი ემოსა სამღდელოჲ [263r] იგი სამოსელი ნეტარსა მას, ცეცხლსა ხედვიდა გარემოჲს მისსა, ვიდრეღა ვერ გუეძლო მიხედვად პირსა მისსა. მიუგო და ჰრქუა მთავარსა წმიდამან: „მომეახლენით მე, შვილნო, და გრწმენეს თუ მამაჲ და ძეჱ და სული წმიდაჲ, არა გევნოს.“ მაშინ დასხდეს იგინი წინაშე მისსა. და ჰრქუა წმიდამან ბაგრატ მთავარსა მას: „გწადოდა, შვილო, ხილვაჲ ჩემი და, აჰა, მიხილენ და ვესავ უფალსა, რაჲთა მხედვიდე მარადის, ვიდრემდის უფალსა ენებოს.“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას: „ჰე, მამაო წმიდაო, გიხილე ყოვლითურთ ცეცხლისფერ და ვხედავ პირსა შინა შენსა ენასა ცეცხლისასა. და სავსე ვარ სიხარულითა და შიშითა და ვესავ ღმერთსა, რომელსა ჰქადაგებ, რომელ არასადა განგეშორო.“ მაშინ იწყო წმიდამან ბაგრატ სწავლად მისა და უწყებად ყოველსა ქადაგებასა სახარებისასა: ვითარ გარდამოჴდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და იშვა ქალწულისაგან ხარებითა ანგელოზისაჲთა სულისა მიერ წმიდისა და იშვა მისგან უთესლოდ. და ყოველივე განგებულებაჲ განკაცებისა მისისაჲ აუწყა ვიდრე ჯუარცუმადმდე და აღდგომად და ზეცად ამაღლებადმდე. ხოლო მიბრძანა მე მოღებად გუჯართა მათ გამოხატულთა, სადა-იგი გამოწერილ იყვნეს საკჳრველებანი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი. და ვითარ-იგი სიტყჳთ აუწყებდა და სახითაცა უჩუენებდა ყოველსავე და ეტყოდა: „უფალმან ჩუენმან ესე ყოველი აღასრულა ქუეყანასა ზედა ჩუენისა ცხორებისათჳს, რამეთუ [263v] მრავლისა მისთჳს სახიერებისა მისისა მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა. ხოლო წიაღთაგან მამისათა არაჲ სადა განეშორა, არამედ, ვითარცა-იგი პირველ განკაცებისა ღმერთი იყო, ეგრეთვე შემდგომად განკაცებისა ეგო ღმერთი უვნებელი. და გამოგჳჩნდა ჩუენ ღმერთი ჴორცშესხმული, რაჲთა ჴორცითა მით, რომელი შეიმოსა, შემუსროს ეშმაკი და ქმნული ჴელთა მისთაჲ პირველსავე მოიყვანოს პატივსა. რამეთუ მან თავადმან არარაჲსაგან ყოველივე არსად მოიყვანა: ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა. და შექმნა კაცი ჴელითა თჳსითა ხატად თჳსად და შთაჰბერა მას სული ცხოველი. და იქმნა კაცი იგი მშჳნვიერად ცხოველად. ამისა შემდგომად დასდვა მას განკჳრვებაჲ და მიეძინა. და მოიღო ფერცხალი ერთი გუერდთაგან მისთა და ქმნა იგი დედაკაცად და მისცა იგი შემწედ მისა. ხოლო დაასხა სამოთხჱცა დიდებული აღმოსავალით კერძო. და კაცი იგი პირველქმნული დაადგინა მას შინა თანაშემწითურთ მისით. და მისცა მცნებაჲ ყოველთა მათგან ნაყოფთა ჭამად, გარეშე ერთისა, რამეთუ ჰრქუა მათ: „რომელსაცა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ.“ მაშინ იწყო ეშმაკმან, რომელი-იგი თჳსისა ამპარტავანებისათჳს ზეცით გარდამოვრდომილ იყო, ბრძოლად კაცისა მის, რამეთუ არა კმა ეყო მას თჳსი წარწყმედაჲ, არამედ დაბადებუ [264r] ლისა მისცა ღმრთისაჲ. ისწრაფა თჳსისა დამბადებელისაგან განშორებაჲ. ამისთჳსცა მოუჴდა დედაკაცსა მას და აცთუნა იგი. და მიიღო მან ძელისა მისგან და ჭამა. და მისცა ქმარსა თჳსსა და ჭამეს და მეყსეულად ცნეს სირცხჳლი თჳსი. ამისთჳსცა შეჰრისხნა მათ ღმერთმან და მისცა ადამს კანონი, ღირსი ურჩებისა მისისაჲ: ოფლითა პირისა მისისაჲთა ჭამად პურისა და ეკლისა და კუროჲსთავისა აღმოცენებად ქუეყანისა, ვინაჲთგან სცთა იგი, ვიდრემდის მიიქცეს მიწადვე, ვინაჲცა დაიბადა, ხოლო დედაკაცსა მას - მწუხარებით და სალმობით შობაჲ და დამონებაჲ ქმრისაჲ. ხოლო გუელი დაწყევა ყოველთაგან იძრვისთა და მკრდითა და მუცლითა მისცა სლვაჲ და მიწისა ჭამაჲ მარადის. გამოჴადა უკუე უფალმან ღმერთმან ადამი სამოთხით და დაადგინა ქერობინი და მახჳლი ცეცხლისაჲ იქცევისი ცვად კარსა სამოთხისასა. და დაემკჳდრა ადამ პირისპირ სამოთხისა მის. ამისა შემდგომად იცნა ევა, ცოლი თჳსი. და მიუდგა და შვა კაენი. მერმეღა მიუდგა და შვა აბელ. ხოლო ეშმაკმან რაჲ მიიღო ურჩებისა მისგან ძალი, არღარა დასცხრებოდა ბრძოლად კაცისა მის. ამისთჳს შური ბოროტი შთაუგდო კაენსა აბელის მიმართ, რამეთუ მისი მსხუერპლი შეიწირა ღმერთმან და კაენისსა არა მიხედნა. ხოლო გან-რაჲ-ვიდეს ველად, [264v] აღდგა კაენ აბელის ზედა და მოკლა იგი. მიერითგან უმეტესი ძალი მიიღო ეშმაკმან კაცსა ზედა და რავდენცა განმრავლდებოდეს, იგი ჰბრძოდა მათ. ხოლო დაწყებად ბოროტთა თჳსთა მოიპოვა დავიწყებაჲ, რაჲთამცა დაავიწყა კაცთა დამბადებელი მათი და შთაუთესა მათ შური და ჴდომაჲ, სიძვაჲ, ვეცხლისმოყუარებაჲ, ძირი იგი ყოველთა ბოროტთაჲ, რომლისა მიერ კერპთა მსახურებაჲ იშვა. რომელმანცა დავიწყებაჲ მოჰფინა გულთა კაცთასა და დატევებად სცა ბუნებითი საქმეჱ დედათაჲ და ბუნებისა გარეგანსა მოიყვანა. ამისთჳსცა აღბორგებულნი გულისთქუმათაგან მამანი მამათა თან(ა) უშუერებასა იქმოდეს. ესევითარნი რაჲ ბოროტნი განმრავლდეს, განრისხნა უფალი ღმერთი და ინება აჴოცაჲ კაცთაჲ ქუეყანით წყლითრღუნისა მიერ. ხოლო განმკითხველმან მან გულთა და თირკუმელთამან პოვა მასცა ნათესავსა შინა კაცი მართალი, სახელით ნოე. და იხილე სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ რისხვასაცა შინა მოიჴსენა წყალობაჲ და ჯერიჩინა თესლისა დატევებაჲ ქუეყანასა ზედა. ამისთჳს უბრძანა მართალსა მას სულისა მიერ წმიდისა ქმნად კიდობანი და შესლვად მას შინა ცოლითურთ და შვილით და შეყვანებად ყოველთაგან იძრვისთა მას თანა. და ესრეთ მოავლინა წყლითრღუნაჲ და წარწყმდეს ურჩულონი იგი წყალთა შინა. და დაშთა ნოე ხოლო და რომელნი-იგი იყვნეს მის თანა. და იყო ყოველი ქუეყანაჲ [265r] ოჴერ. ამისთჳს იხარებდა ბოროტი იგი ეშმაკ[ი და] იქადოდა, თუ რაბამი ბოროტი უძლო ქმნად. ხოლო უფალმან ღმერთმან სახიერმან შეინანა აჴოცაჲ კაცთაჲ და აღუთქუა ნოეს არღარა მოვლინებად წყლითრღუნაჲ ქუეყანასა ზედა, რომლისათჳსცა დადვა სასწაულად შორის კაცთა აღთქუმად საუკუნოდ ღრუბელთა შინა, რომელსაცა „მშჳლდად“ უწოდა. და დააწესა უფალმან ღმერთმან სინანული ცხორებად კაცთა, რაჲთა, რავდენიცა ვინ ცოდოს და მოიქცეს სინანულად, შეენდოს მას, უკუეთუ კულა არა შეინანოს, საშჯელად მიეცეს. ხოლო გამო-რაჲ-ვიდა, ვითარცა ვთქუ, ნოე კიდობნით და კუალად განმრავლდეს კაცნი. აღესრულა რაჲ ნოე, იყვნეს ყოველნი ერთ ენა. მაშინ კუალად იწყო ეშმაკმან ბრძოლად მათდა და პირველად მოაგონა შენებად გოდოლი, რომელი მისწუთებოდის ზეცად. ამისთჳსცა შეურინა ღმერთმან ენანი, რაჲთა არა ცუდად შურებოდინ. და ესრეთ განიბნინეს პირსა ზედა ქუეყანისასა მსგავსად ენათა, რომელნი მიეცნეს მათ. ხოლო განიბნინეს რაჲ ქუეყანასა ზედა, კუალად დაავიწყა ეშმაკმან ღმერთი, დამბადებელი მათი, და აღმართებად სცნა კერპნი ოქროჲსა და ვეცხლისანი, ძელისა და ქვისანი, რომელთაცა „ღმერთად“ უწოდეს. და ჰმსახურებდეს მათ და უზორვიდეს და სრულიად დაივიწყეს უფალი ღმერთი. მაშინ ღმერთმან კუალად გამოარჩია ღირსი თჳსი კაცი, სახელით აბრაჰამ. და იცნა მან ღმერთი და შეუდგა მას მჴურვალედ. ამას მოსცა უფალმან ძჱ, სახელით ისაკ, რომელიცა [265v] აკურთხა ფრიად. აღორძნდა ყრმაჲ იგი და ვიდოდა ყოველთა მცნებათა ღმრთისათა. და ესხნეს მას ორ ძე: ესავი და იაკობი. და იაკობ იხილა კიბეჱ, ქუეყანით ცად აღმართებული, და ანგელოზნი აღმავალნი და შთამავალნი. ამას იაკობს „ისრაჱლ“ უწოდა ღმერთმან. და მას ესხნეს ათორმეტ ძე. ესენი შთავიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა თჳსისა, და მუნ დაეშენნეს. ხოლო მეგჳპტელთა დაიმონეს ნათესავი მათი, რამეთუ განმრავლდეს ფრიად. ამისთჳსცა ფარაო, მეფემან მან მეგჳპტელთამან, იზრახა ზრახვაჲ ბოროტი და ბრძანა ყოვლისა წულისა მოწყუედაჲ. მაშინ იშვა წული მკჳრცხლი და შუენიერი, რომელიცა იშვილა ასულმან ფარაოჲსმან და უწოდა მას „მოსე“, რომელიცა აღიზარდა და ისწავა ყოველი სიბრძნეჱ მეგჳპტელთაჲ. ამას ეჩუენა ღმერთი ცეცხლითა მაყულოვანსა შინა, რამეთუ ხედვიდა მაყულოვანსა, რომელი იწუებოდა და არა შეიწუებოდა. და თქუა: „წარვიდე და ვიხილო დიდი ესე ხილვაჲ.“ და მი-რაჲ-ეახლა ხილვად, ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: „მოსე, მოსე, მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, განიჴსნენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ქუეყანაჲ ეგე, რომელსა სდგა, ადგილი წმიდაჲ არს. ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ ეგჳპტეს და მნებავს ჴსნაჲ მათი ჴელითა შენითა.“ ესრეთ წარავლინა იგი ეგჳპტედ და მისცა უფალმან ღმერთმან მადლი ნიშებისა და სას [266r] წაულებისაჲ. და გამოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა. და განუღო მათ ზღუაჲ მეწამული და წიაღიყვანნა იგინი ფრჴივ. ხოლო მეგჳპტელნი, რომელნი სდევდეს მათ, დაინთქნეს ყოველნი ზღუასა მას შინა. და ყო ღმერთმან ერსა მას თანა საკჳრველი მრავალი, რამეთუ სლვასა მას მათსა თანაუვიდოდა და უძღოდა ღამით სუეტითა ცეცხლისაჲთა და დღისი - სუეტითა ღრუბლისაჲთა. პური ზეცით უწჳმა - მანანაჲ იგი ტკბილი, არამედ ეშმაკმან იგიცა ერი ესოდენთა საკჳრველებათა ზედა მიდრიკა ღმრთისაგან და დაავიწყა მან უფალი. და არა მოიჴსენეს მათ დღჱ იგი, ოდეს გამოიჴსნნა მონებისაგან, არცა სუეტი იგი ცეცხლისაჲ და საშინელნი იგი სასწაულნი, არამედ ქმნეს ჴბოჲ და თაყუანის სცეს მას, იყო რაჲ მოსე მთასა ზედა მოღებად ფიცართა მათ შჯულისათა. ამისთჳს განრისხნა ღმერთი და ენება აჴოცაჲ მათი, არამედ მოსე დადგა შორის და ევედრა მათთჳს ღმერთსა, რაჲთა შეუნდოს. და ისმინა მისი უფალმან. ამან მოსე წინაწარმეტყუელა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთჳს და თქუა: „წინაწარმეტყუელი აღგიდგინოს უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა მე. მისი ისმინეთ ყოველსავე ზედა და რომელმან არა ისმინოს მის წინაწარმეტყუელისაჲ, მოისპენ სული იგი ერისაგან ისრაელისა.“ და კუალად თქუა: „იხილოთ ცხორებაჲ თქუენი დამოკიდებული წინაშე თუალთა თქუენთა.“ და აღესრულა რაჲ მოსე, აღად [266v] გინა ღმერთმან ისუ, მსახური მოსეჱსი, რომელმანცა ყო ბრძოლაჲ მრავალი. და მოსწყჳდნა მეფენი ძრიელნი და შეიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ქუეყანასა მას, რომელი აღუთქუა ღმერთმან მამათა მათთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს. აღესრულა ისუ და იწყეს ძეთა ისრაჱლისა აღრევად წარმართთა თანა. და ისწავნეს საქმენი მათნი და ჰმონეს კერპთა მათთა. და დამცირდეს და კნინ იქმნნეს და არა იყო მათა წინამძღუარ, არამედ მსაჯულნი შჯიდეს ჟამითი-ჟამად. მაშინ ითხოეს მეფჱ და მოსცა მათ მეფჱ, სახელით საულ. ხოლო მან ქმნა ბოროტი წინაშე ღმრთისა და არა ნებისაებრ მისისა ვიდოდა. ამისთჳს უბრძანა წინაწარმეტყუელსა სამოელს ცხებად დავითისა მეფედ, რომელი-იგი იყო კაცი მშჳდი და წრფელი. და ვიდოდა იგი ყოველთავე მცნებათა ღმრთისათა. და მოიღო ღმრთისაგან სულიცა წინაწარმეტყუელებისაჲ. ამას ეფუცა დასუმად ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა საყდარსა მისსა. ამან დავით მრავალი წინაწარმეტყუელა ქრისტესთჳის უფლისა ჩუენისა. ამას ესუა ძჱ, სახელით სოლომონ, რომელიცა მეფობდა შემდგომად მისა. და მისცა მას ღმერთმან სიბრძნჱ ფრიადი და აღუშენა ტაძარი უფალსა ღმერთსა. და მათ ჟამთა შინა მოსცა ღმერთმან სული თჳსი წმიდაჲ წინაწარმეტყუელთა, რომელნი იყვნეს მას ნათესავსა შორის კაცნი წმიდანი. და იწყეს ქადაგებად განკაცებისათჳს სიტყჳსა ღმრთისა. და იტყოდა კაცად-კაცადი, ვითარცა სული წმიდაჲ მისცემდა. და [267r] ერთმან მათგანმან, რომლისა სახელი ესაია, ღაღატყო და თქუა: „აჰა ესერა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძეჱ და უწოდიან სახელი მისი „ენმანუელ.“ ეგრეთვე სხუათა მათ წინაწარმეტყუელთა თქუეს. თქუა თჳთეულმან თჳსისა წინაწარმეტყუელებისაებრ დიდებულისა მისთჳს მოსლვისა ღმრთისა სიტყჳსა. ერთმან „ბჭედ“ უწოდა, სხუამან „კუერთხად“, სხუამან „ყრმად“, ქალწულისაგან შობილად, სხუამან „მთად წმიდად“, სხუამან „კიდობნად“, სხუამან თქუა: „ქუეყანასა ზედა გამოჩნდეს და კაცთა შორის იქცეოდის.“ და ესე ყოველი, შვილნო ჩემნო, ღმრთისა მიერ ეუწყა წინაწარმეტყუელთა და მოასწავეს წინაჲსწარვე. ხოლო რაჟამს-იგი მოგუეახლა წყალობაჲ ღმრთისაჲ და ჯერიჩინა სიტყუამან ღმრთისამან კაცობრივთა ჴორცთა შემოსად, არავის აუწყა საიდუმლოჲ ესე, გარნა ერთსა ხოლო ანგელოზთმთავარსა, ცეცხლისფერსა გაბრიელს, რომელი-იგი მოივლინა ხარებად ქალწულისა მარიამისა. ხოლო იყო წმიდაჲ იგი ქალწული ღმრთისმშობელი თესლისაგან და ტომისა დავითისა, ყოვლითურთ უბიწო და ქალწულ. და იყო იგი მითხოილ მამაკაცისა, რომლისა სახელი იოსებ. და ვითარ-იგი ერწმუნა ანგელოზსა სიტყუაჲ იგი საღმრთოჲ, გარდამოჴდა ზეცით და მივიდა ქალწულისა და ჰრქუა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა!“ და მიერითგან ჴმასა მას თანა შევიდა საშოსა ქალწულისსა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და იშვა [267v] ჴორცითა უქცეველად და უცვალებელად ერთბამად ღმერთი და კაცი. ესე შობაჲ ანგელოზთა დაუკჳრდა და ზეგარდამო გალობდეს. მწყემსთა იხილეს, მოგუთა აღმოსავალით ძღუენი მოართუეს და რაჲთა მოკლედ ვთქუა, ესე უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ღმრთისა სიტყუაჲ, იქცეოდა ჩუენ შორის განგებულებისა მის აღსრულებად ოცდაათ წელ. ხოლო იყო მათ დღეთა შინა მღდელი ვინმე, სახელით ზაქარია. ამას ესუა ძჱ ჟამსა სიბერისასა, სახელით იოვანე, რომელი-იგი იშვა ხარებითა ანგელოზისაჲთა და იქცეოდა უდაბნოთა შინა. ესე იქმნა წინამორბედ ქრისტესა და ქადაგებდა წინაშე მისსა სასუფეველსა ცათასა. და აუწყებდა მოსლვასა ქრისტესა, რამეთუ ნათელსცემდა ერსა და ეტყოდა: „მე ნათელგცემ წყლითა, ხოლო შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერესი ჩემსა. მან ნათელგცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.“ და ამისა შემდგომად იხილა ქრისტჱ მომავალი და თქუა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი.“ მაშინ ნათელიღო უფალმან იორდანესა მდინარესა. და აღმოსლვასა მისსა წყალთაგან დგა რაჲ ერი იგი, იყო ჴმაჲ ზეცით: „ეგე არს ძეჱ ჩემი საყუარელი, რომელიცა სათნოვიყავ.“ და სული წმიდაჲ სახედ ტრედისა გარდამოჴდა მის ზედა. მიერითგან იწყო უფალმან სწავლად. და გამოირჩინა მოწაფენი ათორმეტნი, რომელთაცა „მოციქულად“ სახელსდვა. და დღითი-დღე იქმოდა [268r] სასწაულთა და საკჳრველებათა მრავალთა წინაშე ერისა მის და წინაშე მოწაფეთა მისთა, რომელი-იგი ყოველივე იხილა ეშმაკმან და აღძრნა გულნი ჰურიათანი დამბადებელისა მიმართ მათისა. და ზრახვაყვეს მოკლვაჲ მისი ნაცვალად მკუდართა მათთა აღდგინებისა და ბრმათა განათლებისა. ხოლო უფალი ჩუენი ნებსით მოვიდა ვნებად, რაჲთა წარტყუენულნი მტერისა მიერ გამოიჴსნნეს და ცხოველთა და მკუდართა ეუფლოს და მყოფთა ჯოჯოხეთისათა აზნაურებაჲ მიანიჭოს. ხოლო პირველ ვნებისა მისისა უთხრა მოწაფეთა ყოველივე მომავალი მის ზედა. მაშინ ერთმან ათორმეტთაგანმან, სახელით იუდა, მიჰყიდა ჰურიათა და მათ მისცეს იგი პონტოელსა პილატეს მთავარსა. და ესრეთ ჯუარს ეცუა და გემოჲ სიკ(უ)დილისაჲ იხილა ჴორცითა მით და ბუნებითა კაცობრივითა დაეფლა. და მესამესა დღესა აღდგა, შემუსრნა რაჲ ბჭენი ჯოჯოხეთისანი და საკრველნი სიკ(უ)დილისანი განტეხნა. ეჩუენა მოწაფეთა და აღიყვანნა იგინი მთასა ზეთისხილთასა და ყოველივე განცხადებულად გულისჴმაუყო. მერმე აკურთხნა იგინი და ჰრქუა: „წარვედით და უქადაგეთ სახარებაჲ ყოველსა სოფელსა. რომელსა ჰრწმენეს და ნათელიღოს, ცხონდეს, ხოლო რომელსა არა ნათელეღოს, დაისაჯოს!“ და მერმე ხედვიდეს რაჲ მოწაფენი, ამაღლდა ზეცად [268v] და დაჯდა მარჯუენით მამისა, ვინაჲცა მოსლვად არს განკითხვად ცხოველთა და მკუდართა. ხოლო წმიდანი იგინი მოწაფენი და მოციქულნი მოიქცეს იჱრუსალემდ ბრძანებისაებრ მისისა. და მოელოდეს აღთქუმასა სულისა წმიდისასა. და მო-რაჲ-ვიდა მადლი იგი მათ ზედა ენითა ცეცხლისაჲთა, იტყოდა კაცად-კაცადი უცხოთა ენათა, ვითარცა სული მისცემდა მათ. და მიერითგან განიბნინეს სოფელსა შინა ქადაგებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა. ხოლო მე მამისა თანა და დედისა ჩემისა მრწმენა ქრისტეჱ, იქცეოდა რაჲ ქუეყანასა ზედა. და ნათელვიღეთ ჴელითა პეტრესითა, თავისა მის მოწაფეთა მისთაჲსა, და წარვედით სახედ ჩუენდა. ხოლო გან-რაჲ-ეფინნეს მოციქულნი პირსა ქუეყანისასა ქადაგებად სახელსა ქრისტესსა, მოიწია ნეტარი პეტრეცა მოციქული კერძოთა მათ, ვინაჲ-იგი მე ვიყოფოდე. და დაივანა საყოფელსა ჩემსა ორმეოც დღე, რამეთუ მშობელნი ჩემნი აღსრულებულ იყვნეს. ხოლო მე შეუდეგ მიერითგან ნეტარსა მოციქულსა, რომელმანცა წარმომგზავნა თქუენდა მომართ, რაჲთა გიქადაგო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი-იგი შე-თუ-იწყნაროთ გულითა ლმობიერითა და ხჳდოდით გზასა მას ქრისტეს მცნებათასა, რაჲთა ღირს იქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რაჲ-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა.“ ესე ყოველი რაჲ ესმა ვონიფანტე მთავარსა დიდისა ბაგ [269r] რატისგან, დავარდა პირსა ზედა და თქუა: „ვჰმადლობ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან ესრეთ ჯერიჩინა, და მრწამს ყოველი, რავდენი მესმა პირისაგან შენისა, წმიდაო ღმრთისაო. და ამიერითგან ყოველი, რავდენი რაჲ მაქუს, ჴელთა შენთა მიგცე, ოდენ ღირსმყავ შვილად შენდა წოდებად.“ მაშინ წმიდამან ბაგრატ მიყო ჴელი, ჯუარი დასწერა და აღადგინა იგი და ჰრქუა: „მადლმან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან სრულყავნ სიტყუაჲ ეგე შენი, რამეთუ ნანდჳლვე ქრისტეს მიერ შვილი ჩემი ხარი შენ.“ და ვიდრეღა ამას ესევითარსა მრავალსა ასწავლიდა წმიდაჲ ბაგრატ მთავარსა მას, მოიწა ჟამი ცისკრისაჲ. და მშჳდობაჲ დაუტევა მას მთავარმან და წარვიდა წარვლენად ერისა სახედ თჳსად, რომელნი-იგი მკჳდრ იყვნეს გარემოჲს მთისა მის ეტნისა, კაცნი მჴნენი და ძრიელნი ბრძოლად. ხოლო წმიდამან ბაგრატ წარგზავნა იგი და ჰრქუა: „წარვედ, შვილო, მშჳდობით, უფალმან წარგიმართენ ნებასა თჳსსა!“ და მან თაყუანის სცა და განვიდა და მეყსეულად დაჰბერეს ნესტუსა. და აღმჴედრდეს წინაშე მისა ერი იგი. და წარვიდეს ქალაქად და განთიად განუტევა ერი იგი კაცად-კაცადი სახედ თჳსა. ხოლო წარვიდა რაჲ მთავარი იგი, ვიწყეთ ჩუენ ცისკრისა გალობასა. და შემდგომად აღსრულებისა მისისა ჰრქუა ლუკაონიდე ნეტარსა ბაგრატს: „უფალო ჩემო, შვილმან შენმან მთავარმან მრქუა მოჴსენებად სიწმიდისა შენისა, რაჲთა ჰბრძანო აღსლვად ქალაქადმდე და [269v] აკურთხო სახლი მისი.“ მიუგო წმიდამან მან და ჰრქუა მას: „ჰე, შვილო ჩემო, უფალსა თუ ენებოს, ვყოთ ეგრე, არამედ ბოროტნი იგი ეშმაკნი ხედვენ წარწყმედასა თჳსსა და ამბოხებისა ყოფაჲ ეგულების. ამისთჳს დავწერო წიგნი ჴელითა ჩემითა. აღვედ და წარიკითხე წინაშე საკერპოსა მას ტავრომენელთასა და დუმნენ სულნი იგი არაწმიდანი.“ და დაწერა ნეტარმან მან ესრეთ: „ბაგრატ, იესუ ქრისტეს, უფლისა ჩუენისა, მონაჲ, ლუსონს, კერპსა მას საძაგელსა ტავრომენელთასა, და სხუათა მაგათ ყოველთა ეშმაკთა, მანდა მკჳდრთა, გიბრძანებ სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, აღჳრასხენით ბოროტთა მაგათ პირთა თქუენთა, რაჲთა ნურარაჲ ამბოხებაჲ ჰქმნათ, რამეთუ უბრძანებიეს უფალსა, რაჲთა შორს ჰყოთ ყოველი უცნებაჲ ამიერითგან და საცთური დაბადებულთაგან მისთა.“ ხოლო ლუკაონიდე მიიღო წიგნი იგი და წარვიდა ქალაქად საკერპოსა მათსა. და შევიდა ტაძრად და წარიკითხა წიგნი იგი. და დადვა წინაშე კერპისა მის და წარმოვიდა ჩუენდავე. და ვითარცა შემწუხრდა, აღასრულა ნეტარმან ბაგრატ ლოცვაჲ. და მიბრძანა აღებად ჯუარისა და ხატთა მათ წმიდათაჲ და წარვემართენით ქალაქად. ხოლო სლვასა მას ჩუენსა ვარსკულავი ბრწყინვალჱ წინა გჳძღოდა, ვიდრემდის მივიწიენით ქალაქად. ესმა რაჲ მთავარსა [270r] მისლვაჲ ჩუენი, გამოგუეგება და შემიყვანნა სენაკსა მცირესა, კეთილად მოკაზმულსა, სადა-იგი დაედგა ცხედარი და საყდარი. და აწჳა ნეტარსა მას დაჯდომაჲ. ხოლო იგი დაჯდა და მთავარიცა მის თანა. და იწყო სწავლად მისა სიტყუათა ცხორებისათა მყოვარ ჟამ. მერმე წარგზავნა განსუენებად იგი, ხოლო თავადი ღამე ყოველ ჴელგანპყრობით უფალსა ევედრებოდა, ვიდრე მოიწია ჟამი ცისკრისაჲ. მაშინ მიწოდა მე და ზოგად აღვასრულეთ გალობაჲ. და ვიყოფოდეთ ტაძარსა მას ვონიფანტესსა ორმეოც დღე. ხოლო მოახლებულ იყო დღესასწაული ბოროტისა მის კერპისა ლუსონისი, რომელსა შინა მრავალსა საცხოვარსა და ზროხასა დაჰკლვიდეს ტავრომენელნი და უზორვიდეს მას. მაშინ შემოკრბეს ქურუმნი იგი და ჴმობდეს წინაშე ტაძარსა მას მთავრისასა და მოაჴსენებდეს განმზადებულებისა მისთჳს. ხოლო მთავარი წარდგა გარდასაყრდნელსა მას თჳსსა და ეტყოდა მათ: „წარვედით, მოჰმზადეთ ყოველივე წესისაებრ თქუენისა და ოდეს დღეს(ა)სწაული იგი მოიწიოს, მე მზავყო ცხოვარი და ზროხაჲ და ყოველი, რავდენი რაჲ საჴმარ იყოს.“ ესე რაჲ ჰრქუა, წარგზავნნა იგინი სახედ თჳსა. და შემო-რაჲ-ვიდა ჩუენდა ვონიფანტე მთავარი, ჰკითხვიდა მას წმიდაჲ ბაგრატ: „რანი იყვნეს, შვილო, [270v] ჴმანი იგი ერისანი?“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას: „შემდგომად ორისა თჳსა დღესასწაულთაჲ საქმჱ მოიწევის შესაწირავთაჲ, ლუსონ ღმრთისა მის ამის ქალაქისა და ყოველი ქალაქი და გარემო სანახები შემოკრბების. ამის უკუე ჯერისათჳს მეტყოდეს ქურუმნი, რაჲთა მზავყოთ დასაკლავად ცხოვარი და ზროხაჲ ფრიადი. ვითარ უკუე ჰნებავს სიწმიდესა შენსა ყოფად, ანუთუ მოსლვად ხარა კრებასა მას წინაშე ყოვლისა ერისა? გინათუ არა, ყოველივე მაუწყე ნებაჲ გულისა შენისაჲ.“ ჰრქუა მას ნეტარმან ბაგრატ: „შვილო ვონიფანტე, ნუვინ გაცთუნებს, ნუცა თავსიდებ ამიერითგან მსხუერპლისა შეწირვად ეშმაკთა, არამედ მოიქეც სახიერისა მის უფლისა, რაჲთა მიგეტევნენ შენ ყოველნივე ცოდვანი შენნი. რამეთუ მოწყალე არს იგი და ყოველთა, რომელნი მიივლტოდიან მისა, წყალობით შეიწყნარებს და შეუნდობს ყოველთა ცოდვათა მათთა. რამეთუ ამისთჳს გარდამოჴდა წიაღთაგან მამისათა ქრისტეჱ ღმერთი ჩუენი და კაც იქმნა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან. და მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა, რაჲთა ყოველთა მიგჳწოდოს სასუფეველსა მისსა, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან. ამისთჳს, შვილო ჩემო, მტკიცე იყავ სარწმუნოებასა ზედა მისსა, რაჲთა სრულიად მოგეცეს მადლი სულისა წმიდისაჲ, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ. ხოლო აწ მნებავს, შვილო ჩემო, რაჲთა აღმიშენო საკურ [271r] თხეველი წმიდაჲ, რაჲთა შევსწირვიდე მას ზედა შესაწირავსა დიდებულსა და უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან გჳჴსნნეს ყოველთაგან მტერთა უხილავთა და მოავლინოს ანგელოზი თჳსი მცველად სულთა ჩუენთა.“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას: „ყოველივე, რაჲცა მიბრძანო შვილსა შენსა, მზა ვარ აღსრულებად. სახჱ ოდენ საკურთხევლისაჲ მის გამოსახე და მიერითგან უზრუნველ იყავ.“ მაშინ აღდგა ნეტარი იგი და თანა წარიყვანა ვონიფანტე მთავარი და ლუკაონიდე. და განვედით მახლობელად ზღუდესა ქალაქისასა აღმოსავალით კერძო. და გამოსახა სახჱ იგი ეკლესიისაჲ და ჰრქუა: „ამას ადგილსა მნებავს აღშენებაჲ ამის სახლისა სალოცველისაჲ.“ და აღასრულა ლოცვაჲ ეკლესიისაჲ მუნ მდგომარემან. ხოლო მთავარმან სათხროლითა მოინიშნა ადგილი იგი და წარვედით სავანესა მას ჩუენსა. და ხვალისა დღე უბრძანა მთავარმან მნესა თჳსსა წარსლვად ლუკაონიდეს თანა და ვითარცა უჩუენოს აღშენებად ტაძარი იგი ღმრთისაჲ. და მეყსეულად შემოკრიბნეს გალატოზნი და ხუროჲთმოძღუარნი და იწყეს შენებად, რამეთუ იტყოდეს: „სახლსა საგანძურსა აშენებს მთავარი.“ და ფრიადითა მოსწრაფებითა ოცდაათ დღე აღასრულეს შენებაჲ იგი ყოვლად კეთილად და შუენიერად. და იყო შენებული იგი ყოველი კეცითა და ლაქუარდითა დიდ-დიდე [271v] ბითა სისუბუქისათჳს მისისა. და ვითარცა აღასრულეს ყოველივე სამკაული წმიდისა მის ეკლესიისაჲ, შთავიდა ნეტარი ბაგრატ მთავრისა თანა და ლუკაონიდეს თანა, რომელსა ეწოდა „ეპიფანე.“ და აღჰმართა წმიდამან მან თჳსითა ჴელითა საკურთხეველი და აკურთხა იგი წესითა მოციქულთაჲთა. და მეყსეულად შეწირა მას ზედა უსისხლოჲ იგი მსხუერპლი. და გუაზიარნა წმიდათა მათ საიდუმლოთა მე და ეპიფანე და ამბორსგჳყო. ხოლო ვონიფანტე მთავარსა არა აზიარა. ამისთჳსცა შეწუხნა იგი ფრიად, რამეთუ ჯერეთ უმეცარ იყო საიდუმლოსა მას. ხოლო ოდეს-იგი იწყო წმიდამან ბაგრატ გალობად ჴმითა მით ტკბილითა, რამეთუ ფრიად კეთილ და ტკბილ იყო ჴმაჲ მისი და მადლითა ღმრთისაჲთა აღვსებულ, მეყსეულად ვიხილეთ მე და ეპიფანე ცეცხლი საშინელი, ზეცით გარდამოსრული, რომელმან აღავსო ეკლესიაჲ და ჩუენ შეძრწუნებულ ვიყვენით. ხოლო გარემოჲს ადგილისა მის აღმართებულ იყვნეს კერპნი მრავალნი, სპილენძისა და ჭიქისა და კეცისანი ოქროლესულნი. და მას ჟამსა ყოველნივე დაცჳვეს და შეიმუსრნეს. და ვითარცა აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ, ნეტარმან ჰრქუა მთავარსა: „რაჲსა მწუხარე იქმენ, შვილო, რომელ-იგი არა გაზიარე წმიდათა მათ საიდუმლოთა? საცნაურ იყ(ა)ვნ შენდა, ვითარმედ ესე არს საიდუმლოჲ ჴორცისა და სისხლისა ქრისტეს ღმრთისაჲ. და ვერვის ჴელეწიფების [272r] ზიარებად მისა, უკუეთუ არა პირველ აღიბეჭდოს წმიდისა ნათლისღებისა მიერ, რომელ არს განბანაჲ წყლითა და განწმედაჲ სულისა წმიდისა მიერ. ხოლო შენ ჯერეთ წინდი ოდენ მიგიღებიეს მადლისაჲ მის და არღა სრულ ქმნულ ხარ. ჰმადლობდ უკუე ღმერთსა და ოდეს მისმან სახიერებამან ჯერიჩინოს, ღირს იქმნე დიდებულსა მას ნიჭსა.“ ესე რაჲ თქუა, შეუვრდა მთავარი იგი და არღარა შესძინა სიტყუად. მაშინ აღგჳყვანნა ტაძრად და დააგო ტაბლაჲ შუენიერი დღესა მას სატფურებისასა. ხოლო წმიდამან ბაგრატ იწყო კურთხევად ტაბლისა. და თქუა რაჲ სიღრმითა გულისა მისისაჲთა: „დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, სუფევაჲ შენი, ქრისტე, სუფევა არს უკუნისამდე“, მეყსეულად შეიძრა ადგილი იგი და ყოველნივე შიშით ქუე დავცჳვით. ხოლო ნეტარმან მან აღმადგინნა და თქუა: „ნუ გეშინინ, რამეთუ მადლი ქრისტესი მოგუეფინა ჩუენ, რაჲთა გუაკურთხნეს.“ და ჯდა უკუე წმიდაჲ ბაგრატ და ერთ კერძო მისა - მთავარი ვონიფანტე და ერთ კერძო - ეპიფანე. ხოლო მე ზე ვდეგ წინაშე უფლისა ჩემისა. მოიღო წმიდამან პური, განტეხა და მოგუცა ყოველთა და თქუა: „მიიღეთ, ჭამეთ პური ესე ჩემი ჴელთაგან ჩემთა დღესა ამას სატფურებისასა ტაძრისა მის ღმრთისა და მოიძაგენით კერპნი და ყოველივე ნაზორავი და ნაგები მათი.“ და აღვდეგით რაჲ ტაბლით, ყო ლოცვაჲ და წარავლინა კაცად-კაცადი თჳსაგან. ხოლო ჩუენ შთავედით ეკლესიად სამწუხროჲსა გალობისა [272v] აღსრულებად. და მიერითგან მუნ ვიყოფოდეთ, ლოცვათა აღვასრულებდით და უსისხლოსა მას მსხუერპლსა შესწირვიდა ღმერთშემოსილი იგი. ხოლო ქურუმთა მათ ბოროტთა ესმა რაჲ, ვითარმედ ვონიფანტე მთავარმან ტაძარი აღაშენა, იხარებდეს და იშუებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: „ღმერთნი უმეტესად შეიყუარნა მთავარმან და ტაძარი აღუშენა აპოლონს.“ რამეთუ არა იყო ქალაქსა მას კერპი მისი და იტყოდეს: „დიდ არს ძალი შენი, ღმერთო აპოლონ, რამეთუ, დაღაცათუ ფალკონ წარვიდა ჩუენგან, არამედ აწ შენ მოგიყვანა დიდმან ამან მთავარმან, შეყუარებულმან ღმერთთამან.“ ხოლო მოახდა კრებაჲ იგი ლუსონ კერპისაჲ. და მოჰმზადეს ქურუმთა მათ ცხოვარი და ზროხაჲ ფრიადი და სამნი ჭაბუკნი დასაკლველად ჩუეულებისაებრ. და შეკრბეს მიმოსლვად ყოველთა მათ საკერპოთა ტაძართა და კუმევად საკუმეველისა. და შე-რაჲ-ვიდეს ყოველსა პირველად ტაძარსა მას დიოს კერპისასა, პოეს კერპი იგი დაცემული და შემუსრვილი. ესე რაჲ იხილეს, იცეს პირთა მათთა და გოდებით ტყება ყვეს და იტყოდეს: „ჵ, ღმერთო ჩუენო დიოს, არა კმა გუეყოა წარწყმედაჲ იგი ფალკონისი, არამედ, ესერა, უმეტესიცა მწუხარებაჲ და რისხვაჲ გუეწია ჩუენ. რამეთუ გხედავთ შენ შემუსრვილად და რომელსა შიშით თაყუანის გცემდით, გხედავთ შეურაცხად დალეწილად. ვინ მიუთხრას სირცხჳლი ესე ჩუენი გარ [273r] რემო ქალაქთა?“ და ესევითარითა გოდებითა გამოვიდეს გარე და შევიდეს სხუათა მათ ტაძართა და პოვნეს ეგრეთვე ყოველნი ღმერთნი შემუსრვილნი. მაშინ იქმნა ვაებაჲ დიდი და ყოველი ერი შეკრბა ჴმასა მას. და განისმა ესე სიტყუაჲ ყოველსა ქალაქსა და იყო გლოვაჲ ყოველთაჲ. მაშინ ქურუმნი იგი ერითურთ აღვიდეს მთავრისა და იწყეს ჴმობად ჴმითა უწესოჲთა. ხოლო იგი წარდგა გარდა[სა]ყრდნელსა მას თჳსსა და ჰკითხვიდა შფოთისა მის მიზეზსა. და იგინი ეტყოდეს: „ჵ, მთავარო, ვითარ-ესე ვხედავთ, არცა ერთი ზრუნვაჲ გაქუს შენ წარწყმედისათჳს ჩუენისა, რამეთუ, აჰა ესერა, პირველქმნულსა მას განსაცდელსა ზედა, რომელ-იგი ფალკონ ღმერთი ჩუენი უჩინო იქმნა, არცა ერთი ზრუნვაჲ აჩუენე. და აწ კუალად დიოს, ღმერთი ჩუენი დიდი, და სხუანი ყოველნივე შემუსრვილ არიან, გარნა ლუსონ ხოლო, და შენ აწღა იკითხავ მიზეზსა ამას გლო(ვ)ისა ჩუენისასა? აწ უკუე თქუ, რასა გჳბრძანებ ამის ჯერისათჳს.“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა მათ: „კაცნო ბრძენნო ტავრომენელნო, ესერა, კრებაჲ იგი დიდი ამის ქალაქისაჲ მოახლებულ არს. მაშინ უკუე ყოველივე გამოვიძიოთ. ხოლო აწ გამოარჩიენით თქუენგანნი კაცნი ბრძენნი და სწავლულნი ფრიად ფილოსოფოსობისანი და მეცნიერნი სიზმართა აღჴსნად და [273v] სამისნოთა გამოძიებად. და ტაძრებსა შინა ღმერთთასა ორ-ორი დაადგინეთ. ნუუკუე ცნან, რაჲ არს მოწევნული ესე ღმერთთა ზედა, გინათუ ღმერთი უძლიერესი მოვიდა და ვერ დაუდგნეს შიშსა მისსა და შეიმუსრნეს, ანუთუ სხჳსა რაჲსამე მიზეზისათჳს იქმნა ესე. და რაჲცა გამოეცხადოს კრებასა მას, გუაუწყონ ყოველივე.“ სთნდა სიტყუაჲ ესე ქურუმთა და ერსა მას და თქუეს: „ვფუცავთ ძალსა ლუსონისსა, კეთილი განზრახვაჲ მოიგონე, მთავარო დიდებულო.“ და მიიქცეს ქალაქად და ჴელთა აღიღეს რტოები მურტისა და დაფნისაჲ. და გამოარჩინეს ოცდაათი კაცი, სწავლულნი ფილოსოფოსობასა და ვარსკულავთმრაცხველობასა, სიზმართა აღჴსნასა და მისნობასა. და დაადგინნეს იგინი ტაძართა შინა კერპთასა ორ-ორი. ხოლო წმიდაჲ ბაგრატ ჯდა ეკლესიასა მას შინა, დაფარულ სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ ბნელი იყო მიფენილ თუალთა მის ერისათა და ვერ ხედვიდეს წმიდასა მას ეკლესიასა. წარვიდეს უკუე ერნი იგი ქურუმთა თანა საკერპოდ ლუსონისსა რტოებითა მურტისა და დაფნისაჲთა და თითო სახითა სახიობითა შევიდეს. ქურუმნი იგი შეასხმიდეს მას და ითხოვდეს ხილვათა ხილვად საქმისა მისთჳს საძიებელისა. მაშინ სულმან მან ბოროტმან, რომელი იყო [274r] კერპსა მას შინა, ჴმაჲ აღმოუტევა და ჰრქუა მათ: „კაცნო ტავრომენელნო, რაჲსა მოხუედით ჩემდა, ანუ რაჲსა ჴმითა ქებისაჲთა შემასხამთ? რავდენი გაუცნეთ, გაუცნეთ, და რაჲ-იგი ვქმენით, ვქმენით თქუენ თანა. ამიერითგან განგუეშორენით, არღარა არს ძალი ჩუენ თანა, რამეთუ სამგუამოვანმან ღმრთაებამან მოხედნა თჳსთა დაბადებულთა. მოავლინა ღმერთმან სიტყუაჲ თჳსი და ყოველნი განკურნნა, რომელმან-იგი შექმნნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ამან აწ აქაცა მახჳლი ცეცხლისაჲ მოავლინა, მოწაფჱ თჳსი, რომელმან ფალკონცა იოტა და სხუანი შემუსრნა და მეცა უჩინო მყოფს.“ ესე რაჲ თქუა, დადუმნა იგი სრულიად. ხოლო ქურუმნი იგი და ერი აღივსნეს მწუხარებითა, რამეთუ ვერ გულისჴმაყვეს, რასა-იგი იტყოდა. არამედ ესე ოდენ ცნეს, ვითარმედ განსაცდელი და ჭირი მოწევნულ არს ღმერთთა მათთა ზედა. მაშინ იწყეს კუალად ვედრებად, რაჲთამცა გამოცხადებულადრე აუწყა მათ, თუ ვინ არს ძლიერი იგი ღმერთი და ყოველთა შემოქმედი. ხოლო სულმან მან არაწმიდამან და ბილწმან არარაჲ მიუგო. მერმე კუალად წილ იგდებდეს, თუ ვის ეძიებს ლუსონ, რაჲთამცა დაუკლეს მას, რამეთუ ესე აქუნდა ჩუეულებაჲ და რომლისაჲცა აუწყის, იგიცა დაუკლიან. მოიღეს უკუე ფიალი ოქროჲსაჲ და აღავსეს იგი წყლითა და მიახლეს წინაშე [274v] კერპისა მის. და წილ იგდებდეს ბეჭდებითა წესისა მისებრ მისანთაჲსა. და აღმოჴდა წილი იგი მთავრისა ვონიფანტესთჳს, რაჲთა დაუკლან იგი კერპსა მას. ესე რაჲ ესმა ერსა, განიხარეს და რტოებითა მით მურტისა და დაფნისაჲთა აღვიდეს პრეტორად, რომელ არს ტაძარი მთავრისაჲ. შეასხმიდეს მას და იტყოდეს: „დიდებულო მთავარო და ბრწყინვალეო ნახპეტო, დიდმან ღმერთმან ლუსონ შესაწირავად და მსხუერპლად მისა გითხოვა შენ და გნატრით, რამეთუ ამასცა ცხორებასა დიდებულ იქმენ და აწ ღირს იქმნები ღმერთყოფად, ვითარცა ლუსონ და ზევ და სხუანი იგი ღმერთნი.“ ესე რაჲ ესმა, მას ჟამსა ერი იგი განუტევა ნიჭითა მრავლითა წესისაებრ და მსწრაფლ მოვიდა ნეტარისა ბაგრატისსა. და შეუვრდა მას ცრემლით და რაჲ-იგი ასმიოდა, მიუთხრა მას. მიუგო მას წმიდამან ბაგრატ: „ნურარას ზრუნავ, შვილო, ამის ჯერისათჳს, არამედ წარვედ კრებასა მას. და მეცა მუნ მოვიწიო ძალითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და ვიოტო სული იგი არაწმიდაჲ. ხოლო შენ არარაჲ გევნოს, ნუ გეშინინ, ნუცა იურვი, არამედ წარვედ მშჳდობით და მე სახელითა ქრისტესითა შენ თანა ვარ.“ წარვიდა მთავარი ტაძრად თჳსად და მუნ იყოფვოდა უზრუნველად. და ხვალისა დღე მივიდეს ქურუმნი კაცთა მათ მიმართ, რომელნი საკერპოთა შინა დაედგინნეს კითხვად, უკუეთუ გამოეცხადა რაჲ. ხოლო მათ [275r] მიუგეს და ჰრქუეს: „ვითარცა-ესე დაგუადგინენით ჭეშმარიტისა ძიებად, ყოველივე, რაჲ-იგი ვიხილეთ, გაუწყოთ. ღმერთნი იგი შემუსრვილნი ერთად შევანაწევრენით და დავსხენით საყდართა მათთა ზედა. და ვევედრებოდეთ გამოცხადებად ჩუენდა ჩუენებათა დაფარულთა და ღამე ყოველ არა დავიძინეთ. ხოლო ვითარცა მეცხრჱ ოდენ ჟამი იყო ღამისაჲ, გუესმა ჴმაჲ გალობისა, ფრიად შუენიერი, რომლისა სმენითა ვერვინ განძღების. და ვითარცა ისმა ჴმაჲ იგი, მეყსეულად, ვითარცა მძაფრისა ქარისაგან, განიბნინეს ღმერთნი იგი და იქმნნეს, ვითარცა არარა.“ ხოლო ქურუმთა სიტყუანი ესე შეჰრაცხნეს, ვითარცა ნაცილად, და არაჲ ჰრწმენა. მიუგეს კაცთა მათ და ჰრქუეს: „უკუეთუ ურწმუნო ხართ სიტყუათა ჩუენთა, დაადგერით აქა და თქუენ თჳთ გესმას.“ სთნდა მათ სიტყუაჲ ესე და წარვიდეს და მოიყვანნეს სხუანი კერპნი. და აღჰმართნეს ტაძართა მათ შინა და მუნ დაადგრეს მას ღამესა. ხოლო ვითარ მეცხრჱ ოდენ ჟამი იყო ღამისაჲ, იწყო წმიდამან ბაგრატ ცისკრისა გალობასა. და ესმა ჴმაჲ მისი, მეყსეულად დაეცნეს კერპნი იგი და შეიმუსრნეს. მაშინ ქურ(უ)მნი იგი განვიდეს ხილვად, ვინაჲ მოვალს ჴმაჲ იგი. და ჴმაჲ ესმოდა, ხოლო ხილვად ეკუტერისა მის ვერ ჴელეწიფებოდა, რამეთუ ბნელი მიფენილ იყო თუალთა ზედა მათთა. და აღვასრულეთ რაჲ ლოცვაჲ, დაჯდა ნეტარი ბაგრატ წინაშე კართა ეკლესიისათა, დასწერა ჯუარი. და მაშინღა [275v] აღეხილნეს თუალნი მათნი. და იხილეს წმიდაჲ იგი ეკლესიაჲ და ნეტარი ბაგრატ, მჯდომარჱ წინაშე კართა მისთა, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, და შეშინდეს. მაშინ მოუჴდეს მას და ეტყოდეს: „გაფუცებთ დიდთა ღმერთთა, გჳთხარ ჩუენ, ღმერთი ხარ შენ, ანუ კაცი?“ მიუგო წმიდამან ბაგრატ და ჰრქუა მათ: „მე არცა ღმერთი ვარ, არცა თქუენთა მაგათ ბილწთა ღმერთთა ვჰმსახურებ, არამედ კაცი ვარ, დაბადებული ღმრთისაჲ, რომელმანცა მომავლინა, რაჲთა გიქადაგო თქუენ სიტყუაჲ ცხორებისაჲ და ჭეშმარიტებისაჲ, რაჲთა იცნათ ღმერთი მაღალი და მოიძაგოთ ბოროტი ეშმაკი.“ ჰრქუეს მას ქურუმთა მათ: „ვხედავთ შენ ზედა მადლსა დიდსა, ნუუკუე აპოლონ, ღმერთი იგი ათინელთაჲ, ხარ შენ და ამისთჳს ესრეთ ძლიერად მოხუედ და ღმერთნი ჩუენნი შეიმუსრნეს. გარნა არა იგი ღირს ამის საქმისა ქმნაჲ, დაღაცათუ ძლიერი ხარ, რამეთუ იგინიცა ღმერთნი არიან.“ მიუგო ნეტარმან მან და ჰრქუა მათ: „კაცნო ტავრომენელნო, მე არცა აპოლონ ვარ, არცა აპოლონს ვიცნობ, რამეთუ არს იგი არარაჲ და შეურაცხი. არამედ მონაჲ ვარ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა. რომელმან დაჰბადა კაცი ხატად თჳსა და მან მომავლინა, რაჲთა გასწაო დატევებად ეშმაკთა და მის მხოლოჲსა მონებად, რაჲთა მოგანიჭოს ცხორებაჲ საუკუნოჲ, [276r] რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა. ხოლო კერპნი ეგე, რომელთა თქუენ ღმერთად უწოდთ, ეშმაკნი არიან და მსახურთა მათთა ცეცხლისა საუკუნოჲსა მომატყუებელ არიან და ბნელისა გარესკნელისა დაღრჭენისა კბილთაჲსა და მატლისა დაუცხრომელისა. აწ უკუე, კაცნო, დაუტევეთ ბნელი და მოვედით ნათლად!“ ხოლო ქურუმთა მათ უკჳრდეს სიტყუანი მისნი, არამედ მიისწრაფდეს დღესასწაულსა მას ლუსონ კერპისასა და ჰრქუეს მას: „ვისმინოთ კუალადცა, სიტყუაჲ ეგე შენი რასა მოასწავებს.“ და დაუტევეს იგი და წარვიდეს და იტყოდეს: „ვინმე არს იგი ღმერთი, რომელსა-ესე იტყჳს უძლიერეს ყოფად ჩუენთა ღმერთთა, რამეთუ სიტყუაჲცა იგი ლუსონისი გუაკჳრვებს, რომელ-იგი გუშინ მოგჳგო.“ ამას ესევითარსა იტყოდეს რაჲ, მიიწინეს ტაძრად ლუსონისსა და განავლინნეს ქადაგნი შემოკრებად ერისა. და მეყსეულად შემოკრბა ერი ურიცხჳ რტოებითა მურტისა და ფინიკისაჲთა. და აღვიდეს ტაძრად მთავრისა და შეიპყრეს ვონიფანტე მთავარი. და მიიყვანეს წარდგინებად წინაშე ლუსონისსა და აღსძარცუეს ძოწეული იგი და პორფირი, რომელი ემოსა. და ჴელნი შეუკრნეს დაკლვად. ხოლო იგი მიმოიხედვიდა წმიდასა ბაგრატს, ვითარცა ზუარაკი, კლვად მიყვანებული, იხე [276v] დავნ დედასა თჳსსა, და იტყოდა: „იესუ ქრისტე, შემიწყალე!“ და მას ოდენ ჟამსა აღდგა წმიდაჲ ბაგრატ და შეიმოსა სამღდელოჲ კუართი ზეწრითურთ და მომცა მე კურთხევაჲ დიაკონობისაჲ. და აღიღო ჯუარი იგი წმიდაჲ ჴელთა მისთა და ხატი მაცხოვრისაჲ და წმიდისა მოციქულისა პეტრესი. და სწრაფით მივიწიენით კრებასა მას და ვიხილეთ ვონიფანტე მთავარი წინაშე კერპისა მის შეკრული. ხოლო კერპი იგი იყო დიდ ფრიად და შინაგან მისა გუელი, ვეშაპისა მსგავსი, რომელი-იგი სუმიდა სისხლსა, რომელსა-იგი უზორვიდეს. იხილა რაჲ ნეტარი ბაგრატ, მთავარმან ჴმაყო: „დიდებაჲ შენდა, ღმერთო მონისა შენისა ბაგრატისო!“ და მეყსეულად დასცჳვეს საკრველნი იგი. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დადუმნეს ჴმათა მათგან სასტიკთა, რომელთა შეასხმიდეს კერპსა მას. და თუალნი ყოველთანი წმიდასა ბაგრატს ზედა იყვნეს, რამეთუ იხილეს იგი უცხოჲთა სახითა და მადლი ღმრთისაჲ მოფენილ იყო მის ზედა. მაშინ წმიდაჲ ბაგრატ მიეახლა კერპსა მას და ჰრქუა: „ლუსონ, ბილწო და არაწმიდაო, რად აცთუნებ დაბადებულთა ღმრთისა ჩემისათა, ანუ რომელსა სარგებელსა მოატყუებ შენ მიერ ცთუნებულთა მათ?“ მიუგო სულმან მან არაწმიდამან კერპით გამო: „რასა მკითხავ, მონაო ღმრთისაო, რომელი შენცა უწყი?“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „ჰე, მე კეთილად უწყი, გარნა გიბრძანებ სახელითა ქრისტესითა თქუმად ერისა ამის წინაშე უცნებათა შენთა და თუ ვითარისა ცხორებისა მომატყუებელ ექმნები მათ და მას საუკუნესა.“ [277r] მიუგო ეშმაკმან მან და თქუა წინაშე ყოვლისა მის ერისა: „მე ყოველთავე მორჩილთა ჩემთა გეჰენიასა მას ცეცხლისა დაუმკჳდრებ თავისა ჩემისა თანა.“ მაშინ წმიდამან ბაგრატ აღამაღლა წმიდაჲ იგი ჯუარი და გამოსახა ნიში ჯუარისაჲ ჯუარითა და ჰრქუა მას: „გიბრძანებ სახელითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲთა, ეშმაკო არაწმიდაო, სივლტოლად ადგილისა ამისგან და შთავრდომად სიღრმესა ზღჳსასა მოყუსისა მის შენისა ფალკონის თანა, ვიდრე განმზადებულად დღედმდე.“ და მეყსეულად იქმნა სულისა მისგან ბოროტისა, ვითარცა გრიგალი ქარისა მძლავრისაჲ. და კერპი იგი დაეცა და შეიმუსრა წურილად და სულნი იგი ბოროტნი ივლტოდეს. ხოლო გუელი იგი დაშთა ადგილსა მას, სადა ბომონი იყო. მიუჴდა წმიდაჲ ბაგრატ, სცემდა მას კუერთხითა და ეტყოდა: „განვედ, ტყავო ეშმაკისაო, რამეთუ შენ შეგიმოსა მან და პირველნი მამანი ჩუენნი სამოთხით გამოყარნა. და აწ ლუსონ შენვე შეგიმოსა და დაბადებულთა ღმრთისა ჩემისათა აცთუნებდა. განვედ სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და ნუღარამცა პოვნილ ხარ ამას ადგილსა!“ და მეყსეულად აღიძრა გუელი იგი საშინელი წარსლვად. და შეძრვასა ოდენ მისსა ჯუარი დასწერა წმიდამან ბაგრატ და განიპო იგი ორად თავითგან ბოლომდე. ესე საკჳრველებანი, რომელ ქმნა სახელითა იესუ ქრისტესითა, იხილნა რაჲ ერმან მან, ჴმაყვეს: „კურთხეულ არს ღმერთი [277v] ბაგრატისი, ჭეშმარიტად არს დიდ და საშინელ და გურწამს იგი.“ ჰრქუა მათ წმიდამან ბაგრატ: „შემუსრენით ფიალები ეგე და სარწყულები სავსეჱ ღჳნითა მით, შეგინებულითა ნაზორევისაჲთა, და ყოველი იგი, რომელი შესაწირად ეშმაკისა დაგიკლავს, ძაღლთა საჭმელად მიეცით!“ და ერმან მან მყის სიტყუაჲ მისი აღასრულა. კუალად უბრძანა აღებაჲ გუელისაჲ მის და ზღუად შთაგდებაჲ. და მეყსეულად მოაბეს მას საბელი და ზღუად შთააგდეს. ხოლო ითრევდეს რაჲ, ძუალნი მისნი განშიშულდეს. და ერთმან ჭაბუკთაგანმან ზურგისაგან მისისა მოჰკუეთა ნაწევარი ერთი და აღწონეს რაჲ, იპოვა სამეოცი ლიტრაჲ. მაშინ ყოველი იგი ერი შემოუკრბა წმიდასა ბაგრატს. ხოლო იგი აღვიდა ადგილსა მაღალსა და აკურთხნა იგინი ჯუარის წერითა წმიდითა, რაჲთამცა მიიღეს მადლი სულისა წმიდისაჲ. და მყოვარ ჟამ ასწავებდა მათ სიტყუათა მათ ცხორებისათა და გულნი ყოველთანი განეხუნეს მადლითა სულისა წმიდისაჲთა. და კაცად-კაცადი კერპებსა მას, რომელნი იყვნეს ადგილ-ადგილ ქალაქსა შინა, დაჰმუსრვიდეს და ჰნერწყუვიდეს მათ. ხოლო წმიდამან ბაგრატ კუალად აკურთხნა იგინი და ჰრქუა ხვალისა დღე შემოკრებად. და ესრეთ განყარა ერი იგი საზრდელისა მიღებად სახლთა მათთა. და თავადი საღმრთოჲთა სიხარულითა მოიქცა ეკლესიად, ლოცვანი თჳსნი მისცნა უფალსა და მიიღო მცირედ საზრდელი. და დაჯდა კართა წინაშე ეკლესიისათა [278r] და ჰმადლობდა უფალსა. მაშინ ეშმაკნი იგი, ქალაქსა შინა მყოფნი, შეწუხებულნი საქმეთა მათთჳს, რომელ ქმნნა წმიდამან ბაგრატ, მოიცვეს იგი და ყოველივე ეკლესიაჲ, ვითარცა სიმრავლემან ყორანთამან, რაჲთამცა წმიდაჲ იგი შეაშინეს. მაშინ ღმერთშემოსილი იგი აღდგა და შეიბეჭდა თავი თჳსი სასწაულითა ჯუარისაჲთა და ჰრქუა ეშმაკთა მათ: „გაფუცებ თქუენ, სულნო არაწმიდანო, სახელსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დავრდომად ქუეყანასა ზედა მფრინვალებისა მაგისგან.“ და სიტყუასა მისსა თანა დაცჳვეს ყოველნი ქუეყანად. და იქმნა, ვითარცა კოლტი ღორთაჲ მრავალი. ხოლო წმიდამან ბაგრატ აღიღო კუერთხი ჯუარისაჲ და წარიქცინა იგინი და გარეგან ქალაქისა განიყვანნა იგინი, ვინაჲცა ქუაბი კლდესა შინა პოვა. მუნ შინა შეაყენნა იგინი და ლოდი დიდი სიტყჳთა პირისა მისისაჲთა მიაგორვა კარსა მას და სასწაულითა ჯუარისაჲთა დაჰბეჭდა. და ლოცვაჲ წართქუა მას ზედა და თქუა: „გაფუცებ თქუენ სულთა მაგათ ბოროტთა სახელსა მეუფისა ჩემისა ქრისტესსა არარა გამოსლვად ქუაბისა მაგისგან ვიდრე დღედმდე საშჯელისა, ოდეს-იგი ჯოჯოხეთს შეიყენებოდით.“ და მოიქცა რაჲ მიერ ადგილით, შემოვიდა ქალაქად. და ადგილსა მაღალსა ჴელნი განიპყრნა, ილოცვიდა და ჰმადლობდა უფალსა. და შემდგომად ლოცვისა გამოსახა ნიში ჯუარისაჲ აღმოსავალით, დასავალით, ჩრდილოჲთ და ბღურით და თქუა: „ძალმან ჯუარისა შენისამან, [278v] უფალო იესუ ქრისტე, განიოტენ ყოველნივე სულნი არაწმიდანი.“ და სიტყუასა თანა მისსა, რომელნიცა სადა დარჩომილ იყვნეს, ქალაქსა შინა ივლტოდეს. ხოლო ხვალისა დღე ყოველი იგი ქალაქი შემოკრბა. და აღჴდა იგი ადგილსა მაღალსა, ჴელი განუყარა და იქმნა რაჲ დუმილი ერისაჲ, აღაღო ყოვლადწმიდაჲ პირი მისი და ასწავლიდა მათ. ხოლო ყოველნი გულსმოდგინედ ისმენდეს მისსა და იტყოდეს: „გურწამს ყოველივე სიტყუაჲ შენი, წმიდაო ღმრთისაო, და თაყუანის ვსცემთ უფალსა იესუ ქრისტესა, რომელსა ჰქადაგებ. და ყოველნივე კერპნი მოგჳძაგებიან.“ ესრეთ უკუე ორსა მას დღესა ასწავლიდა ყოველთა ზოგად და კაცად-კაცადსა წარჩინებულთა. ხოლო მესამესა დღესა იწყო ნათლისცემად. და პირველ ნათელღებულნი იგი წმიდისა პეტრეს მიერ, ეპიფანე და სხუანი იგი მენავენი, წარმოადგინნა მსახურებად და აღმქუმელად ერისა მის. და ნათელსცა მათ მას დღესა შინა ოცდაოთხსა ათასსა რიცხჳთ. და აზიარა წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა. ხოლო ერისა მისგან მრავალთა თქუეს, ვითარმედ: „ვიხილეთო ტრედი, ზეცით გარდამომავალი.“ და შთავიდა ემბაზსა მას და განიბანა წყალსა მას შინა. და აღავსო იგი ნათლითა და სურნელებითა მიუთხრობელითა და კუალად აღვიდა ზეცად. ხოლო იქმნა მას დღესა შინა ქალაქსა მას სიხარული დიდი. და ვიდრე რვა დღემდე ურიცხუმან სულმან ნათელიღო. ხოლო ესმა გარემო სანახებისა ერსა [279r] და რომელნი-იგი მთასა მას ეტნისასა მკჳდრ იყვნეს, მადლი იგი ღმრთისაჲ, მოსრული ქალაქსა მას ტავრომენელთასა. შემოკრბებოდეს ურიცხუნი და ნათელიღებდეს ჴელითა წმინდისა ბაგრატისითა. და მრავალნი უძლურნი განიკურნებოდეს ქრისტეს მიერ დადებითა ჴელთა მისთაჲთა: მკელობელნი, ბრმანი, განრღუეულნი, განჴმელნი, წყლით მანკიერნი და ეშმაკეულნი. ხოლო ვონიფანტე მთავარი მოუჴდა ნეტარსა მას, თაყუანის სცა და ჰრქუა: „გევედრები, მამაო ღმერთშემოსილო, რად არა მეცა მომანიჭებ მეორედ შობასა ამას წყლისა მიერ და სულისა, ვითარცა სხუათა უფროჲსღა, ვითარცა მთავარსა, პირველ ყოველთაჲსა მიღირდა მე ნათლისღებაჲ.“ მიუგო წმიდამან ბაგრატ და ჰრქუა მას: „შვილო ჩემო, ნუ სულმოკლე იქმნები, არამედ განმზადე თავი შენი სიწმიდითა და ქველისსაქმითა და ოდეს უფალსა ენებოს, მაშინ ნათელიღე, რამეთუ ჩემ ზედა არს ზრუნვაჲ სულისა შენისაჲ.“ ამას ზედა მთავარი იგი დუმნა, რამეთუ კაცი იყო მორჩილი ყოველსა ზედა სიტყუასა წმიდისა ბაგრატისსა. მერმე ევედრა ნეტარსა მას აღსლვად მის თანა პრეტორად, რომელ არს ტაძარი მთავრისაჲ. და აღვედით რაჲ, შემიყვანნა საგანძურთა მისთა და უჩუენნა წმიდასა ბაგრატს საუნჯენი მისნი, ოქროჲ ფრიადი დაზჳნული, ვითარცა იფქლი, ანუ სხუაჲ რაჲმე [279v] ნივთი შეურაცხი. ესრეთ სავსე იყვნეს საუნჯენი მისნი ოქროჲთა, რამეთუ ესრეთ აღწერილ იყო წიგნებსა მათსა ტავროჲს და მენიაჲსთჳს, რომელთა ქალაქი იგი აღეშენა. ვითარმედ იგი მენია ტომისაგან იყო ალექსანდრე მაკედონელისაჲ და მეცნიერ იყო ოქროჲსა ქმნასა და გამოდნობასა ოქროჲსა შანთთასა. ამისთჳსცა აღავსო ქალაქი იგი ოქროჲთა და ვეცხლითა, ვიდრეღა არავინ იპოებოდა მუნ ნაკლულევანებასა შინა. არამედ გარემო სოფლებისაგანცა მუნ შემოკრბებოდეს მორეწად საფასეთა. ჰრქუა უკუე მთავარმან წმიდასა ბაგრატს: „აჰა ესერა, მამაო წმიდაო, ყოველი ესე შენ წინაშე არს, ბრძანე, რაჲ ჯერარს ესე ყოფად.“ მიუგო წმიდამან მან და ჰრქუა მას: „ესე ყოველი, შვილო, გლახაკთა მიეც!“ ჰრქუა მას მთავარმან: „არა არს, მამაო, ქალაქსა ამას შინა კაცი ნაკლულევანებასა შინა, რამეთუ ფრიად არს სიმდიდრჱ ქალაქსა ამას. ხოლო რომელიცა ვინ იპოოს უპოვარებასა შინა, ბრძანებისაებრ შენისა უხუებით მივსცე მას.“ გამოვედით მიერ და მოვედით ეკლესიად და ვპოვეთ მუნ ერი მრავალი შემოკრებული. მაშინ ნეტარი იგი ადგილსა მაღალსა დადგა და ასწავლიდა მათ წმიდათაგან წერილთა. ხოლო ერი იგი ენასა ცეცხლისასა ხედვიდეს პირსა შინა მისსა, ვითარცა მრავალთა გჳთხრეს. და მას დღესა [280r] ნათელიღო ქსანთიპოსცა, ბრძენთმთავარმან მის ქალაქისამან, რომელსაცა „ონისიფორე“ უწოდა ნეტარმან მან. და აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ და აზიარა მორწმუნეთა მათ ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱსსა და მშჳდობით წარავლინნა სახედ თჳსსა. ხოლო თავადმან პირი იჴსნა ვონიფანტეს თანა და ეპიფანეს და ეპაფროდიტეს. და ხვალისა დღე მოუჴდა მას დედაკაცი ვინმე, სახელით ხრუსე, რომელი-იგი ქურუმი იყო კერპთაჲ და „დედით“ ხადოდეს მას ეშმაკნი და იყო იგი კეთროვან. ხოლო უნდა გამოცდაჲ წმიდისა მის და ჰრქუა: „მოძღუარ, უკუეთუ ჭეშმარიტ არიან სიტყუანი შენნი, განმკურნე, რამეთუ, ესერა, ორმე(ო)ც წელ ვჰმსახურებ ირას, ასულსა დიდისა კრონოჲსსა, და შთავვარდი სენსა ამას უშუერებისასა. აწ უკუეთუ სთქუა სიტყჳთ და განვიკურნო, მრწმენეს ღმერთი, რომელსა ჰქადაგებ.“ მიუგო ნეტარმან მან და ჰრქუა მას: „იხილე, დედაკაცო, და ნუ განსცდი უფალსა ღმერთსა, ნუუკუე კურნებისა წილ ტანჯვაჲ მიიღო, რამეთუ, უკუეთუ სარწმუნოებით მოუჴდე უფალსა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ, არათუ ჴორციელისა მაგის უშუერებისაგან ხოლო განიკურნო, არამედ სულიერთაგანცა სენთა განსთავისუფლდე.“ ვერ გულისჴმაყო მან სიტყუაჲ იგი წმიდისაჲ მის, არამედ ჰრქუა: „ესეოდენ სენი აღიღე ჩემგან, რამეთუ სხუაჲ [280v] არარაჲ მელმის შინაგან, არცა ღჳძლი, არცა სტომაქი, არამედ მრთელ ვარ ყოვლითურთ.“ მიუგო წმიდამან და ჰრქუა: „ღმერთი დაგივიწყებია, დედაკაცო, და ეშმაკთა ჰმონებ, ესერა, ორმეო(ც) წელ და ვითარ იტყჳ, თუ: „მრთელ ვარ შინაგან?“ ჭეშმარიტად დიდითა და მწარითა სენითა სნეულ ხარ. აწ უკუე შეუვრდი ღმერთსა მას ჭეშმარიტსა იესუ ქრისტეს და მიიღე მეორედ შობაჲ წყლისაგან და სულისა, რაჲთა განსწმდე ყოვლისაგან სენისა, სულისა და ჴორცთაჲსა. და მოვიდეს შენ ზედა ნათელი უკუდავებისაჲ და უხრწნელებისაჲ და უჩინო იქმნას უშუერებაჲ ეგე ჴორცთა შენთაჲ.“ ჰრქუა მას დედაკაცმან მან: „განწმიდე პირველად კეთრი ესე ჩემი, რაჲთა არა შთავიდე სიხენეშითა ემბაზსა მას.“ მიუგო წმიდამან მან და ჰრქუა მას: „გარქუ შენ, ნუ განსცდი უფალსა ღმერთსა, რაჲთა არა უძჳრესად იგუემო.“ ხოლო დედაკაცი იგი მასვე ზედა ეგო და ეტყოდა მას: „განმწმიდე მე, რაჲთა მრწმენეს მე ღმერთი შენი.“ მაშინ წმიდამან ბაგრატ ილოცა და ჰრქუა მას: „განიჴსენ სარტყელი შენი!“ და ვითარცა განიჴსნა, ჯუარი დასწერა და მეყსეულად დასცჳვა, ვითარცა ქეცი. და მოიქცეს ჴორცნი მისნი სიკეთედ და განწმდა კეთრისა მისგან. და ვითარცა იხილა თავი თჳსი განკურნებული, მადლობისა წილ ღმრთისა, მიუგო და ჰრქუა წმიდასა ბაგრატს: „არცა ერთი რაჲ კეთილი გიქმნიეს შენ ჩემ თანა, რამეთუ მე გამოგცდიდი შენ, უკუეთუ მეცნიერი-ძი ხარა მკურნალობისა ჴელოვნებასა. და აწ მიცნობიეს, ვითარმედ [281r] ჩუენნი ესე ბრძენნი და მეცნიერნი უმეტ(ე)ს შენსა შემძლებელ არიან სენთა კურნებასა.“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „ჵ, დედაკაცო, საქმეჱ ესე არა არს კაცობრივისა ძალისაჲ, არამედ საღმრთოჲსა მადლისაჲ. და ვერვის ჴელეწიფების ესევითარისა რაჲსამე საქმედ, თჳნიერ ღმრთისა. აწ უკუე, ვინაჲთგან იკადრე განცდად უფლისა, რომელმან-ესე მოგცა სიმრთელჱ, ძალუც კუალად მისვე კეთროვნებისა მოვლენაჲ შენ ზედა, რაჲთა ვერვინ მკურნალთაგანმან გილხინოს, ვითარცა-იგი აქამომდეცა ვერ განიკურნე.“ და ესე რაჲ თქუა, აღიღო ქეცი იგი, მისგან დაცჳვნებული, მიაგდო მას ზედა და თქუა: „კურთხეულ ხარ, ღმერთო, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, რომელი გარდამოჴედ ზეცით და არა განეშორე წიაღთაგან მამისათა, რომელმან მიიღე ბუნებაჲ ჩუენი თჳნიერ ცოდვისა და ყოველნი უძლურებანი ჩუენნი განჰკურნენ, რომელმან-ესე უტყუა მადლსა შენსა. სენი იგი, რომლისაგან განჰკურნე, მისსავე უკუ მოედინ უმეტეს პირველისა!“ და მეყსეულად სიტყუასა თანა ბაგრატისსა იწყეს ჴორცთა მისთა დაბძარვად, ვითარცა ცეცხლისაგან დამწუართა, ფერჴითგან ვიდრე თავამდე. და წუთხი ბოროტი სდიოდა ქუეყანად, ვითარცა ძმარი აღდუღებული. და იყო წრტიალებაჲ ვაებისა მისისაჲ დიდ ფრიად. და ჴმობდა: „შემიწყალე, ბაგრატ, მონაო ღმრთისაო, შემიწყალე, რამეთუ, ესერა, წარწყმედილ არს სრბაჲ ცხო [281v] რებისა ჩემისაჲ. შეჩუენებულ არიანმცა კერპნი ყოველნი, რამეთუ მათისა სიყუარულისათჳს შემემთხჳა ესე ყოველი. და აწ შენდა მომართ არს სასოებაჲ ჩემი, მონაო ჭეშმარიტისა მის ღმრთისაო, შემიწყალე!“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „არა არს, დედაკაცო, ჩემგან სასოებაჲ ცხორებისაჲ, არამედ ქრისტესგან, რომელი-იგი განსცადე, დამბადებელი ყოველთაჲ, რომელმან ჭიმითა და აღჳრითა ღაწუნი შენნი გიქცინა.“ ხოლო იგი კუალად ჴმობდა: „შემიწყალე, მონაო ღმრთისაო ბაგრატ, შუამდგომელ და თავსმდებ მექმენ ღმრთისა მიმართ, რაჲთა განვერე მწარეთა ამათ ტკივილთაგან. ევედრე ქრისტესა, რომელსა ჰქადაგებ, მოხილვად ჩემ ზედა და არღარა მტყუვარ ვიქმნე, არამედ ვჰმონო მას სიკუდილადმდე.“ ესე ყოველი რაჲ ესმოდა წმიდასა ბაგრატს, შეეწყალა იგი და შევიდა ეკლესიად. ყო მისთჳს ლოცვაჲ და გამოვიდა, შეახო მას და გამოსახა მის ზედა ჯუარი ქრისტესი. და მეყსეულად დასცჳვეს ნაბრძჳლნი იგი წყლულებათა მისთანი და განიკურნა იგი წყლულებათა მისთაგან. და მეყსეულად შეუვრდა ფერჴთა ბაგრატისთა. ხოლო მან არა უგულებელსყო იგი, არამედ ღირსყო ნათლისღებასა და უწოდა მას სახელი „ვენეტიკტა.“ და შემდგომად რავდენისამე ჟამისა, იხილა რაჲ გულსმოდგინებაჲ და მოსწრაფებაჲ მისი, აკურთხა იგი დედადიაკონად. ხოლო დედაკაცი იგი ევედრა ნეტარსა მას და წარიყვანა იგი ტაძარსა [282r] მას საკერპოსა თჳსსა. და წინაშე მისსა შემუსრნა ყოველნი იგი კერპნი ოქროჲსა და ვეცხლისანი, ჭიქისა და რვალისანი და კეცისა და ცარცისანი. და ვითარცა ყოველნი იგი შემუსრნა, შეიყვანა წმიდაჲ ბაგრატ საგანძურსა თჳსსა და უჩუენა ფრიადი ოქროჲ და ვეცხლი, ჰრქუა მას: „რაჲ უყოთ ამას ყოველსა, წმიდაო ღმრთისაო?“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „შვილო, გლახაკთა მიეც, რამეთუ ძირი ყოვლისა ბოროტისაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ, განაგდე იგი შენგან.“ მიუგო დედაკაცმან მან: „არა არიან, წმიდაო ღმრთისაო, გლახაკნი მრავალ ქალაქსა ამას, გარნა მე ბრძანებაჲ თქუენი აღვასრულო.“ და იწყო განცემად საფასისა მის და განუყო იგი ყოველთა, რომელთაცა ეჴმარებოდა. ხოლო იგი შეუდგა წმიდისა ბაგრატის სწავლასა და ჰმსახურებდა იგი ეკლესიასა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. სხუაჲ დედაკაცი, სალმობითა შეპყრობილი, რამეთუ იყო ქედსა მისსა სენი, რომელსა ჰრქჳან კირჩხიბი, მოუჴდა წმიდასა ბაგრატს და ევედრებოდა კურნებისა პოვნად და იტყოდა: „შემიწყალე, წმიდაო ღმრთისაო, რომელი-ესე ყოველთა მიერ მკურნალთა უკურნებელ ვიქმენ. შენ ძალგიც განკურნებაჲ ჩემი, ევედრო თუ ქრისტესა ღმერთსა, რომელსა ჰქადაგებ.“ შეეწყალა იგი წმიდასა მას და შევიდა ეკლესიად. ევედრებოდა უფალსა მუჴლთმოდრეკით და იტყოდა: „კურთხეულ ხარ, უფალო ღმერთო ჩემო, უკუნითი უკუნისამდე და კურთხეულ არს სუფევაჲ [282v] შენი და ძლიერებაჲ შენი დიდებულ. შენ გევედრები, მეუფეო უკუდაო, ყოველთა დამბადებელო, რომელსა გიგალობენ ძალნი ცათანი, შეისმინე ვედრებაჲ ჩემი და განკურნე დედაკაცი ესე უძრული, რაჲთა იდიდოს მრავალსაგალობელი სახელი შენი უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“ და ვითარცა აღასრულა ლოცვაჲ, მოუწოდა დედაკაცსა მას და ჰრქუა წინაშე ყოვლისა მის ერისა: „დედაკაცო, ვითარცა გრწმენა, ესერა, განგკურნებს იესუ ქრისტჱ, რომელი სუფევს უკუნისამდე თანა მამით და სულით წმიდითურთ.“ და დასწერა ჯუარი და მეყსეულად უჩინო იქმნა ვნებაჲ იგი მისგან. იხილეს რაჲ ერმან მან, ჴმაყვეს ერთბამად: „დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან გჳჴსნენ ჩუენ საცთურისაგან ეშმაკისა.“ ხოლო წმიდამან ბაგრატ აღაღო პირი თჳსი და ეტყოდა ერსა მას: „იხილეთ, შვილნო ჩემნო, მადლი ღმრთისაჲ, რომელი მოჰფინა ჩუენ ზედა, რამეთუ მან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა. წინაშე მისა დგანან ათასეულნი და ბევრეულნი ანგელოზნი და მთავარანგელოზნი, საყდარნი უფ(ლ)ებანი, მთავრობანი, ჴელმწიფებანი, ძალნი, მრავალთუალნი ქერუბინნი და ექუს-ექუს ფრთენი სერაბინნი მარადის უგალობენ მას. მან თავადმან დაჰბადა კაცი ხატად თჳსად და მსგავსებად, არამედ იგი სცთა და დაუტევა მცნებაჲ დამბადებელისაჲ და მიერითგან ცთომაჲ იგი აღორძინდა, ვიდრემდის დაუტევეს კაცთა დამბადებელი და ჰმონებდეს დაბადებულთა. ამისთჳს ქრისტემან ღმერთმან მოდრიკ [283r]ნა ცანი, გარდამოჴდა ქუეყანად და ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა. და ეშმაკი მოაკუდინა და ბუნებაჲ ჩუენი საცთურისაგან იჴსნა. იგი მხოლოჲ არს მკურნალი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ, რომელმან უძლურებანი ჩუენნი აღიხუნა და სნეულებანი ჩუენნი განკურნნა. მას ესევდით და სცხონდეთ!“ ხოლო მას დღესა მრავალნი უძლურნი და ვნებულნი განიკურნნეს ლოცვითა წმიდისა ბაგრატისითა. და შემოკრბა ერი მრავალი მიღებად წმიდისა ნათლისღებისა. და აღდგა ნეტარი იგი, ყო ლოცვაჲ და ნათელსცა მას დღესა რვა ათასსა კაცსა, თჳნიერ დედებისა და ყრმებისა, რამეთუ სახელები მათი აღვწერეთ ეფუდებრთა შინა, სადა-იგი ყოველთა ნათელღებულთა სახელები წერილ იყო. რაჲთა ოდეს მსაჯული იგი მართალი ეძიებდეს მწყემსთაგან სულთა მათ, რწმუნებულთა მათდა, მაშინ წმიდამან ბაგრატ უჩუენოს თჳსისა სამწყსოჲსა სახელები. და ვითარცა აღასრულა ნათლისცემაჲ ერისაჲ მის, დადგა ჟამისწირვად. და ვითარცა აღამაღლა წმიდაჲ იგი პური, განეღო სართული ეკლესიისაჲ და ცეცხლი საშინელი გარდამოჴდა და მოიცვა იგი, რომელიცა იხილეს ახალნათელღებულთა მათ ყოველთა. და ვითარცა გარდამოიყვანა წმიდაჲ საიდუმლოჲ ზიარებად ერისა, იქმნა პირი მისი, ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ. და მოუწოდა რაჲ ერსა ზიარებად, ვერვინ იკადრა მიახლებად მისა. მაშინ წმიდამან მან ცნა შიში მათი და ჰრქუა: „მოვედით, შვილ [283v] ნო, და მიიღეთ საიდუმლოჲ ესე ცხორებისაჲ და ნუ გეშინიან, რამეთუ არა დაგწუავს, არამედ განგანათლებს.“ ესრეთ მიახლნეს და ეზიარნეს და სავსენი სულითა წმიდითა წარვიდეს სახედ თჳსა. ხოლო მას ოდენ ჟამსა მოვიდა მუნ ვონიფანტე მთავარი და მის თანა ერი მრავალი. და ჴმობდეს ყოველნი: „შეგჳწყალენ ჩუენ, მონაო ღმრთისაო, და მოგუეც მადლი წმიდისა ნათლისღებისაჲ.“ მიუგო წმიდამან მან და ჰრქუა: „სულგრძელ იქმნენით, შვილნო, და ხვალე, ენებოს თუ უფალსა, მიიღოთ ნიჭი მისი.“ ჰრქუა მას მთავარმან ვონიფანტე: „ბრძანე, მამაო ღმერთშემოსილო, ტაძრად სამთავროდ, რაჲთა გუაკურთხნე ჩუენ.“ და წარვედით მის თანა წარჩინებულთა თანა ქალაქისათა. და ინაჴიდგა ნეტარმან ბაგრატ ყოველთა მათ წარჩინებულთა მის თანა. მოიღო პური, განტეხა და მომცა ჩუენ. ხოლო მთავარმან დაგჳგო თჳთო ფერნი სანოაგენი. არამედ ნეტარი იგი ჭამდა პურსა მარილითა და მხალსა უმგბარსა. ხოლო მათ დღეთა შინა აღწერა მოციქულმან მათე მის მიერ აღწერილი იგი სახარებაჲ, რომელიცა სულმან წმიდამან მოსცა მას აღწერად. და შეიწყნარეს იგი წმიდათა მოციქულთა და ყოველთავე მორწმუნეთა მისცეს კითხვად, რამეთუ სხუათა მათ მახარებელთა არღა აღეწერა. ხოლო ჩუენდაცა მოიწია იგი წმიდისა მოციქულისა პეტრეს მიერ მოვლინებულისა ძმისა მიერ. და მას ზედაჲს-ზედა უკითხვიდა ერსა [284r] ნეტარი ბაგრატ და პატივსცემდა წიგნსა მას წმიდასა. და მარადის საკურთხეველსა ზედა ბრძანა დადებაჲ მისი, ოდენ ჟამსა კითხვისასა აღიღის იგი და წარუკითხის ერსა და კუალად საკურთხეველსავე დადვის. და ხვალისა დღე შემოკრბა ერი იგი მიღებად წმიდისა ნათლისღებისა. და ნათელიღეს მას დღესა, ვითარ ხუთათასმან ოდენ კაცმან და ეზიარნეს ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და წარვიდეს სავსენი სულითა წმიდითა. მას ჟამსა შინა მბრძოლნი განეწყვებოდეს ქუეყანათაგან გარემო მოსლვად ჭალაკსა სიკილიისა, ქალაქსა ტავრომენელთასა. ესმა ესე მთავარსა ვონიფანტეს და ენება განსლვად მიგებებად მათა და წინაგანწყობად. მოვიდა ნეტარისა ბაგრატის წინაშე და ჰრქუა მას: „ლოცვაჲ შენი, მამაო წმიდაო, თანამავალ მეყავნ, რაჲთა წარვიდე წინაგანწყობად მტერთა ჩუენთა. და ქალაქი ესე ჴელთა შენთა შემივედრებიეს, რაჲთა ყოველივე ბრძანებისაებრ შენისა იქმნებოდის.“ მიუგო წმიდამან ბაგრატ და ჰრქუა მას: „არა ჯერარს ქრისტეანეთა სისხლისა დათხევაჲ, შვილო, გარნა, ვინაჲთგან წინამძღუარ ერისა ხარ შენ და მოვლენ წინააღმდგომნი იგი ქალაქსა ზედა შენსა და ამისთჳს გეგულების განსლვაჲ და დაყენებად მათდა, უფალი იყავნ შემწე შენდა, ვითარცა აბრაჰამისა და მოსესსა და ისუ ძისა ნავესსა. და განგაძრიელოს შენ, ვითარცა დავით წინაწარმეტყუელი, და მოგეცინ შიში მისი [284v] გულსა შინა შენსა. ხოლო ქალაქისა ამის მოურნჱ სხუაჲ იზრუნე, წესისაებრ თქუენისა, რამეთუ ჩუენდა არა ჯერარს დატევებად სიტყჳსა მის საღმრთოჲსაჲ და ზრუნვაჲ სოფლიოთა საქმეთაჲ, რამეთუ წმიდამან მოციქულმან და მოძღუარმან ჩუენმან პეტრე ესევითართა ზრუნვათაგან სივლტოლაჲ გჳბრძანა. ხოლო შენ დაადგინე, შვილო, ზედამდგომელი ქალაქისა ამის, კაცი გონიერი და სახიერი.“ მაშინ ყო განზრახვაჲ მთავარმან წარჩინებულთა თანა და დაადგინეს ძჱ ურჩულოჲსა მის ავრილიანე ქალაქპეტისაჲ, მსგავსი მისი ყოვლითურთ, რომელმან-იგი არა ინება ნათლისღებისა მიღებაჲ, არამედ იტყოდა: „ოდეს მთავარმან ნათელიღოს, მაშინ მეცა ნათელვიღო.“ და იყო სახელი მისი ელიდოს. მოიყვანეს იგი და დაადგინეს წინაშე მთავრისა და წმიდისა ბაგრატისსა. და თქუა მთავარმან ერისა მიმართ: „ესე იყავნ ქალაქპეტ თქუენდა, ხოლო ყოველივე ბრძანებაჲ და განგებაჲ იყავნ მამისა ჩუენისა ბაგრატისი!“ და შეასხეს ქებაჲ მთავარსა ერმან მან და მიითუალეს ელიდოს ქალაქპეტად. მაშინ ჰრქუა მთავარმან წმიდასა მას: „გამოედ, წმიდაო მამაო, გარეშე ქალაქისა ჩუენ თანა, რაჲთა ყოველმან ერმან მიიღოს კურთხევაჲ შენი და ეგრეთ წარვიდეთ.“ ხოლო წმიდამან მან მიბრძანა თანამიღებად პატიოსნისა ჯუარისაჲ და წმიდათა მათ ხატთაჲ და სამღდელოჲსა მის სამოსლისაჲ. და განვედით მთავრისა მის თანა და წარჩინებულთა ქალაქისათა. მაშინ შემოკრბა მჴედრო [285r] ბაჲ იგი გარემო სოფლებისაგან: წისქჳლოვანით და მთისა მისგან ეტნისა, და ზღჳსპირით ტიტოჲსაჲთ და კერძოთაგან ტერმონისათა, და სამხრით აგნენტისა კერძოთაგან. და იყო რიცხჳ შემოკრებულთა მათ მჴედართაჲ ხუთასი ათასი. ფ. ჩ. ხოლო ესმა რაჲ ერსა მას მოსლვაჲ წმიდისა ბაგრატისი, იქმნა ტენებაჲ დიდი, რამეთუ ყოველნივე ისწრაფდეს ხილვად პირისა მისისა. მაშინ მთავარმან იხილა რაჲ იწროებაჲ იგი და ტენებაჲ ერისა მის, ჰრქუა წმიდასა მას: „აღჴედ, მამაო ღმერთშემოსილო, ადგილსა მაღალსა, რაჲთა გიხილოს ერმან ამან, რამეთუ შენთჳს არს ტენებაჲ ესე დიდი.“ და მეყსეულად აღვიდა იგი ადგილსა მაღალსა, შემოსილი სამოსლითა სამღდელოჲთა. და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მთიები განთიადისაჲ. და ხედვიდეს რაჲ ამას მორწმუნენი იგი, ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო რომელთა არა მიეღო ნათლისღებაჲ, იტყოდეს: „ვინა არს დიდი ესე ღმერთი?“ მიუგეს მორწმუნეთა და ჰრქუეს: „არა ღმერთი არს ესე, არამედ მონაჲ ღმრთისა ძლიერისაჲ.“ მაშინ ყოველნი იტყოდეს: „გურწამს ყოველი, რომელსაცა ესე ქადაგებს.“ და იწყეს ყოველთავე: „გურწამს ქრისტეჱ ღმერთი, რომელსაცა ჰქადაგებ, კაცო საკჳრველო.“ ხოლო წმიდამან ბაგრატ მიბრძანა ადგილსა მას აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ და დაგებაჲ სიწმიდისაჲ. და აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ. ხოლო ესმა რაჲ ჴმაჲ იგი მისი ტკბილი, შემოკრბეს მორწმუნენი ზიარებად და ურწმუნონი საკჳრველე [285v] ბისა მის ხილვად. და იყო საკჳრველი დიდი, მსგავსი მისი, ოდეს-იგი მოსესზე რჩულსა მოსცემდა ღმერთი ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ, ვითარცა მუნ ღრუბელი ჰფარვიდა, ეგრეთვე აქა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა ნეტარსა მას, რომელსაცა ხედვიდეს ერნი იგი. და ჰრწმენა ქრისტეჱ უმრავლეჱსთა და ევედრებოდეს იგინი, რაჲთა ღირსყვნეს იგინი ნათლისღებასა და იტყოდეს: „ამიერითგან მოგჳძულებიან კერპნი იგი შეგინებულნი და ჭეშმარიტისა ღმრთისა მოვივლტით, რომელსაცა ჰქადაგებ. და არა განვიდეთ განწყობასა ამას ბრძოლისასა, ვიდრე არა ღირს ვიქმნნეთ მადლსა ამას ნათლისღებისასა, რომელსა იტყჳ, ვითარმედ სრულმყოფელ არს ქრისტეანობისაჲ.“ იხილნა რაჲ ნეტარმან მან, რამეთუ ყოვლითა გულითა ჰრწმენა, ჰრქუა მათ: „ვინაჲთგან გიწოდნა თქუენ მადლმან ღმრთისამან, შვილნო, და გრწმენა ღმერთი, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, რომელმან დაჰბადა კაცი ჴელითა თჳსითა და შთაჰბერა მან სული ცხოველი, წმიდაყვენით თავნი თქუენნი სამ დღე და ღირს იქმნეთ მადლსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა.“ ესრეთ განუტევა ერი იგი და აღიძარცუა სამღდელოჲ სამოსელი. და სიწმიდეჱ იგი დავჰკრძალეთ და წარვედით კარავსა მას მთავრისასა და ვპოეთ ტაბლაჲ განმზადებული. აკურთხა ნეტარმან ბაგრატ და ინაჴიდგა მთავრისა მის თანა. [286r] მოიღო პური, განტეხა და მისცა ყოველთა. და მანცა თავადმან მიიღო პური და წყალი და მხალი უმგბარი, ხოლო ჩუენ თჳთოფერი ჭამადი. და შემდგომად ტაბლისა აღებისა აღაღო პირი თჳსი და ეტყოდა მთავარსა: „აჰა ესერა, შვილო ჩემო, ჴორციელისა აღნომისა წილ იქმნა აღნომი სულიერი. აჰა ესერა, დღეს ძალნი ცათანი იხარებენ, ხოლო ეშმაკისა ძალი, ვითარცა ცჳლი წინაშე ცეცხლისა, განილია და ვითარცა არმური კუამლისაჲ, ნიავითა ზეცისაჲთა განქარდა. ამის უკუე მადლისა წილ მრწამს უფლისა იესუსი, რაჲთა მკჳდრ იქმნე საუკუნეთა მათ კეთილთა. აწ მნებავს, შვილო, რაჲთა აღვიდე ქალაქად და აღმოიყვანო ერი ესე ჩემდა ასეულად, რაჲთა ნათელიღონ.“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას: „არა ესე ხოლო, არამედ სხუაჲცა ყოველივე ბრძანებაჲ შენი აღვასრულო, წმიდაო ღმრთისაო, რამეთუ სამთავროჲცა ჩემი, უკუეთუ მიბრძანო, დატევებად მზა ვარ.“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „სამთავროჲ შენი, შვილო, გაქუნდინ, რამეთუ კეთილ არს კაცისა ღმრთისმოშიშისა მთავრობაჲ.“ ესე და სხუაჲ მრავალი სულიერებრი დაიუბნეს. ამისა შემდგომად წარვედით ქალაქად. და ხვალისა დღე იწყო მთავარმან ერისა მის მოყვანებად, რომელთაცა წმიდაჲ იგი ასწავებდა და ნათელსცემდა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და იყო ერისა მის რიცხჳ გარემო სოფლებისაგან ხუთასი ათასი და ქალაქისაგან ორმეოცი ათასი. და ნუვის დაუ [286v] კჳრდების ერისა მის ესოდენი სიმრავლჱ, რამეთუ ქალაქი იგი ტავრომენელთაჲ და ჭალაკი სიკილიისაჲ დიდ არს ფრიად და მდიდარ ოქროჲთა და ვეცხლითა და სხჳთა ყოვლითავე საფასითა, და კაცნი ახოვანნი ბრძოლასა, რამეთუ მრავალგზის დორაქს ბრძოლა ყვეს და უმეტეს ოთხასისა ათასისა მოსწყჳდეს. და მოიყვანეს ქალაქად თჳსად ტყუჱ ოთხმეოცი ათასი თჳნიერ დედებისა და ყრმებისა. ხოლო მაკედონელთა ესმა ახოვნებაჲ მათი და განეწყვნეს ბრძოლად მათდა ველსა მას ტერენტოჲსასა სიქადულითა და ზახებითა დიდითა. და ვერ უძლეს დადგომად წინაშე ტავრომენელთა მათ, არამედ იძლინეს და მეოტნი უკუნ იქცეს. და დააკლდა მათგანი უმეტეს სამეოცისა ათასისა ჭურვილისა. და ესევითარი იგი ძალი იხილეს რაჲ, მრავალთა მათგანთა დაუტევეს მეფჱ თჳსი, მოვიდეს და დაეშენნეს ტავრომენისა სანახებსა. არამედ ამის ყოვლისათჳს ქუემორე ვთქუათ. ხოლო აწ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. ნათელიღო რაჲ ერმან მან მადლითა ქრისტესითა, მერვესა დღესა მოვიდა მთავარი ვონიფანტე სხუათა თანა ჴელმწიფეთა და ითხოვდეს ლოცვასა ბაგრატისგან წარსლვად წინამდებარესა მას წყობასა. ჰრქუა მათ წმიდამან ბაგრატ: „უფალმან იესუ ქრისტემან დაგიცვნეს თქუენ, ძმანო.“ და მოიკითხნა იგინი და წარგზავნნა. ხოლო მთავარმან თჳსაგან მოაჴსენა წმიდასა მას ნათლისღებისათჳს და ეტ [287r]ყოდა: „ნუუკუე მეწიონ სიკუდილი და წარვიდე დაბნელებული.“ ჰრქუა მას ნეტარმან მან: „შვილო ჩემო, უფალი იესუ ქრისტე გრწმენინ და მას ესევდი. ხოლო მადლი იგი ნათლისღებისაჲ მიიღო, ოდეს მან ბრძანოს. აწ უკუე წარვედ და მეცა ხვალისა დღე გამოვიდე წარგზავნად თქუენდა.“ მაშინ ბრძანა ნეტარმან ბაგრატ ქმნაჲ ჯუარისაჲ ძელთაგან საროჲსათა და ხატიცა უფლისა იესუ ქრისტესი, რაჲთა ჰყვეს ერსა მას ნიში იგი ქრისტეანობისაჲ. და მრქუა მე: „მოვედ, შვილო ევაგრე, მიიღე კურთხევაჲ ხუცობისაჲ და წარვედ ძმათა ამათ თანა, რაჲთა ასწავებდე სიტყუასა ღმრთისასა და აღასრულებდე წმიდასა ჟამისწირვასა და გალობასა საცისკროსა და სამწუხროსა წინაშე სამწყსოჲსა მის ქრისტესისა. და ჟამსა ბრძოლისასა არქუ, რაჲთა ჯუარი ქრისტესი და ხატი მისი წინაუვიდოდინ. რამეთუ ესე არიან საცო ქრისტეანეთა. და უკუეთუ დათხევაჲ სისხლისაჲ მრავალი იხილო, აყენებდი მათ და ეტყოდე, ვითარმედ: „არა ჯერარს ქრისტეანეთა დათხევაჲ სისხლისაჲ.“ ესე ყოველი რაჲ მიბრძანა, შევედით ეკლესიად და მომცა მე კურთხევაჲ ხუცობისაჲ. და ხვალისა დღე, განვედით რაჲ ველად, მოუწოდა მთავარსა ვონიფანტეს და სხუათა მათ ერისთავთა და ათასისთავთა და წინამძღუართა ერისათა. დამადგინა წინაშე მათსა და თქუა: „ამას წარმოვავლენ თქუენ თანა, შვილნო, რაჲთა გასწავებდეს სიტყუასა ღმრთისასა.“ [287v] ხოლო მათ შეიწყნარეს სიტყუაჲ ესე სიხარულით. მაშინ მიბრძანა ნეტარმან ჟამისწირვად წინაშე ერისა, ხოლო მე შიშით და ძრწოლით დავდეგ ჟამისწირვად და ღმერთშემოსილი იგი თანამიდგა მე. და აღესრულა რაჲ წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ეზიარა იგიცა თავადი ჩემგან, უღირსისა ამის, და მე მისგან მოვიღე წმიდაჲ ჟამის ზიარებაჲ და შიში დიდი დამეცა მე. ხოლო ნეტარმან მან მრქუა მე: „განძლიერდი, შვილო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა!“ და სიტყუასა მას თანა განემტკიცა გული ჩემი. მერმე ეზიარნეს პირველნი იგი ერისანი და რომელთაცა ენება. ხოლო შემდგომად წმიდისა მის ჟამისწირვისა წარვედით კარვად მთავრისა. მუნ პირი ვიჴსენით ჴელთაგან ნეტარისა ბაგრატისთა და მეყსეულად დაჰბერეს საყჳრსა. და ერი იგი აღდგა წარსლვად, ხოლო მთავარმან მოიკითხა ნეტარი იგი და მიიღო მისგან ლოცვაჲ და წარვიდა. ეგრეთვე მე შეუვრდი მას და ამბორსუყავ. ხოლო მან მომიკითხა და ჯუარი ქრისტესი გამოსახა გულსა ჩემსა და პირსა და შთავიდა ზღუამდე. ჯუარი დასწერა ზღუასა მას და ესრეთ შევედით ნავად და წარვემართენით. ხოლო აწ გზისა მის სიტყუაჲ მცირედ დავიდუმოთ და ვთქუათ, რაჲ-იგი ქმნა უღმრთომან ქალაქსა მას შინა ელიდოს ქალაქპეტმან, ძემან ურჩულოჲსა მის ავრილიანესმან. ამან ურჩულომან ელიდოს შემდგომად [288r] წარსლვისა ჩუენისა იწყო ყოვლისავე ბოროტისა საქმედ. და აღჰმართა სახლსა თჳსსა კერპი და ხადოდა სახელსა ბოროტისა მის ეშმაკისა სკამანდროჲსსა. და ჰბრძოდა ქრისტეანეთა და დღითიდღე უზორვიდა კერპსა მას. მრავალსა უკუე ეტყოდა და შეჰრჩულვიდა მას ნეტარი იგი, არამედ ბოროტი გონებაჲ მისი მოუდრეკელ იყო. ხოლო პირველ განსლვისა ჩუენისა ქალაქით ორნი დანი, ქალწულნი, რომელთა ნათელეღო სიმრავლესა მას თანა ერისასა, რომელთა მშობელნი მომკუდარიყვნეს, მოუჴდეს წმიდასა ბაგრატს, შეუვრდეს მას და ეტყოდეს: „გევედრებით, ღმერთშემოსილო მამაო, შეგჳწყალენ ობოლნი ესე!“ ჰრქუა მათ წმიდამან მან: „თქუთ, ასულნო, რაჲ არს სათხოელი თქუენი.“ მიუგეს ქალწულთა მათ და ჰრქუეს: „ჩუენ, წმიდაო ღმრთისაო, ობოლნი ვართ და მრავალთა წარჩინებულთა ამის ქალაქისათა გუაიძულეს ქორწინებად და ჩუენ არა ვინებეთ უფროჲს. ხოლო აწ ვინაჲთგან ღირს ვიქმნენით წმიდასა ნათლისღებასა, ამისთჳს შეგივრდებით, მონაო ღმრთისაო, რაჲთა ღირს მყვნე ჩუენ მოწაფე ყოფად და მსახურებად ეკლესიისა დედადიაკონსა ხრჳსეს თანა.“ ესე რაჲ ესმა წმიდასა მას, აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: „გმადლობ, შენ, უფალო, რომელი მოსცემ მეცნიერებასა მადლისა შენისასა და გადიდებ შენ, რომელი მოუწოდ ყოველთა მაშურალთა და ტჳრთმძიმეთა ტჳრთვად სუ [288v]ბუქისა მის უღლისა შენისა.“ და მოიქცა ქალწულთა მათ მიმართ და ჰრქუა: „ჭეშმარიტად, შვილნო, კეთილი ნაწილი გამოგირჩევიეს და კეთილსა საუნჯესა ეძიებთ.“ და მეყსეულად მოუწოდა დედადიაკონსა ვენედიკტას და ჰრქუა: „უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მოყუასნი მოგცნა შენ, მიიყვანენ ესენი შენ თანა მკჳდრად.“ და აკურთხა უხუცესი იგი დედადიაკონად, ხოლო უმრწემესი - მოწესედ. და ბრძანა სენაკისა აღშენებად მახლობელად ეკლესიისა, რაჲთა ჟამსა გალობისასა მდგომარე იყვნენ. ხოლო შემდგომად წარსლვისა ჩუენისა უღმრთოჲ იგი ელიდოს იწყლა ტრფიალებითა საეშმაკოჲთა უმრწემჱსისა მის ქალწულისა მიმართ და მოუწოდა უხუცეჱსსა მას და ჰრქუა: „უწყია, დედაკაცო, რაჲსათჳს გიწოდე შენ? ტრფიალ ვარ დისა შენისა ფრიად. აწ უკუეთუ არწმუნო მას აღსრულებად ნებისა ჩემისა, ვფუცავ ღმერთსა სკამანდროს, მრავალი კეთილი გიყო შენ.“ ხოლო წმიდამან მან ქალწულმან ყოველი სასოებაჲ თჳსი ღმრთისა მიმართ დადვა და ჰრქუა: „ისმინე ჩემი, ქალაქპეტო, ჩუენ ქრისტჱ გჳსწავიეს და არა სკამანდრო. ხოლო საქმისა მაგისთჳს უფალსა ჩუენსა წმიდასა ბაგრატს ვაუწყოთ და ვითარცა ბრძანოს, ეგრეთცა ვყოთ.“ მიუგო ელიდოს და ჰრქუა მას: „უკუეთუ ბაგრატს აუწყო, არა შემინდოს ამის საქმისა აღსრულებად, არამედ ნუ სცნობნ იგი საიდუმლოსა ამას, [289r] ვიდრემდის ქორწილი ვქმნათ, რამეთუ მეცა მეგულების ქრისტეანე ყოფად უფროჲსღა, უკუეთუ ვიქორწინო დაჲ იგი შენი.“ ჰრქუა მას ქალწულმან მან: „მე უფალ გონებისა მისისა არა ვარ. მას აქუს ჴელმწიფებაჲ თავისა თჳსისაჲ და უფროჲსად, რამეთუ წმიდასა ბაგრატს მიუცემია იგი ვენედიკტა დედადიაკონისადა, რაჲთა ასწავებდეს მას.“ მიუგო ელიდოს და ჰრქუა მას: „ვითარცა გარქუ, წარვედ და ცხორებაჲ შენი და მისი იზრუნე, თუ არა, ვფუცავ ღმერთსა სკამანდროს, გენებოს თუ ანუ არა, ნებაჲ ჩემი აღსრულებად არს.“ ხოლო ქალწული იგი წმიდაჲ გამოვიდა მიერ და მოვიდა ვენედიკტა დედადიაკონისა. და პოვა მუნ დაჲ თჳსი და ცრემლით მიუთხრა ესე ყოველი. წარვიდა დედადიაკონი ვენედიკტა და აუწყა ესე დიდსა ბაგრატს. ხოლო მან მოუწოდა ქალწულთა მათ და იწყო სწავლად მათდა: „შვილნო ჩემნო, სამწყსონო სარწმუნონო ქრისტეს ღმრთისანო, ასულნო სიონისანო, ნუ გეშინინ, რამეთუ ქრისტესთჳს გსურის, ჯერარს ბაძვაჲ ვნებათა მისთა. ნუმცა რაჲ უკუე განგაშორებს სიყუარულსა მისსა, ნუცა ჭირი, ნუცა იწროებაჲ, ნუცა სატანჯველნი, ნუცათუ სიკუდილი. არამედ ისწრაფეთ სანთელსა მას ქალწულებისასა თქუენ უშრეტელად დამარხვად, რაჲთა ღირს იქმნეთ სასძლოსა ზეცისასა, რომელი განუმზადებიეს ქრისტეს მოყუარეთა მისთადა. მჴნე იყვენით, რაჲთა [289v] განხრწნადნი ესე ჴორცნი დაუტევნეთ და უხრწნელსა დიდებასა ღმრთისასა ღირს იქმნეთ.“ მიუგეს ქალწულთა მათ და ჰრქუეს: „ჩუენ, წმიდაო მამაო, ქრისტესა შევედრებულ ვართ და მოძღურებასა შენსა შეუდგთ და ვიდრე სიკუდილამდე მზა ვართ ქრისტჱსთჳს მოღუაწებად.“ ხოლო წმიდამან ბაგრატ ულოცა და წარავლინნა სენაკად თჳსა. და ევედრებოდეს ღმერთსა განქარვებად ზრახვათა მათ ელიდოჲსთა. ხოლო ურჩულომან მან ყო პური დიდი და მოუწოდა, რომელნიცა იყვნეს კერპთმსახურ. და ჰურიანიცა მრავალნი მოიყვანნა და მათ თანა მუნტანელნი, გრძნებისა მოძღუარნი. და მრავლისა განფრთხობისა და სუმისა შემდგომად იწყო თხრობად მათდა ბოროტმან ელიდოს: „უფალნო ჩემნო, ისმინეთ და, ძმანო ჩემნო. ქალი შუენიერი დამეწინდა ქორწინებად და აწ ქრისტეანეთა მიიტაცეს იგი ჩემგან. აწ უკუე მნებავს, რაჲთა ერჩდეს თუ ნებასა ჩემსა კეთილ. უკუეთუ კულა ურჩ მექმნას, ვფუცავ ღმერთსა სკამანდროს, სიკუდილითა მოვაკუდინო.“ მიუგო კრებულმან მან ურჩულომან და ჰრქუა: „კეთილ არს სიტყუაჲ შენი, დიდო ქალაქპეტო.“ მაშინ ბოროტთა მათ მონტანელთა მოიღეს შორის წიგნი სატრფიალოჲ და ტრფიალებისა ეშმაკთა ხადოდეს. და აღდგეს რაჲ ტაბლისა მისგან საეშმაკოჲსა, წარიყვანეს იგი თჳსაგან. და ეშმაკნი იგი ტრფიალებისანი მიუვლინნეს ქალ [290r]წულსა მას. არამედ სიტყუამან და ძალმან ღმრთისამან ყოვლადვე არა შეუნდო სულთა მათ ბოროტთა მიახლებად მისსა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვლინებულ იყო შემწედ მისა, რომელმანცა მახჳლითა ცეცხლისაჲთა ეშმაკნი იგი იოტნა. მიიქცეს იგინი ელიდოჲსსა და ჰრქუეს: „რაჲსათჳს წარგუავლინენ ესევითარსა მას გზასა ძნელსა, ქალაქპეტო? რამეთუ ყოვლადვე ვერ უძლეთ მიახლებად სენაკსა მას, არამედ ლტოლვილნი მოვედით, ვითარცა სხუანი იგი მოყუასნი ჩუენნი, ფალკონ და ლუსონ და სხუანი იგი. აწ უკუე ყავ, ვითარცა გნებავს.“ ხოლო წმიდამან ბაგრატ ცნა სულითა, რამეთუ ბოროტსა მას ელიდოსს არმური ეგულების აღდგინებად და შფოთი ქრისტეანეთა ზედა. მოუწოდა ქსანთიპოსს და ეტჳფანეს და ღამე ყოველ ცრემლით ევედრებოდა ღმერთსა, რაჲთა შემწე ეყოს სამწყსოსა თჳსსა. და შუაღამეს ოდენ ილოცვიდეს რაჲ, ჴმაჲ იყო მათდა მიმართ ზეცით: „მჴნე იყავ, ბაგრატ, რამეთუ მე თქუენ თანა ვარ.“ ესე რაჲ ესმა მას, მადლი და დიდებაჲ მისცეს უფალსა, რომელმან ისმინის ვედრებაჲ მოშიშთა მისთაჲ და თხოვანი მათნი აღასრულნის. ხოლო განთიად ქსანთიპოს ფილასოფოსი აკურთხა დიაკონად, რომლისადა წოდებულ იყო ონისიფორე წმიდისა ემბაზისაგან. მაშინ უღმრთომან ელიდოს კრება ყო კრებული მეკერპეთა და ჰურიათაჲ და მონტანელთაჲ. და ზრახვაყო მათ თანა და თქუა: „ისმინეთ [290v] ჩემი, მეგობარნო ჩემნო: ქალაქსა ამას მრავალ წელ ქალაქპეტ იყო მამაჲ ჩემი ავრილიანე. და ოდეს-იგი ღმერთთა ჩუენთა მიუწოდეს მას, კუალად, ესერა, პატივი, ესე მამული ჩემდა მოვიდა. ხოლო მოგჳ ესე და გრძნებისმოყუარჱ და მოძღუარი ბაგრატ, არაჲ უწყი, ვინაჲ მოვიდა. და მთავარი ჩუენი აცთუნა და თჳსისა სიბოროტისა მახეთა შეაგდო. და აწ ჩემდა მბრძოლ არს და წინააღმდგომ, ვიდრეღა ესეცა მწუხარებაჲ მოაწია ჩემ ზედა, რამეთუ ქალწული შუენიერი შევიყუარე და მენება მისი ქორწინებაჲ, გარნა იგიცა თჳსითა გრძნებითა მიმიღო და თჳსსა რჩულსა მიაქცია.“ მაშინ კრებულმან მან ურჩულოებისამან მიუგო და ჰრქუა მას: „უფალო ჩუენო და დიდო ქალაქპეტო, მოვედინ აწ წინაშე ჩუენსა ქალი იგი და ვყოთ ქორწილი და აღესრულენ ნებაჲ გულისა შენისაჲ. უკუეთუ კულა არა გუერჩდეს იგი, აღიფხუარნ ქუეყანისაგან ცხორებაჲ მისი უფროჲსღა, რომელ ქრისტეანე იქმნა.“ სთნდა უკუე სიტყუაჲ იგი ურჩულოსა მას. და წარავლინნა მასვე ჟამსა მტარვალნი და შეიპყრეს წმიდაჲ იგი დედადიაკონი და დაჲ მისი სერგია. შეკრნეს და ცემით მიიყვანნეს წინაშე სამშჯავროსა და წარუდგინნეს საეშმაკოსა მას კრებულსა. ესე რაჲ ცნეს ვიეთმე მას კერძოსა მყოფთა ქრისტეანეთა, სრბით მივიდეს და ნეტარსა ბაგრატს აუწყეს. [291r] მიუგო წმიდამან მან და ჰრქუა მათ: „დაადგერით, შვილნო, აქა და უფალსა ვევედრებოდით და ურჩულოჲ იგი იქმოდის, ვითარცა ჰნებავს, რამეთუ ქალწულთაჲ მათ ვერ ძალუც ნებასა თჳსსა შეგდებად.“ ხოლო წმიდანი იგი დედანი მიმავალნი ილოცვიდეს და იტყოდეს: „უფალო იესუ ქრისტე, შენ აღჳრასხენ ბოროტსა მას ელიდოჲს ზრახვასა, რომელი ჩუენთჳს იზრახა, რაჲთა იდიდოს ყოვლად წმიდაჲ სახელი შენი.“ და მი-რაჲ-იწინეს ურჩულოჲსა მის კრებულისა, განჰჴსნნეს იგინი საკრველთაგან მტარვალთა და წარუდგინნეს წინაშე ელიდოჲსა და მის თანა მეინაჴეთა. იხილეს რაჲ ბოროტთა მათ სიკეთჱ ქალწულისაჲ მის, ჰრქუეს ელიდოსს: „ღირსად და სამართლად გიზრუნა, ბრწყინვალეო ქალაქპეტო, განგებამან ღმერთთამან ქალი, მსგავსი სიკეთისა შენისაჲ.“ მაშინ უკეთურმან მან მიხედნა ქალწულთა მათ თუალითა ამპარტავანითა და ჰრქუა: „უწყითა, რამეთუ საიდუმლოჲ გულისა ჩემისაჲ გითხარ თქუენ და აწ წინაშე ამათ ყოველთასა გეტყჳ შენ, ქალო, რაჲთა ყოველი გულის ზრახვაჲ შენი განაგდო და ნებასა გულისა ჩემისასა მერჩდე. წინაშე ამათ წოდებულთასა ვყო ქორწილი და სიხარული და შეგირთო შენ დღესითგან. ხოლო მნებავს, რაჲთა პირველად უვარჰყო ქრისტე და სკამანდროს გუნდრუკი უკუმიო, და მერმე კეთილთა ჩემთა ზიარ გყო.“ მიუგო წმიდამან ქალწულმან და ჰრქუა მას: „ჵ, სავსეო ზრახვითა ბოროტითა, ნუ იყოფინ ჩემდა უკუე, რაჲთამცა გერჩდი შენ. არცა აღესრულოს ნებაჲ შენი ჩემ ზედა, რამეთუ არათუ ოდენ ხრწნილებასა ჴორცთასა, არამედ უვარისყოფასაცა ქრისტესსა მაზრახებ, ურჩულოო. [291v] კურთხეულ არს უფალი ღმერთი, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა. არა დაუტევო სარწმუნოებაჲ, რომელი ვისწავე და ნათელვიღე, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი და წმიდაჲ, არამედ სიკუდილად დავდვა სული ჩემი.“ ჰრქუეს მას ურჩულოთა მათ მეინაჴეთა: „და სადა ძალგიც შენ, უბადრუკო, სატანჯველთა თავსდებად?“ მიუგო ქალწულმან: „მაქუს ქრისტეს მიერ უფლისა ძალი და არასადა ვიძლიო თქუენგან, არამედ სასოებითა მისითა მძლე გექმნა და ქალწულებისა ჩემისა სანთელი დაუშრეტელად დავიცვა.“ მიუგო ურჩულომან ელიდოს და ჰრქუა მას: „უკუეთუ სიტყუათა ჩემთაჲ ისმინო და ნებაჲ ჩემი აღასრულო, ნეტარ იყო შენ, რამეთუ იხილნე თუ ოდენ საუნჯენი იგი ჩემნი, სიხარულითა აღივსოს გული შენი.“ ჰრქუა მას წმიდამან: „სიმდიდრეჱ შენი და საუნჯენი შენთანავე იყვნედ წარსაწყმედელად, რამეთუ მე საუნჯჱ წარუპარველი მაქუს ცათა შინა და სიმდიდრჱ წამავალი არა მიჴმს, არცა მნებავს შენ თანა ყოფაჲ, რამეთუ უფალი ჩემი იესუ ქრისტეჱ არს სიმდიდრე და ცხორებაჲ ჩემი.“ ჰრქუეს თანამეინაჴეთა ელიდოსს: „განაშორენ ეგენი ერთიერთისაგან!“ და მათ განყვნეს რაჲ იგინი, მოუწოდა დედადიაკონსა მას და ჰრქუა ურჩულომან მან: „ისმინე ჩემი, დედაკაცო, და შეიწყალე თავი შენი და [292r] დაჲ ეგე შენი და დაარწმუნე მას მორჩილებაჲ ჩემი.“ ჰრქუა მას წმიდამან მან: „დრო მეც თჳსაგან სიტყუად მისდა.“ და ბრძანა ესრეთ ყოფაჲ. მაშინ წარიყვანა თჳსაგან დაჲ თჳსი, იწყო ტირილად და ეტყოდა: „ვიღუაწოთ, დაო ჩემო, ვიღუაწოთ, რაჲთა მეუფჱ ქრისტჱ ვიხილოთ და კეთილთა მისთა მკჳდრ ვიქმნნეთ. ჰხედავა, რამეთუ, ვითარცა აჩრდილი და სიზმარი, ესრეთ წარმავალ არს ცხორებაჲ ესე კაცობრივი. უწყი, რამეთუ მამაჲ ჩუენი ყოვლადვე არა გიხილავს შენ, ხოლო დედამან ჩუენმან დაგიტევა შენ ოთხისა წლისაჲ და მე ათორმეტისაჲ. და მრავალთა გუაიძულეს ქორწინებად სიობლესა ჩუენსა და არა ვინებეთ ხრწნილებასა მიცემად თავთა ჩუენთაჲ. აწ უკუე, რომელ-იგი წარმართ რაჲ ვიყვენით, არა თავსვიდევით, ვითარ აწ ვქმნათ, ოდეს ესე უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ შეგჳმოსიეს. ნუ, დაო ჩემო, ნუმცა იქმნების ესე, არამედ ვიღუაწოთ წარმავალსა ამას ცხორებასა უბიწოდ დამარხვად თავთა ჩუენთა, რაჲთა საუკუნოდ დაუსრულებელთა მათ კეთილთა ვიშუებდეთ. აჰა ესერა, გეტყჳ შენ, დაო ჩემო, ვითარმედ ბოროტთა ამათ ეშმაკისა მუშაკთა მე მომაკუდინონ და შენ დაგმარხონ ნებისა მათისა ყოფად. იხილე, ნუმცა გაცთუნებენ, არამედ გეჴსენენ სიტყუანი წმიდისა ბაგრატისნი და აღსასრულამდე იღუაწე სიყუარულისათჳს ქრისტესისა!“ ესმა რაჲ ესე ყოველი ქალწულსა მას დისა თჳსისაგან, სულთით [292v] ქუნა და თქუა: „მრწამს უფალი ჩემი იესუ ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, ვითარმედ არცა ტანჯვითა, არცა ქენებითა უძლონ უღმრთოთა ამათ მოდრეკად გონებისა ჩემისა სიყუარულისაგან მისისა, რამეთუ იგი არს სიძჱ, იგი უკუდავი უფალი ყოველთაჲ.“ ესე ყოველი განიზრახეს რაჲ ტრედთა მათ უმანკოთა ქრისტესთა, მივიდეს კრებულისა მის ურჩულოჲსა. და ჰრქუა ელიდოსს წმიდამან მან დედადიაკონმან: „უწყოდე, ქალაქპეტო, მრავლითა სახითა ვისწრაფე და ვერ დავარწმუნე დაჲ ჩემი დატევებად ქრისტესა და შენდა შედგომად. აწ უკუე ყავ, რაჲცა გნებავს.“ ესე რაჲ ესმა ელიდოსს, ჰრქუა მეინაჴეთა მათ: „ამან ბოროტმან უყო დასა თჳსსა არასმენად ჩემდა.“ მიუგეს მათ და ჰრქუეს: „გუემე ეგე ძლიერად, რაჲთა იხილოს მან და ძრწოლაჲ შეედვას და სიხარულით გუერჩდეს.“ მაშინ განძარცუეს დედადიაკონი იგი და ჰგუემდეს უწყალოდ. ხოლო სისხლი მისი მდინარებრ დიოდა და ჴმაჲ ყოვლადვე არა ისმოდა პირისაგან მისისა. ხოლო მრწემი იგი დაჲ ხედვიდა მოთმინებასა მისსა და სულითა იხარებდა. და ვითარ-იგი უზომოდ და უწყალოდ გუემეს, ბრძანა წარყვანებაჲ მისი ქუაბსა რასმე, მახლობელად მის ადგილისა, და წარკუეთად თავისა. მაშინ მტარვალთა წარითრიეს იგი ქუაბსა მას და თავი წარჰკუეთეს [293r] მას. ხოლო მრწემი იგი დაჲ შეაყენეს საპყრობილესა. და აღდგეს ყოველნივე, თაყუანის სცეს კერპთა მათ ბილწთა და დასხდეს ჭამად, რამეთუ ელიდოსს ურჩულოსა განემზადა ტაბლაჲ. და აღასრულეს რაჲ კრებაჲ იგი სიბილწისაჲ და სერი საეშმაკოჲ და აღივსნეს მთრვალობითა და სიტყჳთა ყოვლისა სიბორგილისაჲთა, აღდგეს. და ბრძანა ელიდოს მოყვანებაჲ ქალწულისა მის წმიდისაჲ. მივიდეს მტარვალნი და პოეს იგი ჴელგანპყრობით ლოცვასა. გამოიყვანეს და წარადგინეს იგი წინაშე ერისა მის. და ჰრქუა მას უღმრთომან ელიდოს: „ისმინე ჩემი, ქალო, და უზორე დიდსა ღმერთსა სკამანდროს და ცოლ მეყავ მე. უკუეთუ კულა არა ისმინო ჩემი, გზასა მას დისა შენისასა წარხჳდე.“ მიუგო ქალწულმან მან და ჰრქუა მას: „ისმინე, ელიდოს, ბილწო და მაცთურო, მე მრწამს ქრისტჱ ღმერთი, რომელი წმიდამან ბაგრატ გჳქადაგა. მას ვჰმონებ და მისდა თხოილ ვარ და მისთჳს მზა ვარ სიკუდილად. ხოლო კერპთა შენთა არა ვჰმონო უკუე, არცა ურჩულოჲ ეგე ნებაჲ შენი აღვასრულო, არცა ქადებათა შენთაგან მეშინის, უკეთურო, რამეთუ გჳსწავიეს უფლისა იესუ ქრისტესგან არაშეშინებად მათგან, რომელნი ჴორცთა მოაკუდინებენ და სულსა ვერ ჴელეწიფების ვნებად. არამედ მისა ჯერარს შიში, რომელსა ჴელეწიფების სულისა და ჴორცთა წარწყ [293v] მედაჲ გეჰენიასა შინა. მას თაყუანის ვსცემ და მას მხოლოსა ვჰმონებ.“ ესმა რაჲ ესე ურჩულოსა მას, განძჳნდა, ვითარცა მჴეცი ბოროტი, და უბრძანა გუემაჲ მისი. და ესოდენ სცეს, ვიდრეღა მკუდრად საგონებელ იყო. და ესრეთ ბრძანა წარკუეთაჲ თავისა მისისაჲ. და წარითრიეს იგი ქუაბსა მას, სადა-იგი დაჲ მისი მოკლეს, და მუნ წარჰკუეთეს ნეტარსა მას თავი. და ადიდებდა იგი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ხოლო წმიდამან ბაგრატ შეკრიბნა მორწმუნენი და წარვიდა ქუაბსა მას ღუაწლისა მათისასა. და აღიხუნა გუამნი მათნი და გალობითა, სანთლებითა დაჰმარხნა ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ვარაღდეჱს ზღუდეჲ. ხოლო უფალმან იესუ ქრისტე, რომელმან ადიდნის მადიდებელნი თჳსნი, მოსცა მადლი სამარხოსა მას წმიდათასა და მრავალნი სასწაულნი და კურნებანი იქმნებოდეს წმიდათა მათ მოწამეთა მიერ. მაშინ შეკრიბნა ერნი ქრისტეანეთანი წმიდამან ბაგრატ ეკლესიად და აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ. და განისმა საქმჱ ესე ყოველთა შორის ქრისტეანეთა. და შეკრბეს ყოველნი და ზრახვაყვეს, რაჲთა ქვაჲ დაჰკრიბონ ელიდოსს და თანამზრახვალთა მისთა ბოროტთა. ხოლო წმიდამან ბაგრატ დააყენნა იგინი და არა შეუნდო ბრძოლისა და სისხლთა დათხევისა ყოფად ქალაქსა მას შინა. ესმა რაჲ ესე ჰურიათა მათ და [294r] მონტანელთა, შიში დაეცა მათ და მოელოდეს აღძრვასა ქრისტეანეთასა მათ ზედა და მოსრვად მათდა. შეკრბეს ყოველნი და აღაგეს ნავები მათი. წარიღეს ყოველი ნაქონები მათი და წარემართნეს სჳრაკუსით კერძო. ცნა ესე წმიდამან ბაგრატ, მოუვლინა მათ ქსანთიპოს ფილაფოსი და მიუმცნო ესრეთ: „ნუ ივლტით, კაცნო, სახლთაგან თქუენთა, ნუცა გეშინის, რამეთუ არა ვარ მე მიმგებელ ბოროტისა. მოედით ჩემდა და მოიქეცით საცთურისა მის თქუენისაგან და ბოროტი არარაჲ შეგემთხჳოს.“ ხოლო იგინი სიტყუასა ამას არა ერჩდეს. და სამგზის მიუვლინა მათ მთავარდიაკონი იგი და არა მოიქცეს, არამედ ერთი ოდენ მათგანი, რომელსაცა-იგი წიგნი გრძნებისაჲ აქუნდა, დაუტევა ყოველივე და მოვიდა წმიდისა ბაგრატისსა და ქრისტეანე იქმნა. ხოლო სხუანი იგი მონტანელნი და ჰურიანი არა მოიქცეს, არამედ წარემართნეს სჳრაკუსედ. და შე-რაჲ-ვიდეს ზღუად, გრიგალი დიდი ქარისა მძაფრისაჲ მოჴდა და ყოველნივე იგი დაანთქნა, ვითარცა პირველ მეგჳპტელნი, რამეთუ წმიდამან ბაგრატ შეჰრისხნა მათ და ერთიცა მათგანი არა განერა. იხილა რაჲ ესე ელიდოს ურჩულომან, ძრწოლამან შეიპყრა და იტყოდა, ვითარმედ: „ამას მოგუსა, რომელმან ერი იგი წარწყმიდა, ძალუც აქ(ა)ცა აღმოყვანებაჲ ზღჳსაჲ და წარწყმედაჲ ჩუენი.“ და შიში დიდი იყო მის ზედა, რამეთუ ჰგონებდა, თუ მოკლან იგი ერთა მათ [294v] მორწმუნეთა და იტყოდა გოდებით: „ჵ, ქალაქო ტავრომენელთაო, ვითარ განჰშიშულდი წესთა მათგან მამულთა.“ ესმა ესე წმიდასა ბაგრატს და მიუმცნა მას: „რად იგლოვ ქალაქისა ამისთჳს, რომელი ბნელსა შინა იყო და აწ უფალმან განანათლა? უკუეთუ გნებავს, შენცა განგანათლოს, უბადრუკო.“ ხოლო მან არა ისმინა სიტყუაჲ მისი და მიერ დღითგან არღარა მიუმცნო მას ნეტარმან მან. არამედ შეკრიბნა მორწმუნენი და უბრძანა აღშენებად ეკლესიისა სამარხოსა ზედა წმიდათა მათ ქალწულთა მოწამეთასა. და ვითარცა გამოსახა ადგილი იგი, მეყსეულად ჴელყვეს ყოველთა და დი(დი)თა მოსწრაფებითა აღაშენეს. და აკურთხა იგი წმიდამან მან და დააწესა ქალწულთა მათ, რომელნი ჰმონებდეს უფალსა, მუნ ყოფად და მსახურებად წმიდათა მათ. ხოლო მოიწია ჟამი მოსლვისაჲ ვონიფანტე მთავრისაჲ და მის თანა მჴედრებისა პირველ რავდენისამე დღისა. აუწყა ესე წმიდამან ბაგრატ ქრისტეანეთა და ჰრქუა: „გიხაროდენ, შვილნო, რამეთუ მთავარი ვონიფანტე და ერი მისი მოვლენ მშჳდობით აქაჲთ ორ დღე.“ და ყოველთა უკჳრდა, ვითარ შორიელნი საქმენი, ვითარცა წინაშე თუალთა მისთა მყოფნი, ესრეთ იცოდნა წმიდამან მან. რამეთუ შემდგომად ორისა დღისა, ვითარცა თქუა, გამოჩნდეს მომავალნი იგი ნავნი. და იხილეს რაჲ ერმან ქალაქისამან, შთავიდეს ზღუად მიგებებად მთავრისა. შთავიდა ნეტარიცა იგი და ჴელთა აქუნდა ჯუარი ქრისტესი. და მოვიწიენით რაჲ კიდედ, გამოვიდა ვონიფანტე მთავარი და მე [295r] და სხუანი იგი ათასისთავნი. და შეუვრდით ფერჴთა მისთა და გუაკურთხნა ყოველნი. ხოლო მთავარსა შეასხა ქებაჲ ერმან წესისაებრ. მოვიდა ელიდოსცა ქალაქპეტი და თაყუანის სცა მთავარსა. ხოლო მან უბრძანა ნუზლისა მიცემაჲ ერისაჲ მის პური და ღჳნოჲ და საცხოვარი, რამეთუ ტყუჱ ურიცხჳ იყო. და გამოვიდა ერი იგი ქუეყანად და ნავებსა მას დაჰკრძალეს და ნატყუენავსა შეჰკრებდეს. ხოლო წმიდაჲ ბაგრატ და მთავარი და სხუანი ათასისთავნი იგი საჴედრებითა აღვიდეს ქალაქად. შევიდეს წმიდასა ეკლესიასა, ილოცეს და დასხდეს და ისმენდეს სიტყუათა მის ნეტარისათა. მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას: „მიბრძანე, წმიდაო მამაო, ვითარ არს ქალაქი ესე, ანუ ვითარ იქცევის ახალი ესე ქალაქპეტი?“ მაშინ წმიდაჲ იგი აღივსო ცრემლითა და მიუთხრა საქმჱ იგი წმიდათა მათ ქალწულთაჲ და ურჩულოებანი ელიდოსისნი და შემწეთა მისთანი; და ვითარ ჰურიანი იგი და მონტანელნი ზღუასა დაანთქნა უფალმან; და ვითარ არა ისმინა ელიდოს სწავლაჲ მისი, არამედ აღჰმართნა კერპნი იგი ბოროტნი. მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას: „ვითარცა-იგი აქამომდე უფალმან ლოცვითა შენითა უმჯობესი ქმნა, ეგრეთვე ამიერითგან ყოს. აწ უკუე ნუ უღირსიჩინებ განთიად მოსლვად და კურთხევისა მიცემად ერისა, რაჲთა წარვიდენ კაცად-კაცადი სახედ [295v] თჳსად და ყოველივე უფალმან კეთილად განაგოს და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდეს.“ და მეყსეულად უკუე ბრძანა მთავარმან ურჩულოჲსა მის ელიდოჲსი დილეგსა შეყენებაჲ. და განთიად მოვიდა მთავარი და მის თანა ათასისთავნი. და მიიღეს ლოცვაჲ წმიდისაჲ მის და თანა წარიყვანეს იგი. და აღვედით, სადა-იგი მჴედრობასა მას დაებანაკა. და მი-რაჲ-ვიწიენით, შევიდა ნეტარი იგი კარვად მთავრისა, ხოლო მე და ძმამან ონისიფორე განვჰმზადეთ ადგილი, სადა ეგულებოდა წმიდისა ჟამისწირვისა აღსრულებაჲ. და წარდგა ნეტარი იგი და უსისხლოსა მსხუერპლსა შესწირვიდა. და მეყსეულად სასწაული იგი, რომელი მრავალგზის იქმნა, აღესრულებოდა, რაჲთა ურწმუნოთა მათ ტყუეთა იხილონ და ჰრწმენეს უფალი. რამეთუ ღრუბელი იგი ნათლისაჲ ჰფარვიდა წმიდასა მას და ენაჲ იგი ცეცხლისაჲ პირით მისით იხილვებოდა ვიდრე აღმაღლებამდე პურისა მის წმიდისა, რომელსაცა ხედვიდეს ერნი იგი, ტყუედ მოყვანებულნი. და განკჳრვებულნი ურთიერთას იტყოდეს: „ეჰა, რომელთამე ღმერთთა ჰმონებენ ესენი, რომელ ესევითარნი საკჳრველებანი აღესრულებიან.“ და აღესრულა რაჲ წმიდაჲ ჟამისწირვაჲ და მორწმუნენი ეზიარნეს ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა და წარვედით კარვად ვონიფანტე მთავრისასა. და ვითარცა დაჯდა ნეტარი იგი და მის თანა მთავარი, ხოლო გჳ [296r] ბრძანა ჩუენ დაჯდომაჲ: მე ერთ კერძო და ნეტარი ონისიფორე დიაკონი - ერთ კერძო. ხოლო „ნეტარად“ სახელვსდევ მას, რამეთუ მრავალნი საკჳრველებანი მის მიერ ქმნნა მადლმან სულისა წმიდისამან, რომელ-იგი, უკუეთუ ვინებო ყოვლად აღწერად თითოეულად, წიგნი სხუაჲ სრული აღიწეროს, გარნა ესე აწ დავიდუმოთ. ვითარ უკუე დავსხედით, ტაბლაჲ სავსჱ სანოაგითა დაგჳგო მთავარმან, ხოლო ნეტარი იგი პურსა ოდენ და წყალსა და მხალსა უმგბარსა ჭამდა. ჰკითხა უკუე ნეტარმან მან მთავარსა და ჰრქუა: „მითხარ, შვილო, რომლისა ნათესავისანი არიან კაცნი ესე, ტყუედ მოყვანებულნი?“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა: „ყოველნი ეგე, წმიდაო მამაო, ნათესავთაგან ავართაჲსა არიან, წარმართნი ბოროტნი, მკჳდრნი შინაგან კერძოთა დორაკისათა.“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „ვაუწყოთ, შვილო ჩემო, მათცა სიტყუაჲ ესე სახარებისაჲ, უკუეთუ შეიწყნარონ მადლითა უფლისაჲთა.“ სთნდა სიტყუაჲ ესე მთავარსაცა და უბრძანა ყოველთა ათასისთავთა და სპაჲპეტთა მოყვანებად კაცად-კაცადისა პყრობილნი იგი. და მეყსეულად შემოკრბეს ერი მრავალი. მაშინ მთავარმან ჰრქუა მათ პირითა თარგმნისაჲთა: „ჩუენ ყოველნი ქრისტეანენი ვართ. აწ უკუეთუ თქუენცა გნებავს სწავლად ენასა ჩუენსა ჰრომაელებრ და ბერ [296v] ძულებრ და ქრისტეანე ყოფად, აზნაურებით იყოფებოდით ჩუენ თანა!“ მიუგეს ტყუეთა მათ და ჰრქუეს: „უფალო ჩუენო, არაოდეს გჳხილავს ესევითარი, ვითარ-იგი ვიხილეთ ბრძოლასა მას შინა. და აწ, ესერა, დღესცა ვხედავთ, რამეთუ ჩუენ ქუეყანასა ჩუენსა ღმერთად ვხადით, მსგავსებასა ოთხ ფერჴთასა და ქუეწარმავალთასა და ცეცხლსა და წყალსა და მახჳლთა ჩუენთა თაყუანის ვსცემთ და უზორავთ. ხოლო დღესა მას წყობისასა ვხედევდით საჭურველსა თქუენსა და მახჳლთა თქუენთა, ვითარცა ნათელსა ბრწყინვალესა ჴელთა შინა თქუენთა, და ამას ზედა განვცჳბრდით საკჳრველებითა. ესრეთ უკუე ვჰგონებდით, თუ ღმერთნი თქუენნი არიან, რომელ-იგი ბრწყინვენ. მაშინ წარვავლინეთ ტაძრებსა ღმერთთა ჩუენთასა და მოვიყვანენით იგინი და აღვჰმართენით პირისპირ თქუენსა. არამედ მეყსეულად ცეცხლისა მისგან, რომელი წინაშე თქუენსა ვიდოდა, ვითარცა ცჳლნი, დადნეს ღმერთნი იგი ჩუენნი. და აწ, ესერა, კაცისა მაგისგან, რომელი მსგავს ღმრთისა არს, ცეცხლსა ვხედავთ, გამომავალსა პირისა მისისაგან.“ ამას იტყოდეს წმიდისა ბაგრატისთჳს. ესე რაჲ ესმა ყოველივე ნეტარსა ბაგრატს, იწყო სიტყუად მათდა და სწავლად ქადაგებასა წმიდისა სახარებისასა. და იხილნა რაჲ, ვითარმედ გულსმოდგინედ შეიწყნარეს და სურვიელ იყვნეს ნათლისღებად, ჰრქუა [297r] მთავარსა: „შვილო, ადრე ნათელვსცეთ მათ, ნუუკუე წარიტაცოს ვინმე მათგანი სიკუდილმან და იძიოს სული მისი ჩუენგან უფალმან დღესა მას განკითხვისასა.“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას ცრემლით: „ამათთჳს, ვითარცა ჰბრძანო, წმიდაო მამაო, ეგრეთ იყავნ! ხოლო გევედრები, რაჲსათჳს მე არა მომცემ მეორედ შობასა მას წყლისა მიერ და სულისა? ნუსადა მეწიოს მე სიკუდილი, ანუ წყობასა შინა ბრძოლათასა, გინათუ სხუაჲ სადამე და წარწყმდეს სული ჩემი.“ ჰრქუა მას ნეტარმან ბაგრატ: „შენდობა იყავნ შენდა, შვილო, ამისთჳს, რამეთუ არღა მოწევნულ არს ჟამი პატივისა შენისაჲ. ხოლო ძალუც უფალსა წელთა ცხორებისა ჩუენისათა შეძინებადცა და მოკლებადცა, რომელმანცა მადლითა თჳსითა შესძინოს ჟამთა შენთა, ოდენ ნუმცა ამაღლდების გული შენი. აწ უკუე ამათ წარმართთა ნათელვსცეთ და შენთჳს ნუ გამოეძიებ!“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას: „მე თავი ჩემი ჴელთა შენთა მიმიცემიეს და აწ ესე მოჴსენებით ოდენ გაუწყე, ხოლო ყოველივე ბრძანებისა შენისაებრ იყავნ. და რომელი სათნო არს წინაშე უფლისა, მასცა იქმოდე!“ ამისა შემდგომად გალობაჲ სამწუხროჲ აღვასრულეთ. და წარვიდა კაცად-კაცადი სავანედ თჳსად. ხოლო განთიად შემოკრბნეს ერნი იგი, ტყუედ მოყვანებულნი. და კუალად ასწავა მათ ნეტარმან საიდუმლოჲ ქრისტეანობისაჲ და ნათელსცა მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა [297v] და სულისა წმიდისაჲთა ერსა მრავალსა. ხოლო საკჳრველი დიდი იხილვებოდა, რამეთუ ალი ცეცხლისაჲ შორის ნათელღებულთა მათ აღეტყინებოდა და ყოველთა განანათლებდა და სულნელებაჲ ცნობათა უაღრესი იხილვებოდა და იყნოსებოდა. ამისა შემდგომად განუყო მთავარმან ყოველი იგი ნატყუენავი, ოქროჲ და ვეცხლი და სიმდიდრჱ ფრიადი ერსა მას. ხოლო კაცთაჲ მათ ახალნათელღებულთაჲ უბრძანა წარყვანებაჲ კაცად-კაცადსა თჳსი პყრობილი და მიცემად მათდა სავანჱ და რაჲთა არღარა მონად, არამედ ძმად ჰყვენ იგინი მადლითა ქრისტესითა. ხოლო წმიდამან ბაგრატ მოიყვანნა კაცნი ღმრთისმოშიშნი და განსწავლულნი სიტყუასა ღმრთისასა. და აკურთხნა ხუცად და დიაკონად და წარავლინნა სოფლად-სოფლად. და ესრეთ თანაწარიყვანნეს ყოველთა ხუცესნი იგი და დიაკონნი და წარვიდეს კაცად-კაცადი სოფლად თჳსად. ხოლო გჳბრძანა მე და დიაკონსა ეპაფროდიტეს აღწერად წესსა ჟამისწირვისასა და წმიდასა სახარებასა. და მივეცით ხუცესთა მათ სოფლებისათა. წარმავლინა მეცა უფალმან ჩემმან ბაგრატ. და მიმოვიდოდე სოფლებსა მას და გამოუსახე ყოველთა მათ სოფელთა ეკლესიათა აღშენებად და წესი საეკლესიოჲ განუწესე მათ. და ყოველნი იხარებდეს და აღორძინდებოდა ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ მადლითა ქრისტესითა. და ვითარცა აღვასრულე ჩემი მსახურებაჲ [298r] ყოველივე, მოვიქეც ნეტარისა მის და ვპოვე იგი წურთასა საღმრთოთა წერილთასა. თაყუანის ვეც და მოვიღე მისგან კურთხევაჲ და მრქუა მე: „ვითარ წარემართებიან, შვილო, მღდელნი და ერი იგი მორწმუნჱ?“ მიუგე და ვარქუ მას: „ყოველნივე, წმიდაო მამაო, ლოცვითა შენითა კეთილად წარმართებულ არიან და უფალსა მოსწრაფებით ჰმონებენ.“ ესე რაჲ ესმა, აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: „გმადლობ, შენ, უფალო იესუ ქრისტე, ძეო მხოლოდშობილო კაცთმოყუარისა მის მამისაო, რომელმან მოავლინე მადლი ყოვლადწმიდისა სულისაჲ გულსა ერისა შენისასა და იჴსნენ იგინი საცთურისა მისგან კერპთაჲსა, რომლისა თანა დიდებულ ხარ სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“ ხოლო შემდგომად რავდენთამე დღეთა კრებაჲ ყო ვონიფანტე მთავარმან საასპარეზოსა მას ტავროჲსსა. და აღჰმართეს მუნ საყდარი იგი მთავრობისა ტავროჲსი, ყოვლითურთ ოქროჲსაჲ, შემკობილი თუალთაგან მრავალფასისათა. და შეიმოსა სამკაული იგი სამთავროჲ და დაჯდა მას ზედა. ხოლო ყოველნი წარჩინებულნი ქალაქისანი შეკრბეს მის წინაშე. მაშინ მთავარმან კუერთხი იგი ოქროქანდაკებული განუყარა ერსა მას და თქუა მათდა მიმართ: „ოდეს-იგი ბილწთა მათ კერპთა ვჰმონებდით და შვილთა ჩუენთა დაუკლევდით და [298v] სხუასა ყოველსავე ბოროტსა ვიქმოდეთ, ვიყვენით სამართლად სავსე ყოვლითავე ურჩულოებითა. ხოლო აწ ვინაჲთგან ქრისტჱ შევიმოსეთ, ვიცანთ ჭეშმარიტი იგი ღმერთი მონისა მისისა ბაგრატის მიერ, რადღა სავსე არს ქალაქი ჩუენი კაცის კლვითა და სხჳსა ბოროტისა საქმითა? ანუ რაჲსათჳს ჩემსა მას წყობად წარსლვასა კრებაჲ ჰურიათა და მონტანელთაჲ ჰქმენით და ქალწულნი იგი წმიდანი მოიკლნეს?“ მიუგეს ყოველთა და ჰრქუეს: „არავინ არს, უფალო, ბრალეულ ჩუენი საქმესა ამას, გარნა ელიდოს ქალაქპეტი. და ვინებეთ ჩუენ, ქრისტეანეთა, მოკლვაჲ მისი, არამედ მონამან ღმრთისამან ბაგრატ არა შეგჳნდო ამისა ყოფად.“ მაშინ ბრძანა მოყვანებაჲ ელიდოჲსი საპყრობილოჲთ. და მეყსეულად ორთა ჭაბუკთა მოიყვანეს იგი თრევით თმითა თავისა მისისაჲთა. ხოლო მთავარმან იხილა რაჲ-იგი, ჴმაყო: „ჵ, ბოროტისა ძირისა ბოროტო მორჩო, რაჲსათჳს გულისთქუმითა ურჩულოებისა და სიბილწისაჲთა მოსწყჳდენ წმიდანი იგი ქალწულნი? არა გრიდო შენ, უკეთურო. მე დაგადგინე შენ ქალაქპეტად და ესევითარნი ურჩულოებანი ჰქმნენი და ტაძარსა ჩემსა ჰურიანი და მონტანელნი შემოჰკრიბენ, რომელ-იგი არცათუ ოდეს კერპთა მსახურებასა შინა ვიყვენით, ვქმენით სადამე. და აწ ოდეს ნათელი ქრისტესი ჩუენ ზედა გამობრწყინდა და ბნელი გან [299r] ქარდა, აწცა იქმ შენ გრძნებათა და სისხლვათა?“ მიუგო ელიდოს და ჰრქუა მას: „ვიხილენ რაჲ ღმერთნი იგი მამულნი, რამეთუ წარწყმდეს და ყოველი წესი ჩუენი უჩინო იქმნა პირველი, შურითა აღვივსე და ვქმენ ესე საქმჱ. და ქალწულნი იგი რამეთუ ღმერთთა ჰგმობდეს, ამისთჳს მოვკლენ. ხოლო მე არაოდეს უვარვჰყოფ ღმერთთა ჩემთა, არცა წესთა მამულთა.“ ჰრქუა მას მთავარმან: „და არა მოიქცევია ქრისტეს მონებად, რამეთუ სახიერი არს და შეგინდოს შენი ურჩულოებაჲ?“ მიუგო ელიდოს და ჰრქუა: „ნუ იყოფინ ჩემდა დატევებაჲ მამულსა მას შჯულსა, მომკალთ უკუე წინაშე სკამანდრო ღმრთისა ჩემისა!“ მაშინ მთავარმან და ყოველთა ათასისთავთა და აზნაურთა და ერმან მის ქალაქისამან დასაჯეს იგი სიკუდილად. მოიღო უკუე წყალი მთავარმან და ჴელნი დაიბანნა და შეასხა პირსა მისსა და თქუა: „უბრალო ვართ ჩუენ ყოველნი, სისხლი შენი თავსა ზედა შენსა!“ და ესრეთ ბრძანა წარკუეთაჲ თავისა მისისაჲ. ხოლო მჴედართა წარიყვანეს იგი შორის ქალაქსა და წარჰკუეთეს თავი მისი ბოროტი. და აღიფხურა ყოველი ძჳრი ქალაქისა მისგან და ყოველნი გულსმოდგინედ ჰმსახურებდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა. ხოლო მთავარმან ყო სერი დიდი. და ყოველნივე წარჩინებულნი წარიყვანნა სერსა მას და ნიჭნი დიდნი უძღუანნა ერსა მას, რომელ-იგი სარწმუნოებით ჰმონებენ უფალსა. [299v] და რამეთუ შური კეთილი იძიეს ყოველთა და ღუარძლი იგი აღმოჰფხურეს მათგან, ამისთჳსცა უფალმან წყალობაჲ და მშჳდობაჲ მოსცა მორწმუნეთა მათ და ქალაქსა მათსა. ხოლო შემდგომად ორისა წლისა მოვიდეს ხუცესნი იგი, რომელნი წარევლინნეს წმიდასა ბაგრატს გარემო სოფლებსა, რამეთუ აღესრულა შენებაჲ ეკლესიათაჲ. და ევედრებოდეს ნეტარსა მას მისლვად და კურთხევად მათდა. ხოლო მან წარავლინნა იგინი, რაჲთა მთავარი აკურთხონ ტაძარსა მისსა. და მი-რაჲ-ვიდეს ყოველნი ზეწრებითა შემოსილნი, ვითარცა იხილნა იგინი მთავარმან, განჰკრთა, რამეთუ იტყოდა, ვითარმედ: „ესრეთ მიჩნდეს, ვითარცა ანგელოზნი ხილვითა.“ ხოლო მათ აკურთხეს იგი ყოვლითა კურთხევითა და წარვიდეს კაცად-კაცადი სოფლად თჳსად. და შემდგომად სამისა დღისა თანაწარიყვანნა ნეტარმან ბაგრატ ვონიფანტე და სხუანი მრავალნი ჴელმწიფენი და მე და ონისიფორე დიაკონი და ეპიფანე მენავეთმოძღუარი. და განვედით, მიმოვჰვლიდით სოფლებსა. და აკურთხევდა წმიდაჲ იგი ღმრთისაჲ ეკლესიათა და უბრძანებდა ხუცესთა მათ შეწირვად უსისხლოჲსა მსხუერპლისა და ყოვლისავე საეკლესიოჲსა წესისა აღსრულებად წინაშე მისა. და ესრეთცა იქმოდეს. და ყოველთა ეკლესიათა განუწესა საზღვარი ქუეყანისაჲ, რაჲთა აქუნდეს იგი მსახურთა ეკლესიისათა. მაშინ ჴელმწიფენი იგი და წარჩინებულნი ყოველნი შურითა საღმრთოჲთა აივსნეს. და ყოველი მონაგები მათი [300r] სამ ნაწილად განყვეს, ოქროჲ და ვეცხლი და სხუაჲ ყოველი ნაქონები. და მოიღეს ერთი იგი ნაწილი და დადვეს წინაშე წმიდისა ბაგრატისა და ჰრქუეს: „ერთი იგი ნაწილი იყავნ ჩუენდა და მეორჱ შვილთა ჩუენთა და მესამჱ ესე მიეცინ ეკლესიათა საჴსრად ცოდვათა ჩუენთა.“ და ესრეთ შეამკვნეს ეკლესიანი ოქროჲთა და ვეცხლითა და სტავრაებითა, რომელ-იგი წმიდამან ბაგრატ გუჯართა აღწერა და თითოეულისა ეკლესიისა მნეთა მიუთუალა. ხოლო ერთსა სოფელსა გუეგულებოდა რაჲ წარსლვაჲ მწუხრი, დასნეულდა დიაკონი, სახელით ნეოფიტე, კაცი შუენიერი, ჭაბუკი ჰასაკითა და გონებითა მოხუცებული. მოუწოდა წმიდასა ბაგრატს და ჰრქუა: „მომეახლე მე, წმიდაო მამაო, რამეთუ, აჰა ესერა, წარვალ და არღარა ვარ სოფელსა ამას.“ ხოლო წმიდაჲ ბაგრატ შეწუხნა და სხუანი ყოველნივე შეკრბეს უკუე მას ზედა. და იხილნა რაჲ იგინი, ჰრქუა მათ: „აჰა ესერა, მამანო ჩემნო, წარვალ უფლისა, მილოცეთ წმიდისა ამის მამისა თანა, რაჲთა ვპოო წყალობაჲ დღესა მას სასჯელისასა.“ ესე რაჲ ესმოდა, ყოველნი ცრემლოოდეს, ხოლო წმიდამან ბაგრატ თქუა: „უფალმან მოგუცა, უფალმან მოგჳღო, ვითარცა უფალსა ენება, ეგრეცა ყო.“ და ღამე ყოველ ჯდა მის თანა, ხოლო ჟამსა ცისკრისასა ბრძანა წმიდამან წარსლვაჲ ეკლესიად. ჰრქუა მას ნეოფიტე დიაკონმან: „წარმიტანეთ მეცა თქუენ თანა, მამაო.“ აღიღეს იგი ცხედრითა და მოიყ [300v]ვანეს ეკლესიად. და ვგალობდით რაჲ, იგიცა ჩუენ თანა გალობდა. და ჟამსა წიგნის კითხვისასა მოითხოვა წიგნი და წარიკითხა ებისტოლეთაგან მოციქულისა პავლჱსთა, ვიდრეღა ვიტყოდეთ ჩუენ, ვითარმედ: „არარაჲ ელმის.“ და განთენა რაჲ, ჰრქუა ბაგრატს: „მამაო, ჟამი მოწევნულ არს, ლოცვაჲ შენი თანამავალ მეყავნ!“ მაშინ წმიდამან მან უბრძანა ხუცესთა შემოსად და ჟამისწირვად. მოითხოვა ნეოფიტეცა კუართი თჳსი სადიაკონოჲ და შეიმოსა. შეიმოსა წმიდაჲ ბაგრატცა და აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ. და გარდამოიყვანა დიდებული იგი საიდუმლოჲ ზიარებად ნეოფიტესსა. და მი-რაჲ-ეახლა ცხედარსა მას, იხილნა კაცნი დიდებულნი ცხედარსა მას თანა. ხოლო ნეტარი იგი ყოვლადვე განუკრთომელად მოუჴდა და აზიარა მას წმიდაჲ იგი ჴორცი და სისხლი ქრისტესი და ყოველთავე ამბო(რ)სუყვეს მას. მაშინ წმიდაჲ იგი სული მისი, ვითარცა ტრედი ოქროჲსაჲ, გამოვიდა. და დიდებულთა მათ კაცთა განჰმარტნეს ჴელნი და შეიწყნარეს იგი. და მეყსეულად სართული აღეღო და წარიყვანეს ზეცად. ესე არავინ იხილა, გარნა ხოლო წმიდამან ბაგრატ. მაშინ აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ და იწყო გალობად გუამსა ზედა მის ნეტარისასა. და პატივითა დიდითა დაჰმარხეს იგი და იტყოდა: „შვილო ნეოფიტე, უფალმან მოგუცა, უფალმან მიგჳღო, იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ უკუნისამდე!“ და მას დღესა უზმათა გარდავ [301r]ლეთ. და ხვალისა დღე წარემართა იგი მწუხარებით. და მოვიქეცით ქალაქად და არღარა მოვლნა სხუანი სოფელნი მწუხარებისა მისგან. ამისთჳსცა დაშთეს მრავალნი ეკლესიანი უკურთხეველნი, რომელთაჲ არღარა ჴელეწიფა დაპყრობად ტავრომენელთა ეკლესიასა. ხოლო შემდგომად სამისა დღისა, ჟამსა ოდენ მეშჳდესა, აღასრულებდა ნეტარი იგი ლოცვათა. და, აჰა ესერა, ჴმაჲ ესმა ზეცით, რომელი ეტყოდა: „ბაგრატ, ბაგრატ, აკურთხე ონისიფორე დიაკონი ხუცად და წარავლინე იგი კერძოთა მათ დორაკინისათა!“ ესე სამგზის იქმნა ჴმაჲ ზეცით. მაშინ მოუწოდა ონისიფორეს და აუწყა მას ბრძანებაჲ იგი საღმრთოჲ და აკურთხა იგი ხუცად, ულოცა მას და წარგზავნა მსახურებასა მას საღმრთოსა. ხოლო მან მორჩილებით შეიწყნარა სიტყუაჲ იგი, აღჰკაზმა ჯორი თჳსი და დაჯდა მას ზედა და წარემართა. და ვითარცა ვლო სამისა დღისა ოდენ გზაჲ, მიიწია ადგილსა რასმე სოროვანსა. მაშინ ჯორი იგი დადგა სლვისაგან და არღარა ვიდოდა. გარდაჰჴდა ონისიფორე, უპყრა ავშარასა და ზიდვიდა მას სლვად, ხოლო იგი ყოვლადვე არა შეუდგა. მაშინ ნეტარმან მან ცნა, ვითარმედ მას ადგილსა ჯერარს ყოფაჲ მისი. დაადგრა ადგილსა მას, დაჯდა ლოდსა ერთსა ზედა და წმიდასა სახარებასა იკითხვიდა. ხოლო იყო უფალ ადგილთა მათ [301v] კაცი ვინმე, მელაფორ სახელით. და ვითარ-იგი ჯდა ნეტარი ონისიფორე ლოდსა მას ზედა, დედაკაცი ვინმე წარჰვლიდა, რომლისა ქმარი მკიდა ყანასა სხუათა თანა მრავალთა მომკალთა. და დედაკაცი იგი პურსა დაგბოლვილსა და ღჳნოსა მიართუმიდა მომკალთა მათ კარაულითა. ხოლო წარ-რაჲ-ჰვლიდა ადგილსა მას, იხილა მღდელი იგი. დადგა სლვისა თჳსისაგან და განიცდიდა მას. ჰრქუა მას ნეტარმან მან: „რასა განმიცდი მე, დედაკაცო, და არა ხუალ გზასა შენსა?“ მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: „ვხედავ, უფალო, წინაშე შენსა, რაჲ-იგი არასადა მიხილავს.“ რამეთუ ხედვიდა წმიდასა ჯუარსა და სახარებასა. ჰრქუა მას ონისიფორე: „ამას რომელსა ხედავ, სასწაულნი არიან ღმრთისა მის ძლიერისანი, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა.“ მიუგო დედაკაცმან მან: „შენ უკუე ღმერთი ხარ, ანუ კაცი?“ ჰრქუა მას ონისიფორე: „მე, დედაკაცო, კაცი ვარ, მსგავსი თქუენ ყოველთაჲ, მოკუდავი და მიწისაგანი, ხოლო ვქადაგებ ღმერთსა ჭეშმარიტსა.“ ჰრქუა მას დედაკაცმან მან: „უკუეთუ გნებავს, რაჲთა გულსავსე ვიქმნა, ვითარმედ კაცი ხარ, მიიღე ამისგან, რომელ-ესე მაქუს, და ჭამე.“ და მისცა მას ჭამადი და სასუმელი. ხოლო მან მიიღო და ჭამა, რამეთუ დამაშურალ იყო და ორ დღე ყოვლადვე არაჲ ეჭამა. მერმე ჰრქუა მას დედაკაცმან მან, ახალმან სომანიტელმან: „იყავ აქა, [302r] კაცო ღმრთისაო, და მე მივიდე და მიუთხრა შენთჳს ქმარსა ჩემსა და მან წარგიყვანოს სახედ ჩუენდა, რამეთუ ყოველი, რაჲ გუაქუს ჩუენ, და იზარდებოდი ჩუენ თანა.“ ხოლო ნეტარმან მან ულოცა მას. და წარვიდა დედაკაცი იგი. ხოლო მი-რაჲ-იწია, აბრალებდა მას ქმარი თჳსი დაყოვნებისათჳს. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: „ნუ მაბრალობ, უფალო ჩემო, რამეთუ ვიხილე გზასა ზედა ხილვაჲ საშინელი და ამისთჳს დამეყოვნა. ვიხილე კაცი დიდებული, მჯდომარჱ სოროსა მას მელაფორისსა. და წინაშე მისსა აღმართებულ არს სუეტი ცეცხლისაჲ. და წიაღთა მისთა აქუს ცეცხლი და ცეცხლისა მისგან სიტყუათა აღმოიტყჳს.“ ესე რაჲ ესმა კაცსა მას, დაუგო პური მომკალთა და დაუტევა ცოლი თჳსი და მონანი ღწოლად მათდა. და იგი წარვიდა ადგილსა მას, სადა იყოფოდა ონისიფორე. ხოლო მი-რაჲ-ეახლა, ვითარ ქვის სატყორც ოდენ, იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ, რომელი აგრილობდა მას. და დავარდა პირსა ზედა. მაშინ მიხედნა ნეტარმან ონისიფორე და ჰრქუა: „მოვედ, მომეახლე მე, კაცო!“ ესმა რაჲ მას ჴმაჲ მისი, შიშით აღდგა და მიეახლა მას. და კუალად თაყუანი სცა და თქუა: „ვინ ხარ, კაცო შუენიერო, რამეთუ არასადა მიხილავს ვითარ-ესე ხილვაჲ შენი. მითხარ, უკუეთუ ღმერთი ხარ, ანუ კაცი, ანუთუ ღმერთთა ჩუენთაგანი ხარ და ინებე გამოჩინებად სიგლახაკისა ჩემისა.“ მიუგო ონისიფორე და ჰრქუა მას: „ისმინე, [302v] კაცო, მე კაცი ვარ მიწისაგანი და ვქადაგებ იესუ ქრისტეს, ძესა ღმრთისასა.“ ესმა რაჲ კაცსა მას სახელი იესუ ქრისტესი, განეღო გონებაჲ მისი და თქუა: „ჰე, მასმიეს ქრისტესთჳს, ვითარმედ იშვა ქალწულისაგან სიტყჳთა ანგელოზისაჲთა და ქალწული შემდგომად შობისა ქალწულადვე ეგო და სასწაულნი მრავალნი ქმნნაო. ხოლო ჰურიათა ჯუარს აცუეს იგი და საფლავსა დადვეს, არამედ იტყჳან, თუ აღდგა და ამაღლდა ზეცად. და მოწაფენი თჳსნი წარავლინნა ყოველსა სოფელსა ქადაგებად სახელსა მისსა. და გუესმა, თუ ერთი მათგანი მოვიდა სჳრაკუსეს და ამას ყოველსა ქადაგებს, გარნა ვერ უძლე აქამომდე ხილვად მისდა. ხოლო შენ უკუეთუ ერთი მათგანი ხარ, მითხარ სიტყუაჲ ესე და გუესმას.“ მაშინ ონისიფორე იწყო წმიდათა წერილთაგან და აუწყა ქრისტჱ მას. ხოლო მას ჰრწმენა და ჰრქუა: „გევედრები მე, ნათელმეც, მოციქულო ქრისტესო!“ მიუგო ონისიფორე და ჰრქუა: „წარვედ, ახალი სამოსელი მოიღე და ნათელგცე.“ წარვიდა და მსწრაფლ მოიღო სამოსელი ახალი საქორწინჱ და შთაიყვანა იგი ონისიფორე ჴევსა მას, სადა იყო წყალი. და აღჰმართა ჯუარი და ხატი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. ხოლო ჯუარი იგი მე, ევაგრეს, შემექმნა ძელისაგან საროჲსა, რომელსა ზედა გამოქანდაკებით გამომესახა ჯუარცუმაჲ ქრისტესი. იგი აღჰმართა წყალსა მას ზედა და აღასრულა ყოველივე წესი წყალსა მას ზედა და ნათელსცა კაცსა მას. ხოლო აღმო-რაჲ-ვიდოდა ემბაზისაგან, [303r] იტყოდა: „ესერა, ცეცხლი გარე მომეხჳა მე.“ და ჰკითხა: „მითხარ მე, წმიდაო მამაო, ვისი არს ხატი ესე?“ ჰრქუა მას ონისიფორე: „უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი არს.“ მიუგო კაცმან მან: „შთავედ რაჲ წყალსა შინა, ვიხილე, რამეთუ მოყო ჴელი და დამდვა თავსა ზედა და მეყსეულად ცეცხლი გარე მომეხჳა.“ ესრეთ სრულ იქმნა რაჲ კაცი იგი და შეიმოსა სანათლოჲ იგი სამოსელი, ითხოვა ლოცვაჲ მღდელისაგან, წარსლვაჲ მომკალთა მათ მიმართ. და ვითარცა წარვიდა კაცი იგი, აღვიდა ონისიფორე და დაჯდა ლოდსა მას ზედა. ხოლო კაცი იგი მი-რაჲ-იწია მომკალთა მათ მიმართ, იხილეს მათ იგი, ვითარმედ ცეცხლი ემოსა და ივ(ლ)ტოდეს. ხოლო იგი სდევდა მათ და ეტყოდა: „მე ვარ, ძმანო, ნუ გეშინინ!“ და იგინი უფროჲსღა ივლტოდეს და კუალად იგი ჴმობდა: „ძმანო, მე ვარ, რად მევლტით?“ იცნა ჴმაჲ მისი ცოლმან მისმან და ეტყოდა კაცთა მათ: „ქმარი ჩემი არს, ნუ ივლტით, დადეგით, ვიხილოთ, რაჲ არს საქმჱ ესე.“ მ(ა)შინ ძლით დადგეს კაცნი იგი და ჰრქუეს მას: „მითხარ ჩუენ, რაჲ ხარ, რამეთუ ჴმასა შენსა ვიცნობთ და ხილვაჲ შენი დამაკჳრვებს.“ მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: „ისმინეთ, ძმანო, კაცი ვინმე საკჳრველი ვპოე სოროსა მას მელაფორისასა, რომელი ცეცხლებრ ელვიდა, და შიშისაგან დავვარდი პირსა ზედა. ხოლო მან მრქუა მე: „აღდეგ, კაცო, მომეახლე მე უშიშად, რამეთუ მეცა კაცი ვარ [303v] მიწისაგანი.“ ესე რაჲ მესმა, მივეახლე მას. და მახარა ქრისტეჲ და მე მრწმენა და ნათელვიღე. ხოლო შთავედ რაჲ წყლად, ვიხილე, რამეთუ ცეცხლი გარე მომეხჳა მე. და წყალსა მას ზედა დგა სუეტი ცეცხლისაჲ და ხატი, რომლისა ელვაჲ განანათლებდა პირსა ჩემსა, რომელმანცა მოყო ჴელი და შემახო თავსა ჩემსა და განმანათლა მე. ხოლო ხატი იგი, ვითარცა მან კაცმან მაუწყა, იესუ ქრისტესი იყო და სუეტი იგი ცეცხლისაჲ - ჯუარი მისი წმიდაჲ, რომელსა ზედა ცხორებისათჳს კაცთაჲსა დამოეკიდა. და სხუაჲცა წიგნი ცეცხლისაჲ აქუს მას, რომელსა შინა წერილ არს ყოველი საქმჱ მისი, რომელ არს იესუ ქრისტე. ესე მესმა და ვიხილე, მრწმენა და განვნათლდი. და ამიერითგან არღარა ვჰმონებ ეშმაკთა, არამედ მრწამს მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, რომლისა მიერ განვნათლდი.“ ესე რაჲ ესმა კაცთა მათ, მეყსეულად დაუტევეს მანგლები მათი და სრბით მივიდეს სოროსა მას. და იხილეს რაჲ ნეტარი ონისიფორე, დაცჳვეს პირსა ზედა. ხოლო მან ჰრქუა: „აღდეგით, შვილნო, ნუ გეშინინ, რამეთუ მეცა კაცი ვარ ცოდვილი.“ და აღ-რაჲ-დგეს იგინი, ვერ ეძლო მიხედვად პირსა მისსა, რამეთუ იყო იგი განბრწყინვებულ სულისა მიერ წმიდისა. და ხედვიდეს ხატსა და ჯუარსა ქრისტესსა და წმიდასა მას სახარებასა, ვითარცა ელვასა ცეცხლისასა წინაშე მისა, და ძრწოდეს. ხოლო ნეტარმან მან ილოცა, რაჲთა აღეღოს შიში მათგან. და ესრეთ შიშით და სიხარულით [304r] მივიდეს და თაყუანის სცეს მას. ხოლო მან სასწაული ჯუარისაჲ გამოსახა მათ ზედა და უბრძანა დაჯდომაჲ. მიუგეს კაცთა მათ და ჰრქუეს: „კაცო დიდებულო, ვინაჲ მოხუედ აქა, რამეთუ ხილვაჲ შენი საშინელ არს.“ მაშინ იწყო მღდელმან მან და ყოველივე აუწყა სიტყუაჲ სახარებისაჲ. და ვითარ იყო იგიცა კერპთმსახურ და წმიდისა ბაგრატის მიერ ისწავა კერპთმსახურებისაგან განყენებაჲ და ცნობად ქრისტე ღმერთი, დამბადებელი ყოველთაჲ. და ვითარმედ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და ყოველივე კერპთა სახჱ, ეშმაკთა ხატები, არს საცთური კაცთაჲ. ესრეთ ჰრწმენა კაცთა მათ ქრისტეჱ და ევედრებოდეს ნათელცემად მათდა. ხოლო ნეტარმან მან იწყო თავითგან უწყებად ქრისტესა და დღე ყოველ ასწავლიდა მათ და უკითხვიდა წმიდასა სახარებასა. ხოლო იგინი ცრემლით თაყუანის სცემდეს ქრისტესა და ჰმადლობდეს მას ყოვლისა მისთჳს და იხარებდეს სწავლათა მათ ზედა. და ამას ესევითარსა სწავლასა შინა შემწუხრდა დღჱ იგი. მაშინ ნეტარმან მან აღასრულნა ლოცვანი სამწუხრონი და დაყუდნა და კაცნი იგი ერთ კერძო, რამეთუ განთიად ეგულებოდა ნათელცემაჲ მათი. ხოლო მეორესა ოდენ ჟამსა ღამისასა მოვიდა ეშმაკი და მის თანა სულთა არაწმიდათა სიმრავლჱ სახითა ჰინდოთაჲთა და იგი უმაღლეს ყოველთა სხუათა ჰასაკითა და უშავეს ფერითა. და დადგა, ვითარ ქვის სატყორც ოდენ, და ჴმაყო: „ჵ, ჭირი ბაგრატისი და შენი, [304v] ონისიფორე, რად მავნებთ და მონათა ჩემთა მიმიღებთ და ქრისტეს შეაწყნარებთ, ნაზარეველსა? ტაძარნი ჩემნი, რომელნი იყვნეს ქალაქსა ტავრომენიაჲსასა, დააქცინა მან. და შენ, რომელი ოდესმე ჩემი მწიგნობართა მთავარი იყავ, მოხუედ აქა და თაყუანისმცემელთა ჩემთა მიმიხუამ და სერტყებსა ჩემსა და ბომონებსა ისწრაფი დარღუევად. ვაჲმე, რამეთუ არა მაქუს შემწჱ. ტავრომენიას ბაგრატ ტყუე მყო და სჳრაკუსეს - მარკიანე ბერმან და აქა აწ მკჳდრი ესე მოლონიისაჲ, ქსანთიპო, რომელი მრავალთა შესაწირავთა ოდესმე მომართუმიდა, „ონისიფორედ“ წოდებულ არს და ამათ ადგილთაგანცა მდევნის.“ ამას იტყოდა და კაცთა მათ მიმართ კბილთა იღრჭენდა. ხოლო ნეტარმან ონისიფორე გამოსახა სახჱ ჯუარისაჲ და დაწყევა ბოროტი იგი ეშმაკი და ჰრქუა კაცთა მათ: „უწყითა, შვილნო, ვითარმედ ქრისტემან გიწოდნა თქუენ სასუფეველსა მისსა. და ამისთჳს ეშმაკსა შურს ცხორებაჲ თქუენი და იღრჭენს კბილთა ამაოდ. ხოლო თქუენ, შვილნო, შეჰნერწყუეთ მას და არქუთ: „ვიჯმნით შენგან, ეშმაკო, და ვჰმონებთ იესუ ქრისტეს, ძესა ღმრთისასა.“ და აღადგინნა იგინი, ყო ლოცვაჲ და ჯუარი დასწერა შუბლთა მათთა. და მიაქცინა იგი დასავალით კერძო, ვინაჲ-იგი ჩნდა ეშმაკი, და ეტყოდა მათ: „იჯმენითა ეშმაკისაგან?“ ხოლო იგინი, ვითარცა ერთისა პირითა, მოუგებდეს: „ვიჯმნით, ვიჯმნით.“ მიუგო და [305r] ჰრქუა მათ: „შეჰნერწყუეთ მას!“ და შეჰნერწყუეს. მერმე მოაქცინა აღმოსავალით და მეყსეულად მახჳლი ცეცხლისაჲ გამოჩნდა აღმოსავალით. და უჩინო ყო ეშმაკი იგი და მისთანანი იგი სულნი ბოროტნი. ხოლო მღდელმან დაადგინნა კაცნი იგი აღმოსავალით და თქუა: „აღუთქუათა ქრისტესა?“ მიუგეს: „ჰე, აღგჳთქუამს.“ ჰრქუა მათ ნეტარმან: „თაყუანის ეცით მას!“ და აღჰმართა ხატი ქრისტესი და თაყუანის სცეს მას. ხოლო განთიად მოვიდა კაციცა იგი, პირველ ნათელღებული, ცოლით და შვილითურთ თჳსით და თაყუანის სცეს ნეტარსა მას. მიუგო მან და ჰრქუა მას: „კეთილად მოხუედ, მონაო ქრისტესო, კეთილო და სარწმუნოო. აწ უკუე მსახურებაჲ შენი აღასრულე და მოიღე სამოსლები ახალი რიცხჳსაებრ ამათ კაცთაჲსა, რაჲთა ნათელიღონ კაცთა ამათ.“ ჰრქუა მას: „ყოველივე მზა არს, უფალო.“ და მსწრაფლ წარვიდა და მოიღო. მაშინ შთავიდა მღდელი იგი უფლისაჲ წყალსა მას. და ყოველივე წესი აღასრულა და ნათელსცა კაცთა მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და ნათელსცა ცოლსა მის კაცისასა და სამთა შვილთა მისთა. და დაიყენნა კაცნი იგი რვა დღე მის თანა და ასწავა ყოველი წესი ქრისტეანობისაჲ. ხოლო დედაკაცმან მან სახიერმან ჰრქუა ქმარსა თჳსსა: „უფალო ჩემო, უშენოთ კაცსა ამას წმიდასა სავანესა მახლობელად სახლისა ჩუენისა, რაჲთა იყოს საყოფელი მისი ჩუენ თანა.“ [305v] და ყვეს ეგრეთ. ხოლო მერვესა დღესა ჰრქუა ონისიფორე კაცთა მათ: „მოვედით, შვილნო, მიიღეთ სახჱ ჯუარისაჲ და განვედით გარემო სოფლებსა და ქადაგებდით სიტყუასა ღმრთისასა. და სადაცა იპოვნენ ბრმანი, მკელობელნი, განრღუეულნი და ყოველნივე ცისად-ცისად გუემულნი, დასხენით მას ზედა ჴელნი და ბეჭედი ქრისტესი გამოსახეთ. და ყოველნი განიკურნნენ სახელითა ქრისტესითა.“ და უქმნა ონისიფორე კაცად-კაცადსა ჯუარი ნაძჳსაჲ და მისცა მათ და წარავლინნა იგინი კურთხევით. ხოლო მათ მიიღეს სახჱ იგი ჯუარისაჲ და განვიდეს გარემო სოფლებსა და დაბნებსა და ქადაგებდეს ქრისტესა. ხოლო ეშმაკნი ვერ მოითმენდეს ძალსა მას ჯუარისასა, არამედ ივლტოდეს და იტყოდეს ვაებით: „ჵ ჩუენდა იესუ ქრისტესგან ნაზარეველისა, რამეთუ მახჳლი მისი აქაცა გუეწია და ვერ დაუდგა მ(ი)თ ძალსა მისსა.“ ხოლო მკჳდრნი იგი სოფლებისანი, რომელნი კაცთა მათ იცნობდეს, განკჳრვებით ეტყოდეს: „ვინაჲ მოგეცა თქუენ ჴელმწიფებაჲ ეშმაკთა ზედა, ანუ რომლითა ძალითა განასხამთ სენთა?“ მიუგეს მათ და ჰრქუეს, ვითარმედ: „აწღა მოიხილა ჩუენ ზედა ღმერთმან, მაცხოვარმან ჩუენმან, და გჳჩუენა გზაჲ ცხორებისაჲ იესუ ქრისტეჱ, ღმერთმან ჭეშმარიტმან. დაუტევეთ უკუე თქუენცა საცთური იგი კერპთაჲ და მოიქეცით მისა და მან მოგცეს თქუენ ესევითარივე ჴელმწიფებაჲ.“ მოიყვანებდეს უკუე სნეულთა და ეშმაკეულთა. და ოდენ ჴელნი დასხ [306r]ნიან მათ და თქჳან: „სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განიკურნენით“, და მეყსეულად განიკურნებოდეს. და განჴდა ჰამბავი მათ კაცთაჲ ყოველსა მას დაბნებსა მელაფოროჲთ ვიდრე პეტრონიკემდე და ყოველსა მას სერტყოვანსა პალატამო მდინარისასა. და ყოველნი მოიყვანებდეს უძლურთა და შეპყრობილთა ყოველთავე სენითა და განჰკურნებდეს მათ სახელითა ქრისტესითა კაცნი იგი. მაშინ შეკრბა ერი მრავალი და ეტყოდეს მათ: „გჳთხართ ჩუენ, ძმანო, რაჲ არს სიტყუაჲ ესე მოძღურებისა თქუენისაჲ, ანუ ვინაჲ მოგეცა ძალი ესევითარი კურნებისაჲ?“ მიუგეს კაცთა მათ და ჰრქუეს: „უფალი ჩუენი იესუ ქრისტეჱ, ძჱ ღმრთისაჲ, იგი ჰკურნებს ყოველსა სენსა. აწ უკუეთუ გნებავს, მოვედით ჩუენ თანა და იხილეთ მოწაფჱ მისი და მან გიჩუენოს თქუენ გზაჲ ცხორებისაჲ და მოგეცეს მადლი კურნებათაჲ.“ ესე რაჲ ესმა ერთა მათ, შეუდგეს სიმრავლჱ მამათა და დედათაჲ და მოვიდეს ნეტარისა ონისიფორესსა. ხოლო იხილნა რაჲ იგინი, აღივსო სიხარულითა, აღდგა და იწყო სწავლად მათდა დღე ყოველ. და ხვალისა დღე კუალად ასწავლიდა და უბრძანა კაცად-კაცადსა განწმედად სამ დღე თავი თჳსი და სამოსლისა სანათლოჲსა მოღებად. და ესრეთ მესამესა დღესა შთავიდა ჴევსა მას და ნათელსცა ერსა მრავალსა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა [306v] და სულისა წმიდისაჲთა. და ერი იგი დაადგრა მუნ, მრავალ დღე ისმენდეს სწავლასა მისსა და ეზიარებოდეს დღითი-დღე ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა. რამეთუ საკჳრველებასა მრავალსა ხედვიდეს, ვითარ შესწირავნ რაჲ უსისხლოსა მას მსხუერპლსა მღდელი იგი უფლისაჲ, ონისიფორე, ოდესმე ცეცხლი გარე მოეხჳის მას და ოდესმე ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობნ მას. მაშინ ესმა ესე ყოველი მთავართა მათ კერძოთასა. და მოვიდოდეს დღითი-დღე და ნათელიღებდეს. და ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. ხოლო მელაფორ, უფალი მის ადგილისაჲ, არა იყო მაშინ მუნ, რამეთუ ჭალაკსა მელიტეს წარსრულ იყო. არამედ იგიცა მო-რაჲ-ვიდა და ესმა ქადაგებაჲ ესე და იხილა ნეტარი ონისიფორე, ჰრწმენა ქრისტეჱ და ნათელიღო. მაშინ ნეტარმან ონისიფორე მოუწოდა ერსა მას მორწმუნესა, ასწავლიდა მათ და ეტყოდა: „ძმანო ჩემნო და შვილნო ქრისტეს მიერ, ღმერთმან, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუანი, მან დამბადნა ჩუენ და გჳწოდნა წოდებითა ამით წმიდითა. რამეთუ ჩუენ ვართ ერნი მისნი და ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. აწ უკუე, ვითარცა მის მიერ ჴსნილნი საცთურისაგან მტერისა და სყიდულნი პატიოსნითა სისხლითა მისითა, ვყვნეთ თავნი ჩუენნი ტაძარ მადლისა მისისა. და ხილულიცა ტაძარი უშენოთ, რაჲთა დღითი-დღე შევსწირვიდეთ უსისხლოსა მას მსხუერპლსა და ერსა ნათელვსცემდეთ.“ ხოლო მათ თქუეს: „ყოველივე, მამაო წმიდაო, ვყოთ, [307r] რაჲცა მიბრძანო.“ მაშინ აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ, აზიარა მათ, წარგზავნნა სახედ თჳსად და ეტყოდა მათ: „წარვედით, შვილნო, მშჳდობით და უცნებათაგან მტერისათა ნუ გეშინინ, არამედ სასწაულითა ჯუარისაჲთა შეიჭურენით თავნი თქუენნი და იგი მოუძლურდეს თქუენ წინაშე მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. ხოლო სხდეთ რაჲ ჭამად პურისა, სახესა ჯუარისასა გამოსახევდით საჭმელსა მას ზედა და პირთა თქუენთა და იტყოდეთ: „უფალო ჩუენო იესუ ქრისტე, აკურთხე საჭმელი ჩუენი და სასუმელი!“ და ესრეთ იწყეთ ჭამად. და რაჟამს გზასა გახჳდოდით, ილოცევდით და იტყოდეთ „მამაო ჩუენოსა“ და „უფალო იესუ ქრისტე, თანამავალ მეყავ ჩუენ!“ ექუსსა დღესა მსგეფსისასა იქმოდეთ საქმეთა თქუენთა და შაბათსა შუადღითგან შემოკრბებოდეთ აქა, რაჲთა გესმას ჴმაჲ გალობისაჲ დავით წინაწარმეტყუელისაჲ და სიტყუანი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი. და შეიწყნაროთ გულთა თქუენთა მარგალიტი იგი უსასყიდლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტესი, რაჲთა მიიქცეთ რაჲ სახლად თქუენდა, განანათლნეთ იგინი, რომელნიცა დარჩომილ იყვნენ შინა. რამეთუ ესე ჯერარს, რაჲთა, უკუეთუ მღდელნი არა გეახლნენ, არა უდებ იქმნეთ ოცდაათ უტევანცა წარსლვად მღდელთა მიმართ უფლისათა. რაჲთა იხილოს რაჲ ეშმაკმან მოსწრაფებაჲ თქუენი, იძლიოს თქუენ მიერ და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ, ძმანო, [307v] თქუენ თანა, ამენ!“ ესრეთ განუტევა ერი იგი. და წარვიდეს ყოველნი. განემზადნეს და მოვიდეს და აღაშენეს ეკლესიაჲ, ვითარ გამოსახა ნეტარმან მან. და ყოველთა კჳრიაკეთა შემოკრბებოდეს მუნ და აღასრულებდეს გალობასა საცისკროსა და ეზიარებოდეს საიდუმლოთა ქრისტესთა. მიიწია სიტყუაჲ ესე ნეტარისა მაკრიანესსაცა საქმეთათჳს ონისიფორესთა და ვითარმედ წმიდისა ბაგრატისგან მივლინებულ იყო ნათლისცემად ერისა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. ესე რაჲ ესმა წმიდასა მარკიანეს, ცნა, ვითარმედ არა იქმოდა წმიდაჲ ბაგრატ თჳნიერ საღმრთოჲსა უწყებისა, რაჲთამცა კერძოთა მის ქალაქისათა მიავლინა თჳსი ხუცესი. ამისთჳს წიგნიცა მიუწერა ესევითარი: „ღმერთშემოსილსა თანაშემწესა და ჩუენ თანამღდელსა ბაგრატს, ეპისკოპოსსა ტავრომენისასა, მარკიანე, ებისკოპოსი სჳრაკუსისაჲ, უფლისა მიერ გიკითხავ. მესმის წარმატებაჲ შენი ქადაგებასა მას სახარებისასა და ვითარ-იგი ეშმაკნი იოტენ ქალაქისა მაგისგან. და ერნი მრავალნი შეაწყნარენ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა და სიხარულითა აღვსებულ ვარ. ხოლო აწ, ესერა, კუალად მესმა, ვითარმედ ძმაჲ ონისიფორე კერძოთა ამათ ქალაქისა ჩუენისათა მოგივლენია, და დამიკჳრდა. მნებავს უკუე ცნობად შენ მიერ, უკუეთუ ხილვითა საღმრთოჲთა იქმნა ესე, ანუ სხჳთა [308r] რაჲთმე სახითა. რამეთუ, ვითარცა თჳთ უწყი, წმიდათა მოციქულთა ესრეთ დაგჳწესეს, რაჲთა თითოეულსა ეკლესიასა თჳსი სამრემლოჲ აქუნდეს. ყოველსავე უკუე ამისთჳს გუაუწყე, ვითარცა გნებავს, და მშჳდობაჲ უფლისაჲ იყავნ მარადის ჩუენ შორის, ძმაო საყუარელო. ცოცხლებით იყოფოდე მადლითა ქრისტესითა!“ ესევითარი ებისტოლეჱ მოიღო წმიდისა ბაგრატისსა ძმამან, ვინმე დიაკონმან, რომელი-იგი იხილა რაჲ წმიდამან ბაგრატ და ესმა ცოცხლებით ყოფაჲ წმიდისა მარკიანესი და ქადაგებაჲ სახარებისაჲ მის მიერ აღსრულებული, სიხარულითა აღივსო. და რომელ-იგი ცნა, ვითარ მადლი უფლისაჲ შეეწია ძმასა ონისიფორეს, მაშინ დაწერა ებისტოლეჱ ნეტარისა მარკიანესსა და წარმავლინა მე მოკითხვად მისა. ხოლო ესევითარი წესი იყო ებისტოლისაჲ მის: „მარკიანეს, ყოვლადწმიდასა ებისკოპოსსა სჳრაკუსე ქალაქისასა, მამასა ჩემსა სულიერსა და ჩემ თანა მსახურსა უფლისასა, ბაგრატ, ეპისკოპოსი ტავრომენია ქალაქისაჲ, უფლისა მიერ გიკითხავ. წიგნი სიწმიდისა შენისაჲ წარვიკითხე და სიხარულითა აღვივსე, რამეთუ ცოცხლებით ხარ და ერი ურიცხჳ განგინათლებიეს ქადაგებითა ქრისტეს სახარებისაჲთა. უფალმან უმეტესადცა წარგიმართენ მსახურებასა მისსა, ხოლო რაჲ-იგი გებრძანა, რაჲთა გაუწყო მიზეზი მოვლენისა [308v] ძმისა ონისიფორესი, ყოველივე მიგითხრა, მამაო წმიდაო: ეგე კაცი ფილოსოფოსი იყო ყოვლისა ამის ქალაქისაჲ და ყოველი წიგნი სიბრძნისაჲ და სამკურნალოჲსაჲ მის თანა იპოებოდა. ხოლო მო-რაჲ-ვედი მე აქა, მოაქცია ეგე უფალმან თჳსისა სარწმუნოებისა მომართ და ყო შემწედ ჩემდა ყოველსავე ზედა, რამეთუ დასაბამ ქადაგებისა ჩუენისა ეგე იქმნა. და ვიხილე რაჲ, რამეთუ მადლი უფლისაჲ იყო მის ზედა, ვაკურთხე ეგე დიაკონად. და შემდგომად დღეთა რავდენთამე მესმა ჴმაჲ ზეგარდამოჲ, რომელი მეტყოდა: „ბაგრატ, ბაგრატ, ონისიფორე დიაკონი აკურთხე ხუცად და წარავლინე კერძოთა დორაკინისათა!“ ესე ჴმაჲ სამგზის მესმა, მამაო სანატრელო, და მერმე ვითარცა მიბრძანა, ვაკურთხე იგი ხუცად და წარვავლინე და არა ნებითა ჩემითა. აწ უკუე, წმიდაო მამაო, შენი არს მოწაფჱ ეგეცა და შენი სამრემლოჲ, რამეთუ ესე ამისთჳს ყო უფალმან, რაჲთა შენსაცა სიწმიდესა ჰმსახუროს ძმამან მაგან. ილოცევდ უკუე ჩუენთჳსცა, რაჲთა უფალმან წარგჳმართოს ნ(ე)ბასა მისა.“ ესე ებისტოლეჱ აღვიღე მე, ევაგრე, და დიაკონმან მან, მოვლინებულმან წმიდისა მარკიანესგან, და წარვედ სჳრაკუსედ. და ვპოეთ იგი გარეშე ქალაქისა. ხოლო ეუწყა რაჲ ჩემთჳს, მყის გამოვიდა და მომიკითხა და მრქუა მე: „უფალმან დაგიცევინ შენ, შვილო!“ და შევედით რაჲ სენაკად მცირედ, სადა-იგი მკჳდრ იყო, მივეც ებისტოლეჱ წმიდისა ბაგრატისი. ხოლო [309r] მან მრქუა მე: „ვითარ შეეწევის უფალი ძმასა ჩუენსა ბაგრატს?“ მიუგე და ვარქუ მას: „კეთილად, ლოცვითა შენითა, წმიდაო მამაო.“ და ესე რაჲ ესმა, აღიხილნა ზეცად და მადლი შეწირა ღმრთისა. ხოლო წარიკითხა რაჲ ებისტოლეჱ იგი და მრქუა მე: „გრწმენინ, შვილო ჩემო, შემდგომად მოწერისა ეპისტოლისა მის და წარმოვლენისა ძმისა ამის მეუწყა უფლისა მიერ ყოველივე საქმჱ ძმისა ონისიფორესი. და წარვავლინე მოწაფეჱ ჩემი განძლიერებად მისდა, რაჲთა შეისწრაფოს აღშენებაჲ ეკლესიისაჲ, რაჲთა ვაკურთხო იგი. ხოლო მე, შვილო ევაგრე, მრავალი ჭირი მაჩუენეს ჰურიათა და მონტანელთა, რამეთუ გრძნებითა თჳსითა აუცნებდეს ერსა მას ქალაქისა და ლეგეონი ეშმაკთაჲ შეეკრიბა ქუაბსა ამას მახლობელსა. ხოლო მო-რაჲ-ვედით, უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან უჩინო ყვნა იგინი და სასწაულნი მრავალნი და დიდნი უჩუენნა ერსა ამას. ამისთჳსცა ჰრწმენა ყოველთა და ნათელიღეს სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და იქმნეს ერთ სამწყსო მწყემსთმთავრისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა. ხოლო ეშმაკი შევიდა გულსა ჰურიათა და მონტანელთასა და არაჲ დასცხრეს ბრძოლად ჩუენდა, არამედ უფალმან არცხჳნა მათ ყოველსავე ზედა და ყოველნი საგრძნებელნი მათნი განაქარვნა.“ ესევითარი რაჲ მრავალი მითხრა, აღვასრულეთ ლოცვაჲ და პირი ვიჴსენით. და ხვალისა დღე მიბრძანა წარს [309v]ლვაჲ და ნახვაჲ ძმისა ონისიფორესი. მოიყვანეს უკუე საჴედარი და ერთი ძმათაგანი ჩემ თანა მავალად მოავლინა. და წარვემართენით რაჲ განთიად, მიმწუხრამდე მივიწიენით ადგილსა მას. და ვპოეთ ნეტარი ონისიფორე გალობასა შინა სამწუხროსა. და აღვასრულეთ რაჲ ლოცვაჲ იგი, მოვიკითხეთ ურთიერთას სიხარულითა და ცრემლითა. და დავსხედით რაჲ, მითხრა ყოველი მოწერილი. დავყვენ მის თანა რვა ოდენ დღე. და ვიხილენ სასწაულნი, რომელთა იქმოდა უფალი მის მიერ. და ეკლესიაჲ, რომელსა აშენებდა, რომელსაცა უწოდა „სახლ მშჳდობისა.“ ამისა შემდგომად მოვიკითხე იგი და მოვიქეც ნეტარისა მარკიანესსა. და დავყავ მის თანა სამ დღე. მაშინ ინება ნეტარმან წარსლვად ჩემ თანა და ხილვად წმიდისა ბაგრატისი. და აღვედით ნავად და წარვემართენით მიმწუხრი. და ნავითა წულილითა მივიწიენით ხვალისა დღე ზღჳსპირსა ფალკონისსა. ხოლო ნეტარმან ბაგრატ ცნა სულითა მოსლვაჲ ჩუენი. აღდგა და აღიღო საცეცხ(ლ)ური, დაასხა საკუმეველი და მოვიდა მოგებებად წმიდისა მარკიანესსა. და წინაშე მისსა კერეონი აღნთებული ეპყრა ერთსა მოწაფეთაგანსა. იხილა რაჲ იგი შორით მომავალი წმიდამან მარკიანე და სული სურნელებისაჲ იყნოსა, მრქუა მე: „ვინ არს, [310r] შვილო, მომავალი იგი?“ მიუგე და ვარქუ, ვითარმედ: „ვჰგონებ, უფალი ჩემი ბაგრატ არს და მოგებებად შენისა სიწმიდისა მოვალს.“ ხოლო შეემთხჳნეს რაჲ ურთიერთას, დავარდეს ქუეყანასა ზედა და აწუევდეს ერთიერთსა ლოცვისა აღსრულებად. მაშინ თქუა დიდმან მარკიანე: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!“ და მოიკითხეს ურთიერთას ამბორისყოფითა მოწლითა. და ესრეთ შევედით ქალაქად და მივედით ეკლესიად. და კუალად აიძულებდეს ურთიერთას ლოცვისა წართქუმად. მაშინ აღჴდა წმიდაჲ მარკიანე საკურთხეველსა და ყო ლოცვაჲ ზეგარდამოჲ. და გარდამოჴდა და მოიკითხნა ძმანი და დასხდეს ზოგად. და იწყეს სიტყუად სიტყუათა საღმრთოთა. ჰრქუა წმიდამან ბაგრატ: „რაჲსათჳს მოშუერ, მამაო ღმერთშემოსილო, ცოდვილისა ამის?“ მიუგო წმიდამან მარკიანე: „უძლურნი მარადის მკურნალისა მივლენ პოვნად კურნებისა.“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „ჰე, თუმცა, მამაო წმიდაო, გუაქუნდეს ჩუენ შენნი უძლურებანი, რომელნი-ესე ჭეშმარიტად უძლურნი ვართ და ვერ შემძლებელ ვართ ვნებათა ბრძოლასა წინააღდგომად.“ ესევითარი მრავალი სიტყუაჲ ურთიერთას მიუთხრეს. მერმე იწყო კაცად-კაცადმან თხრობად, ვითარ აღასრულა ქადაგებაჲ თჳსი და ვითარ წარუმართა მადლმან უფლისამან პირად-პირადითა ნიშებითა და სასწა [310v] ულებითა. ესმა მთავარსა ვონიფანტეს და მისთანათა მოსლვაჲ წმიდისა მარკიანესი. და მოვიდეს მიღებად კურთხევისა მისისა. და მოიკითხეს იგი, რამეთუ იყვნეს ორნივე იგი წმიდანი მამანი, ვითარცა ჭეშმარიტად მოსე და აჰრონ, და უფროჲსღა, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი. და ყოველნი იხარებდეს ხილვითა მათითა. ეტყოდეს უკუე ერსა მას სიტყუათა ნუგეშინისცემისათა. და აკურთხნეს იგინი და წარავლინნეს სახედ თჳსად. და მარადღე შეკრბებოდეს ეკლესიად და მიიღებდეს კურთხევასა წმიდათა მათ მიერ მამათაჲსა. რამეთუ დღესა კჳრიაკესა წმიდამან მარკიანე აღასრულა საიდუმლოჲ იგი წმიდისა ჟამისწირვისაჲ. და წმიდაჲ ბაგრატ შეიმოსა მის თანა და მეცა მიბრძანა მათ თანა შემოსად. და ვიწყეთ გალობასა წმიდისა ჟამისწირვისასა. და მო-რაჲ-იწია ჟამი წმიდა არსის(ა)ჲ, აჰა ესერა, ცეცხლი ზეცით მოვიდა და გარე მოადგა წმიდასა საკურთხეველსა, ვიდრეღა ვერვინ იკადრებდა თუალთა შედგმად. ხოლო აღესრულა რაჲ წესი იგი საიდუმლოთაჲ და ეზიარნეს ღმერთშემოსილნი იგი მამანი და გარდამოიყვანეს წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ ზიარებად ერისა და ვერვინ იკადრებდა მიახლებად, რამეთუ, ვითარცა ცეცხლსა, ხედვიდეს მას. ცნა მიზეზი იგი შიშისაჲ მის ნეტარმან ბაგრატ და ჰრქუა ერსა: „მოვედით, შვილნო, მიიღეთ ნათელი და პირთა თქუენთა არა ჰრცხუენეს. [311r] რამეთუ ესე სახჱ საწინაწარმეტყუელოთა სიტყუათა შინა მოსწავებულ არს, რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა. ესე არს მოხილვაჲ სულისა წმიდისაჲ, რომელი იდიდების მამისა თანა და ძისა.“ ესე რაჲ თქუა მან, მივიდეს და შეუვრდეს ძმანი და ეზიარნეს ჴელთაგან წმიდისა მარკიანესთა. და აღასრულეს წმიდაჲ საიდუმლოჲ. და განუტევეს ერი იგი, რომელნი ადიდებდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი განჴორციელდა წმიდისა ქალწულისაგან სულისა მიერ წმიდისა. დაყო უკუე წმიდამან მარკიანე ნეტარსა ბაგრატს თანა ათხუთმეტი დღეჲ. და მარადღე ზრახვიდეს სიტყუათა საღმრთოთა და გამოეძიებდეს წესთა მათ დადებულთა წმიდათა მოციქულთა მიერ. და ყოველივე ერთბამად დაამტკიცეს, რაჲთა ერთი წესი და კანონი აქუნდეს მათ. და წარჴდეს რაჲ დღენი იგი, ჰრქუა დიდმან მარკიანე წმიდასა ბაგრატს: „მოშუერ, ძმაო, ჩემ თანა სჳრაკუსედ, რაჲთა იხილნე შვილნი იგი შენნი და დაამტკიცნე.“ მიუგო წმიდამან ბაგრატ და ჰრქუა მას: „უკუეთუ შენ ესრეთ არა უღირსიჩინე მოშრომად სიგლახაკისა ჩემისა, რავდენმე უფროჲს თანამაც შედგომად სიწმიდისა შენისა.“ მაშინ მოუწოდა მნეთა ეკლესიისათა, უბრძანა მოსწრაფებით აღსრულებად კანონისა ყოვლისავე და ეპიფანე დაუტევა მათ ზედა მდგომელად. და ესრეთ შთავედით [311v] ზღუად და მთავარი ვონიფანტე ჩუენ თანა და სხუანი მრავალნი, რომელნი-იგი მოვიკითხენით. და აღვჴედით ნავად და მიმწუხრამდე ქარითა ჰაერკეთილითა მივიწიენით სჳრაკუსედ. და აღვედით სენაკად დიდისა მარკიანესსა. ესმა რაჲ მოწაფეთა მისთა, სრბით გამოვიდეს და ტირილით ამბორსუყოფდეს მას. ჰრქუა მათ წმიდამან მარკიანე: „რად სტირთ, შვილნო?“ მიუგეს მათ და ჰრქუეს: „რამეთუ არღარა მოველოდეთ ხილვასა შენსა, მამაო წმიდაო, რამეთუ ეშმაკნი არაწმიდანი ღამით უცნებათა იქმოდეს მრავალთა და გუეტყოდეს ჩუენ: „განვედით საყოფელთაგან ჩუენთა, განგუეშორენით ჩუენ, რამეთუ ჩუენ მოძღუარი თქუენი მარკიანე ზღუასა დავანთქით.“ ჰრქუა მათ წმიდამან მარკიანე: „და რაჲზომ მოგეახლებოდეს თქუენ?“ მიუგეს მათ: „ვითარ ქვის სატყორც ოდენ.“ ჰრქუა მათ ნეტარმან მან: „ნუუკუე უძლესა თქუენგანისა ვნებად ვისსამე, ანუ მოახლებად, ამისთჳს ნუსადა იშიშვით უცნებათა მათთაგან.“ შევედით უკუე, აღვასრულეთ ლოცვაჲ და დავსხედით. ესმა მოსლვაჲ ჩუენი გორდიოს და სელევკოსს მთავართა. და მოვიდეს ერითა მრავლითა და კერეონებითა, რაჲთა იკურთხნენ წმიდისა ბაგრატისგან. ხოლო წმიდანი იგი აღვიდეს ადგილსა მაღალსა და აკურთხეს ერი იგი. და აღახუნეს [312r] პირნი მათნი და ასწავლიდეს მათ სარწმუნოებისათჳს და სასუფეველისათჳს ცათაჲსა, ადგომისათჳს მკუდართაჲსა და მოსლვისათჳს მეორედ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. და იყო საკჳრველი, ვითარ ორთა პირთაგან ერთი სიტყუაჲ გამოვიდოდა, ვითარცა ორთა სანთელთაგან ერთი ნათელი და ორთა წყაროთაგან ერთი წყალი. რამეთუ, დაღაცათუ ორნი იყვნეს იგინი, არამედ სული წმიდაჲ, რომელი მოსცემდა მათ სიტყუასა, ერთ არს განუყოფელ. და დასცხრეს რაჲ სიტყუად, უბრძანა დიდმან მარკიანე მთავართა და ერსა მას, რაჲთა შეუვრდენ ნეტარსა ბაგრატს და იკურთხნენ მის მიერ. და ესე რაჲ ქმნეს, აკურთხნა წმიდამან ბაგრატ იგინი და უმრავლესთა ამბორისყოფით მოიკითხვიდა. და ესრეთ წარვიდეს ერნი იგი და იტყოდეს: „დიდებაჲ შენდა, იესუ ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, რომელმან განგუანათლენ წმიდათა მოციქულთა შენთა მიერ მარკიანესა და ბაგრატისსა.“ და შემდგომად სამისა დღისა თქუა დიდმან მარკიანე: „უკუეთუ გნებავს, მამაო წმიდაო, წარვავლინოთ ძმისა ონისიფორესთჳს, რაჲთა მოვიდეს და მიიღოს ლოცვაჲ შენი.“ სთნდა ესე ნეტარსა ბაგრატს და მეყსეულად წარავლინეს ძმაჲ ერთი და აუწყეს მოსლვაჲ წმიდისა ბაგრატისი სჳრაკუსედ ნეტარისა მარკიანეს თანა. და აღივსო სიხარულითა ღირსი ონისიფორე. და მეყსეულად წარმოემართა და სხუანიცა წარჩინებულნი კაცნი მათ კერძოთანი და მოი [312v]წინეს სჳრაკუსედ. და იხილნა რაჲ წმიდანი იგი მამანი, ბაგრატ და მარკიანე, შეუვრდა ფერჴთა მათთა. ხოლო მათ აღადგინეს იგი და ამბორსუყვეს და ჰრქუეს: „კეთილად მოხუედ, მჴედარო ქრისტესო, რაჲ მიგაგოთ შენ შრომისა მისთჳს, რომელ თავსიდევ სახელისათჳს ქრისტესისა? მან თავადმან მოგეცინ სასყიდელი შენი უხუებით დღესა მას, ოდეს მიაგებდეს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.“ მოვიდეს კაცნიცა იგი, რომელნი იყვნეს ონისიფორეს თანა და იკურთხნეს წმიდათა მათ მამათაგან. და აქუნდა ძღუენი: თაფლი შუენიერი, ცჳლი და ხილი თითო სახეჱ. ხოლო ღირსმან უნისიფორე ჰრქუა ნეტართა მამათა: „უფალნო ჩემნო, აჰა ესერა, შენებაჲ ეკლესიისაჲ ლოცვითა თქუენითა აღსრულებულ არს. გევედრები, რაჲთა მოხჳდეთ, აკურთხოთ იგი და დაგუამტკიცნეთ ჩუენ.“ ესე რაჲ ესმა ნეტარსა მარკიანეს, ჰრქუა წმიდასა ბაგრატს: „ყავ სიყუარული, წარვიდეთ ზოგად ძმისა ამის თანა.“ მიუგო წმიდამან ბაგრატ და ჰრქუა: „შემინდვე, მამაო, მივისწრაფი ქალაქად ჩემდა, ნუუკუე მცირჱ იგი სამწყსო შეარყიოს მტერმან, ვითარცა-იგი მოწაფენი შენნი გჳთხრობდეს, ვითარმედ არაყოფასა მას შენსა განსაცდელნი მოაწინა მათ ზედა. აწ უკუე ლოცვითა შენითა მე წარვიდე და ეკლესიაჲ იგი, ამის ძმისა მიერ აღშენებული, შენმან სიწმიდემან დაამტკიცოს.“ და მოიღო ქარტაჲ და დაწე [313r]რა წესისაებრ წმიდათა მოციქულთაჲსა, რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ წმიდასა მარკიანეს სანახებსა, სადაცა ქადაგა ღირსმან ონისიფორე, და იგიცა თჳთ ონისიფორე მისსა ჴელმწიფებასა ქუეშე იყოს. ესე ყოველი განაგეს წმიდათა მათ მამათა. და შემდგომად შჳდისა დღისა მოიკითხეს ურთიერთას. და შევედით ნავად და წარვემართენით ტავრომენით კერძო. ხოლო ვიდრეღა სჳრაკუსს ვიყვენით, გამოეცხადა ნეტარსა ბაგრატს აკჳლიანესთჳს მეფისა, ქუეყანისა მის კალავრისა, რომელი იყო ტომისაგან პირველისა მის აკჳლიანესა, რომელსა ეწოდებოდა ანთემი, ვითარმედ შეუკრებიეს ერი, ვითარ ექუსასი ათასი, და მოვალს ბრძოლად ქალაქისა ტავრომენისა. და ესე რაჲ ჩუენებაჲ იხილა, არავის გამოუცხადა, გარნა ხოლო დიდსა მარკიანეს, რაჲთა იგიცა ლოცვითა თანაშემწე ეყოს. ამისთჳსცა შეისწრაფა შექცევად ქალაქად თჳსად. ხოლო მო-რაჲ-ვიწიენით ტავრომენიას, ვონიფანტე მთავარი და მისთანანი მოგუეგებნეს და სიხარულით შეგჳწყნარეს. და შევედით ეკლესიად და აღვასრულეთ სამწუხროჲ გალობაჲ. და ხვალისა დღე შემოკრბა ყოველი იგი ერი. ხოლო წმიდამან ბაგრატ აღასრულა ქრისტეს საიდუმლოჲ და აზიარა ერსა მას ჴორცი და სისხლი ქრისტესი, უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲ. და ვითარცა განიყარა ერი იგი, მოუწო [313v]და მთავარსა თჳსსაგან და ჰრქუა მას: „რომელსა-ეგე გეტყჳ, შვილო, ჟამისად ნუვის აუწყებ, ნუუკუე შეშინდეს ერი ესე, რამეთუ ეშმაკსა განუმზადებია განსაცდელი ქალაქსა ამას ზედა. არამედ უფალმან განაქარვნეს ზრახვანი მისნი, რამეთუ შესრულ არს იგი გულსა აკჳლიანესსა, რაჲთა ყოს ბრძოლაჲ თქუენდა მომართ ძიებად სისხლისა პირველისა მის აკჳლიანესსა, რომელ-იგი მოკლა ტავრო, რომელი-იგი წერილ არს წიგნსა შინა მატიანთასა ქალაქისა ამის, რომელ ოდესმე ამომიკითხე. და უკუეთუ გნებავს, კუალად წარვიკითხოთ იგი, რაჲთა სცნა, თუ რომლისა მიზეზისათჳს ახალი ესე აკჳლიანე განიზრახავს ბრძოლად თქუენდა.“ მაშინ ბრძანა მთავარმან მოღებაჲ მისი მეგანძურთა უხუცესსა და წარკითხვად წიგნი იგი მატიანეთაჲ, რომელსა შინა ეწერნეს საქმენი პირველთა ნათესავთანი. და მო-რაჲ-იღეს იგი, ვძებნეთ და ვპოეთ ტავროჲს და მენიაჲს და რემინდოჲსთჳს და აკჳლიანე მეფისა კალავრისა. და მიბრძანა მე დიდმან ბაგრატ კითხვად, რამეთუ ვიყვენით მე ხოლო და მთავარი ნეტარისა მის თანა. და აღმოვიკითხე, სადა-იგი წერილ იყო ესრეთ: „რემინდოს და აკჳლიანე მეფენი იყვნეს მახლობელ ურთიერთას. და აქუნდა რემინდოს ზღჳთგან ადრიაჲსაჲთ და ვითარცა შთავალს რიგს ქუეყანამდე, [314r] რომელსა ეწოდების მთაჲ პელორი, და ძული იგი კასტორ და ტრაფეკი და წყალი იგი როჲკოჲსაჲ და ზღჳსპირამდე სალინოჲსა. ესე ყოველი აქუნდა რემინდოს. ხოლო აკჳლიანეს აქუნდა მასცა ქუეყანაჲ ფრიადი და ერი დიდი და ქალაქნი ძლიერნი მისვე ზღჳსპირისაგან სალინოჲსა ვიდრე მთათამდე ხერხოვანთა და ქალაქამდე ტარანტოჲსა და კონქილე მდინარემდე. ხოლო რემინდოს უმცირე იყო ძალითა აკჳლიანესსა, ვიდრეღა ხარკსაცა მისცემდა მას წლითი-წლად. არამედ აკჳლიანე განიზრახვიდა, რაჲთა სრულიად განიოტოს იგი და ქუეყანანი მისნი აღიხუნეს და ცოლიცა მისი მენია, რამეთუ იყო იგი ფრიად ქმნულკეთილ, და იყო რემინდოს ნათესავთაგან ჩრდილოჲსათა მწითურთა. ხოლო მენია მაკედონელ და ზეცისა განგებულებასა ხადოდა, რამეთუ ესე ყოველნი პირველ ქრისტეს ქუეყანად მოსლვისა იყვნეს. იწყო უკუე აკჳლიანე ზედაჲს-ზედა ბრძოლისა ყოფად რემინდოჲს მიმართ. ხოლო თესლტომი ტავროჲსი ესრეთ იყო: ესე ტავრო, ძლიერი ძალითა, ნათესავით ქანანელი იყო და მასვე ქუეყანასა ქამისსა იშვა. ტომისაგან იყო ნებროთისსა, რომლისათჳს დაბადებასა შინა წერილ არს: მეათედი ნათესავი იყო ტავროს ნებროთისგან გმირისა. აღვიდეს უკუე მტერობანი ასურეთით და დაიპყრეს ერთი ქალაქთაგან ქამისთა. და წარტყუენეს იგი და ტყუჱ იგი მოიყვანეს [314v] ასურეთად. და იყო ტყუეთა მათ შორის ტავროსცა დედითურთ თჳსით, ვითარ ათხუთმეტის წლის ოდენ. და იწყეს რაჲ ნატყუენავისა მის განყოფად, იხილა განმყოფელმან მან ნატყუენავისამან ყრმაჲ იგი, რამეთუ შუენიერ იყო. დამალა იგი დედითურთ მისით მონათა თჳსთა თანა. ხოლო მენავეთმოძღუარი ვინმე ჰრომით იყოფოდა და მაშინ ასურეთს ვაჭრობდა. მისცა ოცდაათი დრაჰკანი ქანდაკებული კაცსა მას და იყიდა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი. და შევიდოდა რაჲ ჰრომედ, მოჴდა ქარი სამხრით კერძო მძაფრი. და არა მიუშუა ჰრომედ მისლვაჲ, არამედ ჭირით რიგისა წიაღსა შევიდა. ცნა რემენდოს მისლვაჲ მუნ ესევითარისა დიდისა ნავისაჲ და შთავიდა ხილვად მისა. და პოვა ყრმაჲ იგი ტავროს, ვიდოდა რაჲ ნავისა ფრთესა ზედა. და სთნდა მისი იგი სიმკჳრცხლჱ. გამოვიდა მენავეთმოძღუარი და თაყუანის ცა მას. ჰკითხა რემინდოს: „ვინაჲ მოხუალ, ანუ რაჲ გიტჳრთავს?“ მიუგო მენავეთმოძღუარმან და ჰრქუა: „ასურეთს აღვაგე ნავი ჩემი თითოფერითა სავაჭროჲთა და ჰრომედ შთავალ.“ ჰკითხა კუალად ყრმისა მისთჳს: „ვისი არს ყრმაჲ ესე?“ მიუგო მენავეთმოძღუარმან: „უფალო, მე, მონამან შენმან, ვიყიდე ეგე.“ მაშინ რემინდოს მისცა სამეოცი დრაჰკანი და იყი [315r]და ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი. და სხუაჲ როჭიკი ფრიადი მენავეთმოძღუარსა მას უბოძა და ესრეთ წარგზავნა თჳსად ქალაქად ჰრომედ. წარიყვანა უკუე რემინდოს ტავრო და დედაჲ თჳსი ქალაქად მისად სალინოდ. იხილა რაჲ ცოლმან რემინდოჲსმან, სთნდა ფრიად სიკეთეჱ ტავროჲსი. იყო მაშინ ცოლი იგი რემინდოჲსი, მენია, ათრვამეტისა წლისაჲ, დედაკაცი გონიერი და ბრძენი. იხილა რაჲ დედაჲ ტა[ვ]როჲსი, შეშურდა, ნუუკუე ქმარმან მისმან შეიყუაროს იგი. მისცა წამალი სასიკუდინჱ და მოკლა იგი. იხილა რაჲ ტავროს სიკუდილი დედისა თჳსისაჲ, მწუხარებისაგან დასნეულდა იგი, ვიდრეღა იტყოდეს ყოველნი, თუ: „მოკუდებისო.“ და შეწუხნა მისთჳს რემინდოს ფრიად. ხოლო მენია მიაწვინა იგი ცხედარსა ზედა, კეთილად დაგებულსა, და ყოვლით კერძო ნუგეშინის სცემდა და ეტყოდა: „ნუ მწუხარე ხარ, ყრმაო, რამეთუ, დაღაცათუ დედაჲ შენი მოკუდა, არამედ მე ვიყო შენდა მის წილ დედად.“ ესრეთ მრავალ სახედ შეიტკბობდა და ნუგეშინის ცემდა მას, ვიდრემდის დაივიწყა მან დედაჲ თჳსი და შეეყო გულითა სიყუარულსა დედოფლისა თჳსისასა. და ითხოვა ჭამადი, ხოლო მენია თითო ფერთა სანოაგეთა მისცემდა, ვიდრეღა განაძლიერა და აღადგინა სნეულებისა მისგან. იხილა რაჲ რე [315v]მინდოს სიმჴნჱ ყრმისაჲ მის, მისცა სწავლად ცხენოსნობისა და ყოვლისავე სამჴედროჲსა საქმისა. და წარ-რაჲ-ჴდა ხუთი წელი, იქმნა ტავროს კაცი გრძელი და ძლიერი ფრიად. და იცოდა თითო სახჱ წესი ბრძოლისაჲ: მოისრობაჲ და ქვისა ტყორცებაჲ, ჰოროლი და ლახუარი და ბრძოლაჲ ჴრმლითა კეთილად. და იტყჳნ რემინდოს მარადის, ვითარმედ: „დიდი განმარჯუებაჲ იქმნა ჩემი მოგებაჲ ამის ყრმისაჲ.“ ვიდრეღა აკჳლიანესცა ესმოდა ახოვნებაჲ ტავროჲსი და უკჳრდა, რამეთუ მშჳლდსა მისსა სხუაჲ ვერვინ შემძლებელ იყო გარდაცუმად. და ტჳრთი, რომელი სხუათა ძლით იტჳრთიან ბეჭთა ზედა, მან ერთითა ჴელითა წარიღის. და იყო გონიერცა ფრიად და ღონის მომპოვნებელ, რამეთუ შე-რაჲ-კრბიან მოყუასნი მისნი სუმად და განცხრომად, ვერცავინ ძალითა სწორავნ, ვერცავინ იგავთა მისთა უძლის აჴსნად განცხრომასა მათსა შინა. იტყოდიან რაჲ ურთიერთას იგავით და დღესა ერთსა შინა განსცხრებოდეს რაჲ ზღჳსპირსა, შეკრბა მუნ ნახირი ზროხათაჲ, რომელთა შორის იყვნეს კურონი დიდნი და ფიცხელნი, რომელთა ვერვინ იკადრებდა მიახლებად. მაშინ უპყრა ტავროს ერთსა კუროსა, ყოველთა უდიდესსა და უფიცხლესსა, და სცა და შეკრა და დამოიკიდა ერთითა ჴელითა. ამას [316r] ზედა ყოველნი განკჳრდეს სიმჴნესა ტავროჲსსა. და ამას ყოველსა ზედა არა შეერეოდა ყოვლადვე საქმეთა ბილწთა, არცა საწოლი დედაკაცისაჲ იცოდა, რამეთუ ესმოდა ბრძენთაგან, ვითარმედ სიძვაჲ დამჴსნელი არს ძალისაჲ და ახოვნებისა მავნებელ. ხოლო მათ დღეთა შინა მოვიდა აკჳლიანე ერითა დიდითა მოოჴრებად ქუეყანათა რემინდოჲსთა და უფლებად ქალაქთა მისთა და მისაცა შეპყრობად. განვიდა რემინდოსცა წინაგანყოფად მისდა ერითა უმცირესითა. და იყო ტავროსცა მის თანა. და იყო რაჲ ბრძოლაჲ ძლიერი, მიუქცია ტავროს ერთ კერძო რემინდოჲსსა ცემად ვისამე მბრძოლთაგანისა და მოქცევასა მას მისსა მოიკლა რემინდოს. ხოლო მო-რაჲ-იქცა და პოვა უფალი თჳსი მოკლული და ყოველნი მისთანანი მოკლულნი და ზოგნი მეოტნი, აღიქუა ცხენსა ზედა უფალი თჳსი და ივლტოდა იგიცა წარღებად გუამისა მის ქალაქად. და ეწეოდეს რაჲ მდევარნი, იგი მოიქცის და ჰბრძავნ. და მოქცევასა მას შინა მოკლა, ვითარ ერგასის კაც ოდენ. იხილეს რაჲ სხუათა, შეშინდეს იგინი და არღარა დევნა უყვეს. წარვიდა იგი და აუწყა მენიას სიკუდილი ქმრისა მისისაჲ. ხოლო მას ესმა რაჲ, დაიპო სამოსელი თჳსი და დაისხა ნაცარი თავსა თჳსსა და იგლოვდა იგი ქმრისა თჳსისათჳს. [316v] შემდგომად დღეთა რავდენთამე ჰრქუა ტავრო მენიას: „ჵ, დედოფალო ჩემო, რასა ესრეთ იგლოვ, ნუგეშინის ეც თავსა შენსა. და ვითარცა-იგი ოდესმე მარქუ მე, ვითარმედ მე ვიყო შენდა დედისა წილ შენისა, და ნუგეშინის მეც, აწ უკუეთუ გნებავს და შემიყუარო მე ქმრისა წილ შენისა, რამეთუ მე ჭაბუკ ვარ და იგი ბერ იყო, ვიძიო სისხლი მისი. აწ უკუე მომეც მე სამოსელი იგი მისი: ოქროქსოილი და ფარი მისი ოქროქანდაკებული და მახჳლი მისი ოქროშეჭედილი, და წარვიდე.“ გამოიღო მენია და მისცა მას ყოველივე და ჰრქუა: „წარვედ და უკუეთუ იძიო სისხლი ქმრისა ჩემისაჲ, შენ იყო ქმარ ჩემდა.“ შეიმოსა მან სამკაული იგი და განვიდა და შეკრიბა, ვითარ ექუს ათას კაც ოდენ, და ჰრქუა მათ: „მოვედით, წარვიდეთ ბრძოლად აკჳლიანესა.“ მიუგეს და ჰრქუეს მათ: „ვითარ წარვიდეთ ექუს ათასნი ბრძოლად ოთხმეოცისა ათასისა?“ ჰრქუა მათ: „შემომიდეგით მე, რამეთუ იგინი აწ უზრუნველ ქმნულ არიან, ვინაჲთგან უფალი ჩუენი მოიკლა. და დავესხნეთ მათ და მოვსწყჳდნეთ, უკუეთუ მერჩდეთ მე.“ წარვიდეს კაცნი იგი მის თანა. და ჰრქუა მათ ტავროს: „განიყვენით სამ ათასნი ერთ კერძო და სამ ათასნი ერთ კერძო და მე საშუალ მხოლოჲ წარვიდე მსტოვრად და ვცნა, თუ რასა იქმან იგინი.“ [317r] წარვიდა ტავროჲ და პოვნა ექუსნი მცველნი გზისანი, სადა-იგი ლაშქარსა დაებანაკა. ზედა მიუჴდა მათ და სამნი იგი მოკლნა და სამნი შეკრნა. და მოიყვანნა სხუათა მათ მოყუასთა მომართ. ამას ზედა იგინიცა ნუგეშინისცემულ იქმნნეს და ცნეს კაცთა მათგან, ვითარმედ ყოველნი მთრვალნი არიან და არა ჰქონან სხუანი გზათა მცველნი, გარნა ჩუენ. ხოლო მაშინ სამთა მათ კაცთა თავები წარჰკუეთეს და წარვიდეს სამ ათასნი მარცხლ და სამ (ა)თასნი მარჯულ და შორის მათსა - ტავროს. დაესხნეს მათ ზედა და ჴმაყო ტავროს, ვითარცა ლომი რაჲ იზახინ. და განჰკრთა ერი იგი. მაშინ დაესხნეს ექუს ათასნი იგი და მოსწყჳდეს ორმეოც ათასი მბრძოლთაგან აკჳლიანესთა. ხოლო აკჳლიანე ივლტოდა სხუათა მათ თანა და შევიდა მელოდონ ქალაქად. მოიქცა ტავრო და მისთანანი სიხარულით. და ყოველნი შეასხმიდეს ტავროს და იტყოდეს: „ღირს არს ესე მთავრად ჩუენ ზედა.“ მივიდეს მენიაჲსსა და ჰრქუეს: „დედოფალო, ჩუენ ყოველნი მონანი ვართ ტავროჲსნი, რომელმან წარგჳძღუა წყობასა ამას და განმარჯუებაჲ ესე დიდი ქმნა. აწ უკუე შენცა ცოლ ეყავ მას და იყოს იგი, ვითარცა რემინდოს, უფალ ჩუენდა.“ მაშინ შეკრბა ერი იგი და ყვეს ქორწილი. და მისცეს ტავროს მენია ცოლად და ყოველი სიმდიდრჱ მისი. და მაშინღა იცნა ტავრო საწოლი დედაკაცისაჲ. და კმა ეყო მას [317v] მენია და არა ინება სხჳსა დედაკაცისა მიახლებად. ესრეთ იქმნა ტავროჲს და მენიაჲს შეყოფაჲ და დაივიწყა რემინდოს მენია. მაშინ აღიღო ტავროს ერი თჳსი და ყოველი მონაგები და ცოლი თჳსი მენია და განვიდა სიკილიად, რამეთუ იყო ქუეყანაჲ იგი კეთილ. და პოვა ადგილი ესე და აღაშენა ქალაქი ესე, რომელსაცა უწოდა ტავრომენია სახელსა ზედა თჳსსა და ცოლისა თჳსისასა. და ყოველი იგი ქუეყანაჲ სიკილისაჲ დაიმორჩილა. ხოლო მენიას ჰყვა მისანი ჴელოვანი, რომელმან უპოვა მას ჴელოვნებაჲ ოქროჲს გამოდნობისაჲ, რომელსა ეწოდების ქიმიაჲ. და ქმნა ოქროჲ ფრიადი და ვეცხლი და რვალი, რკინაჲ და კალაჲ და ბრპენი ურიცხჳ. და ესრეთ განამდიდრეს ქალაქი მათი და ყოველი ერი თჳსი. ესმოდა ესე ყოველი აკჳლიანეს, ვითარმედ ტავრო ქალაქი დიდი და ძლიერი აღაშენა და სიმდიდრჱ ფრიადი მოიგო და ჴელოვნებაჲ ქიმიაჲსაჲ მოიპოვა. იწყლა გული მისი და ერისა კრება ყო, ვითარ ექუსასი ათასი მბრძოლი. და წიაღვლო სიკილიად და დაფარნა ველნი სიმრავლემან ერისა მისისამან. და დაიზახნეს ერთბამად ყოვლითა ჴმითა სასტიკითა. ესმა რაჲ ერსა ტავროჲსსა, განჰკრთა გული მათი ზახილისა მისგან. შეკრიბნა ტავრო ყოველნივე და ეტყოდა: „ნუ გეშინინ, რამეთუ ვერაჲ გუავნოს ჩუენ აკჳლიანე.“ და მეყსეულად აღჴდა ადგილსა [318r] მაღალსა და დაიზახნა, ვითარცა ჴმაჲ ერისა მრავლისაჲ: „აქა ვარ მე, ტავროს, და არა მეშინის მე შენგან, აკჳლიანე.“ ხოლო ერი იგი ტავროჲსი მცირედ იყო, ვითარ სამეოცდაათიოდენ ათასი, და იტყოდეს ურთიერთას, ვითარ: „ვჰბრძოდით ჩუენ ესოდენსა ერსა და მოვსწყდეთ, ვითარცა რემინდოჲსზე. მოვედით და მოვკლათ ტავრო. და მივსცეთ მენია და ქალაქი ესე აკჳლიანეს და იყოს ერთ სამეფო კალავრიაჲ და სიკილიაჲ.“ ცნა ტავროს ზრახვაჲ მათი, მიხედა მათ თუალითა მკსინვარითა და ჰრქუა: „რაჲ-ეგე განიზრახეთ, კაცნო უგულონო და ორგულნო, მოვედით, წინა განვეწყვნეთ მათ და მე პირველ შევიდე ბრძოლად. უკუეთუ ვიძლიო, მერმე ქმენით, რაჲ-ეგე განიზრახეთ.“ უვარყვეს მათ სიტყუაჲ ესე და ჰრქუეს: „შენ თანა მოვსწყდეთ ჩუენ.“ და განეწყვნეს რაჲ ორნივე იგი ბანაკნი, მიუვლინა ტავრო აკჳლიანეს: „შენ ხარ აკჳლიანე, სახელოვანი ახოვნებითა, და მე ვარ ტავრო, ყრმაჲ შეურაცხი. და ერი ესე ჩემი წადიერ არს მონებად შენდა და ყოვლისა სიმდიდრისა ჩემისა მოცემად. აწ რად საჴმარ არს შენდა ბრძოლად და მოწყუედად ერისა განმზადებულისა მონებად შენდა? გამოედ და მებრძოლე დიდი ეგე აკჳლიანეჱ მცირესა ამას ტავროს ველსა ზედა და მომკალ მე. და მიერითგან შენი არს ყოველივე და მენიაცა, ცოლი ჩემი.“ ესმა ესე აკჳლიანეს და მიუგო მან ესრეთ: „ტავროს, [318v] მონაო რემინდოჲსაო, მოხარკისა მის ჩემისაო, სათნო არს ჩემდა სიტყუაჲ შენი. განვიდეთ ველად და უკუეთუ მძლე მექმნა მე, შენდა იყავნ ყოველი სამეფოჲ ჩემი!” ხოლო გან-რაჲ-ვიდეს შემთხუევად ურთიერთას, მოდრკა ტავროს ეტლისაგან და აღიღო ქვაჲ, რომლისა სიმძიმჱ იყო ოცდაოთხ ლიტრა. განსტყორცა იგი და სცა მკერდსა აკჳლიანესსა და შემუსრა იგი და მირბიოდა, უპყრა მას და წარჰკუეთა თავი. ესე რაჲ იხილეს ერთა აკჳლიანესთა, ზარი დაეცა. მაშინ დაიზახნა ტავროს და ჰრქუა ერსა თჳსსა: „მოსწყჳდენით კაცნი ეგე მოსისხლენი, რამეთუ დღეს ზეგარდამო განგებამან ბედი კეთილი მოგუცა ჩუენ.“ შეერინეს სამეოცდაათი იგი ათასი ტავროჲსი და მოსწყჳდეს ხუთას ერგასისი ათასი. რომელნიმე მახჳლითა მოსწყჳდნეს, სხუანი ზღუასა შთაცჳვეს, სხუანი მთასა ეტნისასა აღვიდეს და სოფლიოთაგან მოისრნეს. და ეუფლა ტავრო ყოველთა. და ქებაჲ ყოველთა შეასხეს და პორფირი და გჳრგჳნი აკჳლიანესი შეჰმოსეს მას. ხოლო მან წიაღვლო და ქალაქნი აკჳლიანესნი წარმოტყუენნა და სიმდიდრე მისი წარიღო. და იქმნა მეფე ყოვლისა მის ქუეყანისა, მსგავსებისაებრ ნებროთისა, რამეთუ იყო ხილვით საშინელ, ჰასაკითა გრძელ, მკლავითა ძლიერ, ვითარცა ლომი, ფერჴითა მალჱ, ვითარცა ქურციკი. მშჳლდი მისი არს ვიდრე მოაქამდე და ვერვინ სადა გარდააცუა და ჰოროლი [319r] მისი, ვითარცა დირჱ სახლისა დიდისაჲ, და ფარი მისი ოთხ მჴარ. და სარტყელსა მისსა ვერვის ეძლო ზე აღღებად. და იქმნა იგი მჴნე ბრძოლასა, რომელ ვერსადა ვინ წინააღუდგებოდა მას: ნათესავი, ანუ მეუფებაჲ, ვიდრეცა მიიწია და ქალაქნი ძლიერნი აღაშენნა. ხოლო მენია უქმნა მას საყდა(რი) ოქროჲსაჲ, თუალითა ანთრაკითა და ზამარაღდითა შემკობილი. და ყოველნი გარემო ქუეყანანი ხარკსა მისცემდეს. აქამდინ არს სიტყუაჲ ტავროჲსთჳს.“ ესე ყოველი რაჲ ესმა ნეტარსა ბაგრატს, ჰრქუა ვონიფანტეს: „აწ, შვილო ჩემო, ამის ბრძოლისა, რომელი მაშინ იქმნა, და სისხლისა მის ძიებად განმზადებულ არს ახალი აკჳლიანე, რომელი ესეზომთა ჟამთა შემდგომად აღდგომილ არს თესლისაგან მისისა. არამედ აწ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან არცხჳნოს მას, რამეთუ ესე ყოველი ღონჱ არს ეშმაკისაჲ.“ მაშინ შეკრიბა აკჳლიანე ექუსასი ათასი, ვითარცა პირველმან აკჳლიანე, და წიაღვლო ბრძოლად ტავრომენისა. და, აჰა ესერა, აღივსნეს ველნი იგი ერითა. ხოლო იპოვა მაშინ ქალაქსა მას შინა მჴედარი, ვითარ ორმეოცი ათასი. და დაეცა მათ შიში სიმრავლისა მისთჳს ერისა მის. ესმა რაჲ ესე ნეტარსა ბაგრატს, განვიდა და იხილა სიმრავლჱ ერისაჲ მის. ილოცვიდა და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტო, იჴსენ ერი შენი მბრძოლთა ამათგან და განარინე სამწყსოჲ შენი, [319v] რომელი მოიყიდე პატიოსნითა სისხლითა შენითა.“ და ხვალისა დღე გარე მოადგა ერი იგი ქალაქსა და იწყეს ბრძოლად თითო სახითა ბრძოლითა. და შეაიწრეს ერი იგი ქალაქისაჲ, ვიდრეღა სრულიად სასოებაჲ წარჰკუეთეს. და სიტყუათა დრტჳნვისათა წმიდისა ბაგრატისთჳს და ვონიფანტესთჳს მთავრისა იტყოდეს. ხოლო მთავარი ეტყოდა მათ: „ნუ სულმოკლე იქმნებით, ძმანო, ესერა, მცირედ დღე შეკრბენ გარემო სოფლებისა მჴედარნი ჩუენნი და წინა განვეწყვნეთ მათ!“ მივიდა წმიდისა ბაგრატისსაცა და ჰრქუა: „მამაო წმიდაო, ლოცვითა შეგუეწიე ჩუენ, რამეთუ ერი ესე მოუძლურებულ არს.“ მიუგო წმიდამან ბაგრატ და ჰრქუა მას: „ესე ამისთჳს იქმნა, შვილნო, რაჲთა არა თქუან, თუ ძალითა და მკლავითა ჩუენითა ვიოტენით მტერნი ჩუენნი. აწ უკუე წარვედ და ესრეთ არქუ ერსა: „ესრეთ იტყჳს ბაგრატ, შვილნო ჩემნო და მონანო ქრისტესნო, ნუ გეშინიან მტერთაგან, რამეთუ მჴედარნი ხართ დიდისა მეუფისანი. და რამეთუ დამაშურალ ხართ, წარვედინ კაცად-კაცადი საყოფელად თჳსად და განისუენენ. და თქუენ წილ ებრძოლოს მტერთა თქუენთა მეუფჱ ქრისტე ღმერთი ჩუენი. ნუცავინ უკუე ქვასა სტყორცებს, ნუცა მშჳლდსა გარდააცუამს, ნუცა ლახუარსა აღიღებს, ნუცა მახჳლსა გამოიღებს!“ წარვიდა და მიუთხრა [320r] მთავარმან სიტყუაჲ ესე ერსა მას. და იტყოდეს იგი: „ბრძოლასა შინა ვართ დიდსა და, ესერა, ერსა ზღუდეთაგან ვერ გარდავასხამთ. და ვითარ მეტყჳ შენ, თუ: „წარვედით, განისუენეთ!“ ნუუკუე გნებავს შენცა და მასცა, რაჲთა მბრძოლთა მიეცეს ქალაქი ესე.“ ძლით უკუე დაარწმუნა ერსა მას და წარავლინნა სახედ თჳსად. და არავინ დაშთა ზღუდეთა ზედა. და მოვიდა და ჰრქუა ნეტარსა ბაგრატს: „ესერა, სიტყჳსაებრ შენისა, მამაო, განვასხენ ყოველნი ზღუდეთაგან და მბრძოლნი ძრიელად ებრძვიან შემოსლვად. აწ უკუე რაჲცა გეგულების, იქმოდე!“ მაშინ ნეტარი იგი შეიმოსა სამღდელოჲთა სამოსლითა და მიიღო ჴელთა პატიოსანი ჯუარი. და მე მომცა ხატი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და დიაკონსა ტატიანეს - ხატი წმიდისა მოციქულისა პეტრესი და თქუა: „წარვიდეთ წინაგანწყობად მტერთა!“ წარვედით უკუე და აღვედით გოდოლსა მაღალსა, სადა-იგი დაებანაკა მბრძოლთა მათ. და შეზღუდა ჯუარითა ქალაქი იგი ნეტარმან მან აღმოსავალით, დასავალით, ჩრდილოჲთ და სამხრით. და აღიპყრა ჯუარი აღმოსავალით და თქუა: „აღადგინე ძალი შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, და ნუ დაივიწყებ ჴმასა მლოცველთასა, მეუფეო ყოველთაო, სიტყუაო ღმრთისაო [320v] და ძეო მხოლოდშობილო მამისაო, ნათელო ნათლისაგან, ღმერთო ჭეშმარიტო ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილო და არა ქმნულო, გევედრები, რომელმან იჴსნა გლახაკი ჴელთაგან ძლიერთა, ნუმცა წარიტაცებს ქალაქსა ამას წინააღმდგომი, ნუცა შეუნდობ წარტყუენვად ამას ეშმაკისა მიერ. არამედ აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ. აღიღე მახჳლი შენი მდევართა ჩუენთათჳს და დააყენენ იგინი ჩუენგან. უჩუენე მათ, უფალო, დიდებაჲ შენი და ძალი უძლეველი ცხოველსმყოფელისა ჯუარისა შენისა მიერ და პატიოსნისა ხატისა მიერ, რომელნი მოგუცენ ჩუენ საჭურველად. და ყავ მშჳდობაჲ სამწყსოსა ამას შენსა. და განდევნე მათგან ყოველი უგულისჴმოებაჲ და დაჰნერგე შენი მეცნიერებაჲ, რამეთუ დიდებულ ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“ და აღასრულა რაჲ ლოცვაჲ იგი, აღიპყრა მაღლად წმიდაჲ იგი ჯუარი. და ჩუენ გჳბრძანა ამაღლებაჲ ხატთა მათ პატიოსანთაჲ, რამეთუ ვდეგ მე მარჯუენით მისა და დიაკონი ტატიანე - მარცხენით მისა. მეყსეულად მიეფინა წინააღმდგომთა მათ ბნელი და იწყეს ურთიერთას ბრძოლად და მოწყუედად. და იხილა რაჲ წმიდამან ბაგრატ, რამეთუ ურთიერთას მოსწყუედდეს, მოიდრიკნა მუჴლნი და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, განახუენ გულნი მათნი, რაჲთა ცნან, ვითარმედ ჴელი შენი არს ესე.“ და ესე რაჲ ილოცა, ცნეს მტერთა მათ, ვითარმედ ურთიერთას მოსწყუედდეს და ივ [321r]ლტოდეს გოდებით ქალაქისაგან. და ესმა ამბოხებაჲ იგი ქალაქისათა და ჰგონებდეს, თუ მბრძოლნი იგი შემოვიდეს ქალაქად. აღვიდეს ზღუდეთა და იხილეს, ვითარ-იგი ჴოცდეს ურთიერთას. განცჳბრდეს საკჳრველებითა და ადიდებდეს ქრისტესა. განიყვნეს ურთიერთას ერისა მისგან მბრძოლთაჲსა, ვითარ ოთხასი ოდენ კაცი. დაყარეს საჭურველი თჳსი, მოვიდეს ბჭეთა თანა ქალაქისათა, ჴმობდეს: „შეგჳწყალენით ჩუენ, კაცნო, მონანო დიდისა ღმრთისანო!“ ბრძანა ნეტარმან ბაგრატ განღებაჲ ბჭეთა და შეწყნარებად მათდა. და შემოვიდეს რაჲ, შეუვრდეს წმიდასა ბაგრატს და ეტყოდეს: „შეგჳწყალენ, დიდო ღმერთო ტავრომენელთაო!“ ჰრქუა მათ წმიდამან ბაგრატ: „მე, შვილნო, არა ვარ ღმერთი, არამედ მონაჲ უფლისა ჩუენისაჲ იესუ ქრისტესი და მისსა სახელსა ვქადაგებ.“ და იწყო სწავლად მათდა წმიდათა წერილთაგან და ყვნა ქრისტეანე. და ნათელსცა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და სხუანი იგი ყოველნივე - რომელნიმე ურთიერთას მახჳლითა მოსწყდეს და მცირედნი დაშთეს და განიბნინეს თჳსთავე ქუეყანათა. რამეთუ იტყოდეს კაცნი იგი, ვითარმედ: „სამთა მზეთა ვხედევდით ზღუდეთა ზედა, რომელთა ხილვითა დავბრმდით და ვიწყეთ ურთიერთას ცემად და ბრძოლად. მაშინ წმიდამან ბაგრატ უჩუენა წმიდაჲ იგი ჯუარი და ხატნი პატიოს(ა)ნნი და ჰრქუა მათ: „ესე არიან, შვილნო, სამნი იგი [321v] მზენი, რომელთა ხედევდით თქუენ.“ მაშინ ყოველნი განკჳრვებულნი ადიდებდეს ღმერთსა. და ასწავა მათ ყოველი წესი ქრისტეანობისაჲ და წარავლინნა მშჳდობით ქუეყანად თჳსად. ხოლო აკურთხნა ხუცესნი და წარავლინნა კალავრიას. და ქადაგებდეს სახ(ე)ლსა ქრისტესსა. და იქმნა ნეტარი იგი მიერითგან მოძღუარ კალავრიისაცა, ვიდრემდის წმიდაჲ მოციქული პეტრე წარჰვლიდა რაბენს. და აკურთხა მან სტეფანე ეპისკოპოსად და წარავლინა რიგს კალავრიისასა. ესე ყოველი რაჲ იქმნა მადლითა ღმრთისაჲთა, წარმავლინა მე ნეტარმან ბაგრატ სჳრაკუსედ წმიდისა მარკიანესსა, რაჲთა ვაუწყო ყოველი იგი, რომელი ქმნა მადლმან ქრისტესმან. და მივედი რაჲ და მიუთხარ ყოველივე დიდსა მარკიანეს, აღიპყრნა ჴელნი და ჰმადლობდა უფალსა უფროჲსად, რომელ-იგი კალავრიასცა წარავლინნა ხუცესნი წმიდამან ბაგრატ. და მითხრა მე დიდმან მარკიანე ნეტარისა ონისიფორესთჳსცა, ვითარმედ: „კეთილად წარუმართა მას ღმერთმან. და ვაკურთხე ეკლესიაჲ, მის მიერ აღშენებული, და ხუცესნი ათორმეტნი. და იგი არს მას ყოველსა ზედა მოძღუარ.“ ესე ყოველი მაუწყა და ლოცვით წარმგზავნა. ხოლო მი-რაჲ-ვედ და უთხარ ნეტარსა ბაგრატს ყოველნი სიტყუანი წმიდისა მარკიანესნი, აღიპყრნა ჴელნი და მადლი შეწირა უფლისა იესუ ქრისტესა. ხოლო ნეტარსა მაქსიმინოსს, რომელი-იგი ეპისკოპოსი იყო ქუეყანისა მის, ვინაჲ-იგი გამოვიდა წმიდაჲ ბაგრატ, რომელსა მიუ [322r]თუალნა მოციქულმან პეტრე ყოველნი სახლეულნი ბაგრატისნი და ყოველი მონაგები და ეკლესიაჲ, რომელი სახლსა მისა აღაშენა, ესმნეს ყოველნი იგი საკჳრველებანი, რომელნი ქმნა მის მიერ ღმერთმან. აღაგნა ორნი ნავნი ზეთითა წმიდითა და საკუმეველითა სურნელითა და მონათაგან ბაგრატისთა მღდელობასა ღირსქმნულნი კაცნი საღმრთონი წარმოავლინნა სიკილიად მოკითხვად წმიდისა მის. და მო-რაჲ-ვიდეს, იხილეს იგი და სავსენი ცრემლითა და სიხარულითა მოეხჳნეს ფერჴთა მისთა. ხოლო მან აღადგინნა იგინი და მოწლედ მოიკითხნა. და მრავალი დღე განუსუენა მათ. და კუალად აღაგნა ნავნი მათნი ყოვლითა კეთილითა და წარ(ა)ვლინნა ნეტარისა მაქსიმინესსა. და მიუწერა მოკითხვაჲ და ყოველივე, რავდენი ქმნა მის თანა უფალმან და ვითარ განუღო კარი ქადაგებისაჲ, აუწყა მას. წარვიდეს მივლინებულნი იგი და ყოველივე ესე მიუთხრეს მაქსიმინეს ებისკოპოსსა და სხუათა მათ მოყუასთა თჳსთა უფლისა მათისა ბაგრატისთჳს. და ყოველნი აღივსნეს სიხარულითა და ჰმადლობდეს უფალსა, რომელმან ესრეთ წარუმართა მას. ესე არიან საქმენი და სასწაულნი ნეტარისა ბაგრატისნი. ხოლო აწ მოწევნულ არს ჟამი, საყუარელნო, მითხრობად აღსრულებასაცა მისსა, ვითარ იქმნა და ვითარ მიიცვალა საწუთროჲსა ამისგან ცხორებად საუკუნოდ. დღესა ერთსა შევედით ეკლესიად და ყო ლოცვაჲ [322v] და დავსხედით. მაშინ იწყო სიტყუად ჩემდა მომართ და მრქუა მე: „შვილო ევაგრე, უწყი პირველითგან ზრდილობაჲ ჩემი, ვინაჲთგან მშობელნი ჩემნი აღესრულნეს და ვიყოფებოდე გოდოლსა მას. და მერმე მოვიდა წმიდაჲ მოციქული პეტრე და შეუდეგ მას. და წარმომავლინა ქალაქსა ამას ქადაგებად სიტყუასა ღმრთისასა. და, აჰა ესერა, უფალმან ჩემმან იესუ ქრისტემან ყოველსა ზედა წარმიმართა მე და თჳსითა სახიერებითა ესეოდენნი ბევრეულნი სულნი იჴსნნა ეშმაკისაგან. და უწყი, სახლისა მისგან მამულისა ჩემისა შენ მხოლოჲ გამოგიყვანე. და აწ მადლითა ქრისტესითა იქმენ მამაკაც სრულ და ყოველი წერილი ისწავე და კურთხევაჲ ხუცობისაჲ ჴელთა ჩემთაგან მიიღე და ყოველი წესი ეკლესიისაჲ და კანონი იცი. აწ უკუე მნებავს, რაჲთა შემდგომად აღსრულებისა ჩემისა მიიღო შენ საყდარი ებისკოპოსობისაჲ. და გამცნებ წინაშე ღმრთისა, რომელი ყოველსავე ხედავს, რომლისა წინაშე ყოველი წარდგომად ვართ, რაჲთა ყოველივე წესი, რომელი მიგიღებიეს ჩემგან, დაიმარხო. შიშითა უფლისაჲთა იყოფოდე მარადის, შუებასა და განსუენებასა ნუსადა ეძიებ, ეკლესიისა ზრუნვაჲ ფრიადი გაქუნდინ, ნუვის მიაგებ ბოროტსა ბოროტისა წილ. არამედ ტკბილ იყავ ყოველთა მიმართ და სახიერ და წყალობაჲ უფლისაჲ იყოს შენ თანა. ხოლო შემდგომად აღსრულებისა ჩემისა წარიყვანე ვონიფანტე მთავარი და სხუანი [323r] ღმრთისმოშიშნი კაცნი და წარვედ ჰრომედ წმიდისა მოციქულისა პეტრეს წინაშე. და მან მოგცეს კურთხევაჲ ებისკოპოსობისაჲ, ვითარცა მე მომცა, რამეთუ, ვითარცა მესმა, წარუვლია ასიაჲ ქადაგებითა სიტყჳსა ღმრთისაჲთა და მისრულ არს ჰრომედ. და მო-რაჲ-იქცე მიერ, ნათელეც ვონიფანტეს და ყოველსა ზედა საჴმარ შენდა იქმნას იგი. და მო-თუ-იწიოს სადა შენ ზედა განსაცდელი, ნუ გეშინ(ინ), არამედ ევედრე ღმერთსა და მყის შეგეწიოს შენ. ესერა, შვილო ჩემო, წინაშე ღმრთისა ყოველივე უმჯობესი მიმითხრობიეს შენდა. შენ უკუე კეთილად დაიმარხენ სიტყუანი ჩემნი, რაჲთა გჳრგჳნოსან იქმნე დღესა მას საშინელსა ქრისტეს მიერ, უფლისა ჩუენისა. ერსა ასწავებდი შეკრებად ეკლესიად და წმიდათა საიდუმლოთა შიშით და ძრწოლითმცა ეზიარებიან და ჴსენებასა წმიდათასა აღასრულებდით. ესე ყოველი დაიცევ, რაჲთა იქმნე მნეჱ კეთილი ქრისტესს სამწყსოჲსაჲ. და მადლი მისი და მშჳდობაჲ იყავნ შენ თანა, ამენ!“ ესე ყოველი მესმა რაჲ, აღვივსე ცრემლითა. და მოვეხჳე ფერჴთა მისთა და გული ჩემი მელმოდა ძლიერად. ხოლო მან მრქუა მე: „აღდეგ აწ, წარვედ საქმესა საღმრთოსა და კუალად, ოდეს უფალსა ენებოს, გრქუა შენ, რაჲ ჯერიყოს, რამეთუ მის რომლისამე სანახებისა ხუცესი აღსრულებულ არს. და აწ არს ჟამი მრავალი, ვინაჲთგან არა აღსრულებულ არს მუნ უსისხლოჲ იგი მსხუერპლი. წარიყვანე უკუე შენ თანა [323v] დიაკონი ტატიანე და აღასრულე წმიდაჲ ჟამისწირვაჲ.“ ხოლო ჩუენ მივიღეთ ლოცვაჲ მისი და წარვედით გზასა მას, ვითარცა გჳბრძანა. და მათვე დღეთა შინა წარვიდა ვონიფანტეცა მთავარი გარეშეთა ქუეყანათა საქმისა რაჲსათჳსმე. ხოლო, ვაჲმე, საყუარელნო, ვითარმე უცრემლოდ მიგითხრა მოწევნული განსაცდელი. იყო კაცი ვინმე უკეთური პეტორსა მთავრისასა, სახელით არტაგარ, ქანანელი ნათესავით, ძმაჲ ავრილიანე ქალაქპეტისაჲ და მამის ძმაჲ ურჩულოჲსა ელიდოჲსი. ამან ბოროტმან არტაგარ, მეორემან იუდა, მოკლა წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ბაგრატ. რამეთუ წარვედით რაჲ ჩუენ გარეშე სოფლებსა მას და ვონიფანტე მთავარიცა არა იყო ქალაქსა შინა და იყო ურჩულოჲ იგი არტაგარ, მნჱ პრეტორისაჲ, განიზრახა სხუათა თანა მსგავსთა მისთა. და ჰრქუა მათ: „მოვედით, მოვკლათ ბაგრატ, რომლისა მიერ ღმერთნი ჩუენნი შეურაცხ იქმნნეს და წესნი იგი მამულნი განქარდეს, რამეთუ გრძნებითა თჳსითა მთავარი ჩუენი ქრისტეანე ყო და ყოველი ესე ქალაქი წარწყმიდა. და აწ გჳპოვნიეს ჟამი, რამეთუ არცა მთავარი არს შინა, არცა ევაგრე ხუცესი. მოვკლათ იგი და დავაგდოთ ადგილსა ფარულსა, რაჲთა ყოვლადვე ვერვინ ცნას.“ ესე განიზრახა ურჩულომან, შვილმან ეშმაკისამან, მსგავსთა მისთა თანა. ხოლო ნეტარი ბაგრატ აღასრულებდა [324r] რაჲ ეკლესიასა შინა გალობასა ცხრაჲ ჟ(ა)მისასა, მოვიდა მისა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: „ბაგრატ, ბაგრატ!“ და თქუა მან: „აქა ვარ, უფალო!“ და კუალად ეტყოდა მას ჴმაჲ იგი: „მოვედ, მონაო ბრძენო და სარწმუნოო, მიიღე განსუენებაჲ საუკუნეთა მათ კეთილთაჲ, რომელნი განმზადებულ არიან შენდა.“ ესე ჴმაჲ ესმა ყრმასაცა მუნ მყოფსა, რომელი ჰმსახურებდა მას, რომელმანცა ესე ჩუენ გუაუწყა. ხოლო კრებულმან მან ეშმაკისამან წარავლინეს ერთი მათგანი მოყვანებად წმიდისა მის პრეტორად, რომელი-იგი მივიდა და ჰრქუა მას: „არტაგარ, მნეჱ პრეტორისაჲ, მოგიმცნებს, გევედრები, თავსიდევ აქამდი მოშრომაჲ, რამეთუ სნებითა ფიცხლითა შეპყრობილ ვარ და მნებავს ხილვაჲ შენი.“ ესე რაჲ ესმა მას, შევიდა ეკლესიად. და მყოვარ ჟამ ილოცა და ეზიარა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა და კუართი თჳსი აღიძარცუა. ხოლო ზეწარი ოდენ შეიმოსა და წარვიდა პრეტორად, რომელ არს ტაძარი იგი მთავრისაჲ. და პოვა არაწმიდაჲ იგი კრებული სუმასა შინა და სიმღერასა. დაჯდა იგი კიდე და ჰრქუა მათ: „ნუ ესრეთ, შვილნო, ნუ იმღერით და ჰროკავთ, რამეთუ ესე საქმჱ საეშმაკოჲ არს.“ ხოლო იგინი უმეტესად იმღერდეს და კერპი მცირჱ სკამანდრო, მათისა მის ღმრთისაჲ, მოიღეს საშუალ. და იმღერდეს და თა [324v]ყუანის სცემდეს მას. ჰრქუა მათ წმიდამან: „რასა იქმთ, უბადრუკნო, რად თაყუანის სცემთ ეშმაკსა მაგას?“ ხოლო იგინი შეურაცხჰყოფდეს მას. მაშინ ნეტარმან მან დასწერა ჯუარი. და დაეცა კერპი იგი და შეიმუსრა წურილად. ესე რაჲ იხილეს ბილწთა მათ, დააკუეთეს წმიდაჲ იგი ქუეყანასა და იწყეს ცემად მისა და თრევად. რომელნიმე არგნებითა სცემდეს და რომელნიმე მახჳლითა და რომელნიმე ქვითა. და ესრეთ მრავლითა გუემითა მოკლეს კაცი იგი ღმრთისაჲ, წმიდაჲ ბაგრატ სანატრელი. ხოლო მან ჴმაყო და თქუა: „უფალო იესუ ქრისტე, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა.“ და ესრეთ აღესრულა და მათ თქუეს: „ვიხილოთ, თუ მოვიდეს ქრისტჱ და შეგეწიოს.“ ამისა შემდგომად წარითრიეს წმიდაჲ გუამი მისი და შთააგდეს ნაპრალსა ერთსა კლდისასა, შორს პრეტორისაგან. იხილა ესე ყრმამან ვინმე მორწმუნემან და ჴმაყო: „ჵ, რაჲ ესე უყვეს ურჩულოთა წმიდასა ბაგრატს. ისმინეთ ყოველთა, ისმინეთ, წმიდაჲ ბაგრატ მოკლეს.“ ხოლო მას ჟამსა არავინ იპოვა მას კერძსა. ესმა უკეთურთა მათ ჴმაჲ მისი და დევნა უყვეს, რაჲთა მოკლან იგი. და სივლტოლასა მისსა იპოვა კლდეჱ ერთი და შთაიგდო ყრმამან მან თავი თჳსი კლდესა მას. ხოლო უფალმან იესუ ქრისტემან მოავლინა ანგელოზი თჳსი და ზე იტჳრთა იგი, რაჲთა არაჲ ევნოს, რამეთუ მახლობელ არს უფალი მათდა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით. [325r] წარვიდა ყრმაჲ იგი ზღუდით კერძო და დაიმალა. იყო ჟამი მეხუთეჱ დღისაჲ, ოდეს ნეტარი ბაგრატ მოკლეს. და მეათესა ოდენ ჟამსა მოვიწიენით ჩუენ, ვინაჲ-იგი წარვევლინენით ჩუენ. და ვჰკითხეთ ყრმასა მას, რომელი ჰმსახურებდა: „სადა არს უფალი ჩუენი?“ მომიგო და მრქუა ჩუენ: „არტაგარ, მნემან მან პრეტორისამან, მოავლინა, რაჲთა აღვიდეს მისა, რამეთუ სნეულად არს და არღა მოსრულ არს.“ ხოლო მე ვჰგონებდი, თუ მო-რაჲ-ვიდოდა მიერ, მიუქცია ადგილსა სადამე ფარულსა ლოცვად, რამეთუ მრავალგზის ქმნის ესე. და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა ვონიფანტე მთავარიცა გზისა მისგან, ვინაჲ-იგი წარსრულ იყო. და მოავლინა ერთი მჴედართაგანი წოდებად წმიდისა მის, რაჲთა აღვიდეს და აკურთხოს იგი და ერი მისი. ხოლო მე ვარქუ მჴედარსა მას: „არა უწყი, ძმაო, მეცა აწ ოდენ მოვედ გზით და ვერ ვპოე იგი, არამედ იტყჳან, თუ პრეტორად აღვიდა, გარნა მცირედ სულგრძელ იქმნას მთავარი და მო-რაჲ-ვიდეს, ვარქუა მას აღმოსლვად მისა.“ წარვიდა კაცი იგი და უთხრა ესე მთავარსა. დაჯდა იგი მოლოდებად ნეტარისა მის. ხოლო მე მიმოვიდოდე ადგილთა მათ, სადა-იგი ჩუეულ იყო ლოცვად, და ვერ ვპოე. შევიდა დიაკონი ტატიანე და პოვა კუართი მისი და მრქუა მე: „მო [325v]ვედ და იხილე კუართი მისი, ოდეს სადა წარვიდის იგი ლოცვად თჳნიერ კუართისა?“ ესე რაჲ ვიხილე, მიწყო გულმან ჩქუეფებად. და კუალად განვედ, მიმოვიდოდე და ვეძიებდი. ხოლო სლვასა მას ჩემსა ვიხილე ადგილსა მას, სადა იდვა წმიდაჲ გუამი მისი, ნათელი, ვითარცა ელვაჲ ბრწყინვალჱ, და ვთქუ: „რაჲმე არს ნათელი იგი?“ არა უდებ ვიქმენ, არამედ შევიჭურე თავი ჩემი ჯუარითა, წარვედ და შთავხედენ რაჲ ნაპრალსა კლდისასა, ვიხილე მუნ მდებარეჱ გუამი უფლისა ჩემისა ბაგრატისი, შებღალული სისხლითა, და ჴელნი განემარტნეს. ესე რაჲ ვიხილე, ვიკრჩხიალე გოდებითა მწარითა და ნაცარი დავისხ თავსა ჩემსა. ესმა ესე ვიეთმე და აუწყეს დიაკონსა ტატიანეს და ეპიფანეს. და მორბიოდეს იგინი სხუათა მრავალთა თანა. და აღმოვიქჳთ მიერ წმიდაჲ გუამი მისი. მაშინ მოვეხჳე მას და ტირილითა მწარითა ვეტყოდე: „ვაჲმე, უფალო ჩემო ბაგრატ, რაჲ-ესე შეგემთხჳა შენ? ვინმე ყო საქმჱ ესე ურჩულოჲ, ვინ მოკლა უფალი ჩემი? ვაჲმე, უფალო ჩემო, ოდესღა მესმას ტკბილი იგი ჴმაჲ შენი? ოდესღა მრქუა შენ: „შვილო ევაგრე!“ ვაჲმე, მამაო ღმერთშემოსილო, ესე უწყოდე და ამისთჳს წარმგზავნე მე, რაჲთა არა ვიპოო აქა. უმჯობეჱს იყო ჩემდა შენ თანა სიკუდილი, ვიდრეღა ამის [326r] განსაცდელისა ხილვაჲ.“ ესევითარსა მრავალსა ვგოდებდი მე და სხუანი იგი ძმანი. ესმა ესე მთავარსა და მყის ლამპრებითა მოიწია მუნ. იხილა საქმჱ იგი და იწყო უმეტესადღა ტირილად და დაიპო სამოსელი იგი სამთავროჲ და მიწაჲ გარდაისხა. ხოლო ყოველივე ქალაქი შეიძრა, ესმა რაჲ ესე, და ყოველნივე გოდებდეს. მაშინ შევმურეთ ძლით მრავლისა მისგან გოდებისა გუამი მისი, ვითარცა იყო შებღალული სისხლითა, და დაუსუენეთ ერთსა სადიაკონოსა. ხოლო დედადიაკონი პავლინა მოვიდა და უმწარეს ყოველთასა გოდებდა და სხუანი იგი წმიდანი ქალწულნი მის თანა. მაშინ მთავარმან ბრძანა ქმნად ლუსკუმაჲ ოქროჲსაჲ. და მას შინა შთავდევით წმიდაჲ გუამი ნეტარისაჲ მისი. ხოლო ყრმაჲ იგი, რომელმან იხილა მოკლვაჲ წმიდისა ბაგრატისი, ღამით მოვიდა მთავრისა, შეუ(ვ)რდა მას და ეტყოდა: „უფალო ჩემო, წმიდაჲ ბაგრატ არტაგარ ქანანელმან მოყუასთა მისთა თანა მოკლეს.“ და მიუთხრა ყოველივე, რაჲ-იგი იხილა. ესე რაჲ ესმა მთავარსა, ბრძანა შეპყრობაჲ მონათა მათ. და დავჰკრძალეთ წმიდაჲ გუამი მისი. მიიქცა პრეტორად და ბრძანა განშიშულებაჲ მათი და წარმოუდგინა ოთხ-ოთხი მტარვალი გუემად. და ვითარცა ძლიერად ჰგუემდეს მათ, შეიწამეს მათ ყოველივე და უმეტესად ჰგუემდა. მაშინ მე ვარქუ მას: „უკ(ე)თუ ჰნებავს მაგათ სინანული, [326v] ნათელვსცეთ მათ, რაჲთა არა წარწყმდენ.“ ხოლო მთავარი აღივსო გულისწყრომითა და მრქუა მე: „ჵ, ევაგრე, ვითარ დაიტია პირმან შენმან სიტყუაჲ ეგე, უკუეთუ გარდაიქცეს ვეშაპი კრავად და ეგენიცა იქმნენ ქრისტეანე და უფროჲსღა არტაგარ უკეთური. ცხოველ არს უფალი, თჳსითა ჴელითა მოვსწყჳდნე ეგენი.“ და ბრძანა უფიცხესად გუემაჲ მათი, ვიდრეღა ძუალნი მათნი გამოჩნდეს. მაშინ ვონიფანტე იწუადა მახჳლი და თჳსითა ჴელითა წარჰკუეთა მათ თავები, რომელნიცა ეზიარნეს მოკლვასა წმიდისა ბაგრატისსა. და შური იძია, ვითარცა ფინეზ, და შეერაცხა მას სიმართლედ. ხოლო საძაგელნი იგი გუამნი მათნი იქმნეს, ვითარცა ძაღლთა და ვეშაპთანი. და ბრძანა პარეხსა ერთსა შთაყრაჲ მათი. ხოლო შემდგომად შჳდისა დღისა, ვიყავ რაჲ ეკლესიასა შინა, მოვიდა ჩემ ზედა განკჳრვებაჲ. და მიმერულა და ვიხილენ ათორმეტნი კაცნი, სპეტაკითა მოსილნი, და ბაგრატ შორის მათსა და გარემო მათსა სხუანი მრავალნი ელვარენი. და მრქუა მე წმიდამან ბაგრატ: „მომეახლე მე, შვილო!“ და მი-რაჲ-ვეახლე, მრქუა მე: „რად არა დაჰმარხე, შვილო, გუამი ჩემი წესისაებრ ქუეყანასა? არამედ ოქროსა შინა შთამდევ მე. ოდეს გეხილვე ოქროჲთა, გინა ვეცხლითა შემოსილი? ნუ ესრეთ, შვილო, არამედ აღმოიღე გუამი ჩემი მიერ და მიეც მიწაჲ მიწასავე!“ ესე რაჲ ვიხილე, შიში და [327r]მეცა მე და ვაუწყე ყოველივე მთავარსა. და ვთხარეთ საფლავი და ვქმენით სამარხოჲ ერთ კერძო ეკლესიისა და მის ზედა მცირეჱ ეგუტერი. და აღვაღეთ ლუსკუმასა მას აღმოღებად გუამისა მის და ვიხილეთ ხილვაჲ საშინელი: ბრწყინვიდა პირი მისი, ვითარცა მზჱ, ყოვლითურთ მრთელ. და არა იპოებოდა მის თანა ბრძჳლი წყლულისაჲ, არცა წუეთი სისხლისაჲ, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი: „იცვნის უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.“ იხილა იგი ვონიფანტე და ტიროდა მწარედ და უკჳრდა, ვითარ ესოდენთა მათ წყლულებათაგან არცა ერთი იპოებოდა. არამედ იყო იგი მრთელ მადლითა უფლისაჲთა. მაშინ აღმოვიყვანეთ იგი ლუსკუმისაგან და დაუსუენეთ ცხედარსა ზედა. და აღივსო ადგილი იგი სურნელებითა მიუთხრობელითა, ვიდრეღა შორს მყოფნი, ვითარ უტევნით ერთით ოდენ იყნოსდეს მას. და შემოკრბა ყოველი ერი ქალაქისაჲ მის, ურიცხჳ სიმრავლჱ მამათაჲ და დედათაჲ და ყრმათაჲ. და ყოველნი ამბორსუყოფდეს მას. და ადიდებდეს ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა და დღე ყოველ ემთხუეოდა ერი იგი. ხოლო ღამესა მას ყოველსა ეგრეთვე ვგალობდით წმიდასა მას გუამსა ზედა. და განთიად დაუსუენეთ იგი სამარხოსა მას და დავჰკრძალეთ იგი კეთილად. [327v] ხოლო ზედა ლოდსა მას სამარხოჲსასა დავწერე მე სიტყუანი ესევითარნი: „ესე სამარხოჲ არს ბაგრატ მოციქულთა სწორისაჲ, რომელმან განანათლა ქუეყანაჲ ესე და ოთხმოცისა წლისაჲ წამებით აღესრულა თუესა ივლისსა ცხრასა.“ და ლუსკუმაჲ იგი ოქროჲსაჲ ვქმენით სამკაულ ეკლესიისა. ხოლო შემდგომად ორმეოცისა დღისა აღსრულებისა მისისა ვარქუ ვონიფანტეს: „რაჲ-იგი მამცნო უფალმან ჩემმან, ცოცხალღა იყო, მიგითხრა შენ.“ მომიგო და მრქუა მე: „ყოველივე ბრძანებაჲ მისი მაუწყე მე, ვითარცა შვილსა ერთგულსა, და აღვასრულო.“ ხოლო მე ვარქუ მას: „ესრეთ მრქუა მე, ვითარმედ: „შემდგომად აღსრულებისა ჩემისა წარიყვანე ვონიფანტე მთავარი და სხუანი კაცნი ღმრთისმოშიშნი და წარვედით ჰრომს მოციქულისა პეტრესსა და მან დაგიდგინოს თქუენ ეპისკოპოსი.“ მომიგო კუალად მთავარმან და მრქუა მე: „ყოველივე, რავდენი უბრძანებიეს, ვქმნეთ სიხარულით.“ და მეყსეულად აღაგნა ნავნი. და გამოვარჩიენით კაცნი საღმრთონი და წარვემართენით. და შეწევნითა უფლისაჲთა კეთილად მივიწიენით ჰრომედ. ხოლო წმიდამან მოციქულმან პეტრე პირველვე იცოდა ყოველივე და აუწყა მისთა [328r][ნათა მათ] აღსრულებაჲ ბაგრატისი და ჩუენი მუნ მისლვაჲ. და გამოვიდა გარე სხუათა თანა ძმათა მოგებებად ჩუენდა. ხოლო მე ვიხილე რაჲ იგი, შეუვრდი ფერჴთა მისთა. და აღმადგინა მე, მომიკითხა და მრქუა: „კეთილად მოხუედ, შვილო შვილისა მის ჩემისაო?“ მიუგე და ვარქუ მას: „კეთილად გპოე, მოწაფეო ქრისტესო, მოძღუარო წარმართთაო, მნათობო სოფლისაო.“ ხოლო ვიწყეთ რაჲ სიტყუად, ყოველივე, რავდენი მეგულებოდა მე უწყებად მისდა, მან პირველად მითხრა მე. და მოიკითხნა კაცნიცა იგი, რომელნი იყვნეს ჩემ თანა, და კეთილად განგჳსუენა. ამისა შემდგომად მომცა მე კურთხევაჲ ებისკოპოსობისაჲ ქალაქისა მის ჩუენისაჲ და მრქუა მე: „წარვედ, შვილო, და რაჲ-იგი გიხილავს მოძღურისა შენისა ბაგრატის თანა, მას იქმოდე. ნუცა შეჰმატებ, ნუცა დააკლებ.“ და შემდგომად ორმეოცისა დღისა მოვიღეთ ლოცვაჲ მისი და მოვიქეცით მშჳდობით ქალაქად ჩუენდა. მაშინ ვარქუ მთავარსა ვონიფანტეს: „აწ ჟამი არს, შვილო, ნათლისღებისა შენისაჲ.“ ხოლო იგი აღივსო სიხარულითა, მოვიდა სარწმუნოებითა მტკიცითა და ნათელიღო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და მიერითგან არა განეშორა ეკლესიასა, არამედ მოუწო [328v]და კაცსა მორწმუნესა, [ღმრთისმოშიშსა და ა]ხოვანსა ბრძოლათა შინა, ყო იგი მთავარ ქალაქსა მას ზედა. და მან აღიკუეცა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და იყოფოდა მარადის ჩუენ თანა ლოცვით და გალობით. ხოლო განვიზრახეთ აღშენებად ტაძარი სახელსა ზედა წმიდისა ბაგრატისსა დიდებად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. მაშინ ღირსმან მან ვონიფანტე მოიღო ოქროჲ ხუთი კენტინარი, რომელ არს ლიტრაჲ ხუთასი, მომცა მე და მრქუა: „მიიღე ესე, მამაო, და აღაშენე ტაძარი ესე კეთილად.“ ხოლო მე მოუწოდე ჴელოვანთა ქვისხუროთა. და მივეც საფასჱ ჯერისაებრ და ვარქუ მათ: „შვილნო, მამაჲ თქუენი ბაგრატ გიწესს, რაჲთა უშენოთ მას ტაძარი.“ ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი. და ვთხარეთ საფუძველი გარემოჲს სამარხოსა მისსა, რაჲთა იყოს იგი შორის ეკლესიისა. ვყავთ ლოცვაჲ და იწყეს შენებად. და მცირედსა ჟამსა სრულ იქმნა ტაძარი იგი მადლითა ქრისტესითა. და შემდგომად წელიწდისა ერთისა შევამკვე ტაძარი იგი გამოხატვითა ყოველსავე საქმესა ძუელისა მის შჯულისასა ერთ კერძო და ახლისა შჯულ(ი)სასა - ერთ კერძო. და ხატიცა უფლისა ჩემისა ბაგრატისი გამოვსახე, ვითარცა იყო შეუცვალებელად. და მივხედნი რაჲ [329r] ხატსა მისსა, ეგრეთ ვჰგონებდ, თუ ჴორცითა ვხედავ მას. ესე ყოველი რაჲ აღესრულა მეოხებითა წმიდისა ბაგრატისათა, ვაკურთხე ტაძარი იგი წმიდაჲ მე, ევაგრე, და განვაწე(სე)ნ მას შინა მგალობელნი და მნათენი. ტატიანე ვაკურთხე ხუცად და ეპიფანე - დიაკონად, რომელნი-იგი განვაწესენ მსახურებად სამარხოსა წმიდისა ბაგრატისსა. და განვაგე, რაჲთა სამარხოსა მას ერისკაცი ანუ დედაკაცი არა შევიდეს, არამედ მღდელნი და მოწესენი უჴამლოჲთა ფერჴითა. და ყოველთა წარჩინებულთა ქალაქისათა მოიღეს შესაწირავი ტაძარსა მას: ოქროჲ და ვეცხლი და სტავრაჲ, სოფლები და აგარაკები. და ყოველივე სამკაული ეკლესიისაჲ სრულ იქმნა და ყოველი აღწერილი დავდევით საჭურჭლესა შინა. ხოლო ვონიფანტე დაუტევა ყოველი ზრუნვაჲ ქუეყანისაჲ, ვითარცა ვთქუ. და თმაჲ თავისა თჳსისაჲ აღიკუეცა და ყოველნი დღენი ცხორებისა მისისანი დაყვნა მოღუაწებით ტაძარსა შინა წმიდისა ბაგრატისსა. და ესრეთ კეთილსა შინა მოქალაქობასა საღმრთოსა აღესრულა. ხოლო სამარხოსა წმიდისა და ღმერთშემოსილისა ბაგრატისსა მრავალნი სასწაულნი და საკჳრველებანი იქმნებიან. და თითო სახენი სენნი განიკურნებიან და ეშ [329v]მაკნი იდევნებიან მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, ჭეშმარიტისა მის ღმრთისა, რომელი-იგი თითოეულად აღწერაჲ შეუძლებელ არს. არამედ ესე მცირედი აღმიწერიეს სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ! იყავნ! იყავნ! წმიდანო ღმრთისანო, ვინ აღმოიკითხვიდეთ სახარულევანსა ამას წიგნსა და სავსესა ღმრთისა მადლითა, ლოცვასა წმიდასა მოიჴსენეთ წმიდაჲ მამაჲ ეფთჳმე, რომელმან თარგმნა ცხორებაჲ ესე წმიდისა და ღმერთშემოსილისა ბაგრატ მოციქულთა სწორისაჲ და საკჳრველთმო(ქმედისაჲ). და მამაჲ გრიგოლ, რომელმან დიდითა მოსწრაფებითა დააწერია. ქრისტემან აჴმარენ დღეთა მრავალთა! წმიდანო ღმერთშემოსილნო და ნეტარნო მამანო: ბაგრატ, მარკიანე, მაქსიმინე, სტეფანე, ონისიფორე, და შენცა, სანატრელო ევაგრე, მეოხ ეყვენით მამასა გრიგოლს და სულიერთა შვილთა მისთა წინაშე სამებისა წმიდისა დღესა მას დიდსა სასჯულისასა! ხოლო დაიწერა გლახაკისა ისაკის ჴელითა.

A-134

[212v] ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა და მოციქულთა სწორისა ბაგრატისი, მღდელთმოძღურისა ტავრომენელთა ქალაქისა, ჭალაკისა სიკილიისაჲ, რომელი აღწერა ევაგრე ეპისკოპოსმან, მოწაფემან მისმან. გუაკურთხენ, უფალო!

[213r] მოწევნულ არს ჟამი, საყუარელნო, ჴელყოფად თხრობასა ამას კეთილსა და სულთა სარგებელსა, რომელ არს ცხორებაჲ სანატრელისაჲ მის და საკჳრველისა კაცისა ღმრთისა ბაგრატისი, და დიდებულთა მათ და ღმრთივმონიჭებულთა სასწაულთა, რომელნი აღასრულნა მან მადლითა სულისა წმიდისაჲთა. გულსმოდგინედ უკ(უ)ე ისმინეთ, ღმრთისმოყუარენო, მოქალაქობაჲ ესე საღმრთოჲ და წმიდაჲ, რაჲთა ზიარ მადლისა მისისა იქმნნეთ. რაჟამს-იგი წყალობით მოიხილა ზეცით ჩუენ ზედა ღმერთმან და მაცხოარმან ჩუენმან იესუ ქრისტემან. და მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა ქუეყანად განუშორებელად წიაღთაგან მამისათა. და მოვიდა ძიებად წარწყმედულისა მის ნათესავისა კაცთაჲსა. და იქცეოდა ქუეყანასა ზედა და ღმრთივშუენიერთა მათ საკჳრველთა იქმოდა. მას ჟამსა მამაჲ ამის ღირსად ჴსენებულისა ბაგრატისი დამკჳდრებულ იყო კერძოთა მათ პონტოჲსათა, ხოლო განგებითა ღმრთისაჲთა წარვიდა საქმისა რაჲსათჳსმე კერძოთა ანტიოქისათა და თანა ჰყვა ცოლი თჳსი და ბაგრატ, მხოლოდშობილი ძე თჳსი. და ვითარცა ჟამი რავდენმე დაყო კერძოთა ანტიოქისათა, ინება მიერ შთასლვაჲ ჰურიასტანად, რამეთუ ღმერთი მიზეზსა ცხორებისა მომატყუ(ე)ბელსა მოსცემდა მას. ხოლო შე-რაჲ-ვიდა ქალაქსა ერთსა ჰურიასტანისასა, იხილა მუნ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ვითარ-იგი ასწავებდა სასუფეველისათჳს ცათაჲსა და იქმოდა საკჳრველებათა უაღრეს ბუნებისა. ჰრწმენა ცოლითურთ და შვილით თჳსით და ღირს იქმნეს საბანელსა მეორედ შობისასა ბრძანებითა უფლისაჲთა, ჴელითა წმიდისა მოციქულისა პეტრესითა. და შეიმოსეს სამოსელი იგი ბრწყინ [213v] ვალე ქრისტეს სარწმუნოებისაჲ. და მოიქცეს სახედ თჳსა განათლებულნი სულითა და ადიდებდეს თჳსაგან დაუცადებელად ღმერთსა ყოველთასა. ხოლო ნეტარი ბაგრატ წარემატებოდა სიბრძნითა და მეცნიერებითა და ასწავებდა მას მამაჲ მისი ყოველსავე კეთილსა. და გ(ა)ნამტკიცებდა სარწმუნოებასა ზედა ქრისტეს ღმრთისა შეურაცხყოფად ყოვლისავე სოფლიოჲსა და წარმავალისა საქმისა და მის მხოლოჲსა მონებად, ვითარცა ცხოელისაჲ და ჭეშმარიტისა ღმრთისა, დაღაცათუ ჩუენი ესე ჴორცნი შეიმოსნა წყ(ა)ლობისათჳს ჩუენისა. და ეტყოდა მას: „ჵ, შვილო ჩემო, ისწრაფე წარდგომად წინაშე ღმრთისა უბიწოებით და შეიტკბენ მცნებანი მისნი, რაჲთა ღირს იქმნე საუკუნესა მას ცხორებასა.“ ხოლო მო-რაჲ-იწია ჟამი ამიერ სოფლით განსლვისა მისისა, მოუწოდა ძესა თჳსსა ბაგრატს და განამტკიცებდა და ასწავებდა მას მყუარ ჟამ. და ვითარცა აღასრულა სწავლაჲ, მოიდრიკნა მოჴლნი და შვილი იგი თჳსი საყუარელი მის თანა. და იტყოდა ვედრებით და ცრემლითა მჴორვალითა: „უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ, შენ შეგვედრებ ყრმასა ამას, შეივედრე ესე და შემწე ეყავ და წარუძეღუ ნებასა შენსა, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“ და ესრეთ აღესრულა მამაჲ ნეტარისა ბაგრატისი და შემდგომად მცირედისა - დედაჲცა მისი. და იღუაწნა ნეტარმან მან თჳსნი იგი მშობელნი, დაჰმარხნა, ვითარცა შეჰგვანდა. შეურვებულ იყო და იტყოდა თავსა შორის თჳსსა, ვითარმე(დ): „ვისწაო მე საღმრთონი წერილნი, [214r] ანუ ვითარ განვემტკიცო სარწმუნოებასა, რამეთუ ყრმა ვარ და არავინ არს მოძღუარ ჩემდა ესევითარისა ამის რჩულისა, რომელსა მამაჲ ჩემი მასწავებდა. არამედ ყოველნივე ესე სოფელნი სხუასა ზედა რჩულსა განმტკიცებულ არიან. რაჲმე ვყო, უფალო, შემეწიე მე!“ და ესრეთ ურვით იყოფებოდა გოდოლსა შინა მცირესა, რომელი აღეშენა თჳსსა აგარაკსა, და რავდენ ძალედვა, იწურთიდა სარწმუნოებასა ქრისტესსა მადლითა სულისა წმიდისათა, ვითარცა-იგი მამისა თჳსისაგან ესწავა. ხოლო რაჟამს-იგი ცხოელსმყოფელი ვნებაჲ ქრისტესი აღესრულა და აღდგა მესამესა დღესა უფალი სიკუდილისა და ცხორებისაჲ და ამაღლდა ზეცად, ვინაჲ-იგი არასადა განეშორა, და დაჯდა მარჯუენით მამისა და მოუვლინა სული წმიდაჲ თჳსთა მათ ყოვლად ქებულთა მოწაფეთა. და განიბნინეს იგინი ყოველსა სოფელსა ქადაგებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა. მოვჰლიდა რაჲ ნეტარი პეტრე მოციქული ქალაქთა და სოფელთა და ნათელსცემდა ერთა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, მოიწია განგებითა ღმრთისაჲთა კერძოთა მათცა პონტოჲსათა, სადა-იგი იყოფებოდა ნეტარი ბაგრატ. და მიჰმართა გოდოლსა მას და დადგა აჩრდილსა ქუეშე მისსა და ასწავებდა ერსა. და ჰრწმენა ერსა მრავალსა სიტყუაჲ მისი და მოიქცეს ქრისტეს ღმრთისა მონებად. ესე რაჲ იხილა ნეტარმან ბაგრატ, შეიმოსა სამოსელი ბრწყინვალე, რაჲთა სულისა მისებრ მისისა წმიდისა გარეშეთცა შუენიერებაჲ აჩუენოს ქრისტეანობისაჲ. [214v] რამეთუ ოდეს გოდოლსა მას შინა არნ, მცირე კუართი კმა არნ სამოსლად მისსა. ხოლო მაშინ წმიდაჲ იგი სამოსელი შეიმოსა და განვიდა და დადგა ერსა შორის და ისმენდა სიტყუათა მოციქულისათა. და ვითარცა აღასრულა სწავლაჲ იგი და ერი განყარა, მირბიოდა და შეურდა იგი ფერჴთა მოციქულისათა და ამბორსუყოფდა მათ. ჰრქუა მას წმიდამან პეტრე: „კეთილად გპოე შვილი ეგე ეკლესიისაჲ,“ რამეთუ სულითა იცნა იგი. მიუგო ბაგრატ და ჰრქუა: „მოციქულო და მოწაფეო ქრისტესო, ნუ უღირს იჩინებ შემოსლვად სახლსა ჩემსა მოწაფეთა თანა შენთა და მიღებად საზრდელისა, რამეთუ გხედავ, უფალო ჩემო, ფრიად დამაშურალსა.“ ისმინა მისი წმიდამან მოციქულმან და შევიდა სახედ მისა. და აღასრულა ლოცვაჲ და მოიღო პური, განტეხა და მისცა ყოველთა. და მიიღეს საზრდელი და განძლიერდეს. ხოლო ადგილსა მას მრავალი ერი მოაქცია ნეტარმან პეტრე. და ნათელსცა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და მოწაფეთა თჳსთაგანი, ერთი კაცი ღმრთისმოშიში ფრიად სწავლული მოძღურებასა საღმრთოსა, სახელით მაქსიმინოს, აკურთხა ებისკოპოსად მის დაბისა. და დაყო მუნ ორმეოცი დღე. და იყო სადგური მისი სახლსა წმიდისა ბაგრატისსა. და ასწავებდა მას ყოველსავე საქმესა საღმრთოსა და სთესვიდა გულსა მისსა თესლსა მას ღმრთისმსახურებისასა, ვითარცა-იგი სუროდა ნეტარსა ბაგრატს. და ეტყოდა მრავალთა მათ სწავლათა [215r] თანა ამასცა: „შვილო ბაგრატ, ვითარცა-იგი ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეუდეგით ქრისტესა, ეგრეთვე შენ გიღირს ყოფად.“ მიუგო ბაგრატ და ჰრქუა მას: „მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო, ამას მე მრავლით ჟამითგან სურვიელ ვარ, ვინაჲთ დღითგან მშობელნი ჩემნი აღესრულნეს. და აწ ვესავ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შენ თანა ყოფად ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა და ნუ მომიძაგებ უღირსსა ამას და ცოდვილსა!“ ესე რაჲ ესმა მოციქულსა პეტრეს, თქუა: „კურთხეულ არს უფალი, რომელი წმიდაჰყოფს ყოველსა კაცსა, მოქცეულსა მისსა.“ მაშინ ევედრა ნეტარი ბაგრატ მოციქულსა, რაჲთა ნათელსცეს მონათა მისთა, რამეთუ ესეოდენ სახიერი კაცი იყო, რომელ მონათა თჳსთა დიდად ზრუნვიდა. ხოლო მოციქულმან სიხარულით შეიწყნარა თხოაჲ მისი. და წარავლინა ნეტარმან ბაგრატ და მოუწოდა მონათა თჳსთა ყოველთაგან აგარაკთა. და ნათელიღეს გულსმოდგინედ ყოველთა ჴელითა წმიდისა მოციქულისა პეტრესითა. და შეჰვედრნა იგინი წმიდამან მოციქულმან ვედრებითა ბაგრატისითა მაქსიმინოს ებისკოპოსსა, რაჲთა ზრუნვიდეს მათთჳს და ასწავებდეს. და რომელნიცა იპოვნენ მათგანნი კაცნი ღმრთისმოშიშნი, აკურთხნეს ხუცად და დიაკონად. ხოლო ბაგრატ ყოველივე მონაგები თჳსი შეკრიბა: ოქროჲ და ვეცხლი და მარგალიტი მრავალი და სამოსელი დიდფასისაჲ საცხოვარი და სიმდიდრე ფრიადი. და ბრძანებითა მოციქულისაჲთა განუყო გლახაკთა და [215v] ზოგი მისცა მონათა თჳსთა და ჰრქუა: „მე, ესერა, ამის ყოვლისაგან ვიჯმნი და ქრისტესა შეუდგ(ე)ბი და აგარაკები ჩემი, ვენაჴები და ყანები თქუენ განიყავთ, რაჲთა გაქუნდეს საჴსენებელად ჩემდა.“ ამას რაჲ ეტყ(ო)და, ტირილითა მწარითა ტიროდეს იგინი განშორებისათჳს მისისა და ჰრქუეს მას: „უფალო ჩუენო, ჩუენცა მზა ვართ ყოველნი ყოფად, რავდენიცა მიბრძანო, და შეგიდგეთ შენ.“ ჰრქუა მათ ნეტარმან ბაგრატ: „თქუენ ყოველნი ქრისტესდა შედგომილხართ და ძმანი ხართ ჩემნი. იყვენით ებისკოპოსსა თანა და ჰმორჩილობდით მას ცხორებისათჳს სულთა თქუენთაჲსა.“ ხოლო სახლი თჳსი ეკლესიად განაწესა ნეტარმან ბაგრატ და შეკედლებით გოდლისა მის აღაშენა ეკლესიაჲ, რაჲთა იყოს გოდოლი იგი საჭურჭლედ ეკლესიისა. და მისცა ეკლესიასა, რავდენიცა საჴმარ იყო საფასე, და აკურთხა ეკლესიაჲ იგი წმიდამან მოციქულმან პეტრე. და მოუწუდა ებისკოპოსსა და აღწერით მისცა ყოველივე წესი ეკლესიისაჲ. და ასწავა, რაჲთა გალობდენ ფსალმუნთა დავითისთა, წესითა ფსალმუნთა და კანონთაჲთა. ეგრე(თ)ვე განუწესა სამწუხროჲ ლოცვაჲ და საცისკროჲ, და აღსრულებაჲ წმიდათა საიდუმლოთაჲ, და კურთხევაჲ მღდელთაჲ და წესი ნათლისღებისაჲ, და აღმართებაჲ ჯუარისაჲ. ესე ყოველი ასწავა ებისკოპოსსა და ჰრქუა: „იხილე, შვილო მაქსიმინე, რამეთუ ზეცისა პატივი მიგიღებიეს. ეკრძალე მოძღურებასა მას, რაჲთა [216r] უბიწოდ დაიმარხო დიდი ესე ნამარხევი, რომელი იძიონ შენგან დღესა მას განკითხვისასა, ოდეს-იგი კაცად-კაცადისა საქმე გამოცხადნეს წინაშე მართლისა მის მსაჯულისა. “ ხოლო ნეტარმან ბაგრატ მისცა მოციქულსა ჯუარი შუენიერი ოქროჲსა წმიდისაჲ, შემკობილი მარგალიტითა და თუალითა პატიოსნითა და ჰრქუა: „ესე მამამან ჩემმან ქმნა სურვილითა ქრისტეს ვნებათაჲთა და დამიტევა მე, რამეთუ მეტყოდა: „ამას სახესა ზედა დამოჰკიდეს ჰურიათა უფალი ჩუენი.“ რამეთუ იყო კაცი იგი ფრიად მორწმუნე, მიიღო იგი მოციქულმან და იხილა, რამეთუ მადლი ღმრთისაჲ იყო ჯუარსა მას ზედა. და ბრძანა ქმნად ბუდე ნაძჳსაჲ და მას შინა შთადვა და მისცა ებისკოპოსსა, რაჲთა შიშით თაყუანის სცემდ(ე)ნ მას. და მოუწოდა ყოველსა მას ერსა მორწმუნესა, რომელსა ნათელეღო. და დაადგინა ებისკოპოსისა თანა და ეტყოდა: „იხილეთ, ძმანო, ნუვინ თქუენგანი მიდრკ(ე)ბის გზისა მისგან ჭეშმარიტისა, ნუმცავინ უარჰყოფთ, რაჲ-იგი ისწავეთ ჩემგან, არამედ ყოველივე შრომაჲ და ჭირი თავსიდევით ჭეშმარიტებისათჳს და მოწყალებასა გლახაკთასა ნუ უდებჰყოფთ. ივლტოდეთ, შვილნო, ცრუ წინაწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა, ვითარცა ცხოარნი, და შინაგან არიან მგელ მტაცებელ. ნუ თანააღერევით მათ ყოვლადვე, არამედ რაჲ-იგი ისწავეთ ჩემგან, მას ზრახევდინ, მას შინა იქცეოდეთ და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა, ამენ!“ ესრეთ განუტევა ერი იგი. და ხვალისა დღე აღვიდა გოდოლსა მას და დადგა მას შინაცა საკურთხეველი. [216v] და აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ და აზიარა ყოველთა წმიდაჲ ჴორცი და სისხლი ქრისტესი. და ჰრქუა ებისკოპოსსა: „მომართუ აქა გუჯარი იგი ეკლესიისა კურთხევისაჲ და მღდელთა კურ(თ)ხევისაჲ.“ და მოართუა რაჲ იგი, დადვა წმიდასა საკურთხეველსა. და უბრძანა ებისკუპოსსა მოღებად იგი მიერ, ხოლო მან შიშითა დიდითა მიყო ჴელი და მოიღო. მიუგო წმიდამან პეტრე და ჰრქუა მას: „იხილე, შვილო, რაჲ-ეგე მიიღე, რამეთუ სულნი ამის ერისანი შეგივედრებიან და სიტყჳსა მიცემაჲ თანაგაც მათთჳს. შეიმოსე უკუე მადლი ღმრთისაჲ და იყავ მშჳდ და მდაბალ, გლახაკთ მოწყალე და უცხოთა შემწყნარებელ, რამეთუ უაღრეს არს ყოველთა სასწაულთა მოწყალებაჲ. ესევითარი მრავალი ასწავა ებისკოპოსსა მოციქულმან და მერმე მოუწოდა იოსებს მხატვარსა და ჰრქუა მას: „გამომისახე აქა ხატი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რაჲთა იხილონ ერთა სახე განკაცებისა მისისაჲ და უმეტესად ჰრწმენეს და იჴსენებდენ სწავლ(ა)თა ჩუენთა.“ მოიღო მხატვარმან მან წამალები ცჳლოანი და გამოსახა ხატი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. ჰრქუა მას მოციქულმან: „გამოსახე, შვილო, ჩემიცა ხატი და ძმისა ამის ჩუენისა ბაგრატისი, რაჲთა იტყოდინ ამისსა შემდგომად საჴსენებელად, ვითარმედ: „ესე არს, რომელმან სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჩუენ შორის ქადაგა - მოწაფე მისი პეტრე.“ და ძმისა ბაგრატისთჳს (თქუან), ესე არს, რომელმან აღაშენა ეკლესიაჲ და გოდოლი ესე საჭურჭლე.“ ხოლო მხატვარმან ყოველივე ყო სიტყჳსა მისისაებრ და ზედა დაწერა თითოეულისა სახელი, რამეთუ ესრეთ იქმოდეს მოციქულნი იჱრუსალემითგან ანტიოქიამდე და ვიდრეცა ვიდოდეს. ამისა შემდგომად [217r] განიზრახა პეტრე, თავმან მან მოციქულთამან, გამოსახვად ყოველივე საქმე განკაცებისაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, ვინაჲთგან ანგელოზმან „გიხაროდენი“ უღაღადა ქალწულსა მარიამს და ვიდრე ამაღლებამდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. რამეთუ ჴელოვანი იყო მხატვარი იგი, რომელმანცა ყოველივე გამოსახა კეთილად. და ბრძანა მოციქულმან ამით სახითა შემკობად ეკლესიათა. მიერითგან უკუ(ე) მოსწრაფე იყვნეს ყოველნი მორწმუნენი გამოსახვად ესევითართა მათ სახეთა ფიცართა ზედა, გინათუ ქარტათა. და მიუძღუანიან ებისკოპოსთა ურთიერთარს. და აღაშენიან რაჲ ეკლესიანი, გამოწერიან ყოველივე იგი შუენიერად და შემკობილად. და ასწავებდიან ერსა შიშით და პატივით თაყუანისცემად და შემთხუევად სახეთა მათ ქრისტეს ღმრთისა საქმეთასა. ხოლო რაჟამს ესე ყოველი აღასრულა წმიდამან მოციქულმან პეტრე, ყო ლოცვაჲ. და გარდამოვიდა გოდლისა მისგან და ჰრქუა ბაგრატს: „ჟამი არს აწ წარსლვად ჩუენდა გზასა ჩუენსა, ვინაჲცა უფალმან მიმიძღუეს.“ ხოლო ნეტარი ბაგრატ დადგა გოდოლსა მას შინა თჳსაგან წინაშე პატიოსნისა და ცხოელსმყოფელისა ჯუარისა და ხატისაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. ილოცვიდა ცრემლით და იტყოდა: „იესუ ქრისტე, რომელი მოხუედ წყალობით მოძიებად ნათესავისა კაცთაჲსა, ნუ უგულებელსმყოფ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარ. მოიხილე სიმდაბლესა ზედა ჩემსა, რამეთუ შენდა მოვილტი, ყოვლად ძლიერისა და კაცთმოყუარისა და სახიერისა ღმრთისა.“ და აღასრულა რაჲ ლოცვაჲ, გამოვიდა გოდ [217v] ლისა მისგან და მივიდა სამარხვოსა მამისა და დედისა მისისასა. დადგა მას ზედა და თქუა ცრემლით: „აჰა ესერა, მამაო კეთილო, და შენ, დედაო ჩემო ტკბილო, სწავლისა და ბრძანებისაებრ თქუენისა წარვალ შვილი ესე თქუენი შედგომად ქრისტესა შეწევნითა მისითა. ევედრენით უკუე ღმერთსა ცხორებისათჳს ჩემისა.“ და ამბორსუყო სამარხვოსა მას. და გამოვიდა მიერ და შევიდა სახლსა, რომელსა შინა მონანი მისნი იყვნეს. და პოვნა ყოველნი მძინარენი, რამეთუ ღამეღა იყო. და ვითარ იხილეს იგი, ყოველნი ზე აღდგეს. და დაუტევა მათ მშჳდობაჲ და მოიკითხნა. ხოლო იგინი მოეხჳვნეს მას და მწარითა ცრემლითა გოდებდეს და იტყოდეს: „ვაჲ ჩუენდა, უფალო ჩუენო, რამეთუ ობოლნი და უუფლონი დავშთებით, ოდესმე უკუე ვიხილოთ პირი შენი.“ ცრემლოოდა ნეტარი ბაგრატცა და ჰრქუა: „ნუ მწუხარე ხართ, ძმანო, რამეთუ, დაღაცათუ ჴორცითა განგეშორები, არამედ სულითა თქუენ თანა ვიყო.“ და ესრეთ მოიკითხნა იგინი და განვიდა და მრქუა მე: „შვილო ევაგრე, შემომიდეგ მე“, რამეთუ მე ხოლო წარმიყვანა მის თანა სახლეულთა მისთაგან. და ესრეთ მივედით წმიდისა მოციქულისა პეტრესსა. და ვპოეთ იგი, აღასრულებდა რაჲ გალობასა ცისკრისასა. და აღასრულა რაჲ ლოცვაჲ, ჰრქუა ნეტარსა ბაგრატს: „კეთილ არს მარადის მღჳძარებაჲ და ლოცვაჲ. ამას ზედა უკუე მოსწრაფე იყავ მარადის და გალობდი ფსალმუნთა დავითისთა დღე და ღამე და ლოცვათა შესწირევდი ღმრთისა.“ და ვითარცა მო-ოდენ-ახდა [218r] ჟამი განთიადისაჲ, გამოვედით დაბისა მისგან. და დადგა მოციქული აღმოსავალით კერძო, მუჴლნი მოიდრიკნა და თქუა: „უფალო იესუ ქრისტე, დაიცევ დაბ(ა)ჲ ესე და მას შინა მყოფნი მორწმუნენი დაიფარენ საფარველსა ქუეშე ფერჴთა შენთასა, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“ და მოვიკითხეთ მაქსიმინოს ებისკოპოსი და წარვემართ(ე)ნით. და ვითარცა ვლეთ ოციოდენ უტევანი, მივიწიენით ზღჳსპირსა. და ვპოეთ ნავი და შევედით მას შინა და წარვედით ანტიოქიამდის ქადაგებითა სიტყუასა ღმრთისასა. ხოლო მოვლინებულ იყო მუნ იჱრუსალემით მოციქულთაგან კაცი მისვე ქალაქისაგან, ყოფილი ნათესავით, სახელით მარკიანოს, სწავლად ერისა. ამას ვითარცა ესმა მოსლვაჲ მოციქულისა პეტრესი, აღძრა ყოველი სიმრავლე მორწმუნეთაჲ. და მოვიდეს მოგებებად მისსა, რამეთუ იგინი ასწა(ვ)ლიდეს, ხოლო მოციქულნი ნათელსცემდეს. და მოიყვანა ნეტარმან მარკიანე დიდი სიმრავლე წინაშე მოციქულისა, რომელთა ჰრწმენა. და ასწავა მათ მოციქულმან და ნათელსცა და წარიყვანა მარკიანეცა მის თანა მისლვად. და მიმოვიდოდეთ მოციქულისა თანა ყოველთავე ქალაქთა და სოფელთა. და ქადაგებდა სახარებასა ქრისტესსა და ნათელსცემდა მორწმუნეთა სახელითა მ(ა)მისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და ჰკორნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა ცისად გუემულებასა და სულთა არაწმიდათა განასხმიდა. ესე ყოველი რაჲ აღესრულებოდა მადლითა ქრისტესითა წმიდისა მოციქულისა პეტრეს მიერ, განმრავლდებოდა რიცხჳ ქრისტეს მორწმონეთაჲ. [218v] ხოლო ნეტარი მოციქული პავლე - იგიცა ქადაგებდა და მიმოდასდებდა სიტყუასა მას ღმრთისასა. და მას ესმა რაჲ პეტრესი კერძოთა მათ კილიკისათა ყოფაჲ, მოვიდა მისა და მოიკითხეს ურთიერთარს მოწლედ თავთა მათ მოციქულთა. მაშინ პავლე აღდგა შორის და ეტყ(ო)და პეტრეს და სხუათა მათ მოციქულთა, რომელნიცა პოვნა ათორმეტთაგანნი: „ვიდრემდის არა აკურთხევთ ებისკოპოსად მოწაფეთა მაგათგან, რომელნი შეგიდგან თქუენ, და წარავლინებთ კერძოთა დასავალისათა, არამედ ყოველნი თქუენ თანა გიპყრიან.“ და სათნოეყო სიტყუაჲ ესე პავლესი მოციქულთა და გამოარჩივნეს კაცნი, რომელნიცა სულმან წმიდამან უჩუენნა მათ. და წარავლინეს კერძოთა ჰრომისა და აფრიკეთისასა, რამეთუ თავადნი იგი მოციქულნი ჯერეთ არა მივიდოდეს ჰრომედ. არამედ იგინი წინა წარავლინნეს, რაჲთა ქადაგებდენ სიტყუასა ღმრთისასა. და მისცეს მათ კანონი ყოველივე საეკლესიოჲსა წესისაჲ. ხოლო ნეტარმან მოციქულმან პეტრე ჰრქუა მარკიანეს და ბაგრატს: „შვილნო ჩემნო, მიიღეთ თქუენცა უღელი იგი ებისკოპოსობისაჲ. და განვედით კერძოთა დასავალისათა და აღასრულეთ მსახურებაჲ თქუენი, რამეთუ, აჰ(ა), ესერა, კრისკე, მოწაფე პავლესი, წარვიდა გალიად და სხუანი სხუად კერძო, რაჲთა მეცა ვიქადოდე თქუენ მიერ, ვითარცა პავლე და სხუანი მოციქულნი მოწაფეთა მიერ თჳსთა.“ მიუგეს ბაგრატ და მარკიანე და ჰრქუეს: უფალო ჩუენო, რავდენიცა მიბრძანო, ყოველსა ზედა მორჩილ ვართ და მოუწოდა წმიდამან მოციქულმან ყოველთავე ხუცესთა, დიაკონთა და ნეტარსა პავლეს წინაშე მათსა. და დასდვა მათ ჴელი და მისცა კურთხევ(ა)ჲ ებისკოპოსობისაჲ. და მოვიღეთ [219r] მათგან ლოცვაჲ და შთავედით ზღუად ძიებად ნავისა. და განგებულებითა ღმრთისაჲთა ვპოენით ორნი ნავნი, რომელთა სავაჭროჲ მ(ა)თი მოევაჭრა და მზად იყვნეს წარსლვად. მოუწოდეს მენავეთმოძღუართა ბაგრატ და მარკიანე და ჰკითხვიდეს: „ვინანი ხართ, ძმ(ა)ნო, რომლისა სოფლისანი, ანუ რომლისა ქალაქისანი?“ მიუგეს და ჰრქუეს მათ: „სიკილიელნი ვართ, ჭალაკისა მის დიდისანი, ქალაქთა მათგან დიდთა, ერთი ტავრომენით და მეორე - სურაკოსით.“ ჰკითხეს კუალად: „და ვინაჲ გეგულების აწ წარსლვად, ძმანო?“ ჰრქუეს მენავეთა მათ: „უკუეთუ ჰაერისაგან მარჯუებ(ა)ჲ იქმნას, თჳსთავე ქალაქთა გუეგულების წარსლვად.“ ამას ზედა მოიქცეს ბაგრატ და მარკიანე მოციქულთა მიმართ და ჰრქუეს: „ვპოენით ორნი ნავნი სიკილიელნი. მოვედით უკუე ჩუენ თანა ზღუადმდე, რაჲთა ლოცვა ჰყოთ და წარვიდეთ მსახურებასა მას ჩუენსა.“ აღდგეს უკუე ნეტარნი იგი მოციქულნი, პეტრე და პავლე, და სხუანი იგი მათთანანი და მივიდეს სანავესა მას. და მისლვასა ოდენ მოციქულთასა მიეფინა მადლი ღმრთისაჲ გულთა მათ ზედა მენავეთასა და ეტყოდეს მოციქულთა: „უფალნო ჩუენნო, რაჲსა მოშუერით ჩუენდამო, რამეთუ ჩუენდა ღირს იყო თქუენისა პატივისა მომართ მოსლვაჲ.“ და შეიყვანნეს მოციქულნი ნავთა თჳსთა. ხოლო მათ იწყეს სწავლად მათდა და ქადაგებად. და ჰრწმენა მათ და ნათელიღეს სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა. და უწოდა ნეტარმან მან მოციქულმან პეტრე სახელი ერთისა მის მენავეთმოძღურისაჲ „ეპიფანე“, რამეთუ პირველ სახელედებოდა ლუკაონიდე. და მეორესა მას ეწოდა [219v] „რომილოს.“ და იყო რიცხჳ ნათელღებულთაჲ მათ ნავთა შინა, ვითარ ორას კაც. ხოლო მარკიანე და ბაგრატ აღივსნეს სიხარულითა და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელ-იგი ქრისტეანე იქმნეს თანამოგზაურნი მათნი, რაჲთა იყოს სლვაჲ მათი კაცთა თანა ჴელითა მოციქულთაჲთა განათლებულთა. ხოლო შემდგომად ნათლისღებისა კაცთა მათ იწყო ნეტარმან პეტრე სწავლად მათდა და ეტყოდა: „შვილნო საყუარელნო, არა არს სხჳთა სახითა ცხორებაჲ კაცთაჲ, გარნა მეორედ შობითა ამით წყლისა მიერ და სულისა, რამეთუ ესე არს დამჴსნელ კერპთმსახურებისა, გრძნებისა და მისნობისა. და ამის მიერ დადუმნა ჰურიათა იგი მრავლისმეტყუელებაჲ, რამეთუ გამოჩნდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, რომელი-იგი ღმერთი იყო ჭეშმარიტი და უცვალებელად თჳსისა ბუნებისაგან ჩუენი ესე ბუნებაჲ მიიღო. და ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა. არა განეშორა წიაღთა მამისათა, არამედ ზეცას იყო ღმრთეებრ და იგივე ქუეყანასა ზედა იქცეოდა ღმერთი, შემოსილი ჩუენითა ამით ჴორცითა, ვითარცა სრული ღმერთი და სრული კაცი. და მან განაწესა მეორედ შობაჲ ესე მორწმუნეთა მისთაჲ და ზიარებაჲ ჴორცსა და სისხლსა მისსა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოდ. ამას იწრთიდით მარადის. და სიტყუანი წარმართთა და ჰური(ა)თანი ნუღარა შევლენედ სასმენელად თქუენდა, არამედ განემტკიცენით სარწმუნოებითა, სასოებითა და სიყუარულითა იესუ ქრისტესითა. და ღმერთმან დაგიცევინ თქუენ ქრისტე იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა. ხოლო გუნებავს, შვილნო, ძმათაგან ჩუენთა წარმოვლენად თქუენ თანა, რაჲთა მოგაჴსენებდენ თქუენ და განგიახლებდენ მოცემულსა მაგას მადლსა.“ [220r] ხოლო ერნი იგი მათ ნავთანი, ვითარცა ერთითა პირითა, იტყოდეს: „დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, სიტყუაო მამისაო და ძეო დაუსაბამოო, გურწამს, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ძლიერი და შენდა შევჰვედრებთ სულთა ჩუენთა, რომელი მოხუედ ძიებად ცოდვილთა.“ და ეტყოდეს მოციქულთა: „უფალნო ჩუენნო, მოგუცნით მოძღუარნი ჩუენნი, რომელთათჳს სთქუთ, და წარვიდეთ ლოცვითა თქუენითა. ჰრქუა მათ წმიდამან პეტრე: „არა ეგრეთ, შვილნო, არამედ იყვენით, ვიდრე წარჴდენ რვანი დღენი ნათლვისა თქუენისანი, და მერმე წარხჳდეთ.“ მიუგეს და ჰრქუეს მათ: „ვითარცა ჯერგიჩს ცხორებისათჳს ჩუენისა, განაგეთ, მოციქულო ქრისტესო, რამეთუ ჩუენ მზა ვართ მ(ო)რჩილებად ბრძანებისა შენისა.“ ხედვიდა რაჲ ყოველი იგი ერი სარწმუნოებასა მას მენავეთასა, ჴმაყვეს: „ჭეშმარიტად წარმართთა ზედა მოვიდა კურთხევაჲ ქრისტესი.“ და აყუედრებდეს უმადლოსა მას ნათესავსა ჰურიათასა და იტყოდეს: „რაჲსათჳს განიშორე ცხორებაჲ შენი, სახლო ისრაჱლისაო, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ღმერთი ჭეშმარიტი, განჴორციელდა და მოვიდა ჴ(ს)ნად შენდა და შენ არა ინებე შეწყნარებაჲ ცხორებისაჲ.“ და წმიდამან პეტრე ჴელი გ(ა)ნუყარა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ უფლისაჲ თქუენ თანა, ძმანო, კეთილად აბრალობთ მათ, რამეთუ უფალიცა ჩუენი იესუ ქრისტე თჳსითა პირითა მრავალსა ასწავლიდა მათ და მრავალთა იგავთა წინაუყოფდა, არამედ იგინი ნეფსით დაბრმ(დ)ეს და ვითარცა ლიტონსა კაცსა, ხედვიდეს მას. რამეთუ დაივიწყნეს სიტყუანი იგი წინაწარმეტყუელთანი და განცჳვეს გზისა მისგან წრფელისა. ვითარცა-იგი პირველ პატივსცეს ჴბოჲსა თავსა მას, რომელსაცა თაყუანის სცეს. ეგრევე აწ იგივე საბურველი არს გულსა ზედა მათსა და ბრმა არიან გონებითა და ჴბოჲსა თაყუანისმცემელთაგანნივე არიან, [220v] რამეთუ სხუათაცა მრავალთა კერპთა ჰმონეს. და დაუკლნეს შვილნი მათნი ეშმაკთა და შეიბილწნეს ყოვლითა ბილწებითა. და აწ იტყჳან, ვითარმედ: „ერთსა ღმერთსა ვჰმსახურებთ.“ არამედ არა არს ნაწილი მათი ღმრთისა თანა, ვინაჲთგან მაცხოვარი იგი ჭეშმარიტი ჯუარს აცუეს. არამედ მიცემულ არიან ჴელთა ეშმაკისათა, რომელნიცა ეგნენ მათსა მას საცთურსა. ხოლო რომელნი მოიქცენ ქრისტესა და ისმინენ სიტყუანი ქადაგებისა ჩუენისანი, არა განიშორნეს იგინი უფალმან, რამეთუ განღებულ არს კარი წყალობისა მისისაჲ ყოველთათჳს, რომელნი მოიქცენ მისსა, გინა ჰურიანი, გინა წარმართნი, ყოველთა შეიწყნარებს.“ ესევითარი მრავალი ასწავა ნეტარმან პეტრე ერსა მას და განუტევნა იგინი. და ხვალისა დღე შემოკრბა სიმრავლე უძლურთაჲ გარემოჲს ქალაქებისაჲ და დაბნებისაგან. იხილეს რაჲ მოციქულთა სიმრავლე იგი უძლურთაჲ, უბრძანეს მოწოდებაჲ მენავეთაჲ მათ, რაჲთა ხედვიდენ მადლსა მას ქრისტესსა და ძალსა მისსა. მოვიდეს მენავენი იგი, დადგეს ადგილსა ერთსა და ხედვიდეს ს(ა)სწაულთა მათ ქრისტესთა, რომელთა იქმოდა ჴელითა მოციქულთაჲთა. მაშინ მოუჴდა პეტრე უძლურთა მათ და ყოველნივე შეხებითა ოდენ ჴელისაჲთა და სახელისდებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განკურნა. და კუალად მოუჴდა ეშმაკეულთა მათ, დაიდგნა მუჴლნი ნეტარისა პავლეჲს თანა და ილოცეს უფლისა მიმართ. და ჰრქუა პეტრე სულთა მათ არაწმიდათა: „სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა გიბრძანებ სულთა მაგათ არაწმიდათა განსლვად კაცთა ამათგან და არღარა შესლვად მათდა!“ ესე რაჲ ესმა ეშმაკთა მათ, დააკუეთნეს კაცნი და განვიდეს [221r] მათგან. და განწმდეს სენთა მათგან და სულთა არაწმიდათა ერნი იგი. ამას ყოველსა ხედვიდეს რაჲ მენავენი იგი, ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან ღირსყვნა იგინი განთავისუფლებად მონებისა მისგან კერპთაჲსა. ამისსა შემდგომად მოუწოდა ნეტარმან პეტრე მენავეთა მათ და შემოკრიბნა ყოველნი მოწაფენი. და აღასრულეს გალობაჲ წმიდისა მოციქულისა პავლეს თანა და აზიარეს ყოველთა უხრწნელთა და ცხოელსმყოფელთა ქრისტეს საიდუმლოთა. და ვითარცა აღასრულა წმიდაჲ ჟ(ა)მისწირვაჲ, უბრძანა ერსა მას დაჯდომაჲ. და მოიღო პური, განტეხა და მისცა მათ წესისაებრ, რომელ აქუნდა. და იწყო სწავლად მათდა და ეტყოდა: „შვილნო საყუარელნო, ღმერთმან სახიერებითა თჳსითა და მრავლითა წყალობითა არარაჲსაგან ყოველივე არსად მოიყვანა და ქმნა დასაბამად ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუ(ა)ნი და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, მშჳნვიერნი და მცენარენი, დიდნი და მცირედნი, ყოველნივე სიტყჳთა შექმნა და ყოველივე კეთილი ფრიად. ხოლო კაცი შექმნა ჴელითა თჳსითა ხატად თჳსა და მსგავსებად. და მერმე გუერდისაგან მისისა უქმნა დედაკაცი შემწედ მისსა. და დაასხა სამოთხე ედემს აღმოსავალისასა და მუნ დააწესა კაცი იგი ქმნული ჴელთა მისთაჲ, რაჲთა სცვიდენ მას და ჭამდენ მისგან და იყვნენ უხრწნელებით. და მისცა მათ მცნებაჲ ჭ(ა)მად ყოველთაგან ხეთა სამოთხისათა, გარეშე ერთისა. ხოლო ეშმაკსა ესმა რაჲ მცნებ(ა)ჲ იგი ღმრთისაჲ, რომელი მისცა ადამს, და ვითარ-იგი უფროჲს ყოველთა დაბადებულთა პატივსცა მას, შურდა პატივი მისი ბოროტსა მას. და ეზრახა გუელისა მიერ დედაკაცსა მას და მის მიერ აცთუნა ადამ ჭამად ხისა მისგან, რომლისა უბრძანა [221v] ღმერთმან არაჭამად. ამისთჳს ექსორია იქმნა იგი სამოთხისაგან და ოფლითა პირისა მისისაჲთა დაესაჯა ჭამად პურისა და მიქცევაჲ მიწადვე, ვინაჲცა დაებადა. და დედაკაცსა მას მიეცა სამხილებელად ურჩებისა მისისა სალმობით და მწუხარებით შობაჲ და გუელსა უბრძანა რისხვით მკრდითა და მუცლითა სლვაჲ. და ყოველი იგი ბრძანებ(ა)ჲ მეუფისაჲ აღესრულა. ხოლო ადამ დაემკჳდრა წინაშე სამოთხისა და იცნა ცოლი თჳსი და შვა კაენ და აბელ. და არცა მათ ზედა დაიდუმა ეშმაკმან ღონეთა თჳსთა მოღებად. არამედ იყო რაჲ კაენ ქუეყანის მოქმედ და აბელ მწყემს ცხოართა და მოიწია რაჲ შეწირვად ღმრთისა პირველთა მათ, კაენმან პირველ შეწირვისა უმჯობესი იგი ჭამა და მერმეღა შეწირა ღმრთისა. ამისთუისცა შეუწირველ იყო მსხუერპლი მისი. ხოლო აბელ მოიღო პირმშოთაგან საცხოვართა თჳისთაჲსა, შეწირა ღმრთისა და შეიწირა იგი უფალმან. ამისთჳს შური აღიღო კაენ აბელისი განზრახვითა ეშმაკისაჲთა და მოკლა იგი ველსა გარე. მიერითგან მიზეზი და ძალი მიიღო ცოდვამან ურჩებისაგან. და პირველად ქმნა ძმის მკლველობაჲ და ესრეთ დღით(ი)დღედ წარემატებოდა, განმრავლდებოდეს რაჲ კაცნი, ყოველივე ბოროტი ასწავა მათ და პირუტყუთა მიმსგავსებულ ყვნა. ამისთჳს დაუტევეს ბუნებითი იგი წესი დედათაჲ და მამანი მამათა თანა სირცხჳლსა მას იქმოდეს და ღმერთი სრულიად დაივიწყეს. ამისთჳსცა აღჰმართნეს კერპნი უსულონი ძელისა და ქვისანი, რომელთა [222r] ცა ღმერთად სახელსდვა ეშმაკმან და თაყუანისმცემელ მ(ა)თდა ყვნა კაცნი. ხოლო სახიერმან ღმერთმან იხილა რაჲ ესევითარი ხრწნილებ(ა)ჲ კაცთაჲ და სიბოროტე, მოავლინა წყლითრღუნაჲ და აღჴოცა ყოველი ნათესავი კაცთაჲ. და ერთი ხოლო კაცი პოა ნათესავსა მას შინა, სახელით ნოე, რომელსაცა უბრძანა ქმნად კიდობანი ძელისაჲ და შესლვად მას შინა ცოლითურთ და შვილით და ყოველთაგან ცხოვე(ლ)თა, რაჲთა დაშთეს თესლი ქუეყანასა ზედა. ხოლო შემდგომად წყლითრღუნისა, გამოვიდა რაჲ მართალი იგი ქუეყანად, კუალად იწყო ეშმაკმან თჳსთა მახეთა განფენად და პირველად ძე მართლისაჲ მის ყო შემასმენელ მისა. და მერმე განმრავლდებოდეს რაჲ კაცნი ქუეყანასა ზედა, თჳსთა მათ გულარძნილებათა და ღუარძლთა არა დასცხრებოდა თესვად მათ შორის, ვიდრემდის ყვნა კუალად გონება ცთომით. და იწყეს მოპოვნებად გრძნებათა და მისნობათა ვასკულავთმრაცხველობათა, საზმნეთა და სასიზმრეთა და მფრინველთა მისნობასა და მუცლითმეზღაპრებასა. ესე ყოველი რაჲ აქმნია ბოროტმან მან მუშაკთა მათ თჳსთა, მერმე კერპთა საცთურიცა შთასთესა და აქმნია გამოქანდაკებულნი ძელისა და ქვისა, ოქროჲსა, ვეცხლისა და რვალისანი, რომელნი აღმართნეს და უზორვიდეს მათ გონებაცთომილნი იგი. და ღმერთად სახელსდებდეს მოძღურებითა ეშმაკისაჲთა, რომელმან ესევითარი იგი საცთური ასწავა მათ. და ღმერთი, ყოველთა დამბადებელი, სრულიად დაავიწყა. ხოლო ესევითარსა მას ნათესავსა შორის გამოჩნდა აბრაჰამ [222v] მართალი, რომელმან შეიყუარა ღმერთი მაღალი და მას ჰმონებდა და ბრძანებათა მისთა შეუდგა. ამისთჳსცა მოსცა ღმერთმან შვილი ჟამსა სიბერისა და ბერწობისასა უაღრეს უსასოებისა. და ამისსა შემდგომად გამოსცდიდა ღმერთი მართალსა მას. და უბრძანა საყუარელისა მის შვილისა დაკლვაჲ და შეწირვად მისა. ხოლო აბრაჰამ, ვითარცა ჭეშმარიტად მეგობარმან ღმრთისამან, გულსმოდგინედ აღიყვანა შვილი თჳს(ი) შეწირვად. არამედ ღმერთმან მოსცა ვერძი ისაკის წილ, ძისა მისისა, და უბრძანა აბრაჰამს ვერძისაჲ მის დაკლვად და არა ისაკისა. და შეერაცხა მას საქმე იგი სიმართლედ. ამისთჳსცა აკურთხა იგი უფალმან ღმერთმან ფრიად და „მამად მრავალთა წარმართთა“ უწოდა მას. მრავალნი უკუე მეფენი აღადგინნა ეშმაკმან შეწუხებად მართლისა მის და ყოველთა იჴსნა იგი უფალმან. და აღესრულა სიბერითა კეთილითა. ხოლო ისაკისგან იშვა იაკობი და მისგან ათორმეტნი ძენი. და შთავიდეს იგინი ეგჳპტედ იოსების თანა და ფრიად განმრავლდეს მუნ. და მიერ გამოიყვანნა იგინი ღმერთმან ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა მოსეს მიერ და აჰრონისა. და წი(ა)ღვლეს ზღუაჲ მეწამული და უდაბნოჲ იგი დიდი. და მერმე ისუს მიერ ნავესისა შემოიყვანნა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვინაჲ-იგი დაეშენნეს, ვიდრემდის აღადგინა ღმერთმან დავით მეფე, კაცი გულითადი მისი. და შემდგომითი შემდგომად წინაწარმეტყუელნი და მართალნი და ესე ყოველნი წმიდანი: აბელ, სეით, ენოს, ენუქ, ნოე, აბრაჰამ, ისაკ, იაკობ, იოსებ, მოსე, აჰრ(ო)ნ, ისუ, დავით და სხუანი ყოველნი წინაწარმეტყუელნი მადლითა სულისა [223r] წმიდისაჲთა მოასწავებდეს და ქადაგებდეს მო(ს)ლვასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელიცა მოვიდა აღსასრულსა ჟამთასა მოძიებად წარწყმედულისა მის ნათესავისა კაცთაჲსა, რომელი ვერვინ წმიდათაგანმან იჴსნა საცთურისა მისგან მტერისა. მოვიდა თავადი უფალი, მეუფე ყოველთაჲ იშვა ქალწულისაგან წმიდისა უთესლოდ და ყოვლითურთ გუემსგავსა ჩუენ თჳნიერ ცოდვისა. ხოლო უბადრუკთა ჰ(უ)რიათა მაცხოარი იგი ყოველთაჲ არა შეიწყნარეს, არამედ ანტაკრად წინააღუდგეს, ვიდრემდის ჯუარს აცუეს საშჯელითა სიკუდილისაჲთა და ყოველივე ძჳრი აჩუენეს მას. ხოლო მან [ნ]ეფსით თავსიდვა ჩუენთჳს, რაჲთა წყლულებითა მისითა განმკურნნეს ჩუენ. ჯუარს ეცუა და მოკ(უ)და ბუნებითა მით კაცობრივთა ჴორცთაჲთა, ხოლო ღმრთეებითა უვნებელ არს და უკუდავ არს. დაეფლა სამარესა და წარმოტყუენა ჯოჯოხეთი, აღდგა მესამესა დღესა განუხრწნელად და თანა აღადგინა ბუნებაჲ ჩუენი, დაძუელებული ჯოჯოხეთს შინა. და ორმეოც დღე იქცეოდა ჩუენ შორის და მეჩუენებოდა ჩუენ, ვითარცა ჯერუჩნდა. მერმე ამაღლდა მ(ა)მისა ზეცად, ვინაჲ-იგი არასადა განეშორა, და თანააღიყვანა ბუნებაჲ კაცთაჲ. და მომივლინა ჩუენ სული წმიდაჲ და მიბრძანა ნათლისცემად ყოველთა წარმართთა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და მოსლვად არს კუალად განშჯად ცხოელთა და მკუდართა და მიგებად კაცად-კაცადისა საქმეთა მისთაებრ. რომელთაცა უკუე ჰრწმენეს მისი და მცნებანი მისნი დაიმარხნენ, მისცემს მათ სასუფეველსა ცათასა, ხოლო რომელნი ურწმუნოებასა შინა ეგნენ [223v] და საქმეთა ბოროტთა, გეჰენიასა ცეცხლისასა დაისაჯნენ მიუკუე. აწ უკუე, შვილნო ჩემნო უფლისა მიერ, რომელნი ღირს იქმნენით წოდებად მონად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, მცნებანი მისნი დაიმარხენით და მშჳდობაჲ გაქუნდინ მარადის, სიყუარული ღმრთისა მიმართ და ურთიერთარს სარწმუნოებითა მართლითა წმიდისა სამებისაჲთა, გლახაკთ მოყუარებაჲ, უცხოთა შეწყნარებაჲ, მოწყალებაჲ ნუ კაცთა საჩუენებელად, რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: „ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რომელსა ჰყ(ო)ფდეს მარჯუენაჲ შენი.“ ძმათა მიმართ ნუ ხართ მრისხანე, ნოცა ძჳრისმოჴსენე, ნუცა ვეცხლისმოყუარე, რაჲთა აღორძნდეს ნერგი მადლისაჲ, თქუენ შორის დანერგული. და განბრწყინდეს მოძღურებაჲ სამწყსოჲსა თქუენისაჲ, რამეთუ მრავალნი განსაცდელნი აღგიდგინნეს თქუენ ეშმაკმან, არამედ ვერ გერეოდის თქუენ, უკუეთუ იპოვნეთ შეჭურვილ ღმრთისმსახურებითა. სიძვაჲ და ყოველივე არაწმიდებაჲ, ანგაჰრებ(ა)ჲ და ცრუ წამებაჲ შორს ყავთ თქუენგან. იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა ღმერთმან მშჳდობისა და სახიერებისამან ღირსგყვნეს პოვნად წყალობისა სასუფეველსა მისსა.“ ამათ სიტყუათა რაჲ ეტყოდა ნეტარი მოციქული ქრისტესი, აღივსნეს გულნი მის ერისანი სიხარულითა და ლმობიერებითა. ხოლო წმიდამან პეტრე განიყვანა თჳსაგან ნეტარი პავლე მოციქული. და წინაშე მისსა მოუწოდა ბაგრატს და მარკიანეს და ჰრქუა მათ: „შვილნო, მადლი იგი მოციქულებისაჲ ამიერითგან მოცემულ არს თქუენდაცა, ვითარცა-ესე ჩუენდა, სულნი იგი კაცთა მათ მყოფთანი ქალაქთა [224r] მათ შინა, ვინაჲცა მიივლინებით თქუენ, და რწმუნებულ არიან მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. ესერა, ყოველივე წესი და განგებაჲ ქრისტეანობისაჲ მისწავიეს თქუენდა. განეკრძალენით უკუე სამწყსოჲსა მის თქუენისათჳს, რამეთუ, უკუეთუ მწყემსი უდებ არნ და უზრუნველად სძინავნ, მჴეცთა და მპარავთა წარიტაცნენ ცხოარნი, ხოლო იღჳძებდეს თუ და ზრუნვიდეს ცხოართათჳს, განმრავლდენ იგინი. ეგრ(ე)თ არს მწყსაჲცა სულთაჲ, რომელთაცა მიუღებიეს უღელი იგი ებისკოპოსებისაჲ. უკუეთუ ებისკოპოსი ცოდვიდეს, მოძღურებასა ქუეშე მისა მყოფთა ვითარ არგოს, ანუ რისხვისაგან მომავ(ა)ლისა ვითარ გამოიჴსნნეს იგინი, არათუ აქუნდეს კადნიერებაჲ დადგომად წინაშე ღმრთისა? რამეთუ, დაღაცათუ ყოველნი იგი ქალაქსა მას შინა მყოფნი შთაცჳენ ცოდვასა, უკუეთუ იგი წმიდა იყოს, ითხოოს ყოველთათჳს შენდობაჲ, ვითარცა ჰყოფდა მოსე ერისა მისთჳს. უჴმს უკუე ებისკოპოსსა სიწმიდითა და მარხვითა შემკულებაჲ და ყოვლისავე სოფლიოჲსა საქმისა და წარმავალისა შორს ყოფაჲ და ღმრთისა შემშჭუალვაჲ გონებისაჲ, რაჲთა ოდეს შეცოდებულთათჳს შეწიროს სულთქუმით ვედრებ(ა)ჲ, შეუძლოს შენდობისა მოღებად შეცოდებულთაჲსა. ამისთჳს უკუე ნუ მისცემთ თავთა თქუენთა ზრუნვათა მსოფლიონთა, არამედ საჴმარსა მ(ა)ს საჭიროსა მნეთა მიერ და განმგებელთა მოირ(ე)წდით და თქუენ მარადის ფსალმუნითა და გალობითა სულიერითა [224v] ჰმსახურებდით უფალსა, რაჲთა ოდეს რისხვაჲ რაჲმე მიშუებითა ღმრთისაჲ მოვიდეს სამწყსოსა ზედა თქუენსა და ევედრნეთ უფალსა, ვითარცა მეგობართა გერჩდეს თქუენ და შეუნდვნეს ბრალნი ერისანი და გარე მიაქციოს გულისწყრომაჲ მისი. ხოლო მწყემსი იგი უკუეთუ არა იყოს უბიწოჲ და მეგობარი ღმრთისაჲ, ვინ მოწყალე ყოს ღმერთი ერისა მისთჳს? ვერ ჴელეწ(ი)ფიბის უკოე მონებაჲ კაცთაჲ და ღმრთისაჲ. ცილისწამებასა ადვილად ნუვისთჳს შეიწყნარებთ და უფროჲსღა მღდელთათჳს, არამედ უკუეთუ ბრალეულცა იყოს, ნუ სიფიცხლით ზედა დაუჴდებით მას. არამედ სიტკბოებით ამხილეთ, შეჰრისხენით, ნუგეშინის ეცით, რამეთუ მე, პ(ე)ტრე, ვჰკითხე უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს შიშით ძმათათჳს: „უკუეთუ შემცოდოს მე ძმამან ჩემმან ვიდრე შჳდგზის, შეუნდოა?“ და მრქუა მე უფალმან: „არა გეტყჳ შენ შჳდგზის, არამედ სამეოცდაათ შჳდგზის.“ ესრეთ უკუე ჰყოფდით თქუენცა! ხოლო მსახურთა ეკლესიისათა დაუდგინეთ უხუცესი და ხუცესთა - ხუცესთ მთავარი და დიაკონთა - მთავარდიაკონი და სხუათა საქმეთა ეკლესიისათა - მნე სარწმუნოჲ. და აღაშენნეთ რაჲ ეკლესიანი, აღჰმართეთ მას შინა სახე პატიოსნისა ჯუარისა და გამოსახენით საქმენი უფლის ჩუენისა იესუ ქრისტესნი.“ და მოიხუნა მაგალითნი იგი და გამოსახულნი იოსების მიერ მხატვრისა. და უბრძანა გამოსახვად სხუათა ზედა ქარტ(ა)თა და ეტყოდა: „მაგას წესსა ზედა შეამკობდით ეკლესიათა, გამოსახეთ ხარებაჲ გაბრიელისი ქალწულისა მიმართ, შობაჲ უფლისაჲ, ნათლისღებაჲ იოვანესგან, შეწყნარებაჲ მოწაფეთაჲ, სასწაულნი მისნი, განცემაჲ იუდაჲსი, [225r] ჯუარცუმაჲ, დაფლვაჲ, აღდგომაჲ და აღმოყვანებ(ა)ჲ ადამისი ჯოჯოხეთით და ამაღლებაჲ, რაჲთა ხედვიდენ ერნი წესისა ამის ხატებასა და ჴსენებად მოვიდოდიან ქრისტეს განკაცებისა. და განახლდებოდის მათ შორის დღითი-დღე სარწმუნოებაჲ და სიყუარული ქრისტესი. აჰა ესერა, ყოველი წესი ცხორებისაჲ მისწავიეს თქუენდა.“ ესე ყოველი და სხუაჲ ესევითარი მრავალი ჰრქუა მათ. და მოიღო პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და მენავეთა მათ, ეგრეთვე ბარძიმი იგი სასმელისაჲ. და აღასრულეს გალობაჲ და მომიკითხნა ყოველნი. და მისცა ბაგრატს და მარკიანეს ორნი ჯუარნი, რომელნი გამოეთალნეს მას ძელისაგან ნაძჳსა, და ქარტანი იგი გამოხატულნი და ბარძიმი-ფეშხუემი წმიდისა ჟამისწ(ი)რვისაჲ ორი. და შთავედით ყოველნი ზღჳსპირად. და ამბორსუყვეს ურთიერთარს ნეტართა მათ ანბორისყოფითა წმიდითა. და შევედით ნავად კაცად-კაცადი თჳსსა ნავსა: ნეტარი მარკიანე ნავსა მას რომილესსა და წმიდაჲ ბაგრატ და მე მის თანა _ ნავსა ლუკაონიდესსა, რომელსა ეწოდა ეპიფანე. ხოლო ბრძანებითა ღმრთისაჲთა აღდგა ქარი იგი ჩრდილოჲსა, რომელსა „ბორია“ ეწოდების. და სამ დღე და სამ ღამე ზოგად ვიდოდეს ნავნი იგი. და განგებითა ღმრთისაჲთა მიეახლნეს ურთიერთას ნავნი იგი მეოთხესა დღესა განთიად. და იხილეს ნეტართა მარკიანე და ბაგრატ ურთიერთარს და მოკითხვ(ა)ჲ სიტყჳთა მშჳდობისაჲთა მისცეს. და მეყსეულად განგუეშორა ჩუენ ნავი იგი და მიჰმართა ქალაქად თჳსად. ხოლო შემდგომად განშორებისა მისისა ვლეთ სხუაჲღა ორი დღე და ორი ღამე. და მივიწიენით ჭალაკად სიკილიისა, ადგილსა, რომელსა „ფალკონ“ ეწოდების. ხოლო იყო ადგილი იგი საკერპოჲ [225v] ეშმაკთა სამკჳდრებელ, რამეთუ ადგილი იგი პირველ ყოფილ იყო მტილი ფალკონილაჲსი, დედისა ფალკონისი, ასულის წულისა მენიაჲსი, ტავროჲს ცოლისა. იგი უკ(უ)ე ფალკონილა იყო გონიერ და ქმნულკეთილ ფრიად, ვითარცა იპოა წერილსა საქმისა პირველთა მათ კაცთაჲსა, ვიდრეღა ცნობიერებისა და სიკეთისა მისისათჳს. მრავალნი ძღუენსა მოართუმიდეს ფრიადსა, რაჲთამცა ოდენ იხილეს იგი. შვა მან ძე და უწოდა სახელი მისი „ფალკონ“, შემსგავსებულად თჳსისა სახელისა. და იქმნა ყრმაჲ იგი მაგებელ და ჴე(ლ)მარჯუე და შუენიერ ხილვითა. და შთავიდა განფრთხობად მტილსა მას. და დაეცა მეყსა შინა და მოკ(უ)და და დაჰმარხეს მტილსა მას შინა. და აღაშენეს მუნ ტაძარი, შემკობილი მამულისა მის მისისა საფასისაგან. და აჰმართეს სამარესა მას ზედა კერპი ქვისაჲ, გამოქანდაკებული, რომელსაცა სახელსდვეს „ფალკონ ღმერთი.“ და დაუკლნეს მას სამნი ჭაბუკნი და სამეოცდაათცამეტი ჴბოჲ ჩჩჳლი. და დაიმკუიდრეს მუნ ეშმაკთა მიერ დღითგან. და წლითი-წლად ესევითარსა მას საზორავსა ეძიებდეს - სამთა მათ ჭაბუკთა და სამეოცდაათცამეტსა ჴბოსა. ხოლო ჩუენ გან-რაჲ-ვედით ნავისაგან ჴმელად, დაასვა ნეტარმან ბაგრატ კუ(ე)რთხი იგი ჯუარისაჲ ქუეყანასა და აღასრულა ლოცვაჲ. მაშინ ეშმაკთა მათ, რომელნი იყვნეს კერპსა მას შინა, იწყეს გოდებად და ძრვად კერპისა მის და იტყოდეს: „ჵ, ღმერთო ფალკონ, ძეო ფალკონიაჲსო, ცეცხლი მოვიდა შემწველად [226r] შენდა და ამიერითგან ტყუე ხარ, ძემან ღმრთისამან, ქალწულისა მარიამისგან შობილმან, მახჳლი ცეცხლისაჲ მოავლინა აქა პეტრეს მიერ, რომლისა ელვამან განაბრწყინვა ადგილი ესე და ჩუენ შეგუაძრწუნა. ჵ, ლუკაონიდე, ვინ არს, რომელი-ეგე მოიყვანე აქა, ანუ ვითარ არა დაწუა ნავი შენი მსხუერპლისა წილ, რომელსა ჩუეულ იყავ მორთუმად ჩუენდა? ცეცხლი მოიღე, რომელსა არაოდეს მოველოდეთ ხილვად.“ ხოლო დიდმან ბაგრატ გამოსახა ნიში ჯუარისაჲ და ჰრქუა არაწმიდათა მათ ეშმაკთა: „სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა გიბრძანებ სულთა მაგათ არაწმიდათა, რაჲთა დასდუმნეთ და აღჳრ ესხას პ(ი)რთა თქუენთა.“ და მეყსეულად სიტყუასა თანა მისსა დასცხრეს ჴმანი იგი და ოხრანი. ხოლო იყო სანავე ლუკაონიდესი ახლოს ადგილსა მას, ვითარ ქვის სატყ(ო)რც ოდენ, და სახლი, სადა-იგი ჭურჭელი ნავისაჲ შეკრიბის. წარვედით სახლსა მას და განვისუ(ე)ნეთ. ჰრქუა ნეტარმან ბაგრატ ლუკაონიდეს და მენავეთა მისთა: „შვილნო ჩემნო, ნუვინ სცნობნ ჩემსა აქა მოსლვასა, ვიდრემდის უფალმან გამოგუაცხადნეს.“ და წარვიდეს მენავენი ნავად თჳნიერ, მენავეთმოძღუარი ოდენ დაადგრა ჩუენ თანა. მაშინ მრქუა მე ნეტარმან ბაგრატ: „შვილო ევაგრე, აღვიღოთ აწ საჭურველი ჩუენი და მოუჴდეთ უსულოსა მას კერპსა, ფალკონს. და ვიოტოთ ძალითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ყრუჲ იგი და უტყჳ, რომელმან მრავალნი სულნი წარწყმიდნა.“ ესე რაჲ ესმა მენავეთმოძღუარსა მას, ჰრქუა ნეტარსა ბაგრატას: [226v] „მამაო ღმერთშემოსილო, გევედრები, ნუ ესრეთ მოუჴდები არაწმიდასა მას ფალკონს, რამეთუ სულმან ბოროტმან, რომელ არს მის თანა, მრავალნი მოაკუდინნა, და ამისთჳს თჳნიერ შესაწირავისა არავინ იკადრებს მიახლებად მისსა.“ მიუგო ნეტარმან მან და თქუა: „ჩუენ, შვილო ეპიფანე, არა მოგჳღებიეს სული მოშიშებ(ი)საჲ, არცა ვზრუნავთ რას უცნებათათჳს საეშმაკოთა, რამეთუ გუმოსიეს მადლი სულისა წმიდისაჲ. არამედ მოედ შენცა, შვილო, ჩუენ თანა და იხილო დიდებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და წარწყმედაჲ ბოროტისა მის ფალკონისი.“ და აღიღო წმიდამან პატიოსანი და ცხოელსმყოფელი ჯუარი და ხატი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და წმიდისა მოციქულისა პეტრესი. და მივედით რაჲ კერპისა მის, მიეახლა და სცა მას წმიდამან ბაგრატ. და არა იყო ჴმაჲ, არცა სიტყუაჲ, არცა იპოებოდა ზახებაჲ იგი ეშმაკთაჲ. ხოლო მენავეთმოძღუარი იგი შორით დგა და მოელოდა, რაჲ-ძი იქმნას, რამეთუ ჰგონებდა მოკუდომად ჩუენდა. ხოლო ნეტარმან ბაგრატ მოიდრიკნა მუჴლნი აღმოსავალით კერძო და განიპყრნა ჴელნი ზეცად და თქუა: „უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, სიბრძნეო და ძალო და ხატო უცვალებელო მამისაო, ნათელო ნათლისაგანო, ღმერთო ჭეშმარიტო, მხოლოდშობილო ძეო და სიტყუაო მამისაო, რომელი იშევ ქალწულისაგან სულისა მიერ წმიდისა, მომიჴსენე მე ჟამსა ამას, რამეთუ შენ, მეუფეო, ხატითა ღმრთეებისაჲთა იყავ და ხატი მონებისაჲ შეიმოსე. შენ გევედრები, მეუფეო სახიერო და ქველისმოქმედო, მოავლინე ჩემ ზედა მადლი შენი და დამფარენ მე სულმან შენმან წმიდამან დღესა ბრძოლისასა, რამეთუ, ესერა, [227r] უფალო, მოწევნულ არს ჩემ ზედა ბრძოლაჲ ეშმაკთაჲ, რომელნი-იგი ისწრაფიან დაბადებულთა შენთა წარწყმედად თავთა თჳსთა თანა. არამედ გევედრები შენ, უფალო იესუ ქრისტე, რომელი ჩუენისა ცხორებისათჳს გარდამოჰჴედ ქუეყანად, მოჰფინე ნათელი შენი გულთა კაცთა ამათ ამის ქალაქისათა და ჩუენ მოგუეც სიტყუაჲ აღებასა პირისასა, რაჲთა ვხადოდით მადლსა სულისა შენისა წმიდისასა. და მიუთხრობდეთ ერსა ამას საკჳრველ(ე)ბათა შენთა. ხოლო არაწმიდაჲ ესე სული, რომელი ამას ადგილსა მკჳდრ არს და აცთუნებს დაბადებულთა შენთა და განაშორებს მათ შენგან, წარწყმიდე ყოვლითურთ ძალით მისით, უფალო იესუ ქრისტე, რამეთუ შენდა გ(შ)უენის დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამენ!“ და აღასრულა რაჲ ლოცვაჲ, მი(ე)ახლა კერპსა მას და ჰრქუა: „ფალკონ, ცოფო და უცნობოო, რასა იქმ აქა, ანუ რავდენი წელი არს, ვინაჲთგან დაბადებულთა ღმრთისა ჩემისათა აცთუნებ, რაჲთა შენდა შეწირონ შესაწირავი ღმრთისა წილ დამბადებელისა? გიბრძანებ ს(ა)ხელითა ქრისტესითა, მეტყოდე მე!“ მაშინ სულმან მან არაწმიდამან ჴმაყო კერპით გამო და თქუა: „მონაო ღმრთისაო, არს ორას სამეოცი წელი, ვინაჲთგან აქა დავემკჳდრე და წლითი-წლად მოვიღებ მსხუერპლად სამთა ჭაბუკთა და სამეოცდაათცამეტსა ჴბოსა ჩჩჳლსა და მრავალნი მომიკჳდინებიან. ხოლო აწ ტყუე ვარ შენ მიერ და შემწენი ჩემნი და მოყუასნი აღჳრსხმულ არიან და შეძრწუნვებულ ვართ, რამეთუ ცეცხლი შენგან გამოვალს და დამწუავს ჩუენ.“ [227v] ესე რაჲ ესმა წმიდასა ბაგრატს, გამოვიდა ტაძრისა მისგან და თქუა ჴმითა მაღლითა: „თქუენ გეტყჳ, სულთა მაგათ არაწმიდათა, და გაფუცებ სახელსა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, რაჲთა შემოჰკრბეთ ყოველნი, რომელნი ამას ადგილსა დამკჳდრებულ ხართ. და უპყრათ ყრუსა მას და უსულოსა ფალკონს და შთააგდოთ ზღუ(ა)სა ოცდაათ უტევან. და თქუენ ყოველნი იყვნეთ მის თანა უფსკრულსა მას შინა ვიდრე დღემდე დიდისა მის ს(ა)შჯელისასა.“ და მ(ე)ყსეულად სიტყუასა მას ზედა იქმნა ოხრაჲ ფრიადი. და ვიხილეთ სიმრავლე დიდი ყორანთაჲ და ორბთაჲ. და აღფხურეს ტაძარი იგი კერპითურთ ფალკონისით და შთაჰჴადეს ზღუად. და გუესმა ჴმაჲ ზღუასა შინა შთავრდომისა მისისაჲ. და იქმნა ადგილი იგი ყოვლითურთ შეუმსგავსებელ, ვიდრეღა ვერ საცნაურ იყო, სადა დგა კერპი იგი, ანუ ტაძარი. ხოლო ლუკაონიდე, რომელსა ეწოდა „ეპიფანე“, იხილა რაჲ საკუირველებაჲ იგი, ადიდ(ე)ბდა უფალსა ღმერთსა ჩუენსა იესუ ქრისტესა განკურვებული. ხოლო ღამე იყო, ოდეს ესე იქმნა და მეყსეულად მოვიქეცით სახლსა მას, სავანესა ჩუენსა. და აღვასრულეთ გალობაჲ ცისკრისაჲ. და ვითარცა განთენა, ჰრქუა მენავეთმოძღუარმან მან ნეტარსა ბაგრატს: „მამაო ღმერთშემოსილო, მიბრძანე, რაჲთა წარვიდე ქალაქად ონიფანტე მთავრისა მის ჩუენისა და ავრილიანოს ქალაქპეტისა, რამეთუ ჩუეულებაჲ მაქუს, ოდეს გზით მოვიდი, მივართუ მათ ძღუენი.“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „წარვედ, შვილო, მშჳდობით და ეკრძალე, რაჲთა ვერვინ [228r] უძლოს განყენებად შენდა სიყუარულსა ქრისტესა. არამედ მტკიცე იყავ სარწმუნოებასა ზედა, რომელი-იგი მიგიღებიეს.“ ხოლო მან მიიღო ლოცვაჲ და წარვიდა. და თანაწარიღო ძღ(უ)ნად მთავრისა ექუსი ტაბასტი რჩეული ასიანური და ოცდაათი კოკაჲ ზეთი კრიტური და ოცდაათი კოკაჲ ღჳნოჲ ნოსაური. და სხჳსა მიერ მონისა თჳსისა მიუძღუანა ქალაქპეტსა მას ავრილიანოს, რაჲ-იგი ჯერუჩნდა. ხოლო მი-რაჲ-ვიდა მთავრ(ი)სა ვონიფანტესსა, პოა იგი მიინაჴეთა მისთა თანა მჯდომარე ტაბლასა. იხილა რაჲ მთავარმან ლუკაონიდე, შეიწყნარა იგი კეთილად და ძ(ღ)უენი იგი მისი შეიწირა წადიერად და უბრძანა ტაბლასა მისსა დაჯდომად. ხოლო აღდგეს რაჲ ტაბლისაგან, აღვიდა ვონიფანტე მთავარი ერთისა თანა მეგობრისა თჳსისა ქორსა მას სასუენებელსა თჳსსა. და აუწოდა ლუკაონიდესცა და უბრძანა დაჯდომად. და იწყო კითხვად მისა ასიისათჳს და ლაკედემონისა და კერძოთა მათთჳს აღმოსავალისათა მთავართა მათთჳს და სპაჲსპეტთა, თუ ვითარ-ძი არიან, ანუ ვითარ იქცევიან. მიუგო ლუკაონიდე და ჰრქუა მას: „ყოველივე აღმოსავალისა კერძოჲ, უფალო ჩემო, მშჳდობით და კეთილად არს, რამეთუ მიეფინა მათ მშჳდობაჲ დიდისა ღმრთისაჲ. და აცხოვნებს ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს მისი. და ყოველივე შფოთი დაადუმა ჭეშმარიტმან მან ღმერთმან.“ ჰრქუა მას მთავარმან: „და რომელი ღმერთი შემძლებელ არს უფროჲს ჩუენთა ამათ ღმერთთა?“ მიუგო ლუკაონიდე და [228v] ჰრქუა მას: „ისმინე, მთავარო ბრწყინვალეო, ღმერთი ჭეშმარიტი და ყოვლისავე შემძლებელი იესუ ქრისტე არს უფალი იგი ყოვლისაჲ და შემოქმედი ცისა და ქუეყანისა და ზღჳსა, რომელი განანათლებს ყოველსავე სოფელსა სამარადისოჲთა, რომელმან მოიძივნა წარწყმედულნი ცხოვარნი და შეიკრიბნა თჳსა მას ბაკსა, რამეთუ დაცხრომილ არს საც(თ)ური კერპთაჲ და სიბოროტენი გრძნებათა და მისნობათა და სიზმართანი. არღარა არს დაკლვაჲ შვილთაჲ ეშმაკთა წინაშე ბილწთა, არამედ მსხუერპლი ქებისაჲ შეიწირვის და მსახურებაჲ სიტყჳერი ღმრთისა ცხოელისა და ჭეშმარიტისაჲ.“ ესე რაჲ ესმა ვონიფანტეს, განკჳრვებულ იქმნა და ჰრქუა მას: „რაჲ არს სიტყუაჲ ეგე, საყუარელო, რამეთუ არღარა სადა მასმიეს ესევითარი, ვითარ-ეგე შენ იტყჳ? კეთილადღა წარმომითხარ მე და გულისჴმა მიყავ სიტყუაჲ ეგე.“ და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, პირველ სიტყჳსა დაწყებამდე ლუკაონიდესა, აჰა ესერა, მოიწინეს ქურუმნი იგი ფალკონისნი, რომელნი ჴმითა წრტიალითა გოდებდეს და იტყოდეს: „ჵ, მთავარო, დიდებულო ნახპეტო, ქალაქთა მაშენებელო, საკუთარო დიდთა ღმერთთაო, რასა გძინავს და მოწევნულსა ამას ბოროტსა არა იკითხავ?“ ესმა რაჲ ესევითარი იგი ამბოხებ(ა)ჲ, განავლინა წინაშე მდგომარენი მონანი ცნობად, თჳ რაჲ-ძი არს საქმე იგი. და არარაჲ მიუგეს. შემოვიდეს და ჰრქუეს: „არარას მეტყჳან ჩუენ.“ მაშინ მთავარმან შეირტყა სარტყელი თჳსი და წარდგა არდაბაკსა მას. ხოლო ერთა მათ იხილის რაჲ იგი, ჴმობდეს: „ჵ, მთავარო დიდებულო, [229r] ქალაქთა მაშენებელო, ბრწყინვალეო ნახპეტო, არა ჰხედავა განსაცდელსა ამას მოწევნულსა ჩუენ ზედა, რომელ-ესე არასადა გარემოჲსთა ქალაქთა მოწევნულ არს ესევითარი? რამეთუ დიდი იგი ღმერთი ჩუენი, ფალკონ, და შუენიერებაჲ ქანდაკებულებისა მისისაჲ უჩინო იქმნა ბომონი იგი და საყდარი იგი ოქროლესული. და ტაძარი იგი დიდი ესრეთ უჩინუ იქმნეს, ვიდრეღა არცათუ ადგილი მისი საცნაურ არს, თუ სადა აღმართებულ იყო.“ ხოლო მთავარი იგი შეპყრუბილ იქმნა განკურვებითა და ჰრქუა მათ: „კაცნო მღდელნო დიდთა მათ ღმერთთანო და წა(რ)ჩინებულნო ქალაქისა ტავრომენისანო, ნუ(უ)კუე საწუნელად შემრაცხნა ჩუენ ღმერთმან ფალკონ და სხუად ქალაქად სათნო იყო წარსლვად. თუ არა, რომელმანმცა ღმერთმან სხუათამან ღმერთთაგანმან უძლო ამისი ქმნაჲ მისდა, რაჲთამცა ესრეთ უჩინო ყო? ნუ(უ)კ(უ)ე საზაფხოლონი იგი მსხუერპლნი არა შესწირენით და მისთჳს მომიძულნა ჩუენ და ვითარცა ვთქუ, სხუად ქალაქად წარვიდა?“ მიუგეს ქურუმთა და ჰრქუეს: „არცა შესაწირავნი დაგჳკლიან, არცა მსახურებად უდებქ(მ)ნილ ვართ. ხოლო რაჲსათჳს ქმნა ესე, არა უწყით. ამისთჳს უკუე ნუ უდებჰყოფ, უფალო ჩუენო, ძიებისა ყოფად და უკუეთუ ვპოოთ იგი სხუასა ქალაქსა, წარვიდეთ, თაყუანისვსცეთ მას. და უკუეთუ გუაუწყოს ბრალი ჩუენი, განვეკრძალნეთ მას და თუ შესაწირავთა იკლებს, შევჰმატოთ, რავდენცა ენებოს.“ ჰრქუა მათ მთავარმან: „წარვედით კაცად-კაცადი სახედ თჳსა და დაყუდენით. ხოლო მე ძიება (ვ)ყო ამის ჯერისათჳს და ღმერთი თუ არს, გამომეცხადოს ჩუენ.“ და იგინი [229v] კუალად ჴმ(ო)ბდეს ერთპირად: „ჵ, მთავარო ვონიფანტე, არა იცნობა დიდსა მას ღმერთსა ფალკონს, ძესა ფალკონილაჲსა? არა უწყია, რაჲვდენი კეთილი მან გიყო შენ და ვითარ აწ ვითარცა უცნაურისათჳს იტყჳ, უკუეთუ ღმერთ არს, გამოცხადნეს?“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა მათ: „გარქუ თქუენ, კაცნო, ვითარმედ დასტურობით ძიება ვყო პოვნად მიზეზი წარწყმედისა მისისაჲ, გინათუ შეურაცხგუყო ჩუენ, ანუ მოგჳძულნა.“ და ესრეთ წარგზავნა ერი იგი და შევიდა სასუენებელსა თჳსსა, სადა-იგი ლუკაონიდე დაეტევა, რამეთუ სხუაჲ იგი თანამ(ე)ინაჴე ჰამბვისა მისთჳს შეშფოთებული წარვიდა. ხოლო მთავარმან ჰრქუა ლუკაონიდეს: „გესმაა ჰამბავი ესე, ვითარ ტაძარი ფალკონ ღმრთისაჲ და შუენიერი იგი გამოქანდაკებული უჩინო ქმნულ არს?“ იწყო ლუკაონიდე პირველსავე სიტყუასა თჳსსა და იტყოდა: „ისმინე ჩემი, უფალო, და გულსავსე იქმენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ საზორავნი იგი სირცხჳლისანი სამგუამოვანმან ღმრთეებამან უჩინო ყო, რაჲთა არღარა ეშმაკთა უზორვიდეთ, არამედ ღმერთსა ცხოელსა და საუკუნესა. რამეთუ წარწყმდა უცნებაჲ ეშმაკთაჲ და საცთური გრძნებისაჲ, რამეთუ ღმერთმან მაღალმან მოავლინა ძე თჳსი სოფლად, რომელი-იგი იშვა ქალწულისაგან და განკაცნა, რაჲთა განმწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა არაწმიდებისა და თავისა მიმართ თჳსისა მიმიზიდნეს შეც(თ)ომილნი ესე ღმერთმან მან ძლიერმან. და მე, უფალო ჩემო დიდებულო მთავარო, ვიხილე აურაცხელი ძალი მისი [230r] და მრწმენა იგი, რამეთუ ვიხილენ მოწაფენი მისნი წმიდანი, რომელნი იქმოდეს სასწაულთა უაღრეს ბუნებისა, რომელი კერპთა მათ მცბიერთა არცა თუ ოდეს უქმნიეს, არცა ქმნან უკუნისამდე. და ამისთჳს ვითარცა ვთქუ, არღარა ვმონებთ ფალკონს ირონის ასულსა და სხუათა მათ ბილ(წ)თა კერპთა. რამეთუ ყოველნი მსახურნი მათნი სატანჯველთა საუკუნეთა მიეცნენ მამისა მათისა ეშმაკისა თანა. ხოლო ჩუენ ამიერითგან ჭეშმარიტისა და უკ(უ)დავისა ღმრთისა მონანი ვართ და მიკჳრს, ვითარ აქამომდე ცოცხალ ვიყვენით, ესევითარსა მას საცთურსა შინა მავალნი, რამეთუ არა არს გარეშე მისსა ცხორებ(ა)ჲ. და უკუეთუ გნებავს, გამოწულვით მიგითხრა, რავდენი ვიხილე საჲდუმლოჲ საკჳრველი. ჰრქუა მას მთავარმან: „იტყოდე, მეგობარო ჩემო სარწმონოო, და ნურას დამიფარავ, რამეთუ, ვინაჲთგან იწყე თხრობასა მაგას, გულსა ჩემსა სიხარული რაჲმე საკჳრველი შემოვიდა. იტყოდე უკუე ყოველსავე უშიშად, რამეთუ გაქუს კადნიერებ(ა)ჲ ჩემ წინაშე.“ იწყო კუალად ლუკაონიდე სიტყუად და ჰრქუა: „ვითარცა უწყი, უფალო ჩემო, რამეთუ გარდასრულსა მას წელ(ი)წადსა აღვაგე ნავი ჩემი ტჳრთითა და წარვედ ვაჭრობად. და არმური ქარისაჲ სასტიკისაჲ გუეწ(ი)ა და შთავედით მღელვარენი ქალაქად სურაკოსედ. და შევედით ნავთსადგურსა შუაღამეს ოდენ დავყა(ვ)თ მუნ ორ დღე. და ვპოეთ მენავეთმოძღუარი რომილოს, იგიცა განმზადებული ნავითა თჳსითა წარსლვად. და ვითარცა ჰაერი მარ]230v] ჯუე იქმნა, განვედით ზოგად და ვლეთ ვიდრე ასიამდე და მერმე შთავედით ანტიოქიად. და ვითარ-იგი სავაჭროჲ ჩუენი აღვასრულეთ და წარმომართებ(ა)ჲ გუეგულებოდა, მოვიდეს ორნი კაცნი და მკითხვიდეს ჩუენ: „ვინანი ხართ, ძმანო?“ ხოლო ჩუენ უთხართ სახელები ქალაქთა ჩუენთაჲ და ჭალაკისა ამის. განიხარეს მათ და წარვიდეს და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოვიდეს სხუანი ორნი კაცნი, შემოსილნი დიდებითა საღმრთოჲთა. იგინი იყვნეს მოწაფენი და მოციქულნი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი. და პირველ მოსროლნიცა მათ თანა ჰყვებოდეს, რომელნი-იგი ვიხილენით რაჲ, განვკჳრდით, რამეთუ ვხედევდით მათ, ვითარცა ცეცხლითა შემოსილთა. და შეუვრდით ფერჴთა მათთა. ხოლო მათ ცნეს, რამეთუ მადლი სულისა წმიდისაჲ მოეფინა ჩუენ ზედა და განახუნა თუალნი ჩუენნი. მხიარულითა პირითა მოგჳკითხნეს და გურქუეს ჩუენ: „გიხაროდენ უფლისა მიერ ყოველთა, გიხაროდენ, ქრისტეს იესუჲს მიერ, ძმანო ჩუენნო!“ ხოლო ჩუენ ვიცნენით, რამეთუ იგინი არიან მოციქულნი, ვთქუთ შიშით: „გიხაროდენ თქუენ, მოწაფენო და მოციქულნო ჭეშმარიტისა ღმრთისა იესუ ქრისტესნო. რად მოშ(უ)ერით ჩუენისა სიგლახაკისა მომართ? ჩუენმცა თქუენ წინაშე მოსრულ ვიყვენით.“ მომიგეს მათ და მრქუეს: „ჩუენ მოვედით დღეს თქუენდა, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნუჲ მოგცეთ.“ და იწყეს სწავლად ჩუენდა სწავლასა მას ქრისტეს ღმრთისასა, ხოლო ჩუენ გურწმენა მადლითა ღმრთისაჲთა. და ნათელმცეს ჩუენ მეორედ შობითა მით წყლისა და სულისაჲთა, რამეთუ მით სრულ იქმნების სარწმუნოებაჲ იგი. ყოველთა უკუე, რავდენიცა ვიყვენით ორთა მ(ა)თ ნავთა შინა, ნათელვიღეთ [231r] და ვეზიარენით საჲდუმლოთა ქრისტესთა და ესრეთ მივიღეთ საზრდელი მათ თანა. და ხვალისა დღე შემოკრბა ერი მრავალი, თითო სახითა სენითა შეპყრობილნი და ეშმაკეულნი. მაშინ ვიხილენით საკჳრველებანი მიუთხრობელნი, რომელ ქმნა ქრისტემან ღმერთმან მოციქულთა მიერ. ეშმაკნი ბრძანებითა მათითა ივლტოდეს, ბრმათა აღიხილნეს, მკელობელნი ვიდოდეს, კეთროანნი განწმდებოდეს და სხუანი თითო სახენი სიტყჳთა და შეხებითა ჴელისაჲთა განიკურნებოდეს. და ესე ყოველი რაჲ ვიხილეთ, მივეცით დიდებაჲ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა. იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ ჩუენი ნეტარმან პეტრე, რამეთუ იგი იყო წინამძღუარ და თავ მოციქულთა, მოგუცნა ჩუენ თანა ორნი იგი კაცნი, რომელნი ვთქუ, თუ პირველ მოვიდეს, და გურქუა: „წარიყვანენით ესენი, შვილნო, რაჲთა იყვნენ თქუენდა მოძღურად და მომაჴსენებელ სიტყუასა მას ცხორებისასა.“ ხოლო ჩუენ დავვარდით და თაყუანის ვეცით და შევიყვანენით ნავად კაცნი იგი წმიდანი. სახელი ერთისა მის მარკიანე, რომელი-იგი შევიდა ნავსა რომილესსა, და სახელი მეორისაჲ ბაგრატ, რომელი შემოვიდა ჩემ თანა. და მოვიღეთ კურთხევ(ა)ჲ და სწავლაჲ წმიდათა მოციქულთაჲ. და წარვემართენით და ლოცვითა მათითა ნავი კეთილი მოგუეცა. და მეოთხესა დღესა განვიყვენით ურთიერთარს. მეორე იგი ნავი (წარვიდა) ქალაქად თჳსად და ჩუენ მოვიწიენით ნავთსადგურსა მას ჩუენსა. და გან-რაჲ-ვედით ჴმელად, იწყეს ეშმაკთა მათ ფალკონისთა ჴმობად წმიდისა მის კ(ა)ცისათჳს და მეცა მექადოდეს, [231v] რომელ მოვიყვანე იგი. ხოლო უფალმან ჩემმან ბაგრატ, მონამან ქრისტესმან, შეჰრისხნა მათ სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმიდისაჲთა და აღჳრასხნა ენასა მათსა და დადუმნეს. ამისსა შემდგომად ჰრქუა მსახურსა თჳსსა: „შვილო, მოიხუენ საჭურველნი ჩუენნი, რაჲთა ვჰბრძოდით არაწმიდასა მას ფალკონს.“ და მოიღო სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ, რომელსა ზედა ქრისტე დაემშჭუალა ცხორებისათჳს კაცთაჲსა, და ხატი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და წმიდისა მოციქულისა პეტრესი. მიჰმართა ტაძარსა ფალკონისსა. ხოლო მე ვაყენებდი მას და ვეტყოდე: „უფალო ჩემო, ნუ მიეახლები კერპსა მას, რამეთუ ამპარტავან არს და თჳნიერ შესაწირავისა არავისსა თავსიდებს მიახლებასა, არცათუ ქურუმთა თჳსთა. დაღაცათუ ვინ იკად(რ)ოს მიახლებად, მეყსეულად მოკუდების.“ მომიგო წმიდამან მან და მრქუა: „ჩუენ, შვილო ჩემო, არა მოგჳღებიეს სული მოშიშებისაჲ, არცა ვძრწით უცნებათაგან საეშმაკოთა, რამეთუ შეგჳმოსიეს მადლი სულისა წმიდისაჲ. და აწ ძალითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა სიტყჳთ ოდენ წარვწყმიდოთ ბოროტი ეგე კერპი და ეშმაკნი მისნი. და უკუეთუ გნებავს წარწყმედისა მისისა ხილვაჲ, მოედ ჩუენ თანა!“ და ვითარ შუაღამეს ოდენ იყო, წავემართენით, და მივედით რაჲ ადგილსა მას, მე შიშისაგან კიდე დავდეგ, რამეთუ ვგონებდი, თუ მი-რაჲ-ეახლოს, ჴმაუყოს მუნ მყოფმან ქურუმმან სულთა მათ ბოროტთა შეპყრობაჲ [232r] მისი. ხოლო მიეახლა რაჲ უფალი ჩემი ბაგრატ, შევიდა ტაძრად და სცა კუერთხითა კერპსა მას. და არა იყო ჴმაჲ, არცა ზახებაჲ არაწმიდათა ეშმაკთაჲ, არამედ ყოველივე იგი ბომონი და საყდარი და ფიალები ცარიელ იყო უცნებათა მათგან, რომელთა პირველ ვერვინ იკადრებდა მიახლებად. და დაყო ტაძარსა მას შინა წმიდამან ბაგრატ, ვითარ ჟამ ოდენ. მერმე გამოვიდა გარე და ჰრქუა ეშმაკთა მათ: „თქუენ გეტყჳ, სულთა მაგათ არაწმიდათა, და გაფუცებ სახელსა მ(ა)მისა და ძისა და სულისა წმიდისა, რაჲთა შემოჰკრბეთ ყოველნი, რომელნი ამას ადგილსა დამკჳდრებულ ხართ. და უპყრათ ყრუსა მას და უსულოსა ფალკონს და შთააგდოთ ზღუასა ოცდაათსა უტევანსა. და თქუენ ყოველნი იყვნეთ მის თანა უფსკრულსა მას შინა ვიდრე დღემდე დიდისა მის საშჯელისა.“ და მეყსეულად სიტყუასა მას თანა იქმნა ოხრაჲ ფრიადი. და ვიხილეთ სიმრავლე დიდი ყორანთაჲ და ორბთაჲ. და აფხურეს ტაძარი იგი კერპითურთ ფალკონისით და ყოველი უცნებაჲ მისი და მუნ მყოფი იგი ბილწი ქურუმი და შთაჰჴადეს ზღუად ოცდაათსა უტევანსა. და გუესმა ჴმაჲ ზღუასა შინა შთავრდომისა მისისაჲ. ესე რაჲ ვიხილე მე, მადლი შევწირე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელმან ყვის (ს)აკჳრველი მხოლომან. და ვითარცა განთენა, ვევედრე წმიდასა ბაგრატს მოსლვად შენისა დიდებისა წინაშე. და ლოცვით წარმომგზავნა და სწავლითა სულიერითა. ამისთჳსცა, უფალო ჩემო, დიდო მთავარო, რავდენიცა საკჳრველებაჲ იხილეს თუალთა [232v] ჩემთა, გითხარ შენ, ხოლო შენი არს ამიერითგან, ინებო თუ ცხორებაჲ სულისა შენისაჲ და ხილვად ნათელი იგი ჭეშმარიტი.“ ესე რაჲ ესმა ვონიფანტეს მთავარსა, აღდგა, მოეხჳა და ამბორსუყო ლუკაონიდეს და ჰრქუა: „კურთხეულ ხარ, ლუკაონიდე, მეგობარო ჩემო სარწმუნოო, რომელმან ესევითარი ჰამბავი კეთილი მომართუ. უკუეთუ ნანდჳლვე კაცი ეგე დიდი და მონაჲ არს, ჭეშმარიტისა ღმრთისაჲ აქა მოსრულ არს, რომელსა იტყჳ, რაჲსათჳს არა მოიყვანე შენ თანა, რაჲთამცა ვიხილე იგი? ვისგან გეშინის, არა მე ვ(ა)რაა მთავარ და ჴელმწიფე ქალაქსა ამას? და საყდარსა ამას დიდისა მის და ახოვნისა ბრძოლათა შინა ტავროჲსსა ვზი. და ვისგან გეშინის, რომელ არა მოიყვანე კაცი იგი წმიდაჲ?“ მიუგო ლუკაონიდე და ჰრქუა მას: „უფალო ჩემო, მეშინოდა, ნუუკ(უ)ე ცნან ბილწთა მათ ქურუმთა ფალკონისთა, ვითარმედ მან წარწყმიდა იგი და შფოთი ყონ ქალაქსა შინა თანაშეწევნითა ავრილიანე ბოროტისა მის ქალაქპეტისა და რამეთუ მანცა არა ინება აღმოსლვაჲ ჩემ თანა.“ ჰრქუა მას მთავარმან: „შფოთისათჳს ქალაქისა ნუ გაქუს შიში, გარნა უკუეთუ მას არა ჰნებავს მოსლვაჲ, ვითარმე ვიხილო იგი?“ მიუგო ლუკაონიდე და ჰრქუა მას: „უფალო ჩემო, უკუეთუ განაღო გული შენი მადლმან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან და გნებავს მონისა მისისა ხილვაჲ, სიგლახაკისა ჩემისაგან ზრახვაჲ ისმინე: ბრძანე შემოკრებაჲ მჴედართა ქალაქისათა და გარემო სანახებისათა აღნუმად ველსა მას გარე, მახლობელად ადგილსა მას, და მიზეზითაცა ხილვისა ადგილისა [233r] მის, სადა ტაძარი ბილწისა ფალკონისი იყო, და განხჳდე ველსა მას სიმონიდისასა. ხოლო მე განვმზადო ტაბლაჲ სანავესა მას ჩემსა და აღასრულო რაჲ აღნუმი, მოხჳდე მონისა შენისა სახლსა განსუენებად და მუნ იხილო ნეტარი ბაგრატ. და გესმეს მისგან მრავალი კეთილი და სიხარულითა აღივსო, რამეთუ არს კაცი იგი სახიერი და სავსე სულითა წმიდითა.“ სთნდა სიტყუაჲ ესე მთავარსა და მეყსეულად განავლინნა ქადაგნი ქალაქად და გარემო სოფლებსა შემოკრებად მჴედრებისა. და შემოკრბა ერი ფრიად დიდი. და წარდგეს წინაშე სამშჯავროსა მას და შეასხმიდეს მთავარსა ვონიფანტეს თითოსახითა ფერითა. ხოლო მან გამოიღო ოქროჲ და ვეცხლი ფრიადი და მიფენით მიჰყრიდა ერსა მას ზედა. და ჴმანი მათნი უმეტესად ამაღლდებოდეს ჴმითა სასმენელითა. ხოლო ქალაქპეტსა ავრილიანეს ესმა რაჲ ქურუმთა მათგან წარწყმედაჲ არაწმიდისა ფალკონისი და ვითარ-იგი მივიდეს მთავრისა და არა მოწლედ შეიწყნარნა იგინი, განიზრახვიდა ვიეთთანამე ქალაქისათა განდგომილებისა ყოფად. არამედ ესმა რაჲ მჴედრებისა შეკრებაჲ, ვერღარა იკადრა ჴელყოფაჲ საქმესა მას. ხოლო მასვე ღამესა ღჳძლი ელმოდა, ვითარცა წყლული მახჳლითა ზეგარდამოჲთა, და ვიდრე განთენდებოდა ოდენ, მოკუდა შერისხული ღმრთისაგან. ხოლო მთავარმან ერსა მას საფასე და როჭიკი განუყო და უბრძანა ხვალისა დღე შეკრებად ადგილსა მას სააღნუმესა. ხოლო ათასისთავთა [233v] და ასისთავთა და ერგასისთავთა სერი დიდი უმზადა. და ხვალისა დღე, ვიდრეღა ბნელ იყო, ნესტუსა დაჰბერეს და შეკრბეს ყოველნი ველსა მას. და მთავარიცა მივიდა მონათა თჳსთა თანა. და ლუკაონიდე წარავლინა წინ(ა)ვე მოკითხვად წმიდისა ბაგრატისა და უწყებად მისლვად მისი. ხოლო იგი წარვიდა სანავესა მას თჳსსა და განუყო მონათა თჳსთა კაზმვაჲ პურისაჲ. და იგი მოვიდა, შეუვრდა ნეტარსა ბაგრატს და აუწყა ყოველივე, რაჲ-იგი უთხრა მთავარსა, და ჴმანი იგი ბილწთა მათ ქურუმთანი და სიკუდილი ბოროტისა მის ქალაქპეტისაჲ და სიკეთე იგი მთავრისა მის, ვითარმედ მზა არს ქრისტეს მონაყოფად და ვითარმედ წინაშე სიწმიდისა შენისა სურვიელ არს მოსლვად. და ვითარცა ყოველივე ესე თხრობაჲ აღასროლა მან, აღდგა წმიდაჲ ბაგრატ და მცირედ განგუეშორა და აღიპყრნა ჴელნი ზეცად, ილოცვიდა და თქუა: „დიდებაჲ შენდა, უფალო იესუ ქრისტე, სიტყუაო თანაარსო მამისაო, მხოლოდშობილო თანადაუსაბამოო, რომელმან ჯერ(ი)ჩინე ჴორცთა შესხმაჲ უქცეველად და უცვალებელად, რაჲთა განაღმრთო ბუნებაჲ ჩუენი, დამდაბლებული ცოდვითა. და აწ გევე(დ)რები, უფალო, იჴსნენ დაბადებულნი ესე შენნი მძლავრებისაგან ეშმაკისა და მოავლინე გულთა მათთა ნათელი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა გიცნან შენ მხოლოჲ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი. განაახლე მათ შორის სული წმიდაჲ, სული იგი ძლიერებისაჲ, სული სიბრძნისა და მეცნიერებისაჲ. განახუენ თუალნი გულთა მათთანი და უგულებე(ლ)სყვენ [234r] ყოველნი ცოდვანი და ურჩულოებანი მათნი. ჰჱ, უფალო იესუ ქრისტე, მხოლოო მხოლოდშობილო, თანამოსაყდრეო მამისაო და თანაარსო სულისა წმიდისაო, მომეც ჩუენ სიტყუაჲ აღებ(ა)სა პირისა ჩუენისასა, რაჲთა ვხადოდით მადლსა სულისა შენისა წმიდისასა და მიუთხრობდეთ ერსა ამას საკჳრველებათა შენთა. რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი და ჩუენ უღირსნი ესე მონანი შენნი. პატივსა და თაყუანისცემასა და დიდებისმეტყუელებასა შევსწირავთ შენდა, მ(ა)მისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“ და აღასრულა რაჲ ლოცვაჲ ესე, მოვიდა ჩუენდავე და იყო პირი მისი, ვითარცა ცეცხლი, სავსე მადლითა სულისაჲთა, ვიდრეღა ვერ ვიკადრებდით ჩუენ მიახლებად მისა. და მეყსეულად იწყო წმიდისა ჟამისწირვისა აღსრულებად. და ვითარცა აღასრულა, დავსხედით და განტეხა პური და მომცა ჩუენ და მივიღეთ იგი მადლობითა ღმრთისაჲთა. ხოლო ლუკაონიდე იწყო კუალად თხრობად, რაჲ-იგი ჰრქუა მთავარსა და რაჲ მისგან ესმა. მიუგო წმიდამან ბაგრატ და ჰრქუა მას: „რეცა განცხრომით უწყი, შვილო, ყოველივე, რამეთუ, დაღაცათუ ჴორცითა შორს ვიყავ, არამედ სულითა თქუენ თანა ვიქცეოდე მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა.“ ხოლო ვონიფანტე მთავარმან აღასრულა რაჲ აღნუმი, ვითარ ცხრა ჟამ ოდენ, წარავლინა ერი თჳსი და თჳთ მოვიდა, ვითარ ხუთასითა ოდენ კაცითა რჩეულითა სანავესა მას ლუკაონიდესსა და დასხდეს [234v] ტაბლასა, რომელი-იგი მოემზადა მას. ხოლო ვონიფანტეს მთავარსა ყოველივე სურვილი თჳსი აქუნდა ნეტარისა ხილვად. და არარაჲსა ჭამადთა მათგან იხილა გემოჲ. და აღესრულა რაჲ სერი იგი, ისწრაფდა ხილვად კეთილისა მის მწყემსისა, რამეთუ მადლი სულისა წმიდისაჲ მიფენილ იყო მის ზედა ლოცვითა წმიდისა ბაგრატისითა. და ვითარ ერი იგი გ(ა)ნიყარა, მიმწუხრი იყო. მაშინ შემოვიდა ლუკაონიდე და ჰრქუა წმიდასა ბაგრატს: „აჰა ესერა, შემოვალს მთავარი ხილვად სიწმიდისა შენისა.“ ხოლო წმიდამან ბაგრატ შეიმოსა სამოსელი იგი სამღდელოჲ და აღმართა პატიოსანი ჯუარი და ხატი მაცხოვრისაჲ და წმიდისა მოციქულისა პეტრესი. და შემო-რაჲ-ვიდა მთავარი, შემკობილი სამოსლითა მით სამთავროჲთა, ვითარცა იხილა წმიდაჲ იგი, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, რამეთუ, ვითარცა უკუანაჲსკნელ მითხრა ჩუენ, ცეცხლი იხილა გარემო ნეტარისა მის და ჴმაყო: „დიდ ხარ შენ, ღმერთო ქრისტეანეთაო, დიდ ხარ, ღმერთო ბაგრატისო, რომელმან მოავლინე მის ზედა დიდებაჲ შენი. მრწამ შენ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტო, რომელი იქადაგები მონისა შენისა მიერ ბაგრატისა, უგალობ და ვადიდებ ყოვლადპატიოსანსა და დიდ შუენიერსა სახელსა შენსა.“ ხოლო წმიდამან ბაგრატ აღიხილნა ზეცად. და მიყო ჴელი, აღადგინა იგი და შეახო მარჯუენე თჳსი შუბლსა და მკერდსა მისსა. და გამოსახა მას ზედა ნიში ჯუარისა პატიოსნისაჲ და უბრძანა დაჯდომად. ხოლო მთავარმან ჰრქუა მას: „ვითარ ვიკადრო, მონაო ღმრთისაო, შენ თანა დაჯდომად, რამეთუ ცეცხლმოტყინარე ხარ, ვითარ მივეახლო მე ალსა ცეცხლისასა?“ გულისჴმაყო [235r] ნეტარმან, ვითარმედ მადლი იგი მღდელობისაჲ ეჩუენა მას და აღიძარცუა ზეწარი თჳსი, რომელ ემოსა. და არღარა ხედვიდა მთავარი ცეცხლსა მას. მაშინ დასხდეს და იწყო ნეტარმან ბაგრატ ქადაგებად და უწყებად მისდა სიტყუასა მას ცხორებისასა და მყუვ(არ) ჟამ. და მთავარი იგი ისმენდა სიხარულით და ჰმადლობდა ღმერთსა. და ვითარცა ფრიადი ჟამი წარჴდა, ჰრქუა ვონიფანტე მთავარმან: „ბრძანე, წმიდაო ღმრთისაო, რაჲთა ზოგად პირი ვიჴსნათ წინაშე შენსა, რამეთუ ხილვაჲ სიწმიდისა შენისაჲ მეგულებოდა და ამისთჳს არა ვინებე ჭამადისა გემოჲს ხილვად, რაჲთა წინაშე შენსა მივიღო საზრდელი.“ მაშინ ბრძანა წმიდამან ბაგრატ და დააგო ლუკაონიდე ტაბლაჲ შუენიერი. და დაჯდა მთავარი იგი მარჯუენით კერძო წმიდისა ბაგრატისა და ლუკაონიდე - მარცხენით. მოიღო ნეტარმან პური, განტეხა და მისცა მთავარსა მას და ჰრქუა: „მიგცემ პურსა ამას ჴელითა ჩემითა, მიიღე უკუე ამას თანა მორჩილებ(ა)ჲ ყოვლისა სათნოებისა კეთილისაჲ.“ და მივიღეთ რაჲ საზრდელი, აღვდეგით და ვთქუთ მადლობაჲ უფლისაჲ. და მეყსეულად შეიმოსა წმიდამან ზეწარი თჳსი, დაასხა საკუმეველი საცეცხურსა და მისცა დიდებაჲ და აღვასრულეთ გალობაჲ სერობისაჲ. ხოლო ვიტყოდეთ რაჲ სამწმიდა არსობისა დიდებისმეტყუელებასა, აღეღო სართული სახლისა მის და ელვაჲ საშინელი გამობრწყინდა, ვიდრეღა ყოველნივე დავცჳით პირსა ზედა. ხოლო წმიდამან მან აღმადგინნა და თქუა: „ნუ გეშინინ, შვილნო, რამეთუ უფლისა იესუს ქრისტეს მადლი არს, რომელი-ესე გამოგჳბრწყინდა. ამან განანათლნეს გულნი თქუენნი ცნობად [235v] ნებისა მისისა, რომელ-იგი არს კეთილი და სათნო და სრულ.“ და ვითარ-იგი აღვდეგით ძრწოლით, არარაჲ სხუაჲ ვიხილეთ, გარნა წმიდაჲ იგი მდგომარე. და აღვასრულეთ რაჲ ლოცვაჲ, დაჯდა ნეტარი იგი და უბრძანა მთავარსა ვონიფანტეს და ლუკაონიდეს დაჯდომაჲ მახლობელად მისსა. ჰრქუა მას მთავარმან: „გჳბრძანებ, მამაო ღმერთშემოსილო, დაჯდომად მახლობელად შენსა. და ვითარ იკადროს ცჳლმან მიახლებად ცეცხლსა, ანუ არა დადნეს და წარწყმდესა? ეგრეთვე ჩუენ შე-თუ-გეხნეთ, არა დავიწუნეთა?“ რამეთუ ოდეს-იგი ემოსა სამღდელოჲ იგი სამოსელი ნეტარსა მას, ცეცხლსა ჰხედვიდა გარემო მისსა, ვიდრეღა ვერ გუეძლო მიხედვად პირისა მისისა. მიუგო და ჰრქუა მთავარსა წმიდამან მან: „მომეახლენით მე, შვილნო, და გრწმენეს თუ მამაჲ და ძე და სული წმიდაჲ, არარაჲ გევნოს.“ მაშინ დასხდეს იგინი წინაშე მისა და ჰრქუა წმიდამან ბაგრატ მთავარსა მას: „გწადოდა, შვილო, ხილვაჲ ჩუენი და, აჰა, მიხილენ და ვესავ უფალსა, რაჲთა მხედვიდე მარადის, ვიდრემდის უფალსა ენებოს.“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას: „ჰე, წმიდაო მამაო, გიხილე ყოვლითურთ ცეცხლისფერ და ვხედავ პირსა შინა შენსა ენასა ცეცხლისასა. და სავსე ვარ სიხარულითა და შიშითა და ვესავ ღმერთსა, რომელსა ჰქადაგებ, რაჲთა არასადა განეშორო.“ მაშინ იწყო წმიდამან ბაგრატ სწავლად მისსა და უწყებად ყოველსა ქადაგებასა სახარებისასა: ვითარ გა(რ)დამოჴდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და იშვა ქალწულისაგან ხარებითა ანგელოზისაჲთა სულისა მიერ წმიდისა და იშვა მისგან უთესლოდ. და ყოველივე განგებულებაჲ განკაცებისა მისისაჲ აუწყა ვიდრე ჯუარცმადმდე და აღდგომადმდე და ზეცად ამაღლებამდე. ხოლო მიბრძანა მე მოღებად გუჯართა მათ გამოსახულთა, სადა-იგი გამოწერილ იყვნეს ყოველნივე საკჳრველებანი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი. და ვითარ-იგი სიტყჳთ აუწყებდა, სახ(ი)თცა უჩუენებდა ყოველსავე. და ეტყოდა: [236r] „ესე ყოველი უფალმან ჩუენმან აღასრულა ქუეყანასა ზედა ჩუენისა ცხორებისათჳს, რამეთუ მრავლისა მისთჳს სახიერებისა მისისა მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა. ხოლო წიაღთა მ(ა)მისათა არა განეშორა, არამედ, ვითარცა-იგი პირველ განკაცებისა ღმერთი იყო, ეგრ(ე)თვე შემდგომად განკაცებისა ეგო ღმერთი უვნებელი. და გამოგჳჩნდა ჩუენ ღმერთი ჴორცშესხმული, რაჲთა ჴორცითა მით, რომელი შეიმოსა, შემუსროს ეშმაკი და ქმნული ჴელთა მისთაჲ პირველსავე პატივსა მოიყვანოს. რამეთუ მან თავადმან არარაჲსაგან ყოველივე არსად მოიყვანა: ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა. და შექმნა კაცი ჴელითა თჳსითა ხატად თჳსად და შთაჰბერა მას სული ცხოელი. და იქმნა კაცი იგი მშჳნვიერად ცხოელად. ამისა შემდგომად დასდვა მას განკჳრვებ(ა)ჲ და მიეძინა. და მოიღო ფერცხალი ერთი გუერდთაგან მისთა და ქმნა იგი დედაკაცად და მისცა შემწედ მისა. ხოლო დაასხა სამოთხეცა დიდებული აღმოსავალით კერძო. და კაცი იგი პირველქმნული დაადგინა მას შინა თანაშემწითურთ მისით. და მისცა მცნებაჲ ყოველთა მათგან ნაყოფთა ჭამად, გარეშე ერთისა, რამეთუ ჰრქუა მათ: „რომელსაცა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილით მოსწყდეთ.“ მაშინ იწყო ეშმაკმან, რომელი-იგი თჳსისა ანპარტავანებისათჳს ზეცით გარდამორდომილ იყო, ბრძოლად კაცისა მის, რამეთუ არა კმა ეყო თჳსი იგი წაწყმედაჲ, არამედ დაბადებულისა მისცა ღმრთისაჲ. ისწრაფა განშორებად თჳსისა დამბადებელისაგან. ამისთჳსცა მოუჴდა დედაკ(ა)ცსა და აცთუნა იგი. და მოიღო ძელისა მისგან [236v] და ჭამა. და მისცა ქმარსა თჳსსა და ჭამეს და მეყსეულად ცნეს სირცხჳლი თჳსი. ამისთჳს შეჰრისხნა მათ ღმერთმან და მი(ს)ცა ადამს კანონი, ღ(ი)რსი ურჩებისა მისისაჲ: ოფლითა პირისა მისისაჲთა ჭამად პურისა და კუროჲსთავისა აღმოცენებად ქუეყანისა, ვიდრემდის მიიქცეს მიწადვე, ვინაჲცა დაიბადა, ხოლო დედაკაცსა მას - მწუხარებით და სალმობით შობაჲ და დამონებაჲ ქმრისაჲ. ხოლო გუელი დაწყევა ყოველთა იძრვისთა და მკრდითა და მუცლითა მისცა სლვაჲ და მიწისა ჭამაჲ მარადის. გამოჴადა უკუე უფალმან ღმერთმან ადამი სამოთხით და დაადგინა ქერობინი და მახჳლი ცეცხლისაჲ იქცევისი ცვად კარსა სამოთხისასა. და დაემკჳდრა ადამ პირისპირ სამოთხისა მის. ამისსა შემდგომად იცნა ევა, ცოლი თჳსი, და მიუდგა და შვა კაენ. მერმეღა მიუდგა და შვა აბელ. ხოლო ეშმაკმან მი(ი)ღო რაჲ ურჩებისა მის მიერ ძალი, არღარა დასცხრებოდა ბრძოლად კაცისა მის. ამისთჳსცა შური ბოროტი შთაუგდო კაენს აბელისა მიმართ, რამეთუ მისი მსხუ(ე)რპლი შეიწირა ღმერთმან და კაენისსა არა მიხედნა. ხოლო გან-რაჲ-ვიდეს ველად, აღდგა კაენი აბელის ზედა და მოკლა იგი. მიერითგან უმეტესი ძალი მიიღო ეშმაკმან კაცთა ზედა და რავდენცა განმრავლდებოდეს, იგი ებრძოდა მათ. ხოლო დაწყებად ბოროტთა თჳსთა მოიპოა დავიწყებაჲ, რამეთუ დაავიწყა კაცთა დამბადებელი მათი და შთაუთესა მათ შური ჴდომაჲ, სიძვაჲ, ვეცხლისმოყუარებაჲ, ძირი იგი ყოველთა ბოროტთაჲ, რომლისა მიერ კერპთმსახურებ(ა)ჲ იშვა. რომელმანცა დავიწყებაჲ მოჰფინა გულთა კაცთასა და დატეობად სცა ბუნებითი იგი [237r] საქმე დედათაჲ და ბუნებისა გარეგანსა მოიყვანა. ამისთჳსცა აბორგებულნი გულისთქმათაგან მამანი მამათა თანაუშუერებასა იქმოდეს. ესევითარნი ბოროტნი რაჲ განმრავლდეს, განრისხნა უფალი ღმერთი და ინება აჴოცაჲ კაცთაჲ ქუეყანით წყლითრღუნისა მიერ. ხოლო განმკითხველმან მან გულთა და თირკუმელთამან პოა მას ნათესავსა შორის კაცი მართალი, სახელით ნოე. და იხილე სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ რისხვასაცა შინა მისსა მოიჴსენა წყალობაჲ და ჯერიჩინა თესლისა დატეობაჲ ქუეყანასა ზედა. ამისთჳს უბრძანა მართალსა მას სულისა მიერ წმიდისა ქმნად კიდობანი და შესლვად მას შინა ცოლითურთ და შვილით და შეყვანებად ყოველთაგან იძრვისთა მის თანა. და ესრეთ მოავლინა წყლითრღუნაჲ და წარწყმდეს ურჩულონი იგი წყალთა შინა. და დაშთა ნოე ხოლო და რომელნი-იგი იყვნეს მას თანა. და იყო ყოველი ქუეყანაჲ ოჴერ. ამისთჳს იხარებდა ბოროტი იგი ეშმაკი და იქადოდა, თუ რაბამი ბოროტი უძლო ქმნად. ხოლო უფალმან ღმერთმან შეინანა აჴოცაჲ კაცთაჲ და აღუთქუა ნოეს არღარა მოვლინებად წყლითრღუნაჲ ქუეყანასა ზედა, რომლისათჳსცა დადვა სასწაულად შორის კაცთა აღთქუმად საუკუნოდ ღრუბელთა შინა, რომელსაცა „მშჳლდ“ უწოდა. და დააწესა უფალმან ღმერთმან სინანული ცხორებად კაცთა, რაჲთა, რავდენიცა ვინ ცოდოს და მოიქცეს სინანულად, შეენდოს მას, უკუეთუ კულა არა შეინანოს, სასჯელად მიეცეს. ხოლო გამო-რაჲ-ვიდა, ვითარცა ვთქუ, ნოე კიდობნისა მისგან და კუალად განმრავლდეს კაცნი. აღესრულა რაჲ ნოე, იყვნეს ყოველნი ერთ ენა. მაშინ კუალად იწყო ეშმაკმან ბრძოლად მათდა და პირველად მოაგონა შენებად [237v] გოდოლი, რომელი მისწუთებოდის ზეცას. ამისთჳსცა შეურინა ღმერთმან ენანი, რაჲთა არა ცუდად შურებოდინ. და ესრეთ განიბნივნეს პირსა ზედა ქუეყანისასა მსგავსად ენათა, რომელნი მიეცნეს მათ. ხოლო განიბნივნეს რაჲ ქუეყანასა ზედა, კუალად დაავიწყა ეშმაკმან ღმერთი, დამბადებელი მათი, და აღმართებად სცა კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისათა, ძელისა და ქვისათა, რომელთაცა „ღმერთ“ უწოდეს. და ჰმსახურებდეს მათ და უზორვიდეს და სრულიად დაივიწყეს უფალი ღმერთი. მაშინ კუალად გამოაჩინა ღირსი თჳსი კაცი, ს(ა)ხელით „აბრაჰამ.“ და იცნა მან ღმერთი და შეუდგა მას მჴურვალედ. ამას მოსცა ღმერთმან ძე, სახელით ისაკ, რომელიცა აკურთხა ფრიად. აღორძნდა ყრმაჲ იგი და ვიდოდა ყოველთა მცნებათა ღმრთისათა. და ესხნეს მას ორ ძე, ესავი და იაკობი. და იაკობ იხილა კიბე, ქუეყანით ცად აღმართებული, და ანგელოზნი აღმავალნი და შ(თ)ამომავალნი. ამას იაკუბს „ისრაჱლ“ უწოდა ღმერთმან. და მას ესხნეს ათორმეტ ძე. ესენი შთავიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, და მუნ დაეშენნეს. ხოლო მეგჳპტელთა დაიმონნეს ნათესავი მათი, რამეთუ განმრავლდეს ფრიად. ამისთჳსცა ფარაო, მეფემან მან მეგჳპტელთამან, იზრახა ზრახვაჲ ბოროტი და უბრძანა ყოვლისა წულისა მოწყუედაჲ. მაშინ იშვა წული მკჳრცხლი და შუენიერი, რომელიცა იშვილა ასულმან ფარაოსმან და უწოდა მას „მოსე“, რომელიცა აღიზარდა და ისწავა ყოველივე სიბრძნე მეგჳპტელთაჲ. ამას ეჩუენა ღმერთი ც(ე)ცხლითა მაყულოანსა შინა, რამეთუ ხედვიდა მაყულოანსა მას, რომელი იწუებოდა და არა შეიწუებოდა. და თქუა: „წარვიდე და ვიხილო დიდი ესე ხილვაჲ.“ და [238r] მი-რაჲ-ეახლა ხილვად, ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: „მოსე, მოსე, მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, განიჴსნენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ქუეყანაჲ ეგე, რომელსა სდგა, ადგილი წმიდა არს. ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ ეგჳპტეს და მნებავს ჴსნაჲ მათი ჴელითა შენითა.“ ესრეთ წარივლინა იგი ეგჳპტეს და მისცა მას უფალმან ღმერთმან მადლი ნიშებისა და სასწაულებისაჲ. და გამოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით ჴელ(ი)თა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა. და განუღო მათ ზღუაჲ მეწამული და წიაღიყვანნა იგინი ფრჴივ. ხოლო მეგუიპტელნი, რომელნი სდევდეს მათ, დაინთქნეს ყოველნი ზღუასა მას შინა. და ყო ღმერთმან ერსა მას თანა საკჳრველი მრავალი, რამეთუ სლვასა მას მათსა თანაუვიდოდა და უძღოდა ღამით სუეტი ცეცხლისაჲ და დღისი - სუეტი ღრუბლისაჲ. პური ზეცით უწჳმა - მანანაჲ იგი ტკბილი, არამედ ეშმაკმან ბოროტმან იგიცა ერი ესოდენთა საკჳრველებათა ზედა მიდრიკა ღმრთისაგან და დაავიწყა მათ უფალი. და არა მოიჴსენეს დღე იგი, ოდეს გამოიჴსნა მონებისაგან, არცა სუეტი იგი ცეცხლისაჲ და საშინელნი იგი სასწაულნი, არამედ ქმნეს ჴბოჲ და თაყუანისსცეს მას, იყო რაჲ მოსე მთასა ზედა, მოიღებდა ფიცართა მათ რჩულისათა. ამისთჳს განრისხნა უფალი ღმერთი და ენება აჴოცაჲ მათი, არამედ მოსე დგა შორის და ევედრა მათთჳს ღმერთსა, რაჲთა შეუნდოს. და ისმინა მისი უფალმან. ამან მოსე წინაწარმეტყუელა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთჳს და თქუა: „წინაწარმეტყუელი აღგიდგინოს უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა მე. მისი ისმინეთ ყოველსავე ზედა და რომელმან არა ისმინოს მის წინაწარმეტყუელისაჲ, [238v] მოისპენ სული იგი ერისაგან ისრაჱლისა.“ და კუალად თქუა: „იხილოთ ცხორებაჲ თქუენი დამოკიდებული წინაშე თუალთა თქუენთა.“ და აღესრულა რაჲ მოსე, აღადგინა მის წილ ისუ, მსახური მოსესი, რომელმანცა ყო ბრძოლაჲ მრავალი. და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი და შეიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ქუეყანასა მას, რომელი აღუთქუა ღმერთმან მამათა მათთა: აბრაჰ(ა)მს, ისაკს და იაკობს. აღესრულა ისუ და იწყეს ძეთა ისრაჱლისა აღრევად წარმართთა თანა. და ისწავლნეს საქმენი მათნი და ჰმონეს კერპთა მათთა. და დამცირდეს და კნინ იქმნეს და არა იყო მათდა წინამძ(ღ)უარ, არამედ მსაჯულნი სჯიდეს ჟამითი-ჟამად. მაშინ ითხოეს მეფე და მოსცა მათ მეფე, სახელით საულ. ხოლო მან ქმნა ბოროტი წინაშე ღმრთისა და არა ნებისაებრ ღმრთისა ვიდოდა. ამისთჳს უბრძანა წინაწარმეტყუელსა სამოელს ცხებად დავითისა მეფედ, რომელი-იგი იყო კაცი მშჳდი და წრფელი. და ვიდოდა იგი ყოველთა მცნებათა ღმრთისათა. და მოიღო ღმრთისაგან სულიცა წინაწარმეტყუელისაჲ. ამას ეფუცა ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა დასუმად საყდარსა მისსა. ამან დავით მრავალი წინაწარმეტყუელა ქრისტესთჳის უფლისა ჩუენისა. ამას ესუა ძე, სახელით სოლომონ, რომელიცა მეფობდა შემდგომად მისა. და მი(ს)ცა მას ღმერთმან სიბრძნე ფრიადი და აღუშენა ტაძარი უფალსა ღმერთსა. და მათ ჟამთა შინა მოსცა ღმერთმან სული თჳსი წმიდაჲ წინაწარმეტყუელთა, რომელნი იყვნეს მას ნათესავსა შორის კაცნი წმიდანი. და იწყეს ქადაგებად განკაცებისათჳს ს(ი)ტყჳსა ღმერთთა. და იტყოდა კაცად-კაცადი, ვითარცა სული წმიდაჲ მოსცემდა. და ერთმან მათგანმან, რომელსა სახელი ესაია, ღაღატყო და თქუა: „აჰა ესერა, ქალწულმან მოცლად იღოს და შვეს ძე და უწუდიან სახელი [239r] მისი „ევმანუელ.“ და მერმე თქუა: „ყრმაჲ იშვა ჩუენდა და ძე მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ მისი ზედა მჴართა მისთა და ჰრქჳან სახელი დიდისა ზრახვისა ანგელოზ, ღმერთი ძლიერი, მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ მერმეთა მათ საუკუნეთაჲ.“ ეგრეთვე სხუათა მათ წინაწარმეტყუელთა თქუეს - თჳთოეულმან თჳსისა წინაწარმეტყუელებისაებრ დიდებულისა მისთჳს მოსლვისა ღმრთისა სიტყჳსა. ერთმან „ბჭედ“ უწოდა, სხუამან „კუერთხად“, სხუამან „ყრმად, ქალწულისაგან შობილად“, სხუამან „მთად წმიდად“, სხუამან „კიდობნად“, სხუამან თქუა: „ქუეყანასა ზედა გამოჩნდეს და კაცთა შორის იქცეოდის.“ და ესე ყოველი, შვილო ჩემო, ღმრთისა მიერ ეუწყა წინაწარმეტყუელთა და მოასწავეს წინაჲსწარვე. ხოლო რაჟამს-იგი მოგჳეახლა წყალობაჲ ღმრთისაჲ და ჯერიჩინა სიტყუამან ღმრთისამან კ(ა)ცობრივთა ჴორცთა შემოსად, არავის აუწყა საიდუმლოჲ ესე, გარნა ერთსა ხოლო ანგელოზთა მთავარსა, ცეცხლისფერსა გაბრიელს, რომელი-იგი მოივლინა ხარებად ქალწულისა მარიამისა. ხოლო იყო წმიდაჲ იგი ქალწული ღმრთისმშობელი თესლისაგან და ტომისა დავითისა, ყოვლითურთ უბიწო და ქალწულ. და იყო იგი მითხოილ მამაკაცისა, რომლისა (სა)ხელი „იოსებ.“ და ვითარ-იგი ერწმუნა ანგელოზისა სიტყუაჲ იგი საღმრთოჲ, გარდამოჴდა ზეც(ი)თ და მივიდა ქალწულისა და ჰრქუა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა!“ და მიერითგან ჴმასა მას თანა შევიდა საშოსა ქალწულისასა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და იშვა ჴორცითა უქცეველად და უცვალებელად ერთბამად ღმერთი და კაცი. ესე შობაჲ ანგელოზთა დაუკჳრდა და ზეგარდამო გალობდეს. მწყემსთა იხილეს, მოგ(უ)თა აღმოსავალით ძღუენი მოართუ(ე)ს და რაჲთა მოკლედ ვთქუა, ესე უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ღმრთისა სიტყუაჲ, იქცეოდა ჩუენ შორის განგებულებისა [239v] მის აღსრულებად ოცდაათ წელ. ხოლო იყო მათ დღეთა შინა მღდელი ვინმე, სახელით ზაქარია. ამას ესუა ძე ჟამსა სიბერისასა, სახელით იოვანე, რომელი-იგი იშვა ხარებითა ანგელოზისაჲთა და იქცეოდა უდაბნოთა შინა. ესე იქმნა წინამორბედ ქრისტესა და ქადაგებდა წინაშე მისსა სასუფეველსა ცათასა. და აუწყებდა მოსლვასა ქრისტესსა, რამეთუ ნათელსცემდა ერსა და ეტყოდა: „მე ნათელგცემ წყლითა, ხოლო შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერესი ჩემსა. მან ნათელგცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა.“ და ამისსა შემდგომად იხილა ქრისტე მომავალი და თქუა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხ(უ)ნა ცოდვანი სოფლისანი.“ მაშინ ნათელიღო უფალმან იოვანესგან იორდანესა მდინარესა. და აღმოსლვასა მისსა წყლისაგან დგა რაჲ ერი იგი, იყო ჴმაჲ ზეცით: „ეგე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელიცა სათნოვიყავ.“ და სული წმიდაჲ სახედ ტრედისა გარდამოჴდა მის ზედა. მიერითგან იწყო უფალმან სლვად. და გამოირჩივნა მოწაფენი ათორმეტნი, რომელთაცა „მოციქულად“ სახელსდვა. და დღითი-დღე იქმოდა სასწაულთა და საკჳრველებათა მრავალთა წინაშე ერისა მის და წინაშე მოწაფეთა მისთა, რომელი-იგი ყოველივე იხილა ეშმაკმან და აღძრნა გულნი ჰურიათანი შურად დამბადებელისა მათისა მიმართ. და ზრახვაყვეს მოკლვაჲ მისი ნაცვალად მკუდართა მათთა აღდგინებისა და ბრმათა განათლებისა. ხოლო უფალი ჩუენი ნეფსით მოვიდა ვნებად, რაჲთა წარტყუენულნი მტერისა მიერ გამოიჴსნნეს და ცხოელთა და მკუდართა [240r] ეუფლოს და მყოფთა ჯოჯოხეთისათა აზნაურებაჲ მიანიჭოს. ხოლო პირველ ვნებისა მისისა უთხრა მოწაფეთა ყოველივე მომავალი მის ზედა. მაშინ ერთმან ათორმეტთაგანმან, სახელით იჳდა, მიჰყიდა უფალი ჰურიათა და მათ მისცეს პონტოელსა პილატეს მთავარსა. და ესრეთ ჯუარს ეცუა და გემოჲ სიკუდილისაჲ იხილა ჴორცითა მით და ბუნებითა კაცობრივითა დაეფლა. და მესამესა დღესა აღდგა, შემუსრნა რაჲ ბჭენი ჯოჯოხეთისანი და საკრველნი სიკუდილისანი განხეთქნა. ეჩუენა მუწაფეთა და აღიყვანნა იგინი მთასა ზეთისხილთასა და ყოველივე განცხადებულად გულისჴმაუყო. მერმე აკურთხნა იგინი და ჰრქუა: „წარვედით და უქადაგეთ სახარებაჲ ყოველსა სოფელსა. რომელსა ჰრწმენეს და ნათელიღოს, ცხონდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს!“ და მერმე ხედვიდეს რაჲ მოწაფენი, ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა, ვინაჲცა მოსლვად არს კუალად განკითხვად ცხოელთა და მკუდართა. ხოლო წმიდანი იგინი მოწაფენი და მოციქულნი მოიქცეს იჱრუსალემს ბრძანებისაებრ მისისა. და მოელოდეს აღთქუმასა სულისა წმიდისასა. და მო-რაჲ-ვიდა მადლი იგი მათ ზედა ენითა ცეცხლისაჲთა, იტყოდა კაცად-კაცადი უცხოჲთა ენითა, ვითარცა სული მოსცემდა მათ. და მიერითგან განიბნინეს სოფელსა შინა ქადაგებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა. ხოლო მე მამისა თანა და დედისა ჩემისა მრწმენა ქრისტე, იქცეოდა რაჲ ქუეყანასა ზედა. და ნათელვიღეთ ჴელითა პეტრესითა, თავისა მის მოწაფეთა მისთაჲსა, და წარვედით სახედ ჩუენდა. ხოლო გან-რაჲ-ეფინნეს მოციქულნი პირსა [240v] ქუეყანისასა ქადაგებად ს(ა)ხელსა ქრისტესსა, მოიწია ნეტ(ა)რი პეტრეცა მოციქული კერძოთა მათ, ვინაჲ-იგი მე ვიყოფებოდე. და დაივანა საყოფელსა ჩემსა ორმეოც დღე, რამეთუ მშობელნი ჩემნი აღსრულებულ იყვნეს. ხოლო მე შეუდეგ მიერითგან ნეტარსა მას მოციქულსა, რომელმანცა წამომგზავნა თქუენდა მიმართ, რაჲთა გიქადაგო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი-იგი შე-თჳ-იწყნაროთ გულითა ლმობიერითა და ხჳდოდით გზასა მას ქრისტეს მცნებათასა, ღირს იქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რაჲ-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა. ესე ყოველი რაჲ ესმა ვონიფანტე მთავარსა დიდისა ბაგრატისგან, დავარდა პირსა ზედა და თქუა: „ვჰმადლობ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან ესრეთ ჯერიჩინა, და მრწამს ყოველი, რომელი მესმა პირისაგან შენისა, წმიდაო ღმრთისაო. და ამიერითგან ყოველი, რავდენი რაჲ მაქუს, ჴელთა შენთა მიგცე, ოდენ ღ(ი)რსმყავ შვილად შენდა წოდებად.“ მაშინ წმიდამან ბაგრატ მიყო ჴელი, ჯუარი დასწერა და აღადგინა იგი და ჰრქუა: „მადლმან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან სრულყავნ სიტყუაჲ ეგე შენი, რამეთუ ნანდჳლვე ქრისტეს მიერ შვილი ჩემი ხარ შენ.“ და ვიდრეღა ამას ესევითარსა მრავალსა ასწავლიდა წმიდაჲ ბაგრატ მთავარსა მას, მოიწა ჟამი ცისკრისაჲ. და მშჳდობაჲ დაუტევა მას მთავარმან და წარვიდა წარვლენად ერისა მის სახედ თჳსად, რომელნი-იგი მკჳდრ იყვნეს გარემოჲს მათისა მის ეტნისა, კაცნი მჴნენი და ძრიელნი ბრძოლად. ხოლო წმიდამან ბაგრატ წარგზავნა იგი და ჰრქუა: „წარვედ, შვილო, მშჳდობით, უფალმან წარგიმართენ ნებასა თჳსსა!“ და მან თაყუანის სცა მას და განვიდა და მეყსეულად დაჰბერეს ნესუტსა. [241r] და ამჴედრდეს წინაშე მისსა ერი იგი. და წარვიდეს ქალაქად და განთიად განუტევა ერი იგი კაცად-კაცადი სახედ თჳსად. ხოლო წარვიდა რაჲ მთავარი იგი, ვიწყეთ ჩუენ ცისკრისა გალობასა. და შემდგომად აღსრულებისა მისისა ჰრქუა ლუკაონიდე ნეტარსა ბაგრატს: „უფალო ჩემო, შვილმან შენმან მთავარმან მრქუა მოჴსენებად სიწმიდისა შენისა, რაჲთა ჰბრძანო აღსლვად ქალაქადმდე და აკურთხო სახლი მისი.“ მიუგო წმიდამან და ჰრქუა: „ჰე, შვილო ჩემო, უფალსა თუ ენებოს, ვყო ერგრე, არამედ ბოროტნი იგი ეშმაკნი ხედვენ წარწყმედასა თჳსსა და ამბოხებისა ყოფაჲ ეგულების. ამისთჳს დავწერო წიგნი ჴელითა ჩემითა. და აღვედ, წარიკითხე წინაშე საკერპოსა მას ტავრომენელთასა, რაჲთა დადუმნენ სულნი იგი არაწმიდანი.“ და დაწერა ნეტარმან მან ესრეთ: „ბაგრატ, მონაო იესუ ქრისტეს, უფლისა ჩემისაჲ, ლუსუნს, კერპსა მაგას საძაგელსა ტავრომენელთასა, და სხუათა მაგათ ყოველთა ეშმაკთა, მანდა მკჳდრთა, გიბრძანებ სახელითა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესითა, აღჳრასხენით ბოროტთა მაგათ პირთა თქუენთა, რაჲთა ნურაჲ ანბოხებაჲ ჰყოთ, რამეთუ უბრძანებიეს უფალსა, რაჲთა შორს ჰყოთ ამიერითგან ყოველი უცნებაჲ და საცთური დაბადებულთაგან მისთა.“ ხოლო ლუკაონიდე მიიღო წიგნი იგი და წარვიდა ქალაქად საკერპოსა მას მათსა. და შევიდა ტაძრად და წარიკითხა წიგნი იგი. და დადვა წინაშე კერპისა მის და წარმოვიდა ჩუენდავე. და ვითარცა შემწოხრდა, აღასრულა ნეტარმან ბაგრატ ლოცვაჲ. და მიბრძანა აღებად ხატთა მათ წმიდათა და წარვემართენით ქალაქად. ხოლო სლვასა [241v] მას ჩუენსა ვასკულავი ბრწყინვალე წინა გჳძღოდა, ვიდრემდის მივიწიენით ქალაქად. ესმა რაჲ მთავარსა მისლვაჲ ჩუენი, გამოგუეგება და შეგჳყვანნა სენაკსა მცირესა, კეთილად მოკაზმულსა, სადა-იგი დაედგა ცხედარი და საყდარი. და აწჳა ნეტარსა მას დაჯდომად. ხოლო იგი დაჯდა და მთავარიცა მის თანა. და იწყო სწავლად მისსა სიტყუათა ცხორებისათა მყუარ ჟამ. მერმე წარგზავნა იგი განსუენებად, ხოლო თავადი ღამე ყოველ ჴელგანპყრობილ უფალსა ევედრებოდა, ვიდრე მოიწია ჟამი ცისკრისაჲ. მაშინ მიწოდა მე და ზოგად აღვასრულეთ გალობაჲ. და ვიყოფვოდეთ ტაძარსა მას მთავრისა ვონიფანტესა ორმეოც დღე. ხოლო მოახლებულ იყო დღესასწაული ბოროტისა მის კერპისა ლჳსონისი, რომელსა შინა მრავალსა საცხოარსა და ზროხასა დაჰკლვიდეს ტავრომენელნი და უზორვიდეს მას. მაშინ შემოკრბეს ქურუმნი იგი და ჴმობდეს წინაშე ტაძარსა მას მთავრისასა და მოაჴსენებდეს განმზადებულებისა მისთჳს. ხოლო მთავარი წარდგა გარდასაყრდნობელსა მას თჳსსა და ეტყოდა მათ: „წარვედით, მოჰმზადეთ ყოველივე წესისაებრ თქუენისა და ოდეს დღესასწაული იგი მოიწიოს, მე მზავყო ცხოარი და ზროხაჲ და ყოველი, რავდენი რაჲ საჴმარ იყოს.“ ესე რაჲ ჰრქუა, წარგზავნა იგინი სახედ თჳსად. და შემო-რაჲ-ვიდა ჩუენდა ვონიფანტე მთავარი, ჰკითხვიდა მას წმიდაჲ ბაგრატ: „რანი იყვნეს, შვილო, ჴმანი იგი ერისანი?“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას: „შემდგომად ორისა [242r] თჳსა დღესასწაული იქმნების შესაწირავთაჲ, ლუსონ ღმრთისა მის ამის ქალაქისა და ყოველი ქალაქი და გარემო სანახები შემოკრბების. ამის უკუე ჯერისათჳს მეტყოდეს ქურუმნი, რაჲთა მზავყვნეთ დასაკლავად ცხოვარი და ზროხაჲ ფრიადი. ვითარ უკუე ჰნება(ვ)ს სიწმიდესა შენსა ყოფად, ანუთუ მოსლვად ხარა კრებასა მას წინაშე ყოვლისა მის ერისა? გინათუ არა, ყოველივე მაუწყე ნებაჲ გულისა შენისაჲ.“ ჰრქუა მას ნეტარმან ბაგრატ: „შვილო ვონიფანტე, ნუვინ გაცთუნებს, ნუცა თავსიდებ ამიერითგან ეშმაკთა მსხუერპლისა შეწირვად, არამედ მოიქეც სახიერისა მის უფლისა, რაჲთა მიგეტევნეს ცოდვანი შენნი. რამეთუ მოწყალე არს იგი და ყოველთა, რომელნი მისსა მოივლტიან, წყალობით შეიწყნარებს და შეუნდობს ყოველთა ცოდვათა მათთა. რამეთუ ამისთჳს გარდამოჴდა წიაღთაგან მამულთა ქრისტე ღმერთი ჩუენი და კაც იქმნა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან. და მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა, რაჲთა ყოველთა მიგჳწოდოს სასუფეველსა მისსა, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან. ამისთჳის, შვილო ჩემო, მტკიცე იყავ სარწმუნოებასა მისსა, რაჲთა სრულიად მოგეცეს მადლი სულისა წმიდისაჲ, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ. ხოლო აწ მნებავს, შვილო ჩემო, რაჲთა აღმიშენო საკურთხეველი წმიდაჲ, რაჲთა შევსწირვიდე მა(ს) ზედა შესაწირავსა მას დიდებულსა და უფალმან ჩემმან იესუ ქრისტემან გჳჴსნეს ყოველთაგან მტერთა მათ უხილავთა და მოავლინოს ანგელოზი თჳსი მცველად სულთა ჩუენთა.“ მიუგო მთავარმან [242v] და ჰრქუა მას: „ყოველივე, რაჲცა მიბრძანო შვილსა შენსა, მზა ვარ აღსრულებად. სახე ოდენ საკჳრთხეველისა მის გამოსახე და მიერითგან უზრუნველ იყავ.“ მაშინ აღდგა ნეტარი იგი და თანა წარიყვანა ვონიფანტე მთავარი და ლუკაონიდე. და განვედით მახლობელად ზღუდესა ქალაქისასა აღმოსავალით კერძო. და გამოსახა სახე იგი ეკლესიისაჲ და თქუა: „ამას ადგილსა მნებავს აღშენებაჲ სახლისა ამის სალოცველისაჲ.“ და აღასრულა ლოცვაჲ ეკლესიისაჲ მუნ მდგომარემან. ხოლო მთავარმან სათხროლითა მოინიშნა ადგილი იგი და წარვედით სავანესა მას ჩუენსა. და ხვალისა დღე უბრძანა მთავარმან მნესა თჳსა წარსლვად ლუკაონიდეს თანა და ვითარცა უჩუენოს აღშენებად ტაძარი იგი ღმრთისაჲ. და მეყსეულად შემოკრიბნეს გალატოზნი და ხუროთმოძღუარნი და იწყეს შენებად, რამეთუ იტყოდეს: „სახლსა საგანძურსა აღაშენებს მთავარი.“ და ფრიადითა მოსწრაფებითა ოცდაათ დღე აღასრულეს შენებაჲ იგი ყოველი კეთილად და შუენიერად. და იყო შენებული იგი ყოველი კეცითა და ლაქუარდითა დიდ-დიდებითა სისუბუქისათჳს მისისა. და ვითარცა აღასრულეს ყოველივე სამკაული წმიდისა მის ეკლესიისაჲ, შთავიდა ნეტარი ბაგრატ მთავრისა თანა და ლუკაონიდეს თანა, რომელსა ეწოდა „ეპიფანე.“ და აღჰმართა წმიდამან მან ჴელითა თჳსითა საკურთხეველი და აკურთხა იგი წესისაებრ მოციქულთაჲსა. და მეყსეულად შეწირა მას ზედა უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და გუა [243r] ზიარნა წმიდათა მათ საიდუმლოთა მე და ეტჳფანე და ამბორსგჳყო. ხოლო ვონიფანტე მთავარი არა აზიარა. ამისთჳს შეწუხნა იგი ფრიად, რამეთუ ჯერეთ უმეცარ იყო საიდუმლოსა მას. ხოლო ოდეს-იგი იწყო წმიდამან ბაგრატ გალობად ჴმითა მით ტკბილითა, რამეთუ ფრიად კეთილ და ტკბილ იყო ჴმაჲ მისი და მადლითა ღმრთისაჲთა აღვსებულ, მეყსეულად ვიხილეთ მე და ეტჳფანე ცეცხლი საშინელი, ზეცით გარდამოსრული, რომელმან აღივსო ეკლესიაჲ და შეძრწუნვებულ ვიყვენით. ხოლო გარემოჲს ადგილისა მის აღმართებულ იყვნეს კერპნი მრავალნი, სპილენძისა და ჭიქისა და კეცისანი ოქროლესულნი. და მას ჟამსა ყოველნივე დაცჳვეს და შეიმუსრნეს. და ვითარცა აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ, ნეტარმან მან ჰრქუა მთავარსა: „რაჲსა მწუხარე იქმენ, შვილო, რომელ-იგი არა გაზიარე წმიდათა მათ საიდუმლოთა? საცნაურ იყავნ შენდა, ვითარმედ ესე არს საიდუმლოჲ ჴორცისა და სისხლისა ქრისტეს ღმრთისაჲ. და ვერვის ჴელეწიფების ზიარებად, უკუეთუ არა პირველ აღიბეჭდოს წმიდისა ნათლისა მიერ, რომელ არს განბანაჲ წყლითა და განწმედაჲ სულისა მიერ წმიდისა. ხოლო შენ ჯერეთ წინდი ოდენ მიგიღებიეს მადლისა მის და არღარა სრულ ქმნულ ხარ. ჰმადლობდ უკ(უ)ე ღმერთსა და ოდეს მისმან სახიერებამან ჯერიჩინოს, ღირს იქმნე დიდებულსა მას ნიჭსა.“ ესე რაჲ თქუა, შეუვრდა მთავარი იგი და არღარა შესძინა სიტყუად. მაშინ აღგჳყვანნა ტაძრად და დაგჳგო ტ(ა)ბლაჲ შუენიერი დღესა მას სატფურებისასა. ხოლო წმიდამან ბაგრატ იწყო კურთხევად ტაბლისა. და თქუა რაჲ სიღრმითა გ(უ)ლისა მისისაჲთა: „დიდებაჲ შენდა, ქრისტე, სუფევაჲ შენი, ქრისტე, სოფევაჲ არს“, მეყსეულად შეიძრა ადგილი იგი და ყოველივე შიშით ქუე დავცჳვით. ხოლო ნეტარმან მან აღგოადგინნა და თქუა: „ნუ გე(ში)ნინ, [243v] რამეთუ მადლი ქრისტესი მოგუეფინა ჩუენ, რაჲთა გუაკურთხნეს.“ და ჯდა უკუე წმიდაჲ ბაგრატ და ერთ კერძო მისა - მთავარი ვონიფანტე და ერთ კერძო - ეტჳფანე. ხოლო მე ზე ვდეგ წინაშე უფლისა ჩემისა. მოიღო წმიდამან მან პური, განტეხა და მოგუცა ყოველთა და თქუა: „მიიღეთ, ჭამეთ პური ესე ჴელთაგან ჩემთა დღესა ამას სატფურებისასა ტაძრისა მის ღმრთისა და მოიძაგენით კერპნი და ყოველივე ნაზორევი და ნაგები მათი.“ და აღვდეგით რაჲ ტაბლით, ყო ლოცვაჲ და წარავლინა კაცად-კაცადი თჳსაგან. ხოლო ჩუენ შთავედით ეკლესიად სამწოხროჲსა გალობისა აღსრულებად. და მიერითგან მუნ ვიყოფვოდეთ, ლოცვათა აღვასრულებდით და უსისხლოსა მას მსხუერპლსა შესწირვიდა ღმერთშემოსილი იგი. ხოლო ქურუმთა ბოროტთა ესმა რაჲ, ვითარმედ ვონიფანტე მთავარმან ტაძარი აღაშენა, იხარებდეს და იტყოდეს: „ღმერთნი უმეტესად შეიყუარნა მთავარმან და ტაძარი აღუშენა აპოლონს.“ რამეთუ არა იყო ქალაქსა მას კერპი მისი და იტყოდეს: „დიდ არს ძალი შენი, ღმერთო აპოლონ, რამეთუ, დაღაცათუ ფალკონ წარვიდა ჩუენგან, არამედ აწ შენ მოგიყვანა დიდმან ამან მთავარმან.“ ხოლო მოახლდა კრებ(ა)ჲ იგი ლუსონ კერპისაჲ. და მოჰმზადეს ქურუმთა მათ ცხოარი და ზროხაჲ ფრიადი და სამნი ჭაბუკნი დასაკლველად ჩუეულებისაებრ. და შეკრბეს მიმოსლვად ყოველთა მათ საკერპოთა ტაძართა კუმევად საკუმევლისა. და შე-რაჲ-ვიდეს ყოველსა პირველად ტაძარსა მას დიოს კერ(პ)ისასა, პოეს კერპი იგი დაცემული და შემუსრვილი. ესე რაჲ იხილეს, იცეს პი(რ)თა მათთა და [244r] გოდებით ტყ(ე)ბა ყვეს და იტყოდეს: „ჵ, ღმერთო ჩუენო დიოს, არა კმა გუეყოა წარწყმედაჲ იგი ფალკონისი, არამედ, ესერა, უმეტესიცა მწუხარებაჲ და რისხვაჲ გუეწია. რამეთუ გხედავთ შენ შემუსრვილად და რომელსა შიშით თაყუანის გცემდით, გხედავთ შეურაცხად დალეწილად. ვინ მიუთხრას სირცხჳლი ესე ჩუენი გარ(ე)მო ქალაქთა?“ და ესევითარითა გოდებითა გამოვიდეს მიერ და შევიდეს სხუათა მათ ტაძართა და პოეს ეგრ(ე)თვე ყოველნი ღმერთნი შემუსრვილნი. მაშინ იქმნა ვაებაჲ დიდი და ყოველი ერი შეკრბა ჴმასა მას. და განისმა სიტყუაჲ ესე ყოველსა ქალაქსა და იყო გლოაჲ ყოველთაჲ. მაშინ ქურუმნი იგი ერითურთ აღვიდეს მთავრისა და იწყეს ჴმობად ჴმითა უწესოჲთა. ხოლო იგი წარდგა გარდასაყრდნობელსა მას თჳსსა და ჰკითხვიდა შფოთისასა მის მ(ი)ზეზსა. და იგინი ეტყოდეს: „ჵ, მთავარო, ვითარ-ესე ვხედავთ, არცა ერთი ზრუნვაჲ გაქუს შენ წარწყმედისათჳს ჩუენისა, რამეთუ, აჰა ესერა, პირველქმნულსა მას განსაცდელსა ზედა, რომელ-იგი ფალკონ ღმერთი ჩუენი უჩინო იქმნა, არცა ერთი ზრუნვაჲ აჩუენე. და აწ კუალად დიოს, ღმერთი ჩუენი დიდი, და სხუანი ყოველნივე შემუსრვილ არიან. და არცა ერთი დაშთომილ არს, გარნა ლუსონ ხოლო, და შენ აწღა იკითხავ მიზეზსა გლო(ვ)ისა მის ჩუენისასა? აწ უკუე თქუ, რასა გჳბრძანებ ამის ჯერისათჳის.“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა მათ: „კაცნო ბრძენნო ტავრომენელნო, ესერა, კრებაჲ იგი დიდი ამის ქალაქისაჲ მოახლებულ არს. მაშინ უკუე გამოვიძოით ყოველივე ესე. ხოლო აწ გამოარჩიენით თქუენგანნი კაცნი ბრძენნი და სწავლულნი ფრიად ფილო [244v] სოფოსობისანი და მეცნიერნი სიზმართა აღჴსნად და სამისნოთა გამოძიებად. და ტაძრებსა შინა ღმერთთასა ორ-ორი დაადგინეთ. ნუ უკუე ცნან, რაჲ არს მოწევნული ესე ღმერთთა ზედა, გინათუ ღმერთი უძლიერესი მოვიდა და ვერ დაუ(დ)გნეს შიშსა მისსა და შეიმუსრნეს, ანუთუ სხჳსა რაჲსამე მიზეზისათჳს იქმნა ესე. და რაჲცა გამოეცხადოს კრებასა მას, გუაუწყონ.“ სთნდა სიტყუაჲ ესე ქურუმთა და ერსა მას და თქუეს: „ვფუცავთ ძალსა ლუსონისსა, კეთილი განზრახვაჲ მოიგონე, მთავარო დიდებულო.“ და მიიქცეს ქალაქად და ჴელთა აღიღეს რტოები მურტისა და დაფნისაჲ. და გამოარჩივნეს ოცდაათნი კაცნი, სწავლულნი ფილუსოფოსობასა და ვასკულითმრაცხველობასა, სიზმართა აჴსნასა და მისნობასა. და დაადგინნეს იგინი ტაძართა მათ შინა საკერპოთა ორ-ორი. ხოლო წმიდაჲ ბაგრატ ჯდა ეკლესიასა მას შინა, დაფარულ სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ ბნელი იყო მიფენილ თუალთა მის ერისათა და ვერ ხედვიდეს წმიდასა მას ეკლესიასა. წარვიდეს უკუე ერნი იგი ქურუმთა თანა საკერპოდ ლუსონისა რტოებითა მურტისა და დაფნითა და თითო სახითა სახიობითა შევიდეს. ქურუმნი იგი შეასხმიდეს მას და ითხოვდეს ხილვათა ხილვად საქმისა მისთჳს საძიებელისა. მაშინ სულმან მან ბოროტმან, რომელი იყო კერპსა მას შინა, ჴმაჲ აღმოუტევა და ჰრქუა მათ: „კაცნო ტავრომენელნო, რაჲსა მოხუედით ჩემდა, ანუ რაჲსა ჴმითა ქებისაჲთა შემასხამთ? რავდენი გაუცნეთ, გაუცნეთ, და რაჲ-იგი ვქმენით, ვქმენით თქუენ თანა. ამიერითგან განგუეშორენით, არღარა არს [245r] ძალი ჩუენ თანა, რამეთუ სამგუამოანმან ღმრთეებამან მოხედნა თჳსთა დაბადებულთა. მოავლინა ღმერთმან სიტყუაჲ თჳსი და ყოველნი განკურნა, რომელმან-იგი შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ამან აწ მოავლინა მახჳლი ცეცხლისაჲ აქაცა, მოწაფე თჳსი, რომელმან ფალკონცა იოტა და სხუანი შემუსრნა და მეცა უჩინო მყოფს.“ ესე რაჲ თქუა, დადუმნა. ხოლო ქურუმნი იგი და ერი აღივსნეს მწუხარებითა, რამეთუ ვერ გულისჴმაყვეს, რასა-იგი იტყოდა. არამედ ესე ოდენ ცნეს, ვითარმედ განსაცდელი და ჭირი მოწევნოლ არს ღმერთთა მათთა ზედა. მაშინ იწყეს კუალად ვედრებად, რაჲთამცა გამოცხადებულადრე აუწყა მათ, თუ ვინ არს ძლიერი იგი ღმერთი და ყოველთა შემოქმედი. ხოლო სულმან მან არაწმიდამან არღარაჲ მიუგო. მერმე კუალად წილ იგდებდეს, თჳ ვის ეძიებს ლუსონ, რაჲთამცა დაუკლეს მას, რამეთუ აქონდა ჩუეულებ(ა)ჲ და რომლისაჲცა აუწყის, იგიცა დაუკლიან. მოიღეს უკუე ფიალი ოქროჲსა და აღავსეს იგი წყლითა და მიახლეს წინაშე კერპისა მის. და წილ იგდებდეს ბეჭდებითა წესისა მისებრ მისანთაჲსა. და აღმოჰჴდა წილი იგი მთავრისა ვონიფანტესთჳს, რაჲთა დაუკლან იგი კერპსა მას. ესე რაჲ ესმა ერსა, განიხარეს და რტოებითა მით მურტ(ი)სა და დაფნისაჲთაჲთა აღვიდეს პერეტორად, რომელ არს ტაძარი მთავრისაჲ. შეასხმიდეს მას და იტყოდეს: „დიდებულო მთავარო და ბრწყი(ნ)ვალეო ნახპეტო, დიდმან ღმერთმან ლუსონ შესაწირავად და მსხუერპლად მისა გითხოა შენ და გნატრით ყოველნი, რამეთუ ამასცა ცხორებასა დიდებულ იქმენ და აწ ღირს იქმნები ღმერთყოფად, ვითარცა ლუსონ და ზევ და სხუანი იგი ღმერთნი.“ ესე რაჲ ესმა, მას ჟამსა ერი იგი განუტევა ნიჭითა მრავლითა [245v] წესისაებრ და მსწრაფლ მოვიდა ნეტარისა ბაგრატისა. შეუვრდა მას ცრემლით, რაჲ-იგი ასმიოდა, მიუთხრა მას. მიუგო წმიდამან ბაგრატ: „ნურას ზრუნავ, შვილო, ამის ჯერისათჳს, არამედ წარვედ კრებასა მას. და მეცა მუნ მოვიწიო ძალითა უფლისა იესუ ქრისტესითა და ვიოტო სული იგი არაწმიდაჲ. ხოლო შენ არა გევნოს, ნუ გეშინინ, ნუცა იურვი, არამედ წარვედ მშჳდობით, მე სახელითა ქრისტესითა შენ თანა ვარ.“ წარვიდა მთავარი სახედ თჳსა და მუნ იყოფვოდა უზრუნველად. და ხვალისა დღე მივიდეს ქურუმნი კაცთა მათ მიმართ, რომელნი საკერპოთა შინა დაედგინნეს კითხვად, უკუეთუ გამოეცხადა რაჲ. ხოლო მათ მიუგეს და თქუეს: „ვითარცა-ესე დაგუადგინენით ჭეშმარიტებისა ძიებად, ყოველივე, რაჲ-იგი ვიხილეთ, გაუწყოთ. ღმერთნი იგი შემუსრვილნი ერთად შევანაწევრენით და დავსხენით საყდართა მათთა ზედა. და ვევედრებოდეთ გამოცხადებად ჩუენდა ჩუენებათა დაფარულთა და ღამე ყოველ არა დავიძინეთ. ხოლო ვითარცა მეცხრე ოდენ ჟამი იყო ღამისაჲ, გუესმა ჴმაჲ გალობისაჲ, ფრიად შუენიერი, რომლისა სმენითა ვერვინ განძღების. და ვითარცა ისმა ჴმაჲ იგი, მეყსეულად, ვითარცა მძლაფრისაგან ქარისა, განიბნივნეს ღმერთნი იგი და იქმნეს, ვითარცა არარაჲ.“ ხოლო ქურუმთა ესე შეჰრაცხეს ნაცილად და არა ჰრწმენა. მიუგეს კაცთა მათ და ჰრქუეს: „უკუეთუ ურწმონო ხართ სიტყუათა ჩუენთა, დაადერგით აქა და თქუენ თჳთ გესმას.“ სთნდა მათ სიტყუაჲ მათი და წარვიდეს და მოიყვანნეს სხუანი კერპნი. და აღმართნეს ტაძართა მათ შინა და მუ(ნ) დაადგრეს მას ღამესა. [246r] ხოლო ვითარ მეცხრე ოდენ ჟამი იყო, იწყო წმიდამან ბაგრატ ცისკრისა გალობასა. და ესმა ჴმაჲ მისი, მეყსეულად დაეცნეს კერპნი იგი და შეიმუსრნეს. მაშინ ქურუმნი იგი განვიდეს ხილვად, ვინაჲ მოვალს ჴმაჲ იგი. და ჴმაჲ ესმოდა, ხოლო ხილვად ეგუტერისა მის ვერ ჴელეწიფებოდა, რამეთუ ბნელი მიფენილ იყო თუალთა ზედა მათთა. და აღვასრულეთ რაჲ ლოცვაჲ, დაჯდა ნეტარი ბაგრატ წინაშე კართა ეკლესიისათა, დასწერა ჯუარი. მაშინღა აღეხილნეს თუალნი მათნი და იხილეს წმიდაჲ იგი ეკლესიაჲ და ნეტარი ბაგრატ, მჯდომარე წინაშე კართა მისთა, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, და შეშინდეს. მაშინ მოუჴდეს მას და ეტყოდეს: „გაფუცებთ დიდთა ღმერთთა, გჳთხარ ჩუენ, ღმერთი ხარ შენ, ანუ კაცი?“ მიუგო წმიდამან ბაგრატ და ჰრქუა მათ: „მე არცა ღმერთი ვარ, არცა თქუენთა მაგათ ბილწთა ღმერთთა თქუენთა ვმსახურებ, არამედ კაცი ვარ, დაბადებული ღმრთისაჲ, რომელმანცა მომავლინა, რაჲთა გიქადაგო სიტყუაჲ ცხ(ო)რებისა და ჭეშმარიტებისაჲ, რაჲთა იცნათ ღმერთი მაღალი და მოიიძაგოთ ბოროტი ეშმაკი.“ ჰრქუეს მას ქურუმთა მათ: „ვხედავთ შენ ზედა მადლსა დიდსა, ნუ(უ)კუე აპოლონ, ღმერთი ათინელთაჲ, ხარ შენ და ამისთჳს ესრ(ე)თ ძლიერად მოხუედ და ღმერთნი ჩუენნი შეიმუსრნეს. გა(რ)ნა არა იგი ღირს ამის საქმისა ქმნაჲ, დაღ[ა]ცათუ ძლიერ ხარ, რამეთუ იგინიცა ღმერთნი არიან.“ მიუგო ნეტარმან მან და ჰრქუა მათ: „კაცნო ტავრომენელნო, მე არა აპოლონ ვარ, არცა აპოლონს ვიცნობ, რამეთუ არს იგი, ვითარცა არარაჲ და შეურაცხი. არამედ მონა ვარ უფლისა იესუ ქრისტესი, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა. რომელმან დაჰბადა კაცი ხატად თჳსად და მან მომავლინა, რაჲთა [246v] გასწაო დატეობად ეშმაკთა და მის მხოლოჲსა მონებად, რაჲთა მოგანიჭოს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა. ხოლო კერპნი ეგე, რომელთა თქუენ ღმერთად უწესთ, ეშმაკნი არიან და მსახურთა მათთა ცეცხლისა საუკუნუჲსა მომატყუებ(ე)ლ ექმნებიან და ბნელისა გარესკნელისა და ღრჭენისა კბილთაჲსა და ტირილისა დაუცხრომელისა. აწ უკუე, კაცნუ, დაუტევეთ ბნელი და მოვედით ნათლად!“ ხოლო ქურუმთა მათ უკჳრდეს სიტყუანი მისნი, არამედ მიისწრაფდეს დღესასწაულსა მას ლუსონ კერპისასა და ჰრქუეს მას: „ვისმინოთ კუალადცა, სიტყუაჲ ეგე შენი რასა მოასწავებს.“ და დაუტევეს იგი და წარვიდეს და იტყოდეს: „ვინმე არს იგი ღმერთი, რომელსა-ესე იტყჳს უძლიერეს ყოფად ჩუენთა ღმერთთა, რამეთუ სიტყუაჲ იგი ლუსონისიცა გუაკჳრვებს, რომელ-იგი გუშინ მოგჳგო.“ ამას ესევითარსა იტყოდეს რაჲ, მიიწივნეს ტაძრად ლუსონისა და განავლინნეს ქადაგნი შემოკრებად ერისა. და მეყსეულად შეკრბა ერი ურიცხჳ რტოებითა მურტისა და დაფნისაჲთა. და აღვიდეს ტაძრად მთავრისა და შეიპყრეს ვონიფანტე მთავარი. და მიიყვანეს წარდგინებად წინაშე ლუსონისა და აღსძუარცეს ძოწეული იგი და პორფირი, რომელ ემოსა. და ჴელნი შეუკრნეს დაკლვად. ხოლო იგი მიმოიხედვიდა წმიდასა ბაგრატს, ვითარცა ზუარაკი, კლვად მიყვანებული, იხედავნ დედასა თჳსსა, და იტყოდა: „იესუ ქრისტე, შემეწიე მე!“ და მას ოდენ ჟამსა აღდგა წმიდაჲ ბაგრატ და შეიმოსა სამღდელოჲ [247r] კუართი ზეწრითურთ და მომცა მე კურთხევაჲ დიაკონობისაჲ. და აღიღო ჯუარი იგი წმიდაჲ ჴელთა თჳსთა და ხ(ა)ტი მაცხოვრისაჲ და წმიდისა მოციქულისა პეტრესი. და სწრაფით მივიწიენით კრებასა მას და ვიხილეთ ვონიფანტე მთავარი წინაშე კერპისა მის შეკრული. ხოლო კერპი იგი იყო დიდ ფრიად და შინაგან მისსა იყო გუელი, ვეშაპისა მსგავსი, რომელი-იგი სუმიდა სისხლსა მას, რომელსა უზორვიდეს. იხილა რაჲ მთავარმან ნეტარი ბაგრატ, ჴმაყო: „დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო მონისა შენისა ბაგრატისო!“ და მეყსეულად დასცჳვეს საკრველნი იგი. იხილეს რაჲ ერმან მან, დადუმნეს ჴმათა მათგან სასტიკთა, რომელთა შეასხმიდეს კერპსა მას. და თუალნი ყოველთანი წმიდასა ბაგრატს ზედა იყვნეს, რამეთუ იხილეს იგი უცხოჲთა სახითა და მადლი ღმრთისაჲ მოფენილ იყო მის ზედა. მაშინ წმიდაჲ ბაგრატ მიეახლა კერპსა მას და ჰრქუა: „ლუსონ, ბილწო და არაწმიდაო, რად აცთუნებ დაბადებულთა ღმრთისა ჩემისათა, ანუ რომლისა სარგებელსა მოატყუებ შენ მიერ ცთუნებულთა მათ?“ მიუგო სულმან მან არაწმიდამან კერპით გამო: „რასა მკითხავ, მონ(ა)ო ღმრთისაო, რომელი შენცა უწყი?“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „ჰე, მე კეთილად უწყი, გარნა გიბრძანებ სახელითა ქრისტესითა თქუმად ერისა ამის წინაშე უცნებათა შენთა და თუ ვითარისა ცხორებისა მომატყუებელ ექმნები მათ და მას საუკუნესა.“ მიუგო ეშმაკმან მან და ჰრქუა წინაშე ყოვლისა მის ერისა: „მე ყოველთავე მორჩილთა ჩემთა გეჰენიასა მას ცეცხლისასა დაუმკჳდრებ თავისა ჩემისა თანა.“ მაშინ წმიდამან ბაგრატ აღამაღლა წმიდაჲ იგი ჯუარი და გამოსახა ნიში ჯუარისაჲ ჯუარითა და ჰრქუა მას: „გიბრძანებ [247v] სახელითა მამ(ი)სა და ძისა და სულისა წმიდისაჲთა, ეშმაკო არაწმიდაო, სივლტოლად ადგილისა ამისგან და შთავრდომად სიღრმესა ზღჳსასა მოყუსისა მის შენისა ფალკონის თანა, ვიდრე განმზადებულად დღედმდე.“ და მეყსეულად იქმნა სულისა მისგან ბოროტისა, ვითარცა გრიგალი ქ(ა)რისა მძლავრისაჲ. და კერპი იგი დაეცა და შეიმუსრა წულილად და სულნი იგი ბოროტნი ივლტოდეს. ხოლო გუელი იგი დაშთა ადგილსა მას, სადა ბომონი იგი დგა. მოუჴდა წმიდაჲ ბაგრატ, სცემდა მას კუერთხითა და ეტყოდა: „განვედ, ტყაო ეშმაკისაო, რამეთუ შენ შეგიმოსა მან და პირველნი მამანი ჩუენნი სამოთხით გამოყარნა. და აწ ლუსონ შენვე შეგიმოსა და დაბადებულთა ღმრთისა ჩემისათა აცთუნებდა. განვედ სახელითა ქრისტესითა და ნუღარა პოვნილ ხარ ამას ადგილსა!“ და მეყსეულად აღიძრა გუელი იგი საშინელი წარსლვად. და შეძრვასა ოდენ მისსა ჯუარი დასწერა წმიდამან ბაგრატ და განიპო იგი ორად თავითგან ბოლომდე. ესე საკჳრველებანი, რომელნი ქმნა სახელითა იესუ ქრისტესითა, იხილნა რაჲ ერმან მან, ჴმაყვეს: „კურთხეულ არს ღმერთი ბაგრატისი, ჭეშმარიტად დიდ არს და საშინელ და გურწამს იგი.“ ჰრქუა მათ წმიდამან ბაგრატ: „შემუსრენით ფიალები ეგე და სარწყაულები სავსე ღჳნითა მით, შეგინებულთა ნაზორევისაჲთა, და ყოველი იგი, რომელი შესაწირად ეშმაკისა დაგიკლავს, ძაღლთა საჭმლად მიეცით!“ და ერმან მან მყის სიტყუაჲ მისი აღასრულა. კუალად უბრძანა აღებაჲ გუელისაჲ მის და ზღუად შთაგდებაჲ. და მეყსეულად მოაბეს მას საბელი [248r] და ზღუად შთაათრიეს. ხოლო ითრევდეს რაჲ, ძუალნი მისნი განშიშლდეს. და ერთმან ჭაბუკთაგანმან ზურგისაგან მისისა მოჰკუეთა ნაწევარი ერთი და აღწონეს რაჲ, იპოა სამეოცი ლიტრაჲ. მაშინ ყოველი იგი ერი შემოკრბა წმიდისა ბაგრატისა. ხოლო იგი აღვიდა ადგილსა მაღალსა და აკურთხნა იგინი ჯუარის წერითა წმიდითა, რაჲთამცა მიიღეს წმიდაჲ მადლი სულისა წმიდისაჲ. და მყუარ ჟამ ასწავებდა მათ სიტყუასა მას ცხორებისასა და გულნი ყოველთანი განეხუნეს მადლითა სულისა წმიდისაჲთა. და კაცად-კაცადი კერპებსა მას, რომელნი იყვნეს ადგილ-ადგილ ქალაქსა შინა, დაჰმუსრვიდეს და ჰნერწყვიდეს მათ. ხოლო წმიდამან ბაგრატ კუალად აკურთხნა იგინი და ჰრქუა ხვალისა დღე შემოკრებად. და ესრეთ განყარა ერი იგი საზრდელისა მოღებად სახლთა მათთა. და თავადი, სავსე საღმრთოჲთა სიხარულითა, მოიქცა ეკლესიად, ლოცვანი თჳსნი მისცნა უფალსა და მიიღო მცირედ საზრდელი. და დაჯდა კართა წინაშე ეკლესიისათა და ჰმადლობდა უფალსა. მაშინ ეშმაკნი იგი, ქალაქსა მას შინა მყოფნი, შეწუხებულნი საქმეთა მათთჳს, რომელ ქმნნა წმიდამან ბაგრატ, მოიცვეს იგი და ყოველივე ეკლესიაჲ. ვითარცა სიმრავლემან ყორანთამან, რაჲთამცა წმიდაჲ იგი შეაშინეს. მაშინ ღმერთშემოსილი იგი აღდგა და შეიბეჭდა თავი თჳსი სასწაულითა ჯუარისაჲთა და ჰრქუა ეშმაკთა მათ: „გაფუცებ თქუენ, სულნო არაწმიდანო, სახელსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა დავრდომად ქუეყანასა ზედა ფრინვალებისა მაგისგან.“ და სიტყჳსა მისსა თანა დასცჳეს ქუეყანასა ზედა ყოველნი. და იქმნა, ვითარცა კოლტი ღორთაჲ მრავალი. ხოლო წმიდამან ბაგრატ აღიღო კუერთხი ჯუარისაჲ და წარიქცივნა იგინი და გარეგან ქალაქისა განიყვანნა, ვინაჲცა [248v] ქუაბი კლდესა შინა პოა. მუნ შინა შეაყენნა იგინი და ლოდი დიდი სიტყჳთა პირისა მისისაჲთა მიაგორვა კარსა მას და სასწაულითა ჯუარისაჲთა დაჰბეჭდა. და ლოცვაჲ წართქუა მას ზედა და თქუა: „გაფუცებ თქუენ სულთა მაგათ ბოროტთა სახელსა მეუფისა ჩემისა ქრისტესსა არღარა გამოსლვად ქუაბისა მაგისგან ვიდრე დღემდე სასჯელისა, ოდეს-იგი ჯოჯოხეთს შეიყენებოდით.“ და მოიქცა რაჲ მიერ ადგილით, შემოვიდა ქალაქად. და ადგილსა მაღ(ა)ლსა ჴელნი განიპყრნა, ილოცვიდა და ჰმადლობდა ღმერთსა. და შემდგომად ლ(ო)ცვისა მის გამოსახა ნიში ჯუარისაჲ აღმოსავალით, დასავალით, ჩრდილოჲთ, ბღუარით და თქუა: „ძალმან ჯუარისა შენისამან, უფალო იესუ ქრისტე, განიოტენ ყოველნივე სულნი არაწმიდანი.“ და სიტყუასა მისსა თანა, რომელნიცა სადა დაშთომილ იყვნეს, ქალაქსა შინა ივლტოდეს. ხოლო ხვალისა დღე ყოველი იგი ერი შემოკრბა. და აღჴდა იგი ადგილსა მაღალსა, ჴელი განუყარა და ,იქმნა რაჲ დუმილი, აღაღო ყოვლადწმიდაჲ პირი მისი და ასწავლიდა მათ. ხოლო ყოველნი გულსმოდგინედ ისმენდეს მისსა და იტყოდეს: „გურწამს ყოველივე სიტყუაჲ შენი, წმიდაო ღმრთისაო, და თაყუანისვსცემთ უფალსა იესუ ქრისტეს, რომელსა ჰქადაგებ. და ყოველნივე კერპნი მოგჳძაგ(ე)ბიან.“ ესრეთ უკ(უ)ე ორსა მას დღესა ასწავლიდა ყოველთა ზოგად და კაცად-კაცადსა წარჩინებულთა მათ. ხოლო მესამესა დღესა იწყო ნათლისცემად. და პირველ ნათელღებულნი იგი წმიდისა პეტრეს მიერ, ეტჳფანე და სხუანი იგი მენავენი, წარმოადგინნა მსახურებად და ამქუმელად ერისა მის. და ნათელჰსცა მას დ(ღ)ესა ოცდაოთხსა ათასსა რიცხჳთ. [249r] და აზიარა წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა. ხოლო ერისა მისგან მრავალთა თქუეს, ვითარმედ: „ვიხილეთო ტრედი, ზეცით გარდამომავალი.“ და შთავიდა ემბაზსა მას და განიბანა წყალსა მას შინა და აღავსო იგი ნათლითა და სურნელებითა მიუთხრობელითა და კუალად აღვიდა ზეცად. ხოლო იქმნა ქალაქსა შინა მას დღესა სიხარული დიდი. და ვიდრე რვა დღემდე ურიცხუმან ერმან ნათელიღო. ხოლო ესმა გარემო სანახებისა ერსა, და რომელნი-იგი მთასა მას ეტნისასა მკჳდრ იყვნეს, მადლი იგი ღმრთისაჲ, მოსრული ქალაქსა მას ტავრომენელთასა. შემოკრბებოდეს ურიცხუნი და ნათელიღებდეს ჴელითა წმიდისა ბაგრატისითა. და მრავალნი უძლურნი განკურნა ქრისტემან დადებითა ჴელთა მისთაჲთა: მკელობელნი, ბრმანი, განრღუეულნი, განჴმელნი, წყლით მანკიერნი და ეშმაკეულნი. ხოლო ვონიფანტე მთავარი მოუჴდა ნეტარსა მას, თაყუანისსცა და ჰრქუა: „გევედრები, მამაო ღმერთშემოსილო, რად არა მეცა მომანიჭებ მეორედ შობასა ამას წყლისა მიერ და სულისა, ვითარცა სხუათა უფროჲსღა, ვითარცა მთავარსა, პირველ ყოველთასა მიღირდა მე ნათლისღებაჲ.“ მიუგო წმიდამან ბაგრატ და ჰრქუა მას: „შვილო ჩემო, ნუ სულმოკლე იქმნები, არამედ განმზადე თავი შენი სიწმიდითა და ქველისსაქმითა და ოდეს უფალსა ენებოს, მაშინ ნათელიღო, რამეთუ ჩემ ზედა არს ზრუნვაჲ სულისა შენისაჲ. ამას ზედა მთავარი იგი დადუმნა, რამეთუ კაცი იყო მორჩილი ყოველსა ზედა სიტყუასა წმიდისა ბაგრატისსა. მერმე ევედრა ნეტარსა მას აღსლვად მის თანა პრეტორად, რომელ არს ტაძარი მთავრისაჲ. და აღვედით რაჲ, შემიყვანნა საგანძურთა მისთა და უჩუენა წმიდასა ბაგრატს საუნჯენი თჳსნი, [249v] ოქროჲ ფრიადი დაზუნული, ვითარცა იფქლი, ანუ სხუაჲ რაჲმე ნივთი შეურაცხი. ესრეთ სავსე იყვნეს საუნჯენი მისნი ოქროჲთა, რამეთუ ესრეთ წერილ იყო წიგნებსა მას მათსა ტავროჲს და მენიაჲსთჳს, რომელთა ქალაქი იგი აღაშენეს. ვითარმედ იგი მენია ტომისაგან იყო ალექსანდრე მაკედონელისა და მეცნიერ იყო ოქროჲსა ქმნასა და გამოდნობასა ოქროჲსა შანთთასა. ამისთჳსცა აღავსო ქალაქი იგი ოქროჲთა და ვეცხლითა, ვიდრეღა არავინ იპოებოდა მუნ ნაკლულევანებასა შინა. არამედ გარემო სუფლებისაგანცა მუნ შემოკრბებოდეს მორეწად საფასეთა. ჰრქუა უკუე მთავარმან წმიდასა ბაგრატს: „აჰა ესერა, მამაო წმიდაო, ყოველი ესე შენ წინაშე არს, ბრძანე, რაჲ ჯერარს ყოფად ესე.“ მიუგო წმიდამან და ჰრქუა მას: „ესე ყოველი, შვილო, გლახაკთა მიეც!“ ჰრქუა მას მთავარმან: „არა არს, მამაო, ქალაქსა ამას შინა კაცი ნაკლულევანებასა შინა, რამეთუ ფრიად არს სიმდიდრე ქალაქსა ამას. ხოლო რომელიცა ვინ იპოოს სიგლახაკესა შინა, ბრძანებისაებრ შენისა უხუებით მივსცე მას.“ გამოვედით მიერ და მივედით ეკლესიად და ვპოეთ მუნ ერი მრავალი შემოკრებული. მაშინ ნეტარი იგი ადგილსა მაღალსა დადგა და ასწავლიდა მათ წმიდათაგან წერილთა. ხოლო ერი იგი ენასა ცეცხლისასა ჰხედვიდა პირსა შინა მისსა, ვითარცა მრავალთა გუთხრეს. და მას დღესა ნათელიღო ქსანთიპოსცა, ბრძენთმთავარმან მის ქალაქისამან, რომელსაცა „ონისიფორე“ უწოდა ნეტარმან მან. და აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ და აზიარა მორწმუნეთა მათ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესა და მშჳდობით წარავლინნა სახედ თჳსა. ხოლო თავადმან [250r] პირი იჴსნა ვონიფანტეს თანა და ეტჳფანეს და ეპაფროდიტეს. და ხვალისა დღე მოუჴდა მას დედაკაცი ვინმე, სახელით ხრუსე, რომელი-იგი ქურუმი იყო კერპთაჲ და „დედით“ ხადოდეს მას ეშმაკნი და იყო იგი კეთროან. ხოლო უნდა გამოცდაჲ წმიდისა მის და ჰრქუა: „მოძღუარ, უკუეთუ ჭეშმარიტ არიან სიტყუანი ეგე შენნი, განმკურნე მე, რამეთუ, ესერა, ორმეოც წელ ვმსახურებ ირას, ასულსა დიდისა კრონოჲსსა, და შთავვარდი სენსა ამას უშუერებისასა. აწ უკუეთუ სთქუა სიტყჳთ და განვიკურნო, მრწმენეს ღმერთი, რომელსა ჰქადაგებ.“ მიუგო ნეტარმან მან და ჰრქუა მას: „იხილე, დედაკაცო ნუ განსცდი უფალსა ღმერთსა, ნუუკუე კურნებისა წილ ტანჯვაჲ მიიღო, რამეთუ, უკუეთუ სარწმონოებით მოუჴდე უფალსა, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, არათუ ჴორციელისა მისგან უშუ(ე)რებისაგან ხოლო განიკორნო, არამედ სულიერთაგანცა სენთა განსთავისუფლდე.“ ვერ გულისჴმაყო მან სიტყუაჲ იგი წმიდისა მის, არამედ ჰრქუა: „ესეოდენ სენი აღიღე ჩემგან, რამეთუ სხუაჲ არარაჲ მელმის შინაგან, არცა ღჳძლი, არცა სტომაქი, არამედ მრთელ ვარ ყოვლითურთ.“ მიუგო წმიდამან და ჰრქუა: „ღმერთი დაგიტევებიეს, დედაკაცო, და ეშმაკთა ჰმონებ, ესერა, ორმეოც წელ და ვითარ იტყჳ, „მრთელ ვარ შინაგან?“ ჭეშმარიტად დიდითა და მწარითა სნებითა სნეულ ხარ. აწ უკუე შეუვრდი ღმერთსა მას ჭეშმარიტსა იესუ ქრისტეს და მიიღე მეორედ შობაჲ წყლისაგან და სულისა, რაჲთა განსწმდე ყოვლისაგან სენისა, სულისა და ჴორცთასა. და მოვიდეს შენ ზედა ნათელი უხრწნელებისაჲ და უჩინო იქმნას უშუერებაჲ ეგე ჴორცთა შენთაჲ.“ ჰრქუა მას დედაკაცმან მან: „განმწმიდე პირველად კეთრი ესე ჩემი, რაჲთა არა [250v] შთავიდე ენბაზსა სიხენეშითა ამით.“ მიუგო წმიდამან ბაგრატ და ჰრქუა მას: „გარქუ შენ, ნუ განსცდი უფალსა ღმერთსა, რაჲთა არა უძჳრესად იგუემო.“ ხოლო დედაკაცი იგი მასვე ზედა განმტკიცნებოდა და ეტყოდა: „განმწმიდე მე და მრწმენენ ღმერთი შენი.“ მაშინ წმიდამან ბაგრატ ილოცა და ჰრქუა მას: „განიჴსენ სარტყელი შენი!“ და ვითარცა განიჴსნა, ჯუარი დასწერა და მეყსეულად დასცჳვა მისგან, ვითარცა ქეცი. და მოიქცეს ჴორცნი მისნი სიკეთედ და განწმდა კეთრისა მისგან. და ვითარცა იხილა თავი თჳსი განკურნებული, მადლობისა წილ ღმრთისა, მიუგო და ჰრქუა წმიდასა ბაგრატს: „არცა ერთი რაჲ კეთილი გიქმნიეს ჩემ თანა, რამეთუ მე გამოგცდიდი შენ, უკუეთუ მეცნიერ-ძი ხარ მკურნალობისა ჴელოვნებასა. და აწ მიცნობიეს, ვითარმედ ჩუენი ესე ბრძენნი და მეცნიერნი უმეტეს შენსა შემძლებელ არიან სენთა კურნებად.“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „ჵ, დედაკაცო, საქმე ესე არა არს კ(ა)ცობრივისა ძ(ა)ლისაჲ, არამედ საღმრთოჲსა მადლისაჲ. და ვერვის ჴელეწიფების ესევითარისა რაჲმე საქმედ, თჳნიერ ღმრთისა. აწ უკუ(ე), ვინაჲთგან იკადრე განცდად უფლისა, რომელმან-ესე მოგცა სიმრთელე, ძალოც კუალად მისვე კეთროვნებისა მოვლინებად შენ ზედა, რაჲთა ვერვინ მკურნალთაგანმან გილხინოს, ვითარცა-იგი აქ(ა)მომდეცა ვერ განეკორნე.“ და ესე რაჲ თქუა, აღიღო ქეცი იგი, მისგან დაცჳვნებული და მიაგდო მის ზედა და თქუა: „კურთხეულ ხარ, ღმერთო, რომელმან ჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, რომელი გარდამოჰჴედ ზეცით და არა განეშორე წიაღთაგან მამისათა, რომელმან მიიღე ბუნებაჲ ჩუენი თჳნიერ ცოდვისა და ყოველნი უძლურებანი ჩუენნი განჰკურნენ, რომელმან-ესე უტყუა მადლსა [251r] შენსა. სენი იგი, რომლისაგან განჰკურნე, მისსავე უკუე მოეგენ უმეტეს პირველისა!“ და მეყსეულად სიტყუასა თანა ბაგრატისსა იწყეს ჴორცთა მისთა დაბძ(არ)ვად, ვითარცა ცეცხლისაგან დამწუართა, ფერჴითგან თავამდე. და წუთხი ბოროტი დასდიოდა ქუეყანად, ვითარცა ძმარი აღდუღებული. და იყო წრტიალებაჲ ვაებისა მისისაჲ დიდ ფრიად. და ჴმობდა: „შემიწყალე, ბაგრატ, მონაო ღმრთისაო, შემიწყალე, რამეთუ, აჰა ესერა, წარწყმედილ არს სასოებაჲ ცხორებისა ჩემისაჲ. შეჩუენებულმცა არიან ყოველნი კერპნი, რამეთუ მ(ა)თისა სიყუარულისათჳს შემემთხჳა ესე ყოველი და აწ შენდა მომართ არს სასოებაჲ ჩემი, მონაო ჭეშმარიტისა ღმრთისაო, შემიწყალე!“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „არა არს, დედაკაცო, ჩემგან სასოებაჲ ცხორებისაჲ, არამედ ქრისტესგან, რომელი-იგი განსცადე, დამბადებელი ყოველთაჲ, რომელმან ჭიმითა და აღჳრითა ღაწუნი შენნი გიქცინა.“ ხოლო იგი კუალად ჴმობდა: „შემიწყალე, მონაო ღმრთისაო ბაგრატ, შუამდგომელ და თავსმდებელ მექმენ ღმრთისა მიმართ, რაჲთა განვერე მწარეთა ამათ ტკივილთაგან. ევედრე ქრისტესა, რომელსა ჰქადაგებ, მოხილვად ჩემ ზედა და არღარა მტყუარ ვიქმნე, არამედ ვჰმონო მას სიკუდილამდე.“ ესე ყოველი რაჲ ესმოდა წმიდასა ბაგრატს, შეეწყალა იგი და შევიდა ეკლესიად. ყო მისთჳს ლოცვაჲ და გამოვიდა, შეახო მას და გამოსახა მის ზედა ჯუარი ქრისტესი. მე(ყ)სეულად დასცჳეს ნაბრძჳლნი იგი წყლულებათა მისთანი და განიკურნა დედაკაცი იგი. და მეყსეულად შეუვრდა ფერჴთა წმიდისა ბაგრატისთა. ხოლო მან არა უდებყო იგი, არამედ ღირსყო წმიდასა ნათლისღებასა [251v] და უწოდა მას სახელი „ვენედიკტა.“ და შემდგომად რავდენისამე ჟამისა, იხილა რაჲ გულსმოდგინებაჲ და მოსწრაფებაჲ მისი, აკურთხა იგი დედადიაკონად. ხოლო დედაკაცი იგი ევედრა ნეტარსა მას და წარიყვანა იგი ტაძარსა მას საკერპოსა მისსა. და წინაშე მისსა შემუსრნა ყოველნი იგი კერპნი ოქროჲსა და ვეცხლისანი, ჭიქისა და ბროლისანი, კეცისა და ცარცისანი. და ვითარცა ყოველნი იგი შემუსრნა, შეიყვანა წმიდაჲ ბაგრატ საგანძურსა თჳსსა და უჩუენა ფრიადი ოქროჲ და ვეცხლი და ჰრქუა მას: „რაჲ უყოთ ამას ყოველსა, წმიდაო ღმრთისაო?“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „შვილო, გლახაკთა მიეც, რამეთუ ძირი ყოვლისა ბოროტისაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ, და განაგდე იგი შენგან.“ მიუგო დედაკაცმან მან: „არა არიან, წმიდაო ღმრთისაო, გლახაკნი მრავალ ქალაქსა ამას, გარნა მე ბრძანებაჲ შენი აღვასრულო.“ და იწყო განცემად საფასისა მის და განუყო იგი ყოველთა, რომელთაცა ეჴმარებოდა. ხოლო იგი შეუდგა წმიდისა ბაგრატის სწავლასა და ჰმსახურებდა ეკლესიასა ყოველთა დღეთა ცხორებ(ი)სა მისისათა. სხუაჲ დედაკაცი შეპყრობილი, რამეთუ იყო ქედსა მისსა სენი, რომელსა ჰრქჳან კირჩხიბი, მოუჴდა წმიდასა ბაგრატს და ევედრებოდა კურნებისა პოვნად და იტყოდა: „შემიწყალე, წმიდაო ღმრთისაო, რომელი-ესე ყოველთა მიერ მკურნალთა უკურნებელ ვიქმენ. შენ ძალგიც განკურნებაჲ ჩემი, ევედრო თუ ქრისტესა ღმერთსა, რომელსა ჰქადაგებ.“ შეეწყალა იგი წმიდასა მას და შევიდა ეკლესიად. ევედრებოდა უფალსა მუჴლთდრეკით, იტყოდა: [252r] „კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, უკუნითი უკუნისამდე და კურთხეულ არს სუფევაჲ შენი და ძლიერებაჲ შენი დიდებულ. შენ გევედრები, მეუფეო უკუდაო, ყოველთა დამბადებელო, რომელსა გიგ(ა)ლობენ ძალნი ცათანი, შეისმინე ვედრებაჲ ჩემი და განკურნე დედაკაცი ესე უძლური, რაჲთა იდიდოს მრავალსაგალობელი სახელი შენი, ქრისტე, უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“ და ვითარცა აღასრულა ლოცვაჲ, მოუწოდა დედაკაცსა მას და ჰრქუა წინაშე ყოვლისა ერისა: „დედაკაცო, ვითარცა გრწმენა, ესერა, განგკურნებს უფალი იესუ ქრისტე, რომელი სუფევს უკუნისამდე თანა მამით და სულით წმიდითურთ.“ და დასწერა ჯუარი და მეყსეულად უჩინო იქმნა ვნებაჲ იგი მისგან. იხილა რაჲ ერმან მან, ჴმაყვეს ერთბამად: „დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან გჳჴსნენ ჩუენ საცთურისაგან ეშმაკისა.“ ხოლო წმიდამან ბაგრატ აღაღო პირი თჳსი და ეტყოდა ერსა მას: „იხილეთ, შვილნო ჩემნო, მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი მოჰფინა ჩუენ ზედა, რამეთუ მან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა. წინაშე მისსა დგანან ათასეულნი და ბევრეულნი ანგელოზნი, საყდარნი უფლებანი, მთავრობანი, ჴელმწიფებანი, ძალნი, მრავალთუალნი ქერაბინნი, ექუს-ექუს ფრთენი სერაბინნი მარადის უგალობენ. მან თავადმან დაჰბადა კაცი ხატად თჳსად და მსგავსებად, არამედ იგი სცთა და დაუტევა მცნებაჲ დამბადებელისაჲ და მიერითგან ცთომაჲ იგი აღორძნდა, ვიდრემდის დაუტევეს კაცთა დამბადებელი და ჰმონეს დაბადებულთა. ამისთჳს ქრისტემან ღმერთმან მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა ქუეყანად, განკაცნა ყოვლითურთ, მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა. და ეშმაკი მოაკ(უ)დინა და ბუნებაჲ ჩუენი საც(თ)ურისაგან იჴსნა. იგი მხოლოჲ [252v] არს მკურნალი სულთა [დ]ა ჴორცთა ჩუენთაჲ, რომელმან უძლურებანი ჩუენნი აღიხ[უნ]ა და სნეულებანი განკურნა. მას ესევდით და სცხონდეთ!“ ხოლო მას დღესა მრავალნი უძლურნი და ვნებულნი განიკურნეს ლოცვითა წმიდისა ბაგრატისითა. და შემოკრბა ერი მრავალი მიღებად წმიდისა ნათლისღებისა. აღდგა ნეტარი იგი, ყო ლოცვაჲ და ნათელსცა მას დღესა შინა რვა ათასსა კაცსა, თჳნიერ დედებისა და ყრმებისა, რამეთუ სახელები მათი აღვწერეთ ევფუდებთა შინა, სადა-იგი ყოველთა ნათელღებულთა სახელები წერილ იყო. რაჲთა ოდეს მსაჯული იგი ყოველთაჲ მართალი ეძიებდეს მწყემსთაგან სულთა მათ, რწმუნებულთა მათდა, მაშინ წმიდამან ბაგრატ უჩუენოს თჳსისა მის სამწყსოჲსა სახელისდებაჲ. და ვითარცა აღასრულა ნათლისცემაჲ ერისა მის, დადგა ჟამისწირვად. და ვითარცა აღამაღლა წმიდაჲ იგი პური, განეღო სართული ეკლესიისაჲ და ცეცხლი საშინელი გარდამოჴდა და მოიცვა იგი, რომელიცა იხილეს ახ(ა)ლნათელღებულთა მათ ყოველთა. და ვითარცა გარდამოიყვანა წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ ზიარებად ერისა, იქმნა პირი მისი, ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ. და მოუწოდა რაჲ ერსა ზიარებად, ვერვინ იკადრებდა მოახლებად. მაშინ წმიდამან ცნა შიში მათი და ჰრქუა: „მოედით, შვილნო, და მიიღეთ საიდუმლოჲ ესე ცხორებისაჲ და ნუ გეშინინ, რამეთუ არა დაგწუავს, არამედ განგუანათლებს.“ ესრეთ მიეახლნეს და ეზიარნეს და სავსენი სულითა წმიდითა წარვიდეს ს(ა)ხედ თჳსად. ხოლო მას ჟამსა ოდენ მოვიდა მთავარი ვონიფანტე და მის თანა ერი მრავალი. და ჴმობდეს ყოველნი: „შეგჳწყალენ [253r] ჩუენ, მონაო ღმრთისაო, და მოგუეც მადლი წმიდისა ნათლისღებისაჲ.“ მიუგო წმიდამან და ჰრქუა მათ: „სულგრძელ იქმნენით, ძმანო, და ხვალე, ენებოს თუ უფალსა, მიიღოთ ნიჭი მისი“ ჰრქუა მას მთავარმან ვონიფანტე: „ბრძანე, მამაო ღმერთშემოსილო, ტაძრად სამთავროდ, რაჲთა მაკურთხნე ჩუენ.“ და წარვედით მის თანა წარჩინებულთა თანა ქალაქისათა. და ინაჴიდგა ნეტარმან ბაგრატ და ყოველთა მათ წარჩინებულთა მის თანა. მოიღო პური, განტეხა და მომცა ჩუენ. ხოლო მთავარმან დაგჳგო თითო ფერნი სანოაგენი. არამედ ნეტარი იგი ჭამდა პურსა მარილითა და მხალსა უმგბარსა. ხოლო მათ დღეთა შინა აღწერა მოციქულმან მათე მის მიერ აღწერილი იგი სახარებაჲ, რომელიცა სულმან წმიდამან მოსცა მას აღწერად. და შეიწყნარეს იგი წმიდათა მოციქულთა და ყოველთავე მორწმუნეთა მისცეს კითხვად, რამეთუ სხუათა მათ მახარებელთა არღა აღეწერა. ხოლო ჩუენდაცა მოიწ(ი)ა იგი წმიდისა მოციქულისა პეტრეს მიერ მოვლინებულისა ძმისა მიერ. და მას ზედაჲს-ზედა უკითხვიდა ერსა ნეტარი ბაგრატ და გ(ა)მოუთარგმანებდა ყოველსავე ზედა მიწევნით და პატივსცემდა წიგნსა მას წმიდასა. და მარადის საკურთხეველსა ზედა ბრძანა დადებაჲ მისი, ოდენ ჟამსა კითხვისასა აღიღის იგი და წარუკ(ი)თხის ერსა და კუალად საკურთხეველსავე დადვის. და ხვალისა დღე შემოკრბა ერი მრავალი მიღებად წმიდისა ნათლისღებისა. და ნათელიღეს მას დღესა, ვითარ ხუთათასმან ოდენ კაცმან და ეზიარნეს ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და წარვიდეს სავსენი სულითა წმიდითა. მას ჟამსა შინა მბრძოლნი განეწყვებოდეს გარემო ქუეყანათაგან [253v] მოსლვად ჭალაკად სიკილიისა, ქალაქსა ტავრომეენელთასა. ესმა ესე მთავარსა ვონიფანტეს და ენება განსლვაჲ მიგებებად მათდა და წინაგანწყობად. მოვიდა ნეტარისა ბაგრატისსა წინაშე და ჰრქუა მას: „ლოცვაჲ შენი, მამაო წმიდაო, თანამავალ მეყავნ, რაჲთა წარვიდე წინაგანწყობად მტერთა ჩუენთა. და ქალაქი ესე ჴელთა შენთა შემივედრებიეს, რაჲთა ყოველივე ბრძანებისაებრ შენისა იქმნებოდის.“ მიუგო წმიდამან ბაგრატ და ჰრქუა მას: „არა ჯერარს ქრისტეანეთა სისხლისა დათხევაჲ, შვილო, გარნა, ვინაჲთგან წინამძღუარ ერისა ხარ შენ და მოვლენ წინააღმდგომნი იგი ქალაქსა შენსა და ამისთჳს გუეგულების განსლვაჲ და დაყენებაჲ მათდა, უფალი იყავნ შენ თანა, ვითარცა აბრაჰამისა და მოსესა და ისუ ძისასა ნავესა. და განგაძლიეროს შენ, ვითარცა დავით წინაწარმეტყუელი, და მოგეცინ შიში თჳსი გულსა შენსა. ხოლო ქალაქისა ამის მოურნე სხუაჲ იზრ(უ)ნე, წესისაებრ თქუენისა, რამეთუ ჩუენდა არა ჯერარს დატეობაჲ სიტყჳსა მის საღმრთოჲსა და ზრუნვაჲ სოფლიონთა საქმეთა, რამეთუ წმიდამან მოციქულმან და მოძღუარმან ჩუენმან პ(ე)ტრე ესევითართა ზრუნვათაგან სივლტოლაჲ გჳბრძანა. ხოლო შენ დაადგინე, შვილო, ზედამდგომელი ქალაქისა ამის, კაცი გონიერი და სახიერი.“ მაშინ ყო განზრახვაჲ მთავარმან წარჩინებულთა თანა და დაადგინეს ძე ურჩულოჲსა მის ავრილიანე ქალაქპეტისაჲ, მსგავსივე მისი ყოვლითურთ, რომელმან-იგი არა ინება ნათლისღებისა მიღებაჲ, არამედ იტყოდა: „ოდეს მთავარმან ნათელიღოს, მეცა ნათელვიღო.“ და იყო სახელი მისი ელიდოს. [254r] მოიყვანეს იგი და დაადგინეს წინაშე წმიდისა ბაგრატისა. და თქუა მთავარმან ერისა მიმართ: „ესე იყავნ ქალაქპეტ თქუენდა, ხოლო ყოველივე ბრძანებაჲ და განგებაჲ იყავნ მამისა ჩუენისა ბ(ა)გრატისი!“ და შეასხეს ქებაჲ ერთა მთავარსა და მიითუალეს ელიდოს ქალაქპეტად. მაშინ ჰრქუა მთავარმან წმიდასა მას: „გამოვედ, მ(ა)მაო წმიდაო, გარეშე ქალაქისა ჩუენ თანა, რაჲთა ყოველმან ერმან მიიღოს კურთხევაჲ შენი და ეგრეთ წარვიდეთ.“ ხოლო წმიდამან მან მიბრძანა თანამიღებად პატიოსნისა ჯუარისა და წმიდათა მათ ხატთა და სამღდელოჲსა სამოსლისა. და განვედით მთავრისა მის თანა და წარჩინებულთა ქალაქისათა. მაშინ შემოკრბა მჴედრები იგი გარემო სოფლებისაგან: წისქჳლოანით და მთისა მისგან ეტნისა, და ზღჳს პირით ტიტოჲსა და კერძოთაგან ტერმონითა, და სამხრით ანიგენტისა კე(რ)ძოთაგან. და იყო რიცხჳ შემოკრებულთა მათ მჴედართაჲ ხუთასი ათასი. ხოლო ესმა რაჲ ერსა მას მოსლვაჲ წმიდისა ბაგრატისი, იქმნა ტენებაჲ დიდი, რამეთუ ყოველნივე ისწრაფდეს ხილვად პირისა მისისა. მაშინ მთავარმან იხილა რაჲ იწროებაჲ იგი და ტენებაჲ იგი ერისაჲ, ჰრქუა წმიდასა მას: „აღჴედ, მამაო წმიდაო, ღმერთშემოსილო, ადგილსა მაღალსა, რაჲთა გიხილოს ერმან ამან, რამეთუ შენთჳს არს ტენებაჲ ესე დიდი.“ და მეყსეულად აღვიდა იგი ადგილსა მაღალსა, შემოსილი სამოსლითა მით სამღდელოჲთა. და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მთიები განთიადისაჲ. და ხედვიდეს რაჲ მორწმუნენი იგი, ადიდებდეს ღმერთსა. [254v] ხოლო რომელთა არა მიეღო ნათლისღებაჲ, იტყოდეს: „ვინ არს დიდი ესე ღმერთი?“ მიუგეს მორწმუნეთა და ეტყოდეს: „არა ღმერთი არს ესე, არამედ მონაჲ ღმრთისა ძლიერისაჲ.“ მაშინ ყოველნი იტყოდეს: „გურწამს ყოველივე, რომელსაცა ესე ქადაგებს.“ და იწყეს ჴმობად ყოველთავე: „გურწამს ქრისტე ღმერთი, რომელსა ჰქადაგებ, კ(ა)ცო საკჳრველო.“ ხოლო წმიდამან ბაგრატ მიბრძანა ადგილსა მას აღმართებაჲ ჯუარისაჲ და დაგებაჲ სიწმიდისაჲ. და აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ. ხოლო ისმა რაჲ ჴმაჲ იგი მისი ტ(კ)ბილი, შემოკრბეს მორწმუნენი ზიარებად და ურწმუნონი ს(ა)კჳრველებისა მის ხილვად. და იყო საკჳრველი დიდი, მსგავსი მისი, ოდეს-იგი მოსესზე რჩულსა მოსცემდა ღმერთი ძეთა ისრაელისათა, რამეთუ, ვითარცა მუნ ღრუბელი ჰფარვიდა, ეგრეთვე აქა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა ნეტარსა მას, რომელსაცა ჰხედვიდეს ერნი იგი. და ჰრწმენა ქრისტე უმრავლესთა და ევედრებოდეს, რაჲთა ღირსყვნეს იგინი ნათლისღებასა და იტყოდეს: „ამიერითგან მოგჳძულებიან კერპნი იგი შეგინებულნი და ჭეშმარიტებისა მის ღმრთისა მოვივლტით, რომელსაცა ჰქადაგებ. და არა განვიდეთ განწყობასა მას ბრძოლისასა, ვიდრე არა ღირს ვიქმნეთ მადლსა მას ნათლისღებისასა, რომელსა იტყჳ, ვითარმედ: „სრულმყოფელი არს ქრისტეანუბისაჲ.“ იხილა რაჲ ნეტარმან მან, რამეთუ ყოვლითა გულითა ჰრწმენა, ჰრქუა მათ: „ვინაჲთგან გიწოდნა თქუენ მადლმან მან ღმრთისამან, შვილნო, და გრწმენა ღმერთი, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, რომელმან დაჰბადა კაცი ჴელითა თჳსითა და შთა [255r]ჰბერა მას სული ცხოელი, წმიდაყვენით თავნი თქუენნი სამ დღე და ღირს იქმნეთ მადლსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა.“ ესრეთ განუტევა ერი იგი და აღიძუარცა სამღდელოჲ იგი სამოსელი. და სიწმიდე იგი დავჰკრძალეთ და წარვედით კარავსა მას მთავრისასა და ვპოეთ ტაბლაჲ განმზადებული. აკურთხა ნეტარმან ბაგრატ და ინაჴიდგა მთავრისა მის თანა. მოიღო პური და განტეხა და მიცა ყოველთა. და მანცა თავადმან მიიღო პური და წყალი და მხალი უმგბარი, ხოლო ჩუენ თითოფერი ჭამადი ვჭამეთ და შემდგომად ტაბლისა აღებისა აღაღო ნეტარმან პირი თჳსი და ეტყოდა მთავარსა: „აჰა ესერა, შვილო ჩემო, ჴორციელისა აღნუმისა წილ იქმნა აღნუმი სულიერი. აჰა ესერა, დღეს ძალნი ცათანი იხარებენ, ხოლო ეშმაკისა ძალი, ვითარცა ცჳლი წინაშე ცეცხლისა, განილია და ვითარცა ალმური კუამლისაჲ, ნიავითა ზეცისაჲთა განქარდა. ამის უკუე მადლისა წილ მრწამს უფლისა იესუსი, რაჲთა მკჳდრ იქმნა საუკუნეთა მათ კეთილთა. აწ მნებავს, შვილო, რაჲთა აღვიდე ქალაქად და აღმოიყვანო ერი ესე ჩემდა ასეულად, რაჲთა ნათელიღონ.“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას: „არა ესე ხოლო, არამედ სხუაჲცა ყოველივე ბრძანება შენი აღვასრულო, წმიდაო ღმრთისა, რამეთუ სამთავროჲცა ესე ჩემი, უკუეთუ მიბრძანო, დატევებად მზა ვარ.“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „სამთავროჲ, შვილო, შენი გაქუნდინ, რამეთუ კეთილ არს კაცისა ღმრთისმოშიშისა მთავრობაჲ.“ ესე და სხუაჲ მრავალი სულიერებრ დაიუბნეს. ამისსა შემდგომად წარ(ვ)ედით ქალაქად და ხვალისა დღე იწყო მთავარმან ერისა მის მოყვანებად, რომელთაცა წმიდაჲ იგი ასწავებდა და ნათელ [255v]სცემდა სახელითა მ(ა)მისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისათა. და იყო ერისა მის რიცხჳ გარემო სოფლებისაგან ხუთასი ათასი და ქალაქისაგან ორმოცი ათასი. და ნჳვის დაუკურდების ერისა მის ესოდენი სიმრავლე, რამეთუ ქალაქი იგი ტავრომენელთაჲ და ჭალაკი სიკილიისაჲ დიდ არს ფრიად და მდიდარი ოქროჲთა და ვეცხლითა და სხჳთა ყოვლითავე საფასითა, და კაცნი ახოანნი ბრძოლასა, რამეთუ მრავალგზის დორაქს ბრძოლა ყვეს და უმეტეს ოთხასისა ათასისა მოსწყჳდეს. და მოიყვანეს ქალაქად თჳსად ტყუე ოთხმეოცი ათასი თჳნიერ დედებისა და ყრმებისა. ხოლო მაკედონელთა ესმა ახოვნებაჲ მათი და განეწყვნეს ბრძოლად მათდა ველსა მას ტერენტოჲსასა სიქადულითა და ზახებითა დიდითა. და ვერ უძლეს დადგომად წინაშე ტავრომენელთა მათ, არამედ იძლივნეს და მეოტნი უკუნ იქცეს. და დააკლდა მათგანისა უმეტეს სამეოცისა ათასისა ჭურვილისა. და ესევითარი იგი ძალი იხილეს რაჲ, მრავალთა მათგანთა დაუტევეს მეფე თჳსი, მოვიდეს და დაეშენნეს ტავრომენისა სანახებსა. არამედ ამის ყოვლისათუის ქუემორე ვთქუათ. ხოლო აწ პირველსა სიტყუასა მოვიდეთ. ნათელიღო რაჲ ერმან მან მადლითა ქრისტესითა, მერვესა დღესა მოვიდა მთავარი ვონიფანტე სხუათა მათ თანა ჴელმწიფეთა და ითხოვდეს ლოცვასა წმიდისა ბაგრატისგან წარსლვად წინამდებარესა მას წყობასა. ჰრქუა მათ წმიდამან: „უფალმან იესუ ქრისტემან დაგიცვნეს თქუენ, ძმანო.“ და მოიკი(თ)ხნა იგინი და წარგზავნნა. ხოლო მთავარმან [256r] თჳსაგან მოაჴსენა მას წმიდისა ნათლისღებისათჳს და ეტყოდა: „ნუუკუე, მამაო ღმერთშემოსილო, მეწიოს სიკუდილი და წარვიდე დაბნელებული.“ ჰრქუა მას ნეტარმან მან: „შვილო ჩემო, უფალი იესუ ქრისტე გრწმენინ და მას ესევდი. ხოლო მადლი იგი ნათლისღებისაჲ მიიღო, ოდეს მან ბრძანოს. აწ უკუე წარვედ და მეცა ხვალისა დღე გამოვიდე წარგზავნად თქუენდა.“ მაშინ ბრძანა ნეტარმან ბაგრატ ქმნაჲ ჯუარისაჲ ძე(ლ)თაგან საროჲსათა და ხატიცა უფლისა იესუ ქრისტესი, რაჲთა ჰყვეს ნიში იგი ერსა მას ქრისტეანობისაჲ. და მრქუა მე: „მოედ, შვილო ევაგრე, და მიიღე კურთხევაჲ ხუცობისაჲ და წარვედ ძმათა ამათ თანა, რაჲთა ასწავლიდე სიტყუასა ღმრთისასა და აღასრულებდე წმიდასა ჟამისწირვასა და გალობასა საცისკროსა და სამწუხროსა წინაშე სამწყსოსა მას ქრისტესა. და ჟამსა ბრძოლისასა არქუ, რაჲთა ჯუარი ქრისტესი და ხატი მისი წინაუვიდოდინ. რამეთუ ესე არიან საცონი ქრისტეანეთა. და უკუეთუ დათხევაჲ სისხლისაჲ მრავალი იხილო, აყენებდ მათ და ეტყოდე, ვითარმედ: „არა ჯერარს ქრისტეანეთა დათხევაჲ სისხლისაჲ.“ ესე ყოველი რაჲ მიბრძანა, შევედით ეკლესიად და მომცა მე კურთხევაჲ ხუცობისაჲ. და ხვალისა დღე, განვედით რაჲ ველად, მოუწოდა მთავარსა ვონიფანტეს და სხუათა მათ ერისთავთა და ათასისთავთა და წინამძღუართა ერისათა. დამადგინა წინაშე მათსა და ჰრქუა: „ამას წარმოვავლენ თქუენ თანა, შვილნო, რაჲთა გასწავებდეს სიტყუასა ღმრთისასა.“ [256v] ხოლო მათ შეიწყნარეს სიტყუაჲ ესე სიხარულით. მაშინ მიბრძანა ნეტარმან ჟამისწირვად მას დღეთა წინაშე ერისა, ხოლო მე შიშით და ძწოლით დავდეგ ჟამისწირვად და ღმერთშემოსილი იგი თანამიდგა მე. და აღესრულა რაჲ წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ეზიარა იგიცა თავადი ჩემგან, უღირსისა ამის, და მე მის მიერ მოვიღე წმიდაჲ ზიარებაჲ და შიში დიდი დამეცა მე. ხოლო ნეტარმან მან მრქუა მე: „განძლიერდი, შვილო, სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა!“ და სიტყუასა მას თანა განემტკიცა გული ჩემი. მერმე ეზიარნეს პირველნი იგი ერისანი და რომელთაცა ენება. ხოლო შემდგომად წმიდისა მის ჟამისწირვისა წარვედით კარვად მთავრისა. მუნ პირი ვიჴსენით ჴელთაგან ნეტარისა ბაგრატისთა და მეყსეულად დაჰბერეს საყჳრსა. და ერი იგი აღდგა წარსლვად, ხოლო მთავარმან მოიკითხა ნეტარი იგი და მოიღო მისგან ლოცვაჲ და წარვიდა. ეგრეთვე მე შეუვრდი მას და ამბორსუყავ. ხოლო მან მომიკითხა და ჯუარი ქრისტესი გამოსახა გულსა ჩემსა და პირსა და შთავიდა ზღუამდე. ჯუარი დასწერა ზღუასა მას და ესრეთ შევედით ნავად და წარვემართენით. ხოლო აწ გზისა მის სიტყუაჲ მცირედ დავიდუმოთ და ვთქუათ, რაჲ-იგი ქმნა ქალაქსა შინა უღმრთომან ელიდოს ქალაქპეტმან, ძემან ურჩულოჲსა მის ავრილიანესმან. ამან ურჩულომან ელიდოს შემდგომად წარსლვისა ჩუენისა იწყო ყოვლისავე ბოროტისა საქმედ. და აღჰმართა სახლსა თჳსა კერპი და ხადოდა სახელსა ბოროტისა მის ეშმაკისა სკამანდროჲსსა. და ჰბრძოდა ქრისტეანეთა და დღითიდღე უზორვიდა მას. მრავალსა უკუე ეტყოდა და შეჰრჩულვიდა მას [257r] ნეტარი იგი, არამედ ბოროტი გონებაჲ მისი მოუდრეკელ იყო. ხოლო პირველ განსლვისა ჩუენისა ქალაქით ორნი დანი, ქალწულნი, რომელთა ნათელეღო სიმრავლესა მას თანა ერისასა, რომელთა მშობელნი მომკუდარიყვნეს, მოვიდეს, წმიდასა ბაგრატს შეუვრდეს და ეტყოდეს: „გევედრებით, ღმერთშემოსილო მამაო, შეგჳწყალენ ობოლნი ესე!“ ჰრქუა მათ წმიდამან მან: „თქუთ, ასულნო, რაჲ არს სათხოელი თქუენი.“ მიუგეს ქალწულთა მათ და ჰრქუეს: „ჩუენ, წმიდაო ღმრთისაო, ობოლნი ვართ და მრავალთა წარჩინებულთა ამის ქალაქისათა გუაიძულეს ქორწინებად და ჩუენ არა ვინებეთ უფროჲს. ხოლო აწ ვინაჲთგან ღირს ვიქმნენით წმიდასა ნათლისღებასა, ამისთჳს შეგივრდებით, მონაო ღმრთისაო, რაჲთა ღირს მყუნე ჩუენ მოწესე ყოფად და მსახურებად ეკლესიისა დედადდიაკონისა ხრუსეს თანა.“ ესე რაჲ ესმა წმიდასა მას, აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: „გმადლობ, შენ, უფალო, რომელი მოსცემ ყოველთა მეცნიერებასა მადლისა შენისასა და გადიდებ შენ, რომელი მოუწოდ ყოველთა მაშურალთა და ტჳრთმძიმეთა ტჳრთვად სუბუქისა მის უღლისა შენისა.“ და მოექცა ქალწულთა მათ მიმართ და ჰრქუა: „ჭეშმარიტად, შვილნო, კეთილი ნაწილი გამოგირჩევიეს და კეთილსა საუნჯესა ეძიებთ.“ და მეყსეულად მოუწოდა დედადდიაკონსა ვენედიკტას და ჰრქუა: „უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მოყუასნი მოგცნა შენ, მიიყვანენ ესენი შენ თანა მკჳდრად.“ და აკურთხა უხუცესი იგი დედადიაკონად, ხოლო უმრწემესი - მოწესედ. და ბრძანა სენაკისა აღშენებაჲ მახლობელად ეკლესიისასა, რაჲთა ჟამსა გალობისასა მუნ მდგომარე იყვნენ. ხოლო შემდგომად წარსლვისა ჩუენისა უღმრთოჲ იგი ელიდოს იწყლა [257v] ტრფიალებითა საეშმაკოჲთა უმრწემესისა მის ქალწულისა მიმართ და მოუწოდა უხუცესსა მას და ჰრქუა: „უწყია, დედაკაცო, რაჲსათჳს გიწოდე შენ? ტრფიალ ვარ დისა შენისა ფრიად. აწ უკუეთუ არწმუნო მას აღსრულებად ნებისა ჩემისა, ვფუცავ ღმერთსა სკამანდროს, მრავალი კეთილი გიყო შენ.“ ხოლო წმიდამან მან ქალწულმან ყოველი სასოებაჲ თჳსი ღმრთისა მიმართ დადვა და ჰრქუა მას: „ისმინე ჩემი, ქალაქპეტო, ჩუენ ქრისტე გჳსწავიეს და არა სკამანდრო. ხოლო საქმისა მაგისთჳს უფალსა ჩუენსა წმიდასა ბაგრატს ვაუწყოთ და ვითარცა მან ბრძანოს, ეგრეცა ვყოთ.“ მიუგო ელიდოს და ჰრქუა მას: „უკუეთუ ბაგრატს აუწყოთ, არა შემინდოს საქმისა ამისთჳს აღსრულებად, არამედ ნუ სცნობნ იგი საიდუმლოსა ამას, ვიდრემდის ქორწილი ვქმნათ, რამეთუ მეცა მეგულების ქრისტეანე ყოფად უფროჲსღა, უკუეთუ ვიქორწინო და იგი შენი.“ ჰრქუა მას ქალწულმან მან: „მე უფალ გონებისა მისისა არა ვარ. მას აქუს ჴელმწიფებაჲ თავისა თჳსისაჲ და უფროჲსად, რამეთუ წმიდასა ბაგრატს მიუცემიეს იგი ვენედიკტა დედადიაკონისა, რაჲთა ასწავებდეს მას.“ მიუგო ელიდოს და ჰრქუა: „ვითარცა გარქუ, წარვედ, ცხორებაჲ შენი და მისი იზრუნე, თუ არა, ვფუცავ ღმერთსა სკამანდროს, გენებოს თჳ არა, ნებაჲ ჩემი აღსრულებად არს.“ ხოლო ქალწული იგი წმიდაჲ გამოვიდა მიერ, მოვიდა ვენედიკტა დედადიაკონისა. და პოა მუნ და თჳსი და ცრემლით მიუთხრა ესე ყოველი. წარვიდა დედადიაკონი ვენედიკტა და აუწყა ესე დიდსა ბაგრატს. ხოლო მან მოუწოდა ქალწულთა მათ და იწყო სწავლად მათდა: „შვილნო ჩემნო, სამწყსონო ქრისტეს ღმრთისანო, ასულნო სიონისნო, [258r] ნუ გეშინინ, რამეთუ ქრისტესათჳ(ს) გსურის, ჯერარს ბაძვაჲ ვნებათა მისთაჲ. ნუმცა რაჲ უკუე განგაშორებს სიყუარულსა მისსა, ნუცა ჭირი, ნუცა იწროებაჲ, ნუცა სატანჯველნი, ნუცა თუ სიკუდილი. არამედ ის(წ)რაფეთ სანთელსა მას ქალწულებისა თქუენისასა უშრეტელად დამარხვად, რაჲთა ღირს იქმნეთ სასძლოსა ზეცისასა, რომელი განუმზადებიეს ქრისტესა მოყუარეთა. და მჴნე იყვენით, რაჲთა განხრწნადნი ესე ჴორცნი დაუტევნეთ და უხრწნელსა დიდებასა ღირს იქმნეთ.“ მიუგეს ქალწულთა მათ და ჰრქუეს: „ჩუენ, წმიდაო მამაო, ქრისტესა შევედრებულ ვართ და მოძღ(უ)რებასა შენსა შეუდგთ და ვიდრე სიკუდილამდე მზა ვართ ქრისტესთჳს მოღუაწებად.“ ხოლო წმიდამან ბაგრატ ულოცა მათ და წარავლინნა სენაკად თჳსა და ჰრქუა: „წარვედით, ქრისტე იყავნ თქუენ თანა, ისწრაფეთ, ვითარცა სთქუთ, მისთჳს თავსდებად ყოვლისავე ღუაწლისა, რაჲთა შეხჳდეთ ბრძენთა მათ ქალწულთა თანა სასძლოსა მას ზეცისასა.“ წარვიდეს იგინი სენაკად თჳსად და ევედრებოდეს ღმერთსა განქარვებად ზრახვათა მათ ელიდოჲსთა. ხოლო ურჩულომან მან ყო პური დიდი და მოუწოდა, რომელნიცა იყვნეს კერპთმსახურ. და ჰურიანიცა მრავალნი მოიყვანნა და მათ თანა მოტანელნი, გრძნების მოძღუარნი. და მრავლისა განფრთხობისა და სუმისა შემდგომად იწყო თხრობად მათდა ბოროტმან ელიდოს: „უფალნო ჩემნო და ძმანო, ისმინეთ. ქალი ერთი შუენიერი დამეწინდა ქურწინებად და აწ ქრისტეანეთა [258v] მიიტაცეს იგი ჩემგან. აწ უკუე მნებავს, ერჩდეს თუ ნებასა ჩემსა კეთილ, უკუეთუ კულა ურჩ მექმნეს, ვფუცავ ღმერთსა სკამანდროს, სიკუდილითა მოვაკუდინო.“ მიუგო კრებულმან მან ურჩულოთამან და ჰრქუა: „კეთილ არს სიტყუაჲ შენი, უფალო დიდო ქალაქპეტო.“ მაშინ ბორ(ო)ტთა მათ მონტ(ა)ნელთა მოიღეს შორის წიგნი სატრფიალოჲ და ტრფიალებისა ეშმაკთა ხადოდეს. და აღდგეს რაჲ ტაბლისა მისგან საეშმაკოჲსა, წარიყვანეს იგი თჳსაგან. და ეშმაკნი იგი ტრფიალებისანი მიუვლინნეს ქალწულსა მას. არამედ სიტყუამან და ძალმან ღმრთისამან ყოვლადვე არა შეუნდო სულთა მათ ბოროტთა მიახლებად მისსა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვლინებულ იყო შემწედ მისდა, რომელმანცა მახჳლითა ცეცხლისაჲთა ეშ(მ)აკნი იგი იოტნა. მიიქცეს იგინი ელიდოჲსა და ჰრქუეს: „რაჲსათჳს წარგუავლინენ ესევითარსა მას ძნელსა გზასა, ქალაქპეტო? რამეთუ ყოვლადვე ვერ უძლეთ მიახლებად სენაკსა მას, არამედ ლტოლვილნი მოვედით, ვითარცა სხუანი იგი მოყუასნი ჩუენნი, ფალკონ და ლუსონ და სხუანი იგი. აწ უკუე ყავ, ვითარცა გნებავს.“ ხოლო წმიდამან ბაგრატ ცნა სულითა, რამეთუ ბოროტსა მას ელიდოს არმური ეგულების აღდგინებაჲ და შფოთი ქრისტეანეთა ზედა. მოუწოდა ქსანთიფოს და ეპიფანეს და ღამე ყოველ ცრემლით ევედრებოდეს ღმერთსა, რაჲთა შემწე ეყოს სამწყსოსა თჳსსა. და შუაღამეს ოდენ ილოცვიდეს რაჲ, ჴმაჲ იყო ზეცით მათდა მიმართ: „მჴნე იყავ, ბაგრატ, რამეთუ მე თქუენ თანა ვარ.“ ესე რაჲ ესმა მათ, მადლი და დიდებაჲ მისცეს უფალსა, რომელმან ისმინის ვედრებაჲ მოშიშთა მისთაჲ და თხოანი მათნი აღასრულნის. ხოლო განთიად [259r] ქსანთიპოს ფილოსოფოსი აკურთხა დიაკონად, რომლისადა წოდებულ იყო წმიდისა ემბაზისაგან. მაშინ უღმრთომან ელიდოს კრება ყო კრებული მეკერპეთაჲ და ჰურიათაჲ და მუნატელთაჲ. და ზრახვაყო მათ თანა და ჰრქუა: „ისმინეთ ჩემი, მეგობარნო ჩემნო. ქალაქსა ამას მრავალ წელ ქალაქპეტ იყო მამაჲ ჩემი, ავრილიანე. და ოდეს-იგი ღმერთთა ჩუენთა მიუწოდეს მას, კუალად, ესერა, პატივი, ესე მამული ჩემდა მოვიდა. ხოლო მოგჳ ესე და გრძნებისა მოძღუარი ბაგრატ, არა უწყი, ვინაჲ მოვიდა. და მთავარი ჩუენი აცთუნა და თჳსისა სიბოროტისა მახეთა შთააგდო. და აწ ჩემდა მბრძოლ არს და წინააღმდგომ, ვიდრეღა ესეცა მწუხარებაჲ მოაწია ჩემ ზედა, რამეთუ ქალი შუენიერი შევიყუარე და მენება მისი ქორწინებაჲ, გარნა იგიცა თჳსითა გრძნებითა მიმიღო და თჳსა რჩულსა მიაქცია.“ მაშინ კრებულმან მან ურჩულოებისამან მიუგო და ჰრქუა მას: „უფალო ჩუენო, დიდო ქალაქპეტო, მოედინ აწ წინაშე ჩუენსა ქალი იგი და ვყოთ ქორწილი და აღესრულენ ნებაჲ გულისა შენისაჲ. უკუეთუ კულა არა გუერჩდეს იგი, აღიფხუარნ ქუეყანისაგან ცხორებაჲ მისი უფროჲსღა, რომელ ქრისტეანე იქმნა.“ სთნდა უკუე სიტყუაჲ იგი ურჩულოსა მას. და წარავლინა მასვე ჟამსა მტარვალნი და შეიპყრეს წმიდაჲ იგი დედადიაკონი და დაჲ მისი, სერგია. შეკრნეს და ცემით მიიყვანნეს და წარადგინნეს წინაშე საეშმაკოჲსა მის კრებულისა. ესე რაჲ ცნეს ვიეთმე მას კერძ(ო)სა მყოფთა ქრისტეანეთა, სრბით მივიდეს და ნეტარსა ბაგრატს აუწყეს. მიუგო წმიდამან მან და ჰრქუა მათ: „დაადერგით, შვილნო, აქა და უფალსა [259v] ვევედრებოდით და ურჩულოჲ იგი იქმოდინ, ვითარცა ჰნებავს, რამეთუ ქალწულთა მათ ვერ ძალუც ნებასა თჳსსა შედგინებად.“ ხოლო წმიდანი იგი დედანი მიმავალნი ილოცვიდეს და იტყოდეს: „უფალო იესუ ქრისტე, შენ აღჳრასხენ ბოროტსა მას ელიდოჲს ზრახვასა, რომელი ჩუენთჳს იზრახა, რაჲთა იდიდოს ყოვლად წმიდაჲ სახელი შენი.“ და მი-რაჲ-იწივნეს ურჩულოჲსა მის კრებულისა, განჰჴსნეს იგინი საკრველთაგან მტარვალთა და წარადგინნეს წინაშე ელიდოჲსსა და მის თანა მეინაჴეთა. იხილეს რაჲ ბოროტთა მათ სიკეთე ქალწულისაჲ მის, ჰრქუეს ელიდოს: „ღირსად და სამართლად გიზრუნა, ბრწყი(ნ)ვალეო ქალაქპეტო, განგებამან ღმერთთამან ქალი, მსგავსი შენისა სიკეთისაჲ.“ მაშინ უკეთურმან მან მიჰხედა თუალითა ამპარტავანითა და ჰრქუა: „უწყითა, რამეთუ საჲდუმლოჲ გულისა ჩემისაჲ გითხარ თქუენ და აწ წინაშე ამათ ყოველთასა გეტყჳ შენ, ქალო, რაჲთა ყოველი გულის ზრახვაჲ განაგდო და ნებასა გულისა ჩემისასა მერჩდე. და წინაშე ამათ წოდებულთ(ა)სა ვყოთ ქ(ო)რწილი და სიხარული დიდი და შეგირთო შენ დღესითგან. ხოლო მნებავს, რაჲთა პირველად უარჰყო ქრისტე და სკამანდროს გუნდრუკი უკმიო, და მერმე კეთილთა ჩემთა ზიარ გყო.“ მიუგო წმიდამან მან ქალწულმან და ჰრქუა მას: „ჵ, სავსეო ზრახვითა ბოროტითა, ნუ იყოფინ ჩემდა უკუე, რაჲთამცა გერჩდი შენ. არცა აღესრულოს ნებაჲ შენი ჩემ ზედა, რამეთუ არათუ ხრწნილებასა ჴორცთასა, არამედ უარისყოფასაცა ქრისტესსა მაზრახებ, ურჩულოო. კურთხეულ არს [260r] უფალი ღმერთი, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა. არა დაუტეო სარწმუნოებაჲ, რომელი ვისწავე და ნათელვიღე, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი და წმიდაჲ, არამედ სიკუდილად დავდვა სული ჩემი ქრისტესთჳს.“ ჰრქუეს მას ურჩულოთა მათ მეინაჴეთა: „და სადა ძალგიც შენ, უბადრუკო, სატანჯველთა თავსდებად?“ მიუგო ქალწულმან მან: „მაქუს ქრისტეს მიერ უფლისა ჩემისა ძალი და არასადა ვიძლიო თქუენგან, არამედ სასოებითა მისითა მძლე გექმნა და ქალწულებისა ჩემისა სანთელი დაუშრეტელად დავიცვა.“ მიუგო ურჩულომან ელიდოს და ჰრქუა მას: „უკუეთუ სიტყუათა ჩემთაჲ ისმინო და ნებაჲ ჩემი აღასრულო, ნეტარ იყო შენ, რამეთუ იხილნე თუ ოდენ საუნჯენი ჩემნი, სიხარულითა აღივსოს გული შენი.“ ჰრქუა მას წმიდამან მან: „სიმდიდრე შენი და საუნჯენი შენთანავე იყვნენ წარსაწყმედელად, რამეთუ მე საუნჯე წარუპარველი მაქუს ცათა შინა და სიმდიდრე წარმავალი არა მიჴმს, არცა მნებავს შენ თანა ყოფაჲ, რამეთუ უფალი ჩემი იესუ ქრისტე არს სიმდიდრე და ცხორებაჲ ჩემი.“ ჰრქუეს თანამეინაჴეთა ელიდოს: „განაშორენ ეგენი ერთიერთისაგან!“ და განყვნეს რაჲ იგინი, მოუწოდა დედადიაკონსა მას და ჰრქუა ურჩულომან მან: „ისმინე ჩემი, დედაკაცო, და შეიწყალე თავი შენი და დაჲ ეგე შენი და დაარწმუნე მას მორჩილებად ჩემდა.“ ჰრქუა მას წმიდამან მან: „დრო მეც თჳსაგან სიტყუად მისსა.“ და ბრძანა ესრეთ ყოფაჲ. მაშინ წარიყვანა თჳსაგან დაჲ თჳსი, იწყო ტირილად და ეტ(ყ)ოდა: [260v] ვიღუაწოთ, დაო ჩემო, ვიღუაწოთ, რაჲთა მეუფჱ ქრისტე ვიხილოთ, კეთილთა მისთა ღირ(ს) ვიქმნეთ. ხედავა, რამეთუ, ვითარცა აჩრდილი და სიზმარი, ესრეთ წარმავალ არს ესე ცხორებაჲ კაცობრივი. უწყი, რამეთუ მამაჲ ჩუენი ყოვლადვე არა გიხილავს შენ, ხოლო დედამან ჩუენმან დაგიტევა შენ ოთხისა წლისაჲ და მე ათორმეტისაჲ. და მრავალთა გუაიძულეს ქორწინებად სიობლესა მას ჩუენსა და არა ვინებეთ ხრწნილებასა მას მიცემაჲ თავთა ჩუენთაჲ. და აწ უკუე, რომელ წარმართ რაჲ ვიყვენით, არა თავსვიდევით, ვითარ აწ ვქმნათ, ოდეს ესე უფალი ჩუენი იესუ ქრისტე შეგჳმოსიეს. ნუ, დაო ჩემო, ნუმცა იქმნების ესე, არამედ ვიღუაწოთ წარმავალსა ამას ცხორებასა უბიწუდ დამარხვად თავთა ჩუენთა, რაჲთა დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა ვიშუებდეთ. აჰა ესერა, გეტყჳ შენ, დაო ჩემო, ვითარმედ ბოროტთა ამათ ეშმაკისა მუშაკთა მე მომაკუდინონ და შენ დაგმარხონ ნებისა მათისა ყოფად. იხილე, ნუმცა გაცთუნებენ, არამედ გაჴსოვდენ სიტყუანი წმიდისა ბაგრატისნი და აღსასრულამდე იღუაწე სიყუარულისათჳს ქრისტესისა!“ ესმა რაჲ ესე ყოველი ქალწულსა მას დისა თჳსისაგან, სულთითქუნა და თქუა: „მრწამს უფალი ჩემი იესუ ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, ვითარმედ არცა სატანჯველთა, არცა ქენებითა უძლონ უღმრთოთა მათ მიდრეკად გონებისა ჩე(მი)სა სიყუარულისაგან მისისა, რამეთუ იგი არს სიძე, იგი უკ(უ)დავი და უფალი ყოველთაჲ.“ ესე ყოველი რაჲ განიზრახეს ტრედთა მათ უმანკუთა ქრისტესთა, მივიდეს კრებულისა მის ურჩულოჲსა. და ჰრქუა [261r] ელიდოსს წმიდამან მან დედათდიაკონმან: „უწყოდე, ქალაქპეტო, მრავლითა სახითა ვისწრაფე და ვერ დავარწმუნე დაჲ ჩემი დატევებად ქრისტესა და შენდა შედგომად. აწ ყავ, რაჲცა გნებავს.“ ესე რაჲ ესმა ელიდოს, ჰრქუა მეინაჴეთა მათ: „ამან ბოროტმან უყო დასა თჳსსა არასმენად ჩემდა.“ მიუგეს და ჰრქუ(ე)ს მას: „გუემენ ეგე ძლიერად, რაჲთა იხილოს მან და ძრწოლაჲ შეედვას და სიხარულით გუერჩდეს.“ მაშინ განძუარცეს წმიდაჲ დედადიაკონი იგი და ჰგუემდეს უწყალოდ. ხოლო სისხლი მისი მდინარებრ დიოდა და ჴმაჲ ყოვლადვე არა ისმა პირისაგან მისისა. ხოლო მრწემი იგი დაჲ მისი ხედვიდა მოთმინებასა მისსა და სულითა იხარებდა. და ვითარ-იგი უზომოდ და უწყალოდ გუემეს, ბრძანა წარყვანებაჲ ქუაბსა რასმე, მახლობელად მის ადგილისა, და წარკუეთად თავისა. მაშინ მტარვალთა წარითრიეს იგი ქუაბსა მას და თავი წარჰკუეთეს. ხოლო მრწემი იგი დაჲ შეაყენეს საპყრობილესა. და აღდგეს ყოველნივე, თაყუანის ცეს კერპთა მათ ბილწთა და დასხდეს ჭამად, რამეთუ ელიდოს ურჩულოსა განემზადა ტაბლაჲ. და აღასრულეს რაჲ კრებაჲ იგი სიბორგილისაჲ და სერი საეშმაკოჲ და აღივსნეს მთრვალობითა და სიტყჳთა ყოვლითა ბილწებისაჲთა, აღდგეს. და ბრძანა ელიდოს მოყვანებაჲ ქალისა მის წმიდისაჲ. მივიდეს მტარვალნი და პოეს იგი ჴელგანპყრობით ლოცვასა. გამოიყვანეს და წარადგინეს წინაშე ერისა მის. და ჰრქუა [261v] მას უღმრთომან ელიდოს: „ისმინე ჩემი, ქალო, და უზორე დიდსა ღმერთსა სკამანდროს და ცოლ მეყავ მე. უკუეთუ კულა არა ისმინო ჩემი, გზასა მას დისა შენისასა წარხჳდე შენ.“ მიუგო ქალწულმან მან და ჰრქუა მას: „ისმინე, ელიდოს, ბილწო და მაცთურო, მე მრწამს ქრისტე ღმერთი, რომელი წმიდამან ბაგრატ გჳქადაგა. მას ვჰმონებ და მისსა მითხოილ ვარ და მისთჳს მზა ვარ სიკუდილად. ხოლო კერპთა შენთა არა ვჰმონო უკუე, არცა ურჩულოჲ ეგე ნებაჲ შენი აღვასრულო, არცა ქადებათა შენთაგან მეშინის, უკეთჳრო, რამეთუ გჳსწავიეს უფლისა იესუ ქრისტესგან არაშეშინებად მათგან, რომელნი ჴორცთა მოაკუდინებენ და სულსა ვერ ჴელეწიფების ვნებად. არამედ მისა ჯერარს შიში, რომელსა ჴელეწიფების სულისა და ჴორცთაჲ წარწყმედაჲ გეჰენიასა შინა. მას თაყუანისვსცემ და მას მხოლოსა ვჰმონებ.“ ესმა რაჲ ესე ურჩულოსა მას, განძჳნდა, ვითარცა მჴეცი ბოროტი, და უბრძანა გუემაჲ მისი. და ესოდენ სცეს, ვიდრე მკუდრად საგონებელ იყო. და ესრეთ ბრძანა წარკუეთაჲ თავისა მისისაჲ. და წარითრიეს იგი ქუაბსა მას, სადა-იგი დაჲ მისი მოკლეს. მუნ წარჰკუეთეს ნეტარსა მას თავი. და ადიდებდა იგი მამას, ძესა და წმიდასა სულსა. ხოლო წმიდამან ბაგრატ შეკრიბნა მორწმუნენი და წარვიდა ქუაბსა მას ღუაწლისა მათისასა. და აღიხ(უ)ნა გუამნი მათნი და გალობითა და სანთლებითა დაჰმარხნა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან ვარაღდეს ზღუდე. ხოლო [262r] უფალმან იესუ ქრისტემან, რომელმან ადიდნის მადიდებელნი მისნი, მოსცა მადლი სამარხვოსა მათ წმიდათასა და მრავალნი სასწაულნი და კურნებანი იქმნებოდეს წმიდათა მათ მოწამეთა მიერ. მაშინ შეკრიბნა ერნი ქრისტეანენი წმიდამან ბაგრატ ეკლესიას და აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ. და განისმა საქმე ესე ყოველთა შორის ქრისტეანეთა. და შეკრბეს ყოველნი და ზრახვაყვეს, რაჲთა ქვაჲ დაჰკრიბონ ელიდოს და თანამზრახვალთა მისთა ბოროტთა. ხოლო წმიდამან ბაგრატ დააყენნა იგინი და არა შეუნდო ბრძოლისა და სისხლისა დათხევისა ყოფაჲ ქალაქსა მას შინა. ესმა რაჲ ესე ჰურიათა მათ და მუნტანელთა, შიში დაეცა მათ და მოელოდეს აღძრვასა ქრისტეანეთასა მათ ზედა და მოსლვად მათდა. შეკრბეს ყოველნი და აღაგნეს ნავები მათი. და ყოველი ნაქონები მათი წარიღეს და წარემართნეს სჳრაკოსით კერძო. ცნა ესე წმიდამან ბაგრატ, მიუვლინა მათ ქსანთიპოს ფილ(ო)სოფოსი და მიუმცნო ესრეთ: „ნუ ივლტით, კაცნო, სახლთაგან თქუენთა, ნუცა გეშინის, რამეთუ არა ვარ მე მიმგებელ ბოროტისა. მოვედით ჩემდა და მოიქეცით საცთურისა მის თქუენისაგან და ბოროტი არარაჲ შეემთხჳოს.“ ხოლო იგინი სიტყუასა ამას არა ერჩდეს. და სამგზის მიუვლინა მათ მთავარდიაკონი იგი და არა მოიქცნეს, არამედ ერთი ოდენ მათგანი, რომელსაცა წიგნი იგი გრძნებისაჲ აქუნდა, და დაუტევა ყოველივე და მოვიდა წმიდისა ბაგრატისსა და ქრისტეანე იქმნა. ხოლო სხუანი იგი მუნტანელნი და ჰურიანი არა მოიქცეს, [262v] არამედ წარემართნე(ს) სურაკოსად. და შე-რაჲ-ვიდეს ზღუად, გრიგალი დიდი ქარისა მძაფრისაჲ მოჴდა და ყოველნივე იგი დანთქნა, ვითარცა პირველ მეგჳპტელნი, რამეთუ წმიდამან ბაგრატ შეჰრ(ი)სხნა მათ და არცა ერთი მათგანი განერა. იხილა რაჲ ელიდოს ურჩულომან, ძრწოლამან შეიპყრა და იტყოდა, ვითარმედ: ამას მოგუსა, რომელმან ერი იგი წარწყმიდა, ძალუც აქაცა აღმოყვანებად ზღჳსა და წარწყმედად ჩუენდა.“ და იყო შიში მის ზედა, რამეთუ ჰგონებდა, თუ მოკლან იგი ერთა მათ მართლმორწმუნეთა და იტყოდა გოდებით: „ჵ, ქალაქო ტავრომენელთაო, ვითარ განშიშულდი წესთა ამათგან მამულთა.“ ესმა ესე წმიდასა ბაგრატს და მოუმცნა მას: „რად იგლოვ ქალაქისა ამისთჳს, რომელი ბნელსა შინა იყო და აწ უფალმან განანათლა? უკუეთუ გნებავს, შენცა განგანათლოს, უბადრუკო.“ ხოლო მან არა ისმინა სიტყუაჲ მისი და მიერ დღითგან არღარა მიუმცნო მას ნეტარმან მან. არამედ შეკრიბნა მორწმუნენი და უბრძანა აღშენებად ეკლესიისა სამარხვოსა მას ზედა წმიდათა მათ ქალწულთა მოწამეთასა. და ვითარცა გამოსახა ადგილი იგი, მეყსეულად ჴელყვეს ყოველთა და დიდითა მოსწრაფებითა აღაშენეს. და აკურთხა იგი წმიდამან მან და დააწესა ქალწულთა მათ, რომელნი ჰმონებდეს უფალსა, მუნ ყოფად და მსახურებად წმიდათა მათ. ხოლო მოიწ(ი)ა რაჲ ჟამი მოსლვისაჲ ვონიფანტე მთავრისაჲ და მის თანა მჴედ(რ)ობისა პირველ რავდენისამე დღის,. აუწყა ესე წმიდამან ბაგრატ ქრისტეანეთა და ჰრქუა: „გიხაროდენ, შვილნო, რამეთუ მთავარი ვონიფანტე და ერი მისი მოვლენ [263r] მშჳდობით აქაჲთ ორ დღე.“ და ყოველთა უკჳრდა, ვითარ შორიელნი საქმენი, ვითარცა წინაშე თუალთა მისთა მყოფნი, ესრეთ იცოდა წმიდამან მან. რამეთუ შემდგომად ორისა დღისა, ვითარცა თქუა, გამოჩნდეს მომავალნი იგი ნავნი. და იხილეს რაჲ ერმან ქალაქისამან, შთავიდეს ზღუად მიგებებად მთავრისა. შთავიდა ნეტარიცა იგი და ჴელთა აქუნდა ჯუარი ქრისტესი. და მოვიწიენით რაჲ კიდედ, გამოვიდა ვონიფანტე მთავარი და სხუანი იგი ათასისთავნი და მე. და შეუვრდით ფერჴთა მისთა და გუაკურ(თ)ხნა ყოველნი. ხოლო მთავარსა შეასხა ერმან ქებაჲ წესისაებრ. მოვიდა ელიდოსცა ქალაქპეტი და თაყუანის სცა მთავარსა. ხოლო მან უბრძანა ნუზლისა მიცემაჲ ერისა მის პური და ღჳნოჲ და საცხოარი, რამეთუ ტყუე ურიცხჳ იყო. და გამოვიდა ერი იგი ქუეყანად და ნავებსა მას დაჰკრძალებდეს და ნატყუესა და ნატყუ(ე)ნავსა შეჰკრებდეს. ხოლო წმიდაჲ ბაგრატ და მთავარი იგი და სხუანი ყოველნი ათასისთავნი საჴედრებითა აღვიდეს ქალაქად. შევიდეს წმიდასა ეკლესიასა, ილოცეს და დასხდეს და ისმენდეს სიტყუათა მის ნეტარისათა. მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას: „მიბრძანე, მამაო, ვითარ არს ქალაქი ესე, ანუ ვითარ იქცევის ახალი იგი ქალაქპეტი?“ მაშინ წმიდაჲ იგი აღივსო ცრემლითა და მიუთხრა საქმე იგი წმიდათა მათ ქალწულთაჲ და ურჩულუებანი ელიდოჲსნი და შემწეთა მისთანი; და ვითარ ჰურიანი იგი და მუნტანელნი ზღუასა დაანთქნა უფალმან; და ვითარ არა ისმინა ელიდოს სწავლაჲ მისი, არამედ აღმართნა კერპნი იგი ბოროტნი. [263v] მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას: „ვითარცა-იგი აქამომდე უფალმან ლოცვითა შენითა უმჯობესი ქმნა, ეგრეთვე ამიერითგან ყოს. აწ უკუე ნუ უღირსიჩინებ განთიად მოსლვად და კურთხევისა მიცემად ერისა, რაჲთა წარვიდენ კაცად-კაცადი სახედ თჳსა და ყოველივე კეთილად უფალმან განაგოს და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდეს.“ მეყსეულად უკუე ბრძანა მთავარმან ურჩულოჲსა მის ელიდოჲსი დილეგსა შეყენებაჲ. და განთიად მოვიდა მთავარი და მის თანა ათასისთავნი. და მიიღეს ლოცვაჲ წმიდისაჲ მის და თანა წარ(ი)ყვანის იგი. და აღვედით, სადა-იგი მჴედრობასა მას დაებანაკა. და მი-რაჲ-ვიწიენით, შევიდა ნეტარი იგი კარვად მთავრისა, ხოლო მე და ძმამან ონისიფორე განვმზადეთ ადგილი, სადა ეგულებოდა წმიდისა ჟამისწირვისა აღსრულებაჲ. და წარდგა ნეტარი იგი და უსისხლოსა მას მსხუერპლსა შესწირვიდა. და მეყსეულად სასწაული იგი, რომელ მრავალგზის იქმნა, აღესრულებოდა, რაჲთა ურწმუნოთა მათ ტყუეთა იხილონ და ჰრწმენე(ს) უფალი. რამეთუ ღრუბელი იგი ნათლისაჲ ჰფარვიდა წმიდასა მას და ენაჲ იგი ცეცხლისაჲ პირით მისით იხილვებოდა ვიდრე ამაღლებამდე წმიდისა მის პურისა, რომელსაცა ჰხედვიდეს ერნი იგი, ტყუედ მოყვანებულნი. და განკჳრვებულნი ურთიერთარ(ს) იტყოდეს: „ეჰა, რომელთამე ღმერთთა ჰმონებენ ესენი, რომელ ესევითარნი საკჳრველებანი აღესრულებიან.“ [264r] და აღესრულა რაჲ წმიდაჲ ჟამისწირვაჲ და მორწმუნენი ეზიარნეს ჴორცსა და სისხლსა ქრისტესა, წარვევედით კარვად ვონიფანტე მთავრისა. და ვითარცა დაჯდა ნეტარი იგი და მის თანა მთავარი, ხოლო გჳბრძანა ჩუენ დაჯდომაჲ: მე ერთ კერძო და ნეტარი ონისიფორე დიაკონი - ერთ კერძო. ხოლო „ნეტარად“ სახ(ე)ლვსდევ მას, რამეთუ მრავალნი საკჳრველებანი მის მიერ ქმნა მადლმან სულისა წმიდისამან, რომელ-იგი, უკუეთუ თითოეულად ვინებოთ აღწერაჲ, წიგნი სხუაჲ სრული აღიწეროს, განა ესე აწ დავიდუმოთ. ვითარ უკუე დავსხედით, ტაბლაჲ სავსე სანოაგითა დაგჳგო მთავარმან, ხოლო ნეტარი იგი პურსა ოდენ და წყალსა და მხალსა თანა უმგბარსა ჭამდა. ჰკითხა უკუე ნეტარმან მან მთავარსა და ჰრქუა: „მითხარ მე, შვილო, რომლისა ნათესავისანი არიან კაცნი ესე, ტყუედ მოყვანებულნი?“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა მას: „ყოველნი ეგე, წმიდაო მამაო, ნათესავთაგან ავართაჲსა არიან, წარმართნი ბოროტნი, მკჳდრნი შინაგან კერძოთა დურაკისათა.“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „ვაუწყოთ, შვილო ჩემო, მათცა სიტყუაჲ ესე სახარებისაჲ, უკუეთუ შეიწყნარონ მადლითა უფლისაჲთა.“ სთნდა სიტყუაჲ ესე მთავარსაცა და უბრძანა ყოველთა ათასისთავთა და სპაჲსპეტთა მოყვანებაჲ კაცად-კაცადისა პყრობილნი იგი. და მეყსეულად შემოკრბეს ერი მრავალი. მაშინ მთავარმან ჰრქუა მათ პირითა თარგმნისაჲთა: „ჩუენ ყოველნი ქრისტეანენი ვართ. აწ უკუეთუ თქუენცა გნებავს [264v] სწავლად ენისა ჩუენ(ი)სა ჰრომაელებრ და ბერძულებრ და ქრისტეანე ყოფად, აზნაურებით იყოფებოდეთ ჩუენ თანა!“ მიუგეს ტყუეთა მათ და ჰრქუეს მას: „უფალო ჩუენო, არაოდეს გჳხილავს ესევითარი, (ვითარ)-იგი ვიხილეთ ბრძოლასა მას შინა. და აწ, ესერა, დღესცა ვიხილეთ, რამეთუ ჩუენ ქუეყანასა ჩუენსა ღმერთად ვხადით, მსგავსებასა ოთხ ფერჴთა და ქუეწარმავალთასა და ცეცხლსა და წყალსა და მახჳლთა ჩუენთა თაყუანისვსცემთ და უზორავთ. ხოლო დღესა მას წყობისასა ვხედევდით საჭურველსა თქუენსა და მახჳლთა თქუენთა, ვითარცა სანთელსა ბრწყინვალესა ჴელთა შინა თქუენთა, და ამას ზედა განვცჳბრდით საკჳრველებითა. ესრეთ უკუე ვჰგონებდით, თუ ღმერთნი თქუენნი არიან, რომელ-იგი ბრწყინვენ, მაშინ წარვავლინეთ ტაძრებსა ღმერთთა ჩუენთასა და მოვიყვანენით იგინი და აღვმართენით პირის-პირ თქუენსა. არამედ მეყსეულად ცეცხლისა მისგან, რომელი წინაშე თქუენსა ვიდოდა, ვითარცა ცჳლნი, დადნეს ღმერთნი იგი ჩუენნი. და აწ, ესერა, კაცისა მაგისგან, რომელი მსგავს არს ღმრთისა, ცეცხლსა ვხედავთ, პირით მისით გამომავალსა.“ ამას იტყოდეს წმიდისა ბაგრატისთჳს. ესე რაჲ ესმა ყოველივე ნეტარსა ბაგრატს, იწყო სიტყუად მათდა და სწავლად ქადაგებასა მას სახარებისასა. და იხილნა რაჲ, ვითარმედ გულსმოდგინედ შეიწყნარეს და სურვიელ იყუნეს ნათლისღებად, ჰრქუა მთავარსა: „შვილო, ადრე ნათელვსცეთ მათ, ნუუკუე წარიტაცოს ვინმე მათგანი სიკუდილმან და იძიოს სული მისი ჩუენგან უფალმან დღესა მას განკითხვისასა.“ [265r] მიუგო მთავარმან და ჰრქუა ცრემლით: „ამათ(თ)ჳს, მამაო წმიდაო, ვითარცა ჰბრძანო, ესრეთ იყავნ! ხოლო გევედრები, რაჲსათჳს მე არა მომცემ მეორედ შობასა მას წყლისა მიერ და სულისა? ნუთუ სადა მეწიოს მე სიკუდილი, ანუ წყობასა შინა ბრძოლათასა, გინათუ სხუაჲ სადმე და წარწყმდეს სული ჩემი.“ ჰრქუა მას წმიდამან ბაგრატ: „შენდობა იყავნ შენ, შვილო, ამისთჳს, რამეთუ არღა მოწევნულ არს ჟამი პატივისა შენისაჲ. ხოლო ძალუც უფალსა წელთა ცხორებისა ჩუენისათა შეძინებადცა და მოკლებადცა, რომელმანცა მადლითა თჳსითა შესძინოს ჟამთა შენთა, ოდ(ე)ნ ნუმცა ამაღლდების გული შენი. აწ უკუე ამათ წარმართთა ნათელვსცეთ და შენთჳს ნუ გამოეძიებ!“ მიუგო მთავარმან და ჰრქუა: „მე თავი ჩემი ჴელთა შენთა მიმიცემიეს და აწ ესე მოჴსენებით ოდენ გაუწყე, ხოლო ყოველი ბრძანებისაებრ შენისა იყავნ. და რომელი სათნო არს წინაშე უფლისაცა, მას იქმოდე!“ ამისსა შემდგომად გალობაჲ სამწუხროჲ აღვასრულეთ. და წარვიდა კაცად-კაცადი სავანედ თჳსა. ხოლო განთიად შემოკრიბნეს ერნი იგი, ტყუედ მოყვანებულნი. და კუალად ასწავა მათ ნეტარმან საჲდუმლოჲ ქრისტეანუბისაჲ და ნათელსცა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ერსა მრავალსა. ხოლო საკჳრველი დიდი იხილვებოდა, რამეთუ ალი ც(ე)ცხლისაჲ შორის ნათელღებულთა მათ აღეტყინებოდა და ყოველთა განანათლებდა და სურნელებაჲ ცნობათა უაღრესი იყნოსებოდა. ამისსა შემდგომად განუყო მთავარმან ყოველი იგი ნატყუენავი, ოქროჲ და ვეცხლი და სიმდიდრე ფრიადი ერსა მას. ხოლო კაცთაჲ მათ ახალნათელ [265v]ღებულთაჲ უბრძანა წარყვანებაჲ კაცად-კაცადსა თჳსი პყრობილი და მიცემად მათდა სავანე და რაჲთა არღარა მონად, არამედ ძმად ჰყვენ იგინი მად(ლ)ითა მით ქრისტესითა. ხოლო წმიდამან ბაგრატ მოიყვანნა კაცნი ღმრთისმოშიშნი და განსწავლულნი სიტყუასა ღმრთისასა. და აკურთხნა ხუცად და დიაკონად და წარავლინნა სოფლად-სოფლად. და ესრეთ თანაწარიყვანნეს ყოველთა ხუცესნი იგი და დიაკონნი და წარვიდეს კაცად-კაცადი სოფლად თჳსად. ხოლო გჳბრძანა მე და დიაკონსა ეფაფროდიტეს აღწერად წესსა ჟამისწირვისასა და წმიდასა სახარებასა. და მივეცით ხუცესთა მათ სოფლებისათა. წარმავლინა მეცა უფალმან ჩემმან ბაგრატ. და მიმოვიდოდე სოფლებსა მას და გამოუსახე ყოველთა მათ სოფელთა ეკლესიათა აღშენებად და წესი საეკლესიოჲ განუწესე მათ. და ყოველნი იხარებდეს და აღორძნდებოდა ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ მადლითა ქრისტესითა. და ვითარცა აღვასრულეთ ყოველი იგი მსახურებ(ა)ჲ, მოვიქეც ნეტარისა მის და ვპოე იგი წურთასა საღმრთოთა წერილთასა. თაყუანის ვეც და მოვიღე მისგან კურთხევაჲ და მრქუა მე: „ვითარ წარემართებიან, შვილო, მღდელნი და ერი იგი მორწმუნე?“ მიუგე და ვარქუ მას: „ყოველნივე, წმიდაო მამაო, ლოცვითა შენითა კეთილად წარმართებულ არიან და უფალსა მოსწრაფებით ჰმონებენ.“ ესე რაჲ ესმა, აღიხილნა თუალნი თჳ(ს)ნ(ი) ზეცად და თქუა: „გმადლობ, შენ, უფალო იესუ ქრისტე, მხოლოდშობილო ძეო კაცთმოყუარისა მის მამისაო, რომელმან მოავლინა მადლი ყოვლადწმიდა [266r] სულისაჲ გულსა ერისა შენისასა და იჴ(ს)ნენ იგინი საცთურისა მისგან კერპთაჲსა, რომლისა თანა დიდებულ ხარ სულით წ(მი)დითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“ ხოლო შემდგომად რავდენთამე დღეთა კრება ყო ვონიფანტე მთავარმან სააზპარეზოსა მას ტავროჲსსა. და აღჰმართეს მუნ საყდარი იგი მთავრობისა ტავროჲსი, ყოვლითურთ ოქროჲსაჲ, შ(ე)მკული თუალთაგან მრავალფასისათა. და შეიმოსა სამკაული იგი სამთავროჲ და დაჯდა მას ზედა. ხოლო ყოველნივე წარჩინებულნი ქალაქისანი შემოკრბეს წინაშე მისსა. მაშინ მთავარმან კუერთხი იგი ოქროქანდაკებული განუყარა ერსა მას და ჰრქუა მათ: „ოდეს ბილწთა მათ კერპთა ვჰმონებდით და შვილთა ჩუენთა დაუკლევდით და სხუასა ყოველსავე ბოროტსა ვიქმოდეთ, ვიყვენით სამართლად სავსე ყოვლითა უშჯულოებითა. ხოლო აწ ვინაჲთგან ქრისტე შევიმოსეთ და ვიცანთ ჭეშმარიტი იგი ღმერთი მონისა მისისა ბაგრატის მიერ, რადღა სავსე არს ქალაქი ჩუენი კაცის კლვითა და სხჳთა ყოვლითა ბოროტისა საქმითა? რაჲსათჳს ჩემსა ამას წყობად მტერთა წარსლვასა კრებაჲ ჰ(უ)რიათა და მონატანელთაჲ ჰქმენით და ქალწულნი იგი წმიდანი მოიკლნეს?“ მიუგეს ყოველთა და ჰრქუეს მას: „არავინ არს, უფალო ჩუენო, ბრალეულ საქმესა ამას, გარნა ელიდოს ქალაქპეტი. და ვინებეთ მისი მოკლვაჲ ჩუენ, ქრისტეანეთა, არამედ მონამან ღმრთისამან ბაგრატ არა შეგჳნდო ამისი ყოფად.“ მაშინ [266v] ბრძანა მოყვანება ელიდოჲსი საპყრობილ(ი)თ. და მეყსეულად ოთხთა ჭაბუკთა მოიყვანეს იგი თრევითა თმითა თავისა მისისაჲთა. ხოლო მთავარმან იხილა რაჲ-იგი, ჴმ(ა)ყო: „ჵ, ბოროტისა ძირისა ბოროტო მორჩო, რაჲსათჳს გულისთქუმითა ურჩულოებისა და სიბილწისაჲთა მოსწყჳდენ წმიდანი იგი ქალწულნი? არა გრიდო შენ, უკეთურო. მე დაგადგინე შენ ქალაქპეტად, ხოლო შენ ესევითარნი ორჩულოებანი ჰქმნენ და ტაძარსა ჩემსა ჰურიანი და მუნტანელნი შემოჰკრიბენ, რომელ-იგი არცათუ ოდეს იგი კერპთმსახურებასა შინა ვიყვენით, ვქმენით სადმე .და აწ ოდეს ნათელი ქრისტესი ჩუენ ზედა გამობრწყინდა და ბნელი განქარდა, აწღა იქმ შენ გრძნებათა და სისხლვათა?“ მიუგო ელიდოს და ჰრქუა მას: „ვიხილენ რაჲ ღმერთნი იგი მამულნი, რამეთუ წარწყმდეს და ყოველი წესი ჩუენი პირველი უჩინო იქმნა, შურითა აღვივსე და ვქმენ საქმე ესე. და ქალწულნი იგი რამეთუ ღმერთთა ჰგმობდეს, ამისთჳს მოვკლენ. რამეთუ მე არაოდეს უვარვჰყოფ ღმერთთა ჩემთა, არცა წე(ს)თა მათ მამულთა.“ ჰრქუა მას მთავარმან: „და არა მოიქცევია ქრისტეს მონებად, რამეთუ სახიერი არს და შეგინდოს ურჩულოებაჲ შენი?“ მიუგო ელიდოს და ჰრქუა: „ნუ იყოფინ ჩემდა დატევებაჲ მამულსა მას რჩულსა, მომკალთ უკუე წინაშე სკამანდრო ღმრთისა ჩემისა!“ მაშინ მთავარმან და ყოველთა ათასისთავთა და აზნაურთა და ერმან მის ქალაქისამან დასაჯეს იგი სიკუდილად. მოიღო [267r] უკუე მთავარმან წყალი, ჴელნი დაიბანნა და შეასხა პირსა მისსა და თქუა: „უბრალო ვართ ჩუენ ყოველნი, სისხლი შენი თავსა ზედა შენსა!“ და ესრეთ ბრძანა წარკუეთაჲ თავისა მი(სი)საჲ. ხოლო მჴედართა წარიყვანეს იგი შორის ქალაქსა და წარჰკუეთეს თავი მის(ი) ბორ(ო)ტი. და აღიფხურა ყოველი ძჳრი ქალაქისა მისგან და ყოველნი გულსმოდგინედ ჰმონებდეს უფალსა იესუ ქრისტეს. ხოლო მთავარმან ყო სერი დიდი. და ყოველნივე წარჩინებულნი წარიყვანნა სერსა მას და ნიჭნი დიდნი უძღუანა მათ და ყოველსა მას ერსა, რომელ-იგი სარწმუნოებით ჰმონებენ უფალსა. და რამეთუ შური კეთილი იძიეს ყოველთა და ღუარძლი იგი აფხურეს მათგან, ამისთჳსცა უფალმან წყალობაჲ და მშჳდობაჲ მოსცა ქალაქსა მას და ერსა მორწმუნესა. ხოლო შემდგომად ორისა წლისა მოვიდეს ხუცესნი იგი, რომელნი წარევლინნეს წმიდასა ბაგრატს გარემო სოფლებისა, რამეთუ აღესრულა შენებაჲ ეკლესიათაჲ. და ევედრებოდეს ნეტარსა მას მისლვად და კურთხევად მათდა. ხოლო მან წარავლინნა იგინი, რაჲთა მთავარი აკურთხონ ტაძარსა მისსა. და მი-რაჲ-ვიდეს ყოველნი ზეწრებითა შემოსილნი, იხილნა იგინი მთავარმან და განჰკრთა, რამეთუ იტყოდა, ვითარმედ: „ესრეთ მიჩნდეს, თუ ხილვაჲ ანგელოზთაჲ არსო.“ ხოლო მათ აკურთხეს იგი ყოვლითა კურთხევითა და წარვიდეს კაცად-კაცადი სოფლად თჳსად. და შემდგომად სამისა დღისა თანაწარიყვანა ნეტარმან ბაგრატ ვონიფანტე და სხუანი მრავალნი ჴელმწიფენი და მე და ონისიფორე დიაკონი და ეპიფანე მენავ(ე)თ [267v] მოძღუ(ა)რი. და განვედით და მიმოვჰლიდით სოფლებსა. და აკურთხევდა წმიდაჲ იგი ღმრთისაჲ ეკლესიათა და ხუცესთა უბრძანებდა შეწირვად უსისხლოჲსა მას მსხუ(ე)რპლისა და ყოვლისავე საეკლესიოჲსა წესისა აღსრულებად წინაშე მისსა. და ესრეთცა იქმოდეს. და ყოველთა ეკლესიათა განუჩინა საზღვარი ქუეყანისაჲ, რაჲთა აქუნდეს იგი მსახურთა ეკლესიისათა. მაშინ ჴელმწიფენი იგი და წარჩინებულნი ყოველნი შურითა საღმრთოჲთა აღივსნეს. და ყოველი მონაგები მათი სამ ნაწილად განყვეს, ოქროჲ და ვეცხლი და სხუაჲ ყოველი ნაქონები. და მოიღეს ერთი იგი ნაწილი, დადვეს წინაშე წმიდისა ბაგრატისსა და ჰრქუეს: „ერთი იგი ნაწილი იყავნ ჩუენდა მეორე შვილთა ჩუენთა და მესამე ესე მიეცინ ეკლესიათა საჴსრად ცოდვათა ჩუენთა.“ და ესრეთ შეამკვნეს ეკლესიანი ოქროჲთა და ვეცხლითა და სტავრაებითა, რომელ-იგი წმიდამან ბაგრატ გუჯართა აღწერა და თითოეულისა ეკლესიისა მნეთა მიუთუალა. ხოლო ერთსა სოფელსა გუეგულებოდა რაჲ წარსლვაჲ მწუხრი, დასნეულდა დიაკონი, სახელით ნიოფიტე, კაცი შუენიერი, ჭაბუკი ჰ(ა)საკითა და გონებითა მოხუცებული. მოუწოდა წმიდასა ბაგრატს და ჰრქუა: „მომეახლე, მამაო წმიდაო, რამეთუ, აჰა ესერა, წარვალ და არღარა ვარ სოფელსა ამას.“ ხოლო წმიდაჲ ბაგრატ შეწუხნა და სხუანი ყოველნივე. შეკრბეს უკუე მას ზედა. და იხილნა რაჲ იგინი, ჰრქუა მათ: „აჰა ესერა, მამანო ჩემნო, [268r] წარვალ უფლისა, მილოცეთ წმიდისა ამის მამისა თანა, რაჲთა ვპოო წყალობაჲ დღესა მას სარჩელისა.“ ესე რაჲ ესმოდა, ყოველნი ცრემლოოდეს, ხოლო წმიდამან ბაგრატ თქუა: „უფალმან მოგ(უ)ცა, უფალმან მიგჳღო, ვითარცა უფალსა ენება, ეგრეცა ყო.“ და ღამე ყოველ ჯდა მის თანა, ხოლო ჟამსა ცისკრისასა ბრძანა წმიდამან წარსლვად ეკლესიად. ჰრქუა მას ნეოფიტე დიაკონმან: „წარმიყ(უ)ანე, მამაო, მეცა თქუენ თანა.“ აღიღეს იგი ცხედრითა და მოიყვანეს ეკლესიად. და ვგალ(ო)ბდით რაჲ, იგიცა ჩუენ თანა გალობდა. და ჟამსა წიგნის კითხვისასა მოითხოა წიგნი და წარიკითხა ებისტოლეთაგან მოციქულისა პავლესთა, ვიდრეღა ვიტყოდეთ ჩუენ, ვითარმედ: „არარაჲ ელმის.“ და განთენა რაჲ, ჰრქუა წმიდასა ბაგრატს: „მამაო, ჟამი მოწევნულ არს, ლოცვაჲ შენი თანამავალ მეყავ!“ მაშინ წმიდამან ბაგრატ უბრძა(ნა) ხუცესთა შემოსად და ჟამ(ი)სწირვად. მოითხოა ნეოფიტეცა კუართი თჳსი ცხედარსა ზედა და შეიმოსა. შეიმოსა წმიდაჲ ბაგრატცა და აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ. და გარდამოიყვანა დიდებული იგი საიდუმლოჲ ზიარებად ნეოფიტესა. და მი-რაჲ-ეახლა ცხედარსა მას, იხილნა კაცნი დიდებულნი და საშინელნი, გარემოდგომილნი ცხედარსა მას. ხოლო ნეტარი იგი ყოვლადვე განუკრთომელად მოუჴდა და აზიარა მას წმიდაჲ იგი ჴორცი და სისხლი ქრისტესი და ყოველთავე ამბორსუყვეს. მაშინ წმიდაჲ იგი სული მისი, ვითარცა ტრედი ოქროჲსაჲ, გამოვიდა. და დიდებულთა მათ კაცთა განჰმარტნეს ჴელნი [268v] თჳსნი და შ(ე)იწყნარეს იგი. და მეყსეულად სართული აღეღო და წარვიდეს ზეცად. ესე არავინ იხილა, გარნა ხოლო წმიდამან ბაგრატ. მაშინ აღასრულა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ და იწყო გალობად გუამსა ზედა მის ნეტარისასა. და პატივითა დიდითა დაჰმარხა იგი და იტყოდა: „შვილო ნეოფიტე, უფალმან მოგუცა შენ და უფალმან მიგჳღო, იყავნ სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე!“ და მას დღესა უზმათა გარდავლეთ. და ხვალისა დღე წარემართა ნეტარი იგი მწუხარებით. და მოვიქეცით ქალაქად და არა მოვლნა სხუანი იგი სოფელნი მწუხარებისა მისგან. ამისთჳსცა დაშთეს მრავალნი ეკლესიანი უკურთხეველნი, რომელთაჲ არღარა ჴელეწიფა დაპყრობად ტავრომენელთა ეკლესიასა. ხოლო შემდგომად სამისა დღისა, ჟამსა ოდენ მეშჳდესა, აღასრულებდა ნეტარი იგი ლოცვათა თჳსთა. და, აჰა ესერა, ჴმაჲ ესმა ზეცით, რომელი ეტყოდა: „ბაგრატ, ბაგრატ, აკურთხე ონისიფორე დიაკონი ხუცად და წარავლინე იგი კ[ე]რძოთა მ(ა)თ დორაკინისათა!“ ესე სამგზის იქმნა ჴმაჲ ზეცით. მაშინ მოუწოდა ონისიფორეს და აუწყა მას ბრძანებაჲ იგი საღმრთოჲ და აკურთხა იგი ხუცად, ულოცა მას და წარგზავნა მსახურებასა მას საღმრთოსა. ხოლო მან მორჩილებით შეიწყნარა სიტყუაჲ იგი და აჰკაზმა ჯორი თჳსი, დაჯდა მას ზედა და წარემართა. და ვითარცა ვლო სამისა უდენ დღისა გზაჲ, მიიწია ადგი[ლ]სა რასმე სოროვნალსა. მაშინ ჯორი იგი დადგა სლვისაგან და არღარა ვიდოდა. გარდაჰჴდა [269r] ონისიფორე და უპყრა ავჟან და სადა ზიდვიდა მას სლვად, ხოლო იგი ყოვლადვე არა შეუდგა. მაშინ ნეტარმან ცნა, ვითარმედ მას ადგილსა ჯერარს ყოფაჲ მისი. და დაადგრა ადგილსა მას, დაჯდა ლოდსა ერთსა ზედა და წმიდასა სახარებასა იკითხვიდა. ხოლო იყო უფალ ადგილთა მათ კაცი ვინმე, მელაფორ სახელით. და ვითარ-იგი ჯდა ნეტარი ონისიფორე ლოდსა მას ზედა, დედაკაცი ვინმე წარჰ(ვ)ლიდა, რომლისა ქმარი მკიდა ყანასა სხუ(ა)თა თანა მრავალთა მომკალთა. და დედაკაცი იგი პურსა დაგბოლვილსა და ღჳნოსა მიართუმიდა მომკალთა მათ კარაულითა. ხოლო წარ-რაჲ-ვჰლიდა ადგილსა მას, იხილა მღდელი იგი. დადგა სლვისაგან თჳსისა და განიცდიდა მას. ჰრქუა ნეტარმან მან: „რასა განმიცდი მე, დედაკაცო, და არა ხუალ გზასა შენსა?“ მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: „ვხედავ, უფალო, წინაშე შენსა, რაჲ-იგი არასადა მიხილავს.“ რამეთუ ხედვიდა წმიდასა ჯუარსა და სახარებასა. ჰრქუა მას ონისიფორე: „ამას რომელსა ხედავ, სასწაულნი არიან ღმრთისა მიერ ძრიელისანი, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა.“ მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: „შენ უკუე ღმერთი ხარა, ანუ კაცი?“ ჰრქუა მას ონისიფორე: „მე, დედაკაცო, კაცი ვარ, მსგავსი თქუენ ყოველთაჲ, მოკუდავი და მიწისაგანი, ხოლო ვქადაგებ ღმერთსა ჭეშმარიტსა.“ ჰრქუა მას დედაკაცმან მან: „უკუეთუ გნებავს, რაჲთა გულსავსე ვიქმნა, ვითარმედ კაცი ხარ, მიიღე ამისგან, რომელ-ესე მაქუს, და ჭამე.“ და მისცა მას ჭამადი და სასმელი. ხოლო მან მიიღო [269v] და ჭამა, რამეთუ დამაშურალ იყო და ორ დღე არარაჲ ყოვლადვე ეჭამა. მერმე ჰრქუა მას დედაკაცმან მან, ახალმან სომანიტელმან: „იყავ აქა, კაცო ღმრთისაო, და მე მივიდე, მიუთხრა შენთჳს ქმარსა ჩემსა და მან წარგიყვანოს სახედ ჩუენდა, რამეთუ ყოველივე, რაჲ გოაქუს ჩუენ, და იზარდებოდი ჩუენ თანა.“ ხოლო ნეტარმან მან ულოცა მას და წარვიდა დედაკაცი. ხოლო მი-რაჲ-იწ(ი)ა, აბრალობდა მას ქმარი მისი დაყოვნებისათჳს. ჰრქუა მას დედაკაცმან: „ნუ მაბრალობ, უფალო ჩემო, ვიხილე გზასა ზედა ხილვაჲ საშინელი და ამისთჳს დამეყოვნა. ვიხილე კაცი დიდებული, მჯდომარე სორუსა მას მელაფორისასა. და წინაშე მისსა აღმართებულ არს სუ(ე)ტი ცეცხლისაჲ. და წიაღთა მისთა აქუს ცეცხლი და ცეცხლისა მისგან სიტყუათა აღმოიტყჳს.“ ესე რაჲ ესმა კაცსა მას, დაუგო პური მომკალთა თჳსთა და დაუტევა ცოლი თჳსი და მონანი ღუწად მათდა. და იგი წარვიდა ადგილსა მას, სადა იყოფვოდა ონისიფორე. ხოლო მი-რა-ეახლა, ვითარ ქვის სატყორც ოდენ, იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ, რომელი აგრილ(ო)ბდა მას. და დავარდა პირსა ზედა. ჴმაუყო მას ნეტარმან ონისიფორე და ჰრქუა: „მოვედ, კაცო, მომეახლე მე!“ ესმა რაჲ მას ჴმაჲ მისი, შიშით აღდგა და მიეახლა მას. და კუალად თაყუანი სცა და ჰრქუა: „ვინ ხარ, კაცო შუენიერო, რამეთუ არასადა მიხილავს ვითარ-ესე ხილვაჲ შენი. მითხარ, უკუეთუ ღმერთი ხარ, ანუ კაცი, ანუთუ ღმერთთა ჩუენთა [270r] განი ხარ და ინებე გამოჩინებად სიგლახაკისა ჩემისა.“ მიუგო ონისიფორე და ჰრქუა მას: „ისმინე, კაცო, მე კაცი ვარ მიწისაგანი და ვქადაგებ იესუ ქრისტეს, ძესა ღმრთისასა.“ ესმა რაჲ კაცსა მას სახელი იესუ ქრისტესი, განეღო გული მისი და თქუა: „ჰე, მასმიეს ქრისტესთჳს, ვითარმედ იშვა ქალწულისაგან სიტყჳთა ანგელოზისაჲთა და ქალწული შემდგომად შობისა ქალწულადვე ეგო და სასწაულნი მრავალნი ქმნაო. ხოლო ჰურიათა ჯუარს აცუეს იგი და საფლავსა დადვეს, არამედ იტყჳან, თუ აღდგა და ამაღლდა ზეცად. და მოწაფენი მისნი წარავლინნა ყოველსა სოფელსა ქადაგებად სახელსა მისა. და გუესმა, თუ ერთი მათგანი მოვიდა სურაკოსედ და ამას ყოველსა ქადაგებს, გარნა ვერ უძლე აქამომდე ხილვად მისა. ხოლო შენ უკუეთუ ერთი მათგანი ხარ, მითხარ სიტყუაჲ ესე და გურწმენეს.“ მაშინ ონისიფორე იწყო წმიდათა წერილთაგან და აუწყა მა(ს) ქრისტე. ხოლო მას ჰრწმენა და ჰრქუა: „გევედრები, ნათელმეც მე, მოციქულო ქრისტესო!“ მიუგო ონისიფორე და ჰრქუა: „წარვედ, სამოსელი ახალი მოიღე და ნათელგცე.“ წარვიდა მსწრაფლ, მოიღო მან სამოსელი ახალი საქორწინე და შთაიყვანა იგი ონისიფორე ჴევსა მას, სადა იყო წყალი. და აღჰმართა ჯუარი და ხატი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. ხოლო ჯუარი იგი მე, ევაგრეს, შემექმნა მისდა ძელისაგან საროჲსა, რომელსა გამოქანდაკებით გამომესახა ჯუარცუმაჲ ქრისტესი. იგი აღჰმართა წყალსა მას ზედა და აღა [270v] სრულა ყოველივე წესი და ნათელსცა კაცსა მას. ხოლო აღმო-რაჲ-ვიდა ენბაზისაგან, იტყოდა: „ესერა, ცეცხლი გარე მომეხჳა მე.“ და ჰკითხა, მითხარ მე, მამაო წმიდაო, ვისი არს ხატი ესე?“ ჰრქუა მას ონისიფორე: „უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი არს.“ მიუგო კაცმან მან და ჰრქუა: „შთავედ რაჲ წყალსა შინა, ვიხილე, რამეთუ მოყო ჴელი და დამდვა ჩემ ზედა და მეყსეულად ც(ე)ცხლი გარე მომეხჳია.“ ესრეთ სრულ იქმნა რაჲ კაცი იგი, შეიმოსა სანათლოჲ იგი სამოსელი, ითხოა ლოცვაჲ მღდელისაგან წარსლვად მომკალთა მათ მიმართ. და ვითარცა წარვიდა კაცი იგი, ონისიფორე აღვიდა და დაჯდა ლოდსა მას ზედა. ხოლო კაცი იგი მი-რაჲ-იწ(ი)ა მომკალთა მათ მიმართ, იხილეს მათ იგი, ვითარმედ ცეცხლი ემოსა და ივლტოდეს. ხოლო იგი სდევდა მათ და ეტყოდა: „მე ვარ, ძმანო, ნუ გეშინინ!“ და იგინი უფროჲსღა ივლტოდეს. კუალად იგი ჴმობდა: „ძმანო, მე ვარ, რად მევლტით?“ იცნა ჴმაჲ მისი ცოლმან მისმან და ეტყოდა კაცთა მათ: „ქმარი ჩემი არს, ნუ ივლტით, დადეგით, ვიხილოთ, რაჲ არს საქმე ესე.“ მაშინ ძლით დადგეს კაცნი იგი და ჰრქუეს მას: „რაჲ ხარ, მითხარ ჩუენ, რამეთუ ჴმასა შენსა ვიცნობთ და ხილვაჲ შენი დაგუაკჳრვებს.“ მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: „ისმინეთ, ძმანო, კაცი ვინმე საკჳრველი ვპოე სოროსა მას მელაფორისასა, რომელი ცეცხლებრ ელვიდა, და შიშისაგან დავვარდი პირსა ზედა. ხოლო მან მრქუა მე: „აღდეგ, კაცო, მომეახლე მე უშიშად, რამეთუ მეცა კაცი ვარ [271r] მიწისაგანი.“ ესე რაჲ მესმა, მივეახლე მას. და მახარა მე ქრისტე და მე მრწმენა და ნათელვიღე. ხოლო შთა-რაჲ-ვედ წყლად, ვიხილე, რამეთუ ცეცხლი გარე მომეხჳა მე. და წყალსა მას ზედა დგა სუ(ე)ტი ცეცხლ(ი)საჲ და ხატი, რომლისაჲ ელვაჲ განანათლებდა პირსა ჩემსა, რომელმანცა მოყო ჴელი და შემახო თავსა ჩემსა და განმანათლა მე. ხოლო ხატი იგი, ვითარცა კაცმან მან მაუწყა, იესუ ქრისტესი იყო და სუეტი იგი ცეცხლისაჲ - ჯუარი მისი წმიდაჲ, რომელსა ზედა ცხორებისათჳს კაცთაჲსა დამოეკიდა. და სხუაჲცა წიგნი ცეცხლისაჲ აქუს მას, რომელსა შინა წერილ არს ყოველი საქმე ქრისტესი. ესე მესმა და ვიხილე და მრწმენა და განვნათლდი. და ამიერითგან არღარა ვჰმონებ ეშმაკთა, არამედ მრწამს მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ, რომლისა მიერ განვნათლდი.“ ესე რაჲ ესმა კაცთა მათ, მეყსეულად დაუტევეს მანგლები მათი, სრბით მივიდეს სოროსა მას. და იხილეს რაჲ ნეტარი ონისიფორე, დაცჳვეს პირსა ზედა. ხოლო მან ჰრქუა მათ: „აღდეგით, შვილნო, ნუ გეშინინ, რამეთუ მეცა კაცი ვარ ცოდვილი.“ და აღ-რაჲ-დგეს იგინი, ვერ ეძლო მიხედვად პირსა მისა, რამეთუ იყო იგი განბრწყინვებულ სულისა მიერ წმიდისა. და ხედვიდეს ჯუარსაცა და ხატსა ქრისტესა და წმიდასა მას სახარებასა, ვითარცა ელვასა ცეცხლისასა წინაშე მისსა, და ძრწოდეს. ხოლო ნეტარმან მან ილოცა, რაჲთა აღეღოს შიში მათგან. და ესრეთ შიშით და სიხაროლით მივიდეს და თაყუანის ცეს მას. ხოლო მან სასწაული ჯუარისაჲ გამოსახა მათ ზედა და უბრძანა [271v] დაჯდომაჲ. მიუგეს კაცთა მათ და ჰრქუეს: „კაცო დიდებულო, ვინაჲ მოხუედ აქა, რამეთუ ხილვაჲ შენი საშინელ არს.“ მაშინ იწყო მღდელმან მან და ყოველივე აუწყა მათ სიტყუაჲ სახარებისაჲ. და ვითარ იყო იგიცა კერპთმსახურ და წმიდა ბაგრატისგან ისწავა კერპთმსახურებისაგან განყენებაჲ და ცნობად ქრისტე ღმერთი, დამბადებელი ყოველთაჲ. და ვითარმედ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და ყოველივე კერპთა სახე, ეშმაკთა ხატები, არს საცთური კაცთაჲ. ესრეთ ჰრწმენა კაცთა მათ ქრისტე და ევედრებოდეს ნათლიცემად მათდა. ხოლო ნეტარმან იწყო თავითგან უწყებად ქრისტესთჳს და დღე ყოველ ასწავლიდა და უკითხვიდა წმიდასა სახარებასა. ხოლო იგინი ცრემლით თაყუანის სცემდეს ქრისტესა და ჰმადლობდეს მას ყოვლისა მისთჳს და იხარებდეს სასწაულთა მათ ზედა. და ამას ესევითარსა სწავლასა შინა შემწუხრდა დღე იგი. მაშინ ნეტარმან მან ააღასრულნა ლ(ო)ცვანი სამწუხრონი და დაყუდნა და კაცნი იგი ერთ კერძო, რამეთუ განთიად ენება ნათლისცემაჲ მათი. ხოლო მეორესა ოდენ ჟამსა ღამისასა მოვიდა ეშმაკი და მის თანა სულთა არაწმიდათა სიმრავლე სახითა ჰინდოთაჲთა და იგი უმაღლესი ყოველთაჲ ჰასაკითა და ფერითა უშავეს სხუათასა. და დადგა, ვითარ ქვის სატყ(ო)რც ოდენ, და ჴმაყო: „ჵ, ჭირი ესე ბაგრატისი და შენი, ონისიფორე, რად მავნებთ და [272r] მონათა ჩემთა მიმიღებთ და ქრისტესა შეაწყნარებთ, ნაზარეველსა? ტაძარნი ჩემნი, რომელნი იყვნეს ქალაქსა ტავრომენიაჲსასა, დააქცივნა მან. და შენ, რომელი ოდესმე იყავ ჩემი მწიგნობართა მთავარი, მოხუედ აქა და თაყუანისმცემელთა ჩემთა მიმიღებ და სერტყებსა ჩემსა და ბომონებსა ისწრაფი დარღჳევად. ვ(ა)ჲმე, რამეთუ არა მაქუს შემწე. ტავრომენიას ბაგრატ ტყუე მყო და სურაკოსეს - მარკიანე ბერმან და აწ აქაცა მკჳდრი ესე მოლონისაჲ, ქსანთიპო, რომელი მრავალთა შესაწირავთა ოდესმე მომართუმიდა, „ონისიფორედ“ წოდებულ არს და ამათ ადგილთაგანცა მდევნის.“ ამას იტყოდა და კაცთა მათ მიმართ კბილთა იღრჭენდა. ხოლო ნეტარმან ონისიფორე გამოსახა სახე ჯუარისაჲ და დაწყევა ბოროტი იგი ეშმაკი და ჰრქუა კაცთა მათ: „უწყითა, შვილნო, ვითარმედ ქრისტემან გიწოდა თქუენ სასუფეველსა მისსა. და ამისთჳს ეშმაკსა შურს ცხორებაჲ თქუენი და იღრჭენს კბი(ლ)თა ამაოდ. ხოლო თქუენ, შვილნო, შეჰნერწყუეთ მას და არქუთ: „ვიჯმნით შენგან, ეშმაკო, და ვჰმონებთ იესუ ქრისტეს, ძესა ღმრთისასა.“ და აღადგინნა იგინი, ყო ლოცვაჲ და ჯუარი დასწერა შუბლთა მათთა. და მიაქცივნა დასავალით კერძო, ვინაჲ-იგი ჩნდა ეშმაკი, და ეტყოდა მათ: „იჯმნით ეშმაკისაგან?“ ხოლო იგინი, ვითარცა ერთითა პირითა, მიუგეს: „ვიჯმნით, ვიჯმნით.“ მიუგო და ჰრქუა მათ: „შეჰნერწყუეთ მას!“ და შეჰნერწყუეს. მერმე მოაქცივნა აღმო [272v]სავალით და მეყსეულად მახჳლი ცეცხლისაჲ გამოჩნდა აღმოსავალით. და უჩინო ყო ეშმაკი იგი და მისთ(ა)ნა სულნი ბოროტნი. ხოლო მღდელმან დაადგინნა კაცნი იგი აღმოსავალით და ჰრქუა: „აღუთქუთა ქრისტესა?“ მიუგეს მათ: „ჰე, აღგჳთქუამს.“ ჰრქუა მათ ნეტარმან მან: „თაყუანის ეცით მას !“და აღჰმართა ხატი ქრისტესი და თაყუანის სცე(ს) მას. ხოლო განთიად მოვიდა კაციცა იგი, პირველ ნათელღებული, ცოლითურთ და შვილით თჳსით და თაყუანის სცა ნეტარსა მას. მიუგო მან და ჰრქუა მას: „კეთილად მოხუედ, მონაო ქრისტესო, კეთილო და სარწმუნოო. აწ უკუე მსახურებაჲ შენი აღასრულე და მო[ი]ღე სამოსლები ახალი რიცხჳსაებრ ამათ კაცთაჲსა, რაჲთა ნათელიღონ.“ ჰრქუა მას კაცმან მან: „მზა არს ყოველი, უფალო.“ და მსწრაფლ წარვიდა და მოიღო. მაშინ შთავიდა მღდელი იგი უფლისაჲ წყალსა მას. და ყოველივე წესი აღასრულა და ნათელსცა კაცთა მათ სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და ნათელსცა ცოლსაცა მის კაცისასა და სამთა შვილთა მისთა. და დაიყენნა კაცნი იგი რვა დღე მის თანა და ასწავა ყოველი წესი ქრისტეანობისაჲ. ხოლო დედაკაცმან მან სახიერმან ჰრქუა ქმარსა თჳსსა: „უფალო ჩემო, უშენოთ კაცსა ამას წმიდასა სავანე მახლობელად სახლისა ჩუენისა, რაჲთა იყოს საყოფელი მისი ჩუენ თანა.“ და ყვეს ეგრეთ. ხოლო მერვესა დღესა ჰრქუა ონისიფორე კაცთა მათ: „მოვედით, შვილნო, მიიღეთ სახე ჯუარისაჲ და განვედით გარემო სოფლებსა და ქადაგებდით სიტყუასა ღმრთისასა. და სადა [273r] ცა იპოვნენ ბრმანი, მკელობელნი, განრღუეულნი და ყოველნივე ცისად გუემულნი, დასხენით მათ ზედა ჴელნი და ბეჭედი ქრისტესი გამოსახეთ. და ყოველნი განიკურნენ სახელითა ქრისტესითა.“ და უქმნა ონისიფორე კაცად-კაცადსა ჯუარი ნაძჳსაჲ და მისცა მათ და წარავლინნა იგინი კურთხევით. ხოლო მათ მიიღეს სახე იგი ჯუარისაჲ და განვიდეს გარემო სოფლებსა და დაბნებსა და ქადაგებდეს ქრისტესა. ხოლო ეშმაკნი ვერ მოითმენდეს ძალსა მას ჯუარისასა, არამედ ივლტოდეს და იტყოდეს ვაებით: „ჵ ჩუენდა იესუ ქრისტესგან ნაზარეველისა, რამეთუ მახჳლი მისი აქაცა გუეწია და ვერ დაუდგა მ(ი)თ ძალსა მისსა.“ ხოლო მკჳდრნი იგი სოფლებისანი, რომელნი კაცთა მათ იცნობდეს, განკჳრვებით ეტყოდეს: „ვინაჲ მოგეცა თქუენ ჴელმწიფებაჲ ეშმაკთა ზედა, ანუ რომლითა ძალითა განასხამთ სენთა?“ მიუგეს მათ და ჰრქუეს, ვითარმედ: „აწღა მოიხილა ჩუენ ზედა ღმერთმან, მაცხოვარმან ჩუენმან, და გჳჩუენა გზაჲ ცხორებისაჲ იესუ ქრისტე, ღმერთი ჭეშმარიტი. დაუტევეთ უკუე თქუენცა საცთური იგი კერპთაჲ და მოიქეცით მისსა და მოგეცეს თქუენ ესევითარივე ჴელმწ(ი)ფებაჲ.“ მოიყვანებდეს უკუე ყოველთავე სნეულთა და ეშმაკეულთა. და ოდენ ჴელნი დაასხნიან მათ და თქჳან: „სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განიკურნენით“, და მეყსეოლად განიკურნებოდეს. და განჴდა ჰამბავი მათ კაცთაჲ ყოველსა მას დაბნებსა მელაფორით ვიდრე პეტრონიკედმდე და ყოველსა მას სერტყოვანსა პალატამო მდინარისასა. [273v] და ყოველნი მოიყვანებდეს უძლურთა და შეპყრობილთა ყოვლითავე სენითა და განჰკურნებდეს მათ კაცნი იგი სახელითა ქრისტესითა. მაშინ შეკრბა ერი მრავალი და ეტყოდეს მათ: „გჳთხართ ჩუენ, ძმანო, რაჲ არს სიტყუაჲ ესე მოძღურებისა თქუენისაჲ, ანუ ვინაჲ მოგეცა ძალი ესევითარი კურნებისაჲ?“ მიუგეს კაცთა მათ და ჰრქუეს: „უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, იგი ჰკურნებს ყოველსა სენსა. აწ უკუეთუ გნებავს, მოვედით ჩუენ თანა და იხილეთ მოწაფე მისი და მან გიჩუენოს გზაჲ ცხორებისაჲ და მოგცეს მადლი კურნებათაჲ.“ ესე რაჲ ესმა ერთა მ(ა)თ, შეუდგეს სიმრავლე მამათაჲ და დედათაჲ და მოვიდეს ნეტარისა ონისიფორესა. ხოლო იხილნა რაჲ იგინი, აღივსო სიხარულითა, აღდგა და იწყო სწავლად მათდა დღე ყოველ. და ხვალისა დღე კუალად ასწავლიდა და უბრძანა კაცად-კაცადსა განწმედად სამ დღე თავი თჳსი და სამოსლისა სანათლოჲსა მოღებად. და ესრეთ მესამესა დღესა შთავიდა ჴევსა მას და ნათელსცა ერსა მრავალსა სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმიდისაჲთა. და ერი იგი დაადგრა მუნ მრავალ დღე და ისმენდეს სწავლ(ა)თა მისთა და ეზიარებოდეს დღითი-დ(ღ)ე ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და საკუირველებასა მრავალსა ხედვიდეს, რამეთუ შესწირავნ რაჲ უსისხლოსა [274r] მას მსხუ(ე)რპლსა მღდელი იგი უფლისაჲ, ონისიფორე, ოდესმე ცეცხლი გარე მოეხჳის მას და ოდესმე ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობნ. ესმა ესე ყოველი მთავართა და ერისთავთა და მათ კერძოთასა